ძებნის რეზულტატი:
აშშ-ში ავიარეისები შეჩერდა, საჰაერო მიმოსვლის ქსელის გაუმართაობამ ქაოსი გამოიწვია - Reuters
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრებში საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენები შეჩერდა - ავიამიმოსვლა რამდენიმე საათის შემდეგ განახლდა. აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ცნობით, „საგანგებო გარემოებებისა და უსაფრთხოების“ გამო ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებში ფრენები შეაჩერა. აშშ-ის ტრანსპორტის მდივნის, შონ დაფის ცნობით, შეფერხება ადგილობრივი დროით 15:36 საათზე დაფიქსირდა, ხოლო ფრენები 20:15 საათზე განახლდა. დაფის თქმით, მართვის ცენტრებში რადარისა და საკომუნიკაციო სისტემები დიდი რაოდენობით მონაცემების მიღების შემდეგ გადაიტვირთა. ასევე, აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო სისტემები მწყობრიდან სრულად არ გამოსულა და ათასობით რეისი უსაფრთხოდ დაეშვა. FlightRadar24-ის მონაცემებით, აშშ-ის მასშტაბით 6600-ზე მეტი რეისი გაუქმდა და 8600 რეისი გადაიდო. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, მარკუეინ მალინმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ სისტემაში გაუმართაობა კიბერშეტევამ ან ხელოვნური ინტელექტის ჩარევამ გამოიწვია. „როგორც ჩანს, ეს ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია, თუმცა ჩვენ კვლავ ვიძიებთ,“ - აღნიშნა მალინმა. კიბერშეტევა და ხელოვნური ინტელექტის ჩარევა გამორიცხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც. ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ შეფერხება მოძველებულმა ინფრასტრუქტურამ გამოიწვია. თავის მხრვ, აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება კონგრესს შეუძლია, თუ ახალი სისტემისთვის საჭირო დაფინანსებას გამოყოფს. „საჰაერო მიმოსვლის მართვის მოძველებული სისტემა გვაქვს. მოგვეცით ფული, რათა ის გამოვასწოროთ,“ - განაცხადა დაფიმ. ცნობისთვის, ეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის მასშტაბით ფრენების შეჩერების ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევაა.
Sky News: დიდ ბრიტანეთში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დრონები დააფიქსირეს, გამოცხადდა საჰაერო განგაში
აშშ-ის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ მათ რეაგირება მოახდინეს „უნებართვო უპილოტო საფრენი აპარატების საეჭვო აქტივობაზე“ ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ლეიკენჰითის ბაზასთან. აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენლის თქმით, ინციდენტის შედეგად არც თვითმფრინავები და არც ბაზის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. მომხდარს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომ ბაზაზე სირენები ჩაირთო. როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, უწყება „კოორდინაციას უწევს ყველა დაინტერესებულ მხარეს.“ ლეიკენჰითის ბაზაზე აშშ-ის საჰაერო ძალების 48-ე ფრთაა განლაგებული. მასში თითქმის შვიდი ათასი სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ნაწილი ბაზაზე მუდმივად იმყოფება. SKy News-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დრონები დააფიქსირეს, რის შემდეგაც საჰაერო განგაში გამოცხადდა. გამოცემის ინფორმაციით, RAF Lakenheath-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე განლაგებულ ამერიკელ სამხედროებს „არასანქცირებული დრონების სავარაუდო აქტივობის“ გამო, თავშესაფრებში გადასვლა უბრძანეს. დრონების აქტივობის გამო ბაზაზე საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა. RAF Lakenheath-ის ბაზაზე დრონების დაფიქსირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმაც დაადასტურა. „საღამოს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პერსონალმა რეაგირება მოახდინა RAF Lakenheath-ის თავზე არასანქცირებული დრონების სავარაუდო აქტივობაზე. პერსონალი არ დაშავებულა, ასევე, თვითმფრინავები და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა,“ - განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.
ფაშინიანი: დეკემბერში რუსეთში სამჯერ ჩავალ
ნიკოლ ფაშინიანი დეკემბერში რუსეთში ვიზიტს გეგმავს. სომხეთის პრემიერის თქმით, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარება მიზნად რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას არ ისახავს. „რუსეთისთვის პრობლემების შექმნა არ გვსურს. ვიმედოვნებ, რომ ეს რუსეთის განზრახვაც არ არის“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. “დეკემბერში რუსეთში სამჯერ ჩავალ. 3, 11 და 22 დეკემბერს რუსეთს მოლაპარაკებებისთვის ვეწვევი. ვიმედოვნებ, რუსეთთან ურთიერთობაში მეგობრული ატმოსფეროს შენარჩუნებას შევძლებთ,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
რას გულისხმობს „სათამაშო ბიზნესის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ კაზინოებისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კანონის სწრაფი ტემპით მიღებამ კითხვების დასმის დროც კი აღარ დატოვა. როგორც ცნობილია, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ. „ჩვენთვის იყო მოულოდნელი აზარტულ თამაშებზე ასე სწრაფად მიღებული კანონი. ჩვენ შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვასწარით, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები და სამი მოსმენით მიიღეს ეს კანონი. ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ მოვახერხეთ ამაში ღრმად ჩახედვა და გარკვევა. კათოლიკოს პატრიარქი დასავლეთში იმყოფებოდა ამ პერიოდში და ვგეგმავთ აუცილებლად, რომ ამის შესახებ ვისაუბროთ ხელისუფლებასთან და იმედი გვაქვს, რომ სიცხადე აქ უფრო მეტი იქნება,“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ადრე რეგულაციების შემუშავებაში საპტარიარქოც მონაწილეობდა მაშინ განხილვები 4 წელიწადს გაგრძელდა. „ჩვენ გვაფიქრებს ის, რომ დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში აზარტული თამაშების კუთხით ისედაც საგანგაშო არის და კარგი იქნება, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად ვიმსჯელოთ ზიანის შემცირებაზე, რა ზიანი მოაქვს აზარტულ თამაშებს მოსახლეობისთვის; რომელიც საჭირო არის ვიმსჯელოთ, რომ შეიქმნას და დაფინანსდეს შესაბამისი სარეაბილიტაციო დაწესებულებები, რადგანაც ეს არის თამაშდამოკიდებულება და თამაშდამოკიდებულება საჭიროებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის იქ, ასაკთან დაკავშირებით და იმ რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ მივიღეთ და, აი, ისე თქმა მინდა, როდესაც რეგულაციებს ვიღებდით, ზიანის შემცირების მიზნით, ჩვენ მოვანდომეთ ამას დაახლოებით ოთხი წელი. ჩართული იყო საპატრიარქოდან მუშა ჯგუფში წარმომადგენლობით, ხოლო ეს კანონი, რომელიც წინა კვირაში იქნა მიღებული, ორი დღის განმავლობაში იქნა მიღებული, ამიტომ შეკითხვები ძალიან ბევრია,“ - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ. პარლამენტმა კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების უფლება დაჩქარებული წესით 28 ოქტომბერს მიანიჭა. საერთაშორისო ტურნირის მომწყობს, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით, კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა აღარ მოუწევს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი ტურნირების ჩატარება ხელს შეუწყობს ტურისტული აქტივობის ზრდას ისეთ რეგიონებში, როგორიცაა აჭარის რეგიონი, თებერვალში, მარტსა და აპრილში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ტურიზმის ხელშეწყობის არგუმენტს არასაკმარისად მიიჩნევს და ინიციატივის საპასუხოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის კაზინოებში თამაშის სრულად აკრძალვა მოითხოვა. „ძლიერი საქართველო“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ 2025 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88–89 მილიარდი ლარი (მთლიანი ბიზნესსექტორის ბრუნვის დაახლოებით 35%), ხოლო 2026 წლის პირველ ორ კვარტალში უკვე 47 მილიარდი ლარი შეადგინა, შესაბამისად, ამ სფეროს საგადასახადო წახალისება არ სჭირდება. კანონს ომბუდსმენის აპარატი, სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების ნაწილი და თეოლოგები აკრიტიკებდნენ. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კაზინოებისთვის საერთაშორისო ტურნირებზე საგადასახადო შეღავათების დაწესებას ხელი 9 ნოემვერს მოაწერა. კანონი ძალაში შევიდა. კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ტურნირის მონაწილეთა 80% ან მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა (პირველი მოსმენით მიღებული ვარიანტი 70%-იან დაშვებას ითვალისწინებდა) და საპრიზო ფონდი 3 მლნ ლარს აღემატება, საერთაშორისო ტურნირის მომწყობს, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით, კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევს.
ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის ახალი წესი დამტკიცდა
განათლების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მოქალაქეების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის ახალი წესი დამტკიცდა. 12 ნოემბრის ბრძანებით, მანამდე მოქმედი 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის დოკუმენტი ეხებოდა როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს, თუმცა 2026 წლის სექტემბერში უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკითხი ცალკე მთავრობის №437 დადგენილებით მოწესრიგდა, მინისტრის №154/ნ ბრძანებით კი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი დარეგულირდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია: ა) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში; ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული). საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია: ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული); გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
განათლების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის - შეთანხმება გაფორმებულია
საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ჰუაი ძინპენმა. „საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს, ქმნის მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის. ის ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას, რადგან გვჯერა, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა განათლების სისტემის განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ამის ნათელი მაგალითია - ეს არის ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მოლაპარაკებების, ერთობლივი ძალისხმევისა და თანმიმდევრული მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ. მხარეებს შორის შეთანხმება ქალაქ პეკინში 2026 წლის ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა.
თაღლითობისთვის დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეებს კოტეჯების აშენებას ჰპირდებოდა - შსს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს მოქალაქეებს თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში კოტეჯების აშენებას დაჰპირდა. ბრალდებულმა მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ წინასწარ მიიღო სხვადასხვა ოდენობის თანხა, თუმცა დაპირებული სამუშაოები არ შეასრულა და მოტყუებით დაეუფლა მათ კუთვნილ 160 000 ლარს. "აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოქალაქეებს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგათ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მამაკაცი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორბანის მთავრობის მინისტრის საქმე: ტყესა და საწყობებში დამალული $20 მილიონი ამოიღეს
უნგრეთის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრის, მიკლოშ შეშტაკის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩრეკისას ტყეებში დამარხული 19.5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, თანხის ნაწილი ტყეში, მიწაში იყო ჩამარხული, ნაწილი კი ფერმის ნაგებობებსა და საწყობებში იყო დამალული. უნგრეთის ფინანსთა მინისტრის, ანდრაშ კარმანის განცხადებით, ამოღებულ თანხას სახელმწიფო ხაზინის 12 თანამშრომელი რვა საათის განმავლობაში ხუთი სპეციალური აპარატის გამოყენებით ითვლიდა. შეშტაკი და ორბანის მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ბალაშ ჰანკო ქრთამის აღების ბრალდებით სექტემბერში დააკავეს. ასევე, გასულ თვეში კორუფციის ბრალდებით უნგრეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, გეორგი მატოლჩი დააკავეს. უნგრეთის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, ჩხრეკა სხვადასხვა მისამართზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამოღებული თანხების დათვლას 8 საათი დასჭირდა. მიკლოშ შეშტაკი 2014–2018 წლებში უნგრეთის ეროვნული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. თავად მიკლოშ შეშტაკი ბრალდებებს უარყოფს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ჩატარებული ოპერაცია ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესის“ „მაფიის დასასრულს ნიშნავს.“
რა ღირს დოლარი და ევრო
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ნოემბრიდან ერთი აშშ დოლარი — 2.5934, ევრო — 2.8649, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4287 ლარი ეღირება. 13 ნოემბერს ერთი აშშ დოლარი — 2.5935, ევრო — 2.8793, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4431 ლარი ღირდა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შპს „თბილსერვის ჯგუფის" სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სამუშაოების შესასრულებლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ რესტორან „არაგვის" მიმდებარედ, იუსტიციის სახლის მიმართულებით, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი: გზის შეზღუდვა განხორციელდება ე.წ. ჩანჩქერთან (არმისული თამარ მეფის ხიდამდე). საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ალტერნატიული მარშრუტით - თამარ მეფის პანდუსის გავლით. სამუშაოების არეალი სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით. თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო!,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ზელენსკი: აშშ-ის წარმომადგენლებმა NATO-ს წევრობაზე დონბასის გაცვლის საკითხი წამოჭრეს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის მომლაპარაკებლებმა წამოჭრეს იდეა, რომ უკრაინამ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონიდან თავისი ძალები უნდა გაიყვანოს, სანაცვლოდ კი, ნატოს წევრი გახდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის წარმომადგენლები ჯერად კუშნერი და სტივ უიტკოფი მოსკოვსა და დუბლინში (ევროკავშირის სამიტზე) იმყოფებოდნენ,სადაც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის საკითხს განიხილავდნენ. კიევი დიდი ხანია, სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების პირობად განიხილავს, რათა თავიდან აიცილოს სამომავლო საფრთხეები; რუსეთი კი აცხადებს, რომ მის საზღვრებთან ალიანსის კიდევ ერთი წევრი ქვეყნის არსებობა მისთვის მიუღებელია. ზელენსკი ასევე მუდმივად ხაზს უსვამს, რომ უკრაინა არ აპირებს, უარი თქვას თავის სუვერენულ ტერიტორიებზე, მიუხედავად მოსკოვის მოთხოვნისა, რომ უკრაინამ დონბასი დათმოს. „ამერიკელებმა დასვეს კითხვა: „რა იქნება, თუ უკრაინა ნატოს შეუერთდება? გაიყვანს თუ არა უკრაინა ძალებს დონბასიდან?“ — ეს საკითხი პირველად წამოიჭრა,“ — განუცხადა ზելენსკიმ ჟურნალისტებს 14 ნოემბერს. მისი განმარტებით, თუ მიიღებენ წინადადებას, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს, უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებზე შეზღუდვების არარსებობასა და ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებს, მაშინ ამ საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ ვიტკოფი, ხუთშაბათს ირლანდიის დედაქალაქში ჩავიდნენ ზელენსკისთან შესახვედრად; მანამდე კი, ისინი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ. ვლადიმირ პუტინისა და კრემლის წარმომადგენლების განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის პოზიცია ომთან დაკავშირებით არ შეცვლილა; მოსკოვის მოთხოვნები ტერიტორიულ დათმობებსა და ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით კვლავაც ბევრად სცდება იმ ფარგლებს, რაზეც უკრაინა არის მზად მსჯელობისთვის. მოსკოვმა მანამდე სამშვიდობო შეთანხმების პირობებად უკრაინის არმიის ზომის შეზღუდვა, ტერიტორიული დათმობები და კიევის ნეიტრალიტეტი წამოაყენა. უკრაინამ ეს პირობები უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი შეზღუდვები ხელს შეუშლიდა მას, თავი დაეცვა მომავალში რუსეთის შემოჭრისგან. თუმცა ბოლო დროს გაჩნდა ნიშნები იმისა, რომ მხარეებს საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ: გასულ თვეში აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, ხერსონის რეგიონში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში შუამავლობა გასწია, რამაც მოსახლეობის ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყო. მანამდე აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში აღარ იდგა. შაბათს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის წინადადებამ მას იმის რწმენა მისცა, რომ „NATO კვლავ დღის წესრიგშია.“ თუმცა მან იქვე დაამა: „თქვენ ასევე მოისმინეთ პუტინის გზავნილები; ეს უკიდურესად რთული საუბარია.“ ამჟამად რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების უდიდესი ნაწილი, რომლებიც დონბასს მოიცავს. უკრაინის მიერ კონტროლირებადი მცირე ტერიტორიების დათმობა კიევისთვის სიმბოლურად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან ეს დონბასის აღიარებას ნიშნავს. ზელენსკიმ მანამდე ისაუბრა უკრაინის ოთხ რეგიონსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებაზე; შეგახსენებთ, რომ ყირიმი მოსკოვმა 2014 წელს მიიერთა. მოლაპარაკებების ეს რაუნდი კიევსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე იმართება. დაძაბულობა უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა გამოიწვია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას სთხოვა, შეეჩერებინა ეს დარტყმები, რათა შესაძლებელი გამხდარიყო რუსული დიზელის საწვავის მიწოდება; ეს კი, ვაშინგტონის შეფასებით, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა საწვავზე გლობალური ფასების შემცირებას (ფასები მას შემდეგ იზრდება, რაც თებერვალში აშშ-მა და ისრაელმა ირანზე მიიტანეს იერიში). ამასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენლები დაადანაშაულა უკრაინისთვის Starlink-ის ინტერნეტსერვისის შეზღუდვაში (რომელსაც უკრაინა თავდაცვითი ოპერაციების კოორდინაციისთვის იყენებს), ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ „უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება“ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. ვიდრე უკრაინაში საომარი მდგომარეობაა, არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა გამოირიცხა. თუმცა ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ მზადაა, არჩევნები სამშვიდობო შეთანხმების მიღწევიდან რამდენიმე თვეში გამართოს, ხოლო NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ — პრეზიდენტის პოსტიც დატოვოს.
რატომ აჩერებენ პოლონეთი და ბულგარეთი უკრაინის შეიარაღების დაფინანსებას
ბულგარეთი უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვის დაფინანსების მორიგ რაუნდში მონაწილეობას არ მიიღებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა დუბლინში, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე ბიუჯეტის დეფიციტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბულგარეთი კიევს საბრძოლო მასალას ჯერჯერობით აღარც საკუთარი საწყობებიდან მიაწვდის. პროგრამა PURL-ის დაფინანსების „დროებით“ შეწყვეტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები კიევისთვის აშშ-ში იარაღს ყიდულობენ, პარასკევს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც განაცხადა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილების მიზეზებად ვარშავას დიდი ბიუჯეტის დეფიციტი და თავდაცვის მაღალი ხარჯები დაასახელა. „ჩვენ გავუწიეთ და ვაგრძელებთ უკრაინისთვის მნიშვნელოვან დახმარებას. თუმცა, ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, პოლონეთი დამატებით თანხებს არ ჩადებს, რადგან ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია,“ - განმარტა ტუსკმა. ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ილიანა იოტოვამ, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფას. ბულგარეთი აწარმოებს საბჭოთა ნიმუშის საბრძოლო მასალებს, რომლებსაც უკრაინის არმია იყენებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტოდორ ტაგარევი Financial Times-თან საუბარში აცხადებდა, რომ უკრაინას პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით, ბულგარული სამხედრო წარმოების შეიარაღების ნახევარზე მეტი მიეწოდება. ბულგარეთის ხელისუფლება ასევე იძიებდა ქვეყანაში საბრძოლო მასალების საწყობებში გასულ წლებში მომხდარი აფეთქებების სერიაში რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობას. დამოუკიდებელი გამოძიებების მონაცემებმა აჩვენა, რომ საბოტაჟის ამ აქციებში, ისევე როგორც იარაღის მწარმოებელი კომპანია EMCO-ს მფლობელის, ემელიან გებრევის საწამლავ „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში, რუსეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ. პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები 2026 წლის გაზაფხულზე დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება, „ჩრდილოეთის“ სპეციალური ოპერაციების ცენტრისთვის უკრაინის მეამბოხეთა არმიის გმირების სახელობის საპატიო წოდება მიენიჭებინა.“ პოლონეთში უკრაინის მეამბოხეთა არმიას მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინში პოლონელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებზე პასუხისმგებლად მიიჩნევენ. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის (PURL) მექანიზმის ამოქმედება 2025 წლის ივლისში გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის უსასყიდლოდ გადაცემაზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის ივლისში პროგრამის ამოქმედებიდან მასში 29 ქვეყანა (NATO-ს 26 წევრი და 3 პარტნიორი, მათ შორის ავსტრალია და ახალი ზელანდია) ჩაერთო და სულ 6.7 მილიარდ დოლარამდე მობილიზდა. პროგრამის მთავარი დონორები არიან:• ნორვეგია — 1.36 მილიარდი დოლარი;• ნიდერლანდები — 1.163 მილიარდი დოლარი;• გერმანია — 900 მილიონი დოლარი;• კანადა — 834 მილიონი დოლარი;• შვედეთი — 546 მილიონი დოლარი
გერმანიის პარლამენტმა ცივი ომის შემდეგ სპეცსამსახურების უფლებამოსილების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას მხარი დაუჭირა
გერმანიის ბუნდესტაგმა პარასკევს მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ორ მთავარ სპეცსამსახურს — საგარეო დაზვერვის ფედერალურ სამსახურს (BND) და კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ სამსახურს (BfV) — დამატებით, ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს. Deutsche Welle-ის ცნობით, ეს იქნება მათი უფლებამოსილებების მნიშვნელოვანი გაფართოება, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოქმედ წესებს ცვლის. კანონს ბუნდესტაგში 308-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 190 წინააღმდეგი იყო, 71-მა კი თავი შეიკავა. აქამდე გერმანიის სპეცსამსახურები ძირითადად ინფორმაციის შეგროვებით იყვნენ დაკავებულნი და უშუალო ოპერაციების ჩატარების უფლება შეზღუდული ჰქონდათ. ახალი კანონით კი მათ ე.წ. ოპერატიული მოქმედებების განხორციელებაც შეეძლებათ. კერძოდ:- კიბერშეტევები და დივერსიები: აგენტებს საზღვარგარეთ ჰაკერული თავდასხმებისა და დივერსიული ოპერაციების ჩატარება შეეძლებათ, თუ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება.- საცხოვრებელში ფარული შეღწევა: კონტრდაზვერვის სამსახურს (BfV) გარკვეულ შემთხვევებში ბინებში ფარულად შესვლის უფლება ექნება.- მოწყობილობების გატეხვა: სპეცსამსახურებს დისტანციურად შეეძლებათ ეჭვმიტანილების ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებში შეღწევა, რათა დაშიფრულ მესენჯერებში არსებული მიმოწერა წაიკითხონ.- ხელოვნური ინტელექტი: მათ დიდი მოცულობის მონაცემების გასაანალიზებლად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც შეეძლებათ. - არასრულწლოვანი ინფორმატორები: გამონაკლის შემთხვევებში BfV-ს 16-17 წლის მოზარდების ინფორმატორებად გადაბირების უფლება ექნება.- მონაცემების შენახვა: BND-ს საზღვარგარეთ მოპოვებული და გადაჭერილი მონაცემების უფრო ხანგრძლივად შენახვა შეეძლება. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდერ დობრინდტის განცხადებით, ეს უფლებამოსილებები აუცილებელია დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედ ძალებთან საბრძოლველად. მისი თქმით, გერმანიას განსაკუთრებით რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მხრიდან ჯაშუშური საქმიანობის გააქტიურების ფონზე სპეცსამსახურების გაძლიერება სჭირდება. მინისტრმა კანონპროექტს მანამდე „საუკუნის რეფორმაც“ უწოდა. თუმცა ინიციატივას კრიტიკოსებიც ჰყავს. მემარცხენე პარტიის დეპუტატმა კლარა ბიუნგერმა განაცხადა, რომ სპეცსამსახურებისთვის ასეთი უფლებების მინიჭება „გერმანიაში ახალი საიდუმლო პოლიციის შექმნას“ უტოლდება. მნიშვნელოვანია ისტორიული კონტექსტი 1949 წელს დასავლეთ გერმანიაში პოლიციისა და სპეცსამსახურების უფლებამოსილებები მკაცრად გაიმიჯნა. ამის მიზანი იყო ნაცისტური გესტაპოსა და აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის — „შტაზის“ მსგავსი სისტემის ხელახლა შექმნის თავიდან აცილება. ახალი რეფორმა ამ პრინციპს ასუსტებს. თუმცა სპეცსამსახურებს გარკვეული შეზღუდვები კვლავ ექნებათ: მათ არ ექნებათ ადამიანების ფიზიკური ლიკვიდაციის, ღია ჩხრეკისა და დაკავების უფლება — ეს უფლებამოსილებები კვლავ მხოლოდ პოლიციას დარჩება. ამასთან, მათი საქმიანობის ზედამხედველობა სპეციალურად გაფართოებულ დამოუკიდებელ საკონტროლო საბჭოს დაევალება. Euronews-ის ცნობით, რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მოწინააღმდეგეებისთვის შეკავების მექანიზმის შექმნაა. BND-ის ხელმძღვანელის, მარტინ იეგერის განცხადებით, გერმანიამ პოტენციურ მოწინააღმდეგეებს უნდა აჩვენოს, რომ საჭიროების შემთხვევაში მსგავსი მოქმედებების განხორციელება თავადაც შეუძლია. სექტემბრის დასაწყისში გერმანიამ ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი ლაიფციგის აეროპორტის საბოტაჟის მცდელობაში. იქ ერთი თვით ადრე ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს.
კრემლმა აშშ-ს ცივი ომისდროინდელ გავლენის სფეროებად დაყოფის მოდელზე დაბრუნება შესთავაზა - NYT
აბუ დაბიში მრავალმხრივი მოლაპარაკებების დროს მოსკოვის დელეგაციამ აშშ-ის წარმომადგენლებს, 1946-1991 წლების ცივი ომის მოდელზე დაფუძნებული ურთიერთობების დაბრუნება შესთავაზა. რუსულმა მხარემ მსგავსი იდეები ასევე გამოთქვა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე. ხსენებული წინადადება ევროპის გავლენის ზონებად დაყოფას და მოსკოვისთვის ვარშავის პაქტის განახლებულ ვერსიაზე დომინირების უფლების მიცემას გულისხმობს, იუწყება The New York Times ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით. რუსეთის წარმომადგენლების მტკიცებით, 1946–1991 წლების ცივი ომის მოდელი და „ვარშავის პაქტის“ მსგავსი სისტემა ამცირებდა პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის რისკს, რის გამოც ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა სწორედ ამ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმeრ მედინსკიმ, ასევე ისაუბრა „ახალი, თანამედროვე იალტისა და პოტსდამის“ შექმნის აუცილებლობაზე. NYT-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეეცადნენ, მიენიშნებინათ, რომ სამყარო ძალიან შეიცვალა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა, ცივი ომის ფაქტობრივ დაბრუნებას „უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი საფუძვლები“ უწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ იდეა კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ პუტინს „სიზმრებში 1945 წლის იალტა ელანდება.“ ტრამპის ადმინისტრაციამ მოსკოვს ევროპის უსაფრთხოების ახალ შეთანხმებაზე საკუთარი ხედვისა და „სიმეტრიული ზომების“ დოკუმენტის მომზადება სთხოვა. პარალელურად, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა მოითხოვეს, რომ სამშვიდობო პროცესის შემდეგ რაუნდში აუცილებლად ჩაერთონ ევროპელი დელეგატებიც. კრემლის წარმომადგენლების მიერ ნოემბერში ევროპელებისა და ამერიკელებისთვის არაფორმალურად შეთავაზებული გეგმები და მოთხოვნები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, ზოგადად, „მეორე ცივი ომის“ ლოგიკას შეესაბამება. უპირველეს ყოვლისა, მოსკოვის წარმომადგენლები უკრაინასთან მშვიდობას საკუთარი პირობებით მოიაზრებენ: კიევის ოფიციალური უარი NATO-ში გაწევრიანებაზე, დონბასის ორივე რეგიონის რუსეთისთვის სრულად გადაცემა და მეზობელი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების შემცირება. კრემლი მოითხოვს, რომ NATO-მ თავისი ჯარები და სამხედრო ბაზები 1997 წლის საზღვრებამდე დააბრუნოს, ხოლო საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვან ევროპის სხვა ქვეყნების დასაცავად ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ასევე, NATO-ს მიერ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის [პოსტსაბჭოთა] რესპუბლიკებში ნებისმიერი აქტივობისგან თავშეკავებას. პუტინმა ადრე არაერთხელ შეაფასა უაროფითად ცივი ომი და დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა რუსეთთან ახალ დაპირისპირებაში ჩათრევაში. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო ასეთი კონფლიქტის არსებობის ნებისმიერი სურვილი. „არ მინდა, ვიფიქრო, რომ ჩვენ რაღაც „ცივი ომის“კენ მივდივართ და დარწმუნებული ვარ, არავის სურს ეს. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ეს,“ - განაცხადა პუტინმა 2016 წელს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე. ექსპერტებისა და კვლევითი ცენტრების, მათ შორის CEPA-ს შეფასებით, „იალტის შეცდომის“ გამეორება აშშ-ის გლობალურ პოზიციებს დაასუსტებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მოსკოვისთვის გავლენის სფეროს დათმობა ავტომატურად ნიშნავს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სუვერენიტეტის დათმობას, რაც ასევე სახიფათო პრეცედენტს შექმნის ჩინეთისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.
აშშ-მ მოდერნიზებული გამანადგურებლები F-15EX პირველად განათავსა საზღვარგარეთ
აშშ-ის საჰაერო ძალების კუთვნილი გამანადგურებლები F-15EX იაპონიის კუნძულ ოკინავაზე მდებარე „კადენას“ ავიაბაზაზე ჩავიდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც F-15EX ტიპის თვითმფრინავები აშშ-ის ფარგლებს გარეთ მდებარე სამხედრო ბაზაზე განათავსეს. ვაშინგტონი გეგმავს, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ოკინავაზე ჯამში 36 ასეთი გამანადგურებელი გადაიყვანოს. მეოთხე თაობის ამ გამანადგურებლებს 13,3 ტონამდე შეიარაღებისა და სხვა სახის ტვირთის გადატანა შეუძლია. ეს მაჩვენებელი იაპონიაში ამჟამად დისლოცირებული, უფრო ძველი მოდელის F-15 თვითმფრინავების ტევადობას დაახლოებით ორჯერ აღემატება და ზოგიერთი ბომბდამშენის ტვირთამწეობას უტოლდება.
საქართველოში ახალი პარტია დაფუძნდა
თბილისში, ახალი პოლიტიკური პარტიის - „სოციალური დემოკრატიისთვის“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა. პარტიის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ოპოზიციის მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გათვალისწინებით, ახალი პარტია ყველაფრისთვის მზად არის. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებად აირჩიეს: სოფო ვერძეული, გოტა ჭანტურია, ვახტანგ [ვახუშტი] მენაბდე, ლევან ლორთქიფანიძე, ლელა გაფრინდაშვილი, თამარ ონოფრიენკო, მერაბ ქართველიშვილი, მარი იაკობიძე, ნიკოლოზ წიქარიძე, ივანე აბრამაშვილი, მაია ბარქაია, ფიქრია ქიქოძე, გიორგი [გუგა] დუდუჩავა, სოფო ბასილაძე, ვერა გოგოხია და გია ჭანტურია. კანონის თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა მიმართოს. სააგენტოს საკითხის გადასაწყვეტად ერთი თვის ვადა აქვს.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს
ესტონეთი პირველი დეკემბრიდან დახურავს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს რუსეთთან. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ეს არის საპასუხო ზომა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) ქმედებებზე, რომის მიხედვითაც, ესტონეთის დრონების მწარმოებელი კომპანია Threod Systems-ი თავდასხმის სამიზნე გახდა. პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალის თქმით, თავდასხმა რუსეთის სამხედრო დაზვერვამ მოაწყო. ესტონეთის შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შაბათს დილით ადრე განხორციელებული თავდასხმის მცდელობა მიზნად ისახავდა კომპანიის Threod-ის შენობაში აფეთქებისა და ხანძრის გამოწვევას. კვირას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მიხალმა დაწერა, რომ „გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებისა და სამართალდამცავი ორგანოების სწრაფი რეაგირების“ შედეგად, „მნიშვნელოვანი ზიანი“ აიცილეს თავიდან. მანვე დაამატა, რომ სავარაუდო თავდამსხმელები დააკავეს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ინციდენტთან დაკავშირებით სულ რვა ადამიანი დააკავეს.
რატომ არ მონაწილეობდა საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალში
16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებსა და, მათ შორის, დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენელი მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. „ამასთან, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის,“ – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. თავის მხრივ, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ხსენებულ საკითხზე. “ბოლო პერიოდში ორჯერ თუ სამჯერ მივიწვიეთ საქართველოს წარმომადგენლები ჩვენს ღონისძიებებზე, რომლებიც დაკავშირებულობას ეხებოდა, მაგრამ ისინი არ მოსულან. ვცდილობთ თანამშრომლობას, ვიწვევთ მათ, თუმცა თავად არ სურთ მოსვლა. ჩვენ არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე, მაგრამ, ზოგადად, ვცდილობთ ჩართულობის შენარჩუნებას,” - აღნიშნა ევროკომისარმა. ევროპელი დიპლომატი იმედოვნებს, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. “როგორც იცით, გვსურდა დიალოგის გამართვა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. იმედი მაქვს, რომ იანვარში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განვიხილავთ საქართველოს საკითხს, როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა დააანონსა და ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა იქნება,” - აღნიშნა კოსმა. როგორ აფასებს საქართველოს მთავრობის უარს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ხსენებულინ შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან ბევრი რამ არის განსახილველი. „ზოგჯერ მათგანი შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა ბევრი მინისტრი ჩამოდის და იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებთ კონკრეტული, რეალური შედეგების მიღწევასაც,“ - აღნიშნა კალასმა. „სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება,“ - თავის მხრივ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დაკავშირებადების საკითხზე ბრიუსელში დღევანდელ მინისტერიალზე საქართველო ელჩის დონეზე მიწვევას, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. პრემიერის შეფასებით, ეს არის არაჯანსაღი მიდგომა. „ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან და ჯანსაღ მიდგომას, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. ჩვენ გვექნება ღირსეული დამოკიდებულება, სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა და იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება. [რაც შეეხება გაფართოების ფორუმზე არმიწვევას] ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. სუვერენიტეტის პრობლემაა აშკარად. სუვერენულად რომ მოქმედებდეს ევროპული ბიუროკრატია, ამ შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება, რა თქმა უნდა, იქნებოდა მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მინდა, შეგახსენოთ, რომ რუსეთისგან იზოლაციის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველო ევროპისთვის რჩება ერთ-ერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებაში. როდესაც ასეთ დროს ხელოვნურად ქმნი პრობლემას, როდესაც ასეთ დროს აფერხებ ღია და გამჭვირვალე დიალოგს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია კიდევ ერთხელ არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად/ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი 15 ნოემბერს ამბობდა, რომ დაესწრებოდა დაკავშირებადობის მინისტერიალს, სადაც საქართველო, სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ - ელჩის დონეზე მიიწვიეს. ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს მასპინძლობდნენ. ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის ინფორმაციით, ღონისძიებას სახელწოდებით: „უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა“, ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების პროცესში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და ბიზნესის წარმომადგენლები. გაფართოების ფორუმზე საქართველო არ მიუწვევიათ. დღესვე ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავდნენ. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობდნენ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალში, რომელიც რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრები სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალზე ელჩის დონეზე იყო დაპატიჟებული, თუმცა ოფიციალურმა თბილისმა მასზე დასწრებაზე უარი განაცხადა.
სიბიჰას თქმით, რუსეთი იმეორებს ულტიმატუმს, რომელიც წინ უძღოდა საქართველოსა და უკრაინაში შეჭრას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, რუსეთის ძველი ულტიმატუმი ახალი იარლიყით დაბრუნდა: „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა.“ “ჩვენ ეს ადრეც გვინახავს. 2007 წელი: მიუნხენში პუტინი NATO-ს გაფართოებას „საფრთხეს“ უწოდებს. 2008 წელი : ბუქარესტში კრემლი საქართველოსა და უკრაინის NATO-ს პერსპექტივებთან დაკავშირებით მუქარას გამოთქვამს. რამდენიმე თვეში რუსეთი საქართველოში შეიჭრება. 2021 წელი: მოსკოვი მოითხოვს გაფართოების შეჩერებას და 1997 წლის ხაზებზე დაბრუნებას. რამდენიმე თვეში რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას იწყებს. ახლა იგივე ულტიმატუმი ახალი იარლიყით დაბრუნდა: „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა,“ - აცხადებს სიბიგა. უკრაინელი დიპლომატის შეფასებით, დროა, გაიზარდოს ზეწოლა რუსეთზე და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აიძულონ, სერიოზულად მოეკიდოს სამშვიდობო ძალისხმევას. “ეს დიალოგისკენ მოწვევა არ არის. ისტორია გვიჩვენებს, თუ რა მოჰყვება ამას: რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების ახალი ესკალაცია აგრესიული ფორმებით, მათ შორის აშკარა შეიარაღებული აგრესიით. რუსეთის თამაშებში თამაშის ნაცვლად, დროა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთის რეჟიმზე, ვაიძულოთ პუტინი, სერიოზულად მოეკიდოს სამშვიდობო ძალისხმევას და დავასრულოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია,” - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. როგორც The New York Times-ი ადრე იუწყებოდა, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებასთან დაკავშირებით აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს, რუსეთმა კვლავ მოითხოვა, რომ ნატომ თავისი ძალები იმ პოზიციებზე დააბრუნოს, რომლებსაც ალიანსი 1997 წელს იკავებდა. კრემლმა აშშ-ს ცივი ომისდროინდელ გავლენის სფეროებად დაყოფის მოდელზე დაბრუნება შესთავაზა - NYT
სტუბი: 2040 წლისთვის, შესაძლოა, ევროკავშირში 40 წევრი გვყავდეს
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღევანდელ არაპროგნოზირებად და დიდი სახელმწიფოების კონკურენციის სამყაროში, ევროკავშირის გაფართოება არამხოლოდ ტექნიკური, არამედ სტრატეგიული და გეოპოლიტიკური არჩევანია. ფინეთის პრეზიდენტის შეფასებით, ევროპა არა „საშუალო“, არამედ „დიდი ძალაა“, რომელმაც რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ თავდაცვის სფერო გააძლიერა და ერთიან გეოპოლიტიკურ მოთამაშედ იქცა. მან მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს და კანდიდატებს, იაზროვნონ მასშტაბურად. „გაფართოება არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ტექნიკურ პროცესად. ეს არის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი. დიახ, ძალა ზომაშია. რაც უფრო დიდია ევროკავშირი, მით მეტი გლობალური გავლენის პროეცირება შეგვიძლია. წარმოიდგინეთ ევროკავშირი, ვთქვათ, 2040 წელს ორმოცი წევრი სახელმწიფოთი, რაც მსოფლიოს ქვეყნების ოცი პროცენტია. აი, ეს არის ძალა,“ – განაცხადა სტუბმა. მისი განცხადებით, კანდიდატ ქვეყნებს სრულ წევრობამდეც უნდა ჰქონდეთ წვდომა ერთიანი ბაზრის ნაწილებზე, ევროკავშირის პროგრამებსა და სამიტებზე, რაც არა სრული წევრობის შემცვლელი, არამედ მისი დამაჩქარებელი იქნება. მან მხარი დაუჭირა ნორვეგიასთან, ისლანდიასა და კანადასთან ასოცირებისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი, ამბიციური ფორმების შექმნას. „ევროპამ გაიღვიძა. ევროპა ხელახლა იარაღდება. ევროპა გეოპოლიტიკურ აქტორად იქცა. ჩვენ გვჭირდება ხედვა და თავდაჯერებულობა, რომელიც ამ რეალობას შეესაბამება. მოვუწოდებ როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ისე კანდიდატ ქვეყნებს, იაზროვნეთ მასშტაბურად, “ – განაცხადა ალექსანდერ სტუბმა.