ძებნის რეზულტატი:

საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2937-მდე გაიზარდა. stopcov.ge-ის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 1422-ს შეადგენს. ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, უცხოეთიდან ჩამოყვანილი 41, გარდაცვლილი კი19 ადამიანი.

ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ქეთევან ციხელაშვილი ეუთოში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

2020 წლის 16 სექტემბერს, ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ქეთევან ციხელაშვილი ეუთოში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან აღნიშნა, რომ ჯგუფის განცხადებები, მათ შორის ახლახან, განახლებული მუდმივი საბჭოს პირველივე სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებული ერთობლივი განცხადება არის პარტნიორების მხრიდან საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის დადასტურება და მოწმობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვანია რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიისა და ტერიტორიების ოკუპაციის შეფასებისას. ქეთევან ციხელაშვილმა ჯგუფის წევრებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ ურთულეს მდგომარეობასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციები და ხაზი გაუსვა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების, მათ შორის, კიბერ-თავდასხმების და დეზინფორმაციის გამოყენებას. ქართულმა მხარემ მეგობართა ჯგუფის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრების პროცესთან დაკავშირებით, რასაც თან ერთვის ადგილობრივ მაცხოვრებელთა უკანონო დაკავებები. ამ კონტექსტში, ელჩმა ყურადღება გაამახვილა, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონოდ დაკავების ფაქტზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ზაზა გახელაძის და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ამჟამად მყოფი სხვა პირების, კერძოდ - გენადი ბესტაევისა და ხვიჩა მღებრიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სხვა აქტუალურ თემებს, მათ შორის, შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის მზაობა, მოახლოებული არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოსა და დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარებასთან დაკავშირებით და განმეორებით მოიწვია პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. მან ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე აქტიურად მუშაობს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან, საერთაშორისოს დამკვირვებლებისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად, გლობალური პანდემიის მიუხედავად. მეგობართა ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა და გამოხატეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისათვის. ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი 2014 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით. ჯგუფის წევრები არიან: ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთანებული სამეფო და აშშ.

"აკრძალვების ნაცვლად ვაპირებთ ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გადაწყვეტილება „Wizz Air-ის“ მიერ რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასევე ავიაკომპანია „Ryanair-თან“ და წლის ბოლომდე ფრენებს ისიც აღადგენს. „ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველო გადავიდა ადაპტაციის ეტაპზე. ეს კი ნიშნავს, რომ აკრძალვების ნაცვლად ვაპირებთ ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად. ჩვენი ეკონომიკა იმუშავებს და ეს ნიშნავს საზღვრების მეტ გახსნილობას. ჩვენ დღესდღეობით უფრო აქტიურად ვიყენებთ PCR ტესტების მიდგომას, ვიდრე კარანტინისას, რაც ერთი მხრივ, ამცირებს იმპორტირებული ინფიცირების რისკებს და ეტაპობრივად ვხსნით ფრენებს. მაგალითად, სექტემბერში 90-მდე ფრენაა დაგეგმილი. უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას „Wizz Air-ის“ რეგულარული ფრენების ეტაპობრივ აღდგენასთან დაკავშირებით უსაფრთხო მიმართულებებით. ასევე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები „Ryanair-თან“, თუ რა ფორმით და მიმართულებით აღდგება ფრენები. მიმდინარე წელს ესეც განხორციელდება“, - განაცხადა ნათია თიურნავამ.

მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა

მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერლის დედა, მანანა გვასალია ავრცელებს. „ამ დღის სულ მეშინოდა, ჯაბა აღარ მყავს. შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი, სიცოცხლე შენს გამო მინდოდა. ჯაბა, ჩემო ერთადერთო“,-წერს დედა. შეგახსენებთ, ჯაბა ბოჯგუა რამდენიმე წლის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას გულის შეტევა ციხეში დაემართა, შემდეგ კი, კომაში ჩავარდა.

"პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა, ვიდრე ვაქცინა"

"პირბადე Covid-19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა, ვიდრე ვაქცინა", - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა რობერტ რედფილდმა განაცხადა. „მინდა ვთქვა, რომ პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას მაძლევს, ვიდრე ვაქცინაცია, რადგან იმუნოგენურობა შეიძლება 70% იყოს და თუ არ მექნება იმუნური პასუხი, ვაქცინა ვერ დამიცავს, პირბადე - კი," - განაცხადა რობერტ რედფილდმა. მან მოქალაქეებს პასუხისმგებლობის გამოჩენისა და პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში Covid-19–ით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ–ში დაინფიცირდა და გარდაიცვალა. ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 945 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 000 000–ზე მეტი ადამიანი, 21 809 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

"არ არის სასურველი კანდიდატები ამომრჩეველს ეხუტებოდნენ" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის მონაწილეებს ურჩევს, “ერთმანეთის გადახვევისგან” თავი შეიკავონ. გამყრელიძეს ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, მისაღებია თუ არა, როდესაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებისას კანდიდატები ეხუტებიან ამომრჩევლებს. “არ არის სასურველი, ამ პერიოდში და საერთოდ არ არის სასურველი… გადავეჩვიოთ… გაზაფხულზე გახსოვთ იყო ჩვენი მოწოდებები, არ ვკოცნიდით ერთმანეთს მაინცდამაინც, არ ვეხუტებოდით… შევიკავოთ თავი. მესმის, გარკვეული ემოციური ფაქტორია, მაგრამ მოდით, დავძლიოთ ემოცია. არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა”, – განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება არჩევნების დღესთან დაკავშირებული რეგულაციები. გამყრელიძე ამბობს, რომ ცალკე ხმის მიცემას შეძლებენ ისინიც, ვისაც საარჩევნო უბანზე მისულს ტემპერატურა დაუფიქსირდება. მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 2937; გამოჯანმრთელებული - 1422; გარდაცვლილი - 19; კარანტინის რეჟიმში - 6633; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41;

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი", არადეკლარირებული მედიკამენტების, სიგარეტისა და სხვადასხვა დასახელების საქონლის, ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 34 დასახელების მედიკამენტი, ჯამში 24,600 ღერი უაქციზო სიგარეტი და 1163 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ სომხეთის მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი (1000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი) და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო საქართველოს მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცემა.

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 12 ორსულია მოთავსებული

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების რაოდენობა გაიზარდა. როგორც კლინიკის ექიმმა ნუგზარ პაპავამ განაცხადა, დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებულ 12 პაციენტს მკურნალობენ, აქედან ერთი 38 კვირის ორსულია. ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებული ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ ჩივილები არ აქვთ. "დაგვემატა ოთხი ორსული და ამ ეტაპზე გვყავს 12 კოვიდინფიცირებული ორსული. მათ შორის ერთი 38 კვირის ორსულია. საბედნიეროდ, ყველა პაციენტის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მათი ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი პაციენტებისათვის. იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სულ 30 კოვიდინფიცირებული პაციენტის მიღება შეგვიძლია,"- აღნიშნა ნუგზარ პაპავამ. მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 2937; გამოჯანმრთელებული - 1422; გარდაცვლილი - 19; კარანტინის რეჟიმში - 6633; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41;

საია - დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება. მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შუალედური ანგარიში 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს მოიცავს და მასში მოცემულია ანალიზი გამოვლენილ დარღვევებზე ან ისეთ ქმედებებზე, რომელიც თავისთავად კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ცუდი პრაქტიკაა. პრეზენტაციაზე სულხან სალაძემ აღნიშნა, რომ საიას დამკვირვებლებმა როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან დააფიქსირეს სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 5 შემთხვევა (მათ შორის, COVID-19-ის შედეგების აღმოფხვრის ანტიკრიზისული გეგმა), ამომრჩევლის მოსყიდვისა და სავარაუდო მოსყიდვის 5 შემთხვევა, ძალადობრივი ქმედებების, დაძაბული არჩევნების წინა გარემოს შექმნისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლის 6 შემთხვევა. „განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა სახელმწიფოს მხრიდან პანდემიით გამოწვეული კრიზის დასაძლევად გადადმული ნაბიჯები, რაც რიგ შემთხვევებში, კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმებოდა. ამას გარდა აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შეზღუდვების ამოქმედებამდე მცირე ხნით ადრე საკუთარ აქტივობებში საჯარო რესურსი გამოიყენა. გასული წლების მსგავსად, ამჯერადაც დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან („ლელო“ და „პატრიოტთა ალიანსი“)“, - აღნიშნულია მონიტორინგის შედეგებში. როგორც სულხან სალაძემ განაცხადა, საიას სადამკვირვებლო მისიისთვის ძალადობრივი ქმედებისა და არჩევნებისწინა პერიოდში დაძაბული გარემოს შექმნის რამდენიმე ფაქტი გახდა ცნობილი. მაგალითად, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს („ლელო“, „მოძრაობა ხალხისთვის“) არ მიეცათ არჩევნებისწინა აქტივობების გამართვის საშუალება, რამაც დაძაბული გარემო, კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა. „სხვა ფაქტები შეეხებოდა ისეთ შემოწირულებას, რომლის კანონიერებაზეც კითხვები არსებობს, ასევე, პარტიის რეგისტრაციას, არჩევნებით მანიპულირებას, პარტიების პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას. საია აგრძელებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და უზრუნველყოფს მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევების მიწოდების გზით“, - ნათქვამია საიას მიერ მომზადებულ მონიტორინგის შედეგებში. შუალედური ანგარიშის სრული ვერსია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

"არანაირი სერიოზული ნეგატიური მოლოდინი ლართან დაკავშირებით არ არსებობს" - მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ლართან მიმართებაში არანაირი სერიოზული ნეგატიური მოლოდინი არ არსებობს. თურნავს თქმით, როგორც მსოფლიო, ისე საქართველოს ეკონომიკას ძალიან უჭირს, თუმცა სერიოზული რყევები მოსალოდნელი არ არის. „მე ვფიქრობ, რომ ნეგატიური მოლოდინები ჰქონდა ბიზნესს, რომ ჩვენ მივმართავდით საყოველთაო საკარანტინე ზომებს, თუმცა არ გამართლდა. ჩვენ ამას ვხსნით, რომ მოსალოდნელი ინფიცირების შემთხვევების ზრდა გვაქვს იმის შემდეგ, რაც ძალიან აქტიური შიდა სეზონი ჩატარდა, თუმცა ვხედავთ, რომ პიკი უკვე გარდატყდა და თანდათან კლებისკენ გადავა. ბიზნესი ხედავს, საქმიანობაში არ შეეშლება ხელი, მოსახლეობა ხედავს, რომ არ შეეშლება მობილობაში ხელი, ანუ არაფერი სერიოზული ნეგატიური მოლოდინი ლართან დაკავშირებით არ არსებობს“, - განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, რომ ლარი ბოლო კვირეების განმავლობაში აშშ დოლართან 3%-ით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად მორიგი სავალუტო აუქციონი გუშინ გამართა და $40 მილიონი დოლარი გაიყიდა, თუმცა ლარი დოლარის მიმართ მაინც გაუფასურდა. ეს 2020 წლის რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია იყო. ამ აუქციონებზე ჯამურად $410 მილიონი დოლარია გაყიდული. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, აუქციონები წლის ბოლომდე გაგრძელდება და მათი ჯამური მოცულობა შემდგომ თვეებში, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტი იქნება.

დაზარალებული ივენთ კომპანიები ეკონომიკის სამინისტროში დაიბარეს

სოციალური ღონისძიებების აკრძალვით დაზარალებული სექტორი დღეს ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრას მართავს, - ამის შესახებ bm.ge-ს ივენთ მენეჯერმა მაკა ყუბუსიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ზუსტად არ იცის, მთავრობა რას შესთავაზებს სექტორს, თუმცა ნაბიჯის გადადგმა უკვე ძალიან კარგია. „დღეს არის შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში, რომელსაც დაესწრებიან კომპანიები. ეს პირველი შეხვედრაა და არ ვიცით, რას გვეტყვიან. უნდა გადავწყვიტოთ ერთობრლივად რა გზები შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ ეს გაუქმებული ღონისძიებები დაგვიკომპენსირდეს. იქნება ეს ფინანსური ანაზღაურება თუ სხვა შემოთავაზება, არ ვიცით. ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სექტორს გვხვდებიან. მე არ ვიცი ეს მთავრობას უკვე დაგეგმილი ჰქონდა, თუ ჩვენს მიერ ატეხილი აჟიოტაჟის მერე მოიფიქრეს, მაგრამ მთავარი შედეგია“, - განაცხადა ყუბუსიძემ. ინფორმაციისთვის, გუშინ, უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოციალური ღონისძიებების აკრძალვით გამოწვეული ზარალი რაიმე ფორმით დაკომპენსირდეს. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება, რომ ამ ყველაფერმა წინასაარჩევნო კამპანიის სახე არ მიიღოს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, დაზარალებულმა კომპანიებმა აქცია გამართეს და მთავრობისგან ყურადღება ითხოვეს. წყარო

"საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა პირობა არსებობს"

"საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა პირობა არსებობს", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ განაცხადა და განმარტა თუ რა არის სავალდებულო არჩვნებში მონაწილეობის მისაღებად. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ცესკო-სთან, რათა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლების რეალიზაცია, კერძოდ კი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. დღევანდელი დღის მონაცემებით, საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა პირობა არსებობს. დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია, რომ საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე. საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა. ამასთან საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი შეუძლია გადაამოწმოს შემდეგ ვებგვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია, სამი გზით: 1. დისტანციურად, ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით, რა დროსაც მოქალაქე ავსებს შესაბამის ანკეტას ელექტრონულად, საელჩოსა თუ საკონსულოში გამოცხადების გარეშე. 2. საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადებით. 3. საფოსტო გზავნილის მეშვეობით, საელჩოსთვის/საკონსულოსთვის მატერიალური ფორმით დოკუმენტების გაგზავნის გზით .როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს თავის პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. მათ შორის ყველაზე პრაქტიკული და მარტივია, დისტანციურად, www.geoconsul.gov.ge-ზე ელექტრონული განაცხადის გაკეთება. გაუთვალისწინებელი პრობლემური სიტუაციის თავიდან არიდების მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა მოქალაქეებმა უნდა გადაამოწმონ აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი, საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge-ზე შექმნილ სპეციალურ პლათფორმაზე. 2020 წელს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს შექმნის არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის, შესაბამისად ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თუ რამდენი საარჩევნო უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ, რადგან 10 ოქტომბრის ჩათვლით აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეთა საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება. 11 აგვისტოს მონაცემებით საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 52702 საქართველოს მოქალაქე.

თსუ-ს სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, კორონავირუსი დაუდასტურდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, გუშინ კოვიდ-19 დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, სტუდენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი დაინფიცირების წყაროს თსუ არ წარმოადგენს. „თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია. თსუ-ს ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია. მასთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილი არიან კარანტინში. საერთო საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული. საერთო საცხოვრებლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. წყარო

"ბავშვებს, რომლებსაც პანდემიამდე ნორმალური წონა ჰქონდათ, ახლა წონაში მოიმატეს" - ენდოკრინოლოგი

ბავშვთა ენდოკრინოლოგი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ხელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიისას ბავშვებში სიმსუქნის პრობლემამ იმატა. როგორც ნინო ხელაძე აცხადებს, პანდემიის პერიოდში ბავშვებში მოიმატა ქცევის დარღვევამ და ძილის პრობლემებმაც. „კარანტინის და პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი საგანგაშო საკითხი. განსაკუთრებით გამოვყოფდი ბავშვებში სიმსუქნის და ჭარბი წონის მატებას. ბავშვებს, რომლებსაც პანდემიამდე ნორმალური, ჯანმრთელი წონა ჰქონდათ, იმის გამო რომ ფიზიკურ აქტივობას, სპორტს დაანებეს თავი, წონაში მოიმატეს. განსაკუთრებით დამღუპველი ეფექტი იქონია თითქმის უმეტსობა იმ პაციენტზე, ვისაც საგანგაშოდ მაღალი წონა ჰქონდა, მათ კიდევ უფრო მოიმატეს. განსაკუთრებული საჭიროებების და ნევროლოგიური დაავადების მქონე ბავშვებიც საყურადღებო ჯგუფია. თუ ასეთი ტიპის ბავშვებს ისედაც ჰქონდათ გადაადგილება შეზღუდული, ახლა როდესაც სახლში მოუწიათ გამოკეტვა, მხოლოდ საკვებს იღებდნენ, უმეტესობა კომპიუტერის და მობილურის ეკრანს იყო მიჯაჭვული და სავალალო შედეგები მივიღეთ. მთელმა მსოფლიომ დათვალა, განსაკუთრებით იტალიას აქვს უამრავი სტატისტიკა, თუ რამდენად მოიმატა სიმსუქნის და მხედველობის პრობლემამ ბავშვებში, იმიტომ რომ ეკრანთან დიდ დროს ატარებებდნენ. მოიმატა ასევე ქცევის დარღვევამ და ძილის პრობლემებმაც. ყველა ბავშვი მიჩვეული იყო დილით ადრე ადგომას და სკოლაში წასვლას, ახლა უმეტესობას შეიძლება შუადღემდე ძინავს, ბევრ საათს ატარებს ტელეფონთან და ასე შემდეგ. ამან ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიგროვა ბავშვთა ენდოკრინოლოგებს და პედიატრებს“,-განცხადა ნინო ხელაძემ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ხელაძე აცხადებს, რომ მოზარდებში ჭარბი წონა კორონავირუსის დროს რისკფაქტორია. „მუდმივად გვესმის საუბარი ტელევიზიით, თუ რა არის მოზრდილებში კორონავირუსის რისკ-ფაქტორები. ვინ არის განსაკუთრებული რისკის ქვეშ. გვესმის, რომ ეს ის პაციენტები არიან, ვისაც აქვს ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასე შემდეგ. აღმოჩნდა რომ ბავშვებში სიმსუქნე ერთ-ერთი წამყვანი რისკ-ფაქტორია გართულებების თვალსაზრისით“, - განაცხადა ხელაძემ. წყარო

რუსთავში ორი ახალგაზრდა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისრუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებულიოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ორიპირი - ბ.ბ. და ნ.უ. ქალაქ რუსთავში დააკავეს. მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგისდაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ანშეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში პატრულირებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე ახალგაზრდა შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირებაჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცადაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი, მათ შორის ბ.ბ. და ნ.უ. არდაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებსწინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელიშეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მყოფმაერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.ბ.ბ. და ნ.უ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო ინციდენტშიმონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით სამართალდამცველები განაგრძობენინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს. ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგისდაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნითჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2ნაწილით მიმდინარეობს.

1 ოქტომბრიდან Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენებს განაახლებს

"შემდგარია შეთანხმება, რომ 1 ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენები გაიხსნება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. „ეს იქნება კვირაში ერთი რეისი, რომელსაც „Wizz Air“ შეასრულებს და აჩვენებს ტენდენციას, რომ ფრთხილად და გონივრულად ავამოძრაოთ ეკონომიკა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსოფლიო ბანკი: "პანდემიის გამო დაზარალებული გლობალური ეკონომიკის აღდგენას შესაძლოა, 5 წელი დასჭირდეს"

Covid–19–ის პანდემიის გამო დაზარალებული გლობალური ეკონომიკის აღდგენას შესაძლოა, 5 წელი დასჭირდეს, – ამის შესახებ შესახებ მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა კარმენ რეინჰარტმა განაცხადა. "როგორც კი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სრულად მოიხსნება, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი მყისიერად დაიწყება, თუმცა გლობალური ეკონომიკის სრულად აღდგენას სავარაუდოდ, 5 წელის დასჭირდება", – განაცხადა რეინჰარტმა ​ მადრიდში გამართულ პრეს–კონფერენციაზე. მისივე თქმით, "ღარიბ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის დაძლევას უფრო დიდი დროს დასჭირდება, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში". ცნობისთვის: მსოფლიო ბანკის შეფასებით, პანდემიით გამოწვეულმა სწრაფმა და მასიურმა შოკმა და მის მიმართ განხორციელებულმა შემაკავებელმა ღონისძიებებმა გლობალური ეკონომიკის მკვეთრი დაღმასვლა განაპირობა. მისი პროგნოზის მიხედვით, წელს გლობალური ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი 5.2% იქნება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2020 წლის ივნისის გამოცემის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის მომდევნო პერიოდში ეს ყველაზე ღრმა რეცესია იქნება, რომელიც 1870 წლის შემდეგ ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის მაჩვენებლის უდიდესი კლებით გამოიხატება. ანგარიშის თანახმად, საქართველოში მშპ-ის რეალური შემცირება 2020 წელს სავარაუდოდ -4,8 პროცენტი იქნება, ხოლო 2021 წლისთვის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.0 პროცენტს მიაღწევს.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩეხეთისგან 186 000 ევროს აპარატურას მიიღებს

ჩეხეთის განვითარების სააგენტო ახალი ინიციატივის – Tied Financial Donation-ის ფარგლებში ბათუმისა და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოებს ჩეხურ სამედიცინო აპარატურას გადასცემს. ახალი აღჭურვილობის მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება 2020 წლის ბოლომდე. საერთო ღირებულება 371 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 186 000 ევროს, ხოლო რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფო 185 000 ევროს მიიღებს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სახელით ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა თბილისში, პეტრ მიკისკამ, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი გვაზავამ და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, ნუგზარ ჯანჯღავამ.

"არანაირი მკაცრი ჩაკეტვა და შეზღუდვა აღარ იქნება"

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები და ჩაკეტვა აღარ იქნება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ამჟამად მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა. „ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და რაც მთავარია, მართვადია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკურის, მოხსნასთან ერთად ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ, ყოველთვის ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა სწორედ იმიტომ იყო, რომ ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაგვერჩინა და ეკონომიკისთვის ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა, რადგან ვირუსთან დაკავშირებით მაშინ ცოდნა საერთოდ არ არსებობდა და ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო. ჩვენ ეს დრო მოვიგეთ. დღეს არა მხოლოდ საქარველოში, არამედ მსოფლიოშიც ვირუსთან დაკავშირებული ცოდნა ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მსგავსი ციფრების მიუხედავად, ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელოთ“,-განაცხადა გახარიამ. პრემიერის თქმით, დღეს მთავრობის ძირითადი ამოცანაა ეკონომიკის მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა და მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა. „დღეს პრიორიტეტუი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს გარკვეული წესების დაცვის გარეშე შეუძლებელია. ეს მარტივი წესებია: პირბადე, სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის წესების დაცვა და ასე შემდეგ. ეს ის წესებია, რომელსაც ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება, ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს“,-განაცხადა გახარიამ. მისი თქმით, საქართველოში მკაცრი, სისტემური შეზღუდვები აღარ იგეგმება. „მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ არანაირი მკაცრი ჩაკეტვა და შეზღუდვა აღარ იქნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს გარკვეული ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი, სისტემური შეზღუდვები, რომლითაც პირველ ეტაპზე მობილობა დავაგდეთ, მსგავსი შეზღუდვები ქვეყანაში აღარ განმეორდება“,-განაცხადა გახარიამ.

ევროპარლამენტი ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიჩნევას არ აპირებს

ევროპარლამენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ მიიჩნევს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მას შემდეგ, რაც მას მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა გაუვა 2020 წლის 5 ნოემბერს. ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც დღეს მიიღო ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 574-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 38, თავი შეიკავა 82-მა. ევროპარლამენტის დეპუტატები აღნიშნავენ, რომ, ევროკავშირის მიერ ადრე გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ისინი უარყოფენ ოფიციალური მინსკის მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ შედეგებს „ეგრეთწოდებული საპრეზიდენტო არჩევნებისა“, ვინაიდან ის ყველა საერთაშორისო სტანდარტის უხეში დარღვევით ჩატარდა. ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ბელარუსის ხელისუფლებას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობისა და რეპრესიებისთვის და გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ მოეღოს ბოლო ამ დევნას და გათავისუფლებულ იქნეს ყველა, ვინც დაკავებულია პოლიტიკური მოტივებით - როგორც კენჭისყრის ძირითად დღემდე, ისე მის შემდეგ. ევროპარლამენტარები ცალკე პუნქტში გმობენ დაშინებს, დევნასა და ძალის არაპროპორციულ გამოყენებას ბელარუსის რიგ საწარმოში გამართული გაფიცვების მონაწილეების, ასევე ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრების მიმართ. ევროპარლამენტის დეპუტატები აღნიშნავენ, რომ მხარდაჭერას უცხადებენ ბელარუსის მოქალაქეებს მათ კანონიერ სწრაფვაში, გაიმართოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. დეპუტატები მოითხოვენ, რომ ბელარუსში ნებისმიერი ეროვნული დიალოგი უნდა წარმოებდეს ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრების სრული და დაუბრკოლებელი მონაწილეობით. გარდა ამისა, ევროპარლამენტის მიერ მოწონებულ რეზოლუციაში ლაპარაკია ევროკავშირის მიერ ინიცირებული სანქციების ყოველმხრივ მხარდაჭერაზე ბელარუსის რიგი მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის, ოპოზიციის მომხრეთა მიმართ ძალადობისა და რეპრესიებისთვის. კანონმდებლები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, მისდიოს ბალტიის ქვეყნების მაგალითს, რომლებმაც სანქციების საკუთარ სიებში ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკაც შეიყვანეს.