ძებნის რეზულტატი:

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და იტყობინება, რომ მატარებელს რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:25 წუთზე გავა, მესამე ვაგონში გაეთიშა კონდიცირება. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა მესამე ვაგონის მგზავრებს ბათუმის მიმართულებით, ჯრტ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს, სადაც გამართულად მუშაობს გაგრილების სისტემა. „დამატებითი მატარებელი თბილისიდან 10:50-ზე დაიძრება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმიდან 18:20-ის რეისზე შტადლერის ტიპის მატარებლით თბილისში მომავალი მესამე ვაგონის მგზავრები, წამოვლენ ასევე ჯრტ ტიპის მატარებლით. დამატებითი მატარებელი 18:50-ზე დაიძრება. საუბარია მხოლოდ მესამე ვაგონის მგზავრებზე ორივე მიმართულებით. შექმნილი უხერხულობის გამო საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით. ბილეთის ღირებულების სხვაობა ყველა მესამე ვაგონის მგზავრს აუნაზღაურდება.“  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ყირიმის დეოკუპაციის ყველა დეტალს კონკრეტული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. „მე გავმართე შეხვედრა ყირიმის რეინტეგრაციის შესახებ. აშკარაა, რომ ყირიმის ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ იქ დაბრუნდება ეკონომიკური შესაძლებლობები, ხალხის პირადი უსაფრთხოება და რეალური თავისუფლების განცდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს უბრალოდ აბსტრაქტული - ყირიმის დეოკუპაციის ყველა დეტალს კონკრეტული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.ზუსტად როგორ ბრუნდება ნორმალური ცხოვრება, რას ნიშნავს ეს ყირიმისთვის და მთელი ჩვენი ხალხისთვის - ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას უფრო და უფრო მიღწევადს და კარგად გააზრებულს ვხდით მას,“ – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“  

მოსკოვის მერის განცხადებით, დრონების თავდასხმა მოიგერიეს

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, 9 აგვისტოს, ღამით, რუსეთის დედაქალაქის სიახლოვეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ორი დრონი მოიგერია. მისი თქმით, ერთი დრონი დომოდედოვოს რაიონში, ხოლო მეორე მინსკის გზატკეცილზე ჩამოაგდეს. მოსკოვის მერის თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. სააგენტო "ტასი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ორი დრონი მოსკოვის სიახლოვეს მდებარე ობიექტებზე თავდასხმას გეგმავდა, თუმცა ისინი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. რუსულმა ტელეგრამ-არხმა - Shot ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც, თითქოს ერთ-ერთი დრონის ვარდნა ჩანს. 30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა. რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

პენტაგონის განცხადებით, ჯო ბაიდენმა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების წვრთნებს მხარი დაუჭირა

პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა 8 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „მწვანე შუქი აუნთო“ და მხარი დაუჭირა უკრაინელი მფრინავების მომზადებას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე. სინგის განმარტებით, სწავლებაში წამყვან როლს დანია და ნიდერლანდი ასრულებენ, დამატებითი ინფორმაცია პენტაგონის წარმომადგენელს არ გაუვრცელებია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ წვრთნები აგვისტოში დაიწყება. უფრო ადრე ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი საუბრობდა. Politico 5 აგვისტოს წერდა, რომ რვა უკრაინელი მფრინავი F-16-ებზე წვრთნებისთვის მზადაა. აშშ უკრაინას F-16 ტიპის თვითმფინავებს სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გადასცემს. უკრაინა რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე საჰაერო თავდაცვას კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. კიევი დიდი ხანია, F-16 ტიპის თვითმფინავების მიწოდებას ითხოვს. ივლისში გამოცემა Politico წერდა, რომ 11 ქვეყნის კოალიცია, დანიისა და ნიდერლანდის მეთაურობით, მზადაა, უკრაინელი მფრინავების წვრთნა დაიწყოს, თუმცა ამისთვის საჭირო იყო ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ნებართვა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ სასწავლო კურსის თარიღები, ადგილმდებარეობა და ხანგრძლივობა, ჯერ კიდევ მუშავდება.  

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს: NCDC-ის რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს. NCDC-ის თანახმად, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი); გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; ასევე სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის განმარტებით, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: 75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები; ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები; ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები; გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები; ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები ; გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე; ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები; ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოში ჩართული პირები, სპორტსმენები). როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს შეეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის). დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება. მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს. თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს. ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. თავი აარიდეთ სიცხეს; გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე. დარჩით/გაჩერდით ჩრდილში - არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში! შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად - მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა. ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე. იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.“  

შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის კიდევ 13 ადამიანს ეძებენ. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი 8 აგვისტოს იპოვეს. სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.  

იტალიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის „ოქროს ვიზების“ პროგრამა შეაჩერა - მედია

იტალიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის საინვესტიციო ვიზები შეაჩერა. საუბარია ვიზებზე, რომლებიც ინვესტიციების სანაცვლოდ იტალიაში ბინადრობის ნებართვის მიღების საშუალებას იძლევა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტალიური ჟურნალი Altreconomia წერს. მედია წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად მიიღეს - 2022 წლის მარტში ევროკომისიამ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, ინვესტიციების სანაცვლოდ, რუსებსა და ბელორუსებზე ბინადრობის ნებართვისა და მოქალაქეობის გაცემა შეწყვიტონ. „რუსეთისა და ბელორუსის ზოგიერთ მოქალაქეს, რომლებიც ექვემდებარებიან სანქციებს ან უჭერენ მხარს უკრაინის ომს, შესაძლოა მიეღო ევროკავშირის მოქალაქეობა ან პრივილეგირებული წვდომა ევროკავშირში, მათ შორის შენგენის ზონაში თავისუფლად მოგზაურობისთვის, ამ სქემების მიხედვით,“ - განაცხადა ევროკომისიამ. Altreconomia-ს ცნობით, 2022 წელს იტალიამ ორწლიანი „ოქროს ვიზა“ რუსეთის სულ მცირე 32 მოქალაქეზე გასცა.  

მიმდინარე წლის ივლისი 1850 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი თვე იყო - Copernicus

კლიმატის ცვლილების შესწავლის ევროპული სამსახური - Copernicus აცხადებს, რომ ოფიციალურად, ივლისი 1850 წლის შემდეგ, ყველაზე ცხელი თვე იყო. Copernicus-ს მონაცემებით, ექსტრემალური სიცხე ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა. ივლისის მაღალი ტემპერატურის ფონზე, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ტყის ხანძრებს ახლაც ებრძვის. აზიის ქვეყნებში - ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში - ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ჰაერის ტემპერატურა 52°C-მდე იყო. იაპონური მედია იტყობინება, რომ ივლისის მხოლოდ ერთ კვირაში ცხრა ათასზე მეტი იაპონელი საავადმყოფოში გადაიყვანეს სიცხის გამო. სამხრეთ ამერიკაში ახლა ზამთარია და სიცხე იქ 37°C-ს აღწევს, რასაც ჩილელი სპეციალისტები უჩვეულო მოვლენას უწოდებენ. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში დამკვიდრებული ტემპერატურა ტიპიურზე 15 გრადუსით მაღალია. პარაგვაიში, ბოლივიასა და სამხრეთ ბრაზილიაში სიცხემ თითქმის 39 გრადუსს მიაღწია. გაეროს მეტეოროლოგები რეკორდულ სიცხეს ანთროპოგენურ კლიმატის ცვლილებას მიაწერენ.  როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს: NCDC-ის რეკომენდაციები

უზბეკეთს შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა სურს

უზბეკეთი დაინტერესებულია შუა დერეფნის გამტარუნარიანობის 1,5 მილიონ ტონამდე გაზრდით, განაცხადა უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროსთან არსებული ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პრობლემების კვლევის ცენტრის დირექტორმა, ბეკზოდ ხოლმატოვმა განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის გადაზიდული ტვირთების მოცულობა სწრაფად იზრდება და ამ კონტექსტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს შუა დერეფანი. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმილოვის ვარაუდით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გამტარუნარიანობა 2025 წლისთვის 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება.    ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და კომერციული მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების გავლით აკავშირებს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის შუა აზიის ქვეყნებში, მათ შორის ყაზახეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში. ევროპაში ჩასვლამდე კი, მარშრუტი მოძრაობს კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.   შეგახსენებთ, ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. რა ადგილი ეთმობა შავი ზღვის მიმართ აშშ-ის ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტში ანაკლიის პორტის პროექტს - სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი  

ტაჯიკეთმა საქართველოდან ავტომობილების იმპორტი გაზარდა

2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ტაჯიკეთმა საქართველოდან 1435 ავტომობილი მიიღო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, (603 მანქანა) 2,3-ჯერ მეტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ ავტომობილების ექსპორტის ღირებულებამ 15,842 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის პირველი ნახევრის მონაცემებს (3,894 მლნ აშშ დოლარი), 4-ჯერ აღემატება. 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 19,599 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის პირველ ნახევრთან შედარებით, (6,096 აშშ დოლარი) 3,2-ჯერ მეტია. თუმცა, ტაჯიკეთის ექსპორტმა საქართველოში პირველი ექვსი თვის განმავლობაში 36 030 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4,7-ჯერ ნაკლებია 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (170 660 აშშ დოლარი). ტაჯიკეთის სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 3,42 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2,8 პროცენტით ან 98,2 მილიონი დოლარით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა -Reuters

გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტთა ნავის ჩაძირვისას 41 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია იტალიიის საინფორმაციო სააგენტო ANSA-ზე დაყრდნობით წერს. სააგენტოები ინფორმაციას გადარჩენილთა ცნობებზე დაყრდნობით წერენ. ოთხმა ადამიანმა ახლახან მიაღწია იტალიის კუნძულ ლამპედუზას. Ansa-ს ცნობით, ოთხმა ადამიანმა, რომლებიც მომხდარის დროს გადარჩნენ, მაშველებს განუცხადეს, რომ ნავი ტუნისის ქალაქ სფაქსიდან დაიძრა და იტალიის ნაპირებისკენ მიმავალ გზაზე ჩაიძირა. გადარჩენილებმა, რომელთა შორის სამი კაცი და ერთი ქალია, განაცხადეს, რომ ისინი სატვირთო გემმა გადაარჩინა, რის შემდეგაც კოტ-დიუვარის და გვინეის მოქალაქეები იტალიის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს. Reuters-ი წერს, რომ სანაპირო დაცვას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. იტალიის სანაპირო დაცვა კვირას იტყობინებოდა ამ მხარეში ორი გემის ჩაძირვის შესახებ, მაგრამ უცნობია, არის თუ არა ეს გემი ერთ-ერთი მათგანი.   

ლიეტუვაში რუსეთისა და ბელორუსის გაყინული აქტივების ჯამურმა რაოდენობამ €103 მილიონს მიაღწია

ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის გამოძიების სამსახურის (FNTT) ცნობით, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების გამო, ქვეყანაში გაყინული აქტივების მთლიანმა რაოდენობამ 103 მილიონ ევროს მიაღწია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსული კომპანიების ანგარიშებზე გაყინული თანხების ჯამური მოცულობა 69,51 მილიონ ევროსა და 810 000 დოლარს აღემატება. გაყინულია ბელორუსის კომპანიებისა და ასევე, ფიზიკური პირების ანგარიშები - საერთო ჯამში - 23,71 მილიონი ევრო და 7,68 მილიონი აშშ დოლარი. 2022 წლის ბოლოსთვის FNTT-მ 77,9 მილიონი ევროს რუსული აქტივები და 9,5 მილიონი დოლარის ბელორუსული აქტივები გაყინა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთი მას მძიმე სანქციებს უწესებს და კიევს ეხმარება სამხედრო აღჭურვილობითა და სხვა ტექნიკით.

OSCE/ODIHR-მა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა მოამზადა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), სახალხო დამცველის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, სამართლებრივი დასკვნა მოამზადა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საუბარია ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის თებერვალში ინიცირებულ ორ კანონპროექტზე, რომელიც შესახებაც, ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა ნეგატიურად შეაფასა ხსენებული ინიციატივები. „დოკუმენტი ფოკუსირდება ძირითად უფლებებზე, რომლებზეც კანონპროექტები ნეგატიურ გავლენას ახდენს, კერძოდ: გაერთიანების, გამოხატვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებსა და დისკრიმინაციისაგან თავისუფლებაზე. დასკვნაში ასევე მიმოხილულია აშშ-ს და ავსტრალიის კანონმდებლობა. ხაზგასმულია, რომ ისინი ფუნდამენტურად განსხვავებული შემთხვევებია, სრულიად სხვა მიზანი და მასშტაბი აქვთ, რის გამოც არ წარმოადგენენ რელევანტურ შედარებით მაგალითებს ქართულ კონტექსტში,“ წერია სახალხო დამცველია აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. OSCE/ODIHR-ის სამართლებრივი დასკვნა „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტებზე   დასკვნა “საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და რეგულირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებზე ან ე.წ. „უცხოეთის აგენტების კანონებსა და მსგავს კანონმდებლობებზე და მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“ დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ გაერთიანების თავისუფლების ფუნდამენტური უფლება აქტიური და მონაწილეობითი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და გადაჯაჭვულია ადამიანის სხვა უფლებებთან. ამ უფლებისთვის არსებითია ხელმისაწვდომობა დაფინანსების მრავალფეროვან წყაროებზე, მათ შორის საერთაშორისო და უცხოურ დაფინანსებაზე. მიუხედავად ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ქვეყანა ეჭვის თვალით უყურებს უცხოურ დაფინანსებას. დოკუმენტი დასძენს, რომ საერთო ჯამში, ე.წ. „უცხოეთის აგენტების კანონების“ ან მსგავსი კანონმდებლობის მიზანია, ზოგადად ასეთ დაფინანსებებსა და მიმღები ორგანიზაციების აქტივობებზე კონტროლის გაზრდა, მათთვის ახალი ვალდებულებების დაკისრებით, როგორიცაა მაგალითად ცალკე და გართულებული რეგისტრაცია, ე.წ. “იარლიყის” მიწებება, აღრიცხვა, ანგარიშგების დავალდებულება და ა.შ. დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ეს რეგულაციები ხშირად არ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებს. ეს კრიტერიუმები გვკარნახობს, რომ გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვები უნდა იყოს კანონიერი, მიჰყვეს ლეგიტიმურ მიზნებს, აჩვენოს პროპორციულობა და აუცილებლობა დემოკრატიული საზოგადოებისთვის და არ იყოს დისკრიმინაციული ხასიათის. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონების შემოღების აუცილებლობის დასასაბუთებლად ხშირად არ არსებობს სათანადო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ეროვნულ ინტერესებისთვის ან დემოკრატიისთვის ხელშესახებ, მიმდინარე ან სერიოზულ საფრთხეზე. ამასთან, კანონის შემოღების მიზანშეწონილობაზე მსჯელობის დროს ხშირ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო სექტორის რისკზე-დაფუძნებული ადეკვატური შეფასებები, რომელიც ადასტურებს კრიმინალურ საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას. უფრო მეტიც, ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივების ეროვნული დასაბუთება, როგორც წესი არ არის „რელევანტური და საკმარისი“. ისინი ვერ ახერხებენ არსებული კანონების არასრულყოფილების ან ახალი ზომების მიღების მიზანშეწონილობის დემონსტრირებას. „აბსტრაქტული ვარაუდი, რომ უცხოეთიდან შემოსული ყველა თანხა წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ეროვნული ინტერესებისთვის, შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან,“ – ნათქვამია დასკვნაში. ასევე აღნიშნულია, რომ დაფინანსების უცხოური წარმოშობის გამო განსხვავებული მოპყრობა პოტენციურ დისკრიმინაციაზე მიუთითებს. არასამთავრობოებზე დაკისრებული რეგულაციები ხშირად და მკაფიო განმარტებების გარეშე უფრო მკაცრია, ვიდრე რეგულაციები ბიზნესების მიმართ. გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „კანონმდებლები, როგორც წესი, ვერ ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათ შეაფასეს კანონმდებლობის პოტენციური უარყოფითი გავლენა ორგანიზაციებზე ან განიხილეს სხვა სამართლებრივი ალტერნატივები და შეარჩიეს ფუნდამენტური უფლებების ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი ზომები.“ დასკვნაში ასევე ხაზგასმულია, რომ ორგანიზაციის დაფინანსების „გამჭვირვალობის“ ან „საჯაროობის“ მოთხოვნა თავისთავად არ არის ლეგიტიმური მიზანი, თუმცა ის შეიძლება, დასაშვები იყოს კონკრეტულ გარემოებებში, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ან დანაშაულის თავიდან აცილებასთან. დასკვნა ხაზს უსვამს იმას, რომ ისეთი მიზნები, როგორიცაა ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, ავტომატურად არ ამართლებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ ახალი ანგარიშგების ვალდებულების შემოღებას. უცხოურ კანონებზე მითითებები, როგორიცაა აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და ავსტრალიის „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი“ (FITS) არ არის შესაფერისი იმ ინიციატივების გასამართლებლად, რომლებიც მიმართულია უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავროებო ორგანიზაციებისკენ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონები აწესებს კონტროლის ზომებს, როგორიცაა, დაუგეგმავი ინსპექტირება მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის ან სასამართლოს ნებართვის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს კანონები გამოიყენება დაჯარიმების, თავისუფლების აღკვეთის ან არასამთავრობო ორგანიზაციის დახურვისთვის, რაც დარღვევებთან შედარებით არაპროპორციულ დამსჯელ ზომებად არის მიჩნეული. ეს კანონები ხშირად არღვევს თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს, ირიბად გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უმცირესობების ადვოკატირებას ახდენენ. ამასთან, „უცხოეთის აგენტების“ კანონები წარმოშობენ მოქმედი ორგანიზაციების დისკრედიტაციის, საზოგადოებაში უნდობლობის, შიშისა და მტრობის გაღვივების რისკებს, რაც ართულებს მათ საქმიანობას. შეგახსენებთ, რომ ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების უმკაცრესი კრიტიკის ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ 9 მარტს განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.   როგორც სახალხო დამცველის ოფისი განმარტავს, მწვავე სოციალური პროტესტების შედეგად, მითითებულ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტში მსჯელობა არ გაგრძელებულა, ერთი მათგანი გამოთხოვილია, მეორე კი, მეორე მოსმენით ჩავარდა. თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეუთო/ოდირმა გააგრძელა დასკვნაზე მუშაობა და ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და რეკომენდაციების ფართო მიმოხილვა წარმოადგინა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყების გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია წერია, რომ მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. „ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნული მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ,“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა

იაპონიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა. NHK-ის ცნობით, 9 აგვისტოს ამოქმედებული დამატებითი აკრძალვა 758 პროდუქტს მოიცავს, მათ შორის ავტომობილებსა და ოპტიკურ აღჭურვილობას. გაფართოებულ ემბარგოს ექვემდებარება მეორადი იაპონური მანქანები, რომლებიც პოპულარულია რუსეთში. აგრესორ ქვეყანაში ექსპორტისთვის აკრძალული ნივთების სიაში შედის ავტომობილებთან დაკავშირებული ნივთებისა და აქსესუარების ფართო სპექტრი ასეთი მანქანებისთვის, კერძოდ, სათადარიგო ნაწილები, სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა, მათ შორის ოპტიკური აღჭურვილობა და საბურავები. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უკვე გააფართოეს შეზღუდვები მანქანების ექსპორტზე რუსეთში. დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ლიდერები მაისში ჰიროშიმას სამიტზე შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებდნენ. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთი მას მძიმე სანქციებს უწესებს და კიევს ეხმარება სამხედრო აღჭურვილობითა და სხვა ტექნიკით.  

შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. დღეს მეორე ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ. „ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ცხრა ლოკაციაზე. დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. ხელს გვიწყობს ვითარება. მდინარის კალაპოტის საშუალებით ვცდილობთ, მასა ჩავრეცხოთ მდინარეში, რომ ადგილი გავითავისუფლოთ. მაღალი ტემპერატურაა და არსებობს გარკვეული სახის დაავადებების საფრთხე. ყველა ზომა გვაქვს მიღებული. ვცდილობთ, ყველაფერი იყოს პროტოკოლის ფარგლებში. მდინარის კალაპოტში, 25-კილომეტრიან პერიმეტრზე ვახორციელებთ მონიტორინგს. ამ დროისთვის ვეძებთ 12 ადამიანს,“ - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.  

გერმანული წარმოების Leopard 1-ის ტიპის ტანკები ბელგიიდან უკრაინაში გაიგზავნება

გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინას Leopard 1-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. იტყობინება გაზეთი Handelsblatt.-ი. წყაროების თანახმად, Rheinmetall-მა ბელგიური კომპანია OIP Land Systems-ისგან 50 ტანკი  - Leopard 1 შეიძინა. მისივე ცნობით, მოგვიანებით, ტანკები გერმანული კონცერნის დიუსელდორფის ქარხანაში შეკეთდება. „საბოლოოდ, 50 საბრძოლო ტანკიდან 30-მდე უკრაინას გადაეცემა,“ - წერს გაზეთი. თავის მხრივ, Reuters-ი წერს, რომ ათობით მეორადი Leopard 1-ის ტიპის ტანკი, რომელიც ოდესღაც ბელგიას ეკუთვნოდა, სხვა ევროპულმა ქვეყანამ იყიდა უკრაინული ძალებისთვის. თავდაცვის კომპანიის OIP Land Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სააგენტოს განუცხადა, რომ ტანკები ბელგიის მთავრობისგან ხუთ წელზე მეტი ხნის წინ იყიდა. ახლა 50 ტანკი მიჰყიდა სხვა ევროპულ მთავრობას, რომლის დასახელებაც არ შეუძლია. ის ასევე ვერ ასახელებს ფასს. OIP Land Systems-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ტანკები ახლა გადაყვანილია ქარხანაში არსებითი რემონტისთვის. მისი თქმით, ტანკების ნაწილი გამოყენებული იქნება სათადარიგო ნაწილებისთვის, ნაწილი კი შეკეთდება. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. ფაქტს არ გამოხმაურებია არც ბელგიური მხარე. კიევის რამდენიმე დასავლელი მოკავშირე, უკრაინაში თანამედროვე Leopard 2-ის და Leopard 1-ის ტიპის ტანკების გაგზავნაზე ამ წლის დასაწყისში შეთანხმდა. Leopard 1 გერმანულმა ფირმა Krauss-Maffei-მ დაამზადა. ის უფრო მსუბუქია ვიდრე Leopard 2 და აქვს სხვა ტიპის მთავარი იარაღი. Versluys-ის მიერ გაყიდული მოდელები ბოლოს 1990-იან წლებში განახლდა.  გერმანია უკრაინას წლის ბოლომდე, Gepard-ის ტიპის 45 თვითმავალ საზენიტო დანადგარს და დამატებით, IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს იარაღის მწარმოებელი გერმანული Rheinmetall-ი მზადაა, ტანკებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდოს  

„იანდექსის“ მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, რუსულენოვანი გამოცემა „მედუზა“ წერდა, რომ „ეფესბეს“ „იანდექსის“ ბაზაზე სრული წვდომა ექნება.  

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიუთითებს ხუთ შეკითხვაზე, რომელსაც „გამოძიებამ უნდა უპასუხოს“

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საგამოძიებო ორგანოებს, შოვში ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებული გამოძიების ობიექტურად წარმართვისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულა,, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბრალის გამოკვეთის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დანაშაულში ჩართულ ყველა პირს უნდა დაეკისროს. „შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიება წარმართონ ობიექტურად, სრულყოფილად და ეფექტურად, რათა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბრალის გამოკვეთის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისროს დანაშაულში ჩართულ ყველა პირს,“- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება სრულად: https://www.hrc.ge/539/geo/ ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო პროცესი წარიმართოს იმგვარად, რომ პასუხი გაეცეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე არსებულ ყველა კითხვას, მათ შორის: 1)    რა პრევენციული ხასიათის სამუშაოები ტარდებოდა ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით? საქართველოს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კოორდინაციას უწევს ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას და პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. დამატებით, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის საერთო კოორდინაცია. ამგვარად, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს არსებობდა თუ არა შოვში სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაგეგმილი შესაბამისი პოლიტიკა. ასევე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 39-ე მუხლის მიხედვით, საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ევალება რისკის მუდმივი იდენტიფიცირება, ანალიზი, შეფასება, პრევენციული ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, ხდებოდა თუ არა შოვში არსებული რისკების მუდმივი კონტროლი და რატომ ვერ მოახერხა შესაბამისმა უწყებებმა პრევენციული რეაგირება მაშინ, როცა მოქალაქეები აღნიშნული პრობლემების თაობაზე ჯერ კიდევ 2020 წელს საუბრობდნენ. 2)    ფუნქციონირებდა თუ არა ადრეული გაფრთხილების საგანგებო სისტემა?   „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-4 მუხლის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციაა მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნისა და განვითარების ორგანიზება, ადრეული შეტყობინების სისტემის ფარგლებში საჭირო მონაცემების შეგროვება და დამუშავება. ამასთანავე, საქართველოს ამჟამინდელი ვიცე-პრემიერის მიერ 2018 წელს გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2021 წელს პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემას უნდა ემოქმედა, რომელზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური იმუშავებდა. აქედან გამომდინარე, უნდა დადგინდეს ადრეული გაფრთხილების საგანგებო სისტემის მეშვეობით რატომ ვერ მოხერხდა მეწყერის ჩამოწოლის წინასწარი პროგნოზირება, იყო თუ არა შეცვლილი მდინარის კალაპოტი ხელოვნურად, დგინდებოდა თუ არა მდინარე ბუბაში წყლის დაწევა და დაგუბება. 3)    მოხდა თუ არა სამაშველო სამუშაოების ჩატარებისთვის განკუთვნილი ტექნიკის დაგვიანებით მობილიზება? საქართველოს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებაა საგანგებო სიტუაციის დროს შესაბამისი რეაგირების ძალების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვერტმფრენი სტიქიის ზონაში ინციდენტიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა. ამგვარად, ამ დროის განმავლობაში სტიქიურ უბედურებასთან გამკლავება ადამიანებს ყოველგვარი სამაშველო დახმარების გარეშე უწევდათ. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები ღამის განმავლობაში ცუდი ხილვადობის გამო შეაჩერა ხოლო, შესაბამისი ხიდის აწყობა ინციდენტიდან მეორე დღეს მოხდა. ამგვარად, გამოძიებამ უნდა შეაფასოს სამაშველო სამუშაოების ოპერატიულად წარმართვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო თუ არა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. 4)    ხდება თუ არა გადარჩენილი და დაკარგული ადამიანების შესაბამის სიებში აღრიცხვა და სამძებრო სამუშაოების გონივრულად წარმართვა?  ხელისუფლებას არ გაუსაჯაროვებია დაკარგული და გადარჩენილი ადამიანების სია, რაც ქმნის გაურკვევლობას განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა დაკარგული პირი წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და არ ხდება ოჯახის წევრების მიერ მისი ძებნა. დამატებით, სიების გამოქვეყნების შემთხვევაში, მოქალაქეები შეძლებდნენ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, რაც გამოსადეგი იქნებოდა დაკარგული პირების საერთო რიცხვის დასადგენად, მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად და შესაბამისი სამძებრო სამუშაოების გონივრულად წარსამართად.    5)  სტიქიის შედეგებთან ეფექტურად გამკლავების მიზნით ექნებოდა თუ არა სასიცოცხლო მნიშვნელობა სხვა ქვეყნების დახმარებას?   მნიშვნელოვანია, გაირკვეს იყო თუ არა სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო დამატებითი რესურსი.  მათ შორის, ტექნიკა სხვა ქვეყნებიდან და განახორციელეს თუ არა შესაბამისმა უწყებებმა მოლაპარაკებები ამ კუთხით.  მნიშვნელოვანია, პასუხისგმებლობა დაეკისროს ყველა შესაბამის უწყებას და თანამდებობის პირს,  იმ შემთხევაში, თუკი სტიქიურ უბედურებაზე რეაგირება იყო არაეფექტური ან თუ დადგინდება, რომ სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ევარაუდათ სტიქიური უბედურება და შეძლებისდაგვარად განეხორციელებინათ პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის - მოსახლეობის ინფორმირების გზით, რითიც შეძლებდნენ მსხვერპლთა ოდენობის შემცირებას.  სტიქია შოვში - განახლებადი

ბაქო-თბილისი-ანკარის მარშრუტზე შესაძლოა, ჩქაროსნულმა სამგზავრო მატარებელმა იმოძრაოს

ბაქო-თბილისი-ანკარის მარშრუტზე შესაძლოა, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელმა იმოძრაოს. ამის შესახებ APA-Economics-თან ინტერვიუში აზერბაიჯანის რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, აზერ ფარაჯოვმა განაცხადა. მატარებელი შესაძლოა, კომპანია Stadler Rail Group-ის მიერ წარმოებული სამგზავრო საძილე ვაგონებისგან აღიჭურვოს. „ჩვენი ზომების პოსტპანდემიური პაკეტის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი სახმელეთო საზღვრების გახსნის შემთხვევაში, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ბაქო-თბილისი-ანკარა მარშრუტზე, შესაძლოა, ამოქმედდეს,“ – განაცხადა აზერ ჯაფაროვმა. აზერბაიჯანული მედია 2020 წელსაც წერდა, რომ ბაქო-თბილისი-ანკარის მარშრუტზე სამგზავრო მატარებელი იმოძრავებდა. ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი კოროვირუსული შეზღუდვების გამო დაკეტილია. ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. პანდემიამდე თბილისიდან ბაქომდე მატარებლით 12 საათში ჩასვლა იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოდან თურქეთში სარკინიგზო მიმოსვლა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით მიმდინარეობს. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, როდესაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი - ჯამში $775 მილიონი გამოუყო. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე) შეადგინა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.