ძებნის რეზულტატი:

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ თუ დამოუკიდებლობა, სახელმწიფო ნამდვილად გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მანამდე იმყოფებოდა სვეტიცხოველში, სადაც შოვში სტიქიის შედეგად და აგვისტოს ომის დროს დაღუპული ადამიანებისთვის ლოცვა აღევლინა. მედიასთან კომენტარის დროს სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოების ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება. „ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი გადაიხადეს რაჭაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის. რომლებიც ჯერ შეიძლება, კიდევ ცოცხლები არიან და შეიძლება, დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, მათთვის ილოცეს. ამავდროულად, ილოცეს 2008 წლის ომში საქართველოსთვის დაღუპულთათვის. ამ ორ ტრაგედიაში, რომელიც ორივე აგვისტოში მოხდა, შეიძლება, ბოლომდე თანხვედრა არ არის. ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა, ასევე განრისხებული ბუნებაც გვებრძვის, რომლის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება. ისეთი განცხადებები ისმის, თუ სოციალურ ქსელში დაწერილი, თუ წამოძახილი, რაც დღეს ჩემთვის მიუღებელია. მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მიუღებელია ქართველისთვის და საქართველოსთვის. ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც იბრძოდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებენ, ჩვენ თუ ეს დამოუკიდებლობა ნამდვილად გვინდა, თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

პოლონეთის საელჩო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას

პოლონეთის საელჩო საქართველოში, რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ მიერ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას,” - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. „15 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და ძალის გამოყენებით, დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა, რასაც მოყვა საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რუსეთი დღემდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში თავისი უკანონო კონტროლის გაძლიერებას, საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესის გაფართოებას და ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ, სისტემატურ დარღვევას, რაც მათ შორის გამოიხატება ეთნიკური დისკრიმინაციით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, უკანონო დაკავებებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე, სამედიცინო დახმარებასა და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით. ამასთან, შემაშფოთებელია ოკუპირებული რეგიონებისა და ადგილობრივი მოსახლეობის შემდგომი ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული ქმედებები, რაც სხვა მიზნებთან ერთად, ხალხთაშორისი მზარდი კავშირებისა და შერიგების პროცესის ხელშეშლას ემსახურება. კვლავ დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე და პასუხისმგებელი პირები. ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას. საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საოკუპაციო ძალის მიერ კვლავ არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულყოფილი შესრულებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებასა და განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საქართველოს მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული, ინტენსიური თანამშრომლობით, განაგრძობს ძალისხმევას ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გამკლავების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემის, დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის, უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვის ჩათვლით. უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მაცხოვრებლებს შეუქმნას სტაბილურ, მშვიდობიან და განვითარებულ საქართველოში ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობები. სწორედ ამიტომ, ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის პირობებშიც კი, საქართველოს მთავრობა მტკიცედ და განუხრელად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას, რაც, დეოკუპაციასთან ერთად, მიმართულია ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დეპოლიტიზირებული დიალოგის გაფართოებისა და ნდობის მშენებლობისკენ, ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვისა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივების შეთავაზებისკენ, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კონტექსტში. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს მხოლოდ დეპოლიტიზებული, სტატუს-ნეიტრალური და ჰუმანიტარული მიდგომით, რომლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა. სამშვიდობო პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პრინციპული და კონსოლიდირებული მხარდაჭერის გაგრძელება, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული ქმედებების აღკვეთისა და ხალხთაშორისი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება და უაღრესად მნიშვნელოვნად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საერთაშორისო პარტნიორების წვლილს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში,” - ნათქვამია განცხადებაში  

მოლდოვის საგარეო უწყება: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. „მოლდოვა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის გარკვეულ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2023 წლის 8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმით: ყოველი კვირის ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია; შაბათს, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია; კვირას, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია. კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,” - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სენატორი რიში: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის და დაუბრუნოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიები

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის და დაუბრუნოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიები.“ „15 წლის წინ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა, მოახდინა ოკუპაცია და დაარღვია ადამიანის უფლებები საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში.“ რუსეთი განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას და ათასობით უდანაშაულო ქართველის დევნას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის და დაუბრუნოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიები,“ - წერს ჯიმ რიში Twitter-ზე. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

მედიის ცნობით, თურქეთის პორტში აფეთქებამ 13 ელევატორი დააზიანა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, დერინჯეს პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, 13 ელევატორი, კი დაზიანდა.   ამის შესახებ კოჯაელის პროვინციის გუბერნატორმა, სედარ იავუზმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.   „ამ დროისთვის შემოწმების შემდეგ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ არავინ არის“, - განაცხადა გუბერნატორმა. მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თურქული მედიის ცნობით, პორტის 30 სილოდან, 13 დაზიანდა.

ოლივერ ვარჰეი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები

ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი აგვისტოს ომთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.   „15 წელი! 2008 წელის აგვისტოში მოხდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. მას შემდეგ საქართველო ცხოვრობს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობის საფრთხის პირობებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“, – წერს ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

კოლონა: რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა აცხადებს, რომ 15 წლის წინ, 7 აგვისტოს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და 15 წლის შემდგომ ის კვლავ წარმოდგენილია ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე, კატრინ კოლონა Twitter-ზე ასევე აზიარებს აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებას. „15 წლის წინ რუსეთმა აწარმოა აგრესიის საშინელი ომი საქართველოს წინააღმდეგ, რითიც დაიწყო სახელმძღვანელო, რომელიც მან მოგვიანებით უკრაინაში გამოიყენა. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყველა ვაკეთებთ ამას,“ – წერს კოლონა. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

ზელენსკი: მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია და რუსი დამპყრობლების დასჯა მოუტანს მშვიდობასა და სტაბილურობას მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მსოფლიოს.“ „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მე-15 წლისთავზე გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას ქართველი ხალხისადმი და ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მსოფლიოს,“ წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

მღებრიშვილის განცხადებით, მომწოდებელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ ერთ ახალ ვერტმფრენს ქვეყანა წლის ბოლოს მიიღებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მომწოდებეულ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გადაწყდა, რომ წლის ბოლოს, დაახლოებით დეკემბერში, საქართველოს ერთი ახალი ვერტმფრენი მიეწოდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ვერტმფრენს რაც უნდა გაეკეთებინა და ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100 პროცენტით არის შესრულებული ყველა ღონისძიება. გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან, გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით, დეკემბრის თვეში. ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება,“ – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან. ირაკლი ღარიბაშვილი ვერტმფრენების შეძენაზე: სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დასრულდეს შეგახსენებთ, სტიქიის მეხუთე დღეს, შოვში დღეს საძიებო ოპერაციის ფარგლებში, დაკარგულები არ უპოვიათ. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.

NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.  „15 წელია, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%, რამაც ათასობით ქართველი დევნილად აქცია. NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან,“ - წერს კოლომინა Twitter-ზე. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

რობერტა მეცოლა: კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროპარლამენტი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას „15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა. კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი. ევროპული პარლამენტი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას,“ – წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

აშშ-მ უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების პირველი პარტიის გაგზავნა ოფიციალურად დაამტკიცა

Abrams-ის ტიპის ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში მიეწოდება. ამის შესახებ შესყიდვის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, დუგლას ბუშმა ჟურნალისტებთან განაცხადა. შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ამ ტანკების პირველი პარტიის გადაცემა ოფიციალურად დაამტკიცა. „ისინი მზად არიან, ახლა უნდა მოხვდნენ ევროპაში, შემდეგ კი უკრაინაში, მათ ასევე მოჰყვება: საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, საწვავის აღჭურვილობა, სარემონტო საშუალებები. ეს არ არის მხოლოდ ტანკები, ეს არის სრული პაკეტი, რომელიც უკრაინას მიეწოდება,“ – აღნიშნა დუგლას ბუშმა. ბუშმა არ დააკონკრეტა, რა რაოდენობის ტანკს მოიცავს პირველი პარტია. ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში განაცხადა, რომ აშშ Abrams-ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემას გეგმავდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინელების წვრთნები მაისში, გერმანიაში დაიწყო.  

პრემიერი: ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ამბობს, რომ რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება. „15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან; დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს - რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის. დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას. ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება; ჩვენ გვამოძრავებს ურყევი რწმენა, რომ მშვიდობიანი, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველო - საუკეთესო პერსპექტივაა ქართველების, ოსების, აფხაზების, ჩვენს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

ზელენსკი: მადლობა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას, თავისუფლება გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ყოველწლიურად, 7 აგვისტოს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ზელენსკი ამბობს, რომ „თავისუფლება გაიმარჯვებს, საქართველო  გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს!"„7 აგვისტო. ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. 15 წელი გავიდა. რუსული ოკუპაცია რჩება - ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება. უკვე ბევრი ითქვა იმაზე, რომ სამყარო გადამწყვეტი რომ ყოფილიყო მაშინ, 2008 წელს, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. მაშინაც კი, რუსეთს უნდა გაეცნობიერებინა, რომ აგრესორი ყველაზე მეტს იხდის აგრესიაში. ახლა აუცილებლად უნდა გესმოდეთ. მან ეს ნამდვილად უნდა გააცნობიეროს ახლა.როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არამხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაფართოებას, არამედ, გადაარჩენს სხვა ქვეყნებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენი გამარჯვება დაასრულებს რუსულ ოკუპაციას.უკრაინელები სოლიდარულები არიან ქართველი ხალხის მიმართ და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას! და განსაკუთრებით მათ, ვინც იბრძვის უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებში! თავისუფლება გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს!" ზელენსკი: მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია და რუსი დამპყრობლების დასჯა მოუტანს მშვიდობასა და სტაბილურობას მსოფლიოს  

მეთიუ მილერი: რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტრადოციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მეთიუ მილერის თქმით, შეერთებული შტატები ამ პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას განაგრძობს. „ვფიქრობ, მკაფიოდ ვთქვით სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. გავაგრძელებთ, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ამ პოლიტიკის მიმართ", - განაცხადა მეთიუ მილერმა. რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე შეკითხვის საპასუხოდ, მილერმა განაცხადა, რომ უკრანაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთვის დაწესებული სანქციები მიმართულია მისი სამხედრო ძალის შესაძლებლობების შესამცირებლად. „სანქციებმა ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკას. მისი სამიზნეა რუსეთის შიგნით არსებული კრიტიკული სექტორები. ამდენად, ვფიქრობ, რუსეთისთვის  პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ გადადგმული ძლიერი ნაბიჯების ჩამონათვალი არსებობს," აღნიშნა მეთიულ მილერმა. ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ზელენკის „მშვიდობის ფორმულა“ საქართველოსაც მიესადაგება, რაზეც სპიკერმა უპასუხა, რომ მას არ სურს ორი სხვადასხვა სიტუაციის მქონე ქვეყნის შედარება. შეგახსენებთ, 2008 წლის აგგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.  15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს შემუშავებული სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა, რამაც უნდა მიიყვანოს ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე

„ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს,“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. „ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ამ ოკუპაციის დასრულება, ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი აგრესორი იყო ეს ჩვენ დიდი ხანია, ვოცოდით და ვიცით, მთელმა მსოფლიომ იცის. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა, რამაც უნდა მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე და ქვეყნის საბოლოო გამთლიანებამდე, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს. ჩვენ ყოველ დღე ამ დიდ მიზანს ვუახლოვდებით. მე კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ყველას ამ დიდ ტრაგედიას. ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნა იყოს და ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე,“ - განაცხადა პრემიერმა.  

ISW-ს შეფასებით, საუდის არაბეთის სამიტმა ჩინეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება გააძლიერა

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინის საკითხზე საუდის არაბეთში ჩატარებულმა მოლაპარაკებებმა, ომის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება გააძლიერა. შეფასებაში მოყვანილია Financial Times-ის ცნობა, რომ შეხვედრაზე ჩინეთის წარმომადგენლები „კონსტრუქციულები“ იყვნენ და „იმის დადასტურებას ცდილობდნენ, რომ ჩინეთი რუსეთი არ არის.“ ამავე გამოცემას ასევე მოჰყავს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ევროპელი დიპლომატის სიტყვები, რომლის განცხადებით, „ის რომ, ჩინეთი ამ მოლაპარაკებებს ესწრებოდა, ადასტურებს, რომ რუსეთი უფრო და უფრო იზოლირებული ხდება.“ მედია აწევე წერს, რომ ჩინეთის დელეგაციამ მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზაობა გამოთქვა, რომელზეც, დიდი ალბათობით, რუსეთი მიწვეული ისევ არ იქნება. 5-6 აგვისტოს, საუდის არაბეთში ორდღიანი სამიტი გაიმართა, რომლის დროსაც 42 ქვეყნის წარმომადგენლები ომის მშვიდობიანად დასრულების გზებს განიხილავდნენ. მაიკლ კარპენტერი: „გლობალური სამხრეთის“ ბევრი ქვეყანა სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს რუსეთის განზრახვებს  

Reuters-ის ცნობით, აშშ უკრაინას დამატებით, $200 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს. სააგენტოს ინფორმაიით, აშშ 6,2 მილიარდი დოლარის დაფინანსების ეტაპობრივად გამოყოფას იწყებს მას შემდეგ, რაც პენტაგონმა სააღრიცხვო შეცდომა დააფიქსირა. Reuters-ის ცნობით, უკრაინას სჭირდება შეიარაღება, რომლის გაგზავნაც აშშ-ის მარაგებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში იქნება შესაძლებელი. სააგენტო წერს, რომ სააღრიცხვო შეცდომამ კიევის სასარგებლოდ იმუშავა, რადგან ახალ მეტი აღჭურვილობის გაგზავნა შესაძლებელია. პენტაგონის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ივნისში განაცხადა, რომ სააღრიცხვო შეცდომის დეტალურად გაანალიზების შედეგად, მიმდინარე ფისკალურ წელს დაფიქსირებული შეცდომის დროს, 3.6 მილიარდი დოლარით, ხოლო გასულ ფისკალურ წელს $2.6 მილიარდით ზედმეტი თანხა გამოიყო.