ძებნის რეზულტატი:
მაიკლ კარპენტერი: „გლობალური სამხრეთის“ ბევრი ქვეყანა სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს რუსეთის განზრახვებს
საუდის არაბეთი უკრაინის შესახებ სამიტს მასპინძლობს. შეხვედრა ქალაქ ჯიდაში იმართება, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოებისა და 40-მდე ქვეყნის ლიდერების პოლიტიკური მრჩევლები ესწრებიან. მათ შორის, ჩინეთის, ინდოეთის, ინდონეზიის, მექსიკის, ჩილესა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებიც არიან. სამიტზე მიწვეული არ არის რუსეთი. მოლაპარაკებები საუდის არაბეთში ორი დღის განმავლობაში გაიმართება. განიხილავენ უკრაინის 10-პუნქტიან სამშვიდობო ფორმულას. კარპენტერის თქმით, მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს სხვა თვალით უყურებენ. „ვფიქრობ, რაც დრო გადის, ქვეყნების მზარდი რაოდენობისთვის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ეს არის იმპერიული დაპყრობითი ომი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დისკუსიაში რეგიონის გარეთ მყოფი სხვადასხვა ქვეყნის ჩართვა. და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რასაც საუდის არაბეთის წარმომადგენლები აკეთებენ ამ შეხვედრის მასპინძლობით,“ - აღნიშნა კარპენტერმა. კარპენტერის შეფასებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტი ქვეყანა იქნება „სკეპტიკურად განწყობილი რუსული დეზინფორმაციის მიმართ“. მაგალითად, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა მოიყვანა რუსეთ-აფრიკის ბოლო სამიტი, სადაც არცთუ ისე ბევრი აფრიკელი ლიდერი ჩავიდა, მაგრამ ისინი, ვინც ესწრებოდნენ, პირდაპირ აკრიტიკებდნენ რუსეთის ქმედებებს“. „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის ცალმხრივი გასვლის შემდეგ, „გლობალური სამხრეთის“ ბევრი ქვეყანა სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს რუსეთის განზრახვებს“. ისინი ხედავენ, რომ რუსეთი იქ ძალიან ცინიკურ თამაშს თამაშობს, სურსათზე ფასების ზრდის შედეგად რეკორდულ მოგებას იღებს. ვგულისხმობ იმას, რომ ხორბლის ფასი 17%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისინი (რუსები - რედ.) გამოვიდნენ შეთანხმებიდან,“ განაცხადა მაიკლ კარპენტერმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. საუდის არაბეთში უკრაინის შესახებ სამიტზე, ჩინეთი ევრაზიის საკითხებში სპეცწარმომადგენელს გზავნის
შსს: სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება სპეციალური განათებების საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, ჯანდაცვის მინისტრ,ი ზურაბ აზარაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც, სპეციალური განათებების საშუალებით მიმდინარეობს. „სამაშველო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს. სამუშაოში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი,“ აღნიშნულია ინფორმაციაში. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - განახლებადი
შოვის სტიქიას გადარჩენილი 3 აგვისტოზე
"თვალებს რომ დავხუჭავ, სულ მახსენდება, როგორ გადავურჩით - დღემდე მიკვირს...სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით..." შოვის სტიქიას გადარჩენილი, მეწყრის ჩამოწოლის დღეს იხსენებს. სტიქიური უბედურების ეპიცენტრში დავით ჯელაძემ დამეწყრილი ზონა თავის დისშვილთან ერთად, ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანების გარეშე განვლო. რაჭაში ის ოჯახთან ერთად იყო - სამ დასთან, დედასთან, ოთხ დისშვილთან და სიძესთან ერთად. რადიო თავისუფლების ცნობით, დავით ჯელაძე და მისი ოჯახის ცხრა წევრი 3 აგვისტოს სოფელ ურავიდან შოვში გასასეირნებლად წავიდნენ. ოჯახის წევრები მეწყერმა ერთმანეთს დააშორა. დავით ჯელაძე და მისი ექვსი წლის დისშვილი მაშო სრულიად მარტო აღმოჩნდნენ ტალახში. თითქმის ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ თავისი დისშვილი სამშვიდობოს გაიყვანა და შემდეგ, ოჯახის სხვა წევრების საშველად წავიდა. ათივენი გადარჩნენ. „ხიდზე რომ შემოვედით, საშინელება ხდებოდა, მთელი კოტეჯის მხარე წაღებული იყო, წინ წასვლა კი - შეუძლებელი. ამიტომ, უკან, ტყეში წასვლა გადავწყვიტეთ - იქ საიდანაც მოვდიოდით, მაგრამ ამ დროს მიწის მასამ გზა ჩაგვიკეტა. ხეებმა და ქვის მასამ მთლიანად ამოავსო ის ადგილი, სადაც მინერალური წყალი იყო - ზოგმა მოასწრო ტყეში შესვლა, ზოგმა - არ ვიცი... ცოტა ხანში საშინელი ხმა მესმის, ძალიან დიდი მიწის მასა წამოვიდა... ათივემ მოვასწარით მანქანიდან გადმოსვლა, კოტეჯის მხარეს დავდექით... ის მიწის მასა ხიდს დაეჯახა და გაწყვიტა, ორი მანქანა წაიღო... შუა მეწყერში აღმოვჩნდით.“ ამის შემდეგ, როგორც ამბობს, თავის დისშვილთან ერთად, ზოგჯერ მუხლებზე და ხან ზურგზე ბავშვით შესმულმა გაიარა მეწყრული ზონა და სასტუმრომდე მიაღწია. „რომ მივხვდი, უკვე ყველაფერი კარგად იყო და მაშო (დისშვილი) გადარჩენილია, ახლა დანარჩენებზე ვფიქრობდი - ერთ-ერთს სასტუმროში, ტელეფონი გამოვართვი - ჯერ ჩემს დას დავურეკე, შემდეგ - ჩემს მეორე დას; არც ჩემმა სიძემ მიპასუხა - ბოლოს, დედაჩემის ნომერი ავკრიბე და მესამე ზარზე მიპასუხა, მითხრა, რომ ძალიან ცუდად იყვნენ, ისევ - მეწყრულ ზონაში, თუმცა გადარჩნენ,“ იხსენებს დავით ჯელაძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. სასტუმროდან ისევ სტიქიური უბედურების ეპიცენტრში დაბრუნდა თავისი ოჯახის წევრების გამოსაყვანად, თუმცა ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ვეღარ შეძლო, საბოლოო ჯამში კი, მთელი ოჯახი სამაშველო ოპერაციის შედეგად გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის პირველ დღეს ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მეორე დღეს მსხვერპლთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 5 აგვისტოს კი, მაშველებმა 6 დაღუპული ნახეს. 200-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური სამძებრო სამუშაოს განაგრძობს. მაშველები დაკარგულებს ისევ ეძებენ. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღეა.
მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭის მეწყრის დროს დაღუპულებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების გამო - კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი
კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრუნო როდრიგესი შოვის სტიქიის მსხვერპლთა ახლობლებს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭის რეგიონში მეწყრის შედეგად დაღუპულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და მატერიალური ზარალის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, დაღუპულთა ნათესავებს და ახლობლებს," - წერს ბრუნო როდრიგესი Twitter-ზე. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ბოლო ცნობით, დაღუპულია 17 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - განახლებადი
ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) გზაზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე (კმ75 პკ4-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის შეკეთების გამო, 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ამ სარკინიგზო გადასასვლელზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება. დროის აღნიშნუ პერიოდში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) საავტომობილო გზიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯაპანა (კმ15)- ლანჩხუთის (კმ31) მონაკვეთზე.
შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა
სტიქიის ზონაში კიდევ ერთი დაღუპული იპოვეს. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.
ზელენსკის თქმით, ხარკოვში რუსეთის ძალებმა სისხლის გადასხმის ცენტრის დაბომბეს, არის მსხვერპლი
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ბომბი ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლის გადასხმის ცენტრს მოხვდა, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. „მხოლოდ ეს ომის დანაშაულიც ყველაფერს ამბობს რუსეთის აგრესიაზე. ტერორისტების დამარცხება ღირსების საკითხია ყველასთვის, ვინც სიცოცხლეს აფასებს,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმა 5 აგვისტოს, დაახლოებით 20:20 საათზე მოხდა. „რუსები კუპიანსკის რაიონის სოფელ კრუგლიაკოვკაში არასაცხოვრებელ კორპუსს მართვადი საჰაერო ბომბით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა,“ განაცხადა სინეგუბოვმა. უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ძალებმა ბოგოდუხოვსკის, ხარკოვის, ჩუგუევსკის, იზიუმსკის და კუპიანსკის რაიონების დასახლებები დაბომბეს.
კახა კალაძე: შოვში უმძიმესი მდგომარეობაა, ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სტიქიის ზონაში ყოფნისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული. „პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ის უბედურება, რაც მოხდა რაჭაში, კონკრეტულად შოვში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შოვი აღარ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ალბათ მედიას გქონდათ შესაძლებლობა, გენახათ, რა მასშტაბებზეა საუბარი და რამხელა უბედურება დაატყდა თავს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს. მე მინდა, მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, პოლიციელებს, მადლობა მოხალისეებს, ჩვენს ჯარისკაცებს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაო, ტექნიკა მობილიზებულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა შესაბამისი სამსახური, უწყება ადგილზეა და კოორდინირებულად მუშაობს. ტექნიკის შეყვანას რაც შეეხება, ეტაპობრივად ხდება, იქიდან გამომდინარე, როდესაც ამის ნებართვას გასცემს სამაშველო სამსახური. თქვენ იცით, რომ სამძებრო სამუშაო უშუალოდ ხელით მიმდინარეობს. სადაც შესაძლებელია ტექნიკის მუშაობა, იქ უკვე 40-ზე მეტი ტექნიკა მუშაობს. საერთო ჯამში, 80-მდე ტექნიკა არის მობილიზებული და ეტაპობრივად, როგორც კი მიეცემათ შესაძლებლობა, ყველგან სადაც აუცილებელია, შევლენ. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ უმძიმესი მდგომარეობაა, ძალიან დიდი მასშტაბის ღვარცოფი არის ჩამოსული, გაცილებით მეტი, ვიდრე იყო ყაზბეგში,“ - განაცხადა კახა კალაძემ. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში 18 ადამიანს ეძებენ
მმართველი პარტია - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ რაჭაში, სტიქიის ზონაში „სურათი არის მძიმე.“ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 18 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. „სამუშაოში ყველა უწყება არის ჩართული. ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, ასევე მაშველები, სამხედროები არიან მობილიზებული. ეს არის არსებითად ის სურათი, რაც დღეს გვაქვს. რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზებს და ასე შემდეგ, აჯობებს, რომ ამაზე სპეციალისტებმა ისაუბრონ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, სჯობს, რომ სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ჩვენს მაგივრად ამ ყველაფერზე. 18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი. 18 ადამიანი არის დაკარგული. ეს არის არსებული მონაცემები. არსებული ინფორმაცია არის ასეთი - მთლიანობაში 36 ადამიანი იყო დაკარგული, 18 ცხედარი არის ნაპოვნი და 18 ადამიანი არის დაკარგული,“ - განაცხადა კობახიძემ. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.
TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნო, რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობისთვის მზადაა - ასეტ აზავბაევი
TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედმა სამდივნომ, პარტნიორებთან ერთად, სავაჭრო მარშრუტების განვითარებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციების შემუშავების საკითხები განიხილა. დისკუსია გაიმართა კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ასევე, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია TRACECA-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. შეფერხებების შემცირებისა და ტრანზიტის პროცედურების გაძლიერების მიზნით, შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა, საბაჟო პრაქტიკის და საზღვრის გადაკვეთის ჰარმონიზაცია, ასევე, ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის განვითარება. TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედმა სამდივნოს გენერალური მდივანი ასეტ აზავბაევი აცხადებს, რომ სამუშაოს ძირითადი სფეროები მოიცავდა მულტიმოდალური ტრანსპორტის ზრდას, დერეფნის დიგიტალიზაციასა და საზღვაო ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდას. „მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარებისთვის ეფექტიანია, როგორც პირდაპირი საინვესტიციო ღონისძიებები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ისე ყოვლისმომცველი ღონისძიებები, რომლებიც ტრანსპორტის ღირებულების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისკენ არის მიმართული. TRACECA-ს ფარგლებში, ასევე გამახვილდა ყურადღება მულტიმოდალური ტრანსპორტის წარმომადგენლებს შორის კოორდინაციაზე. მუდმივმოქმედი სამდივნო გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს რეგიონში უფრო დიდი და ეფექტიანი კავშირის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა ასავბაევმა. პრესსამსახურის ცნობით, ასევე მოსალოდნელია ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს როგორც დაინტერესებული მხარეების, ისე, მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებსა და მთავარ პრიორიტეტებს. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, მულტიმოდალური ტრანსპორტის საკითხებზე შეხვედრა 27-28 ივლისს, თბილისშიც გაიმართა. TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა. TRACECA: პირველი საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტით, ტვირთი ევროპიდან ცენტრალურ აზიაში ჩავიდა
დრონებით შეტევის შესახებ ცნობების ფონზე, მოსკოვში აეროპორტი დროებით დაიხურა
მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტი დროებით დაიხურა მას შემდეგ, რაც მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქზე დრონით შეტევა მოიგერიეს. „აეროპორტის კონტროლს მიღმა არსებული მიზეზებით, შემოღებულია დროებითი შეზღუდვები გაფრენებსა და ჩამოფრენებზე," - ნათქვამია თავის მხრივ, აეროპორტის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. აეროპორტი დროებით ასევე დაიხურა 30 ივლისს როდესაც დრონებით შეტევას მოსკოვში, ორი შენობის დაზიანება მოჰყვა. მოსკოვი შეტევაში ტრადიციულად კიევს ადანაშაულებს. უკრაინა თავდასხმაში ჩართულობას ოფიციალურად არ აღიარებს. ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე სრულმასშტაბიან ომს განაგრძობს.
თემურ მღებრიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, შემოვლითი გზებით არ სცადონ სტიქიის ზონაში შეღწევა, რადგან ეს „ძალიან საფრთხის შემცველია“
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ სამძებრო ოპერაციაში მოხალისეებად ჩაერთონ, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკაონ მსგავსი ქმედებისან, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ეპიცენტრში შემოვლითი გზით შეღწევა. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით, მსგავს სიტუაციებზე, ტაქტიკურ თუ ოპერატიულ დონეზე პასუხისმგებელია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ინციდენტზე შემოსული ზარის შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება სწრაფად, ოპერატიულად, შესაბამისი ძალების მობილიზებით და აბსოლუტურად არ არის საჭირო, რომ შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეები, შეაღწიონ სტიქიის ზონაში, რადგან ეს არის ძალიან საფრთხის შემცველი. არანაირი საჭიროება დღის წესრიგში არ დგას და თუ მაინც დადგა დღის წესრიგში მოხალისეების კომპონენტი, ჩვენ გვაქვს სპეციალური ბაზა მოხალისეების, რომელთა მობილიზებას მოვახდენთ ორგანიზებულად,“ - განუცხადა მედიას თემურ მღებრიშვილმა. თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანში შეძლებენ მაშველები ყველა დაკარგულის პოვნას. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.
გზების დეპარტამენტი: ჯუთის გზაზე სამუშაო მომდევნო კვირიდან დაიწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ჯუთის გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოსთვის მობილიზაცია დაწყებულია. უწყების ცნობით, რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება. „როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთის საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი. 2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი. მიმდინარე წლის 21 ივლისს, სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინასამშენებლო კვლევების ჩატარება და სამუშაოს დაწყება. კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოს. მომდევნო კვირიდან კი, დაიწყება სამშენებლო სამუშაო. რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ იმყოფება შს მინისტრი სტიქიის ზონაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო, შოვში, სტიქიის ზონაში ვერ ჩავიდა. მისივე თქმით, უწყება არის სრულად მობილიზებული. „ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი, ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ვხედავთ მაშველები როგორ მუშაობენ, ტექნიკა. უწყება არის სრულად მობილიზებული," - განუცხადა პაპუაშვილმა მედიას შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. უწყების ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი: ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს და აქტიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება აქტიურად მიმდინარეობს. თემურ მღებრიშვილის თქმით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხანში შეძლებენ დაკარგულების პოვნას. „იცით თქვენ, რომ დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება და ის გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის პროცედურები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს და აქტიურად საძიებო სამუშაო მიმდინარეობს. გზა ბოლომდე ჯერჯერობით გაყვანილი არ არის, თუმცა ძირითადი, დაახლოებით 70% გაყვანილია და პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამწუხაროდ, კოტეჯების ტერიტორიის დათვალიერება სრულად ჯერჯერობით ვერ მოესწრო, კიდევ და კიდევ ობიექტური მიზეზების გამო, რომელიც ხელს გვიშლის - ეს არის მიწის სქელი მასა. თქვენ იცით, რომ ძალიან ფრთხილად ვმუშაობთ, დაკვირვების ქვეშ და აქედან გამომდინარე, შეგნებულად არ ვჩქარობთ. არის კონკრეტული ლოკაცია, სადაც ცალკეულად მუშაობს ტექნიკა, ცალკეულად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და მსგავსი არის 6 ლოკაცია ამ დროისთვის,“, - განუცხადა მედიას თემურ მღებრიშვილმა. თემურ მღებრიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, შემოვლითი გზებით არ სცადონ სტიქიის ზონაში შეღწევა, რადგან ეს „ძალიან საფრთხის შემცველია“ ამასთან, პარლამნტის თავვმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სტიქიის ზონაში ძებნის სამუშაო რომ იყოს უფრო ეფექტიანი, ორი სრულიად ახალი გზა მოეწყო. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.
ბორელი: კლიმატის ცვლილება რეალობაა და საფრთხეს ქმნის გლობალურად
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყრებით. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, კლიმატის ცვლილება გლობალური საფრთხეა. „ამ ზაფხულში, სტიქიური უბედურებები იწვევს მთელ მსოფლიოში დამანგრეველ შედეგებს, საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ანადგურებს სახლებსა და საარსებო წყაროებს. ხმელთაშუა ზღვის მასშტაბით, ტყის ხანძრები მძვინვარებს. სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყრებით. კლიმატის ცვლილება უდავოდ რეალობაა და საფრთხეს ქმნის გლობალურად,“ - წერს ბორელი Twitter-ზე. ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი ერთგულად უჭერს მხარს მათ, ვინც დაზარალდა - იქნებიან ისინი ხანძრებით დაზარალებულები საბერძნეთში თუ ფილიპინებში ტაიფუნის მსხვერპლნი.
რამ გამოიწვია სტიქია - გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება
სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს სავარაუდოდ, 8-10 წუთში უნდა მიეღწია ბუბას ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული - მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია „წინამდებარე დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების მათ შორის სატელიტური, რადარული და აერო ფოტო სურათების დეშიფრირებული ინფორმაციის, აგრეთვე საველე ჰიდრომეტეოროლოგიური/გეოლოგიური კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების კამერალური დამუშავების, ექსპერტული ცოდნის ანალიზის/განზოგადების საფუძველზე და განეკუთვნება პირველადი დასკვნის კატეგორიას.“ გარემოს ეროვნული სააგენტო 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში (მდ. ჭანჭახის აუზი) განვითარებული სტიქიური მოვლენების პირველად შეფასებას აქვეყნებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნას უცვლელად გთავაზობთ „მდ. ბუბისწყალი წარმოადგენს მდ. ჭანჭახის მარჯვენა შენაკადს, რომელიც სათავეს იღებს მყინვარ ბუბას ძირიდან, ზღვის დონიდან 2970მ-ზე და უერთდება მდ. ჭანჭახს კურორტ შოვთან ზღვის დონიდან 1520 მეტრ აბსოლუტურ ნიშნულზე. მდინარე ბუბისწყლის წყალშემკრები აუზის ფართობი შეადგენს 41.3 კმ2-ს, მდინარის სიგრძე 9.97 კმ-ს, წყალშემკრები აუზის საშუალო სიმაღლე არის 2777 მეტრი, მდინარის კალაპოტის საერთო გასწვრივი ვარდნა არის (∆H) 1450 მეტრი, მდინარის კალაპოტის საშუალო ვარდნა 145.4 მ/კმ ანუ 145.4 0/00 პრომილე, ხოლო დახრილობა 0,1454. მდინარის კალაპოტის კლაკნილობის კოეფიციენტი შეადგენს k=1,23. მდ. ბუბისწყლის მდინარეთა ქსელის სიხშირის კოეფიციენტი D=0.99კმ/კმ2. ფერდობის ჩამონადენის გარბენის საშუალო სიგრძე შეადგენს L= 1.00კმ. მდ. ბუბისწყლის ხეობაში არის რამდენიმე მცირე და დიდი ზომის მყინვარი. ყველაზე დიდი მყინვარები ამ აუზში არის თბილისა და ბუბა. მდინარე ბუბისწყლის ხეობა ხასიათდება რთული რელიეფით, სადაც დაგროვილია ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვის დიდი მოცულობის პროდუქტები. ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილების ფონზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში გააქტიურებულია მყინვარის პულსაციური პროცესები და აღნიშნული ხეობის მყინვარები არ არის გამონაკლისი. სხვადასხვა წყაროების დამუშავების მიხედვით მოცემულია მყინვარ ბუბას ფართობები: 1 : 50 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით მყინვარ ბუბას ფართობი შეადგენს 2.94 კმ2-ს, 2010 წლის 11 აგვისტოს landsat-ის დამუშავებული მონაცემების მიხედვით მყინვარ ბუბას ფართობი შეადგენს 2.40 კმ2-ს, ხოლო 2020 წლის 4 სექტემბრის landsat-ის დამუშავებული მონაცემების მიხედვით მყინვარ ბუბას ფართობი შეადგენს 1,94 კმ2-ს. გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მდ. ბუბისწყლის ხეობის ზემო წელი მიეკუთვნება, ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიანი რელიეფის ზონის ჰორს-ანტიკლინურ ღერძულ ქვეზონას, ინტენსიური აღმავალი მოძრაობით, ხოლო ხეობის შუა და ქვემო წელი საშუალო და მაღალმთიანი რელიეფის სუბგანედური მიმართულების შეფარდებითი დაძირვის ქვეზონას. ხეობაში ფერდობების დახრილობა ცვალებადობს 15-დან 800-მდე (რუკა 1), სათავეებში კი, მყინვარული რელიეფის ფორმებთან ერთად, უმეტესად წარმოდგენილია ვერტიკალური კარნიზები და დაკბილული კლდოვან-ქარაფოვანი ფლატეები.საქართველოს ტექტონიკური დანაწევრების რუკის (ე. გამყრელიძე 2004 წ.) მიხედვით, მდ. ბუბისწყლის ხეობაში, სათავიდან დინების მიმართულებით, გამოიყოფა 3 ძირითადი სტრუქტურულ-ტექტონიკური ზონა, კერძოდ: 1. კავკასიონის ნაოჭა სისტემის მთავარი ქედის ზონის ცენტრალური აზევების ქვეზონა; 2. ყაზბეგ-ლაგოდეხის ზონა; 3. მესტია-თიანეთის ზონის შოვი-ფასანაურის ქვეზონა. მთავარი ქედის ზონა წარმოდგენილია პროტეროზოული და პალეოზოური მაგმური ქანების კომპლექსით და სამხრეთიდან მთავარი შეცოცებით არის შემოფარგლული. ყაზბეგი-ლაგოდეხის ზონასა და მესტია-თიანეთის ზონის შოვი-ფასანაურის (ნაოჭა-ქერცლებრივი) ქვეზონას შორის საზღვარი შესხლეტვა-შეცოცების ტიპის რღვევით არის წარმოდგენილი. გეოლოგიური თვალსაზრისით, მდ. ბუბისწყლის ხეობის ზემო წელი აგებულია: 1. გვიან დევონური და კარბონული ასაკის (D3-C11) პლაგიოგრანიტებით და კვარციანი დიორიტებით; 2. ქვედაიურული ასაკის მუაშის წყების (J12ms) და ტოარსული სართულის (J13s) ნალექებით, ლითოლოგიურად წარმოდგენილი ასპიდური ფიქლებით, თიხაფიქლებით და კვარციანი ქვიშაქვებით, დიაბაზის ფენებრივი ძარღვებით. ხეობის შუა წელი წარმოდგენილია: 1. შუაიურული ასაკის აალენური სართულის სორის წყების (J2s2) და ბაიოსური სართულის ტალახიანი წყების (J2tl) ქვიშაქვებით, თიხაფიქლებით, ქვიშიან-თიხიანი ფიქლებით და არკოზული ქვიშაქვებით; 2. ზედა იურული კალოვიურ-ოქსფორსდული (J3k+O1) და კიმერიჯ-ტიტონური (J3km+tt) სართულების მერგელებით, კირქვებით, კარბონატული ფიქლებით, კარბონატული ქვიშაქვებით და მიკროკონგლომერატებით. ხეობის ქვემო წელი აგებულია ქვედა ცარცული ასაკის პორხიშულის წყების (K1pr) და ჭიორის წყების (K1cvr) ნალექებით, ლითოლოგიურად წარმოდგენილი კირქვებით, ქვიშიანი კირქვებით, მერგელოვანი კირქვებით, მერგელებით და კარბონატული თიხა-ფიქლებით.ხეობის რთული გეოლოგიური აგებულება, სეისმო-ტექტონიკური პირობები, რელიეფის მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი (მორფოლოგიური პირობები) და კლიმატური ცვლილებები ხელსაყრელ გარემოს ქმნის ხეობაში ბუნებრივი სტიქიური პროცესების ჩასახვა-გააქტიურებისთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 3 აგვისტომდე მდ. ბუბისწყლის კალაპოტში, ბოლო 100 წლის მანძილზე, მნიშვნელოვანი ხასიათის ღვარცოფული ნაკადების გავლას ადგილი არ ჰქონია.2023 წლის 3 აგვისტოს, მდ. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა. დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად. კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, ორივე ბორტის გასწვრივ გამოიწვია ფერდობების ძირის გამორეცხვა და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულების წარმოქმნა-გააქტიურება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მასშტაბის ახალი მეწყრულ-ეროზიული კერები ჩამოყალიბდა მდ. ბუბისწყლის პრაქტიკულად ყველა შენაკადში. ამრიგად, ხეობის ზემო წელში ფორმირებულ მყარ ნაკადს, მდ. ჭანჭახთან შეერთებამდე, დაემატა როგორც მდ. ბუბისწყლის კალაპოტის გასწვრივ ნაპირგარეცხვის შედეგად ჩამოშლილი მეწყრული მასები, ასევე შენაკადებიდან ტრანსპორტირებული ნაშალი მასალა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე მდ. ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი, დინების ქვემო წელში გადავიდა კალაპოტიდან და დაახლოებით 15 საათსა და 15 წუთზე გაიშალა შოვის (ე.წ. „კოტეჯების უბანი“) ტერიტორიაზე დაახლოებით 26 ჰექტარზე, სადაც დაფარა აქ არსებული შენობა-ნაგებობები და გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი. ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში.წინასწარი შეფასებით, მდ. ბუბისწყლის ხეობაში დინამიკაში მოსული მყარი მასალის საორიენტაციო მოცულობა დაახლოებით 5 მლნ. მ3-ს შეადგენს, რომლის უმეტესი ნაწილი შევიდა მდ. ჭანჭახის და მდ. რიონის კალაპოტებში, ხოლო დაახლოებით 1.5 მლნ. მ3 აკუმულირდა სტიქიის ეპიცენტრში და ბუბისწყლის ხეობის ტრანზიტულ ზონაში.გამომწვევი მიზეზებიმდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურებას, რელიეფის მაღალენერგეტიკულ პოტენციალთან ერთად, განაპირობებს:მკაცრი კლიმატური პირობები – ნივალურ ზონაში ტემპერატურის ამპლიტუდის მკვეთრი ცვლილებები და მასთან დაკავშირებული ქანების ყინვით-მექანიკური გამოფიტვისა და სოლიფლუქციური მოვლენების ინტენსიური მიმდინარეობა; გამოფიტვის გამომწვევი აგენტების მიმართ ვულკანური და დანალექი ქანების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება;ტერიტორიის გეოლოგიური აგებულება, ტექტონიკური და სეისმური პირობები; კლდეზვავური და ეროზიულ-გრავიტაციული მოვლენების შედეგად დიდძალი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჩასახვა-განვითარება, როგორც ხეობის სათავეებში და მის კალაპოტში, ასევე მდ. ბუბისწყლის შენაკადების ბორტებზე; მყინვარული ეროზია, ფლუვიოგლაციალური და მორენული წარმონაქმნების დიდი მოცულობის დანაგროვების არსებობა ხეობის სათავეებში;მყინვარული საფარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ნადნობი წყლები, უხვი ნალექის და გრუნტის წყლების მიერ, მდინარის სათავეებში და მისი შენაკადების კალაპოტებში დაგროვილი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჭარბი გაწყლოვანება; უკანასკნელ პერიოდში კლიმატის ცვლილებით (დათბობა, ატმოსფერული ნალექების რეჟიმის ცვლილებები და სხვა) გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება.მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს წარმოქმნილი კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრა დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან.ზემოთ აღწერილი, 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. დასკვნები1. ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან;2. მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე:– სტიქიის განვითარებამდე, მდ. ბუბას ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია (მდ. ჭანჭახზე არსებულ სადგურზე წყლის დონის კლება არ დაფიქსირებულა);– 2023 წლის 3 აგვისტოს, სტიქიური მოვლენის განვითარების პროცესში უშუალოდ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის მასის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია;3. ზემოთ აღწერილი, 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია;4. მდ. ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში დამატებით ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებს, რის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები შემდგომი ღონისძიებების განსახორციელებლად.წინამდებარე დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების მათ შორის სატელიტური, რადარული და აერო ფოტო სურათების დეშიფრირებული ინფორმაციის, აგრეთვე საველე ჰიდრომეტეოროლოგიური/გეოლოგიური კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების კამერალური დამუშავების, ექსპერტული ცოდნის ანალიზის/განზოგადების საფუძველზე და განეკუთვნება პირველადი დასკვნის კატეგორიას“, - აღნიშნულია დასკვნაში. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.
ერმაკმა და ჯეიკ სალივანმა სამხრეთ უკრაინაში პორტების დაცვის მიზნით, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, სამხრეთ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინის თავდაცვის პრიორიტეტულ საჭიროებებზე, კერძოდ, სამხრეთში პორტის ინფრასტრუქტურის დასაცავად, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს. ასევე, უკრაინის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ შესრულების მიმართულებით, ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდნენ. განიხილეს ვილნიუსის NATO-ს სამიტის შედეგები და უკრაინის ალიანსში ინტეგრაციისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯები. რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა, რის შემდეგაც უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევები გააძლიერა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ, ერთ კვირაში, 65 რაკეტა და 178 დრონი გამოიყენეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ, ბოლო ერთ კვირაში, 65 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 178 თავდასხმის დრონი გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „მხოლოდ ამ ერთ კვირაში რუსმა ტერორისტებმა ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენეს 65 სხვადასხვა რაკეტა და 178 თავდასხმის დრონი, აქედან 87 ირანული წარმოების დრონი" - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რაკეტებისა და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. „ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პარტნიორის პასუხისმგებლიანი პოზიცია საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდებაში. აქ საჭიროა სრული დაცვა ტერორისგან, რათა მოგვიანებით არ დაგჭირდეთ ფიქრი, როგორ დაიცვათ მისგან სხვა ხალხები. უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ბრძოლა და ჩვენი საჰაერო ფარი შემდგომში იქნება მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტი,” - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ომბუდსმენი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. ამავდროულად, ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. სახალხო დამცველის თქმით, ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II, რომლითაც სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის მიერ განგრძობადად ეფექტური კონტროლის განხორციელების ფაქტი დაადგინა. ასევე, 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის ფედერაციას სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში საქართველოსთვის თანხის გადახდა დაეკისრა. „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად 27 582 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს. საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის უკანონოდ დააკავა 3 439 ადამიანი მათგან, 1 935 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 504 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით. განსაკუთრებით ყურადსაღებია, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის ბოლო წლების განმავლობაში გახშირებული უკანონო პატიმრობები. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩება 9 მოქალაქე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით, გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, ეს უკანონო პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობად წარმოაჩინოს და ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად დაამკვიდროს. 2008 წლიდან დღემდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერია გავლებული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძე 49 კმ-ს აღემატება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია და სხვადასხვა უფლებების შელახვა. აღნიშნულთა შორისაა, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის აკრძალვა, დე ფაქტო დოკუმენტაციის გაცემის შეზღუდვა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, ჯანდაცვის სერვისებზე და სხვა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა,“ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.