ძებნის რეზულტატი:
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები იმართება. როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, დილის 08:00 საათიდან გახსნილია 152 საარჩევნო უბანი. მათივე ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა ოკუპირებულ აფხაზეთში სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში 35 ადგილია, ხოლო ე.წ. ენჭისყრაში 123 ადამიანი მონაწილეობს.
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ხსენებული ე.წ. არჩევნების ჩატარება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. „იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საოკუპაციო ძალა, ხსენებულ ე.წ. არჩევნებს, ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. ზემოხსენებულ ფაქტს ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში. შემაშფოთებელია, რომ მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით, რასაც ემატება ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების უხეში დარღვევა და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია. ამ ფონზე, კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებს, ისევე, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებულ რეგიონებზე წვდომის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ. განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგ უკანონო ნაბიჯზე. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება
ანტალიაში, თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან გამართულ მოლაპარაკებებს „ძალიან კონსტრუქციული და პროდუქტიული“ უწოდა. „განვიხილეთ ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის გზაზე. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს კავკასიაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. სომხეთისა და თურქეთის ამ ნაბიჯებს პოზიტიური შეფასება აქვს აზერბაიჯანის მხრიდანაც, ბაქო მხარს უჭერს ამ პროცესს. რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ყველა მხარის ინტერესებში“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ასევე წაიკითხეთ: რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლურ სამყაროს 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრაზე „არასაკმარისი რეაგირების“ გამო აკრიტიკებს
შალვა პაპუაშვილი რადას თავმჯდომარეს: გულდაწყვეტილი ვართ, რომ პოლიტიკურმა სპეკულაციებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას
ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს. დარწმუნებული იყავით, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ვართ ერთიანი, და არა დაყოფილი, უკრაინისადმი მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს თანადგომას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილში, რომელიც მან უკრაინელ კოლეგას, უკრაინის რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს გაუგზავნა. „თქვენ მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის მომზადებულ ვიდეომიმართვაზე პასუხად, გიდასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა და საუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა აერთიანებთ. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ხედვას ჩვენი ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. 1990-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ - 2008 წელს საქართველომ საკუთარი სისხლის ფასად პირველმა გამოსცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ათწლეულებია გრძელდება რუსული ოკუპაცია, რომელსაც ჩემი ქვეყნისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ყოველდღიურად ტრაგიკული შედეგები მოაქვს. დღეს კი უკრაინაში ვართ მომსწრე რუსეთის კიდევ ერთი სრულმასშტაბიანი აგრესიის. საქართველო ყოველთვის გამოხატავდა ერთგულებას ჩვენი მოძმე უკრაინისადმი, განსაკუთრებით, 2014 წელს რუსეთის მიერ თქვენ წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. ამ ისტორიულმა უსამართლობამ ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა. სწორედ ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი დახმარებისთვის, ომისა და აგრესიის შეჩერებისა და ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩვენი საერთო მომავლის გზაზე დაბრუნებისთვის. საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას. ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის შეჭრის დაგმობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში - რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მოწოდების თანაავტორობით, ევროპის საბჭოში - რუსეთის მონაწილეობის შეჩერების მხარდაჭერით. ამიტომ გულდაწყვეტილები ვართ, რომ პოლიტიკურმა სპეკულაციებმა და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე და უანგარო მხარდაჭერას და სოლიდარობას. ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს, - ვკითხულობთ წერილში.
ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი: რუსები მოხალისეებს კავკასიაში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ეძებენ
რუსებს რეზერვისტები არ ჰყოფნით და ახლა მოხალისეებს კავკასიაში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ეძებენ, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. „რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას სამი მიმართულებით განაახლებენ. ესენია ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა, კიევი, ხარკოვი და მარიუპოლი. რამდენადაც მათი ბრძოლისუნარიანობა სუსტდება, ვერც ამ რეზერვისტების საშუალებით მოახერხებენ ბრძოლას. ორ-სამ კვირას ვაძლევ, მათი რესურსი ამოიწურება მალე და „კურდღლებს“ დაემსგავსებიან, აღარაფერი დარჩებათ, რითაც ომის გაგრძელებას შეძლებენ“, – აღნიშნა არესტოვიჩმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მერის გატაცებაზე: ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ
რიკოთთან მომხდარი ავარიის შედეგად, 3 პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა
რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავების ავტომანქანისა და ,„FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „საქართველოს პროკურატურამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია
საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მისი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ ნათქვამია აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობის დევნილობაში ყოფნის პირობებში, ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. „ურთულესი გლობალური და რეგიონული გამოწვევების, ასევე ადგილზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ ორგანზომილებიან სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს. უმთავრეს პრიორიტეტად რჩება გამყოფი ხაზით ხელოვნურად დაშორებულ საზოგადოებას შორის დიალოგის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავება, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზება, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კვალდაკვალ", - ვკითხულობთ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული ჯარის დანაკარგი კოლოსალურია
რუსული ჯარის დანაკარგი კოლოსალურია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „რუსული ჯარის დანაკარგი კოლოსალურია. მეჩვიდმეტე დღეს ოკუპანტის დინამიკა უკვე ისეთია, რომ შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ: ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ჯარისთვის მიყენებული უდიდესი ზიანია. მათ არასდროს დაუკარგავთ უფრო მეტი ანალოგიური პერიოდის განმავლობაში,“- განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მერის გატაცებაზე: ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აჭარიდან ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი დღეს აჭარიდან გაიგზავნა. ჰუმანიტარული დახმარების მობილიზების პროცესში ჩართული იყო აჭარის მთავრობა, მუნიციპალიტეტები, მოქალაქეები. პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვდა ტვირთი. ამასთან, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას ორგანიზებას აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი უწევდა. ასევე წაიკითხეთ: ილია მეორი: ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე უკანონო ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას წარმოადგენს ე.წ. არჩევნების ჩატარება. ე.წ. არჩევნები აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგები ვერ ექნება, რადგან აფხაზეთის რეგიონში ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი მუდმივი ძალადობისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რადგან ეფექტური კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ. აფხაზეთის მთავრობა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სთხოვს აღნიშნული ქმედება შეფასდეს სათანადოდ“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება
მელიტოპოლში, ათასობით ადამიანი უკრაინის დროშებით ხელში სკანდირებს - „თავისუფლება მერს“
რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ქალაქ მელიტოპოლში საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრანტები რუსების მიერ ქალაქის მერის გატაცებას აპროტესტებენ. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათასობით ადამიანი უკრაინის დროშებით ხელში სკანდირებს - „თავისუფლება მერს“. ცნობისთვის, მელიტოპოლის მერი ოკუპანტებმა ქალაქიდან გუშინ გაიტაცეს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მერის გატაცებაზე: ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ
აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები
ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგს არ აღიარებს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. „ოკუპირებულ აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ მიმართებაში ჩვენი პოზიცია უცვლელად მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთმა აირჩია აწარმოოს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომი უკრაინაში. შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი ხელმისაწვდომობა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
თენგიზ ცერცვაძე: ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რომ ყველაფერი დამთავრდა
ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც კარგია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რომ ყველაფერი დამთავრდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში ეს უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ვატაროთ პირბადეები და მეორე, როგორმე უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მოცულობა. 26-დან 32-მდე მაინც არის გარდაცვალება დღეში, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის მაინც ბევრია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი
კარლ ჰარცელი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს
საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე. წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ელჩ კარლ ჰარცელის კომენტარი გაავრცელა. „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, ოკუპირებულ აფხაზეთში, 2022 წლის 12 მარტს ჩატარდა, ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა. ევროკავშირი გააგრძელებს მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია“, - განაცხადა კარლა ჰარცელმა. აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი: ჩვენი საბადოების მარაგი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, თურქეთსა და ევროპას დიდი ხნის განმავლობაში მივაწოდოთ გაზი
აზერბაიჯანს აქვს გრძელვადიანი გეგმა სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოების შესახებ. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა. „აზერბაიჯანს გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს. ჩვენი საბადოების მარაგი კასპიის ზღვაში შეადგენს 2.6 ტრილიონს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, თურქეთსა და ევროპას დიდი ხნის განმავლობაში მივაწოდოთ გაზი“, - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს არ შეუძლია სწრაფად გაზარდოს გაზის მიწოდება ევროპაში, ისევე როგორც ეს გააკეთა თურქეთისთვის, ამისთვის მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ. შეგახსენებთ, 3 მარტს, ევროკავშირმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად გეგმა წარადგინა. ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. ევროკომისია სავარაუდოდ, ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალდებულებს, შეავსონ თავისი გაზის საცავები სულ მცირე, 90 %-ით ყოველი წლის პირველ ოქტომბრამდე. ცნობისთვის, სამხრეთის გაზის დერეფანი - სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (ბაქო-თბილისი-ერზურუმის) გაფართოების პროექტია. სამხრეთ გაზის დერეფნის მიზანია, შეამციროს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე და დაამატოს ენერგომომარაგების მრავალფეროვანი წყაროები. აზერბაიჯანიდან ევროპაში მარშრუტი შედგება შემდეგნაირად: სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანს-ანატოლიური მილსადენი და ტრანს-ადრიატიკული მილსადენი. ამ მარშრუტის მთლიანი ინვესტიცია 45 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი სიგრძე 3500 კილომეტრია. მთავარი წყარო იქნება კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზის გაზსადენი. ასევე წაიკითხეთ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს
რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლში ახალი „მერი“ დანიშნეს
დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსმა ოკუპანტებმა, რომლებმაც მერი ივან ფიოდოროვი გაიტაცეს, ახალი „მერი“ დანიშნეს. ახალი „მერი“ მელიტოპოლის საკრებულოს დეპუტატი „ოპოზიციური ბლოკიდან"“, გალინა დანილჩენკო გახდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. დანილჩენკო სატელევიზიო მიმართვაც ჩაწერა და განაცხადა, რომ ქალაქში სახალხო დეპუტატთა კომიტეტი იქმნება, რომელიც მელიტოპოლს უხელმძღვანელებს. მელიტოპოლი ზაპოროჟიეს ოლქში მდებარეობს. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი 11 მარტს გაიტაცეს. ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან, პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან განიხილა.
ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონსა და შოლცთან საუბრის შესახებ იუწყება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შესახებ Twitter-ზე წერს. „ჩვენ განვიხილეთ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი, ასევე, რუსეთის ფედერაციის დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩემს პარტნიორებს ვთხოვ დახმარებას მელიტოპოლის დატყვევებული მერის გათავისუფლებაში. ასევე, ვისაუბრეთ სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივებზე. აგრესორი ერთად უნდა შევაჩეროთ“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი 11 მარტს გაიტაცეს.
ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემთხვევაში, ზელენსკი მზადაა, პუტინს ისრაელში შეხვდეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, მოლაპარაკება გამართოს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ისრაელში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი შეწყდება. ზელენსკი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს შეატყობინა თავისი მზაობის შესახებ, იერუსალიმში შეხვდეს პუტინს. 6 მარტს, მოსკოვში, პუტინთან ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინიტრი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც კანცლერ ოლაფ შოლცთან მოლაპარაკებები გამართა. DW-ს ცნობით, გერმანელმა სპიკერმა განაცხადა, რომ ბენეტმა და შოლცმა საათნახევრის განმავლობაში ისაუბრეს. მისივე ინფორმაციით, ორი ლიდერი მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებაზე შეთანხმდა და მზად არიან, დაასრულონ უკრაინაში ომი „რაც შეიძლება სწრაფად". პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ნაფტალი ბენეტიმ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ისრაელის პრემიერ მინისტრმა დამირეკა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. რა გავლენის მოხდენა შეუძლია ისრაელს? ისრაელი ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას როგორც უკრაინასთან, ასევე, რუსეთთან და შუამავლის როლის შესრულება სურს. რუსეთი ასევე ჩართულია ომში სირიაში, რომელიც ისრაელს ესაზღვრება. ისრაელის ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში მაიკლ ორენმა განაცხადა, რომ „ბენეტის ქმედება არის გაბედული, მაგრამ ამავე დროს, მისი ეს ნაბიჯი სარისკოა“. „რუსეთი დღეს სხვა პოზიციაზეა და პუტინი შესაძლოა, ეძებს გამოსავალს, რომ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეს“, - აცხადებს ყოფილი ელჩი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი პირველი საერთაშორისო ლიდერია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მეათე დღეს, რუსეთს მოულოდნელად ეწვია და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ბენეტის ოფისში განაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერი შაბათს, დილით მოსკოვში გაემგზავრა და მას თან ახლდა რუსულენოვანი კაბინეტის მინისტრი (იერუსალიმის საქმეთა მინისტრი) ზეევ ელკინი, რომელიც უკრაინაში დაიბადა. ასევე წაიკითხეთ ნაფტალი ბენეტი: ისრაელი შეეცდება მედიაციას უკრაინასა და რუსეთს შორის მაშინაც კი, თუ წარმატება ნაკლებად სავარაუდოა ისრაელში უკრაინის ელჩი: ძალიან ცოტა ნაბიჯს ვხედავთ, ისრაელის მთავრობისგან მხარდაჭერის კუთხით
მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეოფორმატში მიმდინარეობს
რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეოფორმატში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს. მისივე თქმით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ქვეჯგუფებიც. მოლაპარაკების პირველი რაუნდი, რომელიც 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა, 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე 3 მარტს, მესამე რაუნდი კი, 7 მარტს ჩატარდა. ამავე თემაზე უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა პოდოლიაკი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ: შედეგები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სიტუაციას, ჯერჯერობით არ არის
უკრაინაში შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი დააფუძნა. „დატყვევებული ოკუპანტების რაოდენობამ უკვე მიაღწია იმ დონეს, რომ ეს საკითხი არ შეიძლება, იმ სტრუქტურებს დარჩეთ, რომლებიც ჩვენ ომამდე გვქონდა, ამიტომ დღეს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შექმნა სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი. მტრის ათასობით ჯარისკაცს, რომელიც ტყვედ ჩავარდა ან ჩაბარდა, ჩვენი სახელმწიფო საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული წესებით თანახმად ეპყრობა. იმდენად ბევრია მათი რაოდენობა, რომ ჩვენ გვჭირდება სპეციალური სტრუქტურა, რომელიც ყველა დაკავშირებულ საკითხს განიხილავს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.