ძებნის რეზულტატი:
დანა უაითი აბუ-დაბიში მომხდარზე: ასეთი რამ ბიზნესისთვის არასდროს არის კარგი
UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა, რომ აბუ-დაბიში მომხდარი ჩხუბის მონაწილეები კვლავ პატიმრობაში იმყოფებიან. უაითმა UFC 334-ის წინ გამართული პრესკონფერენციისას დაგმო მომხდარი და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსგავსი ქმედებები სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. „ასეთი რამ ბიზნესისთვის არასდროს არის კარგი,“— განაცხადა დანა უაითმა. „ეს ყველა მონაწილეს ცუდად წარმოაჩენს და სამწუხაროა. ჩვენ ჩხუბის ინდუსტრიაში ვართ და ზოგჯერ წარმოუდგენელი რამეები ხდება. ახლა ისინი ყველანი აბუ-დაბიში, ციხეში არიან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. უაითს ასევე ჰკითხეს ნიუ-იორკში UFC 334-ის წინასატურნირო პრესკონფერენციაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ. ამასთან, მან აბუ-დაბიში მოქმედი კანონების სიმკაცრე გააკრიტიკა. „ეს სრულიად აბსურდული და უაზრობაა,“ — განაცხადა უაითმა. „ისინი ყველანი ციხეში არიან. აბუ-დაბი ის ადგილი არ არის, სადაც შეიძლება, თავაშვებულად მოიქცე და წესები დაარღვიო“. აბუ დაბის პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სულ 10 ადამიანი დააკავეს – რვა უშუალოდ ჩხუბში მონაწილეობისთვის, ორი კი ინციდენტის გადაღებისთვის. დაკავებულებს შორის არიან მერაბ დვალიშვილი და მისი მეგობარი საბა ლაზიშვილიც, რომლებიც თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ. მომხდარს გამოეხმაურა უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელაზიზი, რომელმაც ინციდენტს სამარცხვინო უწოდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოსახლეობას საჯაროდ მოუბოდიშა. ამასთან, RAF-ის ხელმძღვანელობა ადგილობრივ სამართალდამცავებთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებამდე გათავისუფლდება. ორგანიზაციამ უსმან ნურმაგომედოვს ღონისძიებაზე დასწრება აუკრძალა.
„რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა“ - სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ზელენსკის დუბლინში შეხვდნენ
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დუბლინში შეხვდნენ, სადაც ის ვიზიტით იმყოფებოდა. ტრამპის წარმომადგენლები დუბლინში 12 ნოემბერს საღამოს ჩავიდნენ მოსკოვიდან, სადაც მოლაპარაკება გამართეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. უფრო ადრე, 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. უიტკოფსა და კუშნერთან დუბლინში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის იქნება ტყვეთა დიდი გაცვლა. მხარეებს შორის ბოლო კონტაქტების კიდევ ერთ შედეგად უკრაინის პრეზიდენტმა ის დაასახელა, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას ევროპელებიც მიიღებენ. უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა აშშ-ის წარმომადგენლების პირობას, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროკავშირის წარმომადგენლებსაც ჩართავენ. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა და სიძემ, ჯარედ კუშნერმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ევროპელებიც იქნებიან. კიევი ყოველთვის ემხრობოდა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვას, რასაც ამ დრომდე მოსკოვი ეწინააღმდეგებოდა. უკრაინაში ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების განახლების ზუსტი დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. 12 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა დუბლინში კონსულტაციები გამართეს მრჩევლებთანაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში უკრაინიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, პოლონეთიდან და ევროკავშირიდან. ეს ჯარედ კუშნერმა დაწერა აბუ-დაბიში, მოსკოვსა და დუბლინში გამართული შეხვედრების შემაჯამებელ ტექსტში, რომელიც სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, ორივე მხარე დასთანხმდა მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გაფართოებას და მასში ევროპელი პარტნიორების ჩართვას, რაც შესაძლებელს გახდის, განიხილონ ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების გაცილებით ფართო მექანიზმები უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ ტერიტორიულ პრობლემებთან ერთად. მრავალთვიანი პაუზის შემდეგ პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას უზარმაზარი შრომა დასჭირდა. მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ორივე მხარის შეშფოთების მიზეზების გააზრების, შესაძლო გამოსავლის გზების გამოვლენისა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის კუთხით. დასრულდა სამდღიანი ინტენსიური დიპლომატიური პროცესი, რომლის მიზანი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საზარელი ომის დასრულება იყო. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპელი პარტნიორებიც ჩაერთვებიან. ეს საშუალებას მოგვცემს, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ ტერიტორიულ საკითხებთან ერთად, განვიხილოთ ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო მოწყობაც. საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივი დასრულება მოითხოვს უსაფრთხოების სანდო გარანტიებს, კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმებსა და დეესკალაციის ორმხრივ ვალდებულებებს, რომლებიც მომავალი კონფლიქტის რისკს შეამცირებს.“ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეთანხმდნენ, რომ მასთან და მის გუნდთან მჭიდრო კონტაქტს შეინარჩუნებენ. “ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო შეთანხმებები საბოლოოდ არ გაფორმდება უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების გარეშე. პარალელურად დავიწყებთ ამ ურთიერთდაკავშირებული საკითხების განხილვას იმ გაგებით, რომ ჰუმანიტარული ზომების გარდა, არაფერი დასრულდება ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევამდე.“ მიმდინარეობს მუშაობა ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე, რათა ათასობით ადამიანს საკუთარ ოჯახებთან დაბრუნების საშუალება მიეცეს. “ვმუშაობთ იმაზე, რაც შესაძლოა, ომის მიმდინარეობის განმავლობაში ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა გახდეს, რაც ათასობით ადამიანს საშუალებას მისცემს, დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. ამ ომმა მრავალი ადამიანის ცხოვრება დაანგრია და ვიმედოვნებთ, რომ ორივე მხარე გამოიჩენს კეთილ ნებასა და სერიოზულობას, რაც ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის დასასრულებლად არის საჭირო,” - წერს კუშნერი. მოლაპარაკებების მიმართულებები, განრიგი და დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გამოცხადდება. „პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი, დაასრულოს ეს საშინელი ომი. მნიშვნელოვანი უთანხმოებები კვლავ არსებობს, თუმცა მიღწეული პროგრესი იმედის მომცემია. მზად ვართ, გავწიოთ ყველა საჭირო დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც საჭიროა გარდამტეხი შედეგის მისაღწევად, რათა დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები და შეიქმნას საფუძველი ხანგრძლივი მშვიდობისთვის, სუვერენული, უსაფრთხო და აყვავებული უკრაინისთვის, ასევე უფრო სტაბილური ევროპისთვის”, - წერს კუშნერი.“ ზელენსკის განცხადება რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა: ტყვეების გაცვლა მოხდება. „სტივმა და ჯარედმა მითხრეს, რომ ეს ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება. ჩვენი ჯარისკაცები, სახლში ბრუნდებიან. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ეს რეალური შედეგია. უპირველეს ყოვლისა, ეს, რა თქმა უნდა, წარმატებაა ოჯახებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ადამიანები სახლში, საკუთარ ოჯახებთან დაბრუნდებიან.“ უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგად შეაფასა ის ფაქტი, რომ შემდეგ ჯერზე ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნებიან და ხმის უფლება ექნებათ. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შემდეგი შეხვედრა ყველა ამ მომლაპარაკებლის მონაწილეობით უახლოეს მომავალში გაიმართება. როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე
დიდმა ბრიტანეთმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
დიდმა ბრიტანეთმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს. დოკუმენტი 12 ნოემბერს დუბლინში მიიღეს, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტის ფარგლებში. ორმხრივ დეკლარაციას ხელს აწერენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი. დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების, განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას. დეკლარაციის თანახმად, მხარეები აპირებენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის სამხედრო მომზადების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და თავსებადობის მიმართულებებით. ასევე განიხილავენ თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობებს. საუბარია ასევე ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე - მათ შორის, „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართულებით. „მხარეები ხაზს უსვამენ რეგიონული და საერთაშორისო დაკავშირებადობის მნიშვნელობას და მხარს დაუჭერენ „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) განვითარებას, ისევე როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასა და ინვესტიციებს,“ — აღნიშნულია დოკუმენტში. დოკუმენტში მხარეები მიესალმებიან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. „მხარეები იღებენ ვალდებულებას, შეინარჩუნონ მაღალი დონის ურთიერთქმედების დინამიკა და გააღრმავონ კოორდინაცია ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებში შედის,“ — ნათქვამია დოკუმენტში. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მხარეები განავითარებენ თავდაცვით თანამშრომლობას, რომელიც ფოკუსირებული იქნება წვრთნებზე, შესაძლებლობების გაძლიერებასა და თავსებადობაზე; ასევე, განიხილავენ თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაღრმავების გზებს, მათ შორის — ერთობლივ ინიციატივებს ურთიერთინტერესის სფეროებში. „ისინი გააძლიერებენ თანამშრომლობას უსაფრთხოების პრიორიტეტების ფართო სპექტრში, რათა უპასუხონ უსაფრთხოების სფეროში არსებულ ცვალებად გამოწვევებსა და საფრთხეებს,“— ნათქვამია დოკუმენტში. ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე გამოთქვეს სურვილი, გააფართოონ და გააღრმავონ ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები, ხელი შეუწყონ მდგრად, ინკლუზიურ და დივერსიფიცირებულ ეკონომიკურ ზრდას. ისინი გააძლიერებენ თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში გრძელვადიანი კომერციული პარტნიორობის ხელშეწყობით, ცოდნის გაზიარებითა და პრიორიტეტულ სექტორებში — მათ შორის განახლებადი ენერგიის, ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სფეროებში აქტიური ჩართულობით. დეკლარაციის თანახმად, მხარეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ „ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის“ როლს, როგორც მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ, სავაჭრო და „მონაწილეები შეთანხმდნენ, გამართონ სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიური შეხვედრა, რათა განიხილონ პროგრესი ამ დეკლარაციით გათვალისწინებულ სამივე მიმართულებით, განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და შეთანხმდნენ შემდგომ პრაქტიკულ ნაბიჯებზე.
უსმან ნურმაგომედოვს RAF Abu Dhabi-ზე დასწრება აეკრძალა, მერაბ დვალიშვილის მონაწილეობა ჯერ გაურკვეველია
ჩად ბრონშტეინის თქმით, უსმან ნურმაგომედოვს ტურნირზე დასწრება აეკრძალა, მერაბ დვალიშვილის მონაწილეობა კი ჯერ გაურკვეველია. Real American Freestyle-ის (RAF) თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია არ იწონებს ასეთ ქმედებებს და რომ ეს სამწუხარო შემთხვევა იყო. ბრონშტეინმა განმარტა, რომ ნურმაგომედოვს შაბათს, „ეტიჰად არენაზე“ დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების უფლებას არ მისცემენ. უსმან ნურმაგომედოვი აბუ დაბიში, ძმის, უმარ ნურმაგომედოვის მხარდასაჭერად იმყოფებოდა. „მერაბი თავს კარგად გრძნობს. არაბთა გაერთიანებული საამიროების შესაბამის უწყებებთან ერთად საკითხის მოგვარებას ვცდილობთ და იმედი გვაქვს, ყველაფერი რაც შეიძლება მალე გადაწყდება. რაც შეეხება უსმანს, ცხადია, ის შაბათ საღამოს ჩვენს ღონისძიებას ვერ დაესწრება. იმედი გვაქვს, მერაბი ტურნირში მონაწილეობას მიიღებს. ის აქ სპეციალურად ჩამოფრინდა და RAF-ისთვის მნიშვნელოვანი სპორტსმენია. ძალიან გვინდა, რომ მერაბმა იასპარეზოს,“ – განაცხადა ჩად ბრონშტეინმა. ამერიკული პროფესიონალური ჭიდაობის ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებას 14 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მართავს. აბუ-დაბის პოლიციის განცხადებით, გენერალურმა სარდლობამ დააკავა 8 პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარ ჩხუბში; კონფლიქტი მათ შორის არსებულ ადრინდელ უთანხმოებას უკავშირდებოდა. ასევე დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც ინციდენტი ვიდეოზე აღბეჭდეს. „დაკავებულების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ზომები, რის შემდეგაც საქმე გადაეცა გენერალურ პროკურატურას, კანონმდებლობის შესაბამისად წარმოების დასასრულებლად. ინციდენტი სასტუმროს შესასვლელთან მოხდა და მას წინ უძღოდა კონფლიქტში მონაწილე პირებს შორის არსებული უთანხმოება. აბუ-დაბის პოლიციის სპეციალიზებულმა ჯგუფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს რეაგირება, რის შედეგადაც დააკავეს როგორც თავად კონფლიქტის მონაწილეები, ისე — ჩხუბის ამსახველი ვიდეოს გადამღები ორი პირი; მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები იქნა მიღებული. აბუ-დაბის პოლიცია ხაზს უსვამს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მნიშვნელობას. უწყება აცხადებს, რომ მკაცრად აღკვეთს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას ან სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთანავე, პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან კანონები და წესები, ასევე გამოიჩინონ ცივილიზებული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ახალი ბრალდება წარუდგინა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, ბრალდება გულისხმობს დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე, ბრალი წარედგინათ პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას. „საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილის მიმართ, განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს - ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანია), შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარედგინა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის ოქტომბერში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ხოლო 2026 წლის 25 ოქტომბერს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს. იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას,“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს
ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემას ზღუდავს. ჰელსინკის განცხადებით, ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, მათ ამ ქვეყანაში „არაფერი ესაქმებათ.“ ფინეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც მკაცრდება შეზღუდვები რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოკლევადიანი სამუშაო ვიზების (მათ შორის, პროფესიული სპორტის სფეროში) მიღებას ცდილობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალი შეზღუდვების მიხედვით, „რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ვიზის საფუძველზე მუშაობის უფლება მხოლოდ იმ საქმიანობების განსახორციელებლად ექნებათ, რომლებიც ფინეთის ეროვნული ინტერესებისთვისაა აუცილებელი.“ ე.წ. შენგენის ვიზები ამ სისტემაში გაერთიანებულ 29 ევროპულ ქვეყანაში გადაადგილების საშუალებას იძლევა. რუს სპორტსმენებს, მათ შორის მათაც, ვინც ნეიტრალური დროშით ასპარეზობს, ამ ქვეყანაში შესასვლელი ვიზების მიღება აეკრძალებათ. „ქვეყანაში მათი შესვლა საფრთხეს შეუქმნის ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობებს,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენის განცხადებაში. ახალი წესები ძალაში 16 ნოემბერს შევა. „ცვლილების მიზანია ქვეყანაში შესვლის ისეთი შემთხვევების აღკვეთა, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა, თავისი ომის მხარდამჭერი გზავნილების გასავრცელებლად გამოიყენოს“, განაცხადა ვალტონენმა პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, რუსეთი „სპორტს პროპაგანდის იარაღად“ იყენებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა, სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, მიესალმა ფინეთის გადაწყვეტილებას და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდა, „დახურონ დარჩენილი ხვრელები და გააძლიერონ კოორდინირებული ზეწოლა რუსეთზე.“ ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა ISU-მ განაცხადა, რომ „სპორტსმენები არ უნდა დაისაჯონ მთავრობების ქმედებების გამო მსოფლიოში, სადაც, სამწუხაროდ, მრავალი კონფლიქტი მიმდინარეობს.“ ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ფინელი ორგანიზატორებისგან „დამატებით განმარტებებს“ ითხოვს. ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილება მოჰყვა სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) 30 ოქტომბრის დადგენილებას, რომელმაც რუსეთის ჰოკეის ნაკრებს მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნების გზა გაუხსნა. ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია (IIHF), რომელმაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა, CAS-ის ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ფინეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, შვედეთმა და ჩეხეთმა, განაცხადა, რომ გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე უარს იტყვიან. კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთს არ მიეცემა ალბერტაში დაგეგმილ ჰოკეის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება. ფინეთის ქალაქმა ტურკუმ ასევე განაცხადა, რომ უარს იტყვის 2027-2028 წლებში ტურნირის მასპინძლობაზე, თუ მასში რუსეთი მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას შეაქო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო (CAS) „ოლიმპიური ქარტიისა და მისი პრინციპების დასაცავად მიღებული გადაწყვეტილებებისთვის.“ პუტინმა მკაცრად გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო სპორტში. ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1340-კილომეტრიანი (830 მილი) საზღვარი აქვს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლას უკვე ზღუდავს. 2022 წლიდან მოყოლებული, ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის აკრძალა ისეთი ვიზების გაცემა, რომლებიც არ უკავშირდება აუცილებელ საჭიროებებს, მაგალითად, ტურისტული ვიზების. ოქტომბერში ვალტონენმა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდა, შეწყვიტონ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა, სანამ მოსკოვი უკრაინაში ომს არ დაასრულებს. ევროკავშირი განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს - მათ შორის რუსებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების გადახედვას - რათა აღკვეთოს მოსკოვის მხრიდან განხორციელებული „ჰიბრიდული თავდასხმები.“ ნორვეგიის მთავრობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ხელს შეუშლის რუსი და ბელორუსი პროფესიონალი სპორტსმენების ნორვეგიაში ჩასვლას შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად. „ნორვეგიას უკვე აქვს შემზღუდველი სავიზო პრაქტიკა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ამკაცრებს წესებს იმის თაობაზე, თუ ვის ეძლევა აქ ჩამოსვლის უფლება“, - განაცხადა იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ასტრი ას ჰანსენმა განცხადებაში. ცნობისთვის, ფინეთმა 2027 წლის მარტში, ქალაქ ტამპერეში, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს. ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა (ISU) განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგებსა და გავლენას „სწავლობს.“
სვეტლანა ტიხანოვსკაია: ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს იმ სირთულეებზე ვესაუბრე, რასაც საქართველოში მცხოვრები ბელორუსები აწყდებიან
ბელორუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. მისი თქმით, საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ სირთულეებზე, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები დოკუმენტების, ბინადრობის ნებართვებისა და სამართლებრივი სტატუსის მოპოვებისას აწყდებიან. „მოვუწოდე იმ ბელორუსების უფლებების დაცვისკენ, რომლებიც პოლიტიკურ დევნას ემიგრაციაშიც კი განიცდიან”, - დაწერა ტიხანოვსკაიამ სოციალურ ქსელში. მთავრობის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურებს ამ საუბრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ირაკლი კობახიძე ირლანდიაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეცხრე სამიტში მონაწილეობდა. ის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო, მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროპის უსაფრთხოებასა და საქართველოს სატრანზიტო როლზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძე: საქართველო რჩება ერთადერთი სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა ასევე გამართა სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთნ.
მედია: რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი აშშ-ის არმიის ოფიცერი NATO-ს „მოკავშირეთა სწრაფი რეაგირების კორპუსში“ მსახურობდა
აშშ-ის არმიის ოფიცერი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობისთვის დააკავეს, ადამიანის უფლებების სპეციალისტი იყო და ნატო-ს „მოკავშირეთა სწრაფი რეაგირების კორპუსში“ მსახურობდა. შესაბამის ინფორმაციას მედიასაშუალებები ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებენ. წყაროების განცხადებით, ეჭვმიტანილი - 41 წლის ვიცე-პოლკოვნიკი ბრენდონ ტაინერი - 10 ნოემბერს, სპეციალური ოპერაციის ფარგლებში დააკავეს; მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ბრიტანული მხარე მას ბრალს წაუყენებს. ოფიციალური პირის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ სამეფოში ბრალს წაუყენებენ, აშშ-ის სამხედრო უწყება ტაინერის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას თავად აშშ-ში, „სამხედრო მართლმსაჯულების ერთიანი კოდექსის“ საფუძველზე დაიწყებს. წყარომ ასევე დასძინა, რომ პენტაგონი ამ პროცესში იუსტიციის დეპარტამენტთან ითანამშრომლებს. ტაინერი, რომელიც არმიაში 2008 წლიდან მსახურობს, ავღანეთში, ერაყსა და კატარში იყო მივლინებული. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა მოტივი ამოძრავებდა ტაინერს, თუმცა, ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი იმის ვარაუდისთვის, რომ მან რუსეთის ხელისუფლებას რაიმე სახის სადაზვერვო ინფორმაცია გადასცა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, არანაირი ინფორმაცია არ აქვთ ტაინერის მიერ მათი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის სავარაუდო მცდელობების შესახებ. „ამ დაკავებას ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს და არ ვიცით, რას უკავშირდება ის,“ - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის განცხადებით, დაკავებას წინ უძღოდა გამოძიება, რომელიც უწყების ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებამ FBI-სა და აშშ-ის სამხედრო ძალებთან თანამშრომლობით ჩაატარა. „ეს მნიშვნელოვანი დაკავება ჯაშუშობის ბრალდებებს უკავშირდება, რაც უდიდესი შეშფოთების საგანია როგორც შეერთებული შტატებისთვის, ისე ჩვენი მოკავშირეებისთვის. მინდა მკაფიო გზავნილი გავაჟღერო: FBI-ს არავითარი შემწყნარებლობა არ გააჩნია მათ მიმართ, ვინც არღვევს შეერთებული შტატების წინაშე დადებულ ფიცს და ვისი ქმედებებიც საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენს, ისე ჩვენი პარტნიორების ეროვნულ უსაფრთხოებას,“ - წერს FBI-ის დირექტორმა კაშ პატელმა 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Microsoft-ის სერვისების მუშაობაში გლობალური შეფერხებაა
Microsoft-ი ცდილობს, აღმოფხვრას გლობალური შეფერხება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ათობით ათას მომხმარებელს შეეხო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, შეინიშნება „სტაბილიზაციის პირველი ნიშნები“, თუმცა სერვისების მუშაობა „ჯერ კიდევ არ დაბრუნებია ნორმალურ დონეს.“ პრობლემები შეექმნა ისეთ სერვისებს, როგორიცაა Teams-ი, Outlook-ი და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამა Copilot-ი; მიზეზად „კავშირთან დაკავშირებული ხარვეზები“ სახელდება. Microsoft-ის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეფერხება კიბერშეტევას გამოეწვია. მონიტორინგის ვებგვერდის ცნობით, პრობლემა 74 ქვეყნის მომხმარებლებს შეეხო და უკვე რვა საათზე მეტია გრძელდება. Microsoft-ი აცხადებს, რომ პრობლემის აღმოფხვრის მცდელობები „მოსალოდნელ შედეგს არ იძლევა”, თუმცა, მანამდე კომპანია აცხადებდა, რომ მათი გუნდი „დადებით შედეგებს ხედავდა“. Microsoft 365-ის აპლიკაციებით 430 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.
40-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
40-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ხელმომწერი სახელმწიფოების ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და რომ ევროპის სტრატეგიული სტაბილურობის სამომავლო განვითარება უკრაინაში ომის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული. ხელმომწერი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ იკისრონ უმთავრესი პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოებაზე და ერთად იმუშაონ ისეთ საერთო საფრთხეებთან გასამკლავებლად, როგორიცაა აგრესიული ომები, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ჩარევები და ინფორმაციული მანიპულაციები. „ხელმომწერები ხაზს უსვამენ უკრაინისთვის მყარი და სანდო უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობას და იმ სახელმწიფოების სახელით, რომლებსაც ეს ეხება, კიდევ ერთხელ ადასტურებენ ასეთი გარანტიების გაცემის განზრახვას, რათა მომავალში ევროპაში აგრესიის განმეორება აღიკვეთოს, ”- აღნიშნულია დეკლარაციაში. ხელმომწერი სახელმწიფოები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ჰიბრიდული კამპანიები და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების მცდელობები მხოლოდ გააძლიერებს მათ ერთგულებას უკრაინისადმი და მათ მტკიცე გადაწყვეტილებას. „ხელმომწერი სახელმწიფოები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზა თავად უკრაინასთან ერთად უნდა განისაზღვროს, ხოლო ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი - ევროპელების მონაწილეობით,” - აღნიშნულია დოკუმენტში. დეკლარაციას ხელს აწერენ: ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინის, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგიაა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო. სომხეთი და აზერბაიჯანი მათ შორის არ არიან. აზერბაიჯანის აგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიგი ქვეყნები შეუერთდნენ „ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას“, „მიგრაციის შესახებ დეკლარაციასა“ და „ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართული ევროპული კოალიციის დეკლარაციას“, თუმცა ბაქო დეკლარაციებს არ შეუერთდა. „ცნობილია, რომ „ევროპის პოლიტიკური საზოგადოება“ შეიქმნა, როგორც არაფორმალური დიალოგის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას. „ევროპის პოლიტიკურ საზოგადოებაში“ ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მიზანია საერთო ინტერესის საკითხებზე მოსაზრებების გაცვლა, საერთო გამოწვევებისადმი მიდგომების განხილვა და მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოება. ამ კონტექსტში, აზერბაიჯანულმა მხარემ ხელი არ მოაწერა ზემოხსენებულ დოკუმენტებს, რომლებიც დამატებით სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებს აწესებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადება ერევნის მიერ არ გავრცელებულა.
ყირგიზეთში ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინეს
კომპანია „ყირგიზნეფტეგაზის“ (Kyrgyzneftegaz) ინფორმაციით, ყირგიზეთში ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინეს. მაილუუ-სუუს რაიონში აღმოჩენილი საბადოს გაზის დღიური მოპოვების პოტენციალი 40 000 კუბურ მეტრზე მეტს შეადგენს. ეს ქალაქ კოჩკორ-ატას და მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირით სრულად უზრუნველყოფს. სააქციო საზოგადოება „ყირგიზნეფტეგაზის“ გამგეობის თავმჯდომარემ, სამსაალი ჩეტიმბაევმა აღნიშნა, რომ ბოლო 10–15 წლის განმავლობაში კომპანიაში მსგავსი წარმადობის გაზის წყარო არ დაფიქსირებულა.
თოყაევი: სუვერენული ფონდისა და სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელების დაკავება სახელმწიფო კომპანიებში არსებულ მასშტაბურ კორუფციაზე მიუთითებს
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყაზახეთის სუვერენული ფონდისა და სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელების დაკავებას უწოდა სერიოზული სიგნალი, რომელიც სახელმწიფო კომპანიებში არსებულ ფართომასშტაბიან კორუფციაზე მიუთითებს. ეს განცხადება უსაფრთხოების საბჭოს სამუშაო თათბირზე გააკეთა. თოყაევმა ხაზი გაუსვა, რომ კანონმდებლობის თანახმად, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალები არ უნდა გახდეს საჯარო, მით უმეტეს, რომ საგამოძიებო პროცესი ახლა იწყება. ამავდროულად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი მსხვილი კორუფციული საქმე სახელმწიფო კომპანიების სისტემაში მას შემდეგ, რაც წარდადგინეს კონცეფცია „კანონი და წესრიგი“ და ის კონსტიტუციაში აისახა, როგორც საჯარო მმართველობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. „არავის აქვს უფლება, დაარღვიოს კონსტიტუცია ან, შეიძლება, ითქვას, დასცინოს ამ წმინდა დოკუმენტს,“ — აღნიშნა თოყაევმა. ყაზახეთის სუვერენული ფონდისა და სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელები კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ირაკლი კობახიძე: მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის
პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას „გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს.“ შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძის Facebook გვერდზე განთავსდა. „როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მადლობა მინდა, გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში,“ - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - რა გადაწყვიტა სასამართლომ
მერაბ დვალიშვილი პარასკევს, დილით ადრე გაათავისუფლეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. მისი დაკავება სასტუმროში მომხდარ ჩხუბს უკავშირდებოდა, რომელშიც PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი უსმან ნურმაგომედოვი მონაწილეობდა. RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ჩად ბრონშტაინმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც დვალიშვილთან დაკავშირებით საუბრობს. ჟურნალისტ არიელ ჰელვანის თქმით, ბრონშტეინმა გადამწყვეტი როლი ითამაშა დვალიშვილის გათავისუფლებაში; ის 48 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჰელვანის ცნობით, ასევე გათავისუფლდა საბა ლაზიშვილიც. ჰელვანის ინფორმაციით, ბრონშტაინი დაწესებულებაში მათი გათავისუფლების დროსაც იმყოფებოდა. ამ შაბათ-კვირას, RAF-ის ღონისძიებაზე, დვალიშვილი და ნურმაგომედოვი უნდა გამოსულიყვნენ. დვალიშვილს WSOF-ის უმსუბუქესი წონის ყოფილ ჩემპიონ მარლონ მორაესთან უნდა ეჩხუბა, ხოლო უმარ ნურმაგომედოვი — უსმან ნურმაგომედოვის ძმა — UFC-ის დიდების დარბაზის წევრ იურაია ფაბერს უნდა დაპირისპირებოდა. MMA Fighting-ის ცნობით, ხუთშაბათს გამართულ RAF-ის პრესკონფერენციას არცერთი მათგანი არ დასწრებია; RAF-ის თანადამფუძნებელმა ჩად ბრონშტეინმა კი განაცხადა, რომ ამ ბრძოლების ბედი ჯერჯერობით უცნობია. ბრონშტეინმა ასევე აღნიშნა, რომ უსმან ნურმაგომედოვს ღონისძიებაზე არ დაუშვებენ. „ცხადია, უსმანი შაბათ საღამოს ჩვენს ღონისძიებას არ დაესწრება“, — განაცხადა ბრონშტეინმა. ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა The National-ი აბუ-დაბის სასამართლო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლომ ათი ადამიანი დამნაშავედ ცნო. The National-ის ინფორმაციით, სასამართლომ ექვს პირს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, პანიკის გამოწვევისა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის გამო ექვსთვიანი პატიმრობა, თითოეულს 300 ათასი დირჰამის - დაახლოებით 212 ათასი ლარის - ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტაცია შეუფარდა. ინფორმაციაში არ არის დასახელებული, კონკრეტულად ვის რომელი სასჯელი დაეკისრა. კიდევ ორ პირს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევისა და სხვებზე თავდასხმისთვის თითოეულს 50 ათასი დირჰამის - დაახლოებით 35 300 ლარის - ჯარიმა დაეკისრა. დანარჩენ ორ პირს ინციდენტის გადაღებითა და კადრების გავრცელებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის ექვსთვიანი პატიმრობა, თითოეულს 300 ათასი დირჰამის ჯარიმა და დეპორტაცია შეეფარდა. სასამართლომ მათი ტელეფონების კონფისკაცია და ჩანაწერების წაშლაც დაავალა. უსმან ნურმაგომედოვს RAF Abu Dhabi-ზე დასწრება აეკრძალა, მერაბ დვალიშვილის მონაწილეობა ჯერ გაურკვეველია შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.
ევროკავშირის ელჩი: დიდად ვაფასებ საქართველოს შესანიშნავ საკვებ პროდუქტებს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მათ ევროპის მაღაზიების თაროებზე უფრო მეტს ვიხილავთ
დიდად ვაფასებ საქართველოს შესანიშნავ საკვებ პროდუქტებს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მათ ევროკავშირის ქვეყნების მაღაზიების თაროებზე უფრო მეტს ვიხილავთ - ჩვენი გზავნილი საქართველოს ფერმერებისთვის ნათელია: ევროკავშირი თქვენს გვერდითაა! - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) IV ფაზის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა. ჰერჩინსკიმ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 30 წელზე მეტია, ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ფერმერებსა და სოფლად მცხოვრებ თემებს. მისი შეფასებით, ENPARD-ის პროექტი ეფექტიანი მუშაობის საუკეთესო მაგალითი იყო. ჰერჩინსკის თქმით, ENPARD-ის პროგრამის ოთხი ფაზის განმავლობაში საქართველოში 230 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, რაც ფერმერებს დაეხმარა, შეექმნა სამუშაო ადგილები და ახალი შესაძლებლობები სოფლად, ხოლო საქართველოს სურსათის უვნებლობის სისტემა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა - თანაც ისე, რომ ქართულმა პროდუქტებმა თავიანთი გამორჩეული თვისებები სრულად შეინარჩუნეს. „ჩვენი პროგრამა ENPARD-ის შედეგები თვალსაჩინოა. ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში, ტრენინგების, მიზნობრივი ფინანსური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით, სოფლად სიღარიბის მაჩვენებელი 2013 წლის 33%-დან 2024 წლისთვის 15%-მდე შემცირდა. სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 90%-ით გაიზარდა. თითოეული რიცხვის მიღმა არის ფერმერული მეურნეობა, ოჯახი და სოფელი, რომლებმაც წინ გადადგეს ნაბიჯი განვითარების გზაზე. ENPARD-ი არასდროს ყოფილა მხოლოდ ევროკავშირის პროგრამა. ის მხარს უჭერდა საქართველოს პოლიტიკასა და რეფორმებს, ეფუძნებოდა რა ერთ ფუნდამენტურ პრინციპს - ევროკავშირის საერთო აგრარულ პოლიტიკას და ჩვენს ხედვას სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მეთევზეობის შესახებ. ჩვენი გზავნილი საქართველოს ფერმერებისთვის ნათელია: ევროკავშირი თქვენ გვერდითაა. თქვენ არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება საოჯახო მეურნეობებსა და კონკურენტუნარიანობას შორის. მსხვილ აგრობიზნესს თავისი ადგილი აქვს, რასაც სასოფლო-სამეურნეო კვების პროდუქტების და სასმელების გამოფენაც ადასტურებს. თავისი ადგილი აქვს საოჯახო მეურნეობებსაც. რთულ პერიოდებში ისინი მედეგები არიან. ქმნიან სამუშაო ადგილებს, ინარჩუნებენ სიცოცხლესა და ღირებულებებს სოფლად და საკვებით ამარაგებენ ქალაქებს. თანამედროვე, მდგრადი სოფლის მეურნეობა უნდა დაეფუძნოს ხარისხს, ადგილობრივ იდენტობასა და სოფლის ძლიერ თემებს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ევროკავშირის ელჩის თქმით, სურსათის უვნებლობის კუთხით ევროკავშირის სტანდარტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „ნდობა მარტივ პრინციპებს ეფუძნება: მწარმოებლები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რასაც ყიდიან. ფერმიდან სუფრამდე პროდუქტის გზის თვალის მიდევნება შესაძლებელია, კონტროლის მექანიზმები კი - მკაფიო და სამართლიანია. ეს პრინციპები, პირველ რიგში, საქართველოს ოჯახებს იცავს, შემდეგ კი ხსნის გზას ექსპორტისთვის - მათ შორის, იმედია, ევროკავშირის ბაზარზეც. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი ქალებს უკავიათ. სოფლად მცხოვრები ქალები აწარმოებენ, ამზადებენ და ყიდიან სურსათს, თუმცა ხშირად - ოფიციალური ბაზრის მიღმა. სურსათის უვნებლობის ნორმებისა და ხარისხის მარკირების სისტემების დანერგვა, ასევე მკაფიო წესები მათ ამ ბაზარზე ჩართვისა და ღირსეული შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მიზნად კვლავ რჩება. მათი ლიდერობა სოფლის თემების შენარჩუნებას უწყობს ხელს,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. დიპლომატის თქმით, ENPARD-ის პროგრამა წარმატებით სრულდება, თუმცა მისი შედეგები - რეფორმები, ინსტიტუტები და განვითარებული უნარები ძალაში რჩება. პერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი სამომავლოდ საქართველოს კანონმდებლობასა და სტრატეგიებში აისახება. „ევროკავშირის მხარდაჭერა და ერთგულება ENPARD-ის დასრულებით არ მთავრდება. ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას სოფლად მცხოვრებ ადამიანებში. ჩვენი ახალი ინიციატივის - „ევროკავშირი შენთან“ (EU with You) - ფარგლებში, 13 მილიონ ევროზე მეტი 38 მილიონის ოდენობის საერთო თანხიდან (რომლის გამოყოფა ოქტომბერში გამოცხადდა), მომდევნო სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობას მოხმარდება. ეს დახმარება ეფუძნება ENPARD-ის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას და საფუძველს უყრის სტანდარტების დანერგვას, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს შეესაბამება. ჩვენი მიზნები უცვლელია: - სოფლად მცხოვრები თემებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა; ქალებისა და ახალგაზრდა ფერმერებისთვის შესაძლებლობების გაჩენა; კონკურენტუნარიანი და მდგრადი სოფლის მეურნეობა; დაცული ბუნებრივი რესურსები. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ირიგაციაზე დაფუძნებულ სოფლის მეურნეობას. უახლოეს მომავალში, „ზემო სამგორის“ საირიგაციო სისტემის არეალში მცხოვრები 11 000 ოჯახი მისგან სარგებელს მიიღებს. ეს ინიციატივა, საქართველოში 2023 წელს მიღებულ „წყლის შესახებ“ კანონის შესაბამისად, წყლის რაციონალური გამოყენების მაგალითს წარმოადგენს. საქართველოს მასშტაბით, ადამიანები იყენებენ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და თემების გასაძლიერებლად. ევროკავშირი თქვენთან არის - ეს არის ჩვენი გზა სოფლად მცხოვრები ძლიერი თემებისა და მდგრადი სასურსათო სისტემისკენ,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. ევროკავშირის წარმადგენლობის ცნობით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს რეგიონების მიმართ ENPARD-ის დასრულებით არ მთავრდება: ახალი პროექტები, რომლებიც ინიციატივის #EUwithYOU-ს ფარგლებში განხორციელდება, მიღწეულ შედეგებს დაეფუძნება და გააგრძელებს ინვესტირებას სოფლად მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობასა და განვითარებაში.
პოლონეთი დამასკოში საელჩოს 14-წლიანი პაუზის შემდეგ ხელახლა გახსნის
პოლონეთი მომავალი წლის იანვარში სირიის დედაქალაქ დამასკოში საელჩოს ხელახლა გახსნას გეგმავს. ამჟამად დამასკოში პოლონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული მუშაობს, რომელიც დიპლომატიური მისიის შენობის თანამშრომლების მისაღებად მომზადების პროცესს ხელმძღვანელობს. შენობა ათ წელზე მეტი ხნის წინ დაცარიელდა. მართალია, საომარი მოქმედებების დროს ნაგებობა არ დაზიანებულა, თუმცა მას რემონტი სჭირდება. სირიაში ომის დაწყების შემდეგ, 2012 წელს, პოლონეთმა ქვეყნიდან თავისი დიპლომატიური პერსონალი გაიყვანა.
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 17.7 კმ სიგრძის ელექტროფიცირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, რომელიც სოფელ ხამისკურთან არსებული სარკინიგზო მაგისტრალიდან დაიწყება და ანაკლიის ნავსადგურამდე მივა. ასევე დაგეგმილია ანაკლიაში ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა და ხობის სადგურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია. ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირდაპირ დაკავშირებას საქართველოსა და რეგიონის სარკინიგზო ქსელებთან, რაც შექმნის პირობებს ტვირთების ეფექტიანი დამუშავების, შეუფერხებელი გადაზიდვისა და პორტის გამტარუნარიანობის სრულფასოვანი გამოყენებისთვის. დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეა. პროექტის განხორციელების გრაფიკი ითვალისწინებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მზადყოფნას 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ოპერირების დაწყებისთვის. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ერთობლივი განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველოს სატრანსპორტო სისტემისთვის. ეს გააძლიერებს ქვეყნის პოზიციებს შუა დერეფანში, გაზრდის საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის, განვითარებას.
თურქეთმა და კატარმა ურთიერთთავდაცვის პაქტი გააფორმეს
თურქეთმა და კატარმა ხუთი შეთანხმება, მათ შორის — ურთიერთთავდაცვის პაქტი გააფორმეს. დამატებითი დეტალები უცნობია. სხვა შეთანხმებები მოიცავს თავდაცვის, განათლებისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროებს, ასევე თანამშრომლობას მშვიდობის, შერიგებისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში, კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა, რის შემდეგაც მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს. „პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას სპარსეთის ყურის რეგიონში ომის განახლების თავიდან ასაცილებლად, დიალოგის საფუძვლის შესაქმნელად და მშვიდობის მისაღწევად,“ – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ბულგარეთმა დათქმებით დაუჭირა მხარი ევროპული უსაფრთხოების საკვანძო პრინციპების შესახებ ფრანგულ ინიციატივას
ბულგარეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის შესახებ დეკლარაციას, თუმცა დოკუმენტის პრეამბულასთან დაკავშირებით შენიშვნა გამოთქვა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ქვეყანამ დეკლარაციას მხარი დაუჭირა, თუმცა პრეამბულის ფორმულირებასთან დაკავშირებით დათქმა ჰქონდა. ბულგარეთი მიიჩნევდა, რომ დოკუმენტში უნდა ასახულიყო უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარე პროცესი, მათ შორის აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები. საუბარია ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის 12 ნოემბრის სამიტზე წარმოდგენილ ევროპული უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციაზე. რადევმა დეკლარაციის პრეამბულასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები გამოთქვა და მოითხოვა, რომ პოლიტიკური გზავნილები უკრაინაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ეტაპს მორგებოდა. შესაბამისი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ბულგარეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც დეკლარაციას ხელი არ მოაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას მოლაპარაკებების გზით; ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს აბუ-დაბიში, შეერთებული შტატების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ახალი რაუნდი. დოკუმენტის პრეამბულაში საუბარია „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ, სრულმასშტაბიან აგრესიასა და ევროპის სტაბილურობისთვის მზარდ საფრთხეებზე.“ დეკლარაციის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც საფრანგეთმა მოამზადა, ეწერა, რომ აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია მშვიდობისკენ და ევროპამ ამ პროცესს მხარი უნდა დაუჭიროს. საბოლოო ტექსტიდან ეს ჩანაწერი ამოიღეს. ბულგარეთი მოითხოვდა მის დაბრუნებას, რადგან მიიჩნევდა, რომ ევროპულ დოკუმენტებში მიმდინარე მოლაპარაკებები უნდა ასახულიყო და არ უნდა შეზღუდულიყო დიპლომატიური დიალოგის შესაძლებლობა. 40-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი ისტორიული შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება
აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა მომავალ ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის ფარგლებში, ჩინეთში, ქალაქ შენჭენში შედგება. ეს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება. თეთრი სახლის ცნობით, ტრამპი შეხვედრაზე ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხს განიხილავს. „ის მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირების საკითხს განიხილავს, რომლის გავრცელებასაც პრეზიდენტი ტრამპი ძალიან საშიშად თვლის,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ოლივია უელსმა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დონალდ ტრამპი ირანში ომის საკითხსაც წამოჭრის, თუმცა უკრაინაში ომის საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის. რა შედეგით დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე სამდღიანი მოლაპარაკებები განახლება: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჩინეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრას ისტორიული მნიშვნელობა ექნება და ის ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას. პრესსპიკერის, მაო ნინის განცხადებით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი გლობალური მშვიდობის შენარჩუნება და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცება იქნება. „ჩინეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები გაეროს დამფუძნებელი სახელმწიფოები და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან. ისტორიულად, ეს სამი ქვეყანა გვერდიგვერდ იბრძოდა მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვებისთვის,“ – განაცხადა მაო ნინმა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, სამ ქვეყანას გლობალური გამოწვევების დაძლევაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. „არსებულ ვითარებაში სამ ქვეყანას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია, ითანამშრომლონ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ხელი შეუწყონ მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩინეთს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება, უთანხმოებების მართვა და ურთიერთობების სტაბილიზაცია სამივე ქვეყნის ინტერესებში შედის, პასუხობს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს და ხელს უწყობს გლობალური ვითარების სტაბილიზაციას, დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას,“ – განაცხადა მაო ნინმა. ჩინური მხარის ცნობით, სამი ქვეყნის ლიდერები „განიხილავენ მსოფლიო მშვიდობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, თუმცა პეკინს მოლაპარაკებების კონკრეტული დღის წესრიგი ჯერ არ გამოუქვეყნებია.“ გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ორგანიზაცია მზად არის, მხარი დაუჭიროს ბირთვული განიარაღების ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შედეგად შეიძლება დაიწყოს.