ძებნის რეზულტატი:
თავდაცვის მინისტრმა კელი დეგნანს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ კელი დეგნანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში მრავალმხრივი, მჭიდრო და განგრძობითი თანამშრომლობა და ამ პროცესში კელი დეგნანის მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა ამერიკული მხარის ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტები შეაჯამეს და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს; ყურადღება გამახვილდა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე, ასევე ორმხრივ და მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებზე,“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ალან პერსელი, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოში მიმდინარე წლის ივნისიდან მუშაობს. ვინ არის ამერიკის ახალი ელჩი, რობინ დანიგენი, რომელიც კელი დეგნანს შეცვლის
ირაკლი ქარსელაძე: დაიწყო მეორე დროებითი ხიდის მოწყობა და გაიჭრა მჟავე წყლებთან მისასვლელი გზა
რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაწყებულია ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136 კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი - „სარმის ხიდის“ აწყობა-მონტაჟის სამუშაო. უწყება განმარტავს, რომ კურორტ შოვთან განვითარებულმა სტიქიამ ორი ხიდი დააზიანა. ერთი დროებითი ხიდის მოწყობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ამჟამად, კი დაიწყო მეორე - „სარმის ხიდის“ მონტაჟი. განახლება: მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ დროებითი ხიდი, რომელზეც საუბრობდა, შოვში, სტიქიამდე იყო მოწყობილი. „სტიქიის შედეგად, ორი ხიდი იყო წაღებული. ერთი ხიდი, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო, შესაბამისი გეგმის მიხედვით, იმ ვადაში დამონტაჟდა, რამაც სწორედ მოგვცა შესაძლებლობა, რომ სტიქიის ზონაში და ეპიცენტრის არეალში უკვე ის დიდი რაოდენობის ტექნიკა ყოფილიყო გადაყვანილი, რომელიც გადაყვანილია და ეხმარება ცოცხალ ძალას. ახლა მონტაჟდება მეორე ხიდი და ეს ამოცანაც შესრულებული იქნება,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. მისი თქმით, გარდა ხიდებისა, სტიქიის ზონაში გაჭრილია ალტერნატიული გზა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიის დამუშავება დაწყებულიყო. „გარდა ამისა, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალტერნატიული გზის გაჭრა, რომელმაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან არეალთან, კერძოდ მჟავე წყლებთან მიახლოების და უკვე მჟავე წყლებიდან მდინარის ფონით გადავედით ჩვენ საპირისპირო მხარეს. სწორედ ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მდინარე რომელიც მჟავე წყლების ტერიტორიაზე მიედინებოდა, თავის ნამდვილ კალაპოტში დაგვებრუნებინა და აქედან გამომდინარე, უკვე მჟავე წყლების არეალის დამუშავება გახდა შესაძლებელი,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. სამინისტროს მიერ Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. ადგილზე იმყოფება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ტექნიკის საშუალებით, შველა-ძიების სამუშაოები, მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 9 პრიორიტეტულ მდებარეობაზე. გაფართოვდა სამუშაო არეალიც. „კალაპოტიდან მოვახერხეთ მისვლა კოტეჯების სასადილოსთან და შესაბამისად ამ არეალის დამუშავება უკვე შესაძლებელია. ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურ რეჟიმში იმატებს, მეტი მისასვლელი და მეტი შესაძლებლობა ჩნდება და შესაბამისად, დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას მნიშვნელოვნად ეხმარება,“ - ამბობს ირაკლი ქარსელაძე. „ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი სირთულე არის სამუშაო პირობები, რომელიც უკავშირდება უშუალოდ იმ მასას, მის შემადგენლობას, რომელიც ძალიან რთულად ექვემდებარება დამუშავებას. რა თქმა უნდა, გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში სამუშაოები, მაშველების, ჯარის და მძიმე ტექნიკის ჩართულობით, ნამდვილად უნდა ითქვას, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, რაც ამ სამუშაოებში ჩართული ადამიანების დამსახურებაა. ეს იქნება თითოეული მაშველი, სამხედრო, მძიმე ტექნიკის ოპერატორი თუ ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები. ანუ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ჩართული არის და ის მაქსიმუმი არის წარმოდგენილი, რისი გაკეთებაც ამ პირობებში საერთოდ არის შესაძლებელი,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. სტიქია შოვში - განახლებადი შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. დღეს ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
თოყაევის თქმით, ყაზახეთი ახალ ეკონომიკურ მოდელზე უნდა გადავიდეს
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა ახალ მოდელზე უნდა გადავიდეს. ყასიმ ჟომართ-თოყაევმა განაცხადა, რომ ამ გეგმის შემუშავებაზე ფიქრობს. „სერიოზული იმპულსია საჭირო ყაზახეთის ეკონომიკური განვითარებისთვის სრულიად ახალ ეტაპზე გადასასვლელად. დადგება კრიტიკული ისტორიული მომენტი და ყაზახეთის ეკონომიკა ვეღარ დარჩება დღევანდელ მდგომარეობაში. ეს ეჭვგარეშეა. ჩემი ღრმა რწმენით, ასეა. პირველ რიგში, მთავრობის ამოცანაა შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა. მეორეც, ეს არის გარანტია იმისა, რომ ამ წინადადებების მიხედვით მომზადებული გეგმები განხორციელდება. არ უარვყოფ, რომ მე პირადად ვფიქრობ ახალი ეკონომიკური მოდელის შემუშავებასა და მომზადებაზე,“ - განაცხადა თოყაევმა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ადგილობრივი ეკონომისტები გააკრიტიკა. „მჯერა, რომ ისინი არ აკეთებენ საკმარისს, აკლიათ კრეატიულობა, ვერ აცნობიერებენ ჩვენს და ზოგადად სახელმწიფოს წინაშე არსებულ ამოცანებს,” - განაცხადა თოყაევმა. მისი თქმით, ხალხი ყველაზე აქტუალური საკითხების კონკრეტულ გადაწყვეტას ითხოვს „ადამიანების ცხოვრების წესიერი დონის უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ჩვენს კონცეპტუალურ ხედვასთან, რომელიც კარდინალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს,“ - განაცხადა თოყაევმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით პავლოდარის მხარეში ჩავიდა. პრეზიდენტმა თბოსადგური დაათვალიერა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოს გაეცნო. მან თბოსადგურის მუშაობის დროული აღდგენა მოითხოვა.
დიდმა ბრიტანეთმა უზბეკეთის ექსპრეზიდენტის შვილს $25,4 მილიონის ქონება ჩამოართვა
უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილს, გულნარა ქარიმოვას დიდ ბრიტანეთში ქონება ჩამოერთვა. ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, ეს არის ორი ბინა ბელგრავიაში და სასახლე სურეიში. თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო ბიუროს ცნობით, ლონდონის სასამართლომ აღიარა, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით იყო შეძენილი. უწყებამ სარჩელი ქარიმოვას ბრიტანული აქტივების ჩამორთმევის შესახებ, 2018 წლის ოქტომბერში შეიტანა. დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ეს სარჩელი 8 აგვისტოს დააკმაყოფილა. ჩამორთმეული ქონების ღირებულება 20 მილიონ ფუნტზე მეტს (25,4 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს. სააგენტოს ცნობით, ქარიმოვამ 2004-2012 წლებში სატელეკომუნიკაციო კომპანიებისგან ასობით მილიონი დოლარის ქრთამი მიიღო უზბეკეთის ბაზარზე შესვლის სანაცვლოდ. ტაშკენტის საქალაქო სასამართლომ გულნარა ქარიმოვას 2020 წლის მარტში 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ახლა უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი სასჯელს კოლონიაში იხდის. ზოგიერთი წყაროს ცნობით, გულნარა ქარიმოვა უზბეკეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლებოდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა ამბიციები, მამის მემკვიდრე გამხდარიყო. შვეიცარიაში, საფრანგეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, გულნარა ქარიმოვას ქონება თითქმის 1,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. „უზბეკეთის მთავრობა ცდილობს მათი ნაწილის დაბრუნებას,“ - იუწყება თავის მხრივ, რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური. გულნარა ქარიმოვა უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის უფროსი ქალიშვილია. 2015 წელს, სანამ მამამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ქალს კორუფციის ბრალდებით, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ლიეტუვის საგარეო უწყებამ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახა
დღეს, 9 აგვისტოს რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას გადაეცა ნოტა, რომელშიც გამოხატული იყო მწვავე პროტესტი რუსეთის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დიპლომატებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო ქონების მართვის ფედერალურმა სააგენტომ, მოსკოვში დიპლომატიური მისიის კულტურულ ცენტრში შეზღუდა შესვლა. შეხვედრის დროს რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს განემარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენცია ადგენს, რომ მისიების მიერ მათი საქმიანობისთვის გამოყენებული შენობები ხელშეუხებელია. მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები ხსენებულ შენობებში ვერ შედიან მისიის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვაში რუსეთს ელჩი არ ჰყავს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონის შემცირება გადაწყვიტა და რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება გასული წლის აპრილში, კიევის რეგიონში რუსული სისასტიკის გამოვლენის შემდეგ უბრძანა.
ლატვია უკრაინის უსაფრთხოების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა
ლატვია უკრაინის უსაფრთხოების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. „ლატვია უერთდება უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ ველით დროებით საერთაშორისო ტრიბუნალს რუსეთის აგრესიის გამო,“ - წერს ლატვიის პრემიერი კრიშიანის კარიში. რომელი ქვეყნები უერთდებიან „უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ დეკლარაციას“ ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს. დოკუმენტს მიღების შემდეგ, 10-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა.
ლატვია რუსეთთან და ბელორუსთან საზღვარზე უსაფრთხოებას აძლიერებს
11 აგვისტოდან ლატვია გააძლიერებს უსაფრთხოებას ლუძის, კრასლავის, აუგსდაუგავისა და დაუგავპილსის რეგიონების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთსა და ბელორუსს ესაზღვრება. ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ლიეტუვამ და პოლონეთმა ბელორუსიდან მიიღეს ინფორმაცია საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევების შესახებ. 2023 წლის იანვრიდან, ლატვიაში ჰუმანიტარული მიზნებით, 282 ადამიანი შევიდა, მათ შორის 117 ბავშვი. ევროკავშირმა 2012 წელს მიგრაციულ კრიზისში ბელორუსის ხელისუფლება დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბელორუსის სამართალდამცავმა უწყებებმა არამხოლოდ ვერ შეაჩერეს არალეგალი მიგრანტები, არამედ განზრახ შეუწყვეს მას ხელი. მიგრანტთა კრიზისის გამო, ლიეტუვამ და ლატვიამ ბელორუსის მოსაზღვრე ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ლიეტუვამ და პოლონეთმა საზღვარზე ღობეებიც ააშენეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. ბოლოს ცნობებით, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე დამატებით, 2000 სამხედროს გზავნის.
აშშ-მ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
ბელორუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა მინსკის წინააღმდეგ სანქციების სიას კიდევ რვა ფიზიკური და ხუთი სუბიექტი დაუმატა. განაცხადა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა 9 აგვიტოს. როგორც ცნობილია, „შავ სიას“ ასევე დაემატა ბელორუსის ეროვნული ავიაკომპანია „ბელავია“, ბელორუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტი და მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა. „ბელავიას“ წინააღმდეგ უფრო ადრე ევროკავშირმა დააწესა სანქციები მინსკის აეროპორტში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსის ხელისუფლებამ ოპოზიციონერი რამან პრატასევიჩის დასაპატიმრებლად მოაწყო. 2020 წლის კენჭისყრაში გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. არჩევნების შედეგებს ევროკავშირი და აშშ არ ცნობენ. ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. ხაზინის დეპარტამენტის განმარტებით, სანქციების სამიზნეები მონაწილეობენ ბელორუსის რეჟიმის რეპრესიებში და უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ომს უჭერენ მხარს.
ილია მეორე რომის პაპს: დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რომის პაპს ფრანცისკეს მადლობის წერილს უგზავნის. „თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენც დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც 2023 წლის ლისაბონის მსოფლიო ახალგაზრდების დღის მონაწილეთადმი თქვენს მიმართვაში გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების და მის მსხვერპლთა გამო. თქვენი გამორჩეული მზრუნველობა და სიყვარული ჩვენი ქვეყნისა ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის მაგალითია. შევთხოვ უფალს, არ მოგაკლოთ თვისი შემწეობა და მფარველობა. დიდი პატივისცემით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა,“ - ნათქვამია წერილში. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. დღეს ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
პოლონეთი ბელორუსთან სარკინიგზო კავშირის შეწყვეტას განიხილავს - მედია
პოლონეთმა შესაძლოა, ბელორუსთან სარკინიგზო კავშირი შეწყვიტოს. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაციეი ვაშიკმა, განაცხადა, რომ თუ ბელორუსი თავს ექსტრემალური ქმედებების“ უფლებას მისცემს“, შესაძლოა, პოლონეთმაც და ლიეტუვამაც ერთდროულად დაკეტონ საზღვრები ბელორუსთან. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ რკინიგზის შეჩერებაზეც საუბრობენ. როგორც მედია წერს, აკრძალვა მნიშვნელოვნად იმოქმედებს სხვადასხვა საქონლის, მათ შორის ჩინური პროდუქციის ტრანსპორტირებაზე. „ვფიქრობ, ჩინელებს მოუწევთ სწორი სიგნალი გაუგზავნონ ლუკაშენკოს (ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს - რედ.), რათა მან არ მიიღოს ზომები, რომლითაც ქვეყანა დაზარალდება,“ - განაცხადა მინისტრმა. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. ბოლო ცნობებით, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე დამატებით, 2000 სამხედროს გზავნის. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 9 აგვისტოს აშშ-მ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
მედიის ცნობით, მოსკოვის ოლქში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა
მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ-პოსადში, ოპტიკურ-ტექნიკური ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. მედია ასევე წერს, რომ ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, 5 ადამიანი იმყოფებოდეს. როგორც ცნობილია, ოთხშაბათს მოსკოვის ოლქში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, აფეთქება პიროტექნიკური ნაწარმის საწყობში მოხდა. ქარხნის ყველა შენობაში და სახელოსნოში, ასევე, მიმდებარე საბავშვო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სატელიტური მონაცემები შოვის სტიქიაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად შეფასებას ამყარებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სააგენტოს მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ პირველად შეფასებაში მოცემული დასკვნები გაიმეორა დაგანაცხადა, რომ სატელიტური მონაცემები ამყარებს მოსაზრებას, რომ ხეობაში სტიქიის განვითარებამდე წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონდა. რამ გამოიწვია სტიქია - გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება თანდაშვილის თქმით, რამდენიმე მოვლენათა ერთობლიობა ერთმანეთს დაემთხვა და საბოლოო ჯამში გამოიწვია სტიქიის ის მასშტაბი, რაც მოხდა შოვში. დღესვე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სატელიტური სურათები გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით, 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. „დღეს ჩვენ გვინდა საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ მოცემულობას, რაც პირველად დასკვნაში იყო მოცემული. მოქალაქეებისთვის გასაგები, რომ იყოს, დაახლოებით ნახევარი მილიონი კუბური მეტრის კლდეზვაური მასა მოწყდა ბუბისწყლის ხეობიდან, რომელიც 1.5 ჰექტარ ფართობზე იყო გაშლილი. დაახლოებით, 62 ჰექტარი ყინულოვანი მასა წამოიღო მოწყვეტის შედეგად და გამოიარა მთლიანად ხეობა ძალიან დიდი სისწრაფით. გამოტანილია სატელიტური მონაცემები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისგან მივიღეთ. ეს მონაცემები ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ხეობაში სტიქიის განვითარებამდე წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონდა. არც სტიქიამდე და არც სტიქიის პროცესში არ ფიქსირდებოდა წყლის დონის კლება. სატელიტურ მონაცემებში ჩანს, რომ არ იყო წყლის მასის და ტბის დაგუბება, ეს იყო კლდეზვავური მასის მყისიერი ჩამოშლა, ნახევარი მილიონი კუბური მასა დაეჯახა მყინვარულ მასას, რის გამოც გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა კურორტ შოვში, უმოკლეს ვადებში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი სტიქიური მოვლენის განვითარებასთან, საქმე გვაქვს კომპლექსურ პროცესებთან. რამდენიმე მოვლენათა ერთობლიობა ერთმანეთს დაემთხვა და საბოლოო ჯამში მივიღეთ სტიქიის ის მასშტაბი, რაც ერთად ვნახეთ“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპლექსური სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება შეუძლებელია. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების ადრეულად პროგნოზირების 200 სადგური არსებობს, ხოლო 100 დამონტაჟება მიმდინარეობს. „სახელმწიფომ 2014 წლიდან, ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება მოიცავს შესაბამისი ტიპის სადგურების, მოწყობილობების დაყენებას, რომლებიც ჩვენს სინოპტიკოსებს, შესაბამის სპეციალისტებს ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების ადრეულად პროგნოზირების საშუალებას აძლევს. ასეთი ტიპის არაერთი სადგური განთავსდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დღესდღეობით 200 სადგურია, 100 სადგურის დამონტაჟება მიმდინარეობს. როცა ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მინდა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდეს და მაქსიმალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია. პირველადი დასკვნა და ის ინფორმაცია, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა, დამატებით დასტურდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციებით, ამიტომ ყველა სპეციალისტს, რომელმაც იცის როგორ კეთდება ასეთი დასკვნები, ვთხოვ, რომ საზოგადოებას წინასწარ ნუ შევიყვანთ შეცდომაში. ნუ გავავრცელებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც კიდევ უფრო ააღელვებს საზოგადოებას,“ – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა. დღეს ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
წალენჯიხის მერიის ცნობით, მუჟავის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ მუჟავის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა. შესაბამის ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება, ამან კი შესაძლოა, ძლიერი წვიმის დროს წყალდიდობა გამოიწვიოს. „აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის დაუწყება, რათა მოხდეს დროული რეაგირება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს იღებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საკითხის შესასწავლად და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი, რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და დააუწყა თვითმმართველობა, რათა კოორდინირებულად მოხდეს საქმის შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება,” - ნათქვამია ინფორმაციაში. განახლება: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარე ტებენეს ხეობაში არსებული ვითარება შეისწავლეს და ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია. გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ დასკვნა მზადდება. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავის ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიგო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. მზადდება ოფიციალური დასკვნა. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისთვის, საფრთხის დონე დაბალია. მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ, 8 აგვისტოს გაავრცელა, მომხდარზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართო. სააგენტოს წარმომადგენლები ინფორმაციის გავრცელების მეორე დღესვე ავიდნენ ხეობაში," - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გერმანიამ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი გამშვები გადასცა
გერმანიამ უკრაინას გადასცა სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორ გამშვებს, უპილოტო საფრენი აპარატებს, მანქანებს და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სამხედრო დახმარების განახლებული სია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა. ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე თავისი სარაკეტო და უპილოტო დარტყმები გააძლიერა, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა დასავლეთს საჰაერო თავდაცვის უფრო მეტად გაძლიერების მოწოდებით მიმართეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას 10-დან 12-მდე Patriot-ის სისტემა სჭირდება, რომ ქვეყანა მთლიანად დაიცვას.
გუბერნატორის თქმით, რუსეთის ბელგოროდის ოლქში ხუთი ჭურვი აფეთქდა
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის სოფელ გორკოვსკის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფლის ცენტრში, სკოლის მახლობლად, ხუთი ჭურვი აფეთქდა, ერთ-ერთ ქუჩაზე კი, ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა. დაზიანებულია სახლების სახურავები, ფასადები, ზოგიერთში ჩამტვრეულია მინები. ბელგოროდის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ შებეკინოს რაიონის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა. მისივე ცნობით, საჰაერო სამიზნე ქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს. გლადკოვმა დაბომბვაში უკრაინა დაადანაშაულა. კიევი თავდასხმაში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონების ხელისუფლებები დაბომბვების შესახებ იუწყებიან.
რუსეთის ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად, ზაპოროჟიეში ორი ადამიანი დაიღუპა
რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრი ავრცელებს. თავის მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, „მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.“ „ზაპოროჟიე. რუსი ტერორისტების კიდევ ერთი დარტყმა. ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ახლობლებს… და რუსეთს ამ სამხედრო დანაშაულისთვის აუციებლად მიეზღვება. რუსი ტერორისტებისთვის პასუხი ფრონტზე იქნება - ჩვენი გმირი მებრძოლების წყალობით,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე. საჰაერო თავდასხმის სირენა ოლქში დაახლოებით 19:45 საათზე ჩაირთო. ცოტა ხნის შემდეგ ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური მალაშკომ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ რუსეთის ძალებმა ქალაქის შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე ეკლესიასა და მაღაზიებს დაარტყეს. აფეთქებამ ასევე დააზიანა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობის ფანჯრები. მალაშკოს თქმით, დარტყმის შედეგად რამდენიმე მცხოვრები დაიჭრა და მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. განახლება: უკრაინის შს მინისტრმა დააზუსტა, რომ დაშავებულია შვიდი ადამიანი.
გერმანიამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოფიცერი დააკავა
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ოთხშაბათს დააკავა ბუნდესვერის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები) ოფიცერი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ცნობით, 2023 წლის მაისში ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის გენერალურ საკონსულოს ბონში და რუსეთის საელჩოს ბერლინში, თანამშრომლობის წინადადებით რამდენჯერმე მიმართა. ოთხშაბათს გერმანიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერი გასცა. გარდა ამისა, გერმანიის კრიმინალური პოლიციის გამომძიებლებმა ბრალდებულის ბინასა და სამუშაო ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს. „გამოძიება ჩატარდა ფედერალურ სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურთან და კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით,“ - ნათქვამია გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადებაში. Reuters-ი წერს, რომ გერმანია, რომელიც უკრაინის სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, რუსული ჯაშუშური ოპერაციების მთავარი სამიზნეა. ამ სახის საფრთხე მასშტაბური გახდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
აფეთქებას რუსეთის ქალაქ დომოდედოვოში ხანძარი მოჰყვა - მედია
10 აგვისტოს ღამით, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Telegram არხი Astra იტყობინება. თვითმხილველებმა ქალაქ დომოდედოვოში ორი აფეთქების ხმა გაიგეს, რასაც ხანძარი მოჰყვა. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა. მოსკოვის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ცეცხლი ავტოსსერვისს გაუჩნდა. ხანძარმა 1000 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. ომის მომხრე ბლოგერი ვლადისლავ პოზდნიაკოვი თავის Telegram არხზე წერს, რომ დომოდედოვოს, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს. მოგვიანებით, განაცხადა, რომ სხვა ვერსიით, ხანძრის მიზეზი გაზის ბალონების აფეთქება გახდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილიტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომელიც დედაქალაქისკენ მიემართებოდა. რუსეთის თავდაცვის ცნობით, ერთი დრონი კალუგის ოლქში, მეორე კი - ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. მოსკოვის მერი 9 აგვისტოსაც აცხადებდა, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს. 30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა. რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
CNN-ის ცნობით, იუტაში ბაიდენის ვიზიტის წინ, კაცმა პრეზიდენტის მიმართ მუქარის შემცველი გზავნილები გამოაქვეყნა
CNN-ის ინფორმაციით, FBI-ს თანამშრომლებმა იუტაში მცხოვრებ კაცს მაშინ ესროლეს, როდესაც ის დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა. მედიის ცნობით, კაცმა სამართალდამცველებს იარაღი დაუმიზნა. მედია სამართალდამცვავ ორგანოში მყოფ წყაროზე დაყრდობით წერს, რომ კრეიგ რობერტსონს სნაიპერული შაშხანა და რამდენიმე სხვა ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, კრეიგ რობერტსონმა ჯო ბაიდენის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი პრეზიდენტის იუტაში დაგეგმილი ვიზიტის წინ გამოაქვეყნა. რობერტსონი, ბოლო თვეების განმავლობაში, ასევე აქვეყნებდა ონლაინ მუქარებს სხვა დემოკრატი პოლიტიკოსების და იმ პროკურორების მიმართაც, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში FBI-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ FBI სერიოზულად ეკიდება ყველა ინციდენტს, რომელშიც მისი აგენტები მონაწილეობენ. შესაბამისად, სროლის ინციდენტს FBI-ს ინსპექტირების სამმართველო განიხილავს.
ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი მოკლეს
BBC-ის ცნობით, ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს. ეროვნული ასამბლეის წევრს, 59 წლის ფერნანდო ვილავიჩენსიოს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ქალაქ კიტოში ღონისძიებას ტოვებდა. მისი გუნდის წევრმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ფერნანდო ვილავიჩენსიო ავტომობილში ჯდებოდა, როცა კაცი წინ გადაუდგა და თავში ესროლა. დაღუპულია თავად ეჭვმიტანილიც, რომელიც დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ორხმრივი სროლის დროს დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ეკვადორის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, გილერმო ლასომ პირობა დადო, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ფერნანდო ვილავიჩენსიოს საპრეზიდენტო კამპანია უსაფრთხოებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მას და მის გუნდს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ბანდის ლიდერი ემუქრებოდა. ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 აგვისტოს უნდა გაიმართოს.