ახალი ამბები

პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს. „ხელი მოვაწერე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას. ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის. თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე. მით უმეტეს, რომ დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული. მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა. ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება. მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რასაც ვიზიარებ და გამოვხატავ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი იქნება მოძიებული, რათა ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ამასთან, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 27 დეკემბერს განაცხადა, რომ უნდა შეწყვეტილიყო ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, რის შემდეგაც სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია იმედოვნებდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს გამოიყენებდა. ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა ასევე წაიკითხეთ: სახელმწიფო ინსპექტორი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მისი უწყების გაუქმების კანონს ვეტოს დაადებს ამერიკის საელჩო: მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა

„ომიკრონის“ შემთხვევებიდან 16% რეინფიცირებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოში, ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1009 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ჰოსპიტალიზაცია კი მხოლოდ 14-ს დასჭირდა. 33%-34% არავაქცინირებულია, შემთხვევათა უმრავლესობა თბილისში დაფიქსირდა - 61%. 16% რეინფიცირებაა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება და სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს დადებითი შემთხვევების 60%-მდე „ომიკრონის“ დადასტურებული შემთხვევები იქნება. „უკვე იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა, რომ ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს ასცილდა. მოგეხსენებათ ეს სეკვენირება და „ომიკრონსპეციფიკური“ PSR ტესტები არ არის იმდენი რაოდენობით, რომ ყველა ლაბორატორიულად დადასტურდეს. აქედან გამომდინარე მხოლოდ შერჩევითად ხდება დაახლოებით 20%-ის გამოგზავნა. დღეს დადასტურებულ 5000 შემთხვევაში „ომიკრონს“ ვანგარიშობთ 45%-ს. 5000-დან ყველა შემთხვევა „ომიკრონი“ არ არის „დელტაც“ არის. 1009 შემთხვევიდან მხოლოდ 14-ის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, 12-მა უკვე კლინიკა დატოვა. აქედან არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური და რეანიმაციული დახმარება. ერთი იყო 37 კვირის ორსული, რომელიც ასევე გაიწერა ნორმალურ მდგომარეობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, საერთაშორისო მონაცემებით, შემცირებულია ინკუბაციის პერიოდი, ასევე ჰოსპიტალიზაცია და ამას განსაკუთრებით ცხადყოფს აშშ-ის მონაცემები. „აცრილებში მიდის მარტივად, „ბუსტერიზაცია“ მთავარი დამცავი საშუალებაა. ჩვენთან შემთხვევების უმრვლესობა დაკავშირებულია სამთხო-სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნებულ ადამიანებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყაზახეთიდან რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა ჯარებმა გამოსვლა დაიწყეს

ყაზახეთიდან რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა ჯარებმა გამოსვლა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალები ყაზახეთის შესაბამის უწყებებს იმ ობიექტებს გადასცემენ, რომელსაც აქამდე იცავდნენ. „სამშვიდობო ოპერაცია დასრულდა. ამოცანები შესრულებულია“, - განაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კონტინგენტის მეთაურმა, გენერალმა ანდრეი სერდიუკოვმა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთიდან სამშვიდობო ჯარების გაყვანის პროცესი დღეს იწყება

ელგუჯა ცომაია: შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დამიკავშირდა და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა მთხოვა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალქო სასამართლოში ბრალდებული ელგუჯა ცომაია აძლევს ჩვენებას. როგორც ბრალდებული აღნიშნავს, მას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე დაუკავშირდა, რომელმაც მას დახმარება სთხოვა. ამასთან, ცომაიას თქმით, ის სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში დახმარებას ლორთქიფანიძის მხრიდან დახმარების სანაცვლოდ დაპირდა. ცნობისთვის, ელგუჯა ცომაიას მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებას ედავებიან. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს: ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ მესამე პრეზიდენტი: ჩემს "თანამზრახველებს" თვითონაც არ ვიცნობ

NATO-ს გენერალურმა მდივანი: რუსეთთან დიალოგისთვის მზად ვართ, თუმცა მთავარ პრინციპებთან დაკავშირებით, კომპრომისზე არ წავალთ

"მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არ წავალთ კომპრომისზე მთავარ პრინციპებზე, როგორიცაა ღია კარის პოლიტიკა და NATO-ს უფლება, დაიცვას ყველა მოაკავშირე", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „ძალიან დაძაბული მდგომარეობის გამო, მთავარი საკითხი უკრაინა იყო, მაგრამ ასევე დისკუსიები შეეხებოდა საქართველოსაც. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ძლიერი მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ NATO-ს წევრობის საკითხი ასპირანტი ქვეყნების და მოკავშირეების გადასაწყვეტია და არავის აქვს ვეტოს ან ჩარევის უფლება. ეს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპებია. ცხადად იყო აღნიშნული, რომ მიუღებელია რუსეთის მოწოდებები NATO-ს მიმართ, რომ გაფორმდეს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება NATO-ს გაფართოების შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოსთან, უკრაინასთან და სამომავლოდ შესაძლოა, ფინეთისთვის ან შვედეთისთვის. ეს არის მთელი იდეის დარღვევა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს მომავალი. ეს პრინციპები, რა თქმა უნდა, სრულად ეხება საქართველოსაც. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არ წავალთ კომპრომისზე მთავარ პრინციპებზე, როგორიცაა ღია კარის პოლიტიკა და NATO-ს უფლება, დაიცვას ყველა მოაკავშირე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტის შემდეგ: ჩვენი უთანხმოების გადალახვა მარტივი არ იქნება

ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნება“ ჩემთვის მანდატის მოხსნის საკითხს თუ განიხილავს, ეს პოლიტიკური დევნა იქნება

ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ქართულ ოცნებისგან“ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კატეგორიული განცხადებები ჯერ არ მოუსმენია. ჯაფარიძის თქმით, მისთვის მანდატის მოხსნის საკითხს თუ განიხილავს „ქართული ოცნება“, ეს შეფასებული იქნება, როგორც პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის მცდელობა. „გუშინ, ჩვენ გაგვამართლეს იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც სამი წელია წაყენებული გვაქვს, გუშინ რაღაც ახალი ბრალი გამოჩნდა. რაც შეეხება ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებას ვუსმინე, ისინი ამბობენ, რომ ამ თემას განიხილავენ, შეაფასებენ. მათგან რაიმე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია. თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის. ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ საკითხზე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია“,- განაცხადა ჯაფარიძემ. ამასთან, თაღლითობაში დადანაშაულებულ ბადრი ჯაფარიძეს შესაძლოა, სადეპუტატო მანდატი შეუწყდეს - საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. საკითხზე საპროცედურო და წესების კომიტეტმა უნდა იმსჯელოს, რეგლამენტში კი წერია, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

მესამე პრეზიდენტი: ჩემს "თანამზრახველებს" თვითონაც არ ვიცნობ

"თვითონაც არ ვიცნობ ჩემს "თანამზრახველებს", რეალურად არც გამიგია, ვინ არის გიორგი ნარიმანიძე ცხოვრებაში, წოწორიებიც ვიცი ტელევიზორიდან", - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თავიდანვე მოვუწოდე მათ, რომ ყველაფერი, რასაც ეტყოდნენ, დაეწერათ, იმიტომ, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მე მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემ გამო ადამიანები დაიჩაგრნენ. მე ყველაზე უკანასკნელი რაც მინდოდა, ყოფილიყო ის, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ რაღაცნაირად დაჩაგრული. ნარიმანიძე გიორგი ასევე, აი ხომ ხედავთ, მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემს "თანამზრახველებს", რეალურად არც გამიგია, ვინ არის გიორგი ნარიმანიძე ცხოვრებაში, წოწორიებიც ვიცი ტელევიზიიდან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს: ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ

თურქეთის ხელისუფლებამ სომხურ ავიაკომპანია Flyone Armenia-ს სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა

თურქეთის ხელისუფლებამ სომხურ ავიაკომპანიას, Flyone Armenia-ს სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა. სომხური ავიაკომპანია ერევანი-სტამბოლი-ერევნის მიმართულებით იფრენს. ამასთან, სტამბოლის მიმართულებით პირველი ფრენა 2 თებერვალს არის დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიებმა Flyone Armenia-მ და Pegasus-მა სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტისგან არარეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღეს.

მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს: ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ

"ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ",- ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე. „თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს. არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. ვაპირებ შევხედო თვალებში ქართველ ხალხს. ყველაფერი, რაც ქვეყანაშია გაკეთებული და რაც აქამდე არ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია, თქვენი ახსნა-განმარტება და „ნუცას სკოლა“ არ მჭირდება. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენგან განსხვავებით ოთხი იურიდიული უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ“, - მიმართა სააკაშვილმა მოსამართლეს. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

საფრანგეთში ე.წ. კოვიდ პასპორტთან დაკავშირებით ზომები მკაცრდება

საფრანგეთში ე.წ. კოვიდ პასპორტთან დაკავშირებით ზომები მკაცრდება. კერძოდ, საფრანგეთის სენატმა 249 ხმით 63-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ე.წ. კოვიდ პასპორტების შესახებ კანონის შესწორებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის დამადასტურებელ მოწმობასთან დაკავშირებით ზომები მკაცრდება. კანონის მიხედვით, საფრანგეთის მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, რესტორნებში, ბარებში, კულტურულ ღონისძიებებზე და შორ მანძილზე გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორიცაა მატარებელი და თვითმფრინავი, ე.წ.კოვიდ პასპორტი წარადგინონ. ასევე წაიკითხეთ: საფრანგეთის პრეზიდენტი: აუცრელ ადამიანებს ცხოვრება ძალიან გაურთულდებათ ჯანმოს დირექტორი: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID19-ის 15 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა

ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში საქართველოს მხარდაჭერის გაზრდაზეა საუბარი

ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორების და მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაზრდაზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდას აპირებს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. „ევროკავშირმა უნდა გაზარდოს წარმომადგენლობა ეფექტურობა გლობალურ ასპარეზზე, ერთობლივი ძალისხმევითა და ინვესტიციებით“, – ნათქვამია ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში. სამუშაო დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი „ერთგულია გაერთიანებული, გრძელვადიანი და ევროპული მიდგომის, რომელიც დაფუძნებულია რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ხუთ სახელმძღვანელო პრინციპზე“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება

პეტრო პოროშენკოს ადვოკატი: სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ნებართვა გასცა

პეტრო პოროშენკოს ადვოკატის, იგორ გოლოვანის განცხადებით, კიევის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების ნებართვა გასცა. „რატომ მალავენ გენერალური პროკურატურა და კიევის ოლქში პეჩერსკის რაიონული სასამართლო, რომ არსებობს დადგენილება პოროშენკოს სასამართლოში მიყვანის მიზნით დაკავების შესახებ, უკრაინაში დაბრუნებისთანავე, ექსპრეზიდენტი მზად არის, ნებაყოფლობით მივიდეს სასამართლოში" - ამბობს უფლებადამცველი. ცნობისთვის, 2021 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა. ამასთან, პეტრო პოროშენკოს პარტიაში აცხადებენ, რომ ის დაგეგმილი ვიზიტებით სტამბოლსა და პოლონეთში გაემგზავრა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ თავისი აქციონერების ‐ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც ეცადა, ჩაეკლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 2022 წლის 13 იანვარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა: „მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული სამწლიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მათ თავზე კვლავ ჰაერში გამოკიდებულს ტოვებს უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივ ბრალდებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო და არის პოლიტიკური და მიმართული იმისკენ, რომ ჩავარდნილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. „ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სახის შენარჩუნების მცდელობა ქართული სასამართლოსა და მთავრობის მიერ. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ბრალდება ფულის გათეთრების საფუძვლით, თუმცა თვითნებურად გადააკვალიფიცირა თაღლითობით, რისი კანონიერი საფუძველიც მას არ ქონდა. ეს შედეგი ფარსია, რადგან პროკურატურას ასეთ დანაშაულზე არ წარუდგენია ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის და სასამართლოზე ის არ განხილულა. ჩვენი გადასახედიდან, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის განზრახვაა ‐ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, ან თუ გაგრძელდება, არა კონსორციუმის ინვესტორების მონაწილეობით. “საერთაშორისო საზოგადოებრიობა უდაოდ მიაქცევს ყურადღებას ამ გადაწყვეტილებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ თავდაპირველი ბრალდების უსაფუძვლობა ზედაპირზევე ნათელი იყო, რასაც ასევე ადასტურებდა სახალხო დამცველისა და Transparency International‐საქართველოს დამოუკიდებელი დასკვნები. თუმცა ამან ვერ შეაჩერა მთავრობის მხრიდან სასამართლო პროცესში ჩარევის მცდელობები და ვერ უზრუნველყო სახელმწიფო სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში არსებული დარღვევების აღკვეთა. “ეს არის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რამაც არსებითად დააზიანა კონსორციუმის საქმიანობა ანაკლიის პროექტის განვითარების მიმართულებით, რასაც მოჰყვა მთავრობის მიერ პროექტის უკანონო შეწყვეტა და შესაბამისი საარბიტრაჟო დავების დაწყება. სამწუხაროდ, სამართლიანობის ეს უკანასკნელი დაცინვა კიდევ ერთი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეპუტაციულმა საერთაშორისო ფინანსურმა ჯგუფებმა არ განახორციელონ ინვესტიცია პროექტში. “სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ზიანისმომტანი შედეგები ნათელია: ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებითა და ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირის გამოთხრით ქართული ოცნების მთავრობამ ასევე განდევნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ეს იმ ფარსის გაგრძელებაა, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს საინვესტიციო საზოგადოების, ევროკავშირისა და აშშ‐ის მთავრობების და საკუთარი მოქალაქეების მოტყუებას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული, მისი ნამდვილი ზრახვების შესახებ. ანაკლიის პორტის პროექტის მისამართით დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობის ქმედებებმა აჩვენა, რომ იგი აქტიურად აჩერებს ან ეწინააღმდეგება რაიმე პროგრესს დიდი ხნის ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართულებით. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ის დღე, როდესაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლატვიის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტი: მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტზე მიღწეულ შეთანხმებას

"მხარს ვუჭერთ NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიღწეულ შეთანხმებას, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან, - ამის შესახებ ლატვიის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი. „ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედებები და პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის მოთხოვნები ნატოს მიმართ მესამე ქვეყნების სუვერენიტეტთან დაკავშირებით, ევროპის დე ფაქტო გავლენის სფეროებად დაყოფის მოთხოვნა და საფრთხე, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს „სამხედრო-ტექნიკური ღონისძიებები“ ამ მოთხოვნების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ევროპის საერთო მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია, პატივი სცეს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს და უზრუნველყოს სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და ვენის დოკუმენტის პრინციპების შესაბამისად. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ მოკავშირეებმა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს წევრმა ქვეყნებმა, გასცენ ერთიანი და მტკიცე პასუხი რუსეთის ფედერაციის შესაკავებლად. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რომელიმე ქვეყნის არჩევანი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ შეიძლება იყოს დამოკიდებული მესამე ქვეყნის თანხმობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

დევი ტაბიძე: ველოდებით დღიური ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტ და ძალიან სწრაფ ზრდას

„ველოდებით დღიური ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტ და ძალიან სწრაფ ზრდას. იანვრის ბოლოსკენ, ეს ციფრი სადღაც 10 000 მიაღწევს", - რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. „ველოდებით დღიური ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტ და ძალიან სწრაფ ზრდას. იანვრის ბოლოსკენ, ეს ციფრი სადღაც 10 000 მიაღწევს. ბოლო დღეებში, მოიმატა აცრების რაოდენობამ, უკვე გადაცდა 10 000-ს მაგრამ ეს მაინც არ არის ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს. ბუსტერ დოზების გაკეთება უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ტარდება“, - აცხადებს დევი ტაბიძე. ცნობისთვის, საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი

ჯანმოს დირექტორი: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID19-ის 15 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID19-ის 15 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსიმ განაცხადა. „ამ ვირუსს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავისუფლად გავრცელდეს. აფრიკაში მოსახლეობის 85%-ს ჯერ კიდევ არ მიუღია ვაქცინის პირველი დოზა. თუ ამ ხარვეზს არ გამოვასწორებთ, პანდემიის მწვავე ეტაპს ვერ დავასრულებთ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა. ამასთან, გებრეიესუსის განცხადებით, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, რათა თითოეულმა ქვეყანამ მოსახლეობის 70 პროცენტის ვაქცინაციას მიაღწიოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 90 ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ვერ აღწევს 40%-ს.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 700 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 700-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 588 299 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 979 235 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 922 411, გარდაიცვალა 14 359 პაციენტი. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 474 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 029 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 445 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.60 %, ბოლო 14 დღის - 8.86% ხოლო 7 დღის - 9.91%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 044 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 922 411. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 359 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 148 შემთხვევა, აჭარა - 563, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 176, შიდა ქართლი - 277, გურია - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 226, კახეთი -178, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 439 საიდანაც: 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 868, აჭარაში - 612, იმერეთში - 803. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 047 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 487, აჭარაში - 125, იმერეთში - 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293 პაციენტი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 42, იმერეთში - 22. 2 075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 330 - თბილისში, 520- აჭარაში. 35 928 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 4. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 035 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლნისში 1 კილოგრამი და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს და უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული რ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა რ.ა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცურტავთან დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 1 კილოგრამი და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყაზახეთიდან სამშვიდობო ჯარების გაყვანის პროცესი დღეს იწყება

ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ჯარების გაყვანის პროცესი დღეს იწყება. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, ყაზახეთის ტერიტორიიდან ორგანიზაციის მიერ მივლენილი სამშვიდობო ჯარების გაყვანის პროცესი დღეს დაიწყება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის პრეზიდენტი: ქვეყნიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს