ძებნის რეზულტატი:

ჯეფ ბეზოსმა არაკომერციულ ორგანიზაციებს Amazon-ის $200 მილიონის აქციები გადასცა

ორშაბათს წარდგენილი ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, გასულ კვირას მილიარდელმა ჯეფ ბეზოსმა არაკომერციულ ორგანიზაციებს დაახლოებით 198,9 მილიონი დოლარის ღირებულების „ამაზონის“ (Amazon) აქციები გადასცა. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ბეზოსმა ჯამში 771 492 აქცია გააჩუქა. აქედან 674 088 აქცია ორგანიზაციებს ხუთშაბათს, 97 404 კი პარასკევს გადაეცა. აქციების ღირებულება Amazon-ის ორშაბათის სავაჭრო დღის დახურვის ფასით, $257.75-ით არის გამოთვლილი. დოკუმენტში ორივე გადაცემა არაკომერციული ორგანიზაციებისთვის გაღებულ შემოწირულებად არის მითითებული, თუმცა მიმღები ორგანიზაციების ვინაობა სრულად არ არის დაკონკრეტებული.  

პოეტი, მსახიობი და რეჟისორი ალექსანდრე გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

პოეტი, მსახიობი და რეჟისორი ალექსანდრე გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ალექსანდრე გველესიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. ალექსანდრე გველესიანს გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული - „ქარის წისქვილები“ „სულ ცოტა...“, „ლექსები“, „ასათიანის 22“ და „მე-დიდი დათვი“. სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და მსა­ხი­ო­ბად, მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გად, ზეს­ტა­ფო­ნის კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ახალ­გაზ­რდუ­ლი და თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რე­ბის რე­ჟის­ო­რად.  

ჩეხეთი აშშ-სგან ბუნებრივ აირს მიიღებს — 20-წლიანი შეთანხმება მზადაა

ჩეხეთის რესპუბლიკა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ იმ შეთანხმების საბოლოო ვერსიაზე, რომელიც ქვეყანაში ამერიკული გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. შეთანხმების ხელმოწერა 2027 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატებიდან მიწოდებული გაზი ჩეხეთის რესპუბლიკის წლიური მოხმარების 20%-ზე მეტს დაფარავს. შეთანხმების პირობები ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა კარელ ჰავლიჩეკმა და აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა 16 ნოემბერს ვარშავაში შეხვედრისას შეათანხმეს.  გრძელვადიანი კონტრაქტი 15-დან 20 წლამდე პერიოდს მოიცავს. წინასწარი მოლაპარაკებების მიხედვით, საუბარია ამერიკულ ტერმინალებში წლიურად დაახლოებით 1.4-1.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის რეზერვაციაზე. კომერციული რეზერვაციის დეტალებს სახელმწიფო ენერგოკომპანია ČEZ მართავს. თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტრანსპორტირება ნიდერლანდებში მდებარე Eemshaven-ის ტერმინალის გავლით მოხდება.  

ოქროს ფასი ერთწლიან მინიმუმამდე დაეცა

ოქროს ფასი უნციაზე 3,800 აშშ დოლარს ჩამოსცდა და 2025 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად, 14-თვიან მინიმუმს მიაღწია. სპოტ-ოქროს ფასი დღის განმავლობაში დაახლოებით 3,790 დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2026 წლის დეკემბრის COMEX-ის ოქროს ფიუჩერსები 1.73%-ით დაეცა და 3,797.30 დოლარი შეადგინა. ოქრო ტროას უნციაზე 3,841.5 დოლარად ივაჭრებოდა, რაც 1.44%-იან კლებას ნიშნავს. 06:36 საათისთვის ვარდნის ტემპი შენელდა და ფასმა ტროას უნციაზე 3,803 დოლარი შეადგინა, რაც 1.3%-იან შემცირებას ნიშნავს. ფასების კლებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. Saxo Bank-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მათ შორისაა ინფლაცია, რომელიც აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდის მოლოდინს აძლიერებს, ასევე ხელოვნური ინტელექტის სექტორთან დაკავშირებული რისკი, რომელიც ბაზარზე ზოგად საინვესტიციო განწყობებზე უარყოფითად მოქმედებს.  

რუსეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ციმბირში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი ყველა — 19-ვე ადამიანი ემსხვერპლა. სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი „ან-12“ კემეროვოს ოლქში, „დაუსახლებელ ტერიტორიაზე“ „გეგმიური ფრენის“ შესრულებისას ჩამოვარდა. უწყების წინასწარი ვარაუდით, სამშაბათს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ამჟამად რუსეთის საავიაციო უწყებები მომხდარს იკვლევენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტია ასახული: შორი მანძილიდან ჩანს, როგორ ეშვება ციდან მანათობელი ობიექტი. ამას მოჰყვა აფეთქებ, თუმცა BBC-ის ცნობით, თავად კატასტროფა იმდენად შორს ფიქსირდება, რომ მისი დანახვა შეუძლებელი იყო. Reuters-მა, ადგილის ვიზუალური მახასიათებლებისა და სატელიტური გამოსახულებების შედარების საფუძველზე, გადაღების ადგილიც დაადგინა. „ან-12“ ტიპის თვითმფრინავებს რუსეთის სამხედრო ძალები ფართოდ იყენებენ შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის გადასაყვანად, ასევე — სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის.  

ჰეგსეთის მოადგილე უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის სტრატეგიას აკრიტიკებს - NATO-ს შტაბ-ბინაში გამართული დისკუსიის დეტალები

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ, 17 ნოემბერს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე საჯაროდ გააკრიტიკა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული შორი მოქმედების დარტყმები.  კოლბის განცხადებით, მსგავსი თავდასხმები სამხედრო თვალსაზრისით არაეფექტიანი და კონფლიქტის ესკალაციის რისკს ზრდის -  მის ამ შეფასებას მყისიერი წინააღმდეგობა მოჰყვა ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან. CNBC-ის ცნობით, კოლბიმ აღნიშნა, რომ პენტაგონის შეფასებით, რუსეთის სიღრმეში განხორციელებულმა დარტყმებმა ვერც ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლა შეანელა და ვერც ომის დასრულება დააახლოვა. მან ამ დარტყმებისადმი საჯარო ყურადღებას „სანახაობა“ უწოდა, რომელიც ძირითადად რუსეთის მოსახლეობისთვის ტკივილის მიყენებას ისახავს მიზნად. კოლბიმ განაცხადა, რომ რუსულ კომერციულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე — კერძოდ, რუსული ონლაინ-რითეილერის, Wildberries-ის საწყობებზე მიტანილმა იერიშებმა რუსეთის საზოგადოების განწყობა გაამკაცრა და კრემლის მხრიდან ესკალაციის მზაობა გაზარდა.  ამასთან, მან გააფრთხილა NATO-ს ევროპელი მოკავშირეები, არ დატოვონ ამერიკული კომპანიები იარაღის შესყიდვის გარიგებების მიღმა.  უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გაკეთებულ ოფიციალურ მიმართვაში კოლბიმ განმარტა, რომ უკრაინას „ხელები ზურგს უკან შეკრული“ არ უნდა ჰქონდეს. სანაცვლოდ, მან კიევსა და მის პარტნიორებს მოუწოდა, სამხედრო დახმარება ფრონტის ხაზის საბრძოლო აღჭურვილობაზე, საჰაერო თავდაცვასა და საშუალო მანძილის ოპერატიულ დარტყმებზე მიმართონ, რომლებიც უშუალოდ რუსეთის მომარაგების ხაზებს ანადგურებს. გერმანიის პასუხი გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კატეგორიულად უარყო კოლბის კრიტიკა და აშშ-ის მხრიდად გაფრთხილებას  „საკმაოდ სულელური რამ“ უწოდა, იტყობინება The Guardian. პისტორიუსის თქმით, უკრაინა ლეგიტიმურ სტრატეგიულ სამიზნეებს ურტყამს და მოკავშირეებმა ამის ნაცვლად უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკულ, წყალმომარაგებისა და გათბობის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ყოველდღიური თავდასხმები უნდა დაგმონ. დიდი ბრიტანეთის პოზიცია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ასევე შეეწინააღმდეგნენ აშშ-ის პოზიციას და განაცხადეს, რომ უკრაინის შორი მოქმედების დარტყმებმა მოსკოვის საომარი ძალისხმევა შეასუსტა და უკრაინელების სიცოცხლეს იცავს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა განაცხადა, რომ უკრაინას ვერ უკარნახებენ, როგორ აწარმოოს ომი. სტრიტინგი მიიჩნევს, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებმა შეამცირა პუტინის სამხედრო მანქანის ეფექტიანობა. ეს საჯარო უთანხმოება მოჰყვა უკრაინის მიერ ყირიმის ხიდის დაზიანებას და აშშ-ის მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის დაგეგმილი სამიტის წინ.  

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა. ევროკავშირის სანქციების ოფისი ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ფარგლებში იმუშავებს და იგი ფინანსური მომსახურების, დანაზოგებისა და ინვესტიციების საკითხებში ევროკომისრის, მარია ლუიშ ალბუკერკეს ზედამხედველობის ქვეშ იქნება. განცხადების თანახმად, აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ევროკავშირის სანქციების კოორდინაციას წევრ სახელმწიფოებთან და მესამე ქვეყნებთან. „დღეს კომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რომლის მიზანი სანქციების სრულ ციკლთან დაკავშირებით კომისიის გამოცდილების გაერთიანებაა, პოლიტიკის შემუშავებიდან დაწყებული, მისი იმპლემენტაციით, აღსრულებითა და სანქციებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული, მათ შორის, მესამე ქვეყნებთან კომუნიკაციისა და ჩართულობის ჩათვლით,“ - ნათქვამია განცხადებაში. ოფისი იმოქმედებს, „ყველა რეჟიმის, კერძოდ, რუსეთისა და ბელორუსის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის, ასევე, ჰიბრიდული და ორგანიზებული დანაშაულის მიმართ,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე, ევროკომისიამ სანქციების აღსრულების საკითხში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე შვედი დიპლომატი ლარს დანიელსონი დანიშნა. დანიელსონი თანამდებობას 2027 წლის 6 თებერვალს დაიკავებს და სანქციების საკითხში ევროკავშირის მოქმედ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს შეცვლის.  

საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა მინსკში, 19 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი 19 ნოემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს მინსკში შეხვდება. ეს გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრაა. რუსეთმა გიორგი ზურაბაშვილთან მომლაპარაკებელი შეარჩია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომლაპარაკებლები ყურადღებას გაამახვილებენ ვაჭრობის, ტურიზმის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურული გაცვლების გაფართოებაზე. უწყებაში 16 ნოემბერს განაცხადეს, რომ გარკვეული მიმართულებებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს - მათ შორის, სოფლის მეურნეობის უწყებების წარმომადგენლები აგროპროდუქციის ორმხრივი მიწოდების გამარტივებაზე მუშაობენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბიშვილის წარდგენისას, განსახილველ საკითხთა ნუსხაში დაასახელა რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგი. 2012 წლის შემდეგ დაწყებულ დიალოგს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში მართავდნენ. სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო 2025 წლის პირველი დეკემბრიდან, როდესაც პოსტი გიორგი ქაჯაიამ დატოვა. ამ თანამდებობაზე მან 2024 წელს ზურაბ აბაშიძე შეცვალა. რაც შეეხება მინსკს, ბელორუსის დედაქალაქს, რუსეთის ფედერაცია ითხოვდა „ჟენევის ფორმატის“ მინსკში გადატანას. გაერო, ეუთო და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას არ ემხრობიან. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები“ წლების განმავლობაში იყო ერთადერთი ფორმატი, რომელშიც რუსეთი და საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ფორმატში მოსკოვი და თბილისი ევროკავშირის, აშშ-ის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად საუბრობენ. რუსეთის ფედერაცია 2022 წლიდან ითხოვს ფორმატის ცვლილებას. ინიციატივას მხარს უჭერენ ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალშიც და მოლაპარაკებების სასურველ ადგილად მინსკს ან ნაირობის ასახელებენ.  

მკვლელობა ვაკეში - ახალი დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ კაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მედიაში გავრცელებული ცნობით, მოკლულია 77 წლის კაცი, რომელიც სპირტის ბიზნესს ფლობდა.  

„ახალი ფრონტი ომში - უკრაინული ძალები ძველ საბჭოთა გაზსადენში ცხოვრობენ და რუსულ ჯარებს ებრძვიან“ - BBC

უკრაინის ომში ახალი ფრონტი გაჩნდა — მიწისქვეშეთში. BBC-მ ამ თემაზე რეპორტაჟი მოამზადა. კერძოდ, უკვე შვიდი თვეა, რაც უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ძველ საბჭოთა გაზსადენში ცხოვრობენ და რუსულ ჯარებს ებრძვიან. მილსადენის დიამეტრი მხოლოდ ერთ მეტრზე ოდნავ მეტია, ამიტომ იქ გადაადგილება მხოლოდ ხოხვითაა შესაძლებელი. სამაგიეროდ, ეს ადგილი შედარებით უსაფრთხოა დრონებისგან, რომლითაც ახლა ფრონტის ხაზის თავზე ცა სავსეა — ეს თავის მხრივ, ორივე მხარისთვის წინსვლას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. „მიწისქვეშ გადასვლა ახლა ერთადერთი გამოსავალია,“ - ამბობს ბრიტანულ მაუწყებელთან რესპონდენტი, რომ უკრაინის ამ „გვირაბის ოპერაციის“ დაგეგმვაში მონაწილეობდა და მას ბრძოლის სრულიად ახალ სამყაროს უწოდებს. ამასთანავე, ისიც აღიარებს, რომ ეს ბრძოლა ძალიან რთულია. ხარკოვის ოლქში მდებარე ამ მიწისქვეშა ბრძოლის ველამდე მისასვლელი გზა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ საფრთხეებს, რომლებიც ზედაპირზე არსებობს: ღია მინდვრებზე ავტომობილით სწრაფი გადაადგილება, რასაც ტალახიან ნიადაგზე ხანგრძლივი ფეხით სვლა მოსდევს. ამ პროცესში უკრაინელი სამხედროები მზადყოფნაში არიან — მათი იარაღი დატენილია და ნებისმიერ მომენტში მზად არიან, რუსული დრონები ჩამოაგდონ. „გვირაბის შესასვლელთან მისვლისას, პირველი, რაც თავს დაგატყდებათ, გაზის და ჰაერში გაფანტული საშინელი სუნია. ორივე მხარე მილსადენში არსებულ ღიობებს ზედაპირზე ამოსასვლელად იყენებს; სწორედ ზედაპირზე მიმდინარეობს ბრძოლების უმეტესი ნაწილი. მათ მიწაში ხვრელები გააკეთეს, სქელი ფოლადის გასარღვევად კი შედუღების აპარატები გამოიყენეს. რუსები პირველები იყვნენ, ვინც მილსადენი 2025 წლის სექტემბერში ქალაქ კუპიანსკში შესაღწევად გამოიყენეს. მათ მიწისქვეშა მილსადენები მანამდეც გამოუყენებიათ — 2024 წელს, ქალაქ ავდეევკას აღებისას, და გასულ წელს, რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიების ხელახლა დაკავების მცდელობისას. თუმცა უკრაინულმა ძალებმა ვითარება თანდათან თავის სასარგებლოდ შემოატრიალეს.  ჩვენი დანიშნულების ადგილი მილსადენის ის მონაკვეთი იყო, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შესანახად მიწისქვეშა სათავსები მოაწყვეს; აქ მხოლოდ ფეხზე დგომა შეიძლება. სწორედ აქედან ხელმძღვანელობს ჯარისკაცებისა და მარაგების გადაადგილებას ადამიანი, რომელსაც „მუსიკოსს“ ეძახიან. ის თხუნელასავით ცხოვრობს; სახე სულ ჭუჭყითა და მიწით აქვს დაფარული. „მუსიკოსი“ მიყვება, რომ აქ უკვე სამი თვეა, რაც იმყოფება; ზედაპირზე მხოლოდ ხანმოკლე დროით ამოდის... დროდადრო ზემოდან საარტილერიო ჭურვების აფეთქების ხმა გვესმის. „მუსიკოსი“ მეუბნება, რომ კონტაქტის ხაზთან ახლოს ვართ: „მაგრამ მიწისქვეშ უსაფრთხოა.“ უკრაინას მილსადენის 15-კილომეტრიანი მონაკვეთის გასათავისუფლებლად შვიდი თვე დასჭირდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს წარმატებად შეაფასა. ამან ხელი შეუწყო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და აამაღლა მებრძოლთა სულისკვეთება, თუმცა თავისთავად, ომის მიმდინარეობა არ შეუცვლია,“ - წერს BBC.    

სამმხრივ სამიტამდე, ტრამპმა პუტინთან და სი ძინპინთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე, ტრამპმა პუტინთან და სი ძინპინთან ცალ-ცალკე, ორმხრივი შეხვედრები გამართა.  BBC-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში ლიდერები განიხილავენ უკრაინის საკითხს, ომს ირანში, ბირთვული იარაღის გავრცელებას, სავაჭრო ომსა და ხელოვნური ინტელექტის საკითხს. მედიის ინფორმაციით, ევროპულ წრეებში მატულობს უკმაყოფილება იმის გამო, რომ სი ძინპინი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთზე საკმარის ზეწოლას არ ახდენს.  ჩინეთი ცდილობს, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს ამ ომში, თუმცა სი ძინპინმა უარი თქვა, დაეგმო თავისი „ძველ მეგობრის“ პუტინის ქმედებები. ამ სამიტის დაწყებამდე, აშშ-ის პრეზიდენტი სი ძინპინი სადილზე მიიწვია. უფრი ადრე, სი ძინპინთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კი ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ჩინეთი უკრაინის ომის დასრულებას ისურვებდნენ. პუტინის ერთ-ერთი თანაშემწის თქმით, ტრამპთან ორმხრივმა შეხვედრამ „კარგად“ ჩაიარა, თავად პუტინი კი „შესანიშნავ ხასიათზე“ იყო. თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან ერთად ჩინეთ-შეერთებული შტატების ურთიერთობას ახალი შინაარსი შესძინეს. მისივე თქმით, პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა პატივისცემაზე, სამართლიანობასა და ორმხრივობაზეა დაფუძნებული. „ჩვენ დავამკვიდრეთ ჩინეთ-აშშ-ს სტრატეგიული სტაბილურობის კონსტრუქციული ურთიერთობის ახალი განმარტება,“ – განაცხადა სი ძინპინმა. AFP-ს ცნობით, ჩინეთის ლიდერმა ამერიკელ კოლეგას განუცხადა, რომ მისი ძალისხმევა ისტორიაში შევა. „ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ძალისხმევა ყველასთვის აშკარაა და ისტორიაში შევა,“ – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ტრამპის და პუტინის შეხვედრა დაახლოებით ორმოც წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დასაწყისში, რომელიც მედიისთვის ღია იყო, პრესისთვის მოკლე განცხადება მხოლოდ ტრამპს ჰქონდა. მან თქვა, რომ პუტინთან მრავალწლიანი კარგი ურთიერთობა აქვს და შეხვედრიდან კარგ შედეგებს ელოდება. პუტინმა მხოლოდ მადლობა თქვა ინგლისურ ენაზე. დახურულ კარს მიღმა შეხვედრას დაესწრნენ ტრამპის და პუტინის ადმინისტრაციების წარმომადგენლებიც, მათ შორის სახელმწიფო მდივანი რუბიო და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. შეხვედრის შემდეგ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებიათ. 18 ნოემბერს სი ძინპინს შენჟენში შეხვდა ვლადიმირ პუტინიც. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის" განუცახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა განიხილეს უკრაინის საკითხიც და პუტინმა სი ძინპინს უამბო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, უიტკოფსა და კუშნერთან ბოლო კონტაქტების შესახებ. პუტინმა სი ძინპინს „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა. ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის, რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად ხელი შეუწყოს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კეთილდღეობას.  რაც შეეხება ორმხრივ, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებს, მას სი ძინპინმა უწოდა „მთასავით მყარი“, რომელიც არ ექვემდებარება წუთიერ მსოფლიო კონიუნქტურას და განვითარების ფართო პერსპექტივა აქვს. მისივე განცხადებით, ჩინეთმა და რუსეთმა ხელი უნდა შეუწყონ მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირებას და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციას. როგორც ცნობილია, ჩინეთის ქალაქი შენჭენი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს მასპინძლობს.  

შენჭენი ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სამიტს მასპინძლობს

დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ჩინეთის ქალაქ შენჭენში მოლაპარაკებებს მართავენ. შეხვედრის დაწყებისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს „გარდამტეხი მნიშვნელობა“ აქვს, ტრამპმა კი აღნიშნა, რომ ისინი „ნამდვილად ისტორიას ქმნიან.“ მანამდე ტრამპმა პუტინთან და სი ძინპინთან ცალ-ცალკე, ორმხრივი შეხვედრები გამართა; მან პუტინს „მეგობარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მათ „შესანიშნავი ურთიერთობა“ აქვთ.  პუტინის ერთ-ერთმა თანაშემწემ განაცხადა, რომ ტრამპთან ორმხრივმა შეხვედრამ „კარგად“ ჩაიარა და პუტინი „შესანიშნავ ხასიათზე“ იყო. სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ჩინეთი უკრაინის ომის დასრულებას ისურვებდნენ. სამმხრივ სამიტამდე, ტრამპმა პუტინთან და სი ძინპინთან ორმხრივი შეხვედრები გამართა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი ისტორიული შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება  

ფაშინიანი თავის პოლიტიკურ მომავალს საკონსტიტუციო რეფერენდუმს უკავშირებს

სომხეთის ახალი კონსტიტუციის წინასწარი პროექტი მომავალ კვირას გამოქვეყნდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხუთშაბათს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მომავალ კვირას გამოქვეყნდება კონსტიტუციის წინასწარი პროექტი, რომელიც არაერთი განხილვის შედეგად მომზადდა“, — აღნიშნა ფაშინიანმა. მისი თქმით, პროექტი მოიცავს იმ ძირითად პოლიტიკურ დებულებებს, რომლებიც მანამდე, მათ შორის სომხეთში 2026 წლის ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც განიხილებოდა.  მან ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტი კიდევ გადაიხედება, თუმცა ის განსაზღვრავს ხელისუფლებისთვის ფუნდამენტურ იდეოლოგიურ ჩარჩოს. „კონსტიტუციის პროექტი, რა თქმა უნდა, გადამუშავდება, მაგრამ ის არ უნდა გასცდეს „რეალური სომხეთის“ იდეოლოგიურ „წითელ ხაზებს,“ — განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ფაშინიანმა ასევე მოუწოდა საპარლამენტო ოპოზიციას, მხარი დაუჭირონ მმართველი პარტიის ინიციატივას ქვეყნის ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვის თაობაზე. ფაშინიანი თავის პოლიტიკურ მომავალს კონსტიტუციურ რეფერენდუმს უკავშირებს. მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების დროს, მან ოპოზიციას შესთავაზა, მხარი დაუჭირონ მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას; მან პირობა დადო, რომ თუ ამომრჩევლები დოკუმენტს უარყოფენ, ის თანამდებობას დატოვებს. მეორე მხრივ, მან განაცხადა, რომ თუ შემოთავაზებული კონსტიტუცია საზოგადოების მხარდაჭერას მოიპოვებს, ის მომავალ არჩევნებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს. „ოპოზიციას ვთავაზობ, რეფერენდუმი ჩავატაროთ. თუ ხალხი კონსტიტუციას უარყოფს, მე გადავდგები. თუ ხალხი კონსტიტუციას მხარს დაუჭერს, მომავალ არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აღარ ვიქნები,“ — განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს წინადადება ნაწილობრივ უკვე წარადგინა წინა დღეს პარლამენტში, ახლა კი სურს, ის უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბოს. ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის მიღების მიზნით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ გამორიცხა  

ფონიჭალაში აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბავშვი, რომელიც ფონიჭალაში, ნანგრევებიდან ცოცხალი, კონტაქტურ მდგომარეობაში ამოიყვანეს, კლინიკაში გადაიყვანეს. დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად, 5-სართულიან საცხოვრეებელ შენობაში აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაო მიმდინარეობს. რაც შეეხება დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია იყო გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.  აფეთქების ხმა, დაახლოებით 9:00 საათზე გაიგეს. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან კი მოსახლეობის ნაწილი უვნებელი გამოიყვანეს. „აფეთქება,127 - ე სკოლის უკან მოხდა. „შესაბამისმა სამსახურმა სამხარაულთან ერთად დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონიჭალაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც აფეთქება მოხდა. მისივე თქმით, თავიდან 90 ოჯახის მოთავსება იგეგმებოდა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის და მხოლოდ 28 ოჯახი განთავსდება. „დაახლოებით 143 ადამიანია, რომლებთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროებში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული,“- აღნიშნა კალაძემ. პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა,  რრომ სამაშველო ღონისძიებების პარალელურად, გამომძიებლებიც მუშაობენ და შესაბამის მოქმედებებს ახორციელებენ. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს. მაშველებთან ერთად ვათვალიერებთ შემთხვევის ადგილს, იმის შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც მოცემულობა გვაძლევს, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია, გამომძიებლებმა იმუშაონ. მათ შორის, ვადგენთ ყველა პირის მონაცემებს, რომლებიც კორპუსის მაცხოვრებლები არიან და სხვადასხვა ინფორმაციებს ვაგროვებთ. ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის, გამოყენებულია არაერთი დრონი, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. თავის მხრივ, სამაშველო სამსახური მუშაობს და ეძებს აქტიურად იმ პიროვნებებს,“ - განაცხადა ვეფხვაძემ. გაზის კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმება წინასწარ ვერ მოხერხდა, რადგან ბინის მესაკუთრე თბილისში არ იმყოფებოდა. „ამ კონკრეტულ კორპუსში, რაც მოვიძიეთ ინფორმაცია, [გაზის დანადგარების გამართულობის] შემოწმება ბოლოს ჩატარებული არის 2026 წლის იანვარში. მანამდე, ჩატარებულია 2025 წლის იანვარშიც და უნდა ჩატარებულიყო 2027 წლის იანვარშიც,“ - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.  

მინსკში მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა გაიმართა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილს შორის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.  უწყების განცხადებით, მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილს შორის შეხვედრა მინსკში, „განახლებული პირდაპირი რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში“ შედგა. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობით, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე იმსჯელეს. უწყების ცნობით, მხარეებმა „რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას“ მიაღწიეს და კონტაქტების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. სამინისტრო შეთანხმებების შინაარსს არ აკონკრეტებს. „ორმხრივი ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე აქცენტით, მოსაზრებების საფუძვლიანი გაცვლა შედგა. მიღწეული იქნა რიგი პრაქტიკული შეთანხმებები,“ - ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. „ორივე დელეგაციის ხელმძღვანელებმა მადლიერება გამოხატეს ბელორუსული მხარის მიმართ რუსულ-ქართული შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის. მიღწეული იქნა შეთანხმება კონტაქტების გაგრძელების შესახებ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაცია მოგვიანებით გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. მისი მიხედვით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა 19 ნოემბერს, მინსკში, პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან. ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ცნობაშიც ნათქვამია, რომ მხარეებმა „მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს“, თუმცა დეტალები დაკონკრეტებული არ არის. „შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს. ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს. მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში და მადლობა გადაუხადეს ბელორუსულ მხარეს პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა მინსკში, 19 ნოემბერს გაიმართება  

ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის ლიდერთა პირველი სამიტის შემდეგ 4-პუნქტიანი დეკლარაცია გავრცელდა - რა წერია ტექსტში

ჩინეთში გამართული 90-წუთიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის, რუსეთის და შეერთებული შტატების სახელმწიფოების ლიდერებმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს. მისი მიხედვით, სამი სახელმწიფოს მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს. სამი ქვეყანა ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის საკითხებზე დიალოგს გამართავს.  პუტინმა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, მოლაპარაკებებს დიპლომატიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა და თქვა, რომ სამივე ქვეყანამ რამდენიმე საკვანძო საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწია. უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ კიევი და ევროპა ჯერ არ არიან მზად კონფლიქტის მოგვარების მიზნით კომპრომისებზე წასასვლელად. ყირიმის ხიდზე საუბრისას, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინული დარტყმების სამიზნე გახდა, პუტინმა მას „სუფთა წყლის სამოქალაქო ობიექტი“ უწოდა და „ბევრად უფრო მტკივნეული“ საპასუხო ზომებით დაიმუქრა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ევროპელ ლიდერებს მოსკოვში მიწვევა გაუგზავნა, რათა გაირკვეს, თუ რას „მოიტანენ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან“.რაც შეეხება დღევანდელი სამმხრივი შეხვედრის შედარებას 1945 წლის იალტის კონფერენციასთან, პუტინმა იკითხა: „რა იყო ცუდი იალტაში? რა იყო მასში ასეთი ცუდი?“ BBC-ის კითხვაზე, იყო თუ არა ეს შეხვედრა მხოლოდ ფოტოების გადაღების შესაძლებლობა, პუტინმა უპასუხა, რომ ეს სერიოზული წამოწყება და სასარგებლო ფორმატია, თუმცა დასძინა, რომ რაიმე ზედმეტად ამბიციური მიზნები არ დასახულა.  სი ძინპინმა შეხვედრა დადებითად შეაფასა. CCTV-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინსა და ტრამპთან გამართული შეხვედრას „პოზიტიური, კონსტრუქციული და მეტად ნაყოფიერი“უწოდა. სი ძინპინის თქმით, „ვიდრე დიალოგი გრძელდება და კარი ღია რჩება, მშვიდობის იმედიც არსებობს.“   ტრამპს შეხვედრის დასრულების შემდეგ ცალკე განცხადება არ გაუკეთებია. ის აშშ-ში გაემგზავრა. „გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრებმა - რუსეთმა, ჩინეთმა და აშშ-მა - დაადასტურეს გაეროს რეფორმირებისადმი ერთგულება, რათა ორგანიზაციამ უფრო ეფექტიანად შეძლოს გლობალურ გამოწვევებზე რეაგირება და შეესაბამებოდეს თავის უმთავრეს მისიას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. სამი სახელმწიფო გეგმავს ნავთობგადამუშავების პროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ. მათ დაადასტურეს ენერგომომარაგების სტაბილურობის მნიშვნელობა. სამი სახელმწიფოს მეთაური აღნიშნავს, რომ სახელმწიფოების თანხმობის პრინციპსა და სახელმწიფოთა ოფიციალური პირების იმუნიტეტის დაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ისინი თანხმდებიან, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და სხვა მსგავსმა სტრუქტურებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ საკუთარი უფლებამოსილებები. სამი სახელმწიფოს მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს. სამი ქვეყანა ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის საკითხებზე დიალოგს გამართავს,” - აღნიშნულია დეკლარაციაში. დოკუმენტის თანახმად, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ჩინეთს მადლობა გადაუხადეს ამ ისტორიული სამმხრივი სამიტის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის. დოკუმენტში წერია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2026 წლის 19 ნოემბერს შენჟენში შეხვედრა გამართეს. სამი სახელმწიფოს მეთაურებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ვითარების აქტუალურ საკითხებზე და დაადასტურეს სტრატეგიული სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნებისადმი ერთგულება. თეთრი სახლის ცნობით, ჩინეთი, აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ „გაეროს რეფორმირებაზე“, რათა გლობალურ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანი რეაგირება მოხდეს; ქვეყნები „გეგმავენ ნავთობპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას“; მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ და სხვა მსგავსმა სტრუქტურებმა „არ უნდა გამოიყენონ ბოროტად თავიანთი იურისდიქცია“; სამი ქვეყანა „აწარმოებს დიალოგს ბირთვული რისკების შემცირებისა“ და ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. სამიტის დასრულების შემდეგ კრემლმა გაავრცელა „მშვიდობის შესახებ" ლიდერების დეკლარაციის რუსული ტექსტი, ხოლო ჩინეთის სახელმწიფო სააგენტომ Xinhua - ინგლისური.  მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე ეს თემა განიხილებოდა, დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი უკრაინის ომზე. შენჭენი ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სამიტს მასპინძლობს  

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ხუთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის ბინის მეპატრონე, 31 წლის კაცი. მისი მდგომარეობა მძიმეა. მაშველებმა სულ ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მათ შორის არის მცირეწლოვანიც. მანამდე, კორპუსის ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგო. სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია. ფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფონიჭალაში აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  

ლაიენი უკრაინისთვის დამატებით 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შეთავაზებით გამოდის

ევროკომისიამ უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 45 მილიარდი ევროს გამოყოფის ინიციატივა წარადგინა. თანხა ევროკავშირის ერთობლივი სესხის აღების გზით გამოიყოფა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ თანხა ორ ნაწილად გაიყოფა. აქედან 20 მილიარდი ევრო ფინანსური დახმარებისთვის, ხოლო 25 მილიარდი ევრო შეიარაღებისთვის, მათ შორის დრონების, რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. სესხი 2027 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაიცემა. ეს თანხა დაემატება 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რომელზეც შეთანხმება გასული წლის დეკემბერში შედგა. თუმცა სლოვაკეთმა, ჩეხეთმა, უნგრეთმა და ბულგარეთმა განაცხადეს, რომ ამ ინიციატივაში მონაწილეობას არ მიიღებენ. სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი ცდილობენ, შეინარჩუნონ გასულ წელს შეთანხმებული გამონაკლისის უფლება. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის მომავალ ბიუჯეტს, თუ 27-ვე წევრი ქვეყანა მხარს არ დაუჭერს დამხარების ახალი პაკეტის გამოყოფას. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ამ ნაბიჯს შანტაჟი უწოდა. შეთავაზების თანახმად, სესხის დაფარვა დამოკიდებულია იმაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა ომთან დაკავშირებულ რეპარაციებს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ამაზე უარს იტყვის, ევროკავშირს შეუძლია, გამოიყენოს რუსეთის გაყინული აქტივები, რომელთა ღირებულება 210 მილიარდ ევროს შეადგენს. სესხი მიზნად ისახავს 2027 წლისთვის უკრაინის ბიუჯეტში პროგნოზირებული 70 მილიარდი ევროს დეფიციტის ორი მესამედის დაფარვას, დანარჩენი ნაწილის უზრუნველყოფა კი სხვა მოკავშირეებისგან არის მოსალოდნელი. ევროკავშირის ლიდერები აღნიშნულ წინადადებას მომავალ კვირას განიხილავენ.  

საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღეა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, სამი ქალი და ერთი კაცია. 5 ადამიანი დაშავდა, მათგან 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა.  

რა წერია გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში

გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერების ერთობლივი განცხადებით, რომელიც “მსურველთ კოალიციის” ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა, ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს „განუყოფელი კავშირი უკრაინის უსაფრთხოებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში არსებულ უფრო ფართო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას შორის; მათ ასევე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.“ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 2025 წლის დეკემბერში ბერლინსა და 2026 წლის იანვარში პარიზში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, უკრაინას უნდა ჰქონდეს მყარი და იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები. აღნიშნული გარანტიები თავდაცვითი ხასიათის იქნება და მჭიდროდ იქნება კოორდინირებული შეერთებულ შტატებთან. “ეს გარანტიები, მათ შორის შეიძლება მოიცავდეს: უკრაინისთვის მყარი და მნიშვნელოვანი სამხედრო, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გრძელვადიან გაგრძელებასა და გაღრმავებას, რაც უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების მდგრადობას, მონაწილეობას აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისა და ვერიფიკაციის მექანიზმში, ევროპის ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვნულ ძალებს უკრაინაში, რომელიც დაკომპლექტდება სხვადასხვა სახელმწიფოს კონტრიბუციით, აშშ-ის მხარდაჭერით იმოქმედებს და უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე, ასევე იმუშავებს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენაზე და ეროვნული პროცედურების გათვალისწინებით, იურიდიულად სავალდებულო ვალდებულებას - რუსეთის მხრიდან მომავალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, მიღებულ იქნას ზომები მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად,” - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების თანახმად, ლიდერებმა, ასევე, შეათანხმეს ზოგადი პოზიციები და პრინციპები, რომლებიც ეხება ევროპის ჩართულობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მოლაპარაკებების მთავარ პრიორიტეტად კვლავ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულება რჩება. “მათ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საერთაშორისო საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით დაუშვებელია და რომ სრულად პატივი უნდა სცენ უკრაინის სუვერენული უფლებას - თავად აირჩიოს უსაფრთხოების მექანიზმები და ალიანსები. მათ ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის სახელმწიფო აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს და არ აანაზღაურებს უკრაინისთვის ომის შედეგად მიყენებულ ზიანს. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხებზე შეთანხმებების მიღწევა შეუძლებელი იქნება, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აგრძელებს და არღვევს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ნორმებს,” - აღნიშნულია განცხადებაში. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირსა და NATO-სთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკების ელემენტები, შესაბამისად, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების, ასევე ნატო-ს მოკავშირეების თანხმობას მოითხოვს. “საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯის სახით, ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, დათანხმდეს ენერგეტიკულ ზავზე, რომელიც მთელი ზამთრის განმავლობაში იმოქმედებს. იმის გათვალისწინებით, რომ შავ ზღვაში უსაფრთხო გავლასა და ნაოსნობის თავისუფლებას გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ ხაზი გაუსვეს, რომ ასევე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რათა შესაძლებელი გახდეს რეგიონიდან სურსათის ექსპორტი,” - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, რუსეთი ვერ შეძლებს, აჯობოს „მსურველთა კოალიციის“ წევრების ურყევ მხარდაჭერასა და უკრაინის მდგრადობას - ლიდერები შეთანხმდნენ, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერის სესხის ფარგლებში, 2027 წლის ბოლომდე უკრაინას 90 მილიარდი ევრო გამოეყოფა სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის, რაც 2027 წლის მნიშვნელოვან პერიოდშიც დაფარავს უკრაინის ფინანსურ საჭიროებებს. ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის ლიდერთა პირველი სამიტის შემდეგ 4-პუნქტიანი დეკლარაცია გავრცელდა - რა წერია ტექსტში