ძებნის რეზულტატი:
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. იფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი თბილისში დასაწყობდა, ხოლო დასავლეთის ტვირთმა ფოთის ტერმინალში მოიყარა თავი. კოორდინაციის პროცესს თბილისში, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მერაბ გამყრელიძე ხელმძღვანელობდა, ფოთში კი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურადაა ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი. მთელი საქართველს მასშტაბით შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
დავით ზალკალიანმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ვიდეოკონფერენცია გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ ადამ სმიტთან ვიდეოკონფერენცია გამართა. საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა კონგრესმენ სმიტს საქართველოს მიმართ მისი მრავალწლიანი ჩართულობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის. „საუბრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და მისი ნეგატიური გავლენები რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, როგორც უსაფრთხოების, ასევე, ჰუმანიტარული თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი, შექმნილი ვითარების ფონზე პარტნიორების მხრიდან საქართველოს კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას და ჩვენი ქვეყნის მედეგობის გაძლიერების კუთხით როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ჰააგის პროკურორმა კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა 2008 წლის ომის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების სამი „მაღალჩინოსანის“ დაკავების ორდერზე განაცხადი შეიტანა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირებს ბრალდება შემდეგი მუხლებით წაუყენეს: უკანონო პატიმრობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, პიროვნული ღირსების შეურაცხყოფა და მძევლების აყვანა და უკანონო გადაცემა. „თუ წინასასამართლო პალატა დაამტკიცებს ჩემს განაცხადს დაკავების ორდერთან დაკავშირებით, მე მჭიდროდ ვითანამშრომლებ ამ სამი პირის დაკავების კუთხით“, - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში. საქმე ეხებათ შემდეგ პირებს: მიხეილ მინძაევი - 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად ჰამლეტ გუჩმაზოვი - 2008 წლის მოვლენების დროს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი დავით სანაკოევი - „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში/ „ომბუდსმენი“ მოვლენების დროს.
ნედ პრაისი: პრინციპები, რომლებიც რუსეთმა 2008 წელს, საქართველოში შეჭრით დაარღვია, იგივე პრინციპებია, რასაც რუსეთი დღეს უკრაინაში არღვევს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის პოზიციას ეხებოდა. ასევე - განცხადებებს, რომ სანქციები ეფექტიანი არ არის. „მთავარი არხის“ შეკითხვა ასევე ეხებოდა უკრინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას. „რა პოტენციური შედეგი შეიძლება, მოჰყვეს რუსეთის აგრესიას, ძალიან ცოტა ქვეყანას ესმის ისე, როგორც ეს ესმით საქართველოში. ეს ქვეყანა თავად გახდა ომის მსხვერპლი 2008 წელს. ბევრ ქართველს ძალიან მკაფიოდ ახსოვს ეს ყველაფერი. შემიძლია, მხოლოდ წარმოვიდგინო, რომ ქართველები, მათ შორის მთავრობის წევრები სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართ. ბოლო პერიოდში ვიხილეთ ერთგვარად მოულოდნელად ძლიერი ერთობა, მაგალითად, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 141-მა ქვეყანამ მთელ მსოფლიოში, დაგმო ეს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი, უსამართლო ომი უკრაინის წინააღმდეგ. 141 ქვეყანაში შედიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც გაეროში იშვიათად გამოხატავენ მხარდაჭერას, 2014 წელს როდესაც უკრაინას დაესხა თავს უკრაინას, 100-მა ქვეყანამ დაგმო ეს, 2016 წელს, როდესაც რუსული ძალები ბომბავდნენ სირიის ქალაქ ალეპოს, რეზოლუციას 121-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. ის ფაქტი, რომ მსოფლიოს 141 ქვეყანა დგას ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ ერთ პოზიციაზე ვდგავართ. რაც შეეხება სანქციების ეფექტიანობას, მათი ეფექტიანობა ეჭვს არ იწვევს, ნებისმიერი მონაცემები ადასტურებს, რამდენად მძიმე ტვირთია ეს რუსეთის ეკონომიკისთვის, თუნდაც, ის შეგვიძლია, მოვიყვანოთ, რომ რუბლი აბსოლუტურად კარგავს ღირებულებას, ინფლაცია იზრდება, კომპანიების აქციების ფასი ეცემა, საფონდო ბირჟა დახურულია რამდენიმე დღეა და ეს ხდება სავარაუდოდ იმიტომ, რომ ქვეყნიდან კაპიტალის გადინება აირიდონ. საკამათოც კი არ არის, სანქციებს დიდი გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე და ეს არის საკმაოდ მძიმე ზომები“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, ის პრინციპები, რომლებიც რუსეთმა 2008 წელს, საქართველოში შეჭრით დაარღვია, იგივე პრინციპებია, რომლებსაც რუსეთი დღესაც არღვევს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ იდეას, რომ საზღვრები ხელუხლებელი უნდა დარჩეს და მსხვილმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაჩაგრონ მცირე ერები; იდეას, რომ ძალა არ უდრის უფლებას; იქნება ეს ევროპაში თუ წყნარი ოკეანის რეგიონში, ჩვენ, ყველგან ამ პრინციპებს ვიცავთ და უკრაინის გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.
ერდოღანმა ბაიდენს განუცხადა, რომ ლავროვისა და კულებას შეხვედრის ორგანიზება დიპლომატიური გამარჯვებაა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ანკარისთვის მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, რათა თავიდან აიცილოს მათი კონფლიქტის გამწვავება. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ერდოღანმა ასევე განუცხადა ბაიდენს, რომ თურქეთის, როგორც ფასილიტატორის როლი კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობაში, მნიშვნელოვანი იყო. ბაიდენთან საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ლავროვსა და კულებას შორის შეხვედრის ორგანიზება თავისთავად დიპლომატიური გამარჯვებაა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი უკრაინელი კოლეგა დიმიტრო კულება 10 მარტს, ანტალიაში შეხვდნენ.
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ იქნება - CNN
საერთაშორისო მედიის ცნობით, ევროკავშირთან დაკავშირებით ერთიანია, მაგრამ გაწევრიანების სწრაფ პროცედურას კიევს არ შესთავაზებს. CNN-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა მიანიშნა იმაზე, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის პირობებში, უკვე რთულია ევროკავშირში ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, საგარეო, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა. ოლაფ შოლცმა ასოცირების შეთანხმებაზეც მიუთითა, რომელიც ევროკავშირმა და უკრაინამ 2017 წელს გააფორმეს და რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. „ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ იმის განხორციელება, რაც წარსულში ნამდვილად გადავწყვიტეთ. ეს არის კურსი, რომელსაც უნდა მივყვეთ“, - განუცხადა გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს საფრაგეთში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ. სამიტის წინ, ვერსალში გაკეთებული განცხადების დროს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ასევე უარყო უკრაინის მოწოდება ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესახებ.„არ არსებობს გაწევრიანების სწრაფი ტემპი, ასეთი რამ არ არსებობს”, - განაცხადა მარკ რუტემ. Bloomberg-ი 9 მარტს წერდა, რომ რუსეთის უმსხვილესი ბანკისა და ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დასავლეთის სანქციების გაფართოებას გერმანია ეწინააღმდეგება. კერძოდ, გამოცემა დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ბერლინს SWIFT-ისგან მოწყვეტილი რუსული ფინანსური ინსტიტუტების სიის გაფართოება და ამ სიაში Sberbank ის დამატება არ სურს. მედიას შოლცის განცხადებაც მოჰყავს, რომლის თანახმად, გერმანიის კანცლერი რუსეთიდან ნავთობის და გაზის მიწოდების შეწყვეტის წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ ამას „არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპული ეკონომიკისთვის. შეგახსენებთ, 9 მარტს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანია გააკრიტიკა. Die Welt-თან ინტერვიუში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანიას მოუწოდა, სიმართლეს გაუსწოროს თვალი, მისცეს უკრაინას იარაღი, დაეხმაროს მას ცის დაცვის უზრუნველყოფაში, ხელი შეუწყოს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას. „ვიდრე ევროპულ უკრაინაში ხალხი იღუპება, თქვენ ძალიან ცოტა გააკეთეთ“, - აღნიშნა კულებამ. შეგახსენებთ, გერმანია უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე უარს აცხადებს. ბერლინს თავშეკავებული პოზიციის გამო, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, მაშინ აკრიტიკებდნენ, როდესაც საქმე ეხებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. ოლაფ შოლცი: უკრაინას ყველა ტიპის თავდაცვითი მასალა გადავეცით და იარაღი გავაგზავნეთ
ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს, Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, მაკრონმა და შოლცმა ასევე განუცხადეს პუტინს, რომ გამოსავალი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების გზით უნდა მოიძებნოს, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „სამივე ლიდერი შეთანხმდა, რომ უახლოეს დღეებში მჭიდრო კონტაქტს შეინარჩუნებენ“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მაკრონი: არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ომში მყოფ ქვეყანასთან გავხსნათ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უსამართლობა იქნება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის კარის დახურვა, მაგრამ ბლოკი ვერ გახსნის გაწევრიანების პროცედურას ომში მყოფ ქვეყანასთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც ვერსალში ევროკავშირის ლიდერების სამიტს მასპინძლობს, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ომი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას სრულიად განაახლებს. საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ოფიციალურად განაცხადეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე გასულ კვირას, რადგან ისინი ცდილობენ, გააღრმაონ კავშირები დასავლეთთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. თუმცა, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებებს ჩვეულებრივ ათწლეული ან მეტი სჭირდება და მოიცავს ფართო შიდა ეკონომიკურ, სასამართლო და პოლიტიკურ მოთხოვნებს. „სამმა ქვეყანამ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ, ოფიციალური განაცხადი გააკეთეს. რასაც დღეს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი სიგნალი უნდა გავუგზავნოთ უკრაინასა და უკრაინელებს. ამავდროულად, საჭიროა, ყურადღებით ვიყოთ. შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა გავხსნათ ომში მყოფ ქვეყანასთან? არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია. შეგვიძლია თუ არა კარი დავხუროთ და ვთქვათ - არასდროს? ეს უსამართლობა იქნება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. სამიტის წინ, ვერსალში გაკეთებული განცხადების დროს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ასევე უარყო უკრაინის მოწოდება ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესახებ.„არ არსებობს გაწევრიანების სწრაფი ტემპი, ასეთი რამ არ არსებობს”, - განაცხადა მარკ რუტემ. ცნობისთვის, 10 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საფრანგეთში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხს განიხილავენ. მიშელის თქმით, საუბარი ასევე იქნება ევროპის მხრიდან, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაზე. „ჩვენ, დღეს და ხვალ გვაქვს სტრატეგიული სამიტი, რადგან ჩვენი ამოცანაა, დავადგინოთ, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ერთად, რომ ევროკავშირი იყოს უფრო მტკიცე და ნაკლებად დამოკიდებული რუსულ გაზზე. ახლა არის ძალიან რთული მომენტი, რადგან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და განვიხილავთ ამ სიტუაციის ყველა შედეგს. ამასთან, ჩვენ მივუახლოვდით ევროკავშირის გაფართოების პროცესის განხილვას, რადგან უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირში განაცხადის წარდგენაზე. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს საქართველომ და მოლდოვამ, რის შესახებაც განხილვა იქნება", - განაცხადა შარლ მიშელმა.
ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა-მარია ლიმეცმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა დროებით შეჩერებულია. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძირითადად ეხება ახალ ვიზებს, ვიდრე არ დასრულდება რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში. გამონაკლისი გავრცელდება მხოლოდ ჰუმანიტარული, სამედიცინო ან ოჯახური გარემოებებიდან გამოწვეულ ვიზიტებზე. „ესტონეთი აღარ გასცემს ახალ C და D კატეგორიის (ტურისტულ) ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შემაკავებელი ზომები ამ რეგიონში იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე, რადგან ევროპაში არსებული სიტუაცია შეიცვალა“, - განაცხადა ესტონელმა დიპლომატმა.
აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, $50 მილიარდს გამოუყოფს
აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით, $50 მილიარდს გამოუყოფს. სიახლის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან ერთობლივ ბრიფინგზე, პოლონეთში გამოაცხადა. ეს დამატებითი დახმარება მოიცავს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოს გადაუდებელი სასურსათო დახმარება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული ასობით ათასი ადამიანის გადაუდებელი საჭიროებებისთვის, მათ შორის ადამიანების, რომლებიც დევნილები არიან თავიანთი სახლებიდან და კვეთენ საზღვარს უკრაინის გარეთ. გარდა ამისა, ის მხარს დაუჭერს WFP-ის ლოგისტიკურ ოპერაციებს უკრაინაში დახმარების გადასატანად, მათ შორის კიევში მცხოვრებთათვის. შეახსენებთ, 9 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდა. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ. „ვაპირებთ, გავაგრძელოთ მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ კონგრესს, მიიღოს $12-მილიარდიანი პაკეტი უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერას, ასევე, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს.
ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული
უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-16 დღეს, ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული. ბელორუსის არაერთი ინსტიტუტი ასევე მოხვდა ევროკავშირის შავ სიაში. ბოლოს, ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა. მათ შორის, შავ სიაში არიან OAO TMK-ის მფლობელი, დიმიტრი პამპიანსკი და სახელმწიფო ავიაკომპანია Aeroflot-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიხაილ პოლუბოარინოვი. ევროკავშირის „შავ სიაში“ მოხვედრილი შვიდი რუსი ოლიგარქის საერთო პირადი კაპიტალი, დაახლოებით, $20 მილიარდს შეადგენს. გარდა ამისა, სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა რომან აბრამოვიჩს, ოლეგ დერიპასკას, კიდევ რამდენიმე ცნობილ რუს ბიზნესმენსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების ხელმძღვანელებს. სანქცირებულთა სიაში არიან Rosneft-ის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მილერი, Transneft-ის პრეზიდენტი ნიკოლაი ტოკარევი, ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი და ბანკ „როსიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ლებედევი. სანქცირებულებს აეკრძალათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, მათი აქტივები კი, გაიყინა. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე 9 მარტს გამოაცხადა. ამასთან, დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს. ამავე თემაზე დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი მილიარდერის სტატუსს კარგავს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა
პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მიიღო წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას და ისინი სთხოვენ, შეწყვიტოს შიმშილობა. მისივე თქმით, იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგან. „მოვლენები ვითარდება ზუსტად ისე, როგორც წლების წინ ვიწინასწარმეტყველე. რუსეთის იმპერია სულს ღაფავს ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქის, კიევის მისადგომებთან. გმირი უკრაინელი ხალხი, მთავარსარდალ ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით, ამ ეპოქალურ ომს იგებს. მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლება. კიევი საქართველოსთვის ახალი კონსტანტინოპოლი და ამჟამად, თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია და ის აუცილებლად გაუძლებს. ამ სიტუაციაში, ჩვენ, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა და მომზადება. იმ დროისთვის, როცა სიმართლის მომენტი დადგება, ჩემთვის სოხუმის მშვიდობიანი დაბრუნების გზა გადის კიევზე, საქართველოს გათავისუფლება და აყვავება გადის კიევზე. ახლა ჩვენ გვჭირდება არა დასუსტება, არამედ ძალის მოკრება, რომელიც მალე ძალიან გამოგვადგება. ეს შემეხება მეც. მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო ბრძოლაში. იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგან, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ. ამიტომ, მე-20 დღეს მე შევწყვეტ შიმშილობას. ახლა გვჭირდება საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად. ჩვენ გამარჯვებას სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ!" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მის Facebook გვერდზე გავრცელდა. ამავე თემაზე პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა
ლიეტუვის პრეზიდენტი: ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“
ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“, - ასე გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ვერსალში ევროკავშირის გუშინდელ სამიტს. „ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენზე და უკრაინელებზეა დამოკიდებული, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. გმირმა უკრაინელმა ერმა უნდა იცოდეს, რომ მათ მიესალმებიან ევროკავშირში“, – წერს გიტანას ნაუსედა „ტვიტერზე“. ასევე წაიკითხეთ: გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ იქნება - CNN მაკრონი: არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ომში მყოფ ქვეყანასთან გავხსნათ
კელი დეგნანი პანკისში, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა
პანკისში ვიზიტისას ელჩი კელი დეგნანი ადგილობრივი თემის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა, რათა მოესმინა მათი მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, მათ მიღწევებზე, წარმატებასა და გამოწვევებზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დადებითი და გრძელვადიანი გავლენა, რაც პანკისის მოსახლეობის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოაქვს. „ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლობის ოფისებმა და სააგენტოებმა მიზნად დაისახა ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა განსაკუთრებული აქცენტით არასაკმარისად უზრუნველყოფილ ხალხზე. USAID-ის პანკისის საზოგადოების $1.5-მილიონიანი პროგრამა მიმართულია ხალხის გაძლიერებაზე ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირების წახალისებით. სახალხო დიპლომატიის დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამები, როდი სკოტის ფონდის ინგლისური ენის პროგრამები, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ახალგაზრდული პროგრამები და ჩვენი მიმდინარე პარტნიორობა პანკისში რონდელის ფონდთან, წარმოადგენს ჩვენი მისიის სრულმასშტაბიან მიდგომას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თითოეულ რეგიონს და რომლის მეშვეობითაც აშშ-საქართველოს პარტნიორობა მტკიცდება“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 13,6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 13,6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც ცნობილია, თანხიდან 6,5 მილიარდს პენტაგონი გამოიყენებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, დანარჩენი კი, უკრაინისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება. “ჩვენ, უკრაინელებს მილიარდებს ვაძლევთ საკვების, მედიკამენტებისა და თავშესაფრისთვის, ასევე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილის მხარდაჭერისთვის, რომლებსაც უკრაინის დატოვება მოუწიათ. ასევე ისეთი იარაღის გადასაცემად, როგორიცაა, Javelin-ები და Stinger-ები”, - განაცხადა სენატის წარმომადგენელმა ჩაკ შუმერმა. სენატამდე დახმარების პაკეტს მხარი კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა, ახლა კი, მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 873 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 859 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 014 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.12%, ბოლო 14 დღის - 16.83% ხოლო 7 დღის - 14.57%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 198 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 581 376-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 505 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 718 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 228, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 65, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 112, კახეთი - 109, მცხეთა-მთიანეთი - 44, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 536 საიდანაც, 1 695 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 722, აჭარაში - 135, იმერეთში - 340. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 494 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 64, იმერეთში - 97. 33 841 ადამიანი სახლში მკურნალობს.
ბორის ჯონსონი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს
"რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. „ის, რაც ქიმიური იარაღის შესახებ გვესმის, რუსეთის თამაშის წესებში შედის. ისინი იწყებენ საუბარს, რომ ქიმიური იარაღს უკრაინა ან შეერთებული შტატები ინახავენ, რაც სახიფათოა“, - აღნიშნა ჯონსონმა. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს
არჩილ თალაკვაძე: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის მიერ 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულის გამო მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაპატიმრების ორდერის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით. „ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერები გაიცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების იმ ჩინოსანთა მიმართ, რომელთაც პროკურორის მტკიცებით, 2008 წლის ომის დროს მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს და ადამიანების კონვენციური უფლებები დაარღვიეს. ეს ეხება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ტყვედ აყვანას, მათი უფლებების ხელყოფას. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან", - განაცხადა თალაკვაძემ. ასევე წაიკითხეთ: ჰააგის პროკურორმა კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის”, „სტრატეგია აღმაშენებლისა” და “გირჩის” წევრებმა. რეზოლუციის პროექტი 13-პუნქტიანია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, ასევე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.
მაკა ბოჭორიშვილი: ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიდი გამარჯვებაა
"ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიდი გამარჯვებაა", - საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ეს არის ჩვენი დიდი გამარჯვება და დიდი წარმატება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: არჩილ თალაკვაძე: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება