ახალი ამბები

აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის — ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთში 5 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს გნცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პენტაგონმა ერთი კვირის წინ გადადო პოლონეთში 4 000 ამერიკელი სამხედროს როტაცია. „პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის წარმატებული არჩევისა და მასთან ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის,“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. გადაწყვეტილებას მიესალმა პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი. აშშ-ის პრეზიდენტმა დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა იმის შესახებ, იყო თუ არა ჯარისკაცების გაგზავნა, წინა დაგეგმილი განლაგების ნაწილი თუ ეს სხვა ოპერაციაა. თეთრმა სახლმა ბოლო კვირების განმავლობაში მიანიშნა, რომ ევროპაში ჯარისკაცების საერთო რაოდენობის შემცირებას აპირებს — „ამერიკა პირველ რიგში“ დღის წესრიგის ფარგლებში. ამ თვის დასაწყისში აშშ-მ ასევე გამოაცხადა, რომ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანდა ირანთან ომის გამო. ტრამპმა უფრო ადრე გააკრიტიკა მერცი მისი ვარაუდის გამო, რომ აშშ ირანელმა მომლაპარაკებლებმა „დაამცირეს.“  ის ასევე აკრიტიკებდა ვაშინგტონის NATO-ელ მოკავშირეებს იმის გამო, რომ ისინი არ შეუერთდნენ აშშ-ს, ირანზე ზეწოლაში.  

ერდოღანი ყაზახეთში: ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობა ყოველდღიურად უფრო გასაგები ხდება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა კასპიის ზღვის ტრანზიტის აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობას და მას „აბრეშუმის გზის თანამედროვე ეკვივალენტი“ უწოდა. ყაზახეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ დერეფნის მნიშვნელობა დღითიდღე უფრო და უფრო მეტად ესმით. მან პირობა დადო, რომ ტვირთების გადაზიდვისა და ენერგორესურსების დასავლეთში ტრანსპორტირებისთვის, ანკარა ყაზახეთთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, დერეფნის პოპულარიზაციას გააგრძელებს. „ჩვენ გვსურს, რომ ყაზახეთიდან, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნედლი ნავთობის ექსპორტიორიდან, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის უფრო დიდი მოცულობები ჩვენი ქვეყნის გავლით გავიტანოთ,“ - განაცხადა ერდოღანმა. ყაზახეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ხუთშაბათს, 14 მაისს ყაზახეთსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი.  

ბაქოსა და თბილისს შორის სარკინიგზო მიმოსვლასთან დაკავშირებული დეტალები ცნობილია

ბაქო-თბილისი-ბაქოს რკინიგზით მგზავრობის ტარიფი ცნობილია. ფასი მანძილისა და კომფორტის კლასის მიხედვით განისაზღვრა. ფასები 30 აშშ დოლარიდან იწყება. აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 2026 წლის 26 მაისიდან განახლდება. ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტის მატარებლები ბაქოდან ყოველდღიურად, 23:10 საათზე გავა და თბილისში, 08:41 საათზე იქნება, ასევე, თბილისიდან მატარებელი 21:00 საათზე გავა და ბაქოშ 06:24 საათზე ჩავა. ხსენებული მარშრუტის მატარებლები გაჩერდებიან ბაქოს რკინიგზის სადგურზე; ბილაჯარის, ევლახის, განჯის, აღსტაფის და ბოიუკ კესიკის სადგურებზე აზერბაიჯანში, ასევე, გარდაბნის სადგურსა და თბილისის რკინიგზის სადგურზე საქართველოში. აღდგენილი მარშრუტი შვეიცარიული „Stadler Rail Group“-ის ბრენდის თანამედროვე მატარებლებით შესრულდება. საქართველომ და აზერბაიჯანმა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში შეთანხმებებს მოაწერეს ხელი  

აშშ-მ კუბის ყოფილ პრეზიდენტს რაულ კასტროს ბრალი წარუდგინა

აშშ-ის მთავრობამ კუბის ყოფილ პრეზიდენტს რაულ კასტროს ბრალი წაუყენა. მას ბრალს სდებენ 1996 წელს ორ თვითმფრინავზე სასიკვდილო თავდასხმის ორგანიზებაში, რის შედეგადაც, აშშ-ის მოქალაქეები დაიღუპნენ. 94 წლის კასტროს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.  

ტრამპთან სამიტის შემდეგ, სი ძინპინი პუტინს მასპინძლობს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობიდან რამდენიმე დღეში, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღო. აეროპორტში პუტინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი დახვდა. რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, პუტინის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან “საერთაშორისო პრობლემების ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვა” იქნება. მისი ინფორმაციით, რუსეთი და ჩინეთი 40-მდე დოკუმენტს გააფორმებენ, მათ შორის, პუტინი და სი ძინპინი დეკლარაციას მიიღებენ „მულტიპოლარული სამყაროსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ.“ ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, ორი მხარე გააგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას, „მსოფლიოსთვის მეტი სტაბილურობისა და პოზიტიური ენერგიის მისაცემად.“ ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Sinhua წერს, რომ ეს არის ვლადიმeრ პუტინის ოცდამეხუთე ვიზიტი ჩინეთში და რომ 2026 წელს აღინიშნება ჩინეთ-რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების 30-ე წლისთავი. სააგენტოს სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ 2013 წლის შემდეგ, პუტინი და სი ძინპინი 40-ზე მეტჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამგზავრებამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ „დიდი ხანია, გადააჭარბა 200 მილიარდ დოლარს. მისივე თქმით, „მოსკოვი და პეკინი კოორდინირებულად გამოდიან საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მუხლების დასაცავად, მათი მთელი სისრულით, ერთობლიობითა და ურთიერთკავშირით, მხარს უჭერენ აქტიურ თანამშრომლობას გაეროს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ბრიქსისა და სხვა მრავალმხრივი სტრუქტურების ხაზით, რითაც წვლილი შეაქვთ მსოფლიო და რეგიონული პრობლემების მოგვარებაში.“ 14 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი. ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 2017 წლის შემდეგ. დონალდ ტრამპმა სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ვაშინგტონში მიიწვია. თეთრი სახლის განცხადებით, „ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაში, ასევე, გამოვიდნენ ჰორმუზის სრუტის გახსნის მოწოდებით და განაცხადეს, რომ არცერთ ქვეყანას ან ორგანიზაციას არ უნდა ჰქონდეს უფლება, სრუტეში გავლაზე ბაჟი დააწესოს. აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ მათი საერთო მიზანია ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაცია. ტრამპის ვიზიტის დროს, სი ძინპინმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობა აქვთ და რომ ისინი „პარტნიორები უნდა იყვნენ და არა — მეტოქეები.“ ორი ქვეყანა ასევე შეთანხმდა „სტრატეგიული სტაბილურობის კონსტრუქციული ურთიერთობის“ ჩამოყალიბებაზე. პეკინი იმედოვნებს, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაძაბულობის განმუხტვის პერიოდი დაიწყება.  

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. სანქცირებულია ცნობილი ირანული ვალუტის გადამცვლელი კომპანია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე "ფასადური" კომპანია, რომლებიც დასანქცირებული ირანული ბანკების სახელით ასობით მილიონი დოლარის ტრანზაქციებს აკონტროლებენ. აშშ-მა ასევე დაასანქცირა ირანის “ჩრდილოვანი ფლოტის” 19 გემი, რომლებიც სანქციებისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენებოდნენ.  

Reuters: ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა 200 რუსი სამხედრო საიდუმლოდ გაწვრთნა

სამი ევროპული სადაზვერვო სააგენტოსა და Reuters-ის მიერ მიერ მოძიებული დოკუმენტების თანახმად, ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული წლის ბოლოს, ჩინეთში, დაახლოებით 200 რუსი სამხედრო მოსამსახურე საიდუმლოდ გაწვრთნა. ზოგიერთი მათგანი უკრაინაში საბრძოლველად დაბრუნდა. „საიდუმლო წვრთნები, რომლებიც ძირითადად დრონების გამოყენებას ეძღვნებოდა, ასახული იყო ორენოვან რუსულ-ჩინურ შეთანხმებაში, რომელსაც მაღალი რანგის რუსმა და ჩინელმა ოფიცრებმა პეკინში, 2025 წლის 2 ივნისს მოაწერეს ხელი. შეთანხმება, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის გაეცნო, ითვალისწინებდა, რომ დაახლოებით 200 რუსი სამხედრო მოსამსახურე მომზადებას გაივლიდა სამხედრო ობიექტებზე, კერძოდ კი, პეკინსა და აღმოსავლეთის ქალაქ ნანკინში. წყაროების ცნობით, შემდგომში სამხედროების დაახლოებით დასახელებულმა რაოდენობამ ჩინეთში გაიარა წვრთნა.  შეთანხმებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ასობით ჩინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლიდა მომზადებას რუსეთის სამხედრო ობიექტებზე,” - წერს Reuters-ი. დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, რუსი სამხედროების მომზადებით, რომლებიც შემდგომ უკრაინის წინააღმდეგ საბძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ, ჩინეთი გაცილებით უფრო პირდაპირ არის ჩართული ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომში, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. რუსეთისა და ჩინეთის თავდაცვის სამინისტროებმა კომენტარი არ გააკეთეს Reuters-თან. ჩინეთის საგარეო უწყებაში კი, განაცხადეს, რომ „უკრაინის კრიზისთან“ დაკავშირებით, ჩინეთი მუდმივად ინარჩუნებდა ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას და მუშაობდა სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობაზე, ეს თანმიმდევრული და ნათელია და ამას საერთაშორისო საზოგადოებაც ადასტურებს.“  მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩინეთმა და რუსეთმა არაერთი ერთობლივი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს, პეკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ კონფლიქტში ნეიტრალურია და თავს მშვიდობის მიღწევის საკითხში შუამავლად წარმოაჩენს.  

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ მას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან კომუნიკაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, განსაზღვრა მაისისა და ივნისის ევროპული საგარეო პოლიტიკის ამოცანები. „ანდრი სიბიჰამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ მაცნობა. ჩვენ ვისწრაფვით ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების საფუძველზე და მზად ვართ, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ,“ - წერს ზელენსკი X-ზე. ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავაც პატივს სცემს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ხალხს  

დიმიტრი აბდუშელიშვილმა საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის განვითარების სტრატეგია წარადგინა

საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა, ფედერაციის სამომავლო გეგმებსა და განვითარების სტრატეგიაზე პრეზენტაცია გამართა. ფედერაციის პრეზიდენტმა სტუმრებს ფედერაციის სამომავლო გეგმები გააცნო, რომელთა მიზანიც საქართველოში საწყლოსნო სპორტის სახეობების განვითარება და პოპულარიზაციაა. დიმიტრი აბდუშელიშვილმა ასევე წარადგინა მსოფლიოში ცნობილი, ტიტულოვანი უცხოელი მწვრთნელები და კონსულტანტები, რომლებიც ფედერაციასთან და ყველა ნაკრებ გუნდებთან ითანამშრომლებენ. პრეზენტაცია ასევე მოიცავდა ყველა იმ ძირეულ ცვლილებას, რომელიც საწყლოსნო ფედერაციაში უკვე განხორციელდა, ან სამომავლოდ იგეგმება მათი განხორციელება.  კერძოდ: ახალი საწვრთნელი ბაზის შექმნა, მწვრთნელთა გადამზადების ცენტრის ამოქმედება, მეკარეების სასწავლო ცენტრის განვითარება და სამედიცინო მომსახურების სისტემის გაუმჯობესება. ხსენებულ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რომელმაც საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინისტრმა ფედერაციასა და სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა საწყლოსნო სპორტის განვითარების მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯისთვის და მათ წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო სილვამ დადებითად შეაფასა ფედერაციის საქმიანობა და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სამომავლო საქმიანობაში.  

ფაშინიანი: რუსმა კოლეგებმა ვერ წარმოადგინეს მაგალითი, როგორ აზიანებს მათ ინტერესებს სომხეთის თანამშრომლობა ევროკავშირთან

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსმა კოლეგებმა ვერ შეძლეს, წარმოედგინათ მაგალითი, როგორ დაზიანდა მათი ინტერესები ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობის გამო.  ფაშინიანის განმარტებით, რუსეთში მისი ვიზიტისას, რუსეთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობა რუსეთის ინტერესებს დააზიანებს, თუმცა კონკრეტული მაგალითი ვერავინ მოიყვანა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, არჩევნების მონაწილეები და დამკვირვებლები, მათ შორის, სომხეთის ფარგლებს გარეთ მყოფები ცდილობენ, ამ არჩევნებს გეოპოლიტიკური კონტექსტი ან ქვეტექსტი მიაწერონ, მაგრამ ამ არჩევნებს არ შეიძლება, ჰქონდეს გეოპოლიტიკური კონტექსტი ან ქვეტექსტი, რადგან სომხეთი დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს. „ჩვენს პოლიტიკაში არ არსებობს შეთქმულება, არავის წინააღმდეგ არანაირი ქმედება. ჩვენთვის ნათელია, რომ სომხეთს და მის ხალხს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ალტერნატივები. არსებობს ევროკავშირი და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ჩვენს ხალხს უნდა ჰქონდეს ალტერნატივა და შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, რომელი სტრატეგიაა მათთვის ყველაზე პერსპექტიული და სასარგებლო. არ არსებობს უკმაყოფილების ან დავების მიზეზი. ჩვენ არ ჩავერთვებით დავებში,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე განმარტებით, სომხეთმა თქვა, რომ ის არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, მაგრამ არ გადადგამს არანაირ ნაბიჯს, რომ თავად აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ. „ჩვენ ეს ნათლად განვუცხადეთ ჩვენს კოლეგებს როგორც რუსეთიდან, ასევე ევროკავშირიდან. ჩვენ არ გვინდა რუსეთისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ თუ ვიგრძნობთ, რომ რაიმე ნაბიჯის გადადგმა სანქციებს გამოიწვევს, ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ. ევროკავშირს ეჭვი ჰქონდა, რომ ჩვენ ანტირუსულ სანქციებს გვერდს ვუვლიდით, თუმცა ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ამას არ ვაკეთებთ,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

რა საკითხები განიხილეს ტრამპმა და სი ძინპინმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან მოლაპარაკებებს, რომელიც პეკინში თითქმის ორი საათი გაგრძელდა, „შესანიშნავი“ უწოდა. BBC- წერს, რომ ჩინეთმა ტრამპს გრანდიოზული დახვედრა მოუწყო და ეს ჩინურ დიპლომატიაში არა უბრალო შექება, არამედ, რეალური წონის მანიშნებელია.  როგორც BBC წერს, ტარიფებსა და ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ღრმა უთანხმოება კვლავ რჩება. სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ტაივანის საკითხი ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.“ “თუ საკითხი სწორად იქნება წარმართული, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. თუ ის სწორად არ იქნება წარმართული, შესაძლოა, ორი ქვეყანა ერთმანეთს შეეჯახოს ან კონფლიქტშიც კი შევიდეს, რაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს ძალიან საშიშ მდგომარეობაში ჩააყენებს,“ - აღნიშნა სი ძინპინმა. Reuters-ის ინფორმაციით, ლიდერები ირანთან ომის, ასევე, ტაივანისა და ბირთვული იარაღის საკითხებს განიხილავდნენ. დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის ფოკუსში ასევე იყო იშვიათი მინერალების შესახებ გასულ წელს მიღწეული შეთანხმების გახანგრძლივება — სავაჭრო ომში მინი-ზავის შეთანხმების საკითხი, რომელიც ჩინეთიდან აშშ-ში იშვიათი მინერალების მიწოდების საშუალებას იძლევა. განცხადებები შეხვედრამდე ტრამპმა სი ძინპინს მეგობარი და შესანიშნავი ლიდერი უწოდა. მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს. აშშ-ის ლიდერის თქმით, მიაჩნია, რომ ურთიერთობა „უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე.“ თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-აშშ-ს სტაბილური ურთიერთობა კარგია მსოფლიოსთვის. „ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საერთო ინტერესები აჭარბებს განსხვავებებს. ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების სტაბილურობა კარგია მსოფლიოსთვის. მოუთმენლად ველი მნიშვნელოვან საკითხებზე მოსაზრებების გაცვლას,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა. შეხვედრას შეერთებული შტატების მხრიდან, თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან, სახაზინო მდივან სკოტ ბესენტთან და სავაჭრო წარმომადგენელ ჯეიმსონ გრირთან ერთად, ასევე ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც 2020 წლიდან პეკინის მიერ არის სანქცირებული. ჩინეთმა მის სახელთან/მართლწერასთან დაკავშირებული ცვლილება განახორციელა, რათა სანქციებთან დაკავშირებული პრობლემა თავიდან აერიდებინა.  სენატორობის დროს, რუბიო ხშირად აკრიტიკებდა ჩინეთის მთავრობის მხრიდან უიღურების დევნასა და ჰონგ კონგის დემოკრატიული მოძრაობის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას.  ირანი მიუხედავად იმისა, რომ პეკინი აგრძელებდა მაღალტექნოლოგიური და განახლებადი ენერგიის ინდუსტრიების სწრაფ განვითარებას, ირანის ომის დაწყებიდან მალევე, ჩინეთმა წლიური ეკონომიკური ზრდის მიზანი 1991 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შეამცირა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, ეს პეკინს მით უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, განსაკუთრებით, თუ ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა დაბლოკილი დარჩება. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა დღეს, 14 მაისს განაცხადა, აშშ და ჩინეთი ხუთშაბათს შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა იყოს. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პეკინში სახელმწიფო ვიზიტით 13 მაისს ჩავიდა. 14 მაისს სი ძინპინმა დონალდ ტრამპს პეკინში დაათვალიერებინა მე-15 საუკუნის ძეგლი, ცის ტაძარი. ორი ლიდერი დღეს საღამოს სახელმწიფო ბანკეტზე კვლავ შეხვდება.   

ანაკლია შესაძლებელია, შავი ზღვის საკვანძო საკონტეინერო ჰაბად ჩამოყალიბდეს, რაც შუა დერეფნის მნიშვნელობას გაზრდის — აზერბაიჯანის რკინიგზა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება შესაძლოა, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შავი ზღვისა და შუა დერეფნის უფრო ფართო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ტრანსფორმაციულ ლოგისტიკურ პროექტად იქცეს Trend-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის მარკეტინგისა და სატარიფო პოლიტიკის დეპარტამენტის მარკეტინგის განყოფილების უფროსის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს. მისივე შეფასებით, ევრაზიის სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციის გაგრძელების პარალელურად, ანაკლიას აქვს პოტენციალი, გააძლიეროს სტრატეგიული კავშირი ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, კასპიის რეგიონს, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის. „ანაკლიას საბოლოოდ შეუძლია, უშუალოდ მოემსახუროს უფრო დიდ კონტეინერმზიდ გემებს, როცა შავი ზღვის მრავალი რეგიონული პორტი კვლავ შეზღუდვების წინაშე დგას. ეს ქმნის პოტენციურ სარგებელს, როგორიცაა, კონტეინერების დამუშავების ეფექტიანობის გაზრდა, გადაზიდვების სისტემებზე დამოკიდებულების შემცირება, შავი ზღვა-ევროპის ტვირთების უფრო სწრაფი ინტეგრაცია, რკინიგზასა და საზღვაო ტრანსპორტს შორის მულტიმოდალური კოორდინაციის გაუმჯობესება და რეგიონული მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაზრდა. შუა დერეფნის პერსპექტივიდან, ანაკლია არ არის უბრალოდ კიდევ ერთი პორტის პროექტი; ის შეიძლება, გახდეს სტრატეგიული დამაბალანსებელი კვანძი აღმოსავლეთ-დასავლეთის ტვირთების მოცულობის ზრდისთვის, რადგან ტრანსკასპიური დერეფნის გავლით ტვირთბრუნვა აგრძელებს ზრდას და პორტების, რკინიგზისა და საბაჟო სისტემების ინფრასტრუქტურული ზეწოლა გარდაუვლად გაიზრდება. ამ გარემოში, შავი ზღვის მხარეს, დამატებითი საზღვაო სიმძლავრე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხდება,“ - აღნიშნა მამედოვმა. მისი თქმით, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, კასპიის მიმწოდებელ ოპერაციებს, საქართველოს მოდერნიზებული რკინიგზისა და ციფრული საბაჟო ინტეგრაციის სისტემებს შორის სამომავლო სინქრონიზაციამ შეიძლება, მნიშვნელოვნად გააძლიეროს შუა დერეფნის ოპერატიული კონკურენტუნარიანობა. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გეოპოლიტიკური დივერსიფიკაცია. გლობალური მიწოდების ჯაჭვები სულ უფრო მეტად მიმართავენ ალტერნატიულ სავაჭრო დერეფნებს, ამცირებენ ერთმარშრუტიან ლოგისტიკაზე დამოკიდებულებას, იყენებენ მოქნილ მულტიმოდალურ სატრანსპორტო მოდელებს და ეძებენ უფრო სწრაფ ევრაზიულ სატრანზიტო გადაწყვეტილებებს. ეს ტენდენცია განსაზღვრავს სამხრეთ კავკასიის გრძელვადიან სტრატეგიულ მნიშვნელობას. ჩემი აზრით, რეგიონულ ლოგისტიკურ არქიტექტურაში ეფექტიანი ინტეგრაციით, ანაკლია შეიძლება, გახდეს შავი ზღვის უდიდესი საკონტეინერო ჰაბი, ასევე, სპარსეთის ყურის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირის ზრდის ძირითადი ინფრასტრუქტურული საყრდენი,“ - აღნიშნა მამედოვმა. მისი შეფასებით, უფრო ფართო კონტექსტში, ანაკლიის მომავალი როლი შეიძლება, გაცილებით გასცდეს მხოლოდ სატრანსპორტო ფუნქციას: „პროექტს აქვს პოტენციალი, შეცვალოს რეგიონული სავაჭრო ლანდშაფტი, გააძლიეროს სატრანზიტო ეკონომიკა და გაზარდოს შუა დერეფნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ევრაზიის კონტინენტზე.“ ცნობისთვის, შუა დერეფანი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის რამდენიმე ქვეყნის გავლით აკავშირებს. ის ტრადიციული ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადის ცენტრალურ აზიაში, კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და აღწევს ევროპას, რაც უფრო მოკლე სახმელეთო ალტერნატივას წარმოადგენს უფრო გრძელი საზღვაო მარშრუტებისთვის. ევროკომისიის კვლევა: ანაკლიას შეუძლია, საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოოს და შუა დერეფნის განვითარებას ხელი შეუწყოს  

საქართველო და სომხეთი საზღვრისპირა სარკინიგზო მომსახურების გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ

„სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ კომპანიების წარმომადგენლებს შორის ერევანში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მგზავრთა გადაყვანის საკითხზე რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს. „კერძოდ, მიღებულია გადაწყვეტილება 2026 წლის ზაფხულის სეზონზე ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით ექსპრეს მატარებლის გაშვების შესახებ. მხარეებმა დაამტკიცეს მატარებლის განრიგი 2026 წლის 14 ივნისიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდისთვის, რომელიც დღეგამოშვებით იმოძრავებს. ასევე შეთანხმდნენ ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლაზე, რათა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მატარებლის დგომის დრო შემცირდეს,“ - იტყობინება „არმენპრესი“ კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზაზე“ დაყრდნობით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ჩეხური კომპანია „Gepard Express“-ის დაკვეთით 4-12 ივლისის პერიოდში ერევანი-ბათუმი-ერევნის ტურისტული რეისის განხორციელებაზე. დაგეგმილია ძირითადად ჩეხეთიდან ჩამოსული ტურისტების ჯგუფის გადაყვანა „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ვაგონებში განთავსებით; მგზავრობისას გათვალისწინებულია გაჩერებები, რომელთა დროსაც, ტურისტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სომხეთისა და საქართველოს ღირსშესანიშნაობებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პირველი მსგავსი რეისი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ წარმატებით 2025 წელს განახორციელა.  

ანდრი ერმაკს საპატიმრო გირაო შეეფარდა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრი ერმაკს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. მას 60 დღით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გირაოს გადახდის შესაძლებლობით. უკრაინული მედიის ცნობით, ანტიკორუფციულმა სასამართლომ გირაოს სახით 140 მილიონი გრივნა დააწესა. გირაოს გადახდის შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს გაათავისუფლებენ და მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს. მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ერმაკს აცნობეს, რომ ეჭვმიტანილია ფულის გათეთრების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში. ხსენებული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის განცხადებით, ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდებს. ერმაკის თქმით, გირაოს შესატანად საჭირო თანხა არ აქვს და შეეცდება, თანხა „მეგობრებსა და ნაცნობებს შორის“ მოიძიოს. ანდრეი ერმაკმა პროცესზე აღნიშნა, რომ ყველა ბრალდებას უარყოფს. „მე უკრაინაში ვრჩები. დასამალი არაფერი მაქვს. ყველაფერი, რაც ამ პროცესის ირგვლივ ხდებოდა, იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა,“ - განაცხადა ერმაკმა სასამართლო პროცესზე. ანდრი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისს 2020 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა 2025 წლის ნოემბერში დატოვა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში „მასშტაბური კორუფციის გამოვლენის“ შემდეგ. „მიდასის" სახელით ცნობილ ამ საქმეში ერმაკიც ფიგურირებს.  

ლატვია რუსეთსა და ბელორუსში ყველა სახის ავტობუსის მომსახურების აკრძალვას გეგმავს

არარეგულარული ავტობუსების მარშრუტების აკრძალვა 2025 წლის პირველი ნოემბრიდან შევიდა ძალაში. ახლა კი, ლატვიის ტრანსპორტის სამინისტრომ შეიმუშავა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ასევე აიკრძალება რეგულარული მომსახურება - მათ შორის მარშრუტები, რომლებიც ტრანზიტის დროს უბრალოდ ლატვიის ტერიტორიაზე გადიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Delfi. ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, სახელმწიფო საგზაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ ბრძანებებს, რომლებიც ადმინისტრაციული საპროცესო კანონის შესაბამისად, კონკრეტული გადამზიდავებისთვის ნებართვებს გააუქმებს. სამინისტროს განმარტებით, ლიცენზიების დაკარგვის შემთხვევაში, გადამზიდავებს ექნებათ კომპენსაციის მიღების უფლება, ხოლო გადახდები ადმინისტრაციული საპროცესო კანონის შესაბამისად განხორციელდება. განმარტებითი დოკუმენტების თანახმად, გადამზიდავი Ecolines-ი რუსეთსა და ბელორუსში მარშრუტების აკრძალვით მიღებულ პირდაპირ ზარალს წელიწადში დაახლოებით ოთხ მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო უმოქმედო ავტობუსებით გამოწვეული დამატებითი ზარალი წელიწადში დაახლოებით ორ მილიონ ევროს შეადგენს. ლატვიის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მცხოვრებლებს, თავი აარიდონ რუსეთსა და ბელორუსში მოგზაურობას, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეები გააფრთხილა რეკრუტირების რისკების შესახებ. ლატვიასა და რუსეთს, ლატვიასა და ბელორუსს შორის ავტობუსები ხშირად სახელმწიფო სასაზღვრო გადასასვლელებზე მრავალი საათის განმავლობაში დგანან, ვიდრე საბაჟო და სასაზღვრო შემოწმება ტარდება.        

ჰორმუზის სრუტის ბლოკირების შემდეგ, იაპონიაში აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის პირველი პარტია შევიდა

აზერბაიჯანიდან — ცენტრალური აზიის ალტერნატიული მომარაგების წყაროდან — ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერი სამშაბათს, 13 მაისს, იაპონიაში, იოკოჰამაში ჩავიდა. ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით, ეს არის ნედლი ნავთობის პირველი პარტია, რომელიც ცენტრალური აზიიდანარის იმპორტირებული ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკირების შემდეგ. ნავთობის მსხვილმა საბითუმო მოვაჭრე Eneos Corp.-მა შეიძინა პარტია, რომელიც იოკოჰამაში, ნეგიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მიიღეს. ტვირთის მოცულობა დაახლოებით 45,000 კილოლიტრი იყო, რაც იაპონიის მოხმარების დაახლოებით 0.16 დღის ექვივალენტურია. თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის კონფლიქტის დაწყებამდე, იაპონია ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 95%-ს ახლო აღმოსავლეთიდან იღებდა. თუმცა, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობაზე საპასუხო შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ეს გადაზიდვები, რამაც იაპონია აიძულა, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია მოეხდინა.  

უკრაინა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა სიას 5-დან 29 ქვეყანამდე აფართოებს

უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომლითაც შესწორებები შევიდა იმ სახელმწიფოების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც  ორმაგი მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ. სიას დაემატა რუმინეთი და მრავალი სხვა სახელმწიფო. ცვლილებამდე სიაში მხოლოდ ხუთი სახელმწიფო შედიოდა — კერძოდ, სიაში იყვნენ კანადა, გერმანია, პოლონეთი, აშშ და ჩეხეთი. ახალ სიაში, თავდაპირველი ხუთი სახელმწიფოს გარდა, შედიან ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია და შვედეთი. ახალი რეგულაციების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს მეორე მოქალაქეობის მიღება უკრაინის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე შეუძლიათ. ის ასევე საშუალებას აძლევს ამ სახელმწიფოების ეთნიკურ უკრაინელებს გამარტივებული პროცედურის მეშვეობით გახდნენ უკრაინის მოქალაქეები. როგორც რუმინული მედია წერს, მოქალაქეობასთან დაკავშირებული წინა კანონი უკმაყოფილებას იწვევდა რუმინულ თემში, რომელიც უკრაინაში სიდიდით მესამე ეთნიკური ჯგუფია.  

Politico: რუმინეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები მზად არიან, აშშ-ის ჯარები გერმანიიდან გასვლის შემთხვევაში, საკუთარ ტერიტორიაზე განათავსონ

Politico-ს ცნობით, რუმინეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ემხრობიან ამერიკული ჯარების რაოდენობის გაზრდის საკითხს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა და აშშ-ის სხვა ოფიციალურმა პირებმა გერმანიიდან ჯარების შესაძლო გაყვანაზე ისაუბრეს. გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გერმანიიდან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკული ძალების ტრადიციული მასპინძელია, 5000 ან მეტ ჯარისკაცს გაიყვანს. ამერიკული გამოცემის ცნობით, პოლონეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და რუმინეთმა საჯარო განცხადებებისა და კერძო ლობირების გზით გამოთქვეს ინტერესი აშშ-ის ჯარების რაოდენობის გაზრდის საკითხში. ოფიციალური მთავრობის მონაცემებით, მარტის მონაცემებით, ხუთივე ქვეყანას ამერიკელი ჯარისკაცების მოკრძალებული რაოდენობა ჰყავდა. შედარებისთვის, გერმანიას თითქმის 36 000 ამერიკელი ჯარისკაცი ჰყავს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანას.  

მერაბ შარიქაძეს 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე 11 წლით დისკვალიფიცირდა საიდუმლო სქემაში მონაწილეობისთვის, რომელიც ეროვნული ნაკრების მორაგბეებს დოპინგ-ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა. BBC-ის ცნობით, 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა გიორგი ჭყოიძეს, 3-3 წლიანი - ლაშა ხმალაძეს, ოთარ ლაშხს და მირიანი მოდებაძეს და ცხრათვიანი - ლაშა ლომიძეს. ამასთან, 9 - წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა საქართველოს გუნდის ყოფილ მთავარ ექიმს ნუცა შამათავას. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ეროვნული ტესტირების სააგენტო საქართველოს ნაკრების ექიმს ნუცა შამათავას წინასწარ ატყობინებდა მოსალოდნელი ტესტების შესახებ, ხოლო ის ამ ინფორმაციას შემდეგ გუნდის საერთო ჩატში აზიარებდა. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, World Rugby, რომელმაც 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების ნიმუშებში ანომალიები დააფიქსირა, მიიჩნევს, რომ ნიმუშების შეცვლის ეს სქემა რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების დაფარვას ემსახურებოდა.  

2025 წელს ევროკავშირიდან დეპორტირებულთა რაოდენობით, საქართველო მეორე ადგილზეა

ევროსტატის მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის ტერიტორიიდან დაბრუნებულთა და მესამე ქვეყანაში დეპორტირებულთა რაოდენობით, საქართველო მეორე ადგილზეა. გასული წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში 10 475 პირი დაბრუნდა. მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა შორის ყველაზე მეტი — თურქეთის მოქალაქეა 13 405 პირი, მესამე ადგილს იკავებს სირია — 8 370 პირი და მას მოჰყვება ალბანეთი — 8020 პირი. ევროსტატის მონაცემებით, მესამე ქვეყნის ყველაზე მეტი მოქალაქე — 29 295 პირი ქვეყნიდან გერმანიამ დააბრუნა. მეორე ადგილზეა საფრანგეთი — 14 940 პირი, მესამე ადგილს კი, შვედეთი იკავებს, რომელმაც ქვეყნიდან 11 250 პირი გააძევა. 2025 წლის განმავლობაში ევროკავშირში შესვლაზე უარი 132 600 მესამე ქვეყნის მოქალაქეს ეთქვა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (123 835 ადამიანი) 7,1%-ით აჭარბებს. აქედან ევროკავშირში შესვლაზე უარი ჯამში საქართველოს 4 785 მოქალაქეს ეთქვა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი ადამიანის რაოდენობამ 21,7%-ით დაიკლო, რაც იმას ნიშნავს, რომ არალეგალთა რაოდენობა 918 525 პირიდან 719 395 პირამდე შემცირდა. 2025 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქე 16 230 არალეგალი ცხოვრობდა. ევროსტატის მონაცემების თანახმად, შესაბამის ბრძანების გამოცემის შემდეგ, მესამე ქვეყანაში 135 460 ათასი მესამე ქვეყნის მოქალაქე დაბრუნდა. აღნიშნული მონაცემი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 21%-ით არის გაზრდილი.