ძებნის რეზულტატი:

აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი გარდაიცვალა

 რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში ალექსანდრ დარჩიევი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „გამოჩენილი დიპლომატი“ და „უმაღლესი პროფესიონალი“ ალექსანდრ დარჩიევი „მოულოდნელად გარდაიცვალა“ 11 ნოემბერს. `მაღალი დონის პროფესიონალი, შესანიშნავი ამერიკანისტი, ა.ნ. დარჩიევი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობდა,” - ნათქვამია განცხადებაში. მასში მითითებული არ არის დარჩიევის გარდაცვალების მიზეზი. 11 ნოემბერს ღამით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ალექსანდრ დარჩიევი მოსკოვში გარდაიცვალა „ქრონიკული დაავადებით.“ ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ინფორმირებული წყაროს ცნობით, ალექსანდრ დარჩიევი ვაშინგტონიდან მოსკოვში დაბრუნდა ხანგრძლივი დაავადების მკურნალობის მიზნით. დარჩიევი ბოლოს საჯაროდ გამოჩნდა 2026 წლის 23 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართა.  

თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში სანაპიროზე გერმანული ჰოსიპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული ცოლ-ქმრის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. პირმა, რომელმაც სავარაუდოდ ცოლ-ქმარი მოკლა, 62 წლის არის და ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.  შსს-ს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს - ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - წერია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში. ინტერეპრესნიუსი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნულმა პირმა, მოკლულ ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართს არ ტოვებდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულ ცოლ-ქმარს ის სახლიდან დღეს უნდა გამოესახლებინა.  

უცნობი ჯარისკაცის საფლავის მცველმა პიტ ჰეგსეთს და მის მრჩევლებს შენიშვნა მისცა

ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ომის მდივანს და მის თანმხლებ პირებს არლინგტონში, ვეტერანთა დღის აღსანიშნავი ცერემონიის შემდეგ, პატივისცემისა და სიჩუმისკენ მოუწოდა. NBCnews-ის ცნობით, ჰეგსეთი, მისი მეუღლე და სხა პირები ფოტოებს იღებდნენ, საუბრობდნენ და იცინოდნენ. „ყველა ვიზიტორმა ნებისმიერ დროს უნდა დაიცვას სიჩუმისა და პატივისცემის ატმოსფერო,“ - ხმამაღლა მიმართა ამერიკელმა ჯარისკაცმა ოფიციალურ პირებს. ჰეგსეთს შენიშვნაზე რეაქცია არ ჰქონია; მან მხოლოდ მხრისკენ გაიხედა და კიბეებზე ასვლა განაგრძო. განახლება: ჰეგსეთმა მედლით დააჯილდოვა ჯარისკაცი, რომელმაც მას და მის თანაშემწეებს შენიშვნა მისცა მომხდართან დაკავშირებით, პენტაგონის მთავარმა პრესსპიკერმა შონ პარნელმა განაცხადა, რომ ჰეგსეთი და თავდაცვის უწყება „ყოველთვის პატივს სცემდნენ“ სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაღებულ მსხვერპლს. „ამ მნიშვნელოვანი და საზეიმო დღის აღნიშვნისას, ჯარისკაცმა ყველას სწორად და პატივისცემით შეახსენა, რომ საჭიროა სათანადო ქცევის წესების დაცვა,“ — აღნიშნა პარნელმა. ჯარისკაცები საფლავს 24 საათის განმავლობაში დარაჯობენ; ყარაულის შეცვლის საზეიმო ცერემონია კი, სულ მცირე, საათში ერთხელ იმართება. ცნობისთვის, 1921 წლის 11 ნოემბერს, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალეს პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცი, რომლის ვინაობის დადგენაც ვერ მოხერხდა. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ყოველი წლის 11 ნოემბერს, როცა შეერთებულ შტატებში ვეტერანთა დღეს აღნიშნავენ, დილის 11 საათზე, „უცნობი ჯარისკაცის საფლავთან“ პატივს მიაგებენ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა თაობებს. შეგახსენებთ, კენტუკის შტატის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, თომას მასიმ — ირანთან ომის აქტიურმა კრიტიკოსმა, მიმდინარე კვირაში, ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნა წარადგინა. რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ მყოფმა წარმომადგენელთა პალატამ 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ გადაწყვიტა, აღნიშნული რეზოლუციის განხილვა შეეჩერებინა. თუმცა უმცირესობის ლიდერმა, ნიუ-იორკელმა დემოკრატმა ჰაკიმ ჯეფრისმა რომელიც, სავარაუდოდ, იანვრიდან წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება, მიანიშნა, რომ დემოკრატები არ შეწყვეტენ მცდელობებს, ჰეგსეთი თანამდებობიდან გადააყენონ. ჰეგსეთის მიერ უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებული მთავარი ბრალდება, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ეხება. ხსენებული ოპერაცია კონგრესის ოფიციალური ნებართვის გარეშე 90 დღეზე მეტხანს გაგრძელდა. პიტ ჰეგსეთმა იმპიჩმენტის მცდელობას  „ფარსი“, „საბოტაჟი“ და „პოლიტიკური სპექტაკლი“ უწოდა. კონგრესმენი მასი ერთადერთი რესპუბლიკელია, რომელმაც დემოკრატებთან ერთად ხმა რეზოლუციის დაბლოკვის წინააღმდეგ მისცა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პიტ ჰეგსეთს მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა რესპუბლიკელმა „მთავარი წაგებულის“, თომას მასის გარდა.  

შონ ო’მალი აბუ დაბიში მომხდარზე: მერაბის მეგობარი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი შონ ო’მალი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება. ამერიკელმა მებრძოლმა მერაბის 21 წლის მეგობარზე გაამახვილა ყურადღება. ო’მალის თქმით, ახალგაზრდა მოჭიდავემ ნურმაგომედოვის გუნდის ორ წევრს წინააღმდეგობა გაუწია. „მერაბის მეგობარი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. როგორც ამბობენ, ის MMA-ის მებრძოლი არ არის, 21 წლის მოჭიდავეა, რომელიც მხოლოდ ჭიდაობითაა დაკავებული და დარტყმებზე არ ვარჯიშობს. ამის მიუხედავად, მან ხაბიბის, უფრო სწორად, უსმანის გუნდიდან ორი ადამიანი ძირს დააგდო. არ ვიცი, უსმანმა წინასწარ დაგეგმა თავდასხმა თუ უბრალოდ სილის გაწვნა ჰქონდა განზრახული. თუმცა, როცა ადამიანს სილას აწნავ, რა რეაქციას ელოდები? გგონია, ამის შემდეგ მშვიდად დაგელაპარაკება? ბიჭმა კეპი უკუღმა დაიხურა, წინ წამოიწია და მოქმედებისთვის მოემზადა,“ – განაცხადა შონ ო’მალიმ. საბა ლაზიშვილი თავდასხმის დროს ქართველ სპორტსმენთან ერთად იმყოფებოდა.  

ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას

მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს, - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული კრიტიკის გამო, მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს. როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, „საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი.“ „აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე,“ - განაცხადა დეკანოზმა. შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. სასულიერო პირი ვრცელ ქადაგებაში ამბობს, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. აღნიშნული პოზიციის გამო, მეუფე იობი ცალკეული პირების მხრიდან შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტი გახდა.  

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების ახალი პროექტი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტი ითვალისწინებს „კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის“ (CCAMTAC) საქმიანობის მხარდაჭერას, 2027–2032 წლებში.  CCAMTAC-ის წევრია ცხრა ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. ცენტრი წევრი ქვეყნების ტექნიკურ დახმარებას და ტრენინგებს უზრუნველყოფს.  დაფინანსება აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდიდან შესრულდება. ბანკი აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, ყაზახეთსა და თურქმენეთს 10,000 აშშ დოლარს გამოუყოფს, ხოლო ყირგიზეთს, მონღოლეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს - 237,500 აშშ დოლარს. ცხრავე ქვეყანაში აზიის განვითარების ბანკის საერთო წვლილი 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ტექნიკური დახმარების ახალი ფაზა, გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს ეკონომიკურ მმართველობას მონაწილე ქვეყნებში და გააუმჯობესებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ პოლიტიკას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.  

ყაზახეთის სუვერენული ფონდისა და სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელები კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ყაზახეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდისა და სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელები კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ დააკავეს „სამრუკ-ყაზინას“ (Samruk-Kazyna) სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი ნურლან ჟაკუპოვი და სარკინიგზო კომპანია „ყაზახსტან ტემირ ჟოლის“ (Kazakhstan Temir Zholy) გამგეობის თავმჯდომარე ელჟას ოტინშიევი, სხვა, არასახელდებულ პირებთან ერთად. „სამრუკ-ყაზინა“ (Samruk-Kazyna) მართავს მსხვილ აქტივებს ყაზახეთის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში; მათ შორისაა ეროვნული ავიაკომპანია „ეირ ასტანა“ (Air Astana) და სახელმწიფო ნავთობგაზის კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ (KazMunayGaz). ის ფლობს 100%-იან წილს კომპანია „ყაზახსტან ტემირ ჟოლიში“ (Kazakhstan Temir Zholy), რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო ბაზარზე აქციების პირველადი განთავსებისთვის ემზადება.  

ტრამპი: ვენესუელიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობსა და სხვა რესურსებს ვიღებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელიდან მიღებული ნავთობის შემოსავლები „ძალიან მალე ასობით მილიარდს“ მიაღწევს, ხოლო აშშ-მ ამ ქვეყანაში განხორციელებული ოპერაციის ხარჯები ბევრჯერ ამოიღო. „ჩვენს შემთხვევაში, ვენესუელიდან ვიღებთ მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობსა და სხვა რესურსებს; ძალიან მალე ეს თანხა ასობით მილიარდს მიაღწევს. მსგავსი რამ არავის უნახავს და ჩვენ უკვე მრავალჯერადად ამოვიღეთ ომის ხარჯები,“ — განაცხადა ტრამპმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე. „ადრე ამბობდნენ, რომ „გამარჯვებულს ნადავლი რჩება' — და ჩვენი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში, ეს პრინციპი კვლავ ძალაშია,“ — ამბობს ამერიკის პრეზიდენტი. ტრამპის თქმით, ვენესუელიდან ყოველკვირეულად „მილიონობით ბარელი ნავთობი“ გამოდის, რაც „მილიარდობით დოლარის“ შემოსავალს ქმნის. მან ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი ვენესუელიდან მისი მოთხოვნის საფუძველზე გავიდნენ. „ისინი ცდილობდნენ, იქ თავიანთი გავლენა გაევრცელებინათ. მე ვუთხარი: 'უნდა წახვიდეთ'. ისინი წავიდნენ, ჩვენ კი დავრჩით,“ — აღნიშნა ტრამპმა.  

ჩინეთის პრეზიდენტი: ტაივანთან გაერთიანება უნდა მოხდეს, რადგან ისტორიის დინების შეჩერება შეუძლებელია

ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისტორიის დინების შეჩერება შეუძლებელია. მან ტაივანს მშვიდობიანი „გაერთიანებისკენ“ მოუწოდა. სი ძინპინის თქმით, ტაივანის საკითხის გადაჭრა ჩინეთის კომუნისტური პარტიის „ურყევი ისტორიული მისიაა. ტაივანის საქმეთა საბჭომ საპასუხოდ განაცხადა, რომ ვერც მთავრობა და ვერც ტაივანის მოსახლეობა ვერ მიიღებენ „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პრინციპს, რაც, საბოლოო ჯამში, კომუნისტური პარტიის მმართველობისთვის დამორჩილებას ნიშნავს. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ტაიპეი ამ პრეტენზიას კატეგორიულად უარყოფს.  

სომხეთს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ (ОДКБ) ხმის უფლება ჩამოერთვა

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა სომხეთს ორგანიზაციაში ხმის მიცემისა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე საკუთარი წარმომადგენლების წარდგენის უფლება შეუჩერეს. ინფორმაციას სომხური მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. გადაწყვეტილება მოსკოვში გამართულ სამიტზე მიიღეს. პესკოვის განცხადებით, გადაწყვეტილება ორგანიზაციის წესდების საფუძველზე მიიღეს, რადგან სომხეთი რამდენიმე წლის განმავლობაში წევრობით გათვალისწინებულ ფინანსურ ვალდებულებებს არ მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება სომხეთს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებს არ ართმევს. ორგანიზაციის წესდების 25-ე მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში საწევრო შენატანებს თუ არ იხდის, მას, შესაძლოა, შეუჩერდეს ხმის მიცემისა და ორგანიზაციის თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენის უფლება. შეზღუდვები დავალიანების სრულ დაფარვამდე მოქმედებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სომხეთი 2024 წლიდან ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევრო შენატანებს აღარ იხდის.  ცნობისთვის, სომხეთმა ორგანიზაციაში მონაწილეობა 2024 წლის თებერვალში შეაჩერა. პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, რომ ორგანიზაციამ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებები არ შეასრულა, მათ შორის აზერბაიჯანთან კონფლიქტის დროს. ხმის მიცემის უფლების შეჩერების მიუხედავად, სომხეთი ორგანიზაციის წევრად ფორმალურად რჩება. ფაშინიანი: CSTO-ს მიმართ ინტერესი ამოწურულია, კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაციიდან გაგვრიცხავენ  

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება“, „ტრამპის მარშრუტი“, - რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და ფაშინიანმა

ანტალიაში, COP31-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, თანამოსაუბრეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე და ხაზი გაუსვეს მის წინ წაწევასა და ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანის მნიშვნელობას. ამ მხრივ, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიღწეულ შეთანხმებებს, ასევე ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ წახალისებაზე. მოსაზრებები გაიცვალა ასევე რეგიონულ პროცესებზე. ნიკოლ ფაშინიანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების ფაქტი და განაცხადეს, რომ მან ახალი იმპულსი შესძინა რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას. ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო გზების დებლოკირებაზეც, მათ შორის TRIPP-ის პროექტის განხორციელებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე. „პრეზიდენტ ერდოღანთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა, ახლა რკინიგზის შეკეთება და გახსნა გვჭირდება, – განაცხადა თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერევანი მოუთმენლად ელოდება თურქეთთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. „ახლა ჩვენ გვჭირდება ჩვენს ქვეყნებს შორის რკინიგზის შეკეთება და ხელახლა გახსნა, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, “ – აღნიშნა ფაშინიანმა, როდესაც უპასუხა კითხვას – „ანიჭებს თუ არა მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას რეგიონული კავშირის კონტექსტში?“ თურქულმა მხარემ შეხვედრის შესახებ მოკლე ცნობა დეტალების გარეშე გაავრცელა. ფაშინიანი: TRIPP-ისგან სარგებელს რეგიონის ყველა ქვეყანა მიიღებს  

ნიუ-იორკში შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში სამშენებლო ობიექტის გვერდით მდებარე საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა. ბრუკლინში, სამსართულიანი შენობის ნანგრევებთან 250-ზე მეტი მაშველი და გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომელი მივიდა. მაშველებმა ნანგრევებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანის, მათ შორის ერთი ორსული ქალის, გამოყვანა შეძლეს. ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის უფროსის ჯონ ესპოზიტოს განცხადებით, 1930 წელს აშენებული შენობის ჩამონგრევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. ამერიკული მედიის ცნობით, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ უცნობია, კიდევ რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. მაშველებმა სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენეს სამძებრო ძაღლები, დრონები, ნაჯახები და ხერხები. ვარაუდობენ, რომ სამუშაო პროცესი რამდენიმე დღეს გასტანს. BBC-ის ამერიკული პარტნიორის, CBS-ის ცნობით, ქალაქის ჩანაწერები ადასტურებს, რომ ბრუკლინში მდებარე ეს შენობა 1930 წელს არის აგებული. ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის (FDNY) ხელმძღვანელის განცხადებით, ინციდენტის მომენტში, მიმდებარედ, სადაც ახალი შენობის აგების გეგმა უკვე დამტკიცებული იყო, აქტიური სამუშაო მიმდინარეობდა.  

დიმიტრი აბდუშელიშვილი: მერაბმა და საბამ ნამდვილად აჩვენეს, ვისი გორისანი არიან

ბიზნესმენი და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:               „ცხოვრებაშიც, სპორტშიც და ომშიც კი უღირსი საქციელი არ მოსულა. სპორტი, უპირველესად, ჯანსაღი ცხოვრების წესია. ისიც კი, როგორ ექცევი გამარჯვებულს და დამარცხებულს, თვითგამოხატვაა და აჩვენებს, ვინ ხარ და რას წარმოადგენ. მრავალრიცხოვანი ამალით, ტურასავით მიპარული ადამიანები არათუ სპორტულ სულისკვეთებას, ადამიანურ მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ. ჩვენმა ბიჭებმა, მერაბმა და საბამ კი ნამდვილად აჩვენეს ვაჟკაცობის მასტერკლასი და ისიც, ვისი გორისანი არიან! როცა ხანდახან ვერ გაუგიათ ამდენ თავსდატეხილ ქარიშხლებში როგორ გადავრჩით ქართველები, საბას ეს კადრებიც ვაჩვენოთ, თვალი რომ არ დაახამხამა ისე რომ გადაეშვა ჩხუბში მეგობრის დასახმარებლად. ეგეთ მეგობრობას, ეგეთ ქართველობას გაუმარჯოს სპორტში იქნება თუ ცხოვრებაში, საბასნაირი, მეგობრისთვის თავდადებული საქართველო მიყვარს და მეიმედება.“ 🇬🇪❤️ შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.    

ირაკლი კობახიძე: საქართველო რჩება ერთადერთი სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან

მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ირლანდიაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მონაწილეობს. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უამრავი გამოწვევაა მთლიანად კონტინენტის მასშტაბით, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. “ნარკოტიკები არის ერთ-ერთი აქტუალური თემა. რაც შეეხება მრგვალ მაგიდას, მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები. აქ გაქვს საშუალება, ბევრ ლიდერს გაესაუბრო, ხანდახან ეს საუბრები არის ხანმოკლე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ძალიან ღირებული. ეს ფორმატი, ეს სამიტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მრავალრიცხოვან ლიდერებს ვესაუბროთ ევროპის მასშტაბით და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. კობახიძის განცხადებით, სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრით თქმით, საქართველოს აქვს საკვანძო როლი ამ მიმართულებით. „საქართველოს როლი არის ამ კუთხით საკვანძო, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, გადაიკეტა აღმოსავლეთის მიმართულებით გზები მას შემდეგ, რაც რუსეთი არის იზოლირებული ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპის დანარჩენი სივრციდან და მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და, ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  

რა შედეგით დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე სამდღიანი მოლაპარაკებები

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი დღეს დილით მოსკოვში ჩავიდნენ. მათ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი. კუშნერი და უიტკოფი კრემლში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.  „გვსურს, რომ მშვიდობა მარადიული იყოს,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე განაცხადა. „რაც შეეხება მშვიდობის ხანგრძლივობას, მის სიმტკიცესა და საიმედოობას, ჩვენც გვსურს, რომ ეს მშვიდობა მარადიული იყოს,“ - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, იცის, რომ ტერიტორიულ საკითხებზე მხარეებს განსხვავებული ხედვები აქვთ. „ვიცით, რომ უკრაინული მხარე განსახილველად დღის წესრიგში ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს. ეს ყოველთვის განხეთქილების ვაშლი იქნება. ჩვენთვის ერთადერთი გამყოფი ხაზი სახელმწიფო საზღვარია. რადგან მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება: აქ ჩვენ ვართ, იქ კი თქვენ,“ - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინის თქმით, სხვა შემთხვევაში, ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხი მხარეებს შორის უთანხმოების მუდმივ მიზეზად დარჩება. რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსება. მისივე თქმით, უკრაინაში დისლოცირებული უცხოური სამხედრო ძალები რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ ჩაითვლება. თავის მხრივ, სტივ უიტკოფმა პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროპელები ფიზიკურად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდნენ. „მართალია, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან არ ისხდნენ, მაგრამ „ჩვენ მათ ვესაუბრებოდით და კონსულტაციებს გავდიოდით.“ „ჩვენ მათთან ვკონტაქტობდით და ვაწვდიდით ინფორმაციას ყველაფრის შესახებ, რასაც განვიხილავდით. ვფიქრობ, ზოგადად, ჩვენს შორის ძალიან, ძალიან კარგი კოორდინაცია იყო.“ „ევროპელების მხრიდან მნიშვნელოვანი ცვლილება დავინახეთ; ვფიქრობთ, არსებობს ძალიან ძლიერი იმპულსი და სურვილი, რომ ერთობლივად ვიმოქმედოთ. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ მრავალმხრივ ფორმატზე გადასვლა ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარების პროცესში წინსვლას; გვჯერა, რომ ეს ომის დასრულებაშიც დაგვეხმარება,“ - განაცხადა ამასთან, ჯარედ კუშნერმა. განახლება: შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინასთან დაკავშირებით სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შეთანხმდა. სტივ უიტკოფის განცხადებით, შემდეგ რაუნდში ევროპელებიც მიიღებენ მონაწილეობას. მოსკოვიდან უიტკოფი და კუშნერი გაემგზავრებიან დუბლინში, სადაც დაგეგმილია მათი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. „თუ ამერიკაში ვიღაც გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ფაქტობრივად, უკრაინულ ტერიტორიას ისე განიხილავს, თითქოს უკრაინული არაა, მაშინ ეს გვეუბნება, თუ სად მიდის საქმე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა. „ცხადად უნდა ვთქვათ, რომ არასდროს და არანაირად არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას,” - განაცხადა ზელენსკიმ. უფრო ადრე, 11 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია ომის შეწყვეტისთვის დონბასიდან გასვლაზე დათანხმდება, ვინაიდან ეს საკითხი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება. “ამერიკულ მხარეს ხშირად წამოუყენებია დონბასის, ჩვენი უკრაინული მიწის ნაწილის, თემა. და, რა თქმა უნდა, საკუთარი ყურადღების ფოკუსირებას ამაზე ახდენენ. ისინი ფიქრობენ, რომ ომის გასაჩერებლად ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეთ. ეს შეუძლებელია - ასეთი ფორმით გველაპარაკო, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება,” - განაცხადა ზელენსკიმ 11 ნოემბერს ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 11 ნოემბერს, აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის დელეგაციებმა აბუ-დაბიში დაასრულეს ორსაათიანი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 2026 წლის თებერვლის შემდეგ პირველი იყო.  პირველ დღეს, 10 ნოემბერს შეხვედრა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვი, რუსეთისას - პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის დელეგაციამ მოლაპარაკება გააგრძელა ევროპელ პარტნიორებთან, რომლებსაც აბუ-დაბიში 10 ნოემბერსაც შეხვდნენ. ისევ მოსთხოვა თუ არა რუსეთმა უკრაინას დონბასიდან გასვლა აბუ-დაბიში, აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა არ უპასუხა ჟურნალისტების ამ შეკითხვას. ბუდანოვის თქმით, მოლაპარაკებების დროს დასმული საკითხები მოლაპარაკებების თემაა, მნიშვნელოვანი მხოლოდ შედეგია და როცა შედეგი მიღწეული იქნება, ეს საჯაროდ გამოცხადდება. კიევის დელეგაციის წევრმა, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა, რომ არის „კარგი იმპულსი“ გადაწყვეტილებების მოსაძებნად ახალი წლის დადგომამდე. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა რუსტემ უმეროვმა მთავარ შედეგად დაასახელა შეთანხმება „ტყვეთა დიდი გაცვლის“ შესახებ. უმეროვის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა დეტალების შესათანხმებლად და პრაქტიკული რეალიზაციისთვის. უმეროვის განცხადებით, აბუ-დაბიში სამმხრივი ფორმატით განიხილეს მშვიდობის მიღწევისა და ომის შემდგომი აღდგენის საკითხები და ამ გზაზე პირველი ნაბიჯები უნდა იყოს ომის შეწყვეტა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. კიევის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ორი დღის განმავლობაში მხარეებმა წარმოადგინეს პოზიციები საკითხებზე, რომლებზეც არსებითი უთანხმოებებია, წინ დიდი და რთული სამუშაოა და არსებობს მოლაპარაკების პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა. ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ ცენტრალური თემა იყო უსაფრთხოების ევროპული სისტემა: „გავცვალეთ პოზიციები. სადღაც ვიპოვეთ ურთიერთგაგება, სადღაც - არა. ეს საუბარი გაგრძელდება. მსოფლიოს სჭირდება უსაფრთხოების ახალი, თანამედროვე, განახლებული სისტემა, რომელიც არ დააზარალებს ცალკეულ ქვეყნებს. ამაზე ვიმუშავებთ.“ მედინსკიმ მოლაპარაკებების დეტლები არ დააკონკრეტა იმ მოტივით, რომ ვიდრე საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, დეტალები არასდროს განიხილება. პუტინის თანაშემწის ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ტყვეთა „მასშტაბურ გაცვლაზე", რომლის პარამეტრები უახლოეს ხანში გამოცხადდება. 11 ნოემბერს, სამმხრივი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ აბუ-დაბიში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო და განიხილეს რთული თემებიც. მან ყველაზე რთულ საკითხად დაასახელა ტერიტორიები. სტივენ უიტკოფის ინფორმაციით, აბუ-დაბიში ძალიან პროდუქტიული დისკუსიები ჰქონდათ ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლებთანაც. ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს სურთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპელებს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობის ნება დართოს. ასევე, წყაროს თქმით, აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს, აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები „დაძაბული და ემოციური იყო.“ Axios-ის ცნობით,  შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში იმის გამო შეიჭრა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წელს მის მიერ გაგზავნილ წერილს არ უპასუხა. წყაროების ცნობით, პუტინი წერილში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თავის შეშფოთებებზე საუბრობდა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, კუშნერმა და უიტკოფმა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ მსოფლიო 2021 წლის შემდეგ ძალიან შეიცვალა. კუშნერმა და უიტკოფმა რუსულ მხარეს შესთავაზეს, რომ ახალი წინადადება მოამზადონ, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მათ მოთხოვნებს მოიცავს, ასევე, მოიცავს დეესკალაციისთვის ნაბიჯებს, რომლის გადადგმისთვისაც კრემლი მზად არის, რათა ევროპა დაარწმუნოს, რომ მომავალში თავს არ დაესხმება.~ გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-მა ევროპის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან უსაფრთხოების საკითხზე გარიგებას უკრაინისა და ევროპის მხარდაჭერის გარეშე არ დათანხმდება. ასევე, წყაროს თქმით, აშშ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას რუსეთს ვეტოს უფლებას არ მისცემს. „რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა“ - სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ზელენსკის დუბლინში შეხვდნენ  

ალან ბერსე: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვას ვაკვირდებით და აღვნიშნავთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა მისი ღირებულებების ერთგულებას გულისხმობს

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. „როგორც იცით, მე ყოველთვის მზად ვიყავი დიალოგისთვის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოსთანაც. ჩვენ ბოლო დროს კონტაქტი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალე და გულწრფელი დისკუსიები გვქონდეს, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის საჯაროდ არ იქნება,“ - განაცხადა ბერსემ. „ვიცი, რომ ამჟამად განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მიმდინარეობს. ჩვენ ამას ვაკვირდებით და როგორც ყოველთვის, აღვნიშნავთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა მისი ღირებულებების მიმართ ერთგულებას გულისხმობს. ვგულისხმობ, რომ 46-ვე წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე და ასევე, ჩვენ სამოქმედო ჩარჩო გვაქვს, რომლის ფარგლებშიც ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობა შეგვიძლია. მჯერა, რომ ეს კვლავ უნდა დავადასტუროთ, გავაგრძელოთ დიალოგი და ერთად განხილვა იმისა, თუ რის გაკეთებას გავაგრძელებთ, მათ შორის საქართველოსთანაც,“ - აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.  

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსეთის ნავთობის ათივე უმსხვილეს მწარმოებელს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო პირველია, რომელმაც სანქციები დააწესა რუსეთის ათივე უმსხვილესი ნავთობმწარმოებლის წინააღმდეგ. უახლესი პაკეტი რუსული ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული ჩრდილოვანი ფლოტის გემების, მსხვილი ქვანახშირის კომპანიების, „როსნეფტის“ ფლაგმანური არქტიკული ნავთობისა და გაზის პროექტის, „ვოსტოკ ოილის“, და ნავთობის მწარმოებელი „სლავნეფტის“ წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ზომები მიზნად ისახავს რუსეთის ნავთობისა და გაზის მიწოდების ჯაჭვის თითქმის ყველა ეტაპის დაფარვას, წარმოებიდან და ვაჭრობიდან დისტრიბუციამდე და გადაზიდვამდე. სანქციები ცხადდება იმ ფონზე, როდესაც ლიდერები დუბლინში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე შეიკრიბნენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნჰემი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საკითხზე დაგეგმილი შეხვედრის ერთობლივად მასპინძლობას გეგმავენ, სადაც ლიდერები აბუ დაბიში ბოლო დროს გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებს განიხილავენ. ბერნჰემი ასევე გეგმავს, მოუწოდოს თითქმის 50 ქვეყნის ლიდერებს, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე.    

ტრამპი: ირანთან შეთანხმება აღარ გვჭირდება, მათი ფული და სრუტეც ჩვენს ხელშია

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონს ირანთან შეთანხმება აღარ სჭირდება. მისი თქმით, აშშ-ს თეირანზე მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტები აქვს, მათ შორის — ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი. „ირანთან შეთანხმება არ გვჭირდება. ის დრო დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა,“ — დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა ხელში ჩაიგდო ირანის ფინანსური აქტივები და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე კონტროლი. „მათი ფული — ასობით მილიარდი დოლარი — ჩვენთანაა, ისევე როგორც მათი სრუტე!“ — განაცხადა ტრამპმა. პარალელურად, ირანის პარლამენტის სპიკერის და მთავარი მომლაპარაკებლის თქმით, აშშ-სა და ისრაელთან კონფლიქტის შემდეგ ჰორმუზის სრუტის მართვა ომამდელ პერიოდს აღარ დაუბრუნდება. მისი თქმით, თეირანი და ომანი თანხმდებიან, რომ სრუტის რეგულირება სანაპირო სახელმწიფოების იურისდიქციაში შედის და ნაოსნობის წესები სწორედ ირანმა და ომანმა უნდა განსაზღვრონ. ომის დასასრულებლად თეირანმა ვაშინგტონს შვიდპუნქტიანი წინადადება გაუგზავნა, რაც აშშ-ის საზღვაო ბლოკადისა და სანქციების მოხსნას, გაყინული აქტივების განბლოკვას, ყველა ფრონტზე საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და ომის ოფიციალურად დასრულების გამოცხადებას ითვალისწინებს. თეირანი აშშ-ის პასუხს კატარის შუამავლობით ელოდება. ჰორმუზის სრუტე, რომელიც ენერგომატარებლების გადაზიდვის უმნიშვნელოვანესი გლობალური მარშრუტია, დიდი ხანია, ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის კერას წარმოადგენს. ამ საზღვაო გზაზე არსებული ვითარება უდიდეს გავლენას ახდენს ნავთობის საერთაშორისო ბაზრებსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე.  

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი თანამდებობას ტოვებსთანამდებობას ტოვებს

NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია NVIDIA ავრცელებს. კომპანიის განცხადების თანახმად, ჯენსენ ჰუანგმა NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა და მის მოვალეობებს დროებით კოლეტ კრესი შეასრულებს. “დირექტორთა საბჭომ დღეს გამოაცხადა, რომ ჯენსენ ჰუანგი დაუყოვნებლივ ტოვებს პრეზიდენტის, აღმასრულებელი დირექტორის და საბჭოს წევრის თანამდებობებს,” - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ცნობისთვის, ჯენსენ ჰუანგის თანამდებობიდან გადადგომა სკანდალს მოჰყვა, რომელიც ჰუანგის პირად ცხოვრებას და ჩინეთის სასარგებლოდ შესაძლო ჯაშუშობასთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება. კერძოდ, New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას რომანი ჰქონდა საკუთარი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან. კვირას ჰუანგმა აღიარა რომანი ქალთან, რომელიც, სავარაუდოდ, სხვა კომპანიის წარმომადგენელი იყო და სავარაუდოდ, ჩინელი ჯაშუში იყო. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჯენსენ ჰუანგს კავშირი ჰქონდა ელის ჰუანგთან. ამ უკანასკნელს ამერიკული დაზვერვა ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს. პეკინმა გააფრთხილა აშშ, რომ ჯაშუშობის ბრალდებები არ გამოიყენოს საბაბად ჩინეთში ტექნოლოგიების გაყიდვების კიდევ ერთხელ შეზღუდვისთვის. Reuetrs-ი წერს, რომ  ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია თავის უმსხვილეს მხარდამჭერს კარგავს, გაურკვეველი ხდება იმ ჩიპების მწარმოებელი კომპანიის მომავალიც, რომელიც ჰუანგმა ხელოვნური ინტელექტის სფეროს გიგანტად აქცია.  

Reuters: აბუ-დაბის პოლიციამ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ, 10 ადამიანი დააკავა

აბუ-დაბის პოლიციამ განაცხადა, რომ ხუთშაბათს სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ 10 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. არიან თუ არა დაკავებულებს შორის თავად მერაბ დვალიშვილი და მისი თანხმლები საბა ლაზიშვილი, ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის. თუმცა მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ დვალიშვილიც და ლაზიშვილიც ამ დრომდე რჩებიან პოლიციის განყოფილებაში. 12 ნოემბერს საბა ლაზიშვილის ძმამ ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყვა ვიდეო: „სამწუხაროდ, ჩემი ძმა, საბა და მერაბი, ორივენი ამ დრომდე ციხეში არიან. ჯერ არ გამოუშვიათ და ამბობენ, რომ შესაძლოა, 48 საათის განმავლობაში იყვნენ.“ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დვალიშვილი სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს იძლევა, რა დროსაც მას ზურგიდან უახლოვდება ნურმაგომედოვი და კიდევ რამდენიმე პირი.  ნურმაგომედოვმა დვალიშვილს სახეში დაარტყა, რასაც ორ ჯგუფს შორის ჩხუბი მოჰყვა. „აბუ-დაბის პოლიციამ დააკავა რვა პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარ ჩხუბში; ინციდენტს წინ უძღოდა მათ შორის არსებული უთანხმოება,“ — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. მისივე თანახმად, ასევე დააკავეს ორი პირი, რომლებმაც ინციდენტი გადაიღეს, “მათ მიმართ საჭირო სამართლებრივი ზომები გაატარეს.“ Real American Freestyle იმედოვნებს, რომ მერაბ დვალიშვილი შაბათს აბუ დაბიში გასამართ ღონისძიებაზე იასპარეზებს.