თეგი: განათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო: ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%
საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში გრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%. "გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირებას სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმები ატარებენ. იმ სკოლებში კი, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი კვლავ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება სკოლების მონიტორინგი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება
საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის, აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%. ამასთან, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.
განათლების სამინისტრო: საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სფეროს მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში სიტუაციას სრულად მართავს. „როგორც ცნობილია, სკოლებში სასწავლო პროცესის სრულად დისტანციურად გადასვლასთან, ასევე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სკოლებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას იღებს უწყებათაშორისი საბჭო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციების საფუძველზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად მართავს სიტუაციას სკოლებში. მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენისთანავე, ეპიდემიოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლა ან ცალკეული კლასი მყისიერად გადადის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სფეროს მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა. პარალელურად, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება სკოლების მონიტორინგი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში.
განათლების სამინისტრო: ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა, წინა ორი კვირის მსგავსად, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მნიშვნელოვნად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 1,5%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. „ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 32 სკოლა იმყოფება, რაც წინა ორი კვირის მაჩვენებელთან შედარებით ასევე შემცირებულია. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი გასულ კვირაში რისკის ჯგუფის 97-მა მასწავლებელმა გამოთქვა. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა „კოვიდ-19“-ზე სავალდებულო ტესტირება. პირველი მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება, რასაც კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს. ხოლო PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება აღარ არსებობს. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში „კოვიდ-19“-ზე ტესტირების პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით. „საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე, სხვა ენებზე. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორი ნისიმ ბენ შიტრიტი ხელმძღვანელობდა. განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სტუდენტების უკრაინიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის დეტალები განიხილეს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე ეხება ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით, ქართული მხარე მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ისრაელის მოქალაქე სტუდენტებს, რათა მათ დროულად შეძლონ სწავლის გაგრძელება საქართველოს უნივერსიტეტებში. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებულ ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამებს, ასევე ფარმაციისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს. შესაბამისად, მათ აქვთ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი. თავის მხრივ, ისრაელის მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. როგორც ნისიმ ბენ შიტრიტმა აღნიშნა, ეს არის თანამშრომლობის კარგი დასაწყისი ებრაელი სტუდენტების საქართველოში სწავლის მიმართულებით, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ნაბიჯით – საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის კუთხით, საქართველო რეგიონულ ჰაბად ყალიბდება. „მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მობილობის შესაბამისი პროცედურების დაჩქარებული წესით ადმინისტრირებასა და სტუდენტების დროულ ჩარიცხვას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. "საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ანდრი კასიანოვს პირადად გააცნო". - წერია სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 190 მოსწავლე სკოლაში უკვე ჩარიცხულია. სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და აქვთ სურვილი, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია სექტემბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით, არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებული იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი გამოცხადდა 15 მარტს, რომლის ფარგლებში სსსმ მოსწავლეები დარეგისტრირდნენ. მათ მიეცემათ დამატებით რეგისტრაციის საშუალება და პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყება და 13 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა: · და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში; · მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია; · ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია - 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რაც შეეხება მეოთხე ეტაპს, რეგისტრაცია 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოქმედი კანონით, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.
განათლების სამინისტრო: საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 38 ბავშვი ჩაირიცხა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაზარალებული ბავშვების საქართველოს სკოლებში ჩარიცხვის სურვილი 72 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 38 კი უკვე ჩარიცხულია. "ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობითა და კოორდინაციით, სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თითოეული ბავშვისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობა. მოსწავლეთა ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც უკრაინის სკოლებში ისინი 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით სწავლობდნენ. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში სასურველ ენაზე მიიღონ განათლება", - ნათქვამია განცხადებაში. უწყების განცხადებით, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. მათივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ კლასში რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. რეგისტრაციის პირველი ეტაპის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 4 მარტის N221866 ბრძანების მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა: I ეტაპი განხორციელდება 2022 წლის 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში სკოლებში დამატებით რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცემათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში. I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვების მშობლები სკოლებში დოკუმენტების წარდგენას 2022 წლის 29 აპრილიდან 2022 წლის 6 მაისის ჩათვლით შეძლებენ. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ. II ეტაპი – მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: ა) და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვების მშობლებმა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ვადებში უნდა უზრუნველყონ. III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია - 2022 წლის 24 მაისიდან დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. IV ეტაპი – 2022 წლის 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
განათლების სამინისტრო: საერთაშორისო ორგანიზაციებმა უმაღლესი შეფასება მისცეს საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნას საერთაშორისო ორგანიზაციების – UNICEF-ის, ეუთოსა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლებმა უმაღლესი შეფასება მისცეს და უკრაინელი მოსწავლეების მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ღასან ხალილმა, რომელსაც უკრაინულ სექტორში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმასპინძლა, ტვიტერის პირად გვერდზე უკრაინელ ბავშვებთან ვიზიტის ფოტოები გამოაქვეყნა და მინისტრს უკრაინული სექტორის წარმატებით დაფუძნება მიულოცა. როგორც ხალილმა მედიისთვის კომენტარში განაცხადა, საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, სამინისტრომ უკრაინელი მოსწავლეებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა უმოკლეს დროში უზრუნველყო. სწორედ ამ ძალისხმევის დამსახურებაა, რომ დღეს უკრაინელი ბავშვები ზოგად განათლებას იმავე კურიკულუმის მიხედვით იღებენ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. უკრაინულ სექტორში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა მიხეილ ჩხენკელმა ასევე პირადად გააცნო საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლის. მინისტრისგან მან პირადად მიიღო ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლაში უკრაინელი ბავშვების ჩარიცხვასა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. "UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობა ტვიტერის ოფიციალური გვერდის მეშვეობით გამოეხმაურა პროცესს: „ახლა უკრაინელ ბავშვებს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვთ სკოლაში განათლების მიღების შესაძლებლობა. UNHCR ულოცავს სამინისტროს თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინული სექტორის დაფუძნებას.“ უკრაინელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან შეხვედრისას კემლინ ფურლიმ აღნიშნა, რომ ნამდვილად შთამბეჭდავია ასეთ მცირე დროში უკრაინულენოვანი სექტორის დაფუძნება და უკრაინელი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რაც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. მიხეილ ჩხენკელმა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარ კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრისას უკრაინულენოვანი სექტორის გახსნის შესახებ ისაუბრა და სტუმარს პირადად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ. თავის მხრივ, კაირატ აბდრახმანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და პირადად მინისტრ მიხეილ ჩხენკელს უკრაინელი ხალხის თანადგომისთვის და მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის. აღნიშნული შეხვედრისა და უკრაინელი ბავშვებისთვის შეთავაზებულ საგანმანათლებლო გარემოს შესახებ ორგანიზაციის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გამოქვეყნდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში ზუსტად 2 კვირაში დააფუძნა უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. ამ ეტაპზე უკრაინულენოვან სექტორზე 211 მოზარდი სწავლობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
განათლების სამინისტრო: მოვუწოდებთ თსუ-ს, უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა, უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, მათი განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უნივერსიტეტები საკუთარი ავტონომიურობის ფარგლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით თავადვე იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. „სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს,“- ნათქვამია განცხადებაში.
2023 წელს საქართველო ENQA-ს ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2023 წელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ENQA-ს მმართველმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე მიიღო. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ფორუმის ჩატარების უპირატესობა ბევრ ქვეყანას შორის სწორედ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიანიჭა. უწყების ცნობით, ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე განხილული იქნება ის აქტუალური საკითხები და ტენდენციები, რომელიც დაკავშირებულია ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთან. მასში ჩართულები იქნებიან ევროპის 32 ქვეყნის 55 ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელები. ამასთან, სააგენტოების თანამშრომლები, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის – EQAR-ის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. "საერთაშორისო ფორუმის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ბოლო პერიოდში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები, სრულ შესაბამისობაშია ერთიან ევროპულ სტანდარტებთან და მიდგომებთან. ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2021 წელს განხორციელდა. მათი შეფასებით, ცენტრის მიერ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, რითაც საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჰარმონიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის ერთიან სტანდარტებთან და პრინციპებთან მიმართებაში. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 25 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ENQA-ს სრული წევრის სტატუსი 5 წლის ვადით მიენიჭა. ENQA-ს შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან, სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) და სრულად აკმაყოფილებს ENQA-ს წევრობის ძირითად კრიტერიუმებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მიხეილ ჩხენკელი იტალიის განათლების მინისტრს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იტალიელ კოლეგასთან, პატრიციო ბიანკისთან. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა ქვეყნებს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიური ენის სწავლების გაძლიერებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებს. „იტალიის განათლების მინისტრმა თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს საქართველოს სკოლებში იტალიური ენის სწავლების მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელმა იტალიელ კოლეგას საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორების გახსნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორები გაიხსნა, სადაც უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე, იმავე კურიკულუმის მიხედვით აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან და ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 1 000-მდე მოსწავლე იღებს ზოგად განათლებას“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იტალიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
უკრაინის განათლების მინისტრი სერგეი შკარლოტი საქართველოს უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის
უკრაინის განათლების მინისტრი სერგეი შკარლოტი საქართველოს უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. სერგეი შკარლოტმა მედიასთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა უკრაინელი ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში მოსწავლეების ხელშეწყობა თითოეული უკრაინელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. „ეს არის უდიდესი, ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისთვის ომის პირობებში. 100-ზე მეტმა ქვეყანამ გახსნა უკრაინული კლასები და გამოყო საგანმანათლებლო სივრცე ჩვენი ბავშვებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აღნიშნული სტრატეგია, რათა უკრაინელი ბავშვებისთვის განათლების მიღების პროცესი არ შეჩერდეს. ჩვენს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც მათი მომავლისთვის აუცილებელია. ძალიან დიდი მადლობა ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს, ჩვენს მეგობრებს ამ უმნიშვნელოვანესი და ძლიერი მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ გმადლობთ“, – განაცხადა სერგეი შკარლოტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო”. ამასთან, მათთვის იგეგმება აქტივობები აღმზრდელობითი და არაფორმალური განათლების მიმართულებითაც. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყო სწავლისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით. უკრაინელი მოსწავლეები, ქართველი თანატოლების მსგავსად, სარგებლობენ მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიანი პირობებით სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. მათ ასევე, შესაძლებლობა აქვთ, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 1000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 400-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.
განათლების სამინისტრო თსუ-ზე: ვგმობთ პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. თსუ-ს პროფესორები: ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას - აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი უწყებების მიერ რეაგირება უნდა დაიწყოს თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები: მკვეთრად ვემიჯნებით დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი „სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. თსუ: სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათგან 4 კლინიკაშია გადაყვანილი შეგახსენებთ, რომ თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები რამდენიმე კვირაა აქტიური პროტესტის გზას მიმართავენ და 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. რომელთაგან ორი დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მინიჭება და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა. ისინი 10 ივნისს რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დაჭირდათ. დაძაბულობისას, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრმლები, მათგან 4 კლინიკაში გადაიყვანეს. თსუ-ს სტუდენტურმა მოძრაობამ ბოდიში მოიხადა "პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის". ამასთან, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მათ პოლიტიკასა და მიზნებს მორგებული კადრებით გააშუქა.
მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლებში საქართველოს ისტორიის გაძლიერებულ სწავლებას გეგმავენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ „საქართველოს ისტორიის“ სწავლების გაძლიერების კუთხით 2021 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. "მთავარი მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებს საშუალო საფეხურზე ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად შეესწავლათ. შესაბამისად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის (X-XII კლასების) ისტორიის სტანდარტი გადაიხედა, რისთვისაც სპეციალურად დაკომპლექტებული ისტორიკოსთა ჯგუფი შეიქმნა.აღნიშნული ჯგუფი აერთიანებდა ქართველ ისტორიკოსებს აკადემიური წრეებიდან – პროფესორებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე, ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებსა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივ ექსპერტებს, რომლებმაც 2022 წლის იანვარში დაასრულეს მუშაობა ისტორიის სტანდარტების რევიზიის მიმართულებით. სამუშაო პროცესში ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა ინიციატივა განიხილეს და არაერთ სადისკუსიო საკითხზე იმსჯელეს.ქართველ ისტორიკოსთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისტორიის განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში „საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად გაიწერა. საგნის „საქართველოს ისტორია“ სწავლებისას აქცენტი გაკეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და მათ სიღრმისეულ გააზრებაზე. „ისტორიის“ საგნის სწავლება კი მთავარ მიზნად ისახავს მსოფლიო ისტორიული მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას.სხვა საგნების მსგავსად, ისტორიის სტანდარტიც სრულად ეფუძნება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთიან კონცეფციას. აქცენტი კეთდება ისეთ მიდგომებზე, როგორებიცაა: კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ცნებების პედაგოგიკა და დიფერენცირებული სწავლება.გრიფირების პროცესი უკვე დაწყებულია და გრიფირებისთვის წარმოდგენილია 5 სხვადასხვა გამომცემლობის სახელმძღვანელო - საგანში "საქართველოს ისტორია".შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული რეცენზენტების ჯგუფის მიერ მიმდინარეობს სახელმძღვანელოების შეფასების პროცესი, რომელიც ივლისის ბოლომდე დასრულდება.შემფასებელთა ჯგუფში შედიან: პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, დარგის მეცნიერები, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი, ფსიქოლოგები, ფილოლოგები და ასევე სპეციალისტი, რომელიც სახელმძღვანელოს აფასებს სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით.2022-23 სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს „საქართველოს ისტორიის“ ახალი სახელმძღვანელო ექნებათ",- ნათქვამია განცხადებაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი 08:00 საათიდან დაიწყო, გამოცდები კი ზუსტად 09:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობამ 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირადად წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მთავრობის წევრებს სამოქმედო გეგმის დეტალები გააცნო. „აღსანიშნავია, რომ 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაფუძნებულია 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ წარდგენილ ათწლიან გეგმაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს შეუწყობს მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გამყარებას. დოკუმენტში, სიტუაციური ანალიზის ჩატარების შედეგად გამოვლენილი პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, განსაზღვრულია სამი ძირითადი სექტორულ-პრიორიტეტული მიმართულება: 1. საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი და მდგრადი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა; 2. თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა; 3. განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვისა და ანგარიშვალდებულების სისტემის უზრუნველყოფა. თავის მხრივ, დოკუმენტში, სექტორული პრიორიტეტების საფუძველზე, განსაზღვრულია 15 სტრატეგიული მიზანი და 28 ამოცანა. სტრატეგია ასევე მოიცავს ევროკავშირის, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ განათლებისა და მეცნიერების სექტორში გამოვლენილი გამოწვევების დასაძლევად შემუშავებულ რეკომენდაციებსაც. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, რომელიც თან ერთვის სტრატეგიას, ის წარმოადგენს პრიორიტეტული მიმართულებების შესასრულებლად დროში გაწერილ კონკრეტულ, შესაბამის მიზნებზე ორიენტირებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ აქტივობებს პასუხისმგებელი მხარეებისა და შესაბამისი შედეგების ინდიკატორების მითითებით. სამოქმედო გეგმა კვარტალური პრინციპით არის გაწერილი და მოიცავს შესაბამისი ბიუჯეტით დამტკიცებულ განხორციელების სამწლიან პერიოდს. მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო. დოკუმენტი შემუშავდა პროექტის – „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“, მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)“, UNDP Georgia-ს და ევროკავშირის პროგრამის Skillsforjobs-ის ექსპერტების მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად. სამუშაო პროცესში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი დარგის სპეციალისტები, დონორი ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 ივნისის 304-ე დადგენილებით შექმნილი 2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრები. პოლიტიკის შემუშავების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეების, საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ონლაინ ფორმატში გამართა საჯარო კონსულტაციები, რომელთა საფუძველზე მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია შემუშავდა“,-ვკითხულობთ განათლების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების სამინისტრო: School Club Georgia-ს არ აქვს საქართველოში საქმიანობის უფლება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბათუმში ე.წ. რუსული სკოლის School Club Georgia გახსნაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ School Club Georgia არ არის ავტორიზებული და, შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. როგორც მოგეხსენებათ, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას, – აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში. მანამდე, Batumelebi.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან", სადაც წერია, რომ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობას School club Georgia, სკოლის კლუბი, развивающие занятия აწერია, იქ შესულ ჟურნალისტებს კი არაფორმალურ საუბარში დაუდასტურეს, რომ ეს ადგილი კერძო სკოლა იყო, სადაც მოსწავლეებს რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით ასწავლიან. როგორც გამოცემამ გადაამოწმა, სკოლის დირექტორი ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა და ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩის N4-ში 263.18 კვ/მ-ის მშენებარე ფართობის მესაკუთრეა.
2022-2023 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება
2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობით, პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა როგორც 12 ყოფილი სამხედრო მომსახურე, ასევე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 ინსტრუქტორი. გადამზადებული პირები სკოლის მოსწავლეებს არჩევითი კურსის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში აუმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. „ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. 2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, მათ შორის, 1 868 ბავშვი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ჩაირიცხა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელები და მათი დამრიგებლები მიიღებენ პორტაბელურ კომპიუტერებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით,2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ამ მიზნით, ისტორიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ გადაიხედა საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის სტანდარტი და განხორციელდა ახალი სახელმძღვანელოს გრიფირება. შედეგად, ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე საქართველოს ქვეყნის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან. ახალი სასწავლო წლიდან მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ზაფხულის განმავლობაში, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა გადაამზადა 4000 პედაგოგი. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ. გარდა ამისა, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობით, პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა როგორც 12 ყოფილი სამხედრო მომსახურე, ასევე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 ინსტრუქტორი. გადამზადებული პირები სკოლის მოსწავლეებს არჩევითი კურსის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში აუმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა. სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება ერთი მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან 150 საჯარო სკოლაში საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს სავალდებულო მიმართულებად „რაგბი“დაემატება. ე.წ. „ტაგ რაგბი“ ანუ უკონტაქტო რაგბი მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც რაგბის ელემენტების გამოყენებით მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე, საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, სპორტის მასწავლებლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. პროგრამის განხორციელების შედეგად, სკოლებს ექნებათ საშუალება, სასკოლო სპორტულ ფესტივალში „ტაგ რაგბის“ მიმართულებითაც მიიღონ მონაწილეობა. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას მოსწავლეების ხარისხიანი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიმართულებით. ახალი სასწავლო წლისთვის X კლასის მოსწავლეები ყველა საგანში მიიღებენ ახალ, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს. 2022-2023 სასწავლო წლიდან პირველად თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის 50 სკოლის V-VI კლასების 4000-მდემოსწავლე საპილოტე რეჟიმში მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისწავლის, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების სააზროვნო უნარების განვითარებას და დაეხმარება მათ პრაქტიკაში ინგლისური ენის გამოყენებაში. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თავად მაკმილანის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული გადამზადების კურსი 60-ზე მეტმაინგლისურის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელმა გაიარა. მატერიალური სახელმძღვანელოს გარდა, პროექტი მოიცავს სასწავლო პროცესში სწავლების მართვის სისტემის ინტეგრირებას, რაც მისცემს საშუალებას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ელექტრონულად მართონ საკუთარი ანგარიშები და თვალი ადევნონ პროგრესს. ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში. აღნიშნული მიდგომა მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის შერჩევა მოსწავლეებთან შეთანხმებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება და მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად. 2022-2023 სასწავლო წლიდან ყველა სკოლის II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება და დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გაძლიერებას. ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM კლუბები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტს შექმნიან და ექნებათ შესაძლებლობა სასკოლო პროექტები STEAM კონფერენციაზე წარმოადგინონ. მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება სკოლების მრავალმხრივი მხარდაჭერა ავტორიზაციის პროცესის გასავლელად. ამ ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 80%-მა უკვე დაასრულა თვითშეფასება, დარჩენილი სკოლები კი პროცესს მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ. თვითშეფასების შედეგების საფუძველზე სკოლებისთვის შეთავაზებული იქნება მიზნობრივი აქტივობები, მოსამზადებელი ტრენინგები, დამხმარე გზამკვლევები. აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესში, ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტების ჩართულობით, განხორციელდება სკოლების მხარდაჭერა ადგილზე. ქვეყნის მასშტაბით სკოლების მრავალმხრივი მხარდაჭერის პროცესში 100-ზე მეტი სპეციალისტია ჩართული. 41 არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლება ბილინგვური მიდგომით განხორციელდება, რაც ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ბილინგვური მიდგომა მშობლიური ენის სწავლების გაძლიერებას, ქართული ენისა და საგნის ინეტგრირებულად სწავლებას გულისხმობს. 2022 წელს პირველად, არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის მასწავლებლებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებში კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდა ჩატარდა, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აისახება. 2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ახალ პროექტში „აფხაზეთის დღეები“ ჩაერთვებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, აფხაზეთისთვის მიძღვნილ კვირეულში მიიღონ მონაწილეობა და თავიანთი შეხედულებები, დამოკიდებულებები ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელოვნებო, ტექნოლოგიური, ლიტერატურული, შემოქმედებითი პროექტით გამოხატონ. 15 სექტემბრიდან ყველა სკოლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ჟურნალი, რაც მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების დასწრება და შეფასება. ახალი სასწავლო წლიდან ასევე ამოქმედდება ახალი ონლაინ პლატფორმა – chaerte@mes.gov.ge – რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, სასწავლო პროცესის შესახებ გაეცნონ საჭირო ინფორმაციას, მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებში, დააფიქსირონ თავიანთი იდეები/მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აღნიშნული პლატფორმა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ზრდას შეუწყობს ხელს. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით. როგორც მოგეხსენებათ, გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან დამატებით კიდევ 73 საჯარო სკოლას ეყოლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. ასევე, იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს საჭირო სოციალურ მომსახურებას გაუწევენ. 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს განათლების სისტემის სოციალურ მუშაკთა რაოდენობა 110-მდე გაიზრდება. 2021-2022 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 3 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 237 საჯარო სკოლას სრული, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აჭარის რეგიონში აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. რაც შეეხება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 2019 წლიდან დღემდე რეგიონებში 106 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა, კიდევ 39 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია წლის ბოლომდე განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ 60-მდე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო,სასწავლო წელი განსხვავებული თარიღით, ან ფორმატით – ჰიბრიდულ, ან დისტანციურ რეჟიმში, ან ალტერნატიულ ფართში/ახლომდებარე სკოლებშიდაიწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლების ადმინისტრაცია დროულად უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მშობლის ინფორმირებას. 2022-2023 სასწავლო წელს, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებისთვის გაგრძელდება ტრანსპორტირების პროგრამა“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
განათლების სამინისტრო: უკრაინულენოვან სექტორზე 1 400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული
თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2 000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1 400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით. როგორც მოგეხსენებათ, გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან“, – აცხადებენ უწყებაში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2 000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1 400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი შეიზღუდება
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს მათივე ცნობით, 2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე. „Covid19-ის გამოვლენის შემთხვევაში, ვირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლის მასწავლებელი/თანამშრომელი ან/და სკოლის მოსწავლე დაექვემდებარება იზოლაციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადით. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული პირები აღარ დაექვემდებარებიან კარანტინს. შესაბამისად, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლებზე არ გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები, რაც ცალკეული კლასის/კლასების ან სკოლის სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადასვლას გულისხმობდა. ამასთან, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს არ ექნებათ ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ ჩაატარონ მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ტერიტორიაზე არსებულ საკვებ დაწესებულებებს შეზღუდვები მოეხსნებათ
ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ტერიტორიაზე არსებულ საკვებ დაწესებულებებს შეზღუდვები მოეხსნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს. ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი შეიზღუდება „განათლების და მეცნიერების სამინისტროს განახლებული რეკომენდაციები სკოლის ტერიტორიაზე არსებული საკვები დაწესებულებებისა და სასკოლო წრეების შეზღუდვების მოხსნასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება. სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კვლავ უზრუნველყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა საჭირო რესურსების, ჰიგიენური საშუალებებისა და ინვენტარის მარაგით. გარდა ამისა, წელსაც გაგრძელდება სკოლებში უსაფრთხო გარემოს სისტემური მონიტორინგი, როგორც სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ამასთან, საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, მათ შორის, 1 868 ბავშვი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ჩაირიცხა. სიახლეთა შორის არის ისიც, რომ წელს უკვე პირველკლასელთა შორის სწავლას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებიც 30 სექტემბრამდე გახდნენ 6 წლის. ასევე, რეგულაციები, რომლებიც წინა სასწავლო წლის რეგულაციამდე მოქმედებდა არ იმოქმედებს და ბავშვებს შეუძლიათ სწავლა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ. წინა წლის მსგავსად ბავშვები სასწავლო წიგნებს მიიღებენ, ხოლო პირველკლასელებს დამატებით ნოუთბუქებიც გადაეცემათ. "შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით", - აცხადებენ განათლების სამინისტროში. ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი შეიზღუდება ასევე წაიკითხეთ: ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ტერიტორიაზე არსებულ საკვებ დაწესებულებებს შეზღუდვები მოეხსნებათ
განათლების სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად მიხეილ ჩხენკელი განიხილება, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად მიხეილ ჩხენკელი განიხილება, სიცრუეა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ, არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მიხეილ ჩხენკელი საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. განათლების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. "მინისტრმა ევროკავშირის ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მიხეილ ჩხენკელმა ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის და Horizon Europe-ის პროგრამაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ხელი ბრიუსელში, საზეიმო ვითარებაში მოეწერა. შედეგად, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული და საგრანტო ოფისები უკვე ფუნქციონირებს. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სრულფასოვანი წევრობის შესახებ, რომელიც ქართველ მეცნიერებს განვითარების უდიდეს შესაძლებლობებს აძლევს. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ 30-31 მარტს პარიზში უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპული თანამშრომლობის ოჯახში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ეს გახლდათ ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს სამეცნიერო სფერო ევროპული კვლევითი სივრცის განუყოფელი ნაწილია. მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს COST-ისა და Horizon Europe-ის წევრობა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით. ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს მინისტრმა განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია.სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისთვის. როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია. ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისოსამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და განაცხადა, რომ ევროპული ხარისხის შესაბამისი ახალი უნივერსიტეტის დაფუძნება და განვითარება მართლაც შთამბეჭდავია. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ის მოხარულია, რომ ევროპელი მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოში პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო Erasmus+ პროგრამაში პროფესიული განათლების კომპონენტის დამატება და ამ შესაძლებლობისთვის მადლიერება გამოხატა ევროკავშირის მიმართ. შეხვედრის ბოლოს მხარეები პროფესიული განათლების განვითარების კუთხით არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
განათლების სამინისტრო: აქციის მონაწილე სტუდენტების სამინისტროში დაბარების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილე სტუდენტები სამინისტროში დაიბარეს. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქციის მონაწილე სტუდენტთა სამინისტროში დაბარების თაობაზე. პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის თანასწორი, თავისუფალი და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა, შესაბამისად, უწყებისთვის მიუღებელია ყოველგვარი ქმედება, რომელიც ახალგაზრდების შევიწროებისკენ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული. სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მოხდა სტუდენტთა დაბარება სამინისტროში – სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტუდენტებმა თავად გამოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრის სურვილი. მხოლოდ ამის შემდეგ, სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის მოადგილემ გამოთქვა ახალგაზრდებთან შეხვედრის მზაობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განათლების სისტემის და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.
განათლების ახალმა მინისტრმა მოადგილე წარადგინა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გელა გელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ვალერიან გობრონიძეს შეცვლის. ის კურატორობას გაუწევს სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების, ეკონომიკურ, იურიდიულ და ადმინისტრაციის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. „გელა გელაძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში 2018 წლიდან მუშაობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი 20 მარტს წარადგინა.
გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი, პედაგოგი გია მურღულია დანიშნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია დანიშნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი – გია მურღულია გაუწევს. "აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, გიორგი ამილახვარის დავალებით, ჯგუფის წევრები სწრაფ და მოქნილ რეჟიმში იმსჯელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. გია მურღულიას განათლების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წელს ის გახლდათ პედაგოგი, სკოლის დირექტორი, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი და სხვა. ცნობილი ფილოლოგი პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობასაც აქტიურად ეწევა. გია მურღულია, ასევე, არის არაერთი საგანმანათლებლო გამოცემის, პროექტისა და პროგრამის ავტორი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
არის პრობლემები, რომლებიც მასწავლებლებს აწუხებთ, გვინდა მოსმენა - ამილახვარი
ხვალ მასწავლებლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ის საკითხები განიხილება, რომელიც მათ აწუხებთ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. „მოგვმართეს უკვე, პირადად მეც მომმართეს, შესაბამისად ამ საკითხებთან დაკავშირებით გვინდა მათთან გასაუბრება, მათი მოსმენა, როგორ ხედავენ ისინი სასკოლო საკითხებთან და მათი კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. მოვიწვიე მრჩევლად და კონსულტანტად გია მურღულია და შევქმენით სამუშაო ჯგუფი ზოგადი განათლების მიმართულებით, რომელიც სწორედ ყველა იმ საკითხზე და გამოწვევაზე იმუშავებს, რომელიც დღეს აწუხებს და ადარდებს მასწავლებელს, მშობელს და ბავშვს. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი ხვალინდელი შეხვედრის. ეს შეხვედრები გაგრძელდება და მომდევნო კვირებშიც იქნება, გახდება უფრო ინტენსიური, რომ მოვიცვათ, რაც შეიძლება ფართო მასები მასწავლებლების“, – განაცხადა ამილახვარმა.
ვიწყებთ მსჯელობას სისტემაზე, როგორ დავფაროთ სკოლებში ბავშვთა კვება - ამილახვარი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამინისტროში მსჯელობენ, თუ როგორ დააბრუნონ სკოლაში ბავშვთა კვება. ბავშვების 35% სკოლის პერიოდში არასდროს იკვებება - "საქსტატის" კვლევა „რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და მე და ჩვენ ამას არ გავურბივართ. ამაზე ღიადაც ვლაპარაკობთ. მათ შორის, არის, რა თქმა უნდა, სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სამი ათწლეულია ჩვენს სისტემას მოსდევს. რას ვაკეთებთ ჩვენ? ის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და უკვე 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაპროექტებულია 2-3 წლის განმავლობაში და ამას კიდევ გადაბმულად მოსდევს 400 სკოლა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილო ინფრასტრუქტურა ანუ, სკოლებში იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც შემდგომ აუცილებელია სერვისისთვის, რომ ჩვენი შვილები უზრუნველვყოთ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით. პარალელურად, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებაზე და კვლევაზე, იმ მიდგომებზე და მეთოდოლოგიაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს,“ - განაცხადა მინისტრმა.
გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებსა და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. „საუბრისას გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ განათლების ნებისმიერ საფეხურზე, იქნება ეს საჯარო თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა სამინისტროსთვის უმთავრეს პრიორიტეტსა და პასუხისმგებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზოგადი განათლების განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია კერძო სკოლების განვითარებაზე ზრუნვა და სამინისტრო ამ კუთხით მათი აქტიური მხარდამჭერი იქნება. თავის მხრივ, კერძო სკოლებისა და ასოციაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თანამშრომლობისთვის და სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით, კერძო სკოლებისა და ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისიდან იწყება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. „2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდა, უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას, პროფესიულ განათლებაში. ამასთან, ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს. 2023 წელს, გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც, საბაზო განათლების მქონე პირებს, საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის. რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში“, - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 2023 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე - vet.emis.ge. „პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ISFED-ის ცნობით, სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროცესის 27 მონაწილე სამინისტროს უჩივის
2022 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (შემდგომში სამინისტრო) საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, რომელიც 2023 წლის ივნისში დასრულდა. ბოლო, გასაუბრების ეტაპი 160-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა, რომელთაგან 27-მა „სამართლიან არჩევნებს” სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, შესწავლილი ფაქტები და გარემოებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გასაუბრების პროცესში დაფიქსირდა არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია 27 პირის ინტერესებს სასამართლოში იცავს და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და თავიდან გამართვას ითხოვს. 2022 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ დირექტორობის მსურველთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ჯამში რეგისტრირებული იყო 3205 პირი, რომელთაგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 1366 პირი. დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი ორი ეტაპისგან შედგება - წერითი გამოცდა და ზეპირი გასაუბრება. გამოცდაზე გამოცხადებული 1839 ადამიანიდან გასაუბრების ეტაპზე 755 გადავიდა. 2023 წლის 20 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით სამინისტრომ ჩაატარა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი - გასაუბრება. მინისტრის ბრძანებით შექმნილი იყო გასაუბრების 2 კომისია. გასაუბრების დასრულებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს, სამინისტრომ გამოაქვეყნა შედეგები, რომლის მიხედვითაც, 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა. აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს და სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა კანდიდატებს, რომლებსაც ტესტირებაში მიღებული ჰქონდათ საკმაოდ მაღალი შეფასებები, ასევე, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება არის დადასტურებული. მათ შორის იყვნენ კანდიდატებიც, რომელთაც დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ. ორგანიზაციის თანახმად, სამინისტროდან გამოთხოვილი გასაუბრების ოქმების შესწავლის საფუძველზე, იკვეთება ისეთი არსებითი პროცედურული დარღვევები, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე. 2023 წლის 7 და 10 ივლისს საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 კონკურსანტის უფლებების დასაცავად „სამართლიანმა არჩევნებმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სარჩელით დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების მეორე ეტაპის – გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობასა და მის ხელახლა, სამართლიან გარემოში, გამართვას ითხოვენ. განათლების სამინისტროს პოზიცია ამ საკითხზე ჯერ არ გაუვრცელებია.
განათლების სამინისტრო რუსულ-ქართულ უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს
საქართველოს განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის. უწყებაში აღნიშნავენ, რომ განმარტება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაავრცელეს. „როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას,” - განმარტავს სამინისტრო განცხადებაში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობებს ჭორს უწოდებს
გიორგი კაკაურიძე: სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებით გამოსყიდვის ხარჯებს განათლების სამინისტრო გაიღებს
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებით გამოსყიდვის ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს. კაკაურიძის თქმით, რა ხარჯებზე იქნება საუბარი სამინისტროს მხრიდან, ეს დაახლოებით, ერთ თვეში გახდება ცნობილი. „პრემიერს არ უხსენებია, რომ 40 მილიონი დაიხარჯება ბიუჯეტიდან. 40 მილიონი ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება. იქნება გამოსყიდვა ამ ვალდებულებების საბაზრო ღირებულების, რაც აქვს ამ ვალდებულებებს, როგორც არსებობს პროდუქტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ გამოსყიდვის ხარჯებს. რა თანხა იქნება ზუსტად, ამას ვიხილავთ 1 თვის განმავლობაში. ეს იქნება გაცილებით ნაკლები 40 მილიონზე,“ - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე: არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა
განათლების სამინისტრომ იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმის შესწავლა დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.“ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს. საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან. აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს. როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2024 წელს დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, საიდანაც 160 მილიონი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. „მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდ შრომას ეწევით თქვენ, მასწავლებლები, ყოველდღიურად, ზრუნავთ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების განათლებაზე, მათ აღზრდაზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი მასწავლებელი და მასწავლებლები, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, აზროვნებაზე დიდი როლი იქონიეს და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, გვასწავლეს, ზოგადად, აზროვნება, გვასწავლეს ყველაფერი, ის, რაც მხოლოდ წიგნებით არ ისწავლება. ამიტომ ჩვენ, მთავრობას, კარგად გვაქვს გააზრებული ეს დიდი ღვაწლი, რომელსაც თქვენ ეწევით. მიმაჩნია, რომ თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით ჩვენ, მთავრობამ მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მიზნით, ჩვენი მინისტრი და მთლიანად ჩვენი მთავრობა ვმუშაობთ. ახლა კიდევ უფრო მეტად, ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა. გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან, 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ბატონი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან მალე წარმოგიდგენთ კონკრეტულ ხედვას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი- 10 000 ლარის ოდენობით
რა ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. უწყების განცხადებით, განახლებული დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, „ცვლილებები სწავლა-სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, მათ შორის, როგორც სწავლა-სწავლების პრინციპებს, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს, ასევე, სწავლების მეთოდებს, შეფასებასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას.“ უწყებაში აცხადებენ, რომ სწავლა-სწავლების თითოეული კომპონენტი უფრო მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერაზე და მეტ შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, შემოქმედებითად და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმონ სასწავლო პროცესი. ცვლილებების თანახმად: • მკაფიოდ გამოიკვეთა, თუ რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული, სიღრმისეული სწავლა-სწავლება. • განისაზღვრა პრინციპები, რომლის საფუძველზეც ყალიბდება სწავლა-სწავლების შედეგები და შუალედური სასწავლო მიზნები. • დაკონკრეტდა პრინციპები, რომლის საფუძველზეც მასწავლებლებმა უნდა აწარმოონ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. • დაკონკრეტდა სასკოლო სასწავლო გეგმის ფუნქცია და მნიშვნელობა. • ახლებურად ჩამოყალიბდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები (ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე, კვალიფიკაციების ჩარჩოზე და XXI საუკუნის კომპეტენციებზე დაფუძნებით). • ახლებურად ფორმულირდა მიზნები თითოეული საგნორივი ჯგუფისთვის საფეხურების მიხედვით. კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, თავად განსაზღვრონ, რა საგნებს ასწავლიან (რა სასწავლო შედეგებს განსაზღვრავენ) ამ მიზნების მისაღწევად. • ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოღებულ იქნა მეთოდოლოგიური რეკომენდაციები (გაუქმდა მესამე კარი, სადაც წარმოდგენილი იყო რჩევები – თუ როგორ შეიძლებოდა წლიური პროგრამების დაგეგმვა). • გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები. სკოლებს თავად შეუძლიათ, შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც, სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10-ბალიან სისტემაში. • კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, განსაზღვრონ არა კლასის, არამედ, საფეხურის დაძლევის ბარიერი. • თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე. • რემედიაციის პროგრამა, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით, სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს განსაზღვრავს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით. • სკოლა თავად განსაზღვრავს სასკოლო საათობრივ ბადეს შესაბამისი დასაბუთებით მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე, სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადე მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. • ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღარ აღიწერება საგნობრივი კათედრებისა და დამრიგებლის ფუნქციები. სკოლებს შეუძლიათ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება – რა ფუნქციებს შეასრულებენ სასკოლო საზოგადოების წევრები და როგორი იქნება სკოლის სტრუქტურა. • კერძო სკოლის უცხოენოვან პროგრამაზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განისაზღვრება სახელმწიფო ენის სწავლების დონეები სწავლების წლების შესაბამისად (ენების ერთიან ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოზე დაყრდნობით). • ქართულ სექტორზე/სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს მშობლიური ენის სწავლების მოთხოვნას 10 მსურველის შემთხვევაში. შესაბამისად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოსწავლეს ქართულ სექტორზე სწავლების შემთხვევაში მიეცემა მშობლიური ენის სწავლების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ასევე დამტკიცდა სახელმძღვანელოების შეთანხმების წესი, რომლის საფუძველზეც კერძო და საჯარო სკოლებს შეუძლიათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები. განათლების სამინისტროს ცნობით, პარალელურად მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზიის პროცესი და დაწყებულია საგნობრივი ჯგუფების ფორმირება, რომელშიც ჩართულები არიან მოქმედი მასწავლებლები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. რევიზიის პროცესი 2024 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
რომელი პროდუქტების გამოყენება აიკრძალა სკოლის კვების ობიექტებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები დამტკიცედა. სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ დოკუმენტში ასახულია სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები – აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა. შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით. სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც. განათლების სამინისტროს ცნობით, მოსწავლეებში ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, სკოლის კვების ბლოკში აკრძალულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება: საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა); მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული; მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები; დაკონსერვებული პროდუქტები; თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი; სოკო ნებისმიერი ფორმით; კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი; ტკბილი გაზიანი სასმელები; ყავა.
განათლების მინისტრის განცხადებით, დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი 4 000-მდე სტუდენტმა აღიდგინა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2023 წლის სექტემბრიდან, 4 000-მდე სტუდენტმა აღიდგინა სტუდენტის სტატუსი და დაუბრუნდა სასწავლო პროცესს. მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ასევე ისაუბრა უნივერსიტეტებში სტუდენტების დავალიანების განულების პროგრამაზე და იმ კერძო უნივერსიტეტებზე, რომლებმაც ამ პროგრამაზე უარი განაცხადეს. ამილახვარის თქმით, სამინისტრო ვერავის დააძალებს პროგრამაში მონაწილეობას, მითუმეტეს კერძო უნივერსიტეტს, რადგან ამის არც სამართლებრივი ბერკეტი არსებობს და არც აკადემიური. მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, ორმა კერძო უნივერსიტეტმა ჩათვალა, რომ დამატებითი სოციალური ფინანსური სარგებელი თავიანთ სტუდენტებს არ უნდა მისცენ. „თავისუფალი ნების პირობებში, ყველა კერძო უნივერსიტეტს სრულიად ფინანსური გარიგება შევთავაზეთ. მხოლოდ ორი უნივერსიტეტი არ შემოუერთდა. არ დავასახელებ ამ უნივერსიტეტების სახელებს, საზოგადოებამ კარგად იცის. რატომ არ შემოუერთდნენ? არ ვიცი. კითხეთ თქვენ. როგორ შეიძლება არ შემოუერთდე ასეთ ინიციატივას, მაშინ როდესაც სახელმწიფო გეუბნება, რომ რაც საბაზრო ღირებულება არის ჩვენ ამ თანხას გადავიხდით და ყველა კერძო უნივერსიტეტი ბოლო თეთრამდე მიიღებს იმ თანხას, 2-3 თვე ავიღეთ ამისთვის და ეტაპობრივად ყველას ჩაერიცხება. ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთო? როგორ შეიძლება დავაძალოთ და დავავალდებულოთ კერძო უნივერსიტეტი? ახლა რიტორიკულ კითხვას უკან გვიტრიალებენ ვიღაცების მეშვეობით, რომ თუ რა ეშველებათ ამ სტუდენტებს. ჩვენ ვერავის დავაძალებთ, ამის არც სამართლებრივი ბერკეტი არსებობს და არც აკადემიური, რომ ვინმე მობილობით ვაიძულოთ გადავიდეს. სამწუხაროდ, ამ უნივერსიტეტის მესვეურებმა, რატომღაც ჩათვალეს, რომ მათ დამატებითი სოციალური ფინანსური სარგებელი თავიანთ სტუდენტებს არ უნდა მისცენ. ამას იმით ასაბუთებენ, რომ ისინი საკმარისზე მეტს აკეთებენ ამ სტუდენტებისთვის, რომ სოციალურად დააკმაყოფილონ: აძლევენ სტიპენდიებს, შეღავათებს. სამწუხარო რეალობა ასეთი გვაქვს,“ - განაცხადა ამილახვარმა.
1000-მდე სკოლაში დირექტორების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება
საჯარო სკოლებში, სადაც დირექტორები ვერ შეარჩიეს, განათლების სამინისტრო ახალ კონკურსს გამოაცხადებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი 12 დეკემბერს აცხადებდა, რომ საჯარო სკოლებში დირექტორების დასანიშნად კანონით მინიჭებული დისკრეციის უფლების გამოყენებას არ აპირებს. როგორც მან ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას აღნიშნა, დისკრეციის უფლებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს. მინისტრის ინფორმაციით, 1000-მდე სკოლაში დირექტორების ასარჩევად კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. „840 სკოლაში სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს სკოლის დირექტორები, სამინისტროს და მინისტრის ჩაურევლად. დარჩენილ, დაახლოებით 1000 სკოლაში ჩვენ კვლავ გვაქვს კონკურსები გამოსაცხადებელი. სულ გვაკრიტიკებენ, რატომ არ მოხდა კანდიდატების წარმოდგენა, არ მოხდა იმიტომ, რომ ფიზიკურად კონკურსში არ იღებდა ამდენი კანდიდატი მონაწილეობას. უახლოეს მომავალში, სრულიად სამართლიანი, გამჭვირვალე კონკურსი გამოცხადება იმ დარჩენილ სოლებში, სადაც შერჩევა ვერ მოხდა. ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ შემოვიდეს კონკურსში და უზრუნველვყოთ, რომ სკოლებში არჩევნები იყოს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი. კანონით მონიჭებული მაქვს უფლება, შემიძლია ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ადგილას დავნიშნო. ამას ჩვენ მიზანმიმართულად, შეგნებით არ ვიყენებთ, ვინაიდან არ გვინდა ჩვენი გემოვნება, შეხედულება სკოლებს თავს მოვახვიოთ. გვინდა თავად სკოლებმა გადაწყვიტონ, ვინ არიან მათი დირექტორები. ეს გამოყენებული იქნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. უახლოეს მომავალში, გაიხსნება ეს კონკურსი და 2-3 თვეში ყველა სკოლაში მივიღებთ ახალ ლიდერებს, დირექტორებს,“ - განაცხადა ამილახვარმა. დღეს, 13 დეკემბერს სამინისტროს უკვე მიმართეს იმ მასწავლებლებმა, რომლებსაც დირექტორობა სურთ. ისინი ითხოვენ, დასახელდეს კონკურსის გამოცხადების კონკრეტული თარიღი. მათი სურვილია, პროცესი იყოს გამჭვირვალე, განისაზღვროს კონკურსის პირობები და მოხდეს აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, განათლების სამინისტროს შენობის წინ, აქციას მართავს რამდენიმე მასწავლებელი, რომლებიც საკუთარ თავს დირექტორობის "დაბლოკილ კანდიდატებს" უწოდებენ.
განათლების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პირველ მოადგილედ ალექსანდრე წულაძე დანიშნა. ალექსანდრე წულაძე 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია. „ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით. ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოპოვებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (ნიუ იორკი, აშშ), მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტისა (ჰამბურგი, გერმანია) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტები. არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიმართულებით მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გადადგომის შესახებ განცხადება 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან პრემიერ-მინისტრს და გუნდის წევრებს სთხოვა, „4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ, ისევ კერძო სექტორში დაბრუნებულიყო". „ამ 4 წლის განმავლობაში, ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი და მათთან ერთად, ბევრი რამ გავაკეთე და ბევრ შედეგსაც მივაღწიეთ ერთად, რაც ნამდვილად მეამაყება. ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის, მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა სამინისტროში შემოვიდეს და სისტემას წარუძღვეს არჩევნებამდე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და მეგობრობისთვის, რასაც მისგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიღებდი. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ ლიდერს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის,“ - განაცხადა ამილახვარმა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გიორგი ამილახვარს მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის მისი თქმით, მინისტრის პოზიციაზე საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა: „მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით. გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა,“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გიორგი ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაინიშნა. მაშინ მან თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.