პრეზიდენტი: უთუოდ უნდა ვყოფილიყავი დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე

საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლის ეზოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მის გამოსვლამდე, ეროვნული დროშების ფონზე გაჟღერდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები. ადგილზე იმყოფებოდა დიპკორპუსი. მათ შორის უკრაინის წარმომადგენელი, ანდრი კასიანოვი.

„ყველასათვის გასაგებია, რომ საქართველოს არ გააჩნია დახმარების ისეთი საშუალებები, როგორც ბევრად ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის საზღვრები და ნატოს წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებს. თუ ჩვენი სოლიდარობა ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცედ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს.

დღეს 24 თებერვალია და დამთხვევად ვერ ჩაითვლება და ვერ მივიჩნევ, რომ ხვალ, 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის დღეა, 23 თებერვალს იუნკრების საგმირო ბრძოლის ხსოვნის დღე, 19 თებერვალი კი, მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე... ეს ნამდვილი სიმბოლური პარალელია, რომელიც არ შეიძლება, არ გავიგოთ როგორც ნიშანი; 1921 წელს მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, 1992-1993 წლის გამოუცხადებული ომი რუსულ საჰაერო და საზღვაო ძალების წინააღმდეგ, 2008 წლის ომი უკრაინელების დღვანდელ განსაცდელთან გვაერთიანებს და არა გვაშორებს! მინდა წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი ერთად უკრაინელ დაღუპულ სამხედროებს და მოქალაქეებს, ბუჩაში, ირპენში თუ მარიუპოლსა და ბახმუტში. მათთან ერთად ჩვენი თანამემამულეები ვინც უკრაინელებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ და იქ დაიღუპნენ.

ისინი ქართულ ღირსებასაც და მომავალს იცავდნენ.
მათთან ერთად მინდა გავიხსენოთ ყველა ვინც საქართველოში თუ უკრაინაში იცავდა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მაშინ და დღეს ერთიან ევროპულ მომავალს.
არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს!


სხვა ალტერნატივაც არ არსებობს და ამ ომის შედეგი, როგორც ჩვენს, ასევე, მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს.
ქართულ ენას ყველაფრის სწორი გამოხატვა შეუძლია, ბრძნული ენაა: გამარჯობას ვიძახით და მშვიდობას და ვიცით, რომ ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნება.
მჯერა უკრანელი ხალხის გამარჯვების და გამარჯვებული მშვიდობიანი მომავლის! მათი და ჩვენი ერთობლივად!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.


14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
  • 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
  • 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 

11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა.

რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები.

ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა.

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.