ახალი ამბები
რუსეთის საგარეო უწყება: 3+3 ფორმატის ამოქმედების საკითხი თურქეთთან განვიხილეთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ და მისმა თურქმა კოლეგამ სედატ ონალმა სამხრეთ კავკასიაში 3+3 ფორმატის ამოქმედების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ სომხური მედია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. „ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის კონტექსტში აღინიშნა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმებების თანმიმდევრული შესრულების მნიშვნელობა და ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში „3+3“ (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო პლუს რუსეთი, თურქეთი, ირანი)“ საკონსულტაციო მექანიზმის უახლოეს მომავალში ამოქმედების საკითხი. მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა ცენტრალურ აზიაში არსებულ ვითარებაზე, ავღანეთში ბოლო მოვლენების გათვალისწინებითაც. დაფიქსირდა რუსეთსა და თურქეთს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის სტაბილური განვითარება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში. მარია ზახაროვა: დროა, 3+3 ფორმატი პრაქტიკაში განხორციელების ეტაპზე გადავიდეს შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონლიფქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივაზე განაცხადა, რომელსაც მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ „მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას“. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატზე დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.
Reuters-ი: ბულგარეთში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა, ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა
ბულგარეთში წელს მესამე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, ორი მეწარმის მიერ შექმნილი ახალი ცენტრისტური პარტია (25,5%) ლიდერობს. Reuters-ი წერს, რომ ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში თვეობით გაგრძელებული პოლიტიკური ჩიხის დასრულების იმედები გაძლიერდა. წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ მომავალი პარლამენტი კიდევ უფრო ფრაგმენტული იქნება, ვიდრე აპრილსა და ივლისში, სადაც წარმოდგენილი იქნება შვიდი პარტია. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა 40%-მა მიიღო მონაწილეობა გართულებული ეპიდვითარებისა და ამომრჩევლის მხრიდან სკეპტიკური განწყობის ფონზე. მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მემარჯვენე-ცენტრისტული GERB პარტია ხმების 22,2%-ით. მისი ათწლეულის მმართველობა აპრილის არჩევნებით, საზოგადოების აღშფოთების ფონზე, იმის გამო დასრულდა, რომ მან კორუფცია ვერ შეაჩერა. ანალიტიკოსები კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად რთულ მოლაპარაკებებს ელიან. ცნობისთვის, ბულგარეთში ასევე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც რუმენ რადევმა, ბორისოვის მკაცრმა კრიტიკოსმა, ხმების 49,4% მოიპოვა. მედია: ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატი იმარჯვებს
ბათუმში, ერთ-ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა - ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ
ბათუმში, რურუას ქუჩაზე ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა - ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ, ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განუცხადა. „ამ სახლზე დეტალური კვლევა არ არის ჩატარებულ. 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ 250 განცხადებაა შემოსული, მათ შორის ამ კორპუსიდანაც. ყველაზე გვქონდა რეაგირება, ჩატარდა ვიზუალური დათვალიერება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, როდესაც სიღრმისეული კვლევა ჩატარდება, გადაწყდება რა უნდა ვუყოთ კორპუსს. 10 დღის წინ ინფრასტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ და ვიზუალურად დაათვალიერეს. სიღრმისეული კვლევა კორპუსი უფრო ხანგრძლივ დროს მოითხოვს. შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ჩამოვლენ მათი ექსპერტები ამ კორპუსების შესაფასებლად. ეს დროში გაწელილი პროცესი იქნება“. უკვე თითქმის ერთი საათია, ბათუმში, რურუას ქუჩის # 1 მცხოვრებლები ქუჩაში საპროტესტო აქციას მართავენ. ბათუმის მერიის წარმომადგენლები ამ წუთებში [11:00] ადგენენ იმ ოჯახების სიას ვისაც სასტუმროებში გადაიყვანენ. კორპუსის ზოგიერთმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ არ აპირებენ სასტუმროში გადასვლას და ეზოში, ავტომანქანაში გაათევენ ღამეს. სხვები კი აცხადებენ, რომ მიიღეს მერიის შეთავაზება და სასტუმროებში გადადიან. წყარო - „ბათუმელები“
რა საკითხები განიხილა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დავით ზალკანიანთან შეხვედრაზე
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართულ შეხვედრაზე წერს. როგორც ირკვევა, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. „დღეს შევხდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. გავცვალეთ მოსაზრებები, რათა წინ წავიწიოთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება“, - წერს ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე.
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაშია
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს არაერთი პროფილის პერსონალი და არაერთი კონკრეტული ექიმი, მათ შორის სხვადასხვა ბრიგადიდან მივლენილი. მდინარაძის თქმით, ჯერჯერობით ვერცერთმა ადამიანმა ვერ გასცა კითხვაზე პასუხი, რა საჭიროება არსებობს დღეს სამედიცინო თვალსაზრისით, რა სერვისის გაწევის საჭიროებაა, რის გამოც უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში. „გვესმის მოწოდებები, რომ მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანეთ, ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში. ასევე - რომ გადაიყვანეთ საავადმყოფოში, ის არის საავადმყოფოში. ისე ხმოვანდება მათი „ფეიკ“ მესიჯები თითქოს ის არ არის საავადმყოფოში. კატე სჭირდება? - არის. შესაძლოა, დასჭირდეს და შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს რაღაც დასჭირდეს, ამაზე პასუხისმგებლობას ყოველთვის იღებს მკურნალი ექიმი ან ორგანო. ექიმები და პირადი ექიმი არის იქ და მაინცდამაინც კონსილიუმი არ არის საჭირო. როგორც ვიცი კონსილიუმი დასჭირდა იმიტომ, რომ ის იყო ციხის ისეთ დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამედიცინო, დღეს ის არის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მოშიმშილე ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანის ციხის საავამყოფოში. 13 ნოემბერს, მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ის ლოგინიდან ვერ დგება. ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი შიმშილობას დათქმების გარეშე შეწყვეტს. აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილზე: არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა მედიცინის სფეროს წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ
ზუგდიდში საკრებულოს ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო
ზუგდიდში, ახლად არჩეული საკრებულოს ხუთმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მაია კალანდიამ, ირაკლი სორდიამ, ხათუნა შამუგიამ, დარიკო არქანიმა და მალხაზ ჯალაღონიამ სამოქალაქო საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოითხოვეს. დღესვე შიმშილობა რუსთავის საკრებულოს 6-მა დეპუტატმა დაიწყო. ანალოგიური მოთხოვნით, 14 ნოემბერს, შიმშილობა 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გამოაცხადა. იმავე დღეს, პროტესტის ამავე ფორმას პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გია ბარამიძემ მიმართა. მე-14 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში ასევე შიმშილობს ელენე ხოშტარია. ამასთან, 13 ნოემბერს, „გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა, იმედა კლიდაშვილმა სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მოშიმშილე ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანის ციხის საავამყოფოში. ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი შიმშილობას დათქმების გარეშე შეწყვეტს.
ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ევროდეპუტატების დაინტერესების საგანს ამჯერად საქართველოში სახალხო დამცველის აპარატის როლი წარმოადგენს. ,,ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის ოფისის მიერ შესრულებულ სამუშაოს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში. ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი ოფისი იმსახურებენ შექებას. თავდასხმები მათი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ყოველთვის შეშფოთებას იწვევს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის“ , - აღნიშნულია განცხადებაში. მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის გაცხადებებს ეცნობიან, მოვლენების განვითარებას მონიტორინგს უწევენ და ელიან, რომ მისი უფლებები დაცული იქნება. „ქალბატონი ნინო ლომჯარია, 2017 წლიდან, ძალისხმევას არ იშურებს და სამაგალითოდ ასრულებს თავის მოვალეობას ადამიანის უფლებების დასაცავად, კარგი მმართველობის შესანარჩუნებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად საქართველოში. სწორედ ეს პრინციპებია ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების ბირთვი. თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სასამართლოს დამოუკიდებლობას ეხება“, - აღნიშნულია განცხადებაში. წერილის ავტორები მხარს უჭერენ სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც მათი შეფასებით, საკუთარი მოვალეობების შესრულებით საქართველოს დასავლური გზის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათი თქმით, სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ნდობითაც სარგებლობს. ,,ეჭვგარეშეა, მათ უნდა აქებდნენ და არა აკრიტიკებდნენ საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულებისთვის“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები. კელი დეგნანი: სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს თეა წულუკიანი: სახალხო დამცველი არ არის თავისუფალი პოლიტიკისგან. კეთილშობილური საქციელია, რომ ჩვენ ვენდეთ ნინო ლომჯარიას ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი და იმავე დღის წესრიგი აქვთ
მიხეილ სააკაშვილის კოვიდტესტის პასუხი ცნობილია
მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. „საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, ჩატარებული PCR ტესტის შედეგად, COVID19 არ დაუდასტურდა. ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილს, პრევენციის მიზნით, PCR ტესტირება დღეს, 15 ნოემბერს ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ, #18 დაწესებულების დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.
მიხეილ სააკაშვილი: გამარჯვება ახლოსაა
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს. მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ თითქმის 3 დღეა, საწოლიდან ვერ დგება. „ჩემო თავდადებულო გმირო მეგობრებო, დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით. 3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, თქვენი შეძახილების განსაკუთრებით „საქართველო, საქართველო" გამგონე (რა თქმა უნდა, მადლობელი ვიყავი ჩემი სახელის სკანდირებაზეც), ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ და ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ. დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა. დიდება თავისუფლებას!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მისივე Facebook-ზე ვრცელდება. ამავე თემაზე: პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა
ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები: ლუკაშენკოს მთავრობამ ადამიანით ვაჭრობისთვის პასუხი უნდა აგოს
ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელარუსი მიგრანტებს ევროკავშირთან საზღვრების დარღვევას აიძულებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობამ ადამიანით ვაჭრობისთვის პასუხი უნდა აგოს. განცხადების ავტორები გმობენ „ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის ინსტრუმენტალიზაციას“. ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერები, სურათები და სხვა მტკიცებულებები, კრიზისის გაღვივებაში ბელარუსის ოფიციალური პირების და რუსეთის მონაწილეობას ადასტურებს. თავის მხრივ, ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა აღნიშა, რომ NATO-მ უნდა შეცვალოს თავისი სტრატეგია და სამხედრო გეგმები. ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ევროკომისიას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილებები ევროკავშირის კანონმდებლობაში, რაც გულისხმობს თავშესაფრის მიღების შესაძლებლობის გამკაცრებას.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა
ედუარდ სააკაშვილი, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ესმის ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრეების პრეტენზიები ექსპრეზიდენტის მიმართ, სჯეროდა, რომ მას ღირსეულად მოეპყრობოდნენ. ის მიიჩნევს, რომ რაც ახლა ხდება, გასცდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებასაც და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად. „მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ახლაც მოგმართავთ, როგორც შვილი, შვილი, რომელიც ხედავს, რომ მამამისს ემუქრება საფრთხე. როდესაც მამაჩემი დააკავეს, მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მას შეუქმნიდნენ სათანადო პირობებს. მოექცეოდნენ ღირსეულად და რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებოდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ვნახეთ ის, რაც ვნახეთ. მე პირადად დავრჩი გაოგნებული, ჯერ კლინიკაში არგადაყვანით, შემდეგ უკვე ღირსების შელახვით და იმ საზარელი კადრებით, რომელიც ალბათ, წარუშლელად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. მინდა მივმართო ხელისუფლების მომხრეებს, მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი თავს ჰუმანისტად მიიჩნევს და ისიც მესმის, რომ გაქვთ სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმართ. გულწრფელად მინდა, რომ მოვიდეს დრო, როდესაც საზოგადოება ერთად, ობიექტურად, დაბალანსებულად შეაფასებს წარსულს. მაგრამ, ის რაც ახლა ხდება, გასცდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად. სახეზეა, საუკეთესო შემთხვევაში, გულგრილობა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი განზრახ მკვლელობა. ხელისუფლებას შეუძლია, რამდენიმე მარტივი ნაბიჯით, გადაჭრას არსებული პრობლემა და მოხსნას ის საფრთხეები, რომელიც მამაჩემის ჯანმრთელობას ემუქრება. იმედს ვიტოვებ, რომ მისი სიკვდილი არავის უნდა ან აწყობს, ამიტომ ჩემი სახელით, ჩემი ძმის სახელით და დედაჩვენის სახელით გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში“, - ამბობს ედუარდ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მისივე Facebook გვერდზე გავრცელდა.
ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს
ევროკავშირმა ახალი სასანქციო კრიტერიუმები დაამტკიცა. ახალი პაკეტი შეზღუდვებს ითვალისწინებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ევროკავშირში მიგრანტთა არაკანონიერ გადაყვანას ახორციელებენ. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირის მტკიცე განწყობას ასახავს, წინ აღუდგეს მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციას პოლიტიკური მიზნებისთვის. „ჩვენ აღვკვეთავთ ამ არაადამიანურ და უკანონო პრაქტიკას. ამავდროულად, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ რეჟიმის მიერ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიუღებელ რეპრესიებს და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. შეგახსენებთ, 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსი „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა. ცნობისთვის, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, NATO-ს ოფიციალური პირი მიგრანტთა ხელოვნურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბელარუსს აკისრებს. NATO-ს შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება უკანონო, მიუღებელი და არაჰუმანურია. „NATO-ს ელჩებმა ამ კვირაში განიხილეს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება. NATO-ს მოკავშირეები პოლონეთის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავენ. ალიანსი ასევე დგას სხვა მოკავშირეების გვერდით, რომლებზეც გავლენა მოახდინა ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციამ. ბელარუსს ეკისრება პასუხისმგებლობა კრიზისზე და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების, როგორც „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანური, უკანონო და მიუღებელია. NATO სიტუაციის ახლოდან მონიტორინგს განაგრძობს. გენერალური მდივანი ამ საკითხზე მჭიდრო კავშირშია მოკავშირე მთავრობებთან. NATO მზადაა, შემდგომი დახმარება გაუწიოს ჩვენს მოკავშირეებს და განამტკიცოს თავდაცვა და უსაფრთხოება რეგიონში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართებაამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრების ეშინიათ და სავარაუდოდ, ეცდებიან, მიზეზად კვლავ „სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიტანონ“. „დღესაც არ მომხდარა კონსილიუმის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას. ასევე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის დაშვებას მასთან, თუმცა, ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობის შესვლაც გარეშე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის გარეშეც არის მისი მოთხოვნა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა“, - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, 16 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა შეგახსენებთ, 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება. მოგვიანებით, N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარმა ექიმმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარებას ელის
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარებას ელის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში უნდა იყოს გაჟღერებული მკაფიო პოზიცია ჩვენს ევროპულ მისწრაფებასა და არჩევანთან დაკავშირებით, აღიარებული იყოს ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ამ მიმართულებით. ჩვენი მოლოდინია ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირის პოზიციები რეგიონის უსაფრთხოების კუთხით იყოს მკაფიოდ დაფიქსირებული, ევროკავშირის როლი კონფლიქტების მოგვარების პროცესში გამოკვეთილი, მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ასევე ის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა რაც არის განპირობებული დაკავშირებადობით, ასევე ჩვენი ფიზიკური ინტეგრაციით და სექტორული კუთხით თანამშრომლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსა და მასთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისარ ვარჰეის მიერ წარმოდგენილი ევროკავშირის პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია ინტეგრაციის პროცესებთან უნდა ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში და ეს იქნება მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთი დადასტურება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომ მიუხედავად პრობლემებისა გარკვეულ ქვეყნებთან მიმართებით, არიან ასოცირებული ქვეყნები, ასოცირებული ტრიო - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რომელთაც აქვთ დიდი პროგრესი და ამიტომ პრინციპი მეტი მეტისთვის იყოს უზრუნველყოფილი.
რევოლუციურმა კვლევამ აჩვენა, რომ ალცჰაიმერის ახალი ვაქცინა მეხსიერებას აღადგენს
გარღვევა ალცჰაიმერის სამკურნალო საშუალებაში, ახალი ვაქცინა მეხსიერებას აღადგენს და მხოლოდ 18 ევრო ეღირება. ამ სათაურით სტატია უცხოურ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. კვლევა ლესტერის და გოტინგენის უნივერსიტეტების თანამშრომლობით ჩატარდა. კერძოდ, თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადგინა, რომ ვაქცინა თავის ტვინში არსებულ ცილებს ანადგურებს და მეხსიერებას აღადგენს. როგორც ანტისხეულმა, ასევე ვაქცინამ ტვინის ნეირონების ფუნქცია აღადგინა და ტვინში გლუკოზის მეტაბოლიზმი გაზარდა, რაც თაგვებს მეხსიერებას უბრუნებს. ბრიტანელი და გერმანელი მეცნიერების აზრით, ახალ თერაპიას ალცჰაიმერის მკურნალობის მეთოდებში რევოლუციის მოხდენა შეუძლია. გერმანიის გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორმა თომას ბაიერმა, რომელიც კვლევის თანაავტორია, განაცხადა, რომ კლინიკური კვლევების დროს, არცერთმა პოტენციურმა მკურნალობამ არ აჩვენა დიდი წარმატება ალცჰაიმერის სიმპტომების შემცირების თვალსაზრისით. ზოგიერთმა უარყოფითი გვერდითი მოვლენებიც კი გამოავლინა. „ამიტომ გადავწყვიტეთ განსხვავებული მიდგომა“, - აღნიშნა პროფესორმა. მკვლევრები ახლა კომერციულ პარტნიორს ეძებენ, რომ თერაპიული ანტისხეული და ვაქცინა კლინიკური კვლევების მეშვეობით მიიღონ.
ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამომავლო გეგმები დასახეს
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა, დმიტრო კულებამ და ნიკუ პოპესკუმ შეხვედრაზე მიმოიხილეს ასოცირებული ტრიოს სამომავლო გეგმები, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გათვალისწინებით და ხაზი გაუსვეს სამიტზე ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპული მისწრაფების აღიარების და პრინციპის მეტი-მეტისთვის გათვალისწინების მნიშვნელობას. მინისტრებმა ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის გააქტიურების, ასევე ევროკავშირთან მეტი დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო კოორდინაციის საკითებზე. საუბარი შეეხო კონკრეტულ ნაბიჯებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხელშეწყობის ასევე ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის დიალოგის შემდგომ განვითარებას, ისეთი პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა. ხაზი გაესვა ტრიოს ფარგლებში მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ორგანიზების მნიშვნელობას
დმიტრო კულება: უკრაინა აძლიერებს საზღვარს ბელარუსთან, კოორდინაციაში ვართ პოლონეთთან და ლიეტუვასთან
„უკრაინა ბელარუსთან საზღვარს აძლიერებს და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნილი, „მიგრანტების კრიზისის“ გათვალისწინებით, კოორდინაციაშია პოლონეთისა და ლიეტუვის ქმედებებთან“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გასულ კვირას, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უწყებების ლიდერები შეხვდნენ ქალაქ ლუცკში, ბელარუსის საზღვრიდან არც თუ ისე შორს, და მოიწვიეს პოლონეთისა და ლიეტუვის ელჩები, რადგან ჩვენ გვჭირდება კოლექტიური რეაგირება ბელარუსში არსებულ ვითარებაზე. დღეს ჩვენ ხელოვნურად შექმნილ კრიზისზე გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ ხვალ რა მოხდება, არ ვიცით. სამი ქვეყანა დღეს უნდა გაუმკლავდეს ამ კრიზისს და გვახსოვდეს, რომ ეს ამით არ დასრულდება, რუსეთი ხვალ რაღაც ახალს გააკეთებს. სამივე ქვეყანა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, უკრაინა ამჟამად აძლიერებს საზღვარს ბელარუსთან. „ჯერჯერობით არ გვინახავს მიგრანტების შემოდინება ჩვენს ქვეყანაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს კრიზისი ხელოვნურია, ეს მიზანმიმართულად ხდება პოლონეთისა და ლიეტუვის წინააღმდეგ, რათა მათი პროვოცირება მოახდინოს და საზოგადოებებში დათესოს უთანხმოება ამ კრიზისის მოსაგვარების გზებზე“, - განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, კრიზისი ივნისის ბოლოდან გრძელდება. ლიეტუვა, პოლონეთი და ლატვია ბელარუსს მიგრანტებზე მიზანმიმართულ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი ბელარუსს ასევე ადანაშაულებენ ამ ქვეყნებსა და მთლიანად ევროკავშირზე „ჰიბრიდულ თავდასხმაში“. ევროკავშირი საზღვარზე არსებული ვითარების გამო, ბელარუსისთვის სანქციების მეხუთე პაკეტს ამზადებს. შეგახსენებთ, 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსი „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა. ბელარუსს რუსეთი მხარს უჭერს. 10 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა Ту-22М3-ის კლასის ბომბდამშენებმა საჰაერო პატრულირება ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაიწყეს. Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, NATO-ს ოფიციალური პირი მიგრანტთა ხელოვნურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბელარუსს აკისრებს. NATO-ს შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება უკანონო, მიუღებელი და არაჰუმანურია. „NATO-ს ელჩებმა ამ კვირაში განიხილეს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება. NATO-ს მოკავშირეები პოლონეთის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავენ. ალიანსი ასევე დგას სხვა მოკავშირეების გვერდით, რომლებზეც გავლენა მოახდინა ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციამ. ბელარუსს ეკისრება პასუხისმგებლობა კრიზისზე და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების, როგორც „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანური, უკანონო და მიუღებელია. NATO სიტუაციის ახლოდან მონიტორინგს განაგრძობს. გენერალური მდივანი ამ საკითხზე მჭიდრო კავშირშია მოკავშირე მთავრობებთან. NATO მზადაა, შემდგომი დახმარება გაუწიოს ჩვენს მოკავშირეებს და განამტკიცოს თავდაცვა და უსაფრთხოება რეგიონში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: ჩვენი შეშფოთება რუსეთსა და ბელარუსს გავაცანით
დმიტრო კულება: უკრაინამ და NATO-მ რუსეთის შესაკავებლად და უარესი სცენარის თავიდან ასაცილებლად კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზად უნდა იყოს რუსეთის ყველა სცენარისთვის. დმიტრო კულებამ ხაზი გაუსვა კოორდინირებული ქმედებების მნიშვნელობას. „რთული სათქმელია, რა იქნება რუსეთის სცენარი. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა, უკრაინმა და NATO-ს მოკავშირეებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ რუსეთის შესაკავებლად და უარესი სცენარის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა კულებამ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ამავე თემაზე: იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან, მეზობლების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების სურვილი უკვე ვნახეთ
დავით ზალკალიანი: რიგის სამიტზე უკრაინასთან ერთად საქართველოს მიწვევა პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა
"რიგის სამიტზე უკრაინასთან ერთად საქართველოს მიწვევა იმ ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა, რომელიც საქართველოსა და უკრაინას, როგორც ასპირანტ ქვეყნებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე გააჩნიათ", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, მანამდე, კერძოდ, 2018 წელს, NATO-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა მოკავშირეთა შეხვედრაში სახელმწიფო მეთაურების და მთავრობის დონეზე, რომელიც ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატში გაიმართა. ამის შემდგომ, საქართველო და უკრაინა სხვა მინისტერიალებზეც მიიწვიეს ერთობლივად. „რაც შეეხება დეკემბერში საქართველოს მინისტერიალზე მიწვევას, ეს არის ძალიან პოზიტიური და სერიოზული გზავნილი ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან" - აღნიშნა ზალკალიანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ რიგის მინისტერიალზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს საქართველოს ინიციატივებს, მათ შორის, არსებით ღონისძიებათა განახლებულ პაკეტს, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში NATO საქართველოს თანამშრომლობასა და სხვა პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერებას. ვიცე-პრემიერის თქმით, ურთიერთქმედების ის მტკიცე მექანიზმები, რომლებიც NATO-სა და საქართველოს შორის არსებობს, ქვეყანას საბოლოო მიზანთან - ალიანსის წევრობასთან მიიყვანს.
კულებამ NATO-ს მოუწოდა, შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ალიანსის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევა შავ ზღვაში უაღრესად დროული და სასარგებლო იქნება“. „უნდა გვახსოვდეს ძალიან დაძაბული და საშიში ვითარება შავი ზღვის რეგიონში. მოვუწოდებ ალიანსის წევრებს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კუთხით. ალიანსის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევა შავ ზღვაში უაღრესად დროული და სასარგებლო იქნება“, - განაცხადა კულებამ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.