ძებნის რეზულტატი:

სტიქიის ზონაში ქალის ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის, სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაკარგულთა ძებნა გრძელდება.  

SBU-ს განცხადებით, დააკავეს რუსი ინფორმატორი ქალი, რომელიც მიკოლაივის რეგიონში ზელენსკის ვიზიტის დროს, საჰაერო თავდასხმას ამზადებდა

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დააკავეს რუსი ინფორმატორი ქალი, რომელიც მიკოლაივის რეგიონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს საჰაერო თავდასხმას ამზადებდა.  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ინფორმატორი ქალი ვიზიტის წინ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის, ზელენსკის გადაადგილების სავარაუდო მარშრუტზე. უწყების ინფორმაციით, ქალი ოჩაკოვის რაიონში ცდილობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საბრძოლო მასალის მდებარეობის იდენტიფიცირებას, „რუსი კურატორების“ დავალებით. უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ საფრთხის შესახებ ინფორმაცია დროულად მიიღეს, რის საფუძველზეც ზელენსკის ვიზიტის დროს უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. ქალ მას ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 114-2 მუხლით წაუყენეს, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულების, იარაღის და საბრძოლო მასალის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების, ან განლაგების შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელებას გულისხმობს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და თავისუფლების 12 წლით აღკვეთა ემუქრება. გამოძიების პროცესში შესაძლოა, ბრალდება შეიცვალოს.  

თავდაცვის მინისტრი: მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში არის უზარმაზარი გამოწვევა, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ომი არ ყოფილა

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება ატარებს მშვიდობიან პოლიტიკას და რეგიონში გამოწვევის მიუხედავად, ქვეყანაში კონფლიქტი არ ყოფილა. „ყოველ წელიწადს ნუ სვამთ კითხვას, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. ეს სენსიტიური საკითხია. ძალიან დიდი სხვაობაა ტერმინებს შორის – თავიდან ვერ აიცილა და ომი დაიწყო,“- განუცხადა ბურჭულაძემ მედიას. „თქვენი კითხვა რაში მდგომარეობს, რას გულისხმობს, ვინმე ხომ არ ფიქრობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი? მთელი ცივილური სამყარო არ სვამს ამ კითხვას. ყოველ წელს თქვენ სვამთ კითხვას, ომი ვინ დაიწყოო. ჩვენ, მათ შორის თქვენი მთავრობა ომის თარიღს აღნიშნავდა 8-ში, განკარგულება არის გამოცემული 8-ში, ამიტომ ჩვენც აღვნიშნავთ 8-ში. თხოვნა მაქვს, ყოველ წელიწადს ნუ სვამთ კითხვას, ვინ დაიწყო ომი. ეს სენსიტიური საკითხია და კარგად დაფიქრდით, რა კითხვას სვამთ. ძალიან დიდი სხვაობაა ტერმინებს შორის – თავიდან ვერ აიცილა და ომი დაიწყო. ჩვენი ხელისუფლების პერიოდი არის ერთადერთი დეკადა, როცა არ ყოფილა ომი. როგორ შეიძლებოდა აცილება? ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან პოლიტიკას, ორიენტირებული ვართ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში არის უზარმაზარი გამოწვევა, არ ყოფილა კონფლიქტი,“ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.  

EUMM: მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია, შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება, რთული იყოს.“ „რუსეთ-საქართველოს ომის მე -15 წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში პატივისცემას გამოხატავს ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები და სირთულეები, რომლებიც წილად ერგო მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ ოჯახებისკენ, რომლებიც დღესაც განიცდიან მათი დანაკარგის ტკივილს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია და შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება, იყოს რთული. განსაკუთრებით, როგორც ცხელი ხაზის მექანიზმის მართვის განმახორციელებლები და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოსაძიებლად კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის სარგებლის მომტან ყველა ძალისხმევას. ამ წლისთავი ს აღვნიშვნისას, ჩვენი მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისადმი. როგორც მიუკერძოებელი სადამკვირვებლო მისია, ჩვენ უზრუნველვყოფთ „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების“ (საოკუპაციო ხაზი, რედ) გასწვრივ ადგილზე მუდმივ ყოფნას და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ნდობის აღდგენის მიმართულებით. ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის,“ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

მეთიუ მილერი: ჩინეთისთვის პროდუქტიულია, რომ საუდის არაბეთში, უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებში ჩინეთის მონაწილეობა პროდუქტიული ნაბიჯია. „ჩვენ დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ პროდუქტიული იქნებოდა, თუ ჩინეთი თავის როლს შეასრულებდა უკრაინაში ომის დასრულებაში, თუ ის მზად იყო ეთამაშა როლი, რომელიც პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინის სუვერენიტეტს. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთ სამიტებზე დასწრება და პირდაპირ უკრაინული მხარის მოსმენა სასარგებლოა ქვეყნებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი აშკარად აპროტესტებს ამას, რადგან თქვენ ნახეთ, რომ რუსეთი აკრიტიკებდა ამ შეხვედრას შაბათ-კვირას და აკრიტიკებდა იმ ფაქტს, რომ ეს შეხვედრა გაიმართა. ამდენად, ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ პროდუქტიული იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ მოვიდეს და მოისმინოს უშუალოდ უკრაინისგან უკრაინის შეშფოთების შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროდუქტიული იყო ის, რომ ჩინეთმა სწორედ ეს გააკეთა. შეხვედრაზე დასწრების გარდა, მდივნის მოადგილემ ნულანდმა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ხანმოკლე შეხვედრა გამართეს ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელთან,“ განაცხადა მილერმა. ჯედაში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც საუდის არაბეთი მასპინძლობდა, დიპლომატები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან შეიკრიბნენ. განიხილეს სამშვიდობო ფორმულის შესრულების საკითხები. 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ზელენსკიმ 2022 წლის ნოემბერში, დიდი შვიდეულის სამიტზე წარადგინა.  

უკრაინა NATO-ს სტანდარტების საარტილერიო ჭურვების წარმოებას გააფართოებს

უკრაინის NATO-ს სტანდარტების 155-მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოებას 2023 წლის ბოლომდე გააფართოებს, განაცხადა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრ კამიშინმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში. მინისტრის თქმით, 2023 წლის ივლისში უკრაინამ ორჯერ მეტი ნაღმტყორცნები და საარტილერიო საბრძოლო მასალა აწარმოა, ვიდრე მთელ 2022 წელს. ამავე ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, რომ წლები დასჭირდებოდა, ვიდრე უკრაინას შეეძლება იმდენი საბრძოლო მასალის წარმოება, რაც ამჟამინდელ საჭიროებებს დააკმაყოფილებს.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრების პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რომლის დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში. „ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება მოქალაქეებს დაეგზავნებათ,“ აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეკომენდაციებსა ავრცელებს. რეკომენდაციები ტყის ხანძრების პრევენციისთვის: • ნუ დაწვავთ ნარჩენებს, მცენარეებს ან სხვა მასალებს ტყეში• ნუ გადააგდებთ ანთებულ სიგარეტს ტყეში• ნუ დაანთებთ ცეცხლს ტყეში, გამხმარი მცენარეებით მოფენილ ნიადაგზე• თვითაალების საშიშროებიდან გამომდინარე, მოერიდეთ ტყეში ან მის სიახლოვეს ნარჩენების დაყრას• ყურადღება მიაქციეთ ტყის მიმდებარედ ამკრძალავ ნიშნებს დაიცავი ტყეში ქცევის წესები, გაუფრთხილდი გარემოს. მიმდინარე კვირაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 41 გრადუსს მიაღწიოს

CNN: საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასწრების შემდეგ, პეკინი მოსკოვს არწმუნებს, რომ უკრაინის ომში „მიუკერძოებელი“ რჩება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა მას შემდეგ, რაც პეკინის წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ორშაბათს სატელეფონო საუბრისას ვან იმ ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი და რუსეთი სანდო, კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან.“ უკრაინასთან დაკავშირებით, უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ჩინეთი დაიცავს „დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას" და გეგმავს აქტიურ ადვოკატირებას სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და პოლიტიკური გადაწყვეტისთვის. ISW-ს შეფასებით, საუდის არაბეთის სამიტმა ჩინეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება გააძლიერა „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩინეთი დაიცავს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას, დააფიქსირებს ობიექტურ და რაციონალურ ხმას, აქტიურად შეუწყობს ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და შეეცდება, მოიძიოს პოლიტიკური გადაწყვეტა ნებისმიერ საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატში,“ - აღნიშნა სპიკერმა. მეთიუ მილერი: ჩინეთისთვის პროდუქტიულია, რომ საუდის არაბეთში, უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრო ჯედაში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც საუდის არაბეთი მასპინძლობდა, დიპლომატები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან შეიკრიბნენ. განიხილეს სამშვიდობო ფორმულის შესრულების საკითხები. 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ზელენსკიმ 2022 წლის ნოემბერში, დიდი შვიდეულის სამიტზე წარადგინა.  

პატრიარქი: ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას

„ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას - შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით, ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ,“ ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია ნათქვამი. „15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რის შემდეგაც, აფხაზეთთან ერთად, უკვე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ. საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია! ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია სათნო ვეყოთ შემოქმედს, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წყალობისა. შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით... ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ. საქართველოს ეკლესია ყოველ წირვაზე აღავლენს ლოცვებს, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისე ერის სულიერი ერთობისათვის; ასევე მუდამ ვიხსენიებთ სამშობლოსათვის თავდადებულთ და ახლაც შევთხოვ ღმერთს, მართალთა თანა განუსვენოს და წიაღი აბრაამისა დაუმკვიდროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილ ძმათამკვლელი ომის მსხვრეპლთ, მათ შორის, ოსებსაც და აფხაზებსაც. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მშვიდობით აკურთხოს მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და ინებოს ჩვენი გაერთიანება, ჩვენი ძველი ურთიერთობების აღდგენა, ამინ. ღმერთმა ერთობით აკურთხოს სრულიად საქართველო“, - წერია ილია მეორის მიმართვაში.

რუსლან სტეფანჩუკი: 15 წლის წინ, მსოფლიოს უფრო გადაჭრით რომ ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას

უკრაინის რადას სპიკერი აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 15 წლის წინ, მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას. რუსლან სტეფანჩუკის თქმით, რუსეთის დამარცხება და ევროპაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ მტკიცე და კოორდინირებული მოქმედებით არის შესაძლებელი. „15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ აჩვენა თავისი აგრესიული იმპერიული ამბიციები. 15 წლის წინ მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომელიც მას არ ეკუთვნის. დღეს უკრაინა თავისი მომავლისთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვინც მის განადგურებას ყოველთვის ცდილობდა. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით - მტკიცე და კოორდინირებული ქმედებებით - შეგვიძლია, დავამარცხოთ აგრესორი და დავამყაროთ მშვიდობა ევროპაში", - დაწერა რუსლან სტეფანჩუკმა TWitter-ზე. აგვისტოს ომი მე-15 წლისთავზე, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს  

ნორვეგიის საგარეო უწყება: საქართველოში რუსეთის ინტერვენცია იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენცია იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. „15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ – ეს იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. დღემდე ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას უკრაინასა და საქართველოში. ნორვეგია გმობს რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევებს,“ – ნათქვამია განცხადებაში. აგვისტოს ომი მე-15 წლისთავზე, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი გამოავლინა. ის ბელარისის მოქალაქეა.უკანასკნელ პერიოდში, ჯამში პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 16 ადამიანი დააკავეს. დაზვერვის სამსახურის კოორდინატორი, სტანისლავ ჟარინი აცხადებს, რომ რუსები კვლავ ეძებენ გზებს პოლონეთის დესტაბილიზაციისა და ქვეყნის დასუსტებისთვის, თუმცა პოლონეთის დაზვერვის სამსახური ძალიან ეფექტიანად მუშაობს. პოლონეთმა ივლისშიც დააკავა რუსული ჯაშუშური ქსელის კიდევ ერთი წევრი, რითაც გამოძიების შედეგად დაკავებულთა საერთო რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ჯაშუჯობაში ბრალდებულები პოლონეთში მარტსა და ივნისშიც დააკავეს. ცნობისთვის, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ უსაფრთხოების გასაძლიერებლად პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე დამატებითი სამხედრო ნაწილების გაგზავნა.  

დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება ბუნებაში გასვლისას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრების პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს არ დაანთოთ კოცონი სპეციალურად გამოყოფილი ადგილების (საცეცხლურები) გარდა ტერიტორიის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ ცეცხლი ჩამქრალია არ გადააგდოთ სიგარეტის ნამწვი არ დააბინძუროთ ბუნება, განსაკუთრებით, თუნუქისა და მინის ქილებით. საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მომატება ბუნებაში, განსაკუთრებით, ტყეებში, ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. გახსოვდეთ, კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ბუნებრივი კატასტროფების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ ფონზე, ადამიანების დაუდევრობა კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანი ხდება.გაუფრთხილდით გარემოს!  

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების სიაში 19 პირი და ორგანიზაცია შეიყვანა. ამის შესახებ BBC წერს. კერძოდ, სანქცირებულთა შორისაა Orsha-ს თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა და ბორისოვის ელექტრონული იარაღის სარემონტო ქარხანა. ანტირუსული სანქციების ფარგლებში სანქციები დაესკისრა რამდენიმ ირანელ ფიზიკურ პირსა და სუბიექტს. ესენი არიან დრონების მწარმოებელი კომპანია Paravar Pars Company და თავად კომპანიის ხელმძღვანელები. სიას ასევე დაემატა რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ფირმა და კერძო პირი თურქეთში, დუბაიში, სლოვაკეთსა და შვეიცარიაში, რომლებსაც ბრიტანეთის ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლის სქემების მონაწილეებად მიიჩნევს. „დღევანდელი სანქციები მნიშვნელოვანი ეტაპია და კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის არსენალს და გაამკაცრებს მიწოდების ქსელს, რომელიც მხარს უჭერს პუტინის სამხედრო ინდუსტრიას“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ. ცნობისთვის, დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო მძიმე სანქციებს უწესებს. სანქციები ასევე ეხება მოსკოვის მოკავშირეს და რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდამჭერ ბელორუსს.  

საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს აღებული ვალდებულებები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლებების ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც მათ და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობისთვის დაბრკოლებების შექმნა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მიუღებელ ხელყოფას. საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები და კვლავ უცხადებს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ პლატფორმას, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერთიანებული ერები. მხოლოდ ის მისცემს შესაძლებლობას მხარეებს, იმუშაონ საერთო გადაწყვეტის სასარგებლოდ. საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობას, ისევე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) საქართველოში,“- აღნიშნულია განცხადებაში. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ 7 აგვისტოს განაცხადა, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან 15 წლის შემდეგ.  

იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის რეკომენდაცია იქნება, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, უკრაინასთან და მოლდოვასთან დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები

„რადო თავისუფლების“ ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენა დაიწყო, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს. მისი ინფორმაციით, მდგომარეობა ისეთია, რომ ანგარიში რეკომენდაციას გაუწევს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასა, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, თუმცა ამ საკითხზე დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის კონსენსუსის მიღწევაა საჭირო. „ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშის მომზადება, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს, დაიწყო. მდგომარეობა არის ასეთი, იქნება რეკომენდაცია უკრაინისა და მოლდოვისთვის, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და საქართველოსთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, დეკემბერში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის კონსენუსის მიღწევა კვლავ საჭიროა," წერს იოზვიაკი Twitter-ზე. გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.

თემურ მღებრიშვილის თქმით, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულთა სიაში იყო, პოლიციამ თბილისში იპოვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება. „ამდენი ნეგატივის შემდეგ, ერთი იმედის მომცემი და კარგი ინფორმაცია შემიძლია, გითხრათ. ცხელ ხაზზე და 112-შიც იყო დაფიქსირებული ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც იყო დაკარგულების სიაში. ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება.“ კითხვას, იმყოფებოდა თუ არა ზურაბ ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში, თემურ მღებრიშვილი პასუხობს, რომ ჯერჯერობით, ამ მიმართულებით კითხვები არსებობს, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „რაც შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელადაა. პოლიციამ აღმოაჩინა, ოპერატიული-სამძებრო სამუშაობის შედეგად თბილისში,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი 8 აგვისტოს იპოვეს. სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, დაკარგულთა სიაში პირის სახელი და გვარი „არასწორად იყო მითითებული“  

ენტონი ბლინკენი: ჩვენ ვდგავართ მეგობარი საქართველოს გვერდით

ამერიკის შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულებს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივნის Twitter-ზე გავრცელდა. „შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენ ვდგავართ ჩვენს მეგობარ საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ადამიანების გადასარჩენად და დაშავებულთა დასახმარებლად,” - წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი 8 აგვისტოს იპოვეს. სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაკარგულთა ძებნა გრძელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მადლობელი უნდა იყოს, თუ უკრაინა NATO-ში იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მადლობელი უნდა იყოს თუ უკრაინა NATO-ში იქნება, ვინაიდან, ეს უსაფრთხოებაა რუსეთისთვის, რომ უკრაინა მომავალში არასდროს მივა მათ ტერიტორიაზე. „სადაც არის NATO, იქ ომი არ არის. და ყველა ქვეყანა შედიოდა NATO-ში  იმიტომ, რომ ეშინოდათ, საბჭოთა კავშირი ფეხებით, ხელებით და პუტინის ცდუნებით უკან დაბრუნდებოდა. NATO უკრაინისთვის არ არის შეტევითი მისია. უკრაინა იბრძვის უკრაინის ტერიტორიაზე და ჩვენ მას აღვადგენთ. რუსეთის ფედერაცია მადლობელი უნდა იყოს, თუ უკრაინა NATO-ში იქნება, რადგან ეს რუსეთისთვის უსაფრთხოებაა , რომ მომავალში უკრაინა მათ ტერიტორიაზე არასდროს მივა,” - განაცხადა ვოლოდიმიერ ზელენსკიმ. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა, რომლის დროსაც გახდა ცნობილია, რომ უკრიანა გაწევრიანების გზას წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაივლის. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში  

ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, დაკარგულთა სიაში პირის სახელი და გვარი „არასწორად იყო მითითებული“

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სტიქიის ზონაში დაკარგულთა სიაში მყოფის თბილისში პოვნის საკითხზე განმარტება გააკეთა. „პიროვნების დაკარგვის შესახებ შეტყობინების ინიციატორთან დაკავშირების შედეგად დადგინდა, რომ სიაში პირის არასწორი სახელი და გვარი იყო შეყვანილი, ამის შემდეგ მოხდა თავად ამ პიროვნებასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ საერთოდ არ ყოფილა შოვის ტერიტიორიაზე,“ განმარტა მედიასთან ქარსელაძემ. მისივე განცხადებით, ონის მერიის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა შეტყობინება, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ვერ ხდებოდა კავშირი და ეს შოვთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს მონაცემები ჩაინიშნეს და აღნიშნული პიროვნება ავტომატურად შევიდა დაკარგულთა სიაში. პირველ ღამეს მნიშვნელოვნად მეტი შეტყობინება იყო და 34 ადამიანზე ვსაუბრობდით. ვალდებულებაა, რომ რა შეტყობინებაც მოგდის, ვიდრე დადასტურება არ გაქვს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, ის იქნება იმ ადამიანთა სიაში, ვისი მოძიებაც ხდება. როდესაც უკვე უნდა დაკავშირებოდნენ ინიციატორს, ეს კავშირი ვერ შედგა და სხვა დაკარგულ ადამიანებთან ერთად, ამ სიაში ეს პიროვნებაც იყო. პარალელურად, ვინაიდან დადასტურება ვერ მივიღეთ ამისა, არც არანაირი სხვა კომუნიკაცია არც ოჯახის წევრებისგან არც არავისგან არ ყოფილა, ბუნებრივია, ეს პიროვნება რჩებოდა ამ სიაში, მაგრამ დაიწყო ოპრეატიულ-სამძებრო ღონისძიებები, იმისათვის, რომ დადასტურებული ყოფილიყო, რომ ეს პიროვნება ნამდვილად დაკარგულია, თუ არ არის. ასე იყო იმ პიროვნებებთან დაკავშირებითაც, როდესაც თავდაპირველად სია მზარდი იყო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა შეტყობინების ინიციატორი, ვისთანაც მოხერხდა უკუკავშირი და მას სთხოვეს დადასტურება. როდესაც მოხდა უკუკავშირი, დადგინდა, რომ არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი ამ პიროვნების და როდესაც ინიციატორმა თქვა, რომ ეს სახელი და გვარი კი არა, სხვა სახელი და გვარია, უკვე მოხერხდა ამ პიროვნების ბაზებში დადგენა და მოხდა უშუალოდ ამ პიროვნებასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ არ ყოფილა საერთოდ შოვის ტერიტიორიაზე. შესაბამისად, ეს პიროვნება დაკარგულთა სიაში აღარ არის,“ - განაცხადა ქარსელაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა 8 აგვისტოს საღამოს განაცხადა, რომ მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულთა სიაში იყო, პოლიციამ თბილისში იპოვა.“