ძებნის რეზულტატი:
აზერბაიჯანის პარლამენტი ევროპარლამენტთან ურთიერთობას წყვეტს
აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა შეაჩერა. აზერბაიჯანი წყვეტს მონაწილეობას ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში და იწყებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის წევრობის შეწყვეტის პროცედურას. მილი მეჯლისის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისი, უცხო ქვეყნების პარლამენტებთან და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, ხელმძღვანელობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნით ერთობლივი საქმიანობით და ხელს უწყობს ღია, გულწრფელ და კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც დაფუძნებულია საპარლამენტო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის დესტრუქციული პოზიცია, რომელიც უარყოფს აღნიშნულ პრინციპებს, ამ ორგანოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებისთვის მთავარი დაბრკოლება გახდა. „მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისმა 2015 წელს ამ დამოკიდებულების გამო ევროპარლამენტთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტა, მოგვიანებით მან მეორე მხარის მრავალი მოწოდებისა და დაპირების საფუძველზე აღადგინა თანამშრომლობა. ამის მიუხედავად, ევროპარლამენტმა არ შეასრულა თავისი დაპირებები და თანმიმდევრულად განაგრძო ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკა, ცილისწამების კამპანია,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. აზერბაიჯანის მილი მეჯლისში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ ევროპარლამენტის ამ საქმიანობამ კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მილი მეჯლისმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: „შეჩერდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თანამშრომლობითი ურთიერთობები ევროპის პარლამენტთან ყველა მიმართულებით. შეწყდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის მონაწილეობა ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის საქმიანობაში. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წესდების შესაბამისად, დაიწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის ამ ორგანიზაციაში წევრობის შეწყვეტის პროცედურული წესების ამოქმედება და პროცედურის პერიოდში მილი მეჯლისის დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებებში,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ევროკავშირის ელჩი მარიანა კუიუნჯიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მკაცრად დაგმეს ევროპარლამენტის მიერ 30 აპრილს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაში შემავალი „უსაფუძვლო და მიკერძოებული დებულებები და ამასთან დაკავშირებით მეორე მხარეს პროტესტის ნოტა გადაეცა.“
დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები „ჩრდილოეთის ფლოტის“ ალიანსს ქმნიან
დიდი ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან საფრთხის ზრდის ფონზე, არქტიკასა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში თავდაცვის გაძლიერების მიზნით, მრავალეროვნულ საზღვაო ძალებს აერთიანებს. „ჩრდილოეთის ფლოტის“ ალიანსის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა 2029 წლისთვის იგეგმება. გენერალმა გვინ ჯენკინსმა განაცხადა, რომ გასულ კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ, ჩრდილოეთ ევროპის საზღვაო ძალების უფროსებმა ხელი მოაწერეს „განზრახვების განცხადებას“, რათა „ჩრდილოეთის საზღვაო ძალების ინიციატივის“ დეტალები შემუშავებულიყო. მისი ინფორმაციით, ახალი ალიანსის შექმნა იგეგმება გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ბაზაზე, რომელშიც შედიან დიდი ბრიტანეთის, დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ნორვეგიის სამხედროები. „დიდი ბრიტანეთი ჩრდილოეთ მოკავშირეებისგან შემდგარი საზღვაო ძალების ახალ მრავალეროვნულ ძალას აერთიანებს, რათა რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე საბრძოლველად და საკუთარი ზღვების დასაცავად მზად იყვნენ,“ განაცხადა სამეფო საზღვაო ძალების მთავარსარდალმა გვინ ჯენკინსმა. მისი შეფასებით, ახლა „გარდამტეხი ეტაპია“, როდესაც „დროის დაკარგვა აღარ შეიძლება.“ ალიანსის მართვა ლონდონიდან განხორციელდება.
ევროპარლამენტი რეზოლუციით მოუწოდებს ევროკომისიას, გაყინოს ევროკავშირის დაფინანსება სლოვაკეთისთვის
ევროპარლამენტმა ევროკომისიას მოუწოდა, განიხილოს სლოვაკეთისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვის საკითხი, რადგან პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მმართველობის დროს კანონის უზენაესობის დარღვევის გამო, შეშფოთება იზრდება. პარლამენტმა 418 ხმით 207-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკომისიას ოფიციალურად მოუწოდებს, ე.წ. პირობითობის მექანიზმი პირველად გამოიყენოს და ევროკავშირის ბიუჯეტიდან სლოვაკეთის დაფინანსება შეწყვიტოს. ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილება პოლიტიკური სიგნალია და არა — სავალდებულო ბრძანება. კომისიას შეუძლია, გადაწყვიტოს, რა რეაგირება უნდა მოახდინოს, ხოლო ნებისმიერი ფინანსური ზომა კვლავ საჭიროებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობის მიერ საბჭოში დამტკიცებას.
აშშ-სა და ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა
შვიდი წლის შემდეგ პირველად, აშშ-სა და ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა. American Airlines-ის პირველი რეისი, რომელიც სამ საათამდე გაგრძელდა, მაიამიდან კარაკასში, სიმონ ბოლივარის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა. ამერიკული ავიახაზების რეისიები ვენესუელის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება. მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებს შორის უმეტესობას მედიის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები შეადგენდნენ. ვენესუელაში გამგზავრების საფასური თარიღისა და ბილეთის ტიპის მიხედვით იცვლება, თუმცა ორმხრივი ბილეთის ფასი დაახლოებით 1 000 დოლარს შეადგენს. ვენესუელაში აშშ-ის საელჩომ მუშაობა ოფიციალურად განაახლა
დიდი ბრიტანეთის მეფის ვიზიტის შემდეგ, ტრამპმა ვისკიზე ტარიფები გააუქმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეფე ჩარლზისა და დედოფალ კამილას აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტის პატივსაცემად, ის შოტლანდიური ვისკის იმპორტზე ყველა ტარიფსა და შეზღუდვას მოხსნის. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ეს ეხება ვისკის ყველა ტარიფს, მათ შორის, ირლანდიურ ვისკის. Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „დიდი ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად გადადგა. „მეფემ და დედოფალმა ისეთი რამის გაკეთება მაიძულეს, რისი გაკეთებაც სხვას არავის შეეძლო, თითქმის თხოვნის გარეშე! დიდი პატივია, რომ ისინი აშშ-ში იმყოფებიან,“ – განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპმა გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი შეაქო და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მისგან უნდა ისწავლოს.
“ეხო კავკაზა“ დაიხურა
2026 წლის პირველი მაისიდან მუშაობა შეწყვიტა რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა განყოფილებამ — “ეხო კავკაზა“, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება „ეხო კავკაზას“ რედაქციამ 3 მაისს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, RFE/RL-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა გადაწყვეტილება რესტრუქტურიზაციის აუცილებლობით ახსნა. რადიო „ეხო კავკაზა“ 2009 წლის 2 ნოემბერს შეიქმნა. 2022 წლიდან „ეხო კავკაზას“ ვებგვერდი რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკილი იყო. მას შემდეგ, რაც RFE/RL რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა, რედაქცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში წყაროებთან მხოლოდ ანონიმურ ფორმატში მუშაობდა. „ეხო კავკაზას“ რედაქციის განცხადებით, ვებსაიტი www.ekhokavkaza.com აღარ განახლდება, თუმცა ის ხელმისაწვდომი დარჩება არქივის რეჟიმში. რედაქცია იმედოვნებს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი მასალები მომავალშიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროდ დარჩება მათთვის, ვინც რეგიონს იკვლევს. ცნობისთვის, 31 მარტს „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ“ ბულგარეთში, რუმინეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში მომუშავე სამსახურები დახურა.
ფიცო: რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება შეუძლებელია უკრაინის თანხმობის გარეშე
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთთან არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არ არის შესაძლებელი უკრაინის თანხმობის გარეშე. ფიცოს თქმით, ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული აზრის მიუხედავად, მხარეებს სლოვაკეთსა და უკრაინას შორის კარგი და მეგობრული ურთიერთობების საერთო ინტერესი აქვთ. „დავადასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ვინაიდან სლოვაკეთს სურს, რომ ჩვენი მეზობელი უკრაინა სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა იყოს. შევთანხმდით, რომ მოკლე შეხვედრა გვექნება ორშაბათს [4 მაისს] ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე და გავაგრძელებთ ერთობლივი სამთავრობო სხდომების ფორმატს, და ვიზიტები გვექნება ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებში. ასევე აღვნიშნე, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში არანაირი სამშვიდობო შეთანხმება შეუძლებელია უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე,“ - წერს ფიცო. მანამდე ზელენსკიმ ფიცოსთან საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების აუცილებლობას. „მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და [ეს ქვეყანა] მზადაა, გაგვიზიაროს ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილება,“ - წერდა ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა ფიცო კიევში მიიწვია და თავის მხრივ, სლოვაკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ბრატისლავაში მიწვევისთვის. უფრო ადრე, „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით ნავთობის ტრანზიტის აღდგენამდე, ფიცომ ბრიუსელს მოუწოდა, დაევიწყებინა სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების მიმართ. 30 აპრილს ევროკომისიამ განაცხადა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს კიევში უნდა ჩავიდნენ თავიანთი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის და არა — მოსკოვში. ევროპარლამენტი რეზოლუციით მოუწოდებს ევროკომისიას, გაყინოს ევროკავშირის დაფინანსება სლოვაკეთისთვის Reuters-ი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო იმ მცირერიცხოვან ლიდერებს შორისაა, რომლებიც ამ თვეში მოსკოვში აღლუმს დაესწრებიან. ცნობისთვის, უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსული გაზის მიღება განაგრძეს, მიუხედავად ევროკავშირის მცდელობისა, ბოლო მოეღოს ბლოკის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებას. ფიცომ ევროკავშირთან ურთიერთობა, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, 2024 წელს მოსკოვში ვიზიტითაც დაარღვია და გასულ წელს, წითელ მოედანზე გამართული აღლუმის შემდეგ კრემლში რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რასაც სლოვაკეთის ოპოზიციისა და ბრიუსელის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. 9 მაისს გამართულ საზეიმო ღონისძიებებზე მოსკოვში ასევე იქნება ბელორუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო.
ევროკავშირმა სერბეთს დაფინანსება გაუყინა, ვიდრე ბელგრადი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებს
ევროკავშირმა სერბეთს დაფინანსება გაუყინა, ვიდრე ბელგრადი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სერბეთისგან ელოდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას, რომლებიც ეხება სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში დამტკიცებულ ცვლილებებს. სერბეთი კრემლის ახლო მოკავშირეა და ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ევროპულ სახელმწიფოთაგანია, რომელიც რუსეთს უკრაინაში ომის გამო სანქციებს არ უწესებს.
ერევანი „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობისა" და ევროკავშირი-სომხეთის სამიტებს უმასპინძლებს
სომხეთი “ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის” სამიტს მასპინძლობს. რიგით მერვე სამიტი 4 მაისს სლოგანით — „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“ გაიმართება. ევროკავშირი-სომხეთის სამიტი ერთობლივი დეკლარაციისა და სხვა ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერით დასრულდება. ერევანში 3 მაისს ჩავიდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი, ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარი კაია კალასი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაკუტი, მონაკოს პრინცი ალბერ II, საბერძნეთის პრეზიდენტი კონსტანტინოს ტასულასი, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ლუკ ფრიდენი, ბულგარეთის პრეზიდენტი ილიანა იოტოვა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი ჩავიდა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე, კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ანდორის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ესპოტ სამორა, მონტენეგროს პრეზიდენტი იაკობ მილატოვიჩი, ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ. დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა სომხეთის პრემიერმა. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 5 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტი შედგება. ფაშინიანსა და მაკრონს შორის შეხვედრა გაიმართება, რასაც ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა მოჰყვება. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ფაშინიანის თქმით, 5 მაისს ასევე გაიმართება სომხეთი-ევროკავშირის პირველი სამიტი. „ხვალ ევროპა სომხეთში შეიკრიბება ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტზე. კონტინენტის ლიდერები, მათ შორის, კანადა, განიხილავენ, თუ როგორ ითანამშრომლონ უსაფრთხოებისა და კოლექტიური მდგრადობის გასაძლიერებლად. სამშაბათს ჩვენ ჩავატარებთ სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტს, რომელიც გახდება მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ხელშესახები შეგედების მიღწევის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა თავის მხრივ, ანტონიუ კოშტამ. სომხეთში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერევანში ვიზიტის დროს მან ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან არაერთი საკითხი განიხილა, მათ შორის, უკრაინის ევროპული ინტეგრაცია. „მადლობა გადავუხადე მას ფინეთის მიერ უკრაინისთვის თავდაცვის მხარდაჭერის დამატებით 300 მილიონი დოლარის გამოყოფის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ამას და განვიხილეთ ჩვენი თავდაცვის პრიორიტეტული სფეროები - პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვა, რომლის გაძლიერებაც სწორედ ამ პაკეტით შეიძლება. მე შევთავაზე პრემიერ-მინისტრს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა დრონების შეთანხმების ფორმატში ხელმოწერით. უკრაინა მზადაა, გააზიაროს თავისი გამოცდილება და გააძლიეროს ისინი, ვინც სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდანვე გვაძლიერებდა. ჩვენ ასევე ცალკე შევეხეთ საერთაშორისო ძალისხმევას, კერძოდ, ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ახლა არის კარგი შესაძლებლობა მოლაპარაკებების გასახსნელად და უკრაინა ამას სრულად იმსახურებს. მადლობა ფინეთს მხარდაჭერისთვის!“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ შტორესთან განიხილა დრონების შესახებ შეთანხმება და საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან მადლობა გადაუხადა სტორეს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, კერძოდ, PURL პროგრამაში თითქმის ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებისთვის. „რუსეთი აგრძელებს ბალისტიკური რაკეტებით დარტყმებს, ამიტომ PURL-ის დროული დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა - დრონების შესახებ შეთანხმება და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მცდელობები, ასევე, კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობა. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის საკითხზე. მე მას ვაცნობე ჩვენი საჭიროებების შესახებ, კერძოდ — ბუნებრივი აირის საკითხზე მომავალი ზამთრისთვის. უკრაინა სრულად მომზადებული უნდა იყოს,“ - წერს ზელენსკი. სომხეთის რესპუბლიკას ეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად იმართება. ირაკლი კობახიძე ერევანს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. რაც შეეხება სამიტს, ევროპული საბჭოს განცხადებით, გეოპოლიტოკური ტრანსფორმაციის ხანაში, ლიდერები იმსჯელებენ, როგორ ითანამშრომლონ უფრო მჭიდროდ და იმოქმედონ კოორდინირებულად დემოკრატიული მედეგობის განსამტკიცებლად, დაკავშირებადობის განსავითარებლად და ეკონომიკური და ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად.“
„საქართველო კვლავ ცენტრალურ როლს ასრულებს შუა დერეფანში“ — აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი კიდევ უფრო ზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას - საქართველო კვლავ ცენტრალურ როლს ასრულებს შუა დერეფნის განვითარებაში. ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) პრეზიდენტმა მასატო კანდამ განაცხადა. მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო შეცვლილი სატრანზიტო მარშრუტები და გეოპოლიტიკური რისკები შუა დერეფნის განვითარებას დამატებით სტიმულს აძლევს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში, რომელიც აზიისა და ევროპის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია, ძირითადი სატრანსპორტო დერეფნების განახლების მიმართულებით ADB სამომავლოდ მხარდაჭერას გააძლიერებს. „რამდენიმე თვის წინ ვესტუმრე თქვენს ქვეყანას და ვფიქრობ, საქართველო კვლავ ცენტრალურ როლს ასრულებს შუა დერეფანში. გლობალური სავაჭრო მარშრუტების ცვლილებისა და გეოპოლიტიკური რისკების მატების ფონზე, იზრდება შუა დერეფნის მნიშვნელობაც. შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი კიდევ უფრო ზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს აზიასა და ევროპას შორის. აქედან გამომდინარე, „აზიის განვითარების ბანკი“ მხარს უჭერს საქართველოზე გამავალი დერეფნის განვითარებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებითა და რეფორმების საშუალებით. ეს ხელს უწყობს საქართველოს დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და ტურიზმის განვითარებას. ADB-მ ახლახან დაასრულა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი. დაგეგმილი საგზაო და სარკინიგზო პროექტების ფარგლებში ADB-ი ძირითადი სატრანსპორტო დერეფნების განახლებისთვის მომავალშიც გააძლიერებს მხარდაჭერას,“ - განაცხადა მასატო კანდამ. შეგახსენებთ, სამარყანდი 3-6 მაისს „აზიის განვითარების ბანკის“ 59-ე შეხვედრას მასპინძლობს. წლევანდელ შეხვედრას 3000-ზე მეტი ადამიანი ესწრება, მათ შორის, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები, წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები.
ალიევი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე: „ტრამპის გზა“ აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს, ამავდროულად, ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილი გახდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილეებს ვიდეო ფორმატში მიმართა. ალიევის თქმით, სამიტში ბაქოს მონაწილეობა ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა და სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს. „ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განვიხილეთ ჩემი მონაწილეობა სამიტში და შევთანხმდით, რომ ვიდეო ფორმატით შევუერთდებოდი. ასევე მინდა, აუდიტორიას ვაცნობო, რომ ერთი წლის წინ, პრეზიდენტ კოშტასთან და პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას, მათ მკითხეს ჩემი აზრი სამიტის 2026 წლის მაისში სომხეთში ჩატარების იდეასთან დაკავშირებით. მე მხარი დავუჭირე ამ ინიციატივას და, თავის მხრივ, შევთავაზე შემდეგი სამიტებიდან ერთ-ერთის აზერბაიჯანში ჩატარება დაბალანსებული მიდგომის შესანარჩუნებლად. წინადადება მიღებულია და ამიტომ, წევრებს 2028 წლის მაისში აზერბაიჯანში ვპატიჟებ. სხვათა შორის, სომხეთმაც დაუჭირა მხარი ჩვენს კანდიდატურას. ეს ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა,“ - განაცხადა ალიევმა. ალიევმა გაიხსენა თეთრ სახლში გაფორმებული შეთახმებაც. „გასული წლის აგვისტოში, ვაშინგტონში, თეთრ სახლში, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას მოწმის რანგშიც მოაწერა ხელი. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი პარაფირებული დადეს. ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სომეხი პარტნიორებისთვისაც - მშვიდობა მიღწეულია. მშვიდობის მიღწევის შემდეგ, აზერბაიჯანმა ცალმხრივად მოხსნა სომხეთისთვის 1990-იანი წლების დასაწყისში დაწესებული ყველა სატრანზიტო შეზღუდვა. დღეისათვის, სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით 28 000 ტონა ტვირთია მიწოდებული. აზერბაიჯანი კიდევ უფრო შორს წავიდა: ჩვენ პირველად დავიწყეთ ჩვენი ნავთობპროდუქტების - ბენზინისა და დიზელის - მიწოდება სომხეთისთვის, რითაც სავაჭრო ურთიერთობები დაიწყო. ჯერჯერობით, ჩვენი ნავთობპროდუქტების 12 000 ტონა ექსპორტირებულია სომხეთში.“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს. „მშვიდობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა — დაკავშირებადობაა. „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ აზერბაიჯანს მის ექსკლავ, ნახიჩევანთან დააკავშირებს. ამავდროულად, ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილი გახდება. სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს. ამ შესაძლებლობით ვისარგებლებ და მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მისი პოზიციისთვის,“ - აღნიშნა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, „სამწუხაროდ, ყველა ევროპული ინსტიტუტი ერთნაირ მიდგომას არ ავლენს. მათ შორისაა ევროპის პარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE). „აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრია 2001 წლის იანვრიდან. სხვათა შორის, მე, როგორც აზერბაიჯანის დელეგაციის მაშინდელი ხელმძღვანელი და პარლამენტის წევრი, ვიყავი PACE-ს ერთ-ერთი აქტიური წევრი. ჩვენი დელეგაცია ევროპის საბჭოში 2024 წლის იანვრამდე არასდროს ყოფილა რაიმე შეზღუდვის ქვეშ. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ბოლო მოუღო სეპარატიზმს ყარაბაღში. ჩვენ თვითონ შევასრულეთ გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წელს მიღებული ოთხი რეზოლუცია, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქაღალდზე დარჩა. ოთხი თვის შემდეგ, PACE-მ ჩვენს დელეგაციას სანქციები დაუწესა. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს PACE-სთვის ერთგვარი მოქმედების წესია. აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას იგივე ღირებულება აქვს, რაც ნებისმიერი სხვა ქვეყნის. ამ საკითხში ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. ახლა, რაც შეეხება ევროპის პარლამენტს, ეს ორგანო, სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად, მის საბოტაჟს ამჯობინებს. 2021 წლის მაისიდან, მეორე ყარაბაღის ომის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ, 2026 წლის 30 აპრილამდე, ევროპარლამენტმა მიიღო 14 რეზოლუცია, რომლებიც სავსეა აზერბაიჯანის შესახებ შეურაცხყოფითა და ტყუილით. წარმოიდგინეთ - ხუთ წელიწადში 14 რეზოლუცია ერთგვარი აკვიატებაა. ბოლო რეზოლუცია მხოლოდ ოთხი დღის წინაა მიღებული, განზრახ, სამიტის წინ. ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრობლემების, როგორიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა და უსახლკარობა, მოგვარების ნაცვლად, ევროპარლამენტი აზერბაიჯანს ესხმის თავს, ავრცელებს ცილისწამებას და ტყუილს. მიზეზი კი ის არის, რომ აზერბაიჯანმა აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ბოლო მოუღო სეპარატიზმს და ომის დამნაშავეები სამართლიანობის წინაშე წარადგინა. საპასუხოდ, აზერბაიჯანის პარლამენტმა პირველ მაისს გადაწყვიტა, ოფიციალურად შეჩერებულიყო ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა სფეროში, შეწყვეტილიყო მონაწილეობა ევროკავშირ-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის საქმიანობაში და დაეწყო პროცედურები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში წევრობის შეწყვეტის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სამიტების დროს ჩვენ ღიად ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს შეხედულებებსა და შეშფოთებას, უბრალოდ მინდოდა, ჩვენი კოლეგებისთვის ამ კუთხით მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რათა ამ გადაწყვეტილების შემდეგ, არ გავრცელდეს დეზინფორმაცია ან არ მოხდეს ინფორმაციის მანიპულირება. დასკვნის სახით, მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს სომხეთში ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სამიტი და ვთქვა, რომ პროცესის შეფერხების მსურველთა ყველა მცდელობის მიუხედავად, აზერბაიჯანი ერთგულია სამშვიდობო დღის წესრიგის და ჩემი სომეხი კოლეგის შენიშვნები ამას ნათლად აჩვენებს. სამიტს წარმატებებს ვუსურვებ,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას გამოეხმაურა. „ევროპარლამენტი პირდაპირი წესით არჩეული წარმომადგენლებისგან შემდგარი დემოკრატიული ორგანოა, რომლის რეზოლუციებიც ხმათა უმრავლესობით მიიღება. ამის შედეგები, შესაძლოა, ბევრისთვის უხერხულობას ქმნიდეს, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევცვლით იმ გზას, რომლითაც მივდივართ და დავიცავთ იმ პოზიციებს, რომლებსაც ვიღებთ,“ - განაცხადა მეცოლამ.
სომხეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად დღეს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციით, ვხსნით ახალ და პერსპექტიულ თავს გაერთიანებულ სამეფოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობაზეა აგებული,“ - აცხადებს ფაშინიანი. თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთთან მრავალსექტორული თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. თანამოსაუბრეებმა გაცვალეს მოსაზრებები როგორც ორმხრივი დღის წესრიგის, ასევე, რეგიონული მნიშვნელობის თემების შესახებ.
ერევანში ირაკლი კობახისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები - მაკა ბოჭორიშვილი და ანდრი სიბიჰა მონაწილეობდნენ. შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული შინაარსის შეხვედრა, დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის. თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი. უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს, ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად და ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გავუზიარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. „შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის მართლაც არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე. უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავაც გააგრძელებს საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხისადმი პატივისცემას,“ - წერს თავის მხრივ, ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავაც პატივს სცემს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ხალხს
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება. „შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის მართლაც არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე. უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავაც აგრძელებს საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხისადმი პატივისცემას. მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას," - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. დამატებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ შეხვდა ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს: „გავცვალეთ მოსაზრებები რიგ ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე. ასევე, განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში.“~ სიბიჰას თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივად მომგებიანი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხი „შევთანხმდით, რომ შემდგომ კონტაქტს გავაგრძელებთ,“ - წერს სიბიჰა.
მაკრონი ერევანში: რვა წლის წინ, აქ არავინ ჩამოვიდოდა, სომხეთი რუსეთის სატელიტად ითვლებოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, მაღალი შეფასება მისცა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ გატარებულ პოლიტიკას. „სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის მუშაობა სომხეთში ბოლო წლებში ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები ვიყოთ: რვა წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა. ის ფაქტი, რომ დღეს თქვენს ქვეყანაში ამდენი ვიზიტი ხორციელდება, კარგი სიგნალია,“ - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, წარსულში არაერთი ქვეყანა სომხეთს სხვანაირად აღიქვამდა. „რვა წლის წინ, ამ მაგიდის გარშემო მყოფი ბევრი ქვეყანა ამ ქვეყანას რუსეთის ნამდვილ სატელიტად განიხილავდა. ნიკოლ ფაშინიანმა მოაწყო ხავერდოვანი რევოლუცია და გადაწყვიტა, თავისი ქვეყანა რუსეთისგან დაეცვა. სწორედ ამის გამო, ის განიცდიდა და კვლავაც განიცდის ყოველდღიურ თავდასხმებს,“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მან ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის ევროპული არჩევანის მნიშვნელობას. „ის ფაქტი, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიოსა და ევროპის სასარგებლოდ, ძალიან ძლიერი სიგნალია,“ - განაცხადა მაკრონმა. .საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგობა რუსეთისადმი, სომხეთის სტრატეგია და მოლდოვაში გადადგმული ნაბიჯები მოწმობს ევროპული ქვეყნების საერთო მიმართულებაზე. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ, ევროპელებმა, გადავწყვიტეთ კოლექტიური განგაშის ატეხვა, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული არცერთ დიდ ძალაზე. ეს ასევე სტრატეგიული ავტონომიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა,“ - განაცხადა მაკრონმა.
სომხეთმა და თურქეთმა ანისის ხიდის აღდგენაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს
სომხეთმა და თურქეთმა, ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტის ფარგლებში, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ანისის ხიდის აღდგენის შესახებ. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან აზრთა ნაყოფიერი გაცვლა-გამოცვლა შედგა. განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. მივესალმეთ ანის ისტორიული ხიდის ერთობლივი აღდგენის შესახებ ოქმის ხელმოწერას,“ - დაწერა პრემიერ-მინისტრმა. თავის მხრივ, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა X-ის მიკრობლოგში აღნიშნა, რომ ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ყოვლისმომცველი და ნაყოფიერი შეხვედრა გამართა. მისი თქმით, შეხვედრისას განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. „ჩვენ ყოვლისმომცველად შევაფასეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. ასევე გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა სატრანსპორტო, საბაჟო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის განმტკიცებისა და კავშირების გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯები,“ - აღნიშნა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა. ილმაზმა ასევე ხაზი გაუსვა ნორმალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს. „ჩვენ განსაკუთრებით მოხარულნი ვართ, რომ ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში გადადგმულ ორმხრივ კონსტრუქციულ ნაბიჯებს კონკრეტული პროგრესი მოაქვს,“ - დაწერა თურქმა მაღალჩინოსანმა. ანისის ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით ილმაზმა აღნიშნა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა ასევე ხელს შეუწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოების მყარი გარემოს შექმნას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერას. „რეგიონული მშვიდობის, დიალოგისა და სტაბილურობის საფუძველზე, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ჩვენს მიდგომას სამხრეთ კავკასიაში ნორმალიზაციის ხელშეწყობის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისა და ადამიანებს შორის კონტაქტების გაძლიერებისკენ,“ - აღნიშნა ილმაზმა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ხელს შეუწყობს შემდგომ პოზიტიურ განვითარებას. სომხეთის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საზღვარზე მდებარე ანის (აბრეშუმის გზის) ისტორიული ხიდის აღდგენითი სამუშაოს განხორციელების შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილემ, სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუბენ რუბინიანმა და ელჩმა, თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესის სპეციალურმა წარმომადგენელმა სერდარ ქილიჩმა. ანისის ხიდი მდებარეობს სომხეთ-თურქეთის საზღვარზე. ეს არის ისტორიულ, დანგრეულ ქალაქ ანისთან მდებარე შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლი.
ზელენსკი ერევანში ფაშინიანს შეხვდა: მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის აქტიური დიალოგის აღდგენის პროცესში ვართ
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. სომხური მხარის ცნობით, შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა სომხეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთქმედების განვითარების პერსპექტივები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ურთიერთინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. თანამოსაუბრეებმა ასევე გაცვალეს აზრები რეგიონულ და გლობალურ განვითარებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღინიშნა სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის ხელშეწყობის აუცილებლობა. ზელენსკის ცნობით კი, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილა. „ასევე, განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხი. წინადადება წამოვაყენე, რომ აღდგეს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მუშაობა და შემდეგი შეხვედრა მიმდინარე წელს კიევში შედგეს,“ - წერს ზელენსკი X-ზე. „ეს სომხეთში ბოლო 24 წლის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური დიალოგის აღდგენის პროცესში ვართ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის მონაწილეებს მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის გადაწყვეტილებას, უკრაინის დრონებით თავდასხმების შიშის გამო, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ გამოფინოს, მოსკოვის მზარდი სისუსტის დასტურად მიიჩნევს. „ეს ზაფხული იქნება მომენტი, როდესაც პუტინი გადაწყვეტს, რა გააკეთოს შემდეგ: გააფართოოს ეს ომი თუ დიპლომატიური გზებით გადავიდეს. ჩვენ კი, ის დიპლომატიისკენ უნდა წავიყვანოთ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე. „რუსეთმა 9 მაისს აღლუმი გამოაცხადა, თუმცა ამ აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ იქნება. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ვერ შეძლებენ აღლუმზე იარაღის წარმოდგენას. მათ არ აქვთ საშუალება სამხედრო ტექნიკის შესაძენად — და ეშინიათ, რომ დრონები შესაძლოა, წითელ მოედანზეც გამოჩნდნენ. ეს ბევრს ამბობს. ეს აჩვენებს, რომ ახლა ძლიერები აღარ არიან. ამიტომაც უნდა გავაგრძელოთ მათზე ზეწოლა სანქციების მეშვეობით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტზე. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინისა და ევროპის წინააღმდეგ, ისეთივე ინტენსივობით გრძელდება, როგორც ადრე. „მადლობელი ვარ ყველა ლიდერის სამხედრო მრეწველობისა და რუსული ბანკების წინააღმდეგ მიმართული სანქციებისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ზეწოლა. სანამ ეს ომი გრძელდება, უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ, თუ რუსეთი არ შეწყვეტს ამ ომს. ჩვენ გვჭირდება უწყვეტი ზეწოლა და მშვიდობა. და, რა თქმა უნდა, მთავარია: ჩვენ უნდა ვიპოვოთ მოქმედი დიპლომატიური ფორმატი და ევროპა უნდა იყოს წარმოდგენილი ნებისმიერ მოლაპარაკებათა მაგიდასთან,“- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუდმივად უნდა ჰქონდეთ კავშირი აშშ-სთან და ესმოდეთ მათი პოზიციები. თუმცა მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ერთიანი ევროპული ხმის ჩამოყალიბებას შეძლებდნენ. „მადლობას გიხდით მე-20 სანქციების პაკეტისთვის - მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, ევროკავშირის, ანტონიუს, ურსულას, დიდი მადლობა - და განსაკუთრებით იმ სანქციებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობის, სამხედრო ინდუსტრიისა და რუსული ბანკების წინააღმდეგ არის დაწესებული. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ზეწოლა. გთხოვთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ სანქციების შემსუბუქების ნებისმიერ იდეას - ეს მნიშვნელოვანია. ასევე მადლობა მათ, ვინც იბრძვის რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. ვიდრე ეს ომი გრძელდება - უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. ყველა დამხმარე პაკეტი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვა. PURL პროგრამაში ყველა წვლილი მნიშვნელოვანია. და ჩვენ გვჭირდება ახალი PURL პაკეტები წელს, მაისში. ეს გვეხმარება ბალისტიკური საფრთხეებისგან თავის დაცვაში. მე მჯერა, რომ ევროპას უნდა შეეძლოს ყველაფრის წარმოება, რაც მას სჭირდება ყველაფრისგან თავის დასაცავად - ყველა ბალისტიკური თავდასხმისგან და ყველა სხვა იარაღისგან - დამოუკიდებლად. ჩვენ ვთავაზობთ წვლილს ევროპის თავდაცვაში - ჩვენი დრონების შეთანხმებები. ისინი აერთიანებს ქვეყნებს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი დაცვა მთელ ევროპაში - დრონებისგან და ყველა თავდასხმისგან, პოტენციური თავდასხმებისგან, ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე. დრონების შესახებ შეთანხმებები ნიშნავს ერთობლივ მუშაობას, ერთობლივ წარმოებას, საერთო დაცვას. მოდით, წინ წავიდეთ ამ საკითხზე. და კიდევ ერთი რამ. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რას გავაკეთებთ, თუ რუსეთი ამ ომს არ დაასრულებს. ჩვენ გვჭირდება ზეწოლის გაგრძელება - და ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. და რა თქმა უნდა, ეს ნომერ პირველია: ჩვენ უნდა ვიპოვოთ ქმედითი დიპლომატიური ფორმატი. და ევროპა უნდა იყოს ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან. და ჩვენ კონტაქტში ვართ შეერთებულ შტატებთან - და ჩვენ გვესმის მათი შეხედულებები და პოზიციები. მაგრამ კარგი იქნებოდა, რუსებთან მოლაპარაკებებისთვის ერთიანი, ევროპული ხმა ჩამოყალიბებულიყო. ზელენსკიმ, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტზე გამოსვლისას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სტაბილური, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობა უსურვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ამ ფართომასშტაბიან ფორმატში სომხეთის მონაწილეობის მნიშვნელობას ყველა ევროპელთან ერთად. მან მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნია ის, რომ 24 წლის განმავლობაში, უკრაინის პრეზიდენტი სომხეთს პირველად სტუმრობს. „გამოწვევები აშკარაა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ირანში ომი კვლავ გადაუჭრელი რჩება და ამან შეიძლება, დიდი ხნით გამოიწვიოს არასტაბილურობა. ამან კი, შესაძლოა, სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი ენერგეტიკული და უსაფრთხოების თანამშრომლობა უნდა იყოს რეალური და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ ზამთრისთვის მომზადებასა და ენერგეტიკული გამოწვევების დაძლევაში. ასევე, ძალისხმევა უნდა მივმართოთ ჰორმუზის სრუტისა და ირანელი ხალხისთვის გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ავსტრიამ ჯაშუშობის ბრალდებით სამი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
ავსტრიამ ჯაშუშობის ბრალდებით სამი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. Reuters-ის ცნობით, დიპლომატიური შენობების სახურავებზე განთავსებული დიდი რაოდენობით სატელიტური ანტენების გამო, რომლებიც შესაძლოა, ჯაშუშობისთვის გამოიყენონ, კერძოდ, სხვა სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობების სატელიტური კომუნიკაციების მოსმენის მიზნებისთვის, ავსტრიამ სამი რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. „მიუღებელია, რომ დიპლომატიური იმუნიტეტის ჯაშუშობისთვის გამოყენება მოხდეს,“ - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბეატე მაინლ-რეისინგერმა. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ვენაში რუსეთის საელჩო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამას „მკაცრი რეაქცია“ მოჰყვება. ავსტრიის საგარეო უწყების ცნობით, რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა უკვე დატოვეს.
ფაშინიანი: სომხეთი წინ წამოსწევს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს ერევანში წარმატებით დასრულდა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი, რომელმაც გააერთიანა ლიდერები მთელი კონტინენტიდან და მის ფარგლებს გარეთ. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და პარტნიორებს ფორუმის ორგანიზებისთვის. „მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ევროკავშირის მიმართ, სამიტის ერთობლივი ორგანიზების საქმეში მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის, ასევე კონტინენტის მიღმა მყოფ პარტნიორებს - ამ ფორმატის გეოგრაფიის გაფართოებისთვის,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. ფაშინიანი ასევე შეეხო რეგიონულ პროცესებს. „მინდა, ხაზი გავუსვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის დისტანციურ მონაწილეობას და თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის დასწრებას სამშვიდობო პროცესისა და რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში“, - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, დისკუსიებმა დაადასტურა დიალოგის საჭიროება. „დღევანდელმა დისკუსიებმა დაადასტურა, რომ მსოფლიოში მზარდი გამოწვევების პირობებში არსებობს გულწრფელი დიალოგისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების საჭიროება ყველა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად,“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ყურადღების ცენტრში იყო უსაფრთხოება, ურთიერთკავშირი, რეგიონული თანამშრომლობა, ეკონომიკის მდგრადობა, ენერგეტიკა და მწვანე ენერგიაზე გადასვლა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ურთიერთკავშირის მნიშვნელობას. „ურთიერთკავშირს ცენტრალური მნიშვნელობა აქვს კონტინენტზე ეკონომიკური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და გრძელვადიანი მდგრადობისთვის,“ - განაცხადა სოხეთის პრემიერმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ სფროში მიზნების წინსვლის კონტექსტში ურთიერთკავშირის გაძლიერება საერთო პრიორიტეტადაა აღიარებული. სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობა. „სტაბილური მშვიდობა, ურთიერთობების ნორმალიზება და საზღვრების გახსნა სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ განამტკიცებს კავშირებსა და თანამშრომლობას უფრო ფართო ევროპულ სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა. მანვე დაამატა, რომ ასევე განიხილეს ჰიბრიდული საფრთხეების თემა. „დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ, როგორ უნდა ებრძოლონ დემოკრატიული ქვეყნები ჰიბრიდულ საფრთხეებს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი გააგრძელებს თავისი ინიციატივების წამოწევას რეგიონში. „სომხეთი აგრძელებს იმ ინიციატივების წინ წამოწევას, რომლებიც მიმართულია ინკლუზიური კავშირების გაფართოებისა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ,“ - თქვა მან. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ფორმატის მნიშვნელობა. „სამიტმა დაადასტურა, რომ ევროპული პოლიტიკური საზოგადოება არ არის მხოლოდ დიალოგის ფორმატი, არამედ პლატფორმა ნდობის განსამტკიცებლად და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად უფრო კოორდინირებული და შორსმჭვრეტელი ევროპული დღის წესრიგის ჩამოსაყალიბებლად,“ - განაცხადა მან. ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ ერევანში გამართულ დისკუსიებს ხანგრძლივი გავლენა ექნება. „დარწმუნებული ვარ, რომ ერევნის დისკუსიები ამ სამიტის ფარგლებს გასცდება და ჩამოაყალიბებს ჩვენს შემდგომ თანამშრომლობასა და საერთო გაგებას კონტინენტზე,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. დღეს, 4 მაისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა „ევროპის პოლიტიკური საზოგადოების“ (EPC) სამიტი, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის, წევრი ქვეყნების, რეგიონის ქვეყნებისა და ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები. ფორმატი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა და სომხეთი მის მერვე სამიტს მასპინძლობს. სამიტის თანათავმჯდომარეები არიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა. ღონისძიების სლოგანია „მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში.“
„აუცილებელია TAP-ის პროექტის გაფართოება“ - სომხეთის შემდეგ, მელონი აზერბაიჯანში ჩავიდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში შეხვდა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის. ეს იტალიის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია 2013 წლის შემდეგ. მელონი დღეს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და იტალია სტრატეგიული პარტნიორები არიან. „დღეს აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ღრმა შინაარსს,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. ჯორჯია მელონიმ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის განვითარების მზადყოფნა გამოთქვა. „დარწმუნებული ვარ, რომ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და უფრო მაღალ დონეს მიაღწევს,“ - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. იტალია აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მათ შორის ვაჭრობის მოცულობამ 2025 წელს დაახლოებით 12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ორ ქვეყანას მჭიდრო კავშრები აქვს ენერგეტიკის სფეროში - იტალიის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 16% აზერბაიჯანიდან არის იმპორტირებული. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, იტალიაში გაზისა და ნავთობის ექსპორტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ - წარმოვადგენ დიდი სიამაყით. ჩვენ ვისაუბრეთ ამ კავშირების განმტკიცებაზე,“ - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. მელონის თქმით, ენერგეტიკა კვლავ ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება ევროპის საბჭოს დონეზე, ასევე, ორმხრივ კონტაქტებში, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკასთან ერთად მნიშვნელოვანია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის საკითხები, რომლებიც ევროპის სუვერენიტეტისა და სტრატეგიული ავტონომიის ელემენტს წარმოადგენს. მელონიმ ასევე განაცხადა, რომ იტალია ცდილობს წვლილი შეიტანოს ამ სფეროების განვითარებაში. გასულ წელს აზერბაიჯანმა 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც 9,5 მილიარდი იტალიის ბაზარზე მოდის. დღეს ჩვენ განვიხილეთ ამ მოცულობის გაზრდის საკითხი. ამისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია TAP-ის [ტრანსადრიატიკის მილსადენი] პროექტის გაფართოება, რომელიც სამხრეთის გაზის დერეფნის განუყოფელი ნაწილია. ის გარკვეულწილად უკვე გაფართოვდა, მაგრამ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს,“ - აღნიშნა ალიევმა. aლიევმა და აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებიც განიხილეს. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე იტალიის სრული მხარდაჭერა ნორმალიზაციის გზაზე, რაც ასახავს ისტორიულ ეტაპს შეერთებული შტატების მხრიდან იმპულსის შედეგია. მე მჯერა, რომ 2026 წელი ამ მხრივ შეიძლება, მნიშვნელოვანი გახდეს, რადგან უმნიშვნელოვანესია, რომ ამ დინამიკური რეგიონის სრული პოტენციალი იყოს გამოყენებული,“ - აღნიშნა მელონიმ. „ჩვენ აღვნიშნეთ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობა. ენერგეტიკა და ტრანსპორტი ცალსახად ისეთი სფეროებია, სადაც ევროპას შეუძლია და უნდა ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი. ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება ინვესტიციების მხარდაჭერა და აზერბაიჯანის უფრო ფართო ინტეგრაცია ენერგეტიკულ ქსელებსა და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებში,“ - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ილჰამ ალიევმა ჯორჯია მელონის სამუშაო სადილზე უმასპინძლა. მელონი ბაქოში ერევნიდან გაემგზავრა. იტალიის პრემიერი ორშაბათს, 4 მაისს ერევანში დაესწრო „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ სამიტს. მელონი არ არის ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც მიმდინარე პერიოდში სამხრეთ კავკასიის ორივე ქვეყანას ეწვია. აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. ერევნიდან ბაქოში მიემგზავრება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც. 4 მაისს ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც განუცხადა, რომ ილჰამ ალიევს პირადად შეხვდება. ალიევი ვიდეოზარით ჩაერთო სამიტს. მაკრონი კვლავ სომხეთშია. ორშაბათ საღამოს მან და ფაშინიანმა ერთმანეთი ღირსების მედლითა და ორდენით დააჯილდოვეს. სამშაბათს, 5 მაისს დაგეგმილია მაკრონის ვიზიტი ქალაქ გიუმრიში, სადაც გაიმართება კონცერტი ღია ცის ქვეშ. გიუმრიში მდებარეობს რუსეთის სამხედრო ბაზა.