ტექნოლოგიები

Pfizer-ის ცნობით, „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება

Pfizer-ი იუწყება, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად მარტისთვის იქნება. ამის შესახებ მან CNBC-თან ინტერვიუში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა. „ჩვენ უკვე ვიწყებთ მისი გარკვეული რაოდენობის წარმოებას“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ. მისივე ცნობით, ვაქცინა იმოქმედებს სხვა შტამების წინააღმდეგაც, რომლებიც ამ დროისთვის ცირკულირებს. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო.

დანია ევროკავშირში პირველია, რომელმაც კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ დაამტკიცა

დანიამ Merck-ისა და Ridgeback Biotherapeutics-ის მიერ წარმოებული ანტივირუსული პრეპარატი დაამტკიცა, რომელიც კორონავირუსის სიმპტომების მქონე რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის, მათ შორის მოხუცებისთვის გამოიყენება. სკანდინავიის ქვეყანა გახდა პირველი ევროკავშირში, რომელმაც დაამტკიცა ანტივირუსული მოლნუპირავირი. აბი ჯერ კიდევ განიხილება ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ. დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველია, რომელმაც კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ 4 ნოემბერს დაამტკიცა. ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში Merck-მა განაცხადა, რომ წამლის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა წარმატებით დაასრულა და გაირკვა, რომ აბები მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების საფრთხეს დაახლოებით 50%-ით ამცირებს და მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს არ იწვევს. ამ პრეპარატით მკურნალობის კურსი 5-დღიანია. კაფსულის სახით, ეს არის პირველი, პერორალური წამალი, რომელიც კოვიდინფექციას ებრძვის. Molnupiravir-ი ემორის უნივერსიტეტში, ატლანტაში, ინოვაციური კომპანიის, Drug Innovation Ventures at Emory (Drive)-ის მიერ, Merck-თან პარტნიოორობით შეიქმნა. COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი, რომლის დამტკიცება კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციას შეამცირებს და ინფექციას სახლში მართავს

WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა

„ახლა თქვენ შეგიძლიათ წინასწარ გადახედოთ თქვენს ხმოვან შეტყობინებებს, ვიდრე გააგზავნით“, - ასე წარადგინა WhatsApp-მა ახალი ფუნქცია. ტექსტის, აუდიოს, ვიდეოს და ფოტო ფაილების გაგზავნის გარდა, პოპულარული აპლიკაციის მომხმარებლებს ხმოვანი შეტყობინების გაგზავნამდე მისი მოსმენა შეეძლებათ. WhatsApp-ი 2009 წელს, აშშ-ში შეიქმნა. 2014 წლის 19 თებერვალს პროგრამა 19 მილიარდ დოლარად Facebook-მა შეიძინა.

მეცნიერები მუშაობენ დანამატზე, რომელსაც შესაძლოა, ნევროლოგიური დაავადებების მქონეთათვის ვარჯიშის ეფექტი ჰქონდეს

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის (ANU) მკვლევრებმა გამოავლინეს უნიკალური მოლეკულური სიგნალები, რომლებიც სხეულის დანარჩენი ნაწილიდან იგზავნება ვარჯიშის დროს და რეალურად აღწევს ჩვენს ტვინსა და თვალებში. ჯგუფის წინასწარმა კვლევამ ბადურაზე ვარჯიშის სარგებლის შესახებ, რამდენიმე „პერსპექტიული“ შედეგი გამოავლინა. ასოცირებული პროფესორი რიკარდო ნატოლი, ამბობს, რომ შესაძლებელია მოლეკულების პოტენციურად ხელახალი კოდირება/ტაბლეტებში გამოყენება და მიღება ვიტამინის სახით. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად კუნთებსა და ბადურას შორის კომუნიკაციის უნარი იკარგება. დანამატების მიღების მსგავსად, შესაძლოა, ჩვენ მივაწოდოთ გენეტიკური ან მოლეკულური დანამატები, რაც საშუალებას მისცემს ამ ბუნებრივ ბიოლოგიურ პროცესს, გაგრძელდეს ასაკის მატებასთან ერთად. ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, რას აწვდიან ეს მოლეკულები სხეულს და როგორ ურთიერთობენ ისინი“, - ამბობს რიკარდო ნატოლი. მისი კოლეგა, ჯოშუა ჩუ-ტანი მიუთითებს ალცჰაიმერით და პარკინსონით დაავადებულთათვის სარგებელზე. „ვიცით, რომ ვარჯიში კარგია ჩვენი მხედველობისთვის, მაგრამ ჩვენი მიზანია, გავიგოთ ვარჯიშის სარგებელი მოლეკულურ დონეზე და რამდენად სასარგებლოა ის ცენტრალური ნერვული სისტემისთვის და ბადურისთვის. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვარჯიშის სარგებელი ბევრად აღემატება იმას, რაც აქამდე იყო ცნობილი, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა ხდება სხეულში ვარჯიშის შემდეგ და რატომ არის ფიზიკური აქტივობა ასე კარგი ჩვენი ტვინისა და თვალებისთვის. ერთ მშვენიერ დღეს, ფუტურისტულ თერაპიას შეუძლია, დაეხმაროს პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ნევროლოგიური დაავადებები, როგორიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი. ამასთან, დაეხმაროს დაავადების პროგრესირების შენელებას“, - ამბობს მკვლევარი ჯოშუა ჩუ-ტანი.

BioNTech-ის დამფუძნებლები: MRna ვაქცინით სიმსივნეებს და აივ ინფექციასაც დავამარცხებთ

BioNTech-ის ხელმძღბანელები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინა პირველებმა შექმნეს, აცხადებენ, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის ვერსია მზად იქნება. ამასთან, 2022 წელს მალარიისა და ტუბერკულოზის ვაქცინაზე კლინიკური კვლევები დაიწყება. „ჩვენ წინ წავალთ ასევე „აივ ვაქცინის პროგრამის" მიმართულებით“, - აცხადებს უგურ შაჰინი. გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში, უგურ შაჰინმა და ოზლემ ტურეჩმა კიბოს ვაქცინების კვლევასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კლინიკურ ცდაშია კიბოს საწინააღმდეგო 15 ვაქცინა, ყველაზე მოწინავე კი მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინაა. „მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ ზოგიერთი მათგანის ბაზარზე გამოტანას და სხვა ახალი ვაქცინების გამოტანას კლინიკური განვითარების მოწინავე ეტაპზე. mRna საშუალებას გვაძლევს, განვაახლოთ იმუნური სისტემა არამხოლოდ მისი სტიმულირებისთვის, არამედ დასამშვიდებლადაც: და ეს საუკეთესო გზა იქნება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ“, - აცხადებენ სპეციალისტები. რნმ ვაქცინები შეიცავენ არა ვირუსს, ან მისი ცილის (სპაიკცილის) ფრაგმენტს, არამედ ინფორმაციულ ანუ მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სპაიკცილის წარმოქმნას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყება იმუნური რეაქცია – ანტისხეულების გამომუშავება. სწორედ ეს ანტისხეულები იცავს მომავალში ორგანიზმს ინფიცირებისგან. შემდგომში, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს მის ზედაპირზე არსებულ სპაიკცილას, როგორც უცხოს და ვირუსს დაავადების გამოწვევამდე ანადგურებს. ვინაიდან მ-რნმ ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ან ინაქტივირებულ ვირუსს, მას არ შეუძლია, გამოიწვიოს კოვიდინფექცია. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში მ-რნმ თავისით იშლება. კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: დიაბეტისა და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მართვაში ალბათ ვაქცინა მოიკიდებს ფეხს

Facebook-ი სახის ამოცნობის ფუნქციას გათიშავს

Facebook-ი სახის ამოცნობის ფუნქციას გააუქმებს. იტყობინება Associated Press-ი. Meta-ს ვიცე-პრეზიდენტმა მომხმარებლებს აცნობა, რომ ყოველდღიურად მომხმარებელთა მესამედზე მეტმა გამოიყენა ეს სისტემა. საუბარია 600 მლნ ადამიანზე. ჯერომ პესენტის თქმით, კომპანია ცდილობდა, გაეანალიზებინა ტექნოლოგიის გამოყენების დადებითი მხარეები „მზარდი სოციალური შეშფოთების წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მარეგულირებლებს ჯერ კიდევ არ აქვთ დადგენილი მკაფიო წესები". Facebook-მა 2019 წელს დაასრულა სახის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფა, რაც ატვირთულ ფოტოებშიმეგობრების იდენტიფიცირებას გულისხმობდა და ავტომატურად შესთავაზა მათ მონიშვნის ფუნქცია. კომპანიას ამის გამო ილინოისში უჩივლეს კიდეც. ცნობისთვის, კომპანია Facebook-მა სახელი 28 ოქტომბერს შეიცვალა.

კომპანია Facebook-მა სახელი შეიცვალა

Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ახალი სახელი წარმოადგინა. ახალი სახელწოდება Meta კორპორაციის მისწრაფებების და მიზნის გამოხატულებააა, შექმნას ვირტუალური მსოფლიო - ე.წ. მეტასამყარო. სახელის ცვლილება თავად სოცქსელს, ასევე, კომპანიის სხვა პლატფორმებს instargam-ს და Whatsapp-ს არ ეხებათ. სიტყვა Meta მოდის ბერძნული პრეფიქსიდან და წინდებულ Meta-დან, რაც ნიშნავს “შემდეგ“ ან „მიღმა“. ინგლისურ სიტყვებთან შერწყმისას, Meta ხშირად ნიშნავს „ცვლილებას“ ან ალტერაციას.

NATO-მ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სტრატეგია პირველად გამოაქვეყნა

NATO-მ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სტრატეგია პირველად გამოაქვეყნა, რომელზეც ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალზე შეთანხმდნენ. ხელოვნური ინტელექტი არის ერთ-ერთი იმ შვიდი ტექნოლოგიური სფეროდან, რომელსაც NATO-ს მოკავშირეებმა პრიორიტეტი მიანიჭეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. მათ შორისაა კვანტური ტექნოლოგიები, მონაცემები და გამოთვლები, ავტონომია, ბიოტექნოლოგია და ადამიანის შესაძლებლობები, ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები და სივრცე. „ყველა ამ ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს შორის, ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველაზე გავრცელებულია. რთული გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა ასევე დაამტკიცეს პირველი პოლიტიკა მონაცემთა ექსპლუატაციაში. სამომავლოდ, ალიანსი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას მისი სამი ძირითადი ამოცანის მხარდასაჭერად. ჩრდილო ატლანტიკური თავდაცვის ინოვაციების პროგრამის (DIANA) ფარგლებში, ეროვნული ხელოვნური ინტელექტის ტესტირების ცენტრებს შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ NATO-ს (AI) ამბიციას. NATO და მოკავშირეები ასევე ჩაატარებენ რეგულარულ მაღალი დონის დიალოგებს, ჩაერთვებიან ტექნოლოგიურ კომპანიებში სტრატეგიულ პოლიტიკურ დონეზე, რათა იყვნენ ინფორმირებულნი და შექმნან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, შექმნან ხელოვნური ინტელექტიდან გამომდინარე შესაძლებლობები და რისკები. გარდა ამისა, NATO დარჩება ტრანსატლანტიკურ ფორუმად AI თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტის პოტენციალს და ამავე დროს დაიცავს სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მიერ მისი მავნე გამოყენებისგან. ზოგიერთმა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორმა შესაძლოა, ასევე გამოიყენონ დეზინფორმაციის შესაძლებლობები მოკავშირე საზოგადოებებში, AI-ის სამხედრო გამოყენების მიმართ საზოგადოების უნდობლობის შექმნით. მოკავშირეები შეეცდებიან, თავიდან აიცილონ და დაუპირისპირდნენ ნებისმიერ ასეთ ძალისხმევას და გამოიყენონ სტრატეგიული კომუნიკაციები, საჭიროების შემთხვევაში. NATO მხარს დაუჭერს მოკავშირეებს საჭიროებისამებრ. მოკავშირეთა ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და პასუხისმგებლობით გამოყენების უზრუნველსაყოფად, NATO შესაბამისი პრინციპებით იმოქმედებს. ეს პრინციპები გავრცელდება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. შესაბამისად, მოკავშირეები და NATO ამ პრინციპებს გამოიყენებენ განვითარების ყველა მიმართულებით“, - აღნიშნულია სტრატეგიაში.

ღორის თირკმელი ადამიანში პირველად წარმატებით გადანერგეს

ღორის თირკმელი პირველად წარმატებით გადანერგეს ადამიანში. The economst-ის ცნობით, ექსპერიმენტული ოპერაცია ოჯახის თანხმობით ჩაუტარდა პაციენტს, რომელსაც ტვინის სიკვდილი ჰქონდა დაფიქსირებული. ოპერაცია ნიუ-იორკის საავადმყოფოში NYW Langone Health. „როდესაც ჩვენ ვამბობთ - „წარმატებით“, ის მხოლოდ 54 საათის განმავლობაში შემოწმდა პაციენტზე, რომელიც უკვე იყო მკვდარი. ტრანსპლანტაციის ჯგუფმა დაინახა, რომ თირკმელი დაკავშირებული იყო და ნორმალურად ფუნქციონირებდა. ტექნიკურად, ეს ცნობილია როგორც ქსენოტრანსპლანტაცია, ანუ ქსოვილების ან ორგანოების გადანერგვა ერთი სახეობიდან მეორეზე. 17 ადამიანი იღუპება დღეში ტრანსპლანტაციის მოლოდინში, აშშ -ში“, - ამბობს პროფესორი დორი სეგევი. „ეს არის უზარმაზარი მიღწევა“, განუცხადა მან New York Times-ს.

არავაქცინირებულების რეინფიცირება ყოველ 16 თვეში ერთხელ არის მოსალოდნელი - კვლევა

არავაქცინირებულების რეინფიცირება ყოველ 16 თვეში ერთხელ არის მოსალოდნელი. ამას ინგლისში, იელის სამედიცინო სასწავლებლის ანალიზზე დაყრდობით აცხადებენ. იელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ გააანალიზა მონაცემები ბუნებრივი იმუნიტეტის შესახებ, რათა შეეფასებინა, თუ რამდენად ხშირად შეიძლება, დაინფიცირდნენ არავაქცინირებულები ხელახლა. კვლევამ დაადგინა, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი გარკვეულწილად, ხანმოკლეა. 2020 წლის ივლისსა და 2021 წლის სექტემბერს შორის პერიოდში დაინფიცირებული 20 262 ბრიტანელიდან 296 იყო რეინფიცირებული. ეს რისკი გაზრდილია „დელტა“ შტამის გავრცელების შემდეგ.

COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი, რომლის დამტკიცება კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციას შეამცირებს და ინფექციას სახლში მართავს

აშშ-ის ფედერალურ უწყებას (FDA), მედიკამენტების და სურსათის უსაფრთხოების მაკონტროლებელს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Merck-მა პარტნიორ კომპანია Ridgeback Biotherapeutics-თან ერთად, COVID-19-ის სამკურნალო წამლის, „მოლნუპირავირის“ დამტკიცების თხოვნით 12 ოქტომბერს მიმართა. ოქტომბრის დასაწყისში Merck-მა განაცხადა, რომ წამლის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა წარმატებით დაასრულა და გაირკვა, რომ აბები მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების საფრთხეს დაახლოებით 50%-ით ამცირებს და მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს არ იწვევს. ამ პრეპარატით მკურნალობის კურსი 5-დღიანია. კაფსულის სახით, ეს არის პირველი, პერორალური წამალი, რომელიც კოვიდინფექციას ებრძვის. FDA-ს მიერ მხარდაჭერილი ყველა სხვა სამკურნალო საშუალება წვეთოვანი გზით მიიღება ან ინექციას მოითხოვს. უფრო მეტი ცნობა პრეპარატის შესახებ, Europetime-მა სხვადასხვა წყაროში მოიძია. ცდები დი­ა­ბე­ტი, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა - ამ კატეგორიაში ცდე­ბმა, რომელშიც 762 აუცრელი პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენეს, რომ აბის მიღების შემდეგ, და­მა­ტე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა აღარ იყო სა­ჭი­რო, ხოლო ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა კი 50%-ით შემ­ცირ­და. 14%-მა პროცენტმა პრეპარატის ნაცვლად, პლა­ცე­ბო მიიღო, მათგან 8 გარდაიცვალა, ხოლო არავინ გარდაცვლილა მათ შორის, ვინც კაფსულა მიიღო. გასულ კვირას, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე CDC-ს დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხად, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პრეპარატმა გაიაროს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ ფრთხილი შემოწმება და ეს აუცილებელია როგორც ეფექტურობისთვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მწარმოებლები Molnupiravir-ი ემორის უნივერსიტეტში, ატლანტაში, ინოვაციური კომპანიის, Drug Innovation Ventures at Emory (Drive)-ის მიერ, Merck-თან პარტნიოორობით შეიქმნა. FDA-ს მიერ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მოლოდინში, Merck-მა უკვე დაიწყო პრეპარატის წარმოება. ასევე წაიკითხეთ: ჯანმომ Covid19-ის სამკურნალო პრეპარატის გამოყენებას მხარი დაუჭირა ინფორმაციისთვს, მონოკლონური ანტისხეულების პრეპერატი მხოლოდ შეზღუდულად გამოიყენება და მათი წარმოება ასევე ძვირია. კომპანია აპირებს, 2021 წლის ბოლოსთვის, 10 მილიონი მკურნალობის კურსისთვის აწარმოოს მედიკამენტი, ხოლო უფრო მეტი კურსის წარმოება იგეგმება 2022 წელს. კომპანია ასევე იმუშავებს წამლების მწარმოებლებთან, რათა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. სპეციალისტების ვარაუდით, თუ ადამიანებს შეეძლებათ სახლში უსაფრთხოდ მკურნალობა, ეს მნიშვნელოვნად გაათავისუფლებს ზეწოლას საავადმყოფოებზე. ღარიბი ქვეყნები კი, რომლებსაც აქვთ სუსტი ჯანდაცვის სისტემა, მიიღებენ უზარმაზარ სარგებელს, თუ შესაძლებელი გახდება, ეპიდემიები სწრაფად აღმოიფხვრას სახლში მკურნალობით. კიდევ რომელი სამკურნალო პრეპარატს ველოდებით? რამდენიმე კომპანია, მათ შორის Pfizer და Roche სწავლობენ მსგავს პრეპარატებს და მოსალოდნელია, რომ სიახლეს შემოგვთავაზებენ უახლოეს კვირებსა და თვეებში. AstraZeneca ასევე ელოდება FDA-ს ნებართვას ხანგრძლივი მოქმედების ანტისხეულების სამკურნალო საშუალებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს დაცვას იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ იმუნური სისტემის დარღვევები და ადეკვატურად არ რეაგირებენ ვაქცინაციაზე. საბოლოოდ, ფიქრობენ, რომ COVID19-ის სხვადასხვა თერაპია კომბინირებულად გამოიყენება, რათა კოვიდინფიცირებულები უკეთ დაიცვან ვირუსის ყველაზე უარესი ეფექტებისგან. პანდემიის დაწყებისთანავე, ჯანდაცვის ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს დაავადების შესაქმნელად ისეთივე მოსახერხებელი საშუალების შემუშავების აუცილებლობას, მაგალითად, როგორიცაა, ტამიფლუ, გრიპის სამკურნალო საშუალება, რომელიც ამცირებს ავადმყოფობას და ამცირებს სიმპტომების სიმძიმეს. ჯანდაცვის ოფიციალური პირები კვლავ ხაზს უსვამენ, რომ კოვივაქცინები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად რჩება, რადგან თავიდან გვაცილებენ ვირუსით ინფიცირებას. ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდი $120 მილიონს გამოყოფს, რათა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს კომპანია Merck-ის კოვიდსაწინააღმდეგო აბებზე დაჩქარებული წვდომა ჰქონდეთ. „როგორც წესი, დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს მსგავსი პრეპარატის მიღებისთვის, სულ მცირე, ერთი წელი სჭირდებათ. ამ პანდემიის დასასრულებლად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამკურნალო საშუალებებზე. ეს ვალდებულება პერსპექტიულ პრეპარატზე წვდომას გააფართოებს, თუმცა ეს არ არის ამ ისტორიის დასასრული. ჩვენ სხვა დონორებიც გვჭირდება მოქმედებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

კვლევა: ვლადიმერ პუტინის ნდობის რეიტინგმა ბოლო 9 წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ნდობის რეიტინგი კლებას განაგრძობს. „ლევადა ცენტრის“ მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტისადმი ნდობის რეიტინგი 53% -მდე დაეცა და ბოლო 9 წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის 19-26 აგვისტოს, 18 წლის და უფროსი ასაკის 1619 ადამიანს შორის, რუსეთის ფედერაციის 137 ქალაქსა და დაბაში. ეს რეიტინგი 2017 წელს, 69% -დან 61% -მდე შემცირდა. ლევადას ცენტრის მონაცემებით, 55%-ზე ქვემოთ, პუტინის რეიტინგი მხოლოდ 2004-2005, 2011-2012 წლებში დაეცა. „ყირიმის ანექსიამ პუტინის რეიტინგები ისტორიულ ზღვრამდე მიიყვანა, მაგრამ 2018 წლის საპენსიო რეფორმამ რეიტინგი შეამცირა და მას შემდეგ კლების შეჩერება ვერ მოხერხდა“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.

მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა

Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის გათიშვის გამო ბოდიში მოიხადა. „Facebook, Instagram, WhatsApp და Messenger-ი ბრუნდება. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის - ვიცი, როგორ ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ კავშირი თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან“, - წერს მარკ ცუკერბერგი. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ქსელური ხარვეზი დაახლოებით 6-საათიანი მუშაობის შემდეგ აღმოფხვრა. სიციალური ქსელი, ყველა თავისი პროდუქტით, მათ შორის WhatsApp -ის ჩათვლით, გათიშული იყო. Bloomberg-ის ცნობით, Facebook-ის აქციების ფასი ბოლო რამდენიმე საათში 5.43%-ით შემცირდა. კომპანიის მფლობელმა და დამფუძნებელმა კი 7 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

Facebook-ი გლობალური შეფერხების შესახებ იტყობინება

Facebook-ის, Messenger-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის მუშაობა გლობალურად შეფერხებულია. ტექნოლოგიური გიგანტის კომუნიკაციის დირექტორმა ენდი სტოუნმა Twitter-ზე დაწერა, რომ ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და ყველაფერს აკეთებენ მომსახურების აღსადგენად. შეფერხების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. „ვიცით, რომ შეფერხება არსებობს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებზე წვდომასთან დაკავშირებით. ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სიცოცხლის ხანგრძლივობა კოვიდპანდემიამ ყველაზე მეტად შეამცირა - ოქსფორდის კვლევა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, COVID19-ის პანდემიამ 2020 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე დიდი რაოდენობით შეამცირა, ამერიკელი კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა ორ წელზე მეტით შემცირდა. Reuters-ის ცნობით, 2019 წელთან შედარებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა ექვს თვეზე მეტით შემცირდა. კვლევაში გაანალიზებული 29 ქვეყნიდან, 22 ევროპას, შეერთებულ შტატებს და ჩილეს მოიცავდა. სიცოცხლის ხანგრძლივობა 29 ქვეყნიდან, 27-ში შემცირდა. „ის ფაქტი, რომ ჩვენი შედეგები ხაზს უსვამს კორონავირუსის ამხელა გავლენას, აჩვენებს, რამდენად დამანგრეველი იყო ეს შოკი მრავალი ქვეყნისთვის“, - განაცხადა რიდი კაშიაპმა, ეპიდემიოლოგიის შესახებ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომის თანაავტორმა. მსოფლიოში კორონავირუსით 5 მლნ-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მსოფლიოში პირველად, იმპლატანციის შედეგად, ქალს ახალი თაობის, სრულად ხელოვნური გული აქვს

აშშ-ში, კენტუკის შტატის უდიდეს ქალაქ ლუისვილში, ებრაულ კლინიკაში (UofL Health's Jewish Hospital) ხელოვნური გულის იმპლატანცია (ქალი პაციენტისთვის) განხორციელდა. ხელოვნური გული (Aeson-ი) იმ პაციენტებისთვის არის შექმნილი, რომლებსაც ტრანსპლანტაცია ესაჭიროებათ და დონორის მოლოდინში არიან. ოპერაცია ქირურგებმა მარკ სლოტერმა და სიდარტ პაჰვამ, ექიმების და კლინიკის სამედიცინო სასწავლებლის გუნდთან ერთად ჩაატარეს. „ზომის ლიმიტმა შეიძლება, ხელოვნური გულის გადანერგვა ქალებში გაართულოს, მაგრამ Aeson-ი საკმარისად კომპაქტურია, რომ მოხვდეს გულმკერდის ღრუში, რაც უფრო მეტი წარმატების იმედს გვაძლევს მომავალში“, - განაცხადა ერთ-ერთმა ქირურგმა მარკ სლოტერმა. „სამნახევარი საათის განმავლობაში პაციენტი ელოდება გულის გადანერგვის ოპერაციას. დონორთა სიმცირის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია, მათი უმრავლესობისთვის გულის გადანერგვა. ასე რომ, მუდმივი მოთხოვნაა ინოვაციის საჭიროების“, - აღნიშნა ქირურგმა სიდარტ პაჰვამ. მსოფლიოში პირველი (AbioCor) იმპლანტირებადი გულის ოპერაცია ებრაულ საავადმყოფოში ლუისვილის უნივერსიტეტის ქირურგებმა 2001 წლის ივლისში ჩაატარეს. ცნობისთვის, იტალიაში, ნეაპოლის ერთ-ერთი კლინიკის ქირურგებმა სრულად ხელოვნური გულის Aeson პირველი კომერციული იმპლანტაცია 2021 წლის ივლისში ჩაატარეს. მწარმოებლების აზრით, ასეთი გულით ცხოვრებას ადამიანი 6 თვის განმავლობაში შეძლებს, თუმცა თვითონ მოწყობილობამ შეიძლება 5 წლის განმავლობაშიც იმუშაოს. იტალიაში ჩატარებული ოპერაციის ღირებულებამ მაშინ 150 ათასი ევრო შეადგინა.

ნორვეგია კორონავირუსის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას აუქმებს

შაბათს, ნორვეგიის მთავრობის გადაწყეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გაუქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორ Reuters-ი წერს, სკანდინავიური ერი უერთდება მცირე, მაგრამ მზარდ ქვეყნებს, მათ შორის დანიასა და ბრიტანეთს, რომლებმაც გააუქმეს ყველა შიდა შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული. "561 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ შემოვიღეთ ყველაზე მკაცრი ზომები... ახლა დადგა დრო, დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას" - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, შეზღუდვები გაუქმდება ადგილობრივი დროით 16:00 საათზე (GMT 1400). შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვა აღარ იქნება საჭირო, ღამის კლუბები გაიხსნება, რესტორნები მუშაობას დაუბრუნდებიან. შესძლებელი იქნება კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება. როგორც ცნობილია, შეზღუდვების გაუქმება - ეს ნაბიჯი არის ოთხი ეტაპისგან შემდგარი გეგმის ნაწილი, რომელიც 2020 წელს, პანდემიის დასაწყისში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს. ბოლო ნაბიჯი ინფიცირების მაჩვენებლის გამო რამდენჯერმე გადაიდო. "მოკლედ, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვეულებრივად", - თქვა სოლბერგმა. ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მოსახლეობის 76%-ს აქვს მიღებული, 67% კი სრულად არის აცრილი. "მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის ყოველდღიური ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, პანდემია არ დასრულებულა. ხალხი კვლავ დაინფიცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიკეთოს ვაქცინა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროკავშირის წინადადებით, ყველა ტელეფონს, მათ შორის iPhone-ს, ერთი, უნივერსალური დამტენი უნდა ჰქონდეს

ევროკავშირის წინადადებით, ყველა ტელეფონს, მათ შორის, iPhone-ს, ერთი, უნივერსალური დამტენი უნდა ჰქონდეს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ მოწყობილობების დატენვა USB-C ტიპის დამტენებით იქნება შესაძლებელი. შესაბამის საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. წინადადება ასევე მოიცავს ტაბლეტებს, კამერებს, ყურსასმენებს, პორტატულ დინამიკებს და ვიდეო თამაშების კონსოლებს. „ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი მომხმარებლებისთვის და გარემოსთვის და ჩვენი მწვანე და ციფრული ამბიციების შესაბამისად“, - განაცხადა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარგარეტ ვესტაგერმა. რეგულაციის მიზანია, მომხმარებელს ყოველი ახალი გაჯეტის შეძენისას, ახალი დამტენების ყიდვა აღარ დასჭირდეს. ევროკავშირის წინადადებით, ყველა ტელეფონს მათ შორის, iPhone-ს, ერთი, უნივერსალური დამტენი უნდა ჰქონდეს

ლიეტუვაში, კიბერ უსაფრთხოების სამსახურმა Xiaomi Corp-ის სმარტფონებში ფუნქციას მიაგნო, რომლის შესახებ სხვა ქვეყნებსაც აფრთხილებს

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა მომხმარებლებს, თავი აარიდონ ჩინური მობილური ტელეფონების ყიდვას და ასეთის ფლობის შემთხვევაში კი, გადაყარონ ისინი. ამ მოწოდებით სამინისტრო მას შემდეგ გამოვიდა, რაც მთავრობის ანგარიშმა დაადგინა, რომ მოწყობილობებს ცენზურის დაწესების შესაძლებლობა აქვს. სამინისტროს ცნობით, სმარტფონების მწარმოებლის Xiaomi Corp-ის ტელეფონები შეიცავს ცენზურას, რომელიც ავტომატურად აღმოაჩენს და ბლოკავს შემდეგ ტერმინებს: „თავისუფალი ტიბეტი“, „გაუმარჯოს ტაივანის დამოუკიდებლობას“ ან „დემოკრატიულ მოძრაობას“. სულ კი ასეთი 449 ჩინური ტერმინია და ის მუდმივად განახლდება. „ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ლიეტუვისთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც Xiaomi-ს აღჭურვილობას იყენებს“, - ნათქვამია ცენტრის ანგარიშში. ეროვნული კიბერ ცენტრის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ Xiaomi-ს ტელეფონი სინგაპურის სერვერზე აგზავნის ტელეფონის დაშიფრულ მონაცემებს. უსაფრთხოების ხარვეზი აღმოჩენილია Huawei, P40-შიც, მაგრამ სხვა ჩინელი მწარმოებლის, OnePlus- ის ტელეფონში მსგავსი არ უნახავთ. „Xiaomi's Mi 10T-ის ტელეფონის 5G პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობები გამორთულია „ევროკავშირის რეგიონისთვის“, მაგრამ მისი ჩართვა შესაძლებელია დისტანციურად ნებისმიერ დროს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს კიბერ უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ანგარიშში. Xiaomi კომენტარს არ აკეთებს. ცნობისთვის, ლიეტუვასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში დაიძაბა. ჩინეთმა გასულ თვეს ლიეტუვისგან მოითხოვა ელჩის გაწვევა და თავადაც აღნიშნა, რომ გაიწვევდა მის დესპანს ვილნიუსში მას შემდეგ, რაც ტაივანმა გამოაცხადა, რომ ლიეტუვაში მის მისიას ტაივანის წარმომადგენლობა დაერქმევა. ევროპასა და შეერთებულ შტატებში ტაივანის მისიები ქალაქ ტაიპეის სახელს იყენებენ და თავს არიდებენ მითითებას თავად კუნძულზე, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად აცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი გასულ კვირას ესაუბრა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა სიმონიტეს და ხაზი გაუსვა მისი ქვეყნის მხარდაჭერას ჩინეთის მხრიდან ზეწოლის პირობებში.

Johnson&Johnson-ის ვაქცინის ორი დოზა COVID19-ის მძიმე განვითარებისგან 94%-ით იცავს

Johnson&Johnson-ის განცხადებით, გლობალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინის მეორე დოზამ ეფექტიანობა გაზარდა. კომპანიის განმარტებით, აშშ-ში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ Johnson&Johnson-ის ვაქცინა COVID19-ის მძიმე განვითარებისგან 94%-ით იცავს. ციფრები ემყარება 30 000 პაციენტზე ჩატარებულ კვლევას. მოხალისეებს მეორე დოზა 56 დღის ინტერვალით გაუკეთეს. ამერიკის შეერთებული შტატების 21 საავადმყოფოში, დაავადებების მქონე პაციენტებზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ J&J-ის ვაქცინის ერთმა დოზამ 71%–ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებითვე, Moderna- ს და Pfizer-BioNTech- ის ორმა დოზამ ეს რისკი 93% და 88% -ით შეამცირა. ამჟამად, შეერთებულ შტატებში, Johnson&Johnson-ის ვაქცინა ყველაზე იშვიათად გამოიყენება იმ ვაქცინებს შორის, რომლებიც ნებადართულია ან დამტკიცებულია სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, 14,6 მილიონი ამერიკელი იყო ვაქცინირებული ამ ვაქცინით, 67,7 მილიონი Moderna-ს ვაქცინით და 99,3 მლნ - Pfizer-BioNTech ვაქცინით. ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით, Jonson & Jonson-ის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს შემოვა. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ამ ვაქცინას საქართველო სექტემბერში მიიღებდა.