ძებნის რეზულტატი:
Facebook-ი პარტნიორებთან ერთად საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გაუშვებს
Facebook-ი საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გაუშვებს. ამის შესახებ Facebook-ის წარმომადგენლებმა ქართველ ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციისას განაცხადეს. მათივე ცნობით, დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით ფაქტების გადამოწმების არაერთ პორტალთან თანამშრომლობს. ეს ორგანიზაციები კონტენტის სიზუსტეს განიხილავენ, შეფასებას აძლევენ და შემდეგ ამ ინფორმაციას Facebook-ს აწვდიან. ამიერიდან, Facebook-ი მსგავს პროგრამას, Fact Check Georgia-სა და მითების დეტექტორთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოშიც აამოქმედებს. Facebook-ის ინფორმაციით, მითების დეტექტორი, ისევე, როგორც Fact Check Georgia სერტიფიცირებულია ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის მიერ. „აღნიშნული პროგრამის გაშვების შედეგად, ინფორმაციას, რომელსაც ფაქტების გადამოწმების პორტალი სიყალბედ შეაფასებს, Facebook-ი საინფორმაციო ველის (News feed) ქვედა ნაწილში განათავსებს. ეს ნიშანდობლივად შეამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და ასევე, შემცირდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომელსაც, შესაძლოა, დეზინფორმაცია მიეწოდოს. გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც პერიოდულად ეცდებიან, გააზიარონ ცრუ ინფორმაცია, ავტომატურად შეეზღუდებათ მონეტიზაციისა და რეკლამის განთავსების შესაძლებლობები. დამატებით, ფაქტების გადამოწმების პორტალის მიერ, ცრუ ინფორმაციად შეფასებულ პოსტებს Facebook-ი თვალსაჩინოდ მონიშნავს. ამით, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოარჩიონ, სიმართლეა თუ არა პოსტი, რომელსაც ხედავენ, ან რომლის გაზიარებაც სურთ. გვიხარია, რომ Fact Check Georgia-სა და მითების დეტექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გავუშვებთ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას,“ - განაცხადა Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერმა, სოფი აიარსიმ. სოციალური ქსელის წარმომადგენლების ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა Facebook-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგია ახალი ამბების ავთენტურობის დადგენასა და მათი ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სტრატეგიის მიხედვით, Facebook-ი აუქმებს ანგარიშებს და შლის კონტენტს, რომელიც არღვევს კომპანიის მიერ დაწესებულ სტანდარტებს ან სარეკლამო პოლიტიკას. შედეგად, მცირდება ცრუ ინფორმაციისა და არაავთენტური კონტენტის გავრცელების შანსი. "დაარსების დღიდან, ანუ 2013 წლიდან, Fact Check Georgia ცდილობს, ხელი შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელების შემცირებასა და საინფორმაციო სივრცეში სიმართლის გავრცელებას. Facebook-თან პარტნიორობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ჩვენი მუშაობა იყოს ბევრად უფრო ეფექტური. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, გვქონდეს წვდომა Facebook-ის ათასობით მომხმარებელზე, რომელიც, შესაძლოა, იყოს დეზინფორმაციის მსხვერპლი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი პარტნიორობა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შედგა. ეს კი დაგვეხმარება, რომ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის ვირუსული გავრცელება მინიმუმამდე დავიყვანოთ და, შესაბამისად, არჩევნების დემოკრატიულ საფუძვლებსაც საფრთხე ნაკლებად დაემუქრება,“- განაცხადა Fact Check Georgia-ს დამფუძნებელმა პაატა გაფრინდაშვილმა. „მითების დეტექტორის“ დამფუძნებელისა და მთავარი რედაქტორის თამარ კინწურაშვილის განცხადებით, როდესაც პლურალისტური პლატფორმები და ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორიცაა მედია, ბოროტად გამოიყენება, ფაქტების გადამოწმების პლატფორმის მოვალეობაა, ამის შესახებ საზოგადოებას შეატყობინოს. „მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ფაქტების გადამოწმებისა და მითების გამოვლენის პლატფორმა „მითების დეტექტორი“ 2014 წელს შექმნა. ეს პლატფორმა შეიქმნა სიმართლის დასადგენად და დეზინფორმაციის შესახებ საზოგადოებისა და ინსტიტუტების ინფორმირებისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ და სანდო მედია პლატფორმების მიმართ საზოგადოების ნდობა შევინარჩუნოთ. დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა შეეძლოს, განასხვაოს დეზინფორმაცია სიმართლისგან, რათა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. საქართველოში Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს პროგრამა საარჩევნო პროცესის დეზინფორმაციისგან დასაცავად დაგვეხმარება,“ - აღნიშნავს „მითების დეტექტორის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ კინწურაშვილი. სოფი აიარსის ინფორმაციით, დღეისათვის, Facebook-ს მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომელიც 50 ენაზე ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს. კომპანია განაგრძობს ინვესტიციების ჩადებას, რათა ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მასშტაბური გახადოს.
2020 წლის მეორე კვარტალში მივლინებებზე გაწეულმა ხარჯებმა თითქმის 11 მლნ ლარი შეადგინა
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მივლინებებზე გაწეულმა ხარჯებმა თითქმის 11 მლნ ლარი შეადგინა. ორგანიზაციის ცნობითვე, მოცემულ პერიოდში სამივლინებო ხარჯების თითქმის განახევრებისას გაუგებარია რატომ და როგორ დაიხარჯა 10.9 მლნ ლარი მივლინებებზე, როცა ქვეყანას აპრილ-ივნისის პერიოში საზღვრები ჩაკეტილი ჰქონდა. ამ კითხვით ნეტგაზეთმა ფინანსთა სამინისტროსაც მიმართა და უწყების პასუხს მიღებითანავე გავავრცელებთ. “მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მივლინებებზე გაწეული ხარჯები 10.6 მლნ ლარით (49%-ით) შემცირდა და 10.9 მლნ ლარი შეადგინა. შემცირების მიუხედავად, საინტერესოა, აპრილი-ივნისის განმავლობაში, როდესაც ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილი იყო, ხოლო ქვეყნის შიგნით გადაადგილება შეზღუდული იყო, რატომ და როგორ დაიხარჯა მივლინებებზე 11 მლნ ლარამდე. იანვარ-მარტში მივლინების ხარჯები 2.5 მლნ ლარით შემცირდა და 15.5 მლნ ლარი შეადგინა. ჯამში, მიმდინარე წლის 6 თვეში მივლინების ხარჯებმა 26.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელზე 13.1 მლნ ლარით (33%-ით) ნაკლებია”, – ნათქვამია TI-ის კვლევაში. ორგანიზაციის მიერ დღეს, 17 სექტემბერს, გამოქვეყნებული ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანალიზის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტის შემოსულობების 6 თვის გეგმა 761 მლნ ლარით გაიზარდა, შედეგად შემოსულობებმა ჯამში დაახლოებით 7.6 მილიარდი ლარი შეადგინა. შემოსულობების ზრდა დამატებითი ვალების აღებამ განაპირობა. 6 თვეში საქართველოს მთავრობამ დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარის ვალი აიღო. 30 ივნისის მდგომარეობით მთავრობის ვალმა 24.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 49%-ია. რაც შეეხება ბიუროკრატიულ ხარჯებს, 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურება 20.4 მლნ ლარით (19%-ით) არის გაზრდილი. TI-ის თანახმად, ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ხარჯებში ეკონომიის გაკეთება მთავრობის პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო. “ჯანდაცვის ხარჯების 6 თვის გეგმა 595 მლნ ლარიდან 737 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ვირუსის გავრცელებამ განაპირობა. გასული წლების მსგავსად, ისევ არასაკმარისი აღმოჩნდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე გამოყოფილი თანხა. 6 თვის თავდაპირველი გეგმა 89 მლნ ლარით გაიზარდა და 523 მლნ ლარი შეადგინა. წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯი ერთ მილიარდ ლარს მიაღწევს, როცა წლიური გეგმით 802 მლნ ლარია გათვალისწინებული,”-წერია ანგარიშში. კორონავირუსის გამო 2020 წლის ბიუჯეტში მთავრობა ბიზნესის თუ მოქალაქეების დასახმარებლად სხვადასხვა დახმარება ჩადო. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, პროგრამები 3 მიმართულებით შეიქმნა: ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ბიზნესის სუბსიდირება. 2020 წლის პირველ ნახევარში „კორონავირუსით” გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 460 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტობრივად კი 370 მლნ ლარი დაიხარჯა. პანდემიის გამო ბიუჯეტის გეგმა ყველაზე მეტად განათლებისა და ინფირასტრუქტურის სამინისტროებს შეუმცირდათ. ანგარიშის თანახმად, პანდემიის გამო ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროს (452 მლნ ლარით) და ეკონომიკის სამინისტროს (19.6 მლნ ლარით) 6 თვის გეგმა გაიზარდა, ყველაზე მეტად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (47.4 მლნ ლარით) და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (37.6 მლნ ლარით) 6 თვის გეგმა შემცირდა. 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2020 წლის 6 თვეში ბიუჯეტის ხარჯები 869 მლნ ლარით გაიზარდა, საიდანაც 631 მლნ ლარი სოციალური ხარჯების ზრდაზე მოდის. 35 მლნ ლარით გაიზარდა შრომის ანაზღაურების ხარჯი. ორგანიზაცია მთავრობას რეომენდაციით მიმართავს წელს მოზიდული საგარეო დახმარების ნაწილი 2021 წელს დახარჯოს და მომავალ წლებში მთავრობის ვალის შემცირების სტრატეგია შეიმუშაოს, რადგან 2020 წელს ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობა კრიტიკულ ზღვარს, მშპ-ის 60%-ს უახლოვდება. ამას გარდა, TI საქართველოს მთავრობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს: მიუხედავად განახლებული გეგმებისა, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობამ არააუცილებელი ხარჯები ეკონომიურად გაწიოს და დაზოგილი თანხა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას და ბიზნესის საგადასახადო შეღავათებს მოახმაროსპრობლემად რჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რომლის გადაწყვეტა აღნიშნული პროგრამის ეფექტიანობის ზრდის მიზნით აუცილებელია;
ჯანმო ევროპას სავალდებულო კარანტინის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით აფრთხილებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებს სავალდებულო კარანტინის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით აფრთხილებს. "ბოლო პერიოდში ევროპაში Covid-19 გავრცელების საგანგაშო მაჩვენებლები ფიქსირდება. ჩვენი რეკომენდაცია უცვლელია – 14–დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს ყველა მოქალაქემ, რომლის მიმართაც კორონავირუსით ინფიცირების ეჭვი არსებობს. თუ გვექნება მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებულება, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადავხედავთ კარანტინის ხანგრძლივობის საკითხს. საკარანტინო პერიოდის მცირედით შემცირებასაც კი შესაძლოა, უდიდესი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს, ვურჩევ ევროპის ქვეყნებს, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად შეისწავლონ კარანტინის ვადის შემცირების უსაფრთხო ვარიანტები", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კეტრინ სმოლვუდმა . შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში კარანტინის ვადა 7 დღემდე შეამცირეს. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, პორტუგალიასა და ხორვატიაში 10–დღიანი საკარანტინო ვადა მოქმედებს. რაც შეეხება საქართველოს, 15 სექტემბრიდან სავალდებულო კარანტინის ვადა 8 დღემდე შემცირდა. პირს საკარანტინო სივრცის დატოვება 8 დღის შემდეგ პისიარ–ტესტის პასუხის შესაბამისად ექნება. თუ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდება, იგი დატოვებს საკარანტინო სივრცეს, თუმცა ექნება ვალდებულება, 12 დღის თავზე კიდევ ერთხელ ჩაიტაროს პისიარ–ტესტირება; 8-დღიანი კარანტინი მხოლოდ საქართველოში შემოსულ მოქალაქეებს შეეხებათ და არა იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის შიგნით ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი. ამ უკანასკნელებისთვის 12–დღიანი კარანტინის ვადა მოქმედებს. ცნობისთვის: აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში ევროპაში კოვიდ–ინფიცირებულების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს. მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 945 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 000 000–ზე მეტი ადამიანი, 21 809 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2937-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1422. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.
ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მათ ელექტროგადამცემ ბოძებზე ხაზები გადაჰყავდათ, რა დროსაც დენმა დაარტყათ. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები რკინიგზის თანამშრომლები არიან. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების დარღვევას, რასაც მოყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1886 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1886 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1886 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1547 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0339 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7603 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7440 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0163 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას ქვეყანაში არსებული სტრატეგიული პროექტების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ზრდისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას ქვეყანაში არსებული სტრატეგიული პროექტების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ზრდისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ EU-ს საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებულ ანგარიშში არის საუბარი. თავად ანგარიში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზეა. დოკუმენტს 552-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 78-მა კი თავი შეიკავა. ანგარიშის ეკონომიკურ ქვეთავში ევროპარლამენტი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. კიდევ ერთი რეკომენდაცია, რასაც ევროპარლამენტი საქართველოს აძლევს კანონის უზენაესობის განმტკიცება და კორუფციასთან ბრძოლაა. ანგარიშის ტექსტი - ეკონომიკა და სავაჭრო ურთიერთობები EU-სთან: "ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ დადებითად უნდა შეფასდეს ფაქტი, რომ ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მასზე მთლიანი საგარეო ვაჭრობის 27% მოდის. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ სავაჭრო საკითხების შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღბის პროცესს, ასევე ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ნედლეულით და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით და გახდეს უფრო დივერსიფიცირებული. ასევე, ხაზს უსვამს საქართველოს მიერ უფრო მეტი ევროპული ინვესტიციის მოზიდვის აუცილებლობას, რაც ქვეყანას ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, EU-სთან სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებასა და მაკრო-ფინანსურ სტაბილურობაში აისახება. ამისთვის კი თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაგრძელდეს ძალისხმევა კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, რისთვისაც მნიშვნელოვანია კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და გადასახადების დამალვასთან ბრძოლა. ასევე, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ევროსტანდარტების დანერგვა. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნის მნიშვნელობას, ამასთან ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს გაარღმავოს საქართველოსთან სექტორული თანამშრომლობა ციფრული ეკონომიკის, განათლების, ინოვაციისა და კვლევა-ძიების და მწვანე ტექნოლოგიების ათვისების მიმართულებით; ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და ასოცირების შეთანხმებები მიზნად ისახავენ ხელი შეუწყონ საქართველოს ეტაპობრივ ინტეგრაციას საერთო ევროპულ ბაზარში; ამასთან, ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს უფრო აქტიური სამუშაო იყოს გაწეული საქართველოსთან სექტორალური ინტეგრაციის პროცესში, რათა შექმნილი იყოს კოოპერაციის ისეთი მოდელი, რომელიც ორივე მხარისთვის თვალსაჩინო და ხელშესახებ შედეგებს გამოიღებს. ევროპარლამენტი კვლავ უსვამს ხაზს, გამჭვირვალობის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რათა უფრო აქტიურად იყოს DCFTA-ს შესაძლებლობების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია მედიისა და ადგილობრივი სამეწარმეო საზოგადოებისთვის. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რათა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდეს და გარანტირებული იყოს მისი გამჭვირვალობა. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააძლიეროს შესაბამისი უწყებების ძალისხმევა და პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ," - ნათქვამია დოკუმენტში.
რა პირობა მიიღეს ივენთ-მენეჯერებმა ეკონომიკის სამინისტროსგან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ივენთ-კომპანიების ნაწილთან შეხვედრა გაიმართა. როგორც bm.ge-ს ივენთ-მენეჯერმა თაკო დოლაბერიძემ ეკონომიკის სამინისტროს დატოვების შემდეგ უთხრა, შეხვედრა საკმაოდ საქმიანი და საჭირო აღმოჩნდა, ვინაიდან როგორც გაირკვა, ბიზნესმა რეგულაციებთან დაკავშირებით ბევრი რამ არასწორად ან საერთოდ არ იცოდა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და 30-მდე ივენთ-კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. „შეხვედრაზე 250 ივენთ-კომპანიიდან, დაახლოებით, 30-მდე კომპანია ვიყავით. საუბარი რამდენიმე საკითხს შეეხო და ერთ-ერთი პირველი იყო ჩვენი მთავარი პრობლემა - გაუქმებული ივენთები. ასევე, არის ივენთები, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს და არც კი ვიცით ჩავატარებთ თუ არა ან როგორ უნდა ჩავატაროთ. ვისაუბრეთ რეგულაციებზე, შევთანხდმით, რომ რეგულაციებს თავიდან გაგვაცნობენ, უკეთესად აგვიხსნიან, რადგან როგორც აღმოჩნდა, ნაწილმა ვიცით ეს რეგულაციები, ნაწილმა არ ვიცით, ნაწილმა არასწორად ვიცით. ეს ყველაფერი კი იმის შედეგია, რომ ჩვენ შორის კომუნიკაცია არ არის, რაც ალბათ ორივე მხარის დანაშაულია. არც ჩვენ ვიაქტიურეთ და რადგან არ შევაწუხეთ, ისინიც გაჩერდნენ, ვინაიდან პანდემიის გამო ბევრი საქმე აქვთ“, - განაცხადა თაკო დოლაბერიძემ. ის ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საბანკო სესხებს, რაც გადასახდელია, რადგან თავად ბანკებიც ბიზნეს-სფეროს წარმოადგენენ და ეს ყველას ესმის, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო მათ დაჰპირდა, რომ ეს საკითხი გადაიხედება და იმსჯელებენ დახმარებაზე - სესხების გადავადების, რესტრუქტურიზაციის ან რომელიმე სხვა მოსახერხებელი მიმართულებით. ამასთან, როგორც ივენთ-მენეჯერი აცხადებს, მისი ინიციატივით, შეიქმნება ივენთ-მენეჯერების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან პერიოდულად შეხვედრებს გამართავს და პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. „მთავარია, ივენთის ჩატარების დროს რეგულაციები არ დავარღვიოთ და ყველაფერი კარგად იქნება. უკვე მიღებულ ფინანსურ ზარალს და გაუქმებულ ივენთებს რაც შეეხება, ამაზე ვისაუბრეთ, თუმცა ამას აღარაფერი ეშველება. ვუთხარით, რომ მცირედით რეგულაციების შემსუბუქება უნდა მოხდეს, რაზეც დაგვპირდნენ, რომ ყველაფერზე ისაუბრებენ, შემდეგ დაგვიძახებენ და გადაწყვეტილებებს გაგვაცნობენ. დღეს ცოტა იმედი მომეცა, რომ რაღაცა გვეშველება“, - განაცხადა დოლაბერიძემ და იქვე დასძინა, რომ შეხვედრაზე მხარეები თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმდნენ და რაიმე უკმაყოფილება ან საწინააღმდეგო აზრი არ გამოთქმულა. ინფორმაციისთვის: შესაძლოა, ივენთ-კომპანიებს გაუქმებული ქორწილების/ივენთების გამო მიყენებული ზარალი აუნაზღაურონ. "მთავრობა მუშაობს, რომ იმ ადამიანებს, ვინც სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაშია ჩართული, პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ" - თქვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა 16 სექტემბერს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე. ამ განცხადებას წინ უძღოდა ივენთ-კომპანიების საპროტესტო აქცია. წყარო
ევროპარლამენტმა ნავალნიზე თავდასხმასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ევროპის პარლამენტმა ხუთშაბათს მოიწონა რეზოლუცია, რომელშიც ის გამოდის მოწოდებით, საერთაშორისო გამოძიება გაიმართოს რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით. რეზოლუციაში ამ ინციდენტს სიცოცხლეზე თავდასხმა ეწოდება. დოკუმენტში ასევე ღრმა შეშფოთებაა გამოხატული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების არაერთი შემთხვევის გამო. ევროპარლამენტმა რუსეთს მოუწოდა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. რეზოლუციაში, რომლის პროექტი ერთდროულად რამდენიმე ფრაქციამ წარმოადგინა, ნათქვამია, რომ ნავალნის მოკვლის მცდელობა არის „ნაწილი სისტემატური ძალისხმევისა, რაც მიმართულია იქით, რომ ჩააჩუმოს ის და სხვა კრიტიკული ხმები“ რუსეთში. ამასთან, ნავალნის საქმეს ევროპარლამენტარები განიხილავენ ერთ-ერთ რგოლად კრემლის პოლიტიკის ჯაჭვში, რომელიც მიმართულია „რეპრესიებისკენ სახელმწიფოს შიგნით და აგრესიისკენ მის გარეთ“, მათ შორის წესების დაცვაზე დამყარებული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრისკენ. რეზოლუცია ასევე შეიცავს ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი მოწოდებას, უახლოეს დროში შეადგინოს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების სია და გააფართოვოს უკვე არსებული სანქციები, მათ შორის გამოიყენოს სანქციების მექანიზმი პირების მიმართ, რომლების წინააღმდეგაც ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ აწარმოებდა გამოძიებას. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, მოსთხოვოს რუსეთის ხელისუფლებას რუსეთის კანონმდებლობის რეპრესიული ნორმების გაუქმება, მათ შორის კანონმდებლობისა ე.წ. უცხოეთის აგენტების თაობაზე. ამასთან, რუსეთის კონსტიტუციაში ახლახან შეტანილი ცვლილებები რეზოლუციაში მოიხსენიება, როგორც „ძალაში უკანონოდ შესული“. ევროკავშირის ხელმღვანელობას გაეგზავნა მოწოდება, რუსეთის მიმართ ახალი სტრატეგია შეიმუშაოს, კავშირის წევრ ქვეყნებს კი რეზოლუცია მოუწოდებს, რომ ამ საკითხში ერთიანი პოზიცია იქონიონ. დოკუმენტი ადასტურებს ევროპარლამენტის მიერ ადრე გამოთქმულ დამოკიდებულებას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაზსადენის პროექტის მიმართ. ასევე, ის შეიცავს მოწოდებას, ამოქმედდეს „მაგნიტსკის კანონის“ მსგავსი სანქციების მექანიზმი. ცალკე პუნქტში საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას, რუსეთის ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის შეიქმნას ევროკავშირში სწავლის პირობები, მათ შორის, ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში შეიქმნას „უცხოეთში რუსეთის უნივერსიტეტი“. ეს რეზოლუცია, ისევე, როგორც ევროპარლამენტის სხვა რეზოლუციები, სარეკომენდაციო ხასიათისაა.
Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
ავიაკომპანია Wizz Air-ი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ "Wizz Air-ი მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციაშია საქართველოს მთავრობასთან და მზად არის, განაახლოს ფრენები, როგორც კი მიღებული რეგულაციები მოგვცემს ამის საშუალებას. ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენები განახლდება 4 ოქტომბრიდან - ბილეთები უკვე შეგიძლიათ დაჯავშნოთ wizzair.com-ზე ან ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით. Wizz Air დროულად აცნობებს მგზავრებს ნებისმიერი სხვა მიმართულებით ფრენების განახლების შესახებ”, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის: როგორც დღეს საქართველოს პრემიერმა თქვა, 1 ოქტომბრიდან Wizz Air-ი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენები გაიხსნება. გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ფრთხილად გააგრძელებს საჰაერო სივრცის გახსნას ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი განხილვებით შემდგარია შეთანხმება, რომ ჩვენ, კიდევ ერთი მიმართულებით, პირდაპირი ფრენები უნდა გავხსნათ. დღეის მდგომარეობით, პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით თბილისიდან გახსნილია საერთაშორის ავიაკომპანიებისთვის, როგორიც არის Lufthansa, air france, Airbaltic, ასევე ჩვენი ეროვნული გადამზიდავისთვის. ჩვენ, დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან, გავხსნათ პირდაპირი რეისი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება Wizz Air-ი. ეს არ იქნება თამამი გადაწყვეტილება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლო კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვლის გათვალისწინებით. ჩვენ, ასევე ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
1 ოქტომბრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვა დაანონსდა
ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ოქტომბრიდან ელექტროენერგიის გათიშვები დაიწყება. ამის შესახებ დღეს კომპანია "ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლებმა "ენგურჰესის" ხელმძღვანელ ლევან მებონიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს. «მაღალი ალბათობით, 1 ოქტომბრიდან შემოღებული იქნება შეზღუდვები მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე – ე.წ. მარაოსებური გათიშვები. განრიგს მოსახლეობას წინასწარ შევატყობინებთ», – განაცხადა დღეს კომპანია “ჩერნომორენერგოს” ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს დირექტორმა რუსლან ქვარჩიამ. "ენგურჰესის" ხელმძღვანელ ლევან მებონიას განცხადებით, 2021 წლის 15 თებერვლისთვის აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტმა შესაძლოა, 150 მლნ კვტ/სთ შეადგინოს.ამასთან, სარემონტო სამუშაოების გამო 15 თებერვალს ელექტროსადგურის მუშაობა რამდენიმე თვით შეჩერდება. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმი მოსკოვთან ელექტროენერგიის გადაქაჩვის საკითხს განიხილავდა. «ენგურჰესი» აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. სადგურის დადგმული სიმძლავრე 1300 მვტ-ს შეადგენს. კაშხალი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული, მართვის პულტი – აფხაზურ მხარეს.
სად, როგორ, რა ფასად შეგიძლია გაიკეთო PCR ტესტი?
COVID19-ით ინფიცირებულთა მატებასთან ერთად, იმატა PCR ტესტირების მსურველთა რაოდენობამაც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, 17 სექტემბერს, საქართველოში, 12 000-მდე PCR ტესტი ჩატარდა. ტესტირებულ პირთა ნაწილი, სავალდებულო ტესტირების წესს დაექვემდებარა, მათ შორის, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, ე.წ. წითელ ზონაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირები, „ცხელების ცენტრებში“, სამედიცინო დაწესებულებებში, ცხელებით მოხვედრილი პაციენტები, ექიმები, საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, მძღოლები და ა.შ. რაც შეეხება დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებიც სავალდებულო ტესტირების წესს არ ექვემდებარებიან, მათ საკუთარი სურვილით ჩაიტარეს ტესტი COVID19-ზე. როგორია სავალდებულო და საკუთარი გადაწყვეტილებით ტესტირებულთა თანაფარდობა, ეს მონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკურ მონაცემებში არ არის ასახული. კლინიკები და ლაბორატორიები - როგორ გაიკეთოთ PCR ტესტი? თუკი პირი სავალდებულო ტესტირების დადგენილ წესს არ ექვემდებარება, მაგრამ სურს გაიკეთოს ტესტი, ამ შემთხვევაში, მან თავად უნდა მიმართოს იმ ლაბორატორიებს, სადაც PCR ტესტირება ტარდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, ქვეყნის მასშტაბით, ასეთი 25 ლაბორატორიაა. ტესტის ღირებულება 110 ლარიდან 220 ლარამდე მერყეობს, გააჩნია პასუხის ვადებს;პასუხების მიღების ვადა 24-48 საათია. დაჩქარებული პასუხის მოთხოვნის შემთხვევაში, იზრდება თანხა, თუმცა, მცირდება დრო და ნაცხის აღებიდან რამდენიმე საათში, პასუხი მზადაა;ზოგიერთ ლაბორატორიაში, PCR ტესტის ასაღებად, წინასწარ უნდა ჩაეწეროთ. თუმცა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. ცოცხალი რიგითაც.ზოგიერთი ლაბორატორია უზრუნველყოფს ბინაზე მომსახურებასაც.კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, 600-მდე PCR ტესტი გამოიკვლიეს. კლინიკის ლაბორატორიაში მუშავდება როგორც თავად „ნიუ ჰოსპიტალში“ აღებული ტესტები, ისე სხვადასხვა კლინიკიდან შესული ნიმუშები. გიორგი კორძახია, „ნიუ ჰოსპიტალსის“ მთავარი ექიმი და კლინიკური დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საკმაოდ მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკუთარი გადაწყვეტილებით იკეთებს PCR ტესტს: „ლაბორატორია ემსახურება როგორც სავალდებულო ტესტირების წესს დაქვემდებარებულ პირებს, ისე მათ, ვისაც ამის ეპიდემიოლოგიური საჭიროება არ აქვს და თავისი სურვილით იკეთებს ტესტს. ჩვენს კლინიკაში ტესტის ჩასატარებლად, წინასწარ ჩაწერა არ არის საჭირო. ტესტის ღირებულება შეადგენს 120 ლარს. პასუხი კი 24 საათშია მზად. რაც შეეხება ტესტირების მსურველთა რაოდენობას, შესაძლოა, შედარებით მეტი ადამიანი იყოს დღის პირველ ნახევარში, 3 საათამდე, თუმცა, ამას რიგებს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. თავად ტესტის აღების პროცედურა საკმაოდ მცირე-ხნიანია, თუმცა, უსაფრთხოების ზომებია დასაცავი და ამიტომ, ყველა წესის დაცვით უნდა ჩატარდეს პროცედურა. შესაძლოა, ამის გამო გაჩნდეს განცდა, რომ თითქოს რიგში უწევთ დგომა, მაგრამ რეალურად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცდის პერიოდი, ნამდვილად არ არის ხანგრძლივი“. ბინაზე მომსახურების სერვისს სთავაზობს PCR ტესტირების მსურველებს ლაბორატორია „ციტო“. თუმცა, ამ შემთხვევაში, ტესტის ღირებულება 200 ლარს შეადგენს. პასუხის დამზადების მაქსიმალური დრო 24 საათია. ტესტის გაკეთების მსურველებს წინასწარ, მაგალითად, ერთი კვირით ადრეც უწევთ თადარიგის დაჭერა. თუმცა, როგორც ლაბორატორიის COVID-პროგრამის ხელმძღვანელი, მარიამ ჯამაგიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, აუცილებლობის შემთხვევაში, ლაბორატორიული ჯგუფი, შესაძლოა, იმავე დღესაც მოემსახუროს პაციენტს: „რა თქმა უნდა, დილაობით არის ზარები, რომ დღეს ესაჭიროებათ ტესტის ჩატარება და ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნა. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ასეთ დროს, ფიზიკურად ვერ ასწრებს ლაბორატორია მისამართზე მისვლას და მაქსიმუმ, მეორე დილისთვის ვნიშნავთ ტესტს“. გამოცდილება - ვინ როგორ გაიკეთა PCR ტესტი? ირაკლი გაფრინდაშვილმა და მისმა ცოლმა, PCR ტესტი რამდენიმე დღის წინ, „ნეოლაბში“ გაიკეთეს. ტესტის პასუხები იმავე საღამოს მიიღეს:“ „ჩემს ცოლს ჰქონდა სიცხე. შეგვეშინდა და ტესტის აღება გადავწყვიტეთ. „ნეოლაბში“ მივედით. პატარა რიგი იყო. დაახლოებით 10 წუთი ვიდექით. თვითონ პროცედურა საკმაოდ ხანმოკლეა. პასუხები იმავე საღამოს მივიღეთ. კოვიდი არ აღმოგვაჩნდა“. „ნეოლაბს“ მიმართა ტესტის გასაკეთებლად ანდრო დადიანმაც. თვითიზოლაციის ბოლო დღეს მას ე.წ. სავალდებულო ტესტის ჩატარება უწევდა, შესაბამისად, მას ტესტის საფასური არ გადაუხდია. თუმცა, მასთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებს, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან, ტესტის ღირებულების გადახდა მოსთხოვეს: „რომ ჩამოვედით, პირველი ტესტი უფასოდ აუღეს. თუმცა, განმეორებით ტესტზე უკვე თანხა მოითხოვეს. 200 ლარი ღირდა ტესტი, ჯამში 800 ლარი უნდა გადამეხადა, ამიტომ მათ ტესტი აღარ ავუღე. მე ტესტი ორი დღის წინ გავიკეთე, თუმცა, პასუხი, ჯერჯერობით, არ ვიცი, აქამდე არავინ დამკავშირებია. ალბათ უარყოფითია და ამიტომ არ შემატყობინეს აქამდე“ „ევექსში“ გაიკეთა ტესტი ანა გრემელაშვილმა. იქ ოჯახის ექიმმა გადაამისამართა. მისი ტესტის ღირებულება სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა: „ფარინგიტი მაქვს. ყელი ხშირად მტკივა, თუმცა, ერთ საღამოს დაბალი ტემპერატურაც მქონდა და შემეშინდა. ოჯახის ექიმმა მითხრა, მაინც გადავამოწმოთო. კარგია, რომ რიგში დგომა არ მომიწია, მხოლოდ მე ვიყავი. პასუხი მეორე დღეს მივიღე, საბედნიეროდ, უარყოფითი“. სალომემ და მისმა შვილმა PCR ტესტი „მედკაპიტალში“ გაიკეთეს. როგორც კლინიკის წარმომადგენელმა აუხსნა რადიო თავისუფლებას, მათი ლაბორატორია მხოლოდ აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულ პირებს და ასევე, პედაგოგებს ემსახურება. ლუგარის ლაბორატორიაში გაიკეთა PCR ტესტი, სამი დღის წინ, რუსუდანმა: „ხალხი იყო, მაგრამ ბევრი არა. დაახლოებით 30 წუთი ველოდი ჩემს რიგს. პრობლემა არ შემქმნია. ცოტას კი ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა“. სად შეგიძლიათ ჩაიტაროთ PCR ტესტი? თუკი თქვენ არ ექვემდებარებით სავალდებულო ტესტირების დადგენილ წესს, მაშინ PCR ტესტი, საქართველოს მასშტაბით, შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგ კლინიკებში: „ულტრამედი“, „მედისონი“, „მედკაპიტალი“, „ნეოლაბი“, „ციტო“, „ევექსი“, „გორმედი“, „ჯეოჰოსპიტალსი“, „ინფექციური პათოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი“, „ონის სამედიცინო დაწესებულება“, „ზუგდიდი ინფექციური საავადმყოფო“. წყარო
პარლამენტში დღეს ნათია თურნავას ელოდებიან
დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას ელოდებიან. მინისტრი პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარდგება. ნათია თურნავა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა, შესაბამისად, პარტიის წევრები დღევანდელ სხდომას დაესწრებიან. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება. პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება. მინისტრს პარლამენტში 13:00 საათისთვის ელოდებიან.
თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" დაამარცხა
ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანური "გრანადა" იქნება. მატჩს „მიხეილ მესხი 2“-მა უმასპინძლა. მატჩის პირველ ტაიმში უპირატესობას მოსკოველები ფლობდნენ, პირველი სახიფათო მომენტი სწორედ მათ შექმნეს, თუმცა შესვენებაზე ანგარიში 0:0 იყო. მეორე ნახევარში თბილისელებმა გოლი გაიტანეს, თორნიკე კირკიტაძის ჩაწოდებით, ირაკლი სიხარულიძემ 1:0 დააფიქსირა. 76-ე წუთზე კი გავაშელიშვილმა მეორე გოლი გაიტანა. მატჩის ბოლოს მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს, რომლითაც ანგარიში შემცირდა 2:1. თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისდეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარისამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებოღონისძიებების შედეგად, თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორიდააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისუკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1985 წელსდაბადებული ი.პ., 1984 წელს დაბადებული ა.მ. და 1974 წელს დაბადებული ნ.ვ.და 1978 წელს დაბადებული ზ.შ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებსსისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმეგანახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“ და„მეტადონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარულიაუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას,ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“ და „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოშეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტითმიმდინარეობს.
საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 129 აჭარაში. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. „დაგვემატა 182 ახალი შემთხვევა და ჯამში გვაქვს 3119 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 დადასტურებული შემთხვევიდან, აჭარაში არის - 129 შემთხვევა, აქედან ბათუმი - 114, ქობულეთი - 11, 3 - ქედაში, 1 - შუახევში. თბილისში არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში - 11, ქვემო ქართლი - რუსთავში - 4, გურიაში - 3, კახეთში - 1. გამოჯანმრთელებულების რიცხვის მოხლოდ 13-ით გაიზარდა და 1435 გახდა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მიისვე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 11 კრიტიკულად მძიმე და 75-ზე მეტი მძიმე პაციენტია. მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 3119; გამოჯანმრთელებული - 1435; გარდაცვლილი - 19; კარანტინის რეჟიმში - 5014; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41;
გერმანია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 37 დამკვირვებელს გამოაგზავნის
გერმანია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 37 დამკვირვებელს გამოაგზავნის. როგორც გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, დამკვირვებლების ნაწილი საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვა, მეორე ნაწილი კი ოქტომბრის ბოლოს. "ვიმედოვნებ, გვეყოლება ODIHR-ის სრული სადამკვირვებლო მისია, სამასზე მეტი დამკვირვებლით იმისათვის, რომ ამ არჩევნებს სათანადოდ დავაკვირდეთ. ეს არჩევნები, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მოსდევს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებითაც შეიცვალა საარჩევნო სისტემა. ამრიგად, უკეთესი შანსი აქვთ შედარებით მცირე პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში. ყველა საელჩო, თქვენს მიერ დასახელებულების ჩათვლით, გულდასმით აკვირდება საარჩევნო კამპანიას და პარტიების აქტივობებს", - განაცხადა ქნირშმა.
300-მდე სოფლის ტრანსფორმაცია – UNWTO-ს სხდომაზე სოფლის ტურიზმის განვითარების ესპანური პროექტი წარადგინეს
ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში წამყვანი ტურისტული ორგანიზაცია „გლობალიას“ გენერალურმა დირექტორმა ლისანდრო მენუ მარქემ UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, ტურიზმის განვითარების პროექტი წარადგინა, რომელსაც „მსოფლიო“ (Pueblo) ჰქვია. კერძოდ, მან ესპანეთის თერმული რუკა წარმოადგინა, რომელიც დასახლებული ადგილების სიმჭიდროვეს ასახავს და აჩვენებს იმ ადგილებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. „მსოფლიო დგას გაუჩინარების ზღვარზე, ეს პროცესი სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის ქმნის პრობლემას და რისკის ქვეშ აყენებს ბუნებრივ კულტურულ ისტორიულ ობიექტებს, რომლებიც დიდი ღირებულებით გამოირჩევიან. თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში უფრო და უფრო მეტი მაცხოვრებელი ქალაქიდან სოფელში გადადის, რათა დროის გასატარებლად ახლებური გზები მოიძიონ. შესაბამისად იძიებენ იმ ადგილს, სადაც იდენტობა გააჩნიათ და სადაც უფრო მეტი კონტაქტი გააჩნიათ ბუნებასთან. ესპანეთში 3 000-ზე მეტი მიტოვებული სოფელია, იქ არსებობს შენობები ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება გარდაიქმნას იმისთვის, რომ შემოქმედებითი გამოსავალი მოვიძიოთ. ჩვენი პროგრამის ინიციატივაა მიტოვებული სოფლების აღდგენა ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. ეს პროგრამა ინტეგრირებული შემოთავაზება, რომლის ფარგლებში მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილებს ვთავაზობთ და შემდეგ ხდება გამრავალფეროვნებული შეთავაზება. თითოეულ ადგილს თავისი კონკრეტული იდენტობა ექნება იქიდან გამომდინარე რა არქიტექტურაა, რა გარემოა და ა.შ. გვინდა შევთავაზოთ სპორტის, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ა.შ. ტურიზმის კუთხით სხვადასხვა სოფლები, იმისთვის რომ შემდეგი წლების განმავლობაში უზრუნველვყოთ 300-მდე სოფლის ტრანსფორმაცია“, - განაცხადა ლისანდრო მენუ მარქემ. მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოსდაცვით მიმართულებას, რაც მოიაზრებს განახლებადი ენერგიების, ელექტრომობილების და ცირკულარული ეკონომიკის გამოყენებას. ამასთან მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა სოფლებში თემების აღდგენა დაკავშირებულია მოსახლეობის გადამზადებასთან, იმისთვის რომ მათ ჰქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა. ამავე დროს ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი ეკოლოგიური პროდუქტების წარმოებას, ადგილობრივების ეკონომიკურ გააქტიურებას, რაც სამუშაო ადგილების შექმნით მიიღწევა. „სოფლებში გვინდა გვქონდეს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და ჭკვიანი სერვისის მართვის სისტემები, სერვისებზე და გადახდების სისტემებზე წვდომა. ყველა სოფელი დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს პროგრამასთან, რომელიც უზრუნველყოფს სერვისების განხორციელებას. ყველა ქალაქი თავისი მახასიათებლებით უნიკალურია, მაგრამ ყველა პროექტი იქნება თანამშრომლობის შედეგი, სადაც მაღალგანვითარებული კომპანიები შესთავაზებენ ინტეგრირებულ გამოცდილებას და ასევე ეს იქნება უმაღლესი ხარისხის სერვისები. ასევე მნიშვნელოვანია ინსტიტუციური თანამშრომლობა კერძო და საჯარო პარტნიორებს შორის და ეს ხდება ადგილობრივ თემებთან და ცენტრალურ მთავრობასთან თანამშრომლობით“, - აღნიშნა „გლობალიას“ გენერალურმა დირექტორმა. მისი ინფორმაციით, „პუებლოს“ პროგრამა ესპანეთის მთავრობის და რეგიონული უწყებების პრიორიტეტს წარმოადგენს.
"უარს არ ამბობენ დიდ ქორწილებზე, კვლავ ტარდება, რაც ძალიან ცუდია, თავი შევიკავოთ"
ინფექციური საავადმყოფოს სამდიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საზოგადოება ისევ არ ამბობს უარს დიდ ქორწილებზე, კვლავ, ტარდება, რაც ძალიან ცუდია. ეზუგბაიას თქმით, დიდი თავყრილობები კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს. „2-3 დღეა, თითქმის სტაბილური მონაცემებია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ PCR დიაგნოსტიკა მკვეთრად გაზრდილია. PCR ტესტირება 2 კვირაში ძალიან გაზრდილია, თითქმის გაორმაგებულია. გუშინდელი მონაცემებით, ჩატარებულია 13 226 ტესტი. ასეთი გაზრდილი ტესტირების ფონზე, მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება. ჩვენ, მოქალაქეებს მაღალი პასუხისმგებლობა გვქონდა, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ, რეგულაციები შევასრულოთ. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ისევ არ ამბობენ უარს დიდ ქორწილებზე, კვლავ, ტარდება, ეს ძალიან ცუდია. თავი შევიკავოთ, კარგია ეს ყველაფერი მაგრამ ვეცადოთ, დიდ თავყრილობებს თავი მოვარიდოთ, რათა დაავადება არ გავრცელდეს. თუ რეგულაციებს შევასრულებთ, თავყრილობების შემცირებით და ნორმების გათვალისწინებით ეს მიღებული მონაცემები ალბათ სტაბილური იქნება და ამას ალბათ, მოჰყვება ახალი შემთხვევების შემცირება და დაღმართი. მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ოჯახებს, საკუთარ თავს, მეგობრებს. დავიცვათ ერთმანეთი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან ერთი კრიტიკულად მძიმეა, 4 კი მძიმე პაციენტი.
საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 200 ლარით შემცირდა
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე შემცირდა, საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 3,016 ლარს შეადგენდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 200 ლარით ნაკლებია. ერთ მოსახლეზე მშპ-ის ოდენობის კლება მეორე კვარტალში 12.3%-იანი რეცესიით არის განპირობებული. საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში ვარდნა 20%-საც აჭარბებს, მათ შორისაა ტურიზმი, რომლის შემოსავალიც 40%-ით არის შემცირებული. საქსტატის შეფასებითვე, 2020 წლის 7 თვეში ქვეყანაში ეკონომიკურმა ვარდნამ 5.7% შეადგინა. სექტორული ეკონომიკური ზრდის/ვარდნის მაჩვენებლები ასეთია: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - ზრდა 4.7%;სამთომოპოვებითი მრეწველობა - ზრდა 6.4%;დამამუშავებელი მრეწველობა - კლება -12.1%;ენერგეტიკა - კლება -3.8%;წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - კლება -13.8%;მშენებლობა - კლება - 24.5%;საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - კლება - 13.2%;ტრანსპორტი და დასაწყობება - კლება -22.6%;ტურიზმი - განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - კლება -40%;ინფორმაცია და კომუნიკაცია - კლება -14.7%;საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - კლება -15.5%;უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - კლება -1%;პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - კლება - 28.8%;განათლება - ზრდა 11.7%;ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - ზრდა 14.3%;ხელოვნება, გართობა და დასვენება - კლება -24.1%;სხვა სახის მომსახურება - კლება - 32.8%. საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.6 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.7 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.5 პროცენტი), მშენებლობა (6.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი).
17 სექტემბრის მონაცემებით საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული
17 სექტემბრის მონაცემებით საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 58 %-ით აღემატება. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (1096,9 ტონა), იტალიაში (636,7 ტონა), ჩეხეთში (220,3 ტონა), ესპანეთში (127 ტონა), პოლონეთში (126 ტონა), ლიეტუვაში (101 ტონა), საფრანგეთში (81 ტონა), საბერძნეთში (34,7 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთსა (22 ტონა) და ლატვიაში (21 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი (229,5 ტონა), რუსეთი (160 ტონა), უკრაინა (83,7 ტონა), ბელარუსი (80,5 ტონა), ბრაზილია (74,0 ტონა), მექსიკა (39,0 ტონა) და დიდი ბრიტანეთი (22 ტონა). წელს თხილის დაბინავების პროცესში 30-ზე მეტი საწარმოა ჩართული. სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა. კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს.