ძებნის რეზულტატი:
ორი ქვეყნის ისტორიული უნივერსიტეტი და მათ შორის გადებული თანამშრომლობის ხიდი — ნინო ელისაბედაშვილი, ამ კავშირის გული და სულისჩამდგმელი
დოტორესა ნინო ელისაბედაშვილის მიერ წლის განმავლობაში გაწეული აქტიური, მიზანმიმართული და მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგად, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა (SEU) და რეჯო კალაბრიის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტს (Università Mediterranea di Reggio Calabria) შორის თანამშრომლობის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მისი ძალისხმევითა და უშუალო ჩართულობით, ორ უნივერსიტეტს შორის საფუძველი ჩაეყარა არაერთ გამოფენას, კულტურულ, სამეცნიერო, აკადემიურ და შემოქმედებით ინიციატივას, რამაც თანდათანობით მჭიდრო და მრავალმხრივი აკადემიური პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შედეგი გახდა რეჯო კალაბრიის უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი საქართველოში და ორ უნივერსიტეტს შორის ოფიციალური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. მემორანდუმი თანამშრომლობის მრავალ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის კულტურას, გამოფენებს, შემოქმედებით საქმიანობას, აგროკულტურას, ხელოვნურ ინტელექტს, ლიტერატურას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს. ამ პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახდა რეჯო კალაბრიის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის დოცენტ მასიმილიანო ფერარას აქტიური აკადემიური თანამშრომლობა SEU-სთან. ორ უნივერსიტეტს შორის განვითარებულმა ურთიერთობამ და მისმა პირადმა აკადემიურმა წვლილმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა — მასიმილიანო ფერარას საქართველოში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. აღნიშნული თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დოტორესა ნინო ელისაბედაშვილს მადლობას უხდიან როგორც რეჯო კალაბრიის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის დოცენტი მასიმილიანო ფერარა, ისე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი. ეს მადლიერება მისი პროფესიული საქმიანობისა და ორ უნივერსიტეტს შორის წარმატებული პარტნიორობის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილის აღიარებაა. აღსანიშნავია, რომ ნინო ელისაბედაშვილი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დოცენტი და ვიცე-რექტორია, ამავდროულად კი რეჯო კალაბრიის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის NEO Lab-ის მკვლევარი (Ricercatrice). სწორედ ამ ორმაგმა აკადემიურმა ჩართულობამ და მისმა პირადმა ინიციატივამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორ უნივერსიტეტს შორის პროფესიული და ინსტიტუციური კავშირების გაღრმავებაში. ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დოტორესა ნინო ელისაბედაშვილის როლი იყო ფუნდამენტური და განმსაზღვრელი. მისი თანმიმდევრული შრომის, პირადი ინიციატივების, პროფესიული ჩართულობისა და მუხლჩაუხრელი საქმიანობის შედეგად, დაწყებული თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებად იქცა და ორ უნივერსიტეტს შორის გრძელვადიანი, ინსტიტუციური პარტნიორობის მტკიცე საფუძველი შეიქმნა.
რუსეთმა გიორგი ზურაბაშვილთან მომლაპარაკებელი შეარჩია
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან „კონტაქტი უკვე დამყარებულია.“ რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვს ზურაბაშვილთან მოლაპარაკებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს. „გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დავამყარეთ. მისი რუსი ვიზავიც განსაზღვრულია - ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს. რუსეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას,“ - განუცხადეს გამოცემას რუსეთის საგარეო უწყებაში. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა სამინისტროს ინფორმაციით, მომლაპარაკებლები ყურადღებას გაამახვილებენ ვაჭრობის, ტურიზმის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურული გაცვლების გაფართოებაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ გარკვეული მიმართულებებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს - მათ შორის, სოფლის მეურნეობის უწყებების წარმომადგენლები აგროპროდუქციის ორმხრივი მიწოდების გამარტივებაზე მუშაობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო-რუსეთის სპეცწარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა მალე გაიმართება. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ ცნობილი გახდება. მისი თქმით, საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს შორის ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და ყველა თემაზე იქნება საუბარი. „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი - ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება [საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არ აღიარების] არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება. რაც შეეხება ურთიერთობებს ჩვენს სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და ყველა თემაზე იქნება საუბარი. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მარტა კოსი: დაკავშირებადობის ნაწილში გვსურს საქართველოსთან ურთიერთობა, თუმცა აქაც არსებობს პირობები
„ჩვენ კვლავ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. მოსახლეობის 80 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა რა თქმა უნდა, მთავრობამ სწორი მიმართულებით უნდა იმოძრაოს. ეს ნათელია და გაფართოების ანგარიშშიც ვთქვით, რას ველით მთავრობისგან,“ - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროპელი დიპლომატის განმარტებით, სფერო, სადაც საქართველოსთან ურთიერთობები შესაძლებელია, დაკავშირებადობაა. მომავალი წლის გაზაფხულზე ბულგარეთში გაიმართება დაკავშირებადობის სამიტი, კოსი იმედოვნებს, რომ „ყველა ლიდერი ჩავა.“ „როგორც იცით, დაკავშირებადობის დღის წესრიგი ევროკომისიისთვის ამჟამად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ანუ, როგორ შეიძლება ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება. რა თქმა უნდა, საქართველოც ამ პროცესის ნაწილია, თუმცა ამ მიმართულებითაც არსებობს გარკვეული პირობები. როგორც იცით, პრეზიდენტმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე, ბულგარეთში, გაიმართება სამიტი დაკავშირებადობის საკითხებზე. იმედი მაქვს, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ ლიდერები და ერთად განიხილავენ ამ თემას. არ გვსურს, საქართველო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული მიმართულებებით ჩვენი საქმიანობის მიღმა დარჩეს. გასულ კვირას კიშინიოვში დავესწარი კონფერენციას ციფრული დაკავშირებადობის შესახებ; იქ საქართველოს წარმომადგენლებიც მოვიწვიეთ, თუმცა მათ არ ისურვეს დასწრება. ამიტომ, ჩვენ კვლავ და კვლავ მოვიწვევთ მათ. მიმაჩნია, რომ ჩართულობა აუცილებელია, თუმცა, რა თქმა უნდა, მათაც უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები,” - აღნიშნა კოსმა. ცნობისთვის, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია, ბლოკი ღიაა, საქართველოს ჩართულობისთვის, „თუ საქართველო თავადაც გამოავლენს მზაობას, ჩაერთოს სხვა სფეროებშიც.“ „ძირითადად გაფართოების პროცესზე ვსაუბრობდი, მაგრამ ჩემი სამუშაოს მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დაკავშირებადობის დღის წესრიგია, ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირება, იმ ქვეყნების გავლით, რომლებიც თქვენ ახსენეთ. ბოლო სტრუქტურირებული დიალოგის შემდეგ სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში არაერთხელ ვყოფილვარ, საქართველოში – არა, იმ მიზეზების გამო, რომლებიც თქვენ ახსენეთ. თქვენ მართალი ხართ: ირანში მიმდინარე ომის გამო სამხრეთისა და ჩრდილოეთის სავაჭრო მარშრუტებიც აღარ არსებობს. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი შუა დერეფანია, მშვიდობის დერეფანი. ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში. დიახ, ტრამპიც ჩართულია, არსებობს 42-კილომეტრიანი დერეფნის პროექტი. ჩვენ კი ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ახლა ვახორციელებთ ნახჩევანის სარკინიგზო ხაზის მიზანშეწონილობის კვლევას. ასევე, ვსაუბრობთ თურქეთთან კავშირის გაუმჯობესებაზე. დაკავშირებადობის დღის წესრიგი მხოლოდ სატრანსპორტო კავშირებით არ შემოიფარგლება, მოიცავს ენერგეტიკასა და ციფრულ სფეროსაც. ენერგეტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ საფრთხეში ვართ. დავაფინანსეთ სომხეთსა და საქართველოს შორის ელექტრომომარაგების სისტემის ქსელი. ეს შედიოდა იმ პროექტში, რომელიც სომხეთს საშუალებას მისცემს, საკმარისი ელექტროენერგია საქართველოდანაც მიიღოს. დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია. ამიტომ როდესაც სომხეთთან ვმუშაობთ, საქართველოსაც ყოველთვის მხედველობაში ვიღებთ. ჩვენ ღია ვიქნებით საქართველოს ჩასართავად, მაგრამ ამის საშუალება მხოლოდ მაშინ გვექნება, თუ საქართველო თავადაც გამოავლენს მზაობას, ჩაერთოს სხვა სფეროებშიც,“ – აღნიშნა მარტა კოსმა უფრო ადრე ევროპარლამენტარების შეკითხვის საპასუხოდ. მან ასევე ისაუბრა საქართველოში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღმიშნა, რომ ეს ცვლილებები შეშფოთებას იწვევს. „საქართველოში ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პოლიტიკურ გამოხატვაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა საქართველოს სულ უფრო აშორებს ევროპული მომავალისგან, რომელიც მოსახლეობის უმეტესობას სურს. ჩვენი მიზანია, საქართველო ევროკავშირთან დავაკავშიროთ და ევროკავშირის ინტერესების დაცვის შესაძლებლობა შევინარჩუნოთ,“ – აღნიშნა მარტა კოსმა საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე. 16 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს უმასპინძლებენ. ამასთან დღესვე ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალში, რომელიც რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან მინისტრები სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. რა წერია საქართველოზე ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში რატომ არ მონაწილეობს საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალში
იაპონიის ეკონომიკა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა
იაპონიის ეკონომიკა ივლისიდან სექტემბრის კვარტალში წლიურად 0.1%-ით შემცირდა, რაც 0.3%-იანი ზრდის პროგნოზს ჩამორჩა. ყველაზე დიდი დაბრკოლება ენერგორესურსების იმპორტის ზრდა იყო. მთავრობის კაბინეტის წინასწარი მონაცემებით, კვარტალურ ჭრილში ეკონომიკური აქტივობა თითქმის უცვლელი დარჩა და კლებამ მხოლოდ 0.1%-ზე ნაკლები შეადგინა. ენერგორესურსების იმპორტის ზრდის გამო წმინდა ექსპორტმა ზრდა 0.6 პროცენტული პუნქტით შეამცირა. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) კვარტალთან შედარებით მხოლოდ 0.02%-ით შემცირდა. კერძო მოხმარება ფასების ზრდისა და ძლიერი წვიმების გამო 0.3%-ით შემცირდა. ხელოვნური ინტელექტისა (AI) და შრომის დაზოგვის პროექტებზე კაპიტალური ხარჯები 1.6%-ით გაიზარდა. Reuters-ის ცნობით, Capital Economics-ი ვარაუდობს, რომ იაპონიის ბანკი მონაცემებს არ გაითვალისწინებს. იაპონიის ბანკი იგივე გამოცდის წინაშე აღმოჩნდა ერთი წლის წინ, როდესაც ეკონომიკა ამ კვარტალშიც შემცირდა. გასული წლის დეკემბრის საპროცენტო განაკვეთი მან 0.75%-მდე მაინც გაზარდა. იაპონიაში მოხმარებული ნავთობის თითქმის სრულ მოცულობას იმპორტიდან იღებს. ირანში მიმდინარე ომის გამო კი ნავთობის ტრანსპორტირების მთავარი მარშრუტი, ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ბლოკირებულია, რამაც ნავთობი მკვეთრად გააძვირა.
კობახიძე: არასწორი იქნება საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიტროპოლიტ იობის კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხელისუფლება სასულიერო პირებთან საჯარო პოლემიკაში შესვლას არ აპირებს და რომ მსგავსი საჯარო დაპირისპირება დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის. კობახიძის განმარტებით, ლაშა ნაცვლიშვილს “ქართულ ოცნებასთან” დღეს არაფერი აკავშირებს. კობახიძის თქმით, ადრე ნაცვლიშვილს “ქართულ ოცნებაში სერიოზული როლი ჰქონდა, თუმცა დღეს პარტიასთან არავითარი კავშირი აღარ აქვს. რაც შეეხება თავად ნაცვლიშვილის განცხადებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხზე შსს-ში წარმოება უკვე დაწყებულია და გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები მიიღებენ. „რაც შეეხება მეუფე იობის განცხადებას, მე ვიტყოდი, რომ სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა, როგორც ხელისუფლებისთვის ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია. შესაბამისად, ჩვენ ამ პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ამ პოლემიკის ინიციატორები. ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც სასულიერო პირმა, ისე ხელისუფლების წარმომადგენელმა.“ „თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით შეხვედრისა და საუბრისთვის, მზად ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის. საუბარს, შეხვედრასა და დისკუსიას ყველას ვთავაზობთ, ამისათვის აბსოლუტურად ღია ვართ. საჯარო პოლემიკა არის არასწორი და ამას ვეტყოდი ყველას, როგორც სასულიერო პირს ასევე ხელისუფლების წარმომადგენელს,” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. სასულიერო პირი ვრცელ ქადაგებაში ამბობს, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. აღნიშნული პოზიციის გამო, მეუფე იობი ცალკეული პირების, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან შეურაცხყოფის ობიექტი გახდა. ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა - ვინ მოხვდა სასანქციო სიაში
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაფინანსებაში მათი როლის გამო სანქციები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას დაუწესა. სანქციების გაფართოებულ სიაში 50 რუსული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტი მოხვდა. „რუსეთის საბანკო სექტორის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებითა და გაფართოებით, ევროკავშირი იმ ფინანსური არხების წვდომის შესაძლებლობას წყვეტს, რომლებიც სახელმწიფო შემოსავლებს ამუშავებენ და რუსეთის სამხედრო მოქმედებებს აფინანსებენ,“ - ნათქვამია განცხადებაში. დასანქცირებულთა ჩამონათვალში მოხვდნენ რუსეთის ინტერნეტ-ვაჭრობის სფეროს გიგანტი Wildberries-ის ერთადერთი აქციონერი - ტატიანა კიმი და აგრეთვე კომპანია Ozon-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი ალექსანდერ ჩაჩავა. ევროკავშირის ახალი სანქციები შეეხო რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკის სექტორებს, მათ შორის, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებულ კომპანიებს. ასევე, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 30 პირსა და ორ ორგანიზაციას, რომლებიც უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებასა და კიბერშეტევებში მონაწილეობენ. სანქციების სიაში მოხვდა პრორუსული ჰაკერული დაჯგუფება NoName057(16), რომელიც სახელმწიფო ორგანოებზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და კერძო კომპანიებზე კიბერშეტევებზე პასუხისმგებლობას იღებს. საბჭო ასანქცირებს აგრეთვე რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანიებსა და ამ ბიზნესების მფლობელებს, ინდივიდუალურად. მათ შორისაა სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალისა და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მმართველი კომპანიები.
მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის ტენდერიდან 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით 4 პირი დააკავეს
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი, მათ შორის, სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის’' დირექტორი - გელა ძიძიკაშვილი დააკავა. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციის და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის თაობაზე 2017-2024 წლებში, 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარს. გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო, რომლის შედეგად დადგინდა, რომ სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის’' დირექტორი - გელა ძიძიკაშვილი, იმავე სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, ამავე საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი - პაატა სვანიძე, შპს ,,საჩინოს’’ დირექტორი და შპს ,,ინტრანსის’’ დირექტორი - რუსლან დემუროვი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ მიერ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციის და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის თაობაზე 2017-2024 წლებში, 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარს. ამ მიზნით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს შპს ,,საჩინო’’, რომლის სახელითაც საქართველოში, ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი განახორციელეს, გადამზიდი კომპანია ,,ინტრანსის’’ მეშვეობით. ხოლო შემდგომ შპს ,,საჩინოდან’’ ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების გზით, იმპორტირებული საქონელი, 3ჯერ გაზრდილი ფასით მიაწოდეს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.“ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ 4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ”; მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქ/პუნქტებით; 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქ/პუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქ/პუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7 და 11 წლამდე ითვალისწინებს. დაკავებულთაგან 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ მათგანს 2 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
სტამბოლსა და ერევანს შორის პირველი რეგულარული სატვირთო ფრენა შესრულდა
თურქეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Turkish Airlines-ის სატვირთო დანაყოფმა Turkish Cargo-მ განაცხადა, რომ 15 ნოემბერს კომპანიამ სტამბოლ-ერევანი-სტამბოლის მარშრუტზე პირველი რეგულარული სატვირთო რეისი განახორციელა. Ermenihaber-ის ცნობით, აღნიშნული რეისი, რომელიც რეგიონული მენეჯმენტისა და ოპერაციული ჯგუფის კოორდინაციით განხორციელდა, მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ტვირთების ეფექტიან და საიმედო გადაზიდვას, კომპანიის გლობალური ლოგისტიკური ქსელის გაფართოებას. Turkish Airlines-ი სტამბოლ-ერევანი-სტამბოლის მიმართულებით რეგულარულ სამგზავრო რეისებს 2026 წლის მარტიდან ასრულებს. ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი კვლავ არ არის გახსნილი. ორმა ქვეყანამ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი 2021 წლის ბოლოს დაიწყო. დანიშნეს ურთიერთობების აღდგენისა და საზღვრის გახსნის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლები. ანკარა აცხადებს, რომ სომხეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალურ ხელმოწერაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს, ის სამ ათწლეულზე მეტია, არ არსებობს. ანკარამ სომხეთთან სახმელეთო საზღვარი 1993 წელს, აზერბაიჯანის მხარდაჭერის ნიშნად ჩაკეტა - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო. სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციით მიაღწიეს შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტზე“ (TRIPP-ზე). ასევე, მოახდინეს სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ხელმოწერის ინიციირება. სამშვიდობო შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა. ბაქო სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებას და კონსტიტუციის პრეამბულიდან „ტერიტორიული პრეტენზიების“ ამოღებას ელის. ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის მიღების მიზნით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ გამორიცხა
კალასი: სირიასთან პირობებს შორის არის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება
სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კაია კალასმა სირიასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კალასის თქმით, წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა რამდენიმე საკითხი წამოაყენეს, მათ შორის ის, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა არსებობდეს, ასევე, უნდა იყოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც ასადის რეჟიმმა აღიარა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის განცხადებით, ახლა სამუშაო ჯგუფები ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე მუშაობენ. „ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკება 2008 წელს შედგა. მას შემდეგ კი დიდი დრო გავიდა, ამიტომ კითხვა იმაში მდგომარეობს, საჭიროა თუ არა მასში ცვლილებების შეტანა. თქვენ იცით, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამას დრო დასჭირდება. ამიტომ, კომპრომისი იქნებოდა, თუ ხელს მოვაწერდით 2008 წლის შეთანხმებას. ეს ჩარჩოა იმისთვის, რათა ყველა ის საკითხი განვიხილოთ, რაც მათსა და ჩვენს ინტერესებში შედის. ამავდროულად კი, საბჭოსთან ერთად ვიმუშავებთ განახლებული შეთანხმების შემუშავებისთვის. წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა რამდენიმე საკითხი წამოაყენეს, მათ შორის, ის, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს. ასევე, უნდა იყოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც ასადის რეჟიმმა აღიარა. ასე რომ, ახლა სამუშაო ჯგუფები ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე მუშაობენ,“ - განაცხადა კალასმა.
აშშ სტრატეგიული ბომბდამშენებისთვის ახალი ბირთვული ბომბების მიწოდებას იწყებს
„Pantex“-ის საწარმომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს მოდერნიზებული ბირთვული საავიაციო ბომბები — B61-13 — გადასცა. ამის შესახებ ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ბირთვული ინფორმაციის პროექტის დირექტორმა ჰანს კრისტენსენმა განაცხადა. ეს საბრძოლო მასალები, რომლებიც სტრატეგიულ ბომბდამშენებზე განთავსდება, დაახლოებით 360 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტის სიმძლავრისაა. პირველი ბომბი 2025 წლის მაისში აიწყო. B61-13-ის სიმძლავრე 360 კილოტონაა, რაც ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ამერიკული ბომბის სიმძლავრეს 24-ჯერ აღემატება. პირველი ბომბი 2025 წლის მაისში დამზადდა, თავდაპირველ ვადაზე თითქმის ერთი წლით ადრე. ბომბის დანიშნულება ბირთვული ომის შემთხვევაში მიწისქვეშა ბუნკერებისა და გამაგრებული სამეთაურო პუნქტების განადგურებაა. აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრ კრის რაიტის განცხადებით, ბომბის შექმნა ადასტურებს ვაშინგტონის შესაძლებლობას, უპასუხოს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს. მისი თქმით, ბირთვული არსენალის მოდერნიზაცია ტრამპის პრინციპის — „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ — განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.
როგორ იყენებენ ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს ჯანდაცვის საკითხებისთვის - Apple-მა კვლევა დაიწყო
Apple-მა ექსპერიმენტული აპლიკაცია ჩაუშვა, რათა შეისწავლოს, თუ როგორ მიმართავენ მომხმარებლები ხელოვნურ ინტელექტს სამედიცინო რჩევისთვის და რამდენად სასარგებლოდ მიიჩნევენ პასუხებს. კომპანია პროექტისთვის ხელოვნური ინტელექტის შემქმნელ OpenEvidence-თან თანამშრომლობს და შეერთებულ შტატებში 200 000-მდე მონაწილის მოზიდვას ისახავს მიზნად. კვლევა ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდება და მისმა დასკვნებმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ განავითარებს Apple საკუთარ ჯანდაცვის სერვისებს. Apple პირობას დებს, რომ მონაცემებს ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის არ გამოიყენებს. კომპანია ანონიმურობის დაცვის პირობას დებს. OpenAI-ის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელებული მონაცემებით, ChatGPT-ის მომხმარებლები ყოველკვირეულად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ 300 მილიონზე მეტ კითხვას უსვამენ.
იტალიამ Facebook €805 მილიონით დააჯარიმა
იტალიის მარეგულირებელმა ორგანოებმა სოციალური მედიის გიგანტი Meta 805 მილიონი ევროთი დააჯარიმეს — მიზეზი, Android-ის მომხმარებელთა ფოტოებზე მათი კონკრეტული თანხმობის გარეშე წვდომაა. მონაცემთა დაცვის ორგანოს განცხადებით, კომპანია Meta-მ სმარტფონის დაახლოებით 20 მილიონ მომხმარებელს არ აცნობა, რომ Facebook-ის აპლიკაციის ერთ-ერთი ფუნქციის მეშვეობით, მას წვდომა ჰქონდა მათ ფოტოებსა და ვიდეოებზე. მარეგულირებელმა კომპანიას ამ ფუნქციის გასათიშად და მის გამოსაყენებლად ცალკე თანხმობის მოსაპოვებლად 60-დღიანი ვადა განუსაზღვრა. საუბარია ფუნქციაზე, რომელიც მომხმარებლებს Facebook-ის დათვალიერებისას გალერეიდან შეთავაზებებს აჩვენებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ფუნქცია ავტომატურად იყო გააქტიურებული და აპლიკაცია გალერეაზე წვდომას ერთიანი ნებართვით ითხოვდა. ეს ერთიანი თანხმობა განსხვავებული მიზნების მქონე სხვადასხვა ფუნქციას აერთიანებდა, რაც იტალიის კანონმდებლობაში ასახულ ევროპულ კონფიდენციალურობის დირექტივას არღვევს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯარიმაა, რაც კი იტალიის რომელიმე უწყებას ტექნოლოგიური კომპანიისთვის დაუკისრებია. Meta-ს წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ კომპანია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ფიდანი ბრიუსელში: თურქეთი კავკასიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო კავშირის დამაკავშირებელი მთავარი რგოლია
თურქეთი, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის კუთხით, წარმოადგენს მნიშვნელოვან კვანძს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, შავი ზღვის რეგიონს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა. „თურქეთის ცენტრალურ როლს, უდაოდ, ყველა აფასებს. ჩვენ უნდა ავიღოთ ამ როლის შესაბამისი პასუხისმგებლობა — როგორც გადაწყვეტილებების შეთავაზებით, ისე მაგალითის მიცემით,“ — განაცხადა ფიდანმა ბრიუსელში გამართული „რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის“ საკითხებზე მიძღვნილ მინისტერიალზე, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში შედგა. ფიდანმა ხაზი გაუსვა შეხვედრის მნიშვნელობას როგორც განხილული თემებისა და მიღებული შედეგების, ისე იმ აუცილებლობის კუთხით, რომ არამხოლოდ შემუშავდეს სტრატეგიები დაკავშირებადობის საკითხებთან დაკავშირებით, არამედ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები მათ განსახორციელებლად. თურქი დიპლომატის თქმით, შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ამ რეგიონებში და მათ მიღმა საკომუნიკაციო სისტემების დანერგვა, ასევე — ვაჭრობის, ენერგეტიკისა და მონაცემთა გადაცემის პროცესების უფრო ეფექტიანად და შეუფერხებლად წარმართვა. ფიდანის განცხადებით, დისკუსიების ფოკუსში იყო სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხი, ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებში, ისევე როგორც შავ ზღვაში, ომებისა და კრიზისების შედეგად წარმოქმნილი პრობლემებიდან მიღებული გაკვეთილების გათვალისწინებით. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს ცენტრალური ადგილი უკავია „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) მარშრუტზე, რომელიც ევროპას, შავი ზღვის რეგიონს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს.
„უცხოური ჩარევის მცდელობები სუვერენიტეტის შესუსტების მიზნით“ - რაზე ისაუბრა სომეხმა დიპლომატმა ბრიუსელში
ბრიუსელში, ევროკავშირის (EU) ინიციატივით გამართული „რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და კავშირების“ საკითხებზე მინისტერიალის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა სიტყვით გამოსვლა გამართა დისკუსიაზე, რომელიც „შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვალდებულებების ხელშეწყობას“ ეხებოდა. სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, თავის გამოსვლაში მირზოიანმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში დამყარებული მშვიდობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთკავშირების ხელშეწყობის ფართო კონტექსტში; მან ასევე აღნიშნა ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა ამ მიმართულებით. მინისტრმა ისაუბრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებაზე, რაც 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის შედეგი იყო, მან ასევე ყურადღება გაამახვულა რეგიონული კომუნიკაციების გახსნის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებებსა და იმ ეკონომიკურ კავშირებზე, რომლებიც უკვე ყალიბდება და რაც უკვე დამყარებული მშვიდობის პირდაპირი შედეგია. საუბარი ასევე შეეხო სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების სრულად ნორმალიზებისა და საზღვრის გახსნის მიზნით მიმდინარე აქტიურ დიალოგს. უსაფრთხოების სხვა ასპექტებზე საუბრისას მირზოიანმა ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის — უცხოური მხარის მიერ განხორციელებულ საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევის მცდელობებზე, რომლებიც მიმართულია სუვერენიტეტის შესუსტებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევისკენ. ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად ხაზი გაესვა თანამოაზრე პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას; ასევე აღინიშნა სომხეთის მზადყოფნა, ამ მიმართულებით ერთობლივი მუშაობა განაგრძოს პარტნიორებთან.
ევროპის ინტერესებშია, რუსეთს არ მისცეს სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერების შესაძლებლობა - გერმანელი დიპლომატი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა, სომხეთსა და აზერბაიჯანში თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტამდე განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპასთან დაახლოებას, რადგან მათ მიეცათ ისტორიული შესაძლებლობა, დაძლიონ ომებისა და ძალადობის ეპოქა. გერმანული მაუწყებლის, DW-ს ცნობით, 17 ნოემბერს, გერმანიიდან გამგზავრების წინ ვადეფულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბერლინის განზრახვაა, ხელი შეუწყოს ევროპასთან სომხეთისა და აზერბაიჯანის კავშირების განმტკიცებას იმ ფონზე, როცა რუსეთი ცდილობს სამხრეთ კავკასიაზე თავისი გავლენის გაძლიერებას. ევროპის ინტერესებშია, ამას წინააღმდეგობა გაუწიოს და რუსეთს არ მისცეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში გავლენის გაძლიერების შესაძლებლობა. „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს, შეინარჩუნოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში, რასაც ხალხისა და მათი მომავლის ხარჯზე აკეთებს. თუმცა რუსეთის მეზობელი ქვეყნების ევროპასთან დაახლოების საკითხი მოსკოვში არ უნდა წყდებოდეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკუთარი მომავალი დამოუკიდებლად განსაზღვრონ. დროა, მოვუსმინოთ მათ ხმას და გავითვალისწინოთ მათი ინტერესები,“ — განაცხადა ვადეპულმა, რომლის სიტყვებსაც Deutsche Welle ციტირებს. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ და „მოსკოვის მხრიდან მომავალ სულ უფრო მკაფიო მუქარებზე.“ მისი შეფასებით, ეს ყველაფერი „ნათლად აჩვენებს, რომ პრეზიდენტ პუტინს არ სურს, იხილოს სუვერენულ სახელმწიფოებზე დაფუძნებული ევროპული წესრიგი, სადაც თითოეული ქვეყანა თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს.“ ვადეპულის თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ახლა „გარდამტეხ ეტაპზეა“ და აქვს „ისტორიული შესაძლებლობა, საბოლოოდ დააღწიოს თავი ათწლეულების განმავლობაში არსებულ ომებს, ძალადობასა და იძულებითი გადაადგილების პრობლემას.“ „ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში თითქმის შეუძლებელი ჩანდა, უახლოეს მომავალში მიღწევადი გახდა. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული,“ — აღნიშნა მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ გამოჩენილ „გამბედაობასა და პასუხისმგებლობას“ და გაიხსენა ორ ქვეყანას შორის 2025 წელს სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება. „ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თავდაჯერებულად ვიაროთ წინ,“ — განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, „გერმანია მზადაა, ამ პროცესში სომხეთისა და აზერბაიჯანის სანდო პარტნიორი და მეგობარი იყოს“. ვადეპულმა პირობა დადო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში განიხილავს, თუ როგორ შეუძლია ბერლინს, მხარი დაუჭიროს „დაძაბულობის განმუხტვისა და მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ ნაბიჯებს.“ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ მშვიდობა და ღია საზღვრები სამხრეთ კავკასიაში სარგებელს მოუტანს არამხოლოდ რეგიონის მცხოვრებლებს, არამედ მთელ ევროპასაც. ვადეპული 17 ნოემბერს ბაქოში ჩავა, 18 ნოემბერს კი ერევანს ეწვევა. ეს მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტია რეგიონის ქვეყნებში. ვადეპულმა აზერბაიჯანს უწოდა გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციაში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანისგან საიმედოდ იღებენ გაზს და ნავთობს და ეს მიწოდება გაცილებით სტაბილური უნდა გახდეს.
უნგრეთმა, საზღვართან მდებარე რკინიგზის სადგურთან რესეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინასთან სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეაჩერა
უნგრეთი ქვეყანასა და უკრაინას შორის სარკინიგზო მიმოსვლას ორი დღით აჩერებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა განაცხადა მას შემდეგ, რაც დასავლეთ უკრაინაში, რკინიგზის სადგურთან ახლოს რუსული დრონით დარტყმა განხორციელდა. მადიარის თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს რუსული დრონი მუკაჩევოს სადგურიდან 300 მეტრში ჩავარდა. მისივე ინფორმაციით, ამ ინციდენტის დროს უნგრეთიდან ჩასული მატარებლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. „ცოტა ხნის წინ, ზაკარპატიაში რუსულმა დრონმა მუკაჩევოს რკინიგზის სადგურიდან 300 მეტრის მოშორებით დარტყმა განახორციელა. უნგრეთიდან მიმავალი მატარებლის უნგრელი ეკიპაჟი მატარებლიდან გამოიყვანეს. დღეს და ხვალ უნგრეთსა და უკრაინას შორის სარკინიგზო მიმოსვლას ვაჩერებთ,“ - აღნიშნა მადიარმა. ნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ იმიერკარპატიაზე თავდასხმის სამი ტალღა განახორციელა, ძირითადად მუკაჩევოსა და უჟჰოროდის გარშემო.
კანადა და ჩინეთი ახალი სავაჭრო პაქტზე შეთანხმდნენ
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა შენჭენში გამართულ შეხვედრაზე ახალი სავაჭრო შეთანხმება გამოაცხადეს, რომელიც დაახლოებით 400 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების ექსპორტზე ტარიფების შემცირებას ითვალისწინებს. ანაცვლოდ, კანადა ორი წლით აგრძელებს საიმპორტო ტარიფებზე შეღავათებს (remission measures) ჩინური ფოლადისა და ალუმინის გარკვეულ პროდუქტებზე, ასევე ამატებს 32 ახალ კატეგორიას (23 ფოლადი და 9 ალუმინი), სადაც კანადური მარაგი შეზღუდულია. ჩინეთი კანადურ ექსპორტზე, მათ შორის ღორის ხორცსა და ზღვის პროდუქტებზე, ტარიფებს შეამცირებს. შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის წინ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას კარნიმ განაცხადა, რომ კანადა ვადაზე ადრე ასრულებს მიზანს, რომელიც ათწლეულის ბოლომდე ჩინეთში ექსპორტის 50 პროცენტით გაზრდას ითვალისწინებს. ჩინეთი კანადის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია შეერთებული შტატების შემდეგ. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 125 მილიარდ კანადურ დოლარს (87.4 მილიარდი აშშ დოლარი) გადააჭარბა.
ელისო კილაძეს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებული ჟურნალისტი ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი. მსჯავრდებული ჟურნალისტი ბრალდებას არ აღიარებს. „ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე - ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე! სიმართლე სინათლეა,“ - განაცხადა ელისო კილაძემ სასამართლო დარბაზში. მისივე თქმით, ეს დადგმული სცენარი არ ეხება მის „ქოლცენტრებთან“ კავშირს, არამედ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა: „ამ დაკვეთის ავტორი არის სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე. მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია. თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური,“ - განაცხადა კილაძემ პროცესზე. როგორც მედია წერს, ელისო კილაძის მიერ სასამართლო დარბაზში წარმოთქმული აღნიშნული სიტყვა მედიას ადვოკატმა გაუზიარა, ვინაიდან სხდომა დახურული იყო. ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
უკრაინის განცხადებით, ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილი განადგურებულია
უკრაინამ ყირიმის ხიდზე მიიტანა იერიში, რასაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპრეცედენტო დარტყმა უწოდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, ერთ-ერთი ლითონის თაღი და მის ქვეშ არსებული საავტომობილო ნაწილი მთლიანად განადგურდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ოპერაცია, მთლიანობაში, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შვიდი ეტაპისგან შედგებოდა. თავდაპირველად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და თავდაცვის ძალებს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემები სისტემატურად მწყობრიდან გამოჰყავდათ. მოგვიანებით ხიდზე უშუალო დარტყმები დაიწყო. ზოგიერთი მათგანი უსაფრთხოების სამსახურმა დამოუკიდებლად განახორციელა. საბოლოო ეტაპზე უსაფრთხოების სამსახურს უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებიც შეუერთდნენ. უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმ „ალფას“ მებრძოლებმა ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილს „პალიანიციის” ტიპის დრონ-რაკეტებით ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის წყალში ჩავარდა. „ოკუპანტებისთვის ეს დარტყმა სიმბოლური არ არის. ხიდი იყო მთავარი არტერია, რომლის გავლითაც ნახევარკუნძულზე და უკრაინის სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზე საწვავი, საბრძოლო მასალა, ტექნიკა შეჰქონდათ და პირადი შემადგენლობა შეჰყავდათ. შემოდგომაზე ჩონგარისა და გენიჩესკის ხიდები განადგურდა, ახლა ქერჩის ხიდის ჯერიც დადგა. ოკუპანტებს ყირიმთან დამაკავშირებელი სულ უფრო ნაკლები სახმელეთო მარშრუტები რჩებათ. ხიდზე მოძრაობის შეწყვეტის ყოველი საათი ნიშნავს, რომ სამხრეთში განლაგებული რუსული დაჯგუფებები ვერ იღებენ საჭირო რაოდენობის იმ რესურსებს, რომელთა გარეშეც ბრძოლა არ შეუძლიათ. უკრაინის თავდაცვის ძალები ახორციელებენ თვითდაცვის უფლებას, რომელიც გაეროს წესდების 51-ე მუხლით არის გარანტირებული. ისინი სისტემატურად ანადგურებენ მოწინააღმდეგის სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალს და აიძულებენ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა. გაგრძელება იქნება,” - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. „დღეს ყველას შეუძლია, საკუთარი თვალით დაინახოს შედეგები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან ჩვენს უკრაინულ ყირიმში მთავარ სამხედრო გადასასვლელს შეეხო, - თავის მხრივ, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე რეაგირება იყო. “მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა ჩართულ ქვედანაყოფს, უკრაინის თავდაცვის მინისტრს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალსა და გენერალურ შტაბს, ასევე - ჩვენი იარაღის ყველა მწარმოებელს იმ უპრეცედენტო ოპერაციისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან ჩვენს ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებს მოჰყვა. დღეს ყველას შეუძლია დაინახოს შედეგები, რაც რუსეთის ტერიტორიიდან ჩვენს უკრაინულ ყირიმში მიმავალ მთავარ სამხედრო გადასასვლელს შეეხო. ეს არის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ოპერაციის მეშვიდე ეტაპის შედეგი; ოპერაციისა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან ერთად შეიმუშავა და კოორდინირება გაუწია. საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე ჩვენმა მეომრებმა თანმიმდევრულად გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და სხვა განსაზღვრული სამიზნეები. ამისთვის მათ გამოიყენეს: „დოვბუში“, „ვენდეტა“, „და ვინჩი“, „სიჩენი“, „მიჩ-2000“, „რუტა“, „პალიანიცა“, „ან-197“, „FP-1“, „FP-5 ფლამინგო“ და „R-360 ნეპტუნი,“ - წერს ზელენსკი. მისი ინფორმაციით, ხიდის საავტომობილო გზის მონაკვეთს „პალიანიცას“ ტიპის დრონებით შეუტიეს, „ნეპტუნის“ რაკეტებით, „რუტასა” და FP-5 დრონებით კი - სარკინიგზო მონაკვეთს. „ფლამინგოს“ გამოყენებით კი უკრაინელებმა მაღალი სიზუსტის დარტყმა განახორციელეს. “არაერთხელ შევთავაზეთ რუსეთს, გადაედგა ნაბიჯები დეესკალაციისკენ, თუმცა თითოეულ ჩვენს წინადადებას ხმამაღალი უარყოფა მოჰყვა. რუსეთი ყოველდღიურად უტევს ჩვენს ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდებს ზაპოროჟიეში, დნიპროში, კიევსა და ოდესის ოლქში. ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ინფრასტრუქტურას. ამასთან, რუსეთს იმასაც შევახსენებთ, რომ ომი ყოველთვის იქ დაბრუნდება, საიდანაც დაიწყო. უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები ძლიერია და ასეთადვე დარჩება. ჩვენ არასოდეს დავტოვებთ უპასუხოდ ჩვენი ქალაქებისა და მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ტერორს,” - წერს ზელენსკი. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი არ გამორიცხავს, რომ კიევის მიერ ყირიმის ხიდზე განხორციელებულ თავდასხმასა და რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების დაგეგმილ შეხვედრას შორის კავშირი იყოს. მისივე თქმით, ამ ნაბიჯით კიევი საკუთარი პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობს. ამასთან, პესკოვმა ყირიმის ხიდზე თავდასხმას „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა. ცნობისთვის, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს ზელენსკი: მე არ მოვაწერ ხელს რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც ყირიმისა და დონბასის დაკარგვას ითვალისწინებს ზელენსკის თქმით, დონბასის დაბრუნება უფრო რთული იქნება, ვიდრე ყირიმის
იორდანიამ და ერაყმა „ტელეგრამი“ დაბლოკეს
იორდანიამ „ტელეგრამი“ (Telegram) აკრძალა. გადაწყვეტილებას, გასულ თვეში ეკლესიაზე მომაკვდინებელი თავდასხმა უძღოდა წინ. იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატის განცხადებით, აღნიშნული ზომა მიზნად ისახავს საზოგადოების დაცვას „ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის გავრცელების მცდელობებისგან.“ უწყების ცნობით, ეს ყველაფერი „საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს.“ 2022 წლის დეკემბერში იორდანიამ ასევე აკრძალა „ტიკტოკი“ (TikTok) — იმ ვიდეოების გამო, რომლებიც, ხელისუფლების მტკიცებით, „მკვლელობასა და ქაოსს უწყობდა ხელს.“ ერაყმა კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცა ერაყის მარეგულირებლის განცხადებით, აკრძალვის მიზანია, ზეწოლა მოახდინოს Telegram-ზე, რათა მან გადახედოს ერაყთან დაკავშირებულ კონტენტს და „მიიღოს ზომები დარღვევების თავიდან ასაცილებლად.“ უწყებამ Telegram-ს მოთხოვნების შესასრულებლად 30-დღიანი ვადა მისცა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ზომები იქნება მიღებული ამ ვადის გასვლის შემდეგ.