ძებნის რეზულტატი:
იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციას შეტაკებები მოჰყვა
იტალიაში კორონავირუსის მეორე ტალღის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციები ტარდება - ამის შესახებ BBC წერს. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები რამდენიმე მსხვილ ქალაქში მოხდა, მათ შორის ტურინში, სადაც პოლიციის ოფიცრებს აალებადი ნივთიერებები ესროლეს. მილანში კი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის ფაქტები ასევე დაფიქსირდა ნაპოლში. დემონსტრაციები იტალიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ რესტორნების, ბარებისა და კინოთეატრების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან შედის ძალაში. სხვა რეგიონებში, მათ შორის ლომბარდიაში კი, ღამის განმავლობაში კომენდანტის საათი მოქმედებს. საპროტესტო აციები ჩატარდა იტალიის ბევრ ქალაქში, მათ შორის რომში, გენუაში, პალერმოსა და ტრიესტეში. იტალიაში პანდემიის დაწყების დღიდან დღემდ აღრიცხულია კორონავირუსის 525, 782 შემთხვევა, გარდაიცვალა 37,338 კოვიდინფიცირებული. გასული 24 საათის განმავლობაში 21,273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა - 128. პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლი ყარაბაღში, საომრად წასვლას გეგმავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლი, პროფესიით ჟურნალისტი ანა აკოფიანი, სამხედრო წვრთნების გავლის შემდეგ, ყარბაღში, საომრად წასვლას გეგმავს. “ხვალიდან 13 ქალი, მათ შორის მე, სამხედრო სწავლებებს ვიწყებთ. რამდენიმე დღეში კი ჩვენი საზღვრების დასაცავად წავალთ. ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ღირსებას მტერს ვერ დავუთმობთ”, – წერს ანა აკოფიანი ფეისბუკის პირად გვერდზე. 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო მოქმედებებამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე, ოფიციალური ინფორმაციით, ანა აკოფიანმა მის მიერ ინიცირებული კამპანიის “ქალები მშვიდობისთვის” [Women for Peace] ფარგლებში ასევე სამხედრო სწავლებები გაიარა. იგივე წვრთნებში, ყარაბაღში მცხოვრებმა სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 15-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. როგორც ანა აკოფიანი აცხადებს, კურსის მიზანი საბრძოლო ცხოვრების გაცნობა და საბრძოლო უნარების შეძენა იყო. “დარწმუნებული ვარ, არწახზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენი არმია, მთელი საზოგადოება დადგება მის დასაცავად – სამხედრო და სამოქალაქო პირები, კაცები და ქალები. მე, ისევე როგორც ბევრი ქალი, დარწმუნებული ვარ, მზად ვარ, ხელში იარაღი ავიღო სამშობლოს და შვილების დასაცავად. მაგრამ ეს არ არის ომის გამო, იმისთვისაა, რომ დავამტკიცოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს”, – აცხადებს ფაშინიანის ცოლი. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. მხარეებმა ერთი თვის განმავლობაში დადებული სამივე ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება დაარღვიეს.
"ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს COVID 19 დაუდასტურდა
ქართული ოცნების ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარ კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ენუქიძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს. "რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში". – წერს გოჩა ენუქიძე. საქართველოში დღეს, 27 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 23 და გამოჯანმრთელდა 1 262 ადამიანი. ქვეყანაში სულ კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 19 257 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2/3-ზე მეტი ბინაზე ან Covid-სასტუმროებში მკურნალობს.
NCDC: მოწევა ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, მოწევა ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის. NCDC-ში ამბობენ, რომ მოწევისას პირთან ხელის მიტანამ, შესაძლოა, ორგანიზმში ვირუსის მოხვედრას შეუწყოს ხელი. საქართველოში დღეს, 27 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 23 და გამოჯანმრთელდა 1 262 ადამიანი. ქვეყანაში სულ კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 19 257 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2/3-ზე მეტი ბინაზე ან Covid-სასტუმროებში მკურნალობს. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. ასევე, მთავრობამ "მკაცრი რეკომენდაცია" გასცა საქართველოს სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარე სივრცეებში პირბადის ტარებაზე.
"აშშ და ინდოეთი უნდა ფოკუსირდეს ჩინეთისგან მომავალ საფრთხეზე"
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ აშშ-მ და ინდოეთმა ერთად უნდა იმუშაონ,უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე, რათა შეეწინააღმდეგონ ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეს. ინდოეთში პომპეო და თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. "დღეს ახალი შესაძლებლობაა ჩვენნაირი ორი დიდებული დემოკრატიისთვის, რომ დაახლოვდნენ... რა თქმა უნდა, ბევრად მეტი საქმეა გასაკეთებელი. ბევრი რამ გვაქვს განსახილველი: ჩვენი კავშირი პანდემიაზე, რაც ვუხანში წარმოიშვა, [კავშირი] რომ შევეწინააღმდეგოთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფრთხეებს უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, რათა წავახალისოთ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში". – თქვა პომპეომ. ესპერმა განაცხადა, რომ მათი მთავარი ფოკუსი ახლა არის ის, რომ მათი კავშირის ინსტიტუციონალიზება და რეგულარიზაცია მოხდეს, რათა შეხვდნენ გამოწვევებს, დაიცვან თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანეთის პრინციპები. ამ თვეში ინდოეთმა საზღვაო წვრთნებში, რომელსაც აშშ-სთან და იაპონიასთან ერთად ყოველწლიურად ატარებს, ავსტრალიაც მოიწვია. 27 ოქტომბერს მხარეები ხელს მოაწერენ სამხედრო შეთანხმებას, რაც ინდოეთს მისცემს წვდომას აშშ-ს მოწინავე სატელიტსა და რუკის მონაცემებზე. ჩინეთი გმობს პომპეოს ბრალდებებს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ჭაო ლიძიენი, მას მოუწოდებს, "ცივი ომის მენტალიტეტი მიატოვოს" და ჩინეთის საფრთხეზე ბევრს ნუ ლაპარაკობს. შეგახსენებთ, რომ ინდოეთი Quad-ის წევრია. ჩინეთისგან მომავალ მზარდ საფრთხესთან ერთად, ბოლო დროს, სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ სამომავლოდ შორეულ აღმოსავლეთში აშშ-ს ლიდერობით NATO-ს მსგავსი ალიანსის შექმნაზე. ვაშინგტონი აღმოსავლეთის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოკავშირეების მხარდაჭერას ელის, თუმცა, მეორე მხრივ, მათ პეკინთან ურთიერთობის გაუარესებას თავს არიდებენ ეკონომიკური კავშირების გამო. 2019 წელს ავსტრალიის საექსპორტო მთავარი მიმართულება ჩინეთი იყო, ჩინეთი იაპონიისთვის მეორე მთავარი მიმართულება იყო, ხოლო ინდოეთისთვის - მესამე. თუმცა, შესაძლოა, ეს დამოკიდებულება ბოლო პერიოდში შეიცვალა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც 15 ივნისს, გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე დაპირისპირება მოხდა, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.
ლუკაშენკომ უმაღლეს სასწავლებლებს, აქციებში მონაწილე სტუდენტების გარიცხვისკენ მოუწოდა
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უმაღლეს სასწავლებლებს იმ სტუდენტების გარიცხვისკენ მოუწოდა, რომლებიც „არასანქცირებულ მიტინგებში“ მონაწილეობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „სტუდენტებს, რომლებსაც სწავლა სურთ, ისწავლონ. ის კი, რომელმაც არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობით კანონი დაარღვია, კარგავს უფლებას იყოს სტუდენტი. გაუშვით ისინი ზოგი არმიაში, ზოგიც - ქუჩაში, დაე, იარონ ქუჩებში, მაგრამ უნივერსიტეტებიდან გარიცხულები უნდა იყვნენ,“- განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, გუშინ ბელარუსში სხვადასხვა საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა და პენსიონრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციებს მინსკში სტუდენტებიც შეუერთდნენ. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლგა ჩემოდანოვას თქმით, ბელარუსში გუშინ გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფისთვის“ საჭირო ზომები მიიღეს და 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ამირან გამყრელიძე: არ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ჯანდაცვის სისტემას ინფიცირებულთა მართვა გაუჭირდეს
„გამოჯანმრთელებულთა დღიური მაჩვენებელი თანდათან იზრდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანაში 19 231 აქტიური შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 12 632 ადამიანი. 19 231 ადამიანიდან, 3 600-მდე პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, დანარჩენი - კოვიდსასტუმროებსა და ბინაზე. „მაჩვენებლის ზრდა გვაქვს, მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და დავიცავთ რეკომენდაციებს, ამ ინფექციას დავძლევთ და შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვალთ, კორონავირუსი არ დასრულდება ნოემბერში, დეკემბერსა და არც მარტში, ის დიდხანს იქნება და მთავარი სლოგანი, რომ ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად, ძალაშია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. კითხვაზე, რა შემთხვევაში გაუჭირდება ჯანდაცვის სისტემას ეპიდვითარებასთან გამკლავება, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ არ უნდა მივიდეთ იქამდე, როდესაც ჯანდაცვის სისტემას ინფიცირებულთა მართვა გაუჭირდება. მისივე თქმით, სცენარი მზადაა, თუმცა ფიქრობს, რომ მისი ამუშავების საჭიროება არ უნდა დადგეს. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 1 678 კოვიდინფიცირებული, (დღეს-90) მედპერსონალის წარმომადგენელია. ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი ქვეყანაში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა. პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
პაატა იმნაძე ვარადობს, რომ კორონავირუსის ვაქცინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი
„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად წლის ბოლომდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი კი გაზაფხულიდან იქნება , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს. „ჩვენამდე როდის მოვა, გასაგებია ხომ... ჯერ იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც თვითონ აწარმოებენ საკუთარი ქვეყნებისთვის და იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებისთვისაც, მათ შორის ჩვენთვისაც“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა უკვე შექმნილია და კლინიკური კვლევის ბოლო ფაზას გადის. „ინდივიდუალურად ყველა ადამიანს აქვს მოსაზრების გამოთქმის უფლება, მაგრამ ზოგადი ტენდენცია გლობალური ჯანმრთელობის ძირითადი ორგანიზაციების ყველამ იცის, რომ მსოფლიო აქტიურად მუშაობს ვაქცინის შექმნაზე, ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა შექმნილია. ისინი კლინიკური კვლევის პირველ, მეორე და მესამე ფაზას გადიან. მესამე ფაზაშია დაახლოებით 10 ვაქცინა და ის დიდი ალბათობით იქნება. თუ რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინა, ამას მომავალიგვი ჩვენებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა. პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ პირბადე სწორად
დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, როგორ უნდა გამოვიყენოთ პირბადე სწორად, რომელიც COVID-19–ისგან თავის დასაცავად ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტური გზაა დისტანციის და პირადი ჰიგიენის დაცვასთან ერთად. "ყველაზე უფრო ეფექტიანი არის სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი, შემდეგ ორშრიანი ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც. რაც უფრო მეტშრიანია პირბადე, ალბათობა იმისა, რომ შეაკავებს ის ვირუსს, უფრო მაღალია. ნიღაბი ზოგს უკეთია, მაგრამ ფორმალურად: ეფექტსმოკლებულია ნიღაბი, რომელიც არასწორად არის მორგებული სახეზე, არ იცავს ცხვირს და პირს ერთიანად. მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი ვერ იქნება ვირუსის პრევენციის გარანტია, ამას თან უნდა ახლდეს, რამდენიმე სწორი ქმედება: რისკის სწორად შეფასება, თუ სად იმყოფებით, ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა და გარემოს ვენტილაცია", - განაცხადა განმარტა ზახაშვილმა. ხათუნა ზახაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სამედიცინო პირბადის გამოყენების დროს მუქი ფერი იყოს გარეთა მხარეს, ხოლო ღია ფერის - შიგნით: "მუქი ფერი გარეთ უნდა იყოს: ეს არის წვეთების ამრეკლი შრე, ხოლო ღია ფერის შიგნით, რადგან ის არის შემწოვი, რომელიც თქვენგან გამოტყორცნილ წვეთებს შეაკავებს“. ამასთან, დაუშვებელია სამედიცინო პირბადის გარეცხვა, გაუთოვება და მეორედ გამოყენება: „სამედიცინო ნიღაბი არის ერთჯერადი, რომელიც არ ექვემდებარება გარეცხვას, გაუთოვებას და ხელმეორედ გამოყენებას. რაც შეეხება მოხმარების ხანგრძლივობას, ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის დაინესტება ნიღაბი. მუდმივი გამოყენება ფიზიკურად შეუძლებელია". დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ დასძინა, რომ დოლბანდის პირბადის გამოყენება მოქალაქეებს მრავალჯერადად შეუძლიათ. მისივე თქმით, ამგვარი პირბადის დამზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი და მას 7 შრე უნდა ჰქონდეს.
"პოლიციას დავალება ჰქონდა, წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმისას პოლიციელებმა მიიღეს პირდაპირი დავალება რომ „წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო“, რაც მათ პირნალთად შეასრულეს. პრემიერის თქმით, მცდარია ინფორმაცია, რომ საქართველოში ყაჩაღობების ფაქტი ყოველდღე ხდება. „საერთოდ, პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენი პოლიციელები თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავენ და ჯანმრთელობას. როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგი ტელევიზია ან პოლიტიკოსი ცდილობს დააკონვენტიროს პოლიტიკურ შედეგებში ის პრობლემები, რომლებიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ამორალურია. საქართველოში დღეის მდგომარეობით, როდესაც ამბობთ, რომ ყოველდღეა ყაჩაღობები, სიცრუეა. სპციალურ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ იმ დღეს კონკრეტული დავალება მიიღო, კონკრეტული დავალება იყო ის რომ წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს. ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და ეს შეასრულეს პირნათლად. ოპერატიული სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება“,-განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პაატა იმნაძე: იმედი გვაქვს, კორონავირუსის ვაქცინა გაზაფხულზე ჩვენთვისაც იქნება ხელმისაწვდომი
„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად წლის ბოლომდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი კი გაზაფხულიდან იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს. რაც შეეხება საქართველოს, პაატა იმნაძეს ზუსტი პროგნოზი უჭირს, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველოც ამავე პერიოდში მიიღებს ვაქცინას. „ჩვენამდე როდის მოვა, გასაგებია ხომ... ჯერ იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც თვითონ აწარმოებენ საკუთარი ქვეყნებისთვის და იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებისთვისაც, მათ შორის ჩვენთვისაც“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა უკვე შექმნილია და კლინიკური კვლევის ბოლო ფაზას გადის. „ინდივიდუალურად ყველა ადამიანს აქვს მოსაზრების გამოთქმის უფლება, მაგრამ ზოგადი ტენდენცია გლობალური ჯანმრთელობის ძირითადი ორგანიზაციების ყველამ იცის, რომ მსოფლიო აქტიურად მუშაობს ვაქცინის შექმნაზე, ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა შექმნილია. ისინი კლინიკური კვლევის პირველ, მეორე და მესამე ფაზას გადიან. მესამე ფაზაშია დაახლოებით 10 ვაქცინა და ის დიდი ალბათობით იქნება. თუ რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინა, ამას მომავალიგვი ჩვენებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა. პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
"NDI-ს ახალ დასკვნაში საუბარია ხარვეზებზე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების და ამომრჩეველთა დაშინების კუთხით", – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. "NDI-ს ახალ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საარჩევნო რეფორმებს ფართო მხარდაჭერა აქვს, ვინაიდან ის წვლილს შეიტანს უფრო მრავალფეროვანი და პოლიტიკურად დაბალანსებული კანონმდებლობის შექმნაში, თუმცა, დოკუმენტში, ასევე, საუბარია სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაფიქსირებულ ხარვეზებზე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, ამომრჩეველთა დაშინებისა და პოლიტიზებული სასამართლოს კუთხით.NDI-ს ხელმძღვანელმა პირებმა და არჩევნების ანალიტიკოსებმა დღეს ელჩ დეგნანთან და სხვა დიპლომატებთან ერთად საქართველოს საარჩევნო სისტემის უახლესი ანგარიში განიხილეს. NDI-ს ღრმა ექსპერტული ცოდნა, რომელსაც USAID უჭერს მხარს, არსებითი ნაწილია აშშ-ის საელჩოს ფართო ძალისხმევისა, დაეხმაროს ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში", –ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველლში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.
ტრამპი, ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებების განახლებით, იმედგაცრუებულია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლება, მას შემდეგ რაც, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა, იმედგაცრუებას იწვევს. ”დიახ, იმედგაცრუებას იწვევს, როდესაც ამას ვხედავთ,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში. ტრამპი იმედოვნებს, რომ მხარეები ურთიერთობების ნორმალიზებას შეძლებენ. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის კიდევ ერთი შეთანხმება ძალაში, 26 ოქტომბერს, 08:00 საათიდან შევიდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.
ტრამპის საარჩევნო შტაბის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს. აშშ-ის პრეზიდენტის გუნდში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებთან მუშაობენ კიბერთავდასხმის წყაროს დასადგენად. ამასთან, ტრამპის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბერთავდასხმის შედეგად კონფიდენციალურ ინფორმაციას საფრთხე არ დამუქრებია, რადგან ასეთი მონაცემები არ ინახება ვებპორტალზე. ამჟამად ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
"თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს"
"თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო აშშ–ის მნიშვნელოვან პარტნიორად დარჩეს", - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა განაცხადა. მისივე თქმით, "31 ოქტომბრისთვის დაგეგმილმა საპარლამეტო არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს". "გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით, რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორად", - აცხადებს კინზინგერი.
ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა თითქმის 40%-ით გაიზარდა
ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 40%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა BBC-ს განუცხადა. რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, ჰარისმა აღნიშნა, რომ ევროპაში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით მესამედით გაიზარდა. „სამწუხარო ის არის, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ბევრი მძიმედ ავადმყოფი ადამიანი ხვდება და ბევრ ქვეყანაში საავადმყოფოები ძალიან მალე ივსება პაციენტებით,“- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა. მისი განმარტებით, ორგანიზაცია მომავალში ფატალური შემთხვევების მკვეთრ ზრდას არ ელოდება და ამას ორი ფაქტორი განსაზღვრავს: პირველი ის, რომ საავადმყოფოებმა გარკვეული გამოცდილება მიიღეს და უკეთ ერკვევიან იმაში, თუ რა ხდება და მეორე, ბოლო დროს დაინფიცირებულების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან და მათში დაავადების გართულება ნაკლებად მოსალოდნელია. მარგარეტ ჰარისი აცხადებს, რომ ევროპაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა საფრანგეთზე, ესპანეთზე, გაერთიანებულ სამეფოზე, ნიდელანდებსა და რუსეთზე მოდის.
საქართველოში კორონავირუსისგან 2197 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დადასტურდა 1731
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 33858-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3507 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4022 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2344 -ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 253-ს შეადგენს.
Covid 19-ის გადატანის შემდეგ ანტისხეულების დონე სწრაფად ქვეითდება
ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსის გადატანის შემდეგ,ორგანიზმში დამცავი ანტისხეულების დონე სწრაფად იკლებს. ლონდონის იმპერიული კოლეჯის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ანტისხეულებზე დადებითი ტესტი აღმოაჩნდა, ივნისიდან სექტემბრამდე 26%-ით შემცირდა. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ იმუნურობა თანდათანობით ქრება და არსებობს ვირუსით რამდენიმეჯერ ინფიცირების რისკი. "სეზონურ კორონავირუსებს, რომლებიც ყოველ ზამთარს ცირკულირებენ და გაციებას იწვევენ, ადამიანის რე-ინფიცირება 6-12 თვეში შეუძლიათ.ჩვენ ვეჭვობთ, რომ ორგანიზმი მსგავსად რეაგირებს ახალ კორონავირუსზეც." - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი. ანტისხეულების ტესტი კვლევა REACT-2-ს ფარგლებში ინგლისში 350 000 ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ტესტირების პირველ ეტაპზე, ივნისის მიწურულს და ივლისის დასაწყისში ანტისხეულები 1000 ადამიანიდან 60-ს აღმოაჩნდა, ხოლო უფრო ახალ ტესტებშ, სექტემბერში, მხოლოდ 44 ადამიანს 1000-დან. "ეს გვაფიქრებინებს, რომ ანტისხეულების მქონე ადამიანების რაოდენობა შემცირდა მეოთხედზე მეტით ზაფხულსა და შემდგომას შორის. პირველი ეტაპიდან მხოლოდ სამი თვე გავიდა და ანტისხეულებმა 26%-ით იკლო"- ამბობს კვლევის თანაავტორი ჰელენ ვარდი. კლება უფრო თვალსაჩინო იყო 65 წელს გადაცილებულებში, ახალგაზრდა ჯგუფებთან შედარებით და უსიმპტომო პაციენტებში, სრულად გამოვლენილ COVID-19 თან შედარებით. ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებში ანტისხეულების რაოდენობა შედარებით მაღალი აღმოჩნდა, რაც ვირუსთან რეგულარული ექსპოზიციის შედეგი უნდა იყოს. ზუსტად რას ნიშნავს ანტისხეულების დაქვეითება ჯერჯერობით დაუზუსტებელია. არსებობს იმუნური სისტემის სხვა ნაწილები, მაგალითად T უჯრედები, რომლებიც თამაშობენ როლს ორგანიზმის ვირუსთან ბრძოლაში, ინფიცირებული მასპინძლის უჯრედების პირდაპირი მოკვლის და სხვადასხვა იმუნური უჯრედების მოზიდვის მეშვეობით. ამასთანავე, არ არის ცნობილი, თუ რა სიჩქარით გაიზრდება ანტისხეულების რაოდენობა თუ ადამიანი ვირუსით მეორედ ინფიცირდება. შესაძლებელია, რომ უფრო მსუბუქად დაავადდეს, ან დაცული დარჩეს იმუნური მეხსიერების მეშვეობით. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ანისხეულების ტესტი დადებითი აღარაა, პიროვნება მაინც შეიძლება დაცული იყოს რეინფიცირებუსგან. აღნიშულმა კვლევამ მხოლოდ ანტისხეულების დონე გაზომა. ამ დრომდე ახალი კორონავირუსის რე-ინფექციის შემთხვევების მცირე რაოდენობაა დოკუმენტირებული. აღსანიშნავია რომ კვლევას ჯერ არ გაუვლია რეცენზირება(peer-review).
ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან თბილისში 636, აჭარაში - 333, იმერეთში კი 320 გამოვლინდა
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 731 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 636 ახალი შემთხვევა, აჭარაში - 333, იმერეთში - 320, ქვემო ქართლში - 121, შიდა ქართლში - 76, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 119, კახეთში - 45, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 33 858-ს შეადგენს. როგორც აღვნიშნეთ, გრძელდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში გვყავს 2 197 გამოჯანმრთელებული პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 14 829-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 ადამიანი, აჭარაში - 7, ხოლო იმერეთში - 4 ადამიანი. გარდაცვლილების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 253 ადამიანს. ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 750. 4 022 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 012, აჭარაში - 673. მძიმე პაციენტი არის 521, მათ შორის, თბილისში - 267, აჭარაში - 73. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 120 პირი - მათ შორის, თბილისში - 67, აჭარაში - 23. 2 344 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, სადაც გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის, 824 - აჭარაში, ხოლო 1 250 - თბილისში; 12 384 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 507 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 726, აჭარაში-1 788. სულ 6-27 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 9 390 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 001 პირი, საიდანაც თბილისში - 3 283 პირი, აჭარაში - 11 793, იმერეთში - 4 072. ეს გახლავთ სტატისტიკური მონაცემები ამ ეტაპისთვის, რომელიც ასახავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
სან-ფრანცისკოში საქართველოს მემკვიდრეობის სკოლა გაიხსნა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქალაქ სან ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, 2020 წლის 26 ოქტომბერს შედგა საქართველოს მემკვიდრეობის სკოლის გახსნის საინაუგურაციო ცერემონია. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან ბერიძემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ლევან ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის პროექტები და ინიციატივები, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები და საკვირაო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც გენერალური საკონსულოს მიერ გადაეცათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ქართული ენის შემსწავლელი კურსის სახელმძღვანელოები და რვეულები. სკოლას, რომელშიც ამჟამად ორმოცამდე მოსწავლეა დარეგისტრირებული, ქართული მემკვიდრეობის ფონდის დამფუძნებელი, ლიანა ნიცეცკაი უხელმძღვანელებს.