ძებნის რეზულტატი:
„პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე: მაისამდე პურის ფასი არ შეიცვლება
მაისამდე პურპროდუქტებში თავის ტკივილი არ გვექნება. მაისამდე ქვეყანა არის უზრუნველყოფილი იმით, რომ პურზე ფასი არ შეიცვლება და მარაგიც არის, - ამის შესახებ საქართველოს „პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თუ ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 70 ლარამდე იქნება, ამ შემთხვევაში პურის ფასს გაძვირება არ მოუწევს, მაგრამ თუ ამ ნიშნულს გადასცდა, შემდეგ ალბათ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჩაერთვება ან სხვა სიტუაცია იქნება. უფრო ადვილია სუბსიდირება ფქვილზე, ან ხორბალზე გაკეთდეს და არა პურზე, იმიტომ, რომ პურის დამამზადებელი ქვეყანაში საკმაოდ ბევრია, დაახლოებით 2400-ზე მეტი. ამიტომ პურის სუბსიდირება ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება და უფრო ადვილია, თუ ფქვილზე გაკეთდება“ - განაცხადა მალხაზ დოლიძემ. ასევე წაიკითხეთ: სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე: ქვეყანაში სასურსათო დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება
რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების პროცესში საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების როლზე ისაუბრეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოიწონა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოსა და აზრბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას ითვალისწინებს. ილჰამ ალიევმა გამოხატა ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივა და სამინისტროებს თავის მხარდაჭერა დაუფიქსირა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირმა უკრაინას "მწვანე შუქი" აუნთო
ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო უკრაინას ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. „ეს არის ორგანიზაციის ერთობლივი მხარდაჭერის სიგნალი უკრაინის მიმართ. უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს“, - განაცხადა კალასმა. ასევე წაიკითხეთ: ლიეტუვის პრეზიდენტი: ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“
მთავარი გზავნილები ვერსალში გამართული ისტორიული სამიტიდან
10 მარტს, მრავალი ისტორიული მოვლენის მომსწრე, ვერსალში, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან მე-15 დღეს, სახელმწიფოების / მთავრობების მეთაურები შეიკრიბნენ. მწვავე 5-საათიანი დისკუსიის შემდეგ, ლიდერების განცხადება გავრცელდა, რომელიც „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას“ ეძღვნება. ტექსტი პუნქტებად არის დაყოფილი და პირველი ნაწილი მოიცავს სამ მოწოდებას: რომ უკრაინის ატომური ობიექტების უსაფრთხოება და უვნებლობა დაუყოვნებლივ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით; რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. ამასთან, სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განცხადების ავტორები ასევე მიესალმნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების შესახებ და აცხადებენ, რომ რუსეთს და მის თანამზრახველ ბელორუსს ამ აგრესიული ომისთვის სრულ პასუხისმგებლობა ეკისრებათ და დამნაშავეები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთი დანაშაულებისთვის. 1. ორი კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. რუსეთის საფუძველსმოკლებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდების პრინციპებს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ეს უკრაინის მოსახლეობას ენით აღუწერელ ტანჯვას აყენებს. რუსეთს და მის თანამზრახველ ბელორუსს ამ აგრესიული ომისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ და დამნაშავეები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთი დანაშაულებისთვის, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველი თავდასხმებისთვის. ამ მხრივ მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების შესახებ. მოვუწოდებთ, რომ უკრაინის ატომური ობიექტების უსაფრთხოება და უვნებლობა დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით. მოვითხოვთ, რომ რუსეთმა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრული პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მეორე პუნქტში რუსეთსა და ბელორუსზე ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას აანონსებენ. მზადყოფნაა გამოხატული „დემოკრატიული უკრაინის აღდგენისადმი, როგორც კი რუსეთის თავდასხმა შეწყდება“. 2. ვაფასებთ უკრაინელ ხალხს მისი სიმამაცისთვის თავისი ქვეყნისა და ჩვენი საერთო ღირებულებების - თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისთვის. ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას, როგორც კი რუსეთის თავდასხმა შეწყდება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა რუსეთსა და ბელორუსზე. შემოვიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები და კვლავ მზად ვართ, ახალი სანქციები წრაფად შემოვიღოთ. მესამე პუნტქში ევროპა მათ, ვინც უკრაინის ომს გაურბის, დახმარებას სთავაზობს. ამასთან, მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები. მან უნდა უზრუნველყოს უკრაინაში მსხვერპლებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და უზრუნველყოს უსაფრთხო გასასვლელი იმ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ვისაც წასვლა სურს. 3. უამრავი ადამიანი უკრაინის ომს გაურბის. ჩვენ ვთავაზობთ დროებით დაცვას ომის შედეგად ყველა ლტოლვილად ქცეულს უკრაინიდან. ვაფასებთ ევროპულ ქვეყნებს, განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან, მათი უდიდესი სოლიდარობისა და უკრაინაში ომის შედეგად ლტოლვილების მასპინძლობისთვის. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ სოლიდარობის გამოხატვას ყველა ლტოლვილსა და მასპინძელი ქვეყნის მიმართ და მათთვის ჰუმანიტარული, სამედიცინო და ფინანსური დახმარების გაწევას. მოვუწოდებთ, რომ თანხები დაუყოვნებლად იყოს ხელმისაწვდომი „ევროპაში ლტოლვილთა დასახმარებლად ერთობლივი პოლიტიკის განხორციელების (CARE)“ შესახებ წინადადების სწრაფი მიღებისა და ReactEU-ს საშუალებით. მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები. მან უნდა უზრუნველყოს უკრაინაში მსხვერპლებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და უზრუნველყოს უსაფრთხო გასასვლელი იმ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ვისაც წასვლა სურს. მეოთხე პუნქტის თანახმად, ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ასოცირების შესახებ შეთანხმებაშია ასახული. 4. ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში არის ასახული. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, უკრაინის მიერ საკუთარი ბედის არჩევის უფლების განხორციელებისას, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და შესთავაზა ევროკომისიას, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ფუძემდებლური შეთანხმებების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით. ამის მოლოდინში და დაუყოვნებლივ, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გასაგრძელებლად. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. მეხუთე, მცირე პუნქტი კი, საქართველოს და მოლდოვას ეძღვნება. 5. საბჭომ შესთავაზა კომისიას, წარმოადგინოს მოსაზრებები მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადებების შესახებ. „ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს - „დიახ“. პროცესი დაიწყო. ეს განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას ეკუთვნის. მის ამ განცხადებას კი, ევროპელი ლიდერების საკამათო კომენტარები უძღოდა წინ. რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს, რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან მეხუთე დღეს მოაწერა ხელი. ამავე თემაზე ლიეტუვის პრეზიდენტი: ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“ მაკრონი: არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ომში მყოფ ქვეყანასთან გავხსნათ გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ იქნება - CNN ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირმა უკრაინას "მწვანე შუქი" აუნთო
Facebook-მა პუტინის წინააღმდეგ ძალადობის შემცველი მოწოდებების გავრცელება დაუშვა
Facebook-ი და Instagram-ი ზოგიერთ ქვეყანაში საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ვლადიმერ პუტინისა და რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ძალადობრივი მოწოდებები გაავრცელონ. META ამბობს, რომ მან დროებით დაუშვა ძალადობრივი გამოსვლები, როგორიცაა - "სიკვდილი რუს დამპყრობლებს", რომელიც ჩვეულებრივ არღვევს ტექნოლოგიური გიგანტის აქამდე არსებულ წესებს. თუმცა აქვე ნათქვამია, რომ არ დაუშვებს რუსი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის მოწოდებას. „უკრაინაში მიმდინარე შეჭრის ფონზე, ჩვენ დროებითი გამონაკლისი დავუშვით ომის შედეგად დაზარალებულთათვის, რათა გამოვხატოთ ძალადობრივი განწყობები დამპყრობელი შეიარაღებული ძალების მიმართ“, - განუცხადა META-ს სპიკერმა BBC-ს. საპასუხოდ, რუსეთმა მოუწოდა აშშ-ს, შეწყვიტოს სოციალური მედიის გიგანტის „ექსტრემისტული საქმიანობა".
ბელგიის პრემიერ-მინისტრი: უკრაინამ პატივი უნდა სცეს ყველა აუცილებელ პროცედურულ ნაბიჯს, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდება
ბელგიის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ დე კრუ აცხადებს, რომ უკრაინამ პატივი უნდა სცეს ყველა აუცილებელ პროცედურულ ნაბიჯს, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდება, მაგრამ ქვეყნისთვის „კარის დახურვა“ შეცდომა იქნება. ამის შესახევ ბელგიის პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „დიდი შეცდომა იქნება კარის დახურვა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც უკრაინაა, რომელიც საფრთხეს გრძნობს. მუდმივად უნდა გავაგრძელოთ მათთან მუშაობა. ჩვენ შეგვიძლია, ისინი მივიწვიოთ სამიტებზე ისე, რომ მათ გადაწყვეტილების უფლება არ ჰქონდეთ“, – განაცხადა დე კრუმ. ასევე წაიკითხეთ: ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირმა უკრაინას "მწვანე შუქი" აუნთო ლიეტუვის პრეზიდენტი: ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“
შალვა პაპუაშვილი: იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს, მთავარია, რომ პროცესი დაიძრა
იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს - სამუშაოს რაღაც მოცულობაა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ პროცესი დაიძრა და ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის მწვანე შუქია ანთებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მისასალმებელია ის, რომ პროცესი დაიწყო. თავად პროცესის დაწყებასაც, როგორც წესი, დრო უნდა ხოლმე. პროცესი დაიწყო შესწავლით - კერძოდ, ევროკავშირი შესაბამისი პროცედურის საფუძველზე შეისწავლის ამ სამი ქვეყნის მზაობას, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი - არსებობს მოცემული ეტაპები, რასაც გაწევრიანების, ან კანდიდატის მინიჭებისთვის, ბუნებრივია, ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაახტება, მაგრამ დაჩქარებისას საუბარია იმაზე, რომ ამ საკითხს უფრო კონცენტრირებულად მიუდგება როგორც ევროკავშირი, ასევე განაცხადის წარმდგენი ქვეყნები. ჩარჩოდ რჩება ასოცირების შეთანხმება. შეთანხმებაშია გაწერილი ყველა საჭირო მიზანი, რასაც საქართველომ უნდა მიაღწიოს, მათ შორის საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, რაც პარლამენტს შეეხება", - განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა
დავით ზალკალიანი: ევროკავშირის ლიდერების მხრიდან ჩვენ გუშინ მივიღეთ, კიდევ ერთი მძლავრი გზავნილი
ევროკავშირის ლიდერების მხრიდან გუშინ მივიღეთ კიდევ ერთი ძალიან მძლავრი გზავნილი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ასოცირებული სამ ქვეყანასთან ერთად და ვფიქრობ, რომ პროცესი უკვე შეუქცევადია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „გუშინ გაიმართა მარსელში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი. განცხადება, რომელიც იყო დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე ომთან, იყო ყოვლისმომცველი უკრაინასთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადების ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის საკითხის მიცემასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყება. ვფიქრობ, ეს უკვე არის ერთგვარი საბოლოო ბეჭედი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს პროცესი დაიწყო ფორმალურადაც და ეს იქნება შეუქცევადი. ახლა რას ველით ჩვენ – შემდეგი ეტაპი გახლავთ ის, რომ ევროკომისია კანდიდატის წევრებს გაუგზავნის შესაბამის კითხვარს და ეს იქნება ძალიან მოცულობითი, რომელიც მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის კრიტერიუმის დასაკამყოფილებლად", - განაცხადა ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს, მთავარია, რომ პროცესი დაიძრა
თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო
თბილისის მერიის ეგიდით უკრაინის დასახმარებლად შეგროვებული 50 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ბელიაშვილის ქუჩაზე გახსნილი ჰუმანიტარული დახმარების პუნქტიდან ტვირთის ტრანსპორტირების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო. „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, ბიზნესსექტორს, რომელიც ჩართულია ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში. ასევე, მადლობა რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერა გადაწყვიტეს. ამ პროცესში ყველაზე რთული გახდა ლოგისტიკა, თუმცა, ეს საკითხიც მოგვარდა. პროდუქტების ის ნაწილი, რაც ოფიციალურად მოგვაწოდეს, „წითელი ჯვრის“ საშუალებით გაგზავნილია. გარდა ამისა, მოსახლეობის მიერ მოტანილი, საბუთების გარეშე არსებული პროდუქტების ლოგისტიკასაც უზრუნველვყოფთ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ მძღოლებზე და მათი მეშვეობით გავა ტვირთი უკრაინაში, ქალაქ ჩოპში. აქედან მიიტანენ კონკრეტულ წერტილებზე“, - განაცხადა თბილისის მერმა. გარდა ამისა, მისივე თქმით, მერიის მიერ შექმნილ ანგარიშზე უკვე მილიონ ლარზე მეტი თანხაა შეგროვებული. ასევე წაიკითხეთ: კახა კალაძე: თბილისში იქნება რამდენიმე ადგილი, სადაც უკრაინის დასახმარებლად მოქალაეებს პროდუქტების მიტანა შეეძლებათ
დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს, რომლებიც მხარს უჭერდნენ პუტინის შეჭრას უკრაინაში, სანქციები დაუწესა. „ჩვენი სანქციების სამიზნეები არიან ისინი, ვინც პუტინის უკრაინაში უკანონო შეჭრის თანამონაწილეები არიან და ისინი, ვინც მხარს უჭერს ამ ბარბაროსულ ომს. ჩვენ გავაგრძელებ სანქციების გამკაცრებას. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჰუმანიტარული დახმარებით, თავდაცვითი იარაღით და დიპლომატიური ძალისხმევით რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის მიზნით“, - განაცხადა საგარეო საქმთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. ახალი სანქციები აუკრძალავს ჩამოთვლილ პირებს ბრიტანეთში მოგზაურობას, გაერთიანებულ სამეფოში არსებულ აქტივებზე წვდომას და იქ ბიზნესის კეთებას. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული
აჭარაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა
აჭარაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება. „აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში ჯანდაცვის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი ფინანსური რესურსი უკრაინის დამეგობრებული რეგიონების და ქალაქების დასახმარებლად. პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს სამედიცინო ნივთებს, მედიკამენტებს, არამალფუჭებად პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს. ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული მოქალაქეები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო
საქართველოს საბანკო ასოციაცია: უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნეთ
საქართველოს საბანკო ასოციაცია უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს საბანკო სექტორის მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საბანკო ასოციაციის სახელით, თბილისში უკრაინის საელჩოსთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან კოორდინაციით, უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. „საქართველოს საბანკო სექტორი სოლიდარული და ერთიანია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ამ მიმართულებით სექტორმა არაერთი ნაბიჯი გადადგა და განაგრძობს ძალისხმევას: ჰუმანიტარული მიზნებისთვის ქართულ ბანკებში შეიქმნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიშები, რომლებშიც თავმოყრილი თანხა იგზავნება უკრაინაში შექმნილ საქველმოქმედო ანგარიშებსა და აგრეთვე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანგარიშებზე. უკრაინის მიმართულებით საქველმოქმედო და ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადარიცხვების განხორციელება ზოგიერთ ბანკში უფასო გახდა და გადარიცხვის საკომისიოს ბანკები დაფარავენ. ასევე, ზოგიერთ ბანკში უფასოა საერთაშორისო ფულადი გზავნილები უკრაინის მოქალაქეებისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: აჭარაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო
Georgian Airways-ი: ჩვენს საიტზე, საგადახდო სისტემების Мир-ის ლოგო სხვა კომპანიამ "დაუკითხავად" განათავსა
ავიაკომპანია Georgian Airways-ის განცხადა, რომ მათ საიტზე საგადახდო სისტემების კომპანია Мир-ის ლოგო სხვა კომპანიამ "დაუკითხავად" განათავსა. კომპანიის განცხადებით, რომ ლოგო საიტზე Websky.net-მა განათავსა, რომელიც ავიაბილეთებს ყიდის. მათივე თქმით, საიტიდან Мир-ის ლოგოს მოშლა 3 მარტს სთხოვეს. ცნობისთვის, 7 მარტს “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში „მასტერქარდისა“ და „ვიზას“ გვერდით რუსული “Мир”-იც გაჩნდა. ასევე წაიკითხეთ: „ჯორჯიან ეარვეისმა“ გადახდის სისტემებში რუსული „Мир“-ი დაამატა
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი არ უნდა გასცდეს უკრაინის საზღვრებს
NATO-მ არ უნდა დაუშვას, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ალიანსსა და მოსკოვს შორის ღია კონფლიქტში გადაიზარდოს, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. „ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი არ უნდა გასცდეს უკრაინის საზღვრებს და არ უნდა გახდეს რუსეთსა და ნატოს შორის სრულმასშტაბური ომი“, - განუცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ასევე წაიკითხეთ: რას სთავაზობს NATO რუსეთს იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი მოკლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი მოკლეს. ცნობისთვის, გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი 2021 წელს გახდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 29-ე არმიის მეთაური. მანამდე ის მოსკოვის რეგიონში განლაგებული გაერთიანებული შეიარაღების არმიის შტაბის უფროსად მსახურობდა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მედია: ხარკოვში რუსი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი მოკლეს
დასავლეთი რუსეთის „გაყინულ“ ოქროსა და სავალუტო რეზერვებს უკრაინას გადასცემს
ეკონომიკის სამინისტრო, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად, მექანიზმს ეძებს, რომ 415 მილიარდი დოლარის ღირებულების, რუსეთის ცენტრალური ბანკის დაკავებული ოქროსა და სავალუტო რეზერვები, რუსული აგრესიისგან ზარალის კომპენსაციის მიზნით უკრაინაში გადაიტანოს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დენის კუდინმა სატელევიზიო გადაცემისას განაცხადა. „დასავლეთის მთავრობებმა უკვე დააკავეს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ოქროს და სავალუტო რეზერვები - 415 მილიარდი დოლარი, ეს თანხა თითქმის საკმარისია ამ პირდაპირი ერთჯერადი ზარალის დასაფარად. „ველით, რომ უახლოეს მომავალში, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად, ვიპოვით იურიდიულ მექანიზმს, თუ როგორ შეუძლია ,უკრაინას მიიღოს ეს თანხა აღდგენისა და კომპენსაციისთვის“, - განაცხადა კუდინმა.
რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისთვის“ დაფინანსების შემცირებას გეგმავს
რუსეთი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებული რეგიონებისთვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ვოლვაჩი 9 მარტს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელობას შეხვდა. ვოლვაჩი აცხადებს, რომ ოკუპირებულმა რეგიონებმა თავიანთი ბიუჯეტების გასაზრდელად ინვესტიციები უნდა მოიზიდონ, რისთვისაც რეგულაციები უნდა გაამარტივონ და საინვესტიციო გარემო გააუმჯობესონ. მისი თქმით, მომდევნო სამ წელიწადში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებზე რუსეთის თანადაფინანსების წილი თანდათან შემცირდება.
ანდერს ფოგ რასმუსენი: თბილისისა და კიევისთვის MAP-ი ბუქარესტში უნდა მიგვეცა
„იმ შეხვედრისას, პუტინმა გამოგვიცხადა, რომ უკრაინა, და განსაკუთრებით ყირიმი, ეს რუსეთის ნაწილი იყო და არა დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ კიევი ყველა რუსი ქალაქის დედა იყო და ასეთები... ნეტავ, მაშინ კარგად მოგვესმინა მისთვის, მაგრამ სერიოზულად არ აღვიქვამდით“, - ასე იხსენებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე პუტინთან NATO-ს ლიდერების საუბარს იმ დროს დანიის პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი. ალიანსის გენერალური მდივანი ის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე გახდა. დღეს, 2008 წლის და შემდგომი პერიოდის სხვა შეცდომებსა და პუტინის პარანოიაზე ლაპარაკობს, კვლავ რჩება მე-5 მუხლთან დაკავშირებული სპეციალური დათქმით საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მომხრე და პასუხობს იმ კითხვაზეც, რა მოდელი გამოდგება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „2008 წელს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მივეცით, მაგრამ დავპირდით, რომ გახდებოდნენ NATO-ს წევრები - შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა - შევქმენით NATO& უკრაინის და NATO საქართველოს კომისიები. ანუ, მაპ-ით გათვალისწინებული პროცესის ნაცვლად, წინსვლის სხვა გზა ავირჩიეთ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო - თბილისისა და კიევისთვის MAP-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ - ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ NATO-ში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე შემოიჭრა კიდეც საქართველოში. წყარო - რადიო თავისუფლება
აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ სანქცირებული პირების სიას კიდევ რამდენიმე რუსი ოლიგარქის სახელი დაემატება.
ჰუბერტ ქნირშის თქმით, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ნათლად გამოდის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ
საქართველოს მთავრობა, ჩემის აზრით, მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველო იყო გაეროს რეზოლუციის ინიციატორი, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. „ვხედავთ, რომ საქართველო ბევრს აკეთებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და მას მოუწევს კიდევ სხვა ამოცანების შესრულება. ვნახეთ, რომ დაიკეტა „ვითიბი ბანკი“. ეს იყო მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიება, რათა თავიდან ავიცილოთ ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, – განუცხადა ქნირშმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. გერმანიის ელჩმა უპასუხა შეკითხვას ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ და კომენტარი გააკეთა საკითხზე, არის თუ არა ამ თემაზე საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმული შეშფოთებები საფუძვლიანი; ასევე, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით. „რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ამ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში გაივლის, დაინახავს, რომ აქ არის ბევრი რუსი, ცალ-ცალკე, ოჯახები, ახალგაზრდების ჯგუფები. შეიძლება, მათი რიცხვი ბევრად არ აღემატება წინა წლის მონაცემებს, მაგრამ ამჯერად ეს არიან მეტწილად არა ტურისტები, არამედ ადამიანები, რომლებიც ტოვებენ თავიანთ ქვეყანას, რადგან ხედავენ, რომ ვეღარ ცხოვრობენ პუტინის რუსეთში, რომ იქ აღარ აქვთ მომავალი, რომ იქ არის პოლიტიკა, რომელიც მათ წარსულში დააბრუნებს. ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირისკენ და, რომელსაც ისეთი ღირებულებები აქვს, როგორც საქართველოს, სადაც სტუმართმოყვარეობას დიდად აფასებენ, ნამდვილად მიიღებს ასეთ ადამიანებს, მისცემს მათ საშუალებას, საქართველოში ჩამოსვლის, აქ რაღაც პერიოდით ცხოვრების. მათი სიტუაცია, რა თქმა უნდა, განსხვავდება უკრაინელების სიტუაციისაგან, მაგრამ ტრაგიკული იქნებოდა, თუ საქართველოში რუსეთიდან შემოსულ ამ ადამიანებს ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან თავს დაესხმება იმის გამო, რომ სჭირდება ვინმე, ვისაც აჩვენებს თავის სიბრაზეს პუტინისა და მისი პოლიტიკის მიმართ. მე მგონია, კარგი იქნება, რომ საქართველოში შემოუშვან ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად საქმიანობდნენ რუსეთში პუტინის წინააღმდეგ პოლიტიკაში თუ კრიტიკულ მედიაში, უფლება მისცენ მათ, საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ არ უნდა იყოს პრობლემები. ევროპული ქვეყნები, ევროკავშირის ასოცირებული სახელმწიფოები იღებენ პოლიტიკურ დევნილებს და ამაზე სრული თანხმობა არსებობს“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.