ძებნის რეზულტატი:
„საზოგადოება ითხოვდა ჩვენგან გამარჯვებას და ჩვენ ეს შევძელით“ - ექსკლუზივი
„საზოგადოება ითხოვდა ჩვენგან გამარჯვებას და ჩვენ ეს შევძელით“, - ასე ეხმაურება თბილისის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი მოსკოვის დინამოსთან გუშინ გამართულ მატჩს, რომელიც თბილისის დინამოს გამარჯვებით დასრულდა. როგორც „ევროპათაიმს“ ჭიაბრიშვილი უყვება, გამარჯვება ყოველთვის აბედნიერებს ადამიანს, თუმცა ეს თამაში თამაშზე მეტი იყო. „საზოგადოება ითხოვდა ჩვენგან გამარჯვებას და ჩვენ ეს შევძელით. ჩვენთვის ეს ერთი რიგითი თამაში ვერ იქნებოდა, ამის გარდა ჩვენ მოვუგეთ ძლიერ,მაღალბიუჯეტიან გუნდს. ჩემთვის პოლიტიკა და სპორტი გამიჯნულია, თუმცა მესმის საზოგადოების და იმ ემოციების რაც ამ თამაშმა გამოიწვია. ჩვენ ჩვენი საქმე და ჩვენი ბრძოლა გვაქვს. ყოველთვის მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო შენს პროფესიაში და უნდა იბრძოლო შენი ქვეყნის წარმატებისთვის". რაც შეეხება იმას, იყო თუ არა რთული თამაში მაყურებლის გარეშე, ჭიაბრიშვილი ამბობს რომ „მაყურებლის გარეშე თამაშს თავისი სირთულეები აქვს, მაგრამ გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ თამაში მაყურებლის გარეშე გაიმართა სტადიონზე, ჩვენ სხვადასხვა არხებით ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით. მთელი დღე არ წყდებოდა ზარები მეგობრების, ახლობლების თუ უბრალოდ მხარდამჭერების მხრიდან“. გუნდს მორიგი თამაში ესპანურ გუნდთან აქვს და მწვრთნელი იმედოვნებს რომ მორიგი მატჩიც წარმატებით დასრულდება. „მორიგი თამაში ესპანეთში გვექნება. საკმაოდ ძლიერი გუნდია, ჩვენ ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ. ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი და სანერვიულო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჭიაბრიშვილის თქმით, მისი მიზანი რაც შეიძლება კარგი გუნდის ჩამოყალიბებაა“. შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანური "გრანადა" იქნება. მატჩს „მიხეილ მესხი 2“-მა უმასპინძლა. მატჩის პირველ ტაიმში უპირატესობას მოსკოველები ფლობდნენ, პირველი სახიფათო მომენტი სწორედ მათ შექმნეს, თუმცა შესვენებაზე ანგარიში 0:0 იყო.მეორე ნახევარში თბილისელებმა გოლი გაიტანეს, თორნიკე კირკიტაძის ჩაწოდებით, ირაკლი სიხარულიძემ 1:0 დააფიქსირა. 76-ე წუთზე კი გავაშელიშვილმა მეორე გოლი გაიტანა.მატჩის ბოლოს მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს, რომლითაც ანგარიში შემცირდა 2:1.
პოლიცია, თბილისში დაკარგულ მამაკაცს, ამირან გაფრინდაშვილს ეძებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1979 წელს დაბადებულმამაკაცს ეძებს. თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში,ჭავჭავაძის ქუჩაზე, N 32–ში მცხოვრებ ამირან გაფრინდაშვილს ბოლო სატელეფონოკომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს, დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაცმასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისგლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოში მამაკაცისგაუჩინარების შესახებ შეტყობინება მიმდინარე წლის 12 აგვისტოს შევიდა.ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაცთავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შეტყობინების მიღებისთანავედაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებოღონისძიებები. მამაკაცის გაუჩინარების ფაქტის შესახებ მთელი საქართველოსმასშტაბით ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისიდანაყოფი, ასევე, სხვადასხვა სამსახური. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობითპირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისიმოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, აღნიშნულ პიროვნებასთანდაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონსაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ან აცნობონ პოლიციისუახლოეს განყოფილებას.
„ბავშვისთვის კითხვის სწავლება სკოლის საქმეა"
„ბავშვისთვის კითხვის სწავლება არის სკოლის საქმე, მშობლებმა ბავშვს ინფორმაცია და უნარები ძალით არ უნდა ჩატენონ", - ამის შესახებ ფსიქოლოგმა ცირა ბარქაიამ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა. „რას ვეძახით ზოგადად მზაობას? პირველ რიგში, იმას, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს სკოლაში, მას აქვს გარკვეული ინფორმაცია ამ დაწესებულების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ თავის დროზე მას მშობლებმა ინფორმაციით შეუწყვეს ხელი, გააგებინეს, რა დახვდება სკოლაში. სასწავლო მზაობა წერა-კითხვის ცოდნას არ გულისხმობს. ხშირად, როდესაც სასკოლო უნარებზეა საუბარი, აღვიქვამთ, რომ კითხვა უნდა იცოდეს ბავშვმა, წერა უნდა იცოდეს, ასოების ცნობა უნდა შეეძლოს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ბავშვისთვის კითხვის სწავლება არის სკოლის საქმე. როდესაც ასაკის შესაბამის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, რომ ბავშვი როდესაც სკოლაში შევა, მაშინ უნდა ისწავლოს კითხვა. მაშინ არის ის მზად, რომ დაეუფლოს წერა-კითხვას". ცირა ბარქაია აღნიშნავს, რომ მშობელმა ბავშვს კითხვა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ასწავლოს, თუ ამას ბავშვი თავად ითხოვს. „თუ ბავშვი გამოხატავს მზაობას და ინტერესს სწავლის მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მზად არის კონკრეტული ინფორმაციის ასათვისებლად. თუ ბავშვი ამბობს, რომ კითხვა, ხატვა ან ხაზვა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებმა ბავშვს ძალით ჩატენონ ინფორმაცია და უნარები. „უნდა ისწავლო კითხვა, უნდა ისწავლო წერა,“ მსგავსი ფრაზები საჭირო არ არის.“ ფსიქოლოგის თქმით, მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე მასწავლებელმა უნდა იზრუნოს. „სკოლაში მოსწავლეები ბევრი რამით განსხვავდებიან, მაგ. ვის როგორი მობილური უჭირავს, ვის რა რესურსები აქვს, ვის წიგნი აქვს, ვის რვეული. ბავშვებს კომპლექსები რომ არ გაუჩნდეთ, ეს პროცესი აუცილებლად მასწავლებელმა უნდა დაარეგულიროს. ინკლუზიურობა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართულობას ხომ არ გულისხმობს, ინკლუზიურობა ნიშნავს, რომ ყველა ბავშვს ინდივიდუალური შესაძლებლობები აქვს და მასწავლებელმა ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს. როდესაც ვიღაცამ იცის კითხვა, ვიღაცამ არ იცის, თანატოლებმა ერთმანეთს არ უნდა დასცინონ. რა თქმა უნდა, პროცესში მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს სჭირდება მშობლის დახმარება რუტინის აწყობაში, როგორ იმეცადინოს, როგორი რუტინა უნდა ჰქონდეს, როგორ განეწყოს სამეცადინოდ. თავიდან, ცხადია, მას მშობელი უნდა დაეხმაროს. ეს არ უნდა მოხდეს იმის მერე, რაც ბავშვი სკოლაში სიარულს დაიწყებს. რუტინის აწყობა იწყება მანამდე. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაც ამ მხრივ ძალიან დიდ როლს ასრულებს. საჭიროა, რომ ბავშვი გარკვეულ დღის წესრიგს გადიოდეს. პანდემიის მოცემულობაში ვითარება სწრაფად იცვლება. ამ სპონტანურ გარემოს ზრდასრულები ვერ ვეწევით. ძალიან რთულია, რომ ბავშვი გამოყვეს ჩვენს დაბნეულობას. ამ ეტაპზე სიტუაციურად მშობელი უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული ბავშვთან მუშაობაში. მნიშვნელოვანია, რა მხარდაჭერას სთავაზობს სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებს და შემდგომ დაწესებულებები რა მხარდაჭერას სთავაზობენ მშობლებს. დამატებითი მხარდაჭერის სერვისები, ცხადია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია", - აცხადებს ცირა ბარქაია.
"სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ მკაფიო გზავნილია ყველა აგრესორის შეკავებისთვის"
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სამხედრო წვრთნები მკაფიო დასტურია, იმისა, კოვიდპანდემიის პირობებშიც შესაძლებელია კმსგავსი ტიპის მრავალეროვნული სწავლება უსაფრთხოდ ჩატარდეს. „ეს წვრთნები ემსახურება არა მხოლოდ ჩვენი ძალების თავსებადობის განვითარებას, ის წარმოადგენს მკაფიო გზავნილს, რომ არსებობს წვრთნების ორგანიზების შესაძლებლობა პანდემის პირობებში და წარმოადგენს შეკავების მკაფიო გზავნილს ყველა აგრესორისთვის. "ღირსეული პარტნიორი 2020" ძალიან წარმატებული იყო“, - განაცხადა კელი დეგნანმა, რომელიც „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის რიგით მეხუთე სწავლების დახურვის ცერემონიას დაესწრო. ცნობისთვის, საქართველოში საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულდა. რიგით მეხუთე სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. წვრთნები, რომლის დევიზი იყო: „ძალა პარტნიორობაშია“, 7-18 სექტემბერს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობდა. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა. სწავლების მიზანი იყო საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება და წვლილის შეტანა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში.
ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს აწესებს
აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 5 ოქტომბირდან ახალ შეზღუდვებს აწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. „პრეზიდენტმა“, ე.წ. „მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის საკოორდინაციო შტაბის“ გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელი მოაწერა ბრძანებას შეზღუდვების დაწესების შესახებ. შეზღუდვები ითავლისწინებს: მასობრივი სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებების ჩატარების აკრძალვას დახურულ შენობებში. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კულტურული დაწესებულებებისათვის, რომლებიც ვალდებულები იქნებიან შეასრულონ შემდეგი მოთხოვნები: თანამშრომლებმა უნდა გამოიყენონ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები, ღონისძიებების სტუმრებმა ადგილები დარბაზებში ორი ადგილის გამოტოვებით უნდა დაიკავონ, შენობების ყოველდღიური დეზინფექცია კი ყოველდღიურად უნდა განხორციელდეს. იკრძალება საქორწილო და სხვა სახის საზეიმო ღონისძიებები. რეკომენდირებულია სამგლოვიარო და ხსოვნის ცერემონიალებში მონაწილე პირების რაოდენობის შეზღუდვა. კვების ობიექტებს დაავალეს, მომხმარებლებისთვის განკუთვნილი მაგიდები ერთმანეთისგან სულ მცირე 1.5- მეტრიანი დაშორებით განათავსონ. საკვების, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ტანსაცმლის ბაზრობების ადმინისტრაციებს სოხუმსა და რეგიონებში დაავალეს, რომ სადეზინფექციო სამუშაოები ყოველ დღე განახორციელონ. ცნობისათვის, დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 782 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 7 ადამიანი.
N67 და N204 მიკროავტობუსები დროებით ახალი სქემით იმოძრავებენ
N67 და N204 მარშრუტებში მიმდინარე წლის 21 სექტემბრიდან ცვლილებები განხორციელდება და აღნიშნული მიკროავტობუსები დროებით ახალი სქემით იმოძრავებენ. მარშრუტი N67 - კორექტირება განხორციელდა მის გზასავალზე და მარშრუტი ჩამოყალიბდა შემდეგი სქემით: მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1“-ის მიმდებარე ტერიტორია (წრე) - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი - პ. მელიქიშვილის ქუჩა - ი. თარხნიშვილის ქუჩა - ვ. ბარნოვის ქუჩა - მრგვალი ბაღი - მცხეთის ქუჩა - ტ. ტაბიძის ქუჩა - დარიალის ქუჩა - ი. აბაშიძის ქუჩა - ი. აბაშიძის ქუჩა - დარიალის ქუჩა - ტ. ტაბიძის ქუჩა - მცხეთის ქუჩა - მრგვალი ბაღი - ვ. ბარნოვის ქუჩა - ვ. პეტრიაშვილის ქუჩა - პ. მელიქიშვილის ქუჩა - მ. კოსტავას ქუჩა - შოთა რუსთაველის გამზირი - მ. კოსტავას ქუჩა - გმირთა მოედანი - თამარ მეფის გამზირი - „სადგურის მოედანი 1“-ის მიმდებარე ტერიტორია. მარშრუტი N204 - თიანეთის ქუჩისკენ გადაადგილებისას გზასავალი გაუგრძელდა მუხრანის ქ. N47-მდე და იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა N137 (აბასთუმნის ქუჩის კვეთის მიმდებარედ), - მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა - ა. წერეთლის გამზირი - თ. ერისთავის ქუჩა - დ. გურამიშვილის გამზირი - გუდამაყრის ქუჩა - ჩარგლის ქუჩა - მუხრანის ქუჩა, საიდანაც მიკროავტობუსი მობრუნდება მუხრანის ქუჩის N47-თან - თიანეთის ქუჩის N65-ის მიმდებარედ. რაც შეეხება ახალ მარშრუტებს, ვაკის რაიონში, აგარაკის ქუჩის მოსახლეობის მომსახურება: აგარაკის ქუჩა - ა. ვარაზის ქუჩა, საიდანაც მიკროავტობუსი მობრუნდება თხინვალას ქუჩის კვეთასთან - ბ. ჟღენტის ქუჩა - შ. ნუცუბიძის ქუჩა - ზ. ანჯაფარიძის ქუჩა - მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორია. ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის მოსახლეობის მომსახურება: გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია - ც. დადიანის ქუჩა - რ. ურიდიას ქუჩა - ნ. ხუდადოვის ქუჩა - ნ. აგიაშვილის ქუჩა - ბარაკონის ქუჩა - ორჯონიკიძე-ტოროშელიძის ქუჩებისა და მერი შერვაშიძის ქუჩის კვეთა. საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში არსებული მოციქულთა სწორი ნინოს ქ. I შესახვევის მიმართულებით, ბაგა ბაღისკენ მოძრავი მიკროავტობუსი: დიდგორის ქუჩა N1-ის მოპირდაპირედ - დიდგორის ქუჩა - მოციქულთა სწორი ნინოს ქუჩა - მოციქულთა სწორი ნინოს ქ. I შესახვევი - გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა - დიდგორის ქუჩა - გ. ათონელის ქუჩა - დ. სარაჯიშვილის ქუჩა - დიდგორის ქუჩა - გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა - მოციქულთა სწორი ნინოს ქ. I შესახვევი - მოციქულთა სწორი ნინოს ქუჩა - დიდგორის ქუჩა N1-ის მოპირდაპირედ იმოძრავებს წრიულად. ისნის რაიონში, მელაანის მე-5 შესახვევის მომსახურება: მელაანის V შესახვევი N43-ის მიმდებარედ - ჯ. ბუშის ქუჩა - კახეთის გზატკეცილი - ვ. ჩაჩავას ქუჩა - აწყურის ქუჩა - კახეთის I შესახვევი - ქეთევან დედოფლის გამზირი - ნავთლუღის ქუჩა - ლობჟანიძის ქუჩა - ს. დოდაშვილის ქუჩა - ს. წულაძის ქუჩა - ციხისძირის ქუჩა - სამგორის ქუჩა - მეველეს ქუჩა (ქეთევან დედოფლის გამზირის გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორია). ისნის რაიონში, ე.წ. „დირსის“ დასახლების მომსახურება: შ. ნადირაშვილის ქუჩა - ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი - წულაძის ქუჩა - ციხისძირის ქუჩა - მეველეს ქუჩა (მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია).
"რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მეთოდზე"
"რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მეთოდზე" - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ყველა უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი სტაციონარში განთავსდება, ამას ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, ამიტომ სტაციონარში მხოლოდ გართულებული და კრიტიკული პაციენტები უნდა გადავიდნენ. „საბედნიეროდ, შემთხვევათა უმეტესობა უსიმპტომოა, ან მსუბუქი. დღეს სტაციონარში წვება ყველა, ვისაც არ აქვს სიმპტომები. აჭარაში, როგორც ვიცი, გარკვეული პრობლემებია, ჰოსპიტლები გადაჭედილია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მეთოდზე, როგორც არის ეს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში. ამის პროტოკოლი არსებობს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა. მთავარია, დროულად შევიდეს ძალაში. ყველა უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი თუ ისევ მოთავსდება სტაციონარში, ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. ამის საჭიროებაც არ არის. სხვა რესპირაციული დაავადებების დროსაც შეიძლება ბინაზე დარჩეს პაციენტი, განსაკუთრებით ის, ვისაც აქვს საშუალება იზოლირებული იყოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ადამიანი უნდა მივატოვოთ ბინაზე, იმიტომ რომ კორონავირუსის თავისებურება არის ის, რომ თავიდან ,შესაძლოა, მსუბუქად ან უსიმპტომოდ იწყებოდეს, შემდეგ კი უცებ გართულდეს. ამის რისკი არსებობს. ოჯახის ექიმები გადამზადებულები არიან იმისთვის, რომ პერიოდულად დისტანციურად შეაფასონ მდგომარეობა, ხომ არ არის აუცილებელი დამატებითი გამოკვლევა. ამ მოდელზე უნდა გადავიდეთ, რაც შეიძლება, სწრაფად. მხოლოდ გართულებული და კრიტიკული პაციენტები უნდა მოხვდნენ სტაციონარებში. ასეთების პროცენტული წილი 20%-ს არ აღემატება“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა. მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 3119; გამოჯანმრთელებული - 1435; გარდაცვლილი - 19; კარანტინის რეჟიმში - 5014; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ვინაიდან უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონიათ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი კი ონლაინ რეჟიმში 28 სექტემბრიდან დაიწყება. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებთან და სტუდენტებთან შეხება არ ჰქონიათ. ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს“, - აცხადებენ ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ 2020 წლის ფინალისტები ცნობილია
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა დამწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია. კონფიდენციალურმა ჟიურიმ ფინალისტები 6 ნომინაციაში დაასახელა. წლევანდელი ფინალისტები არიან: წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი 1. ნათია ზარანდია ჯეფ ვანდერმირის წიგნისთვის „ანიჰილაცია“, გამომცემლობა„პალიტრა L“. 2. ნინი ფალავანდიშვილი წიგნისთვის „საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში“,„სულაკაურის გამომცემლობა“; 3. თინათინ ჩხიკვიშვილი ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“,გამომცემლობა „არტანუჯი“; 4. ია გაბუნია მიშა ბახსოლიანის წიგნისთვის „კანიბალიადა“, „სულაკაურისგამომცემლობა“; 5. გურამ წიბახაშვილი წიგნისთვის „ზამთარი გადატანილია“, გამომცემლობა „ინდიგო“; 6. ია გაბუნია კოკა არჩვაძის წიგნისთვის „ჩინური დღიური“, „სულაკაურისგამომცემლობა“. წლის საუკეთესო დებიუტი: 1. მაია ცირამუა - „მშვიდობით, ძია გერშვინ!“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“; 2. დათია ბადალაშვილი - „ფიჭვები შორს იყო“, გამომცემლობა „ინტელექტი“; 3. ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“; 4. დათო ჯიქია - „კაკაფონია“, გამომცემლობა „ინტელექტი“; 5. სოფო კუბლაშვილი - „ოკრიბის ღმერთი“, გამომცემლობა „ინტელექტი“; 6. ლექსო ქურხული - „მეწამული პლანეტა მარსი“, გამომცემლობა „ინტელექტი“. საუკეთესო დოკუმენტური პროზა: 1. გიორგი არქანია, გიგი გიოშვილი, ელენე ჭირაქაძე, ქეთევან სიხარულიძე, თინათინბიკაშვილი, ვიტალი მაჭავარიანი, ევგენი ჭანიშვილი - „440 დღე საქართველოსდამოუკიდებლობამდე“, გამომცემლობა „არტანუჯი“; 2. კახა თოლორდავა - „გაუზავებლად“, „სულაკაურის გამომცემლობა“; 3. გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“; 4. შორენა ლებანიძე - „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“, გამომცემლობა „არტანუჯი“. წლის საუკეთესო პოეტური კრებული: 1. გიორგი ეკიზაშვილი - „შორეული ჰანგები“, გამომცემლობა „აგორა“; 2. შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“; 3. ნატო ინგოროყვა - „სადგურებს შორის“, გამომცემლობა „ინტელექტი“. წლის საუკეთესო პროზაული კრებული: 1. ბესიკ ხარანაული - „დიდი სმა“, გამომცემლობა „ინტელექტი“; 2. ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“; 3. ჯანა ამირეჯიბი - „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“; 4. სალომე მაკარიძე - „152“, გამომცემლობა „მეფე“; 5. კოკა არჩვაძე - „ჩინური დღიური“, „სულაკაურის გამომცემლობა“. წლის საუკეთესო რომანი: 1. ანა კორძაია-სამადაშვილი - „ზინკა ადამიანი“, „სულაკაურის გამომცემლობა“; 2. მიშა ბახსოლიანი - „კანიბალიადა“, „სულაკაურის გამომცემლობა“; 3. ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“; 4. ბესო სოლომანაშვილი - „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალიდასახვრეტებისა“, „სულაკაურის გამომცემლობა“. 2016-2019 წლებში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები იყვნენ: ბესიკხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანაექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, გიორგი შონია, სოსო მეშველიანი, ლელასამნიაშვილი, ბექა ქურხული, გიორგი შონია, ნიკა ლაშხია, ნატალია ავალიანი, მაქსიმე მაჩაიძედა სხვები.
ჩეჩნეთში აღმოჩენილი ქვა, ქართული ასომთავრული წარწერით, სავარაუდოდ, ვაინახური კულტურის ნიმუშია
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შეისწავლის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მიკვლეულ არქეოლოგიურ აღმოჩენას. ამის შესახებ სააგენტოში უთხრეს რადიოს თავისუფლებას. ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგებმა იპოვეს ქვა, რომელიც შუა საუკუნეებს განეკუთვნება და მასზე არსებული წარწერა ქართული ასომთავრული დამწერლობის ნიმუშია. აღმოჩენის შესახებ ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა აზამატ ახმაროვმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა. მისი თქმით, აღმოჩენა უნიკალურია იმდენად, რამდენადაც „მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულ ტექსტთან. აქამდე ჩეჩნეთში ნაპოვნი მსგავსი ძეგლები შეიცავდა მხოლოდ რამდენიმე ნიშნისგან შემდგარ მოკლე ფრაზებს“. როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, პირველადი შესწავლის ნიადაგზე, აშკარაა, რომ ეს არის ვაინახურ ენაზე გაკეთებული წარწერა, რომლისთვისაც გამოყენებულია ქართული ანბანი. ადრეულ შუა საუკუნეებში ძლიერი კულტურული ასიმილაციის ნიადაგზე, არა მხოლოდ ვაინახები, არამედ სხვა ხალხები, ოსები, ინგუშები, იყენებდნენ ქართულ ასომთავრულ დამწერლობას და ეს თავისთავად სიახლე არ არის. მსგავსი არქეოლოგიური არტეფაქტები მრავლადაა მიკვლეული ამ ტერიტორიაზე. ასევე ნახეთჩეჩნეთში არქეოლოგებმა იპოვეს ქვა შუა საუკუნეების ქართული ტექსტით„წარწერაზე იკითხება „ქრისტე“ და არის ასევე გარკვეული სახელები მოხსენიებული. ეკუთვნის თუ არა ეს სახელები რაიმე საკულტო ნაგებობის ქტიტორებს, თუ ეს არის საფლავის ქვის ნაწილი და დაკავშირებულია თუ არა წარწერა საფლავთან, ეს სამეცნიერო კვლევის საგანია და იქნება გამოკვლეული და სრულფასოვანი პასუხი გაეცემა“, - განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. სადაც ასევე ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა ასახავს ადრეული შუა საუკუნეების ტენდენციებს ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში, სადაც ჩეჩნურ-ვაინახული ეთნოსი სახლობდა და იყენებდა ქართულ დამწერლობას. სააგენტოს განმარტებით, საბოლოოდ, ასეთი აღმოჩენები, როგორც წესი, სამუზეუმო ექსპონატებს შორის ხვდება ხოლმე. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეციერებათა აკადემიის არქეოლოგებმა ქვა, რომელიც სავარაუდოდ შუა საუკუნეების დროინდელია, იტუმ-კალინსკის რაიონში, ბაულოის დასახლებაში, მეჩეთის ნანგრევების დათვალიერებისას იპოვეს. მასზე დატანილია ასომთავრულით შესრულებული, 24 ასოსგან შემდგარი ტექსტი. არტეფაქტი გროზნოს არქეოლოგიური კვლევების ცენტრშია გადატანილი. წყარო
ხვალიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
ხვალიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. 19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, - ნატქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი დადგენილებით მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცესკო-დან აცნობეს. მათი განმარტებით, დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა. „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ცესკოს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისთვის. ამასთან, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას პანდემიასთან დაკავშირებული რისკჯგუფების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი“,-აცხადებენ ცესკო-ში. მათ ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის შენობაში შესვლის წესებიც განსაზღვრეს. „ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვებს საარჩევნო უბანს. დადგენილება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების შესახებ ყველასათვის ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე. საარჩევნო ადმინისტრაცია კი იმისათვის, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას გეგმავს. ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს“,-აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მეგალაბმა“ თბილისის ოთხ წამყვან კერძო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდმა მულტიპროფილურმა ლაბორატორია „მეგალაბმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის 4 წამყვან კერძო სკოლასთან გააფორმა. „ბრიტანულ-ქართული აკადემია“, „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა“, „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა“ და „თბილისის მწვანე სკოლა“ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს რეგულარულად ჩაუტარებენ COVID-19-ის ტესტირებას. ამასთან ერთად, სკოლები მათი მოსწავლეების ოჯახებს გადასცემენ „მეგალაბის“ COVID-19-ის პჯრ (PCR) და სწრაფი ტესტის ფასდაკლების ვაუჩერებს. ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, სასწავლო წლის დასაწყისში, მეგალაბის წარმომადგენლები ზემოთ აღნიშნული სკოლების მოსწავლეებს, აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციას COVID-19 -თან დაკავშირებულ დამატებით რეკომენდაციებს მიაწოდებენ. „მეგალაბი“ მუშაობს JCI (Joint Commission International) სტანდარტის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. „ბრიტანულ-ქართულ აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ გუნდი „მოხარულები ვართ, რომ „ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ“ და „თბილისის ბრიტანულმა საერთაშორისო სკოლამ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს „მეგალაბთან“. ეს შეთანხმება დაგვეხმარება სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვასა და სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი მოსწავლეებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა.“ „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის“ გუნდი „ჩვენი მიზანია, COVID-19 პირობებში, სკოლაში შევქმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემო. ამისათვის ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობას „მეგალაბთან“, რომელიც დაგვეხმარება ინფორმირებულები ვიყოთ და ვიზრუნოთ ჩვენს მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.“ “თბილისის მწვანე სკოლის” გუნდი „მოხარულები ვართ, რომ „თბილისის მწვანე სკოლასა“ და „მეგალაბს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი. გვჯერა, რომ ამ შეთანხმების შედეგად შევძლებთ სასკოლო პროცესის კიდევ უფრო უკეთ წარმართვასა და მოსწავლეებისათვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას.“ „მეგალაბის“ გუნდი „მოხარულები ვართ, რომ „მეგალაბმა“გააფორმა სკოლებთან თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებისა და სასკოლო პერსონალის დროული ტესტირებით ჩვენს წვლილს შევიტანთ სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში.“
რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 5-ჯერ გაიზარდა
რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატოს „ესკოს“ სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ რუსეთში 386.5 მლნ/კვტსთ ელექტროენერგია იყიდა, ეს კი 5-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის 8 თვეში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენეტგიის მოცულობა 74.651 მლნ/კვტსთ შეადგენდა. 2020 წლია იანარ-აგვისტოში კი ქვეყანამ სულ 835.2 მლნ/კვტსთ ელექტროენერგია იყიდა. ყველაზე დიდი მომწოდებელი კი აზერბაიჯანი გახდა, წელს მეზობელ ქვეყანაში სულ 448.7 მლნ/კვტსთ მოცულობის დენი ვიყიდეთ. საანგარიშო პერიოდში საქართველომ სულ 8275.8 მლნ/კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა, გამომუშავებული დენის მოცულობამ კი 7636.3 მლნ/კვტსთ შეადგინა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2140 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2140 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1886 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0254 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8057 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7603 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0454 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
"სკოლებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს და დაწესებულებებს შორის ის უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და ბოლო, რომელიც დაიკეტება"
სკოლებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს და დაწესებულებებს შორის ის უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და ასევე, უნდა იყოს ბოლო, რომლის დაკეტვაც განიხილება,- ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ვაისილი ესენამანოვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა. ამასთანავე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, დისტანციური სწავლებისას მნიშვნელოვანია შესაბამისი ტექნიკური მომზადება. „გვჯერა, რომ განათლების მიღების გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში და ამასთანავე, ბავშვების სოციალიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გეოგრაფიული განაწილებით იხელმძღვანელოს. იმ გეოგრაფიულ არეალებში, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სკოლების დახურვა კრიკულად მნიშვნელოვანი იქნება, ამ შემთხვევაში სკოლები უნდა დაიხუროს, მაგრამ თუ ასეთი აუცილებლოაბა არ იქნება, სკოლებმა უნდა იმუშაოს. ასევე, გასათვალისწინებელია სკოლების დახურვის გავლენა არა მხოლოდ ბავშვების განვითარებაზე, არამედ თითოეულ ოჯახზე, რადგან ამ შემთხვევაში მშობლებს უწევთ ყოველდღიური ეკონომიკური აქტივობის მიტოვება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხარისხიანი დისტანციური სწავლებისთვის შესაბამისი ტექნიკური პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი და იმ დროს, როდესაც სკოლები ჯერ კიდევ დაკეტილია, მნიშვნელოვანია, მოხდეს მათი აღჭურვა და მომზადება, რაც შეიძლება სწრაფი გახსნისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამ რისკის მინიმუმამდე შემცირება უნდა მოხდეს. სკოლაში ბავშვები შეიძლება დაინიფიცირდნენ და მათ შეიძლება გაავრცელონ ვირუსი. რა თქმა უნდა, რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, ნაკლებია შანსი სერიოზული დაავადების განვითარების, თუმცა საყურადღებოა, რომ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო რთულია შესაბამისი ზომების დაცვა, ძალიან რთულია იმის უზრუნველყოაფა, რომ ბავშვმა ატაროს ნიღაბი წესების დაცვით, დაიბანოს ხელები რეგულარულად და ყველაზე საყურადღებოა ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ფიზიკური დისტანციის დაცვა,“- განაცხადა ვაისილი ესენამანოვმა. მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მიღებული აქვს წესები, რომელიც შეამცირებს ვირუსის გავრცელების ალბათობას სკოლების გახსნის შემთხვევაში. მათ შორის არის სკოლის სივრცის ისე ათვისება, რომ დერეფნებში ბავშვების თავმოყრა არ მოხდეს. „გასათვალისწინებელ წესებს შორის არის თერმოსკრინინგი, რიგის დაწესება სკოლაში შესვლისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების მცირე ჯგუფებად დაყოფა, რომლებიც ერთმანეთში არ აირევიან და ასე მოხდება გავრცელების შემცირება ერთიდან მეორე ჯგუფში. ასევე, მნიშვნელოვანია ფიზიკური გარემოს ორგანიზება. როგორც იცით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ უნდა მოხდეს 1 -მეტრიანი დისტანციის დაცვა, ასე რომ არ უნდა იყოს ერთ მეტრზე ნაკლები მანძილი საკლასო ოთახში მერხებს შორისაც. ასევე მნიშვნელოვანია სკოლაში მოსწავლეების გადაადგილების ორგანიზება, რათა იყოს სხვადასხვა შესასვლელი და გასასველელი, სასურველია დერეფნებში მოძრაობა ერთი მიმართულებით იყოს ორგანიზებული, რათა არ მოხდეს მოსწავლეების ერთმანეთთან შეჯახება. ასევე უნდა იყოს ხელების სველის წესით დამუშავეის შესაძლებლობა, რაც შეიძლება ბევრგან უნდა იყოს დამონტაჟებული სანიტაიზერები, ხშირად უნდა მოხდეს მერხების, მაგიდებისა და საზიარო ნივთების დასუფთავება და ძალიან მნიშვნელოვანია სივრცის ხშირად განიავება. ნიღბები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა ბავშვების შემთხვევში ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომა არ უნდა იყოს,“- განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
NGO-ები პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროგრამებში ბავშვთა საკითხების ასახვაში დახმარებას სთავაზობენ
„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროგრამებში ბავშვთა საკითხების ასახვაში დახმარებას სთავაზობს. კოალიცია, რომელიც 49 ორგანიზაციას აერთიანებს, გამოხატავს მზადყოფნას, საინფორმაციო რესურსების გაზიარების გარდა, ინდივიდუალურად შეხვდეს პოლიტიკურ პარტიებს: „ამ პროექტის ფარგლებში ბავშვთა კოალიცია აპირებს და უკვე დაწყებულია კონკრეტული აქტივობები, რაც პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენ მათ მივაწოდეთ ბავშვთა უფლებების თემაზე ძირითადი გამოწვევების ამსახველი დოკუმენტები და ვაპირებთ, რომ უშუალოდ შევხვდეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც ამის სურვილი ექნება, უპასუხებს ჩვენს გამოწვევას და მოვითხოვოთ ბავშვთა უფლებების წამყვანი პრობლემების ასახვა მათ პროგრამებში“, - განაცხადა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტმა ანა აბაშიძემ. როგორც „კოალიციაში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ აღნიშნავენ, საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. შეთავაზება პოლიტიკური პარტიებისადმი კი 10 მწვავე საკითხს მოიცავს. „ჩვენ შევქმენით საკმაოდ მსუყე ანგარიში, რომელიც მოიცავს 10 ძირითად მწვავე საკითხს ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით. მათ შორის არის ოჯახების გაძლიერებასთან დაკავშირებით მიმართული საკითხები, ეს არის სოციალური მუშაკების როგორც შრომითი პირობების საკითხი, ასევე უშუალოდ სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული სერვისების ეფექტურობისა და ხარისხის საკითხი“, - აღნიშნა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ცირა ბარქაიამ. საკითხების ჩამონათვალშია ასევე ზოგადი და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში არსებული სირთულეები, ბავშვთა სიღარიბე, ბავშვთა მიმართ ძალადობა, მართლმსაჯულების სისტემაში, ძირითადად პოლიციის განყოფილებებში ბავშვების პირველი კონტაქტისას არსებული ხარვეზები და სხვა. „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ 2012 წელს შეიქმნა. მისი ძირითადი საქმიანობა ბავშვის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ადვოკატირებაა.
"ნიღაბი უნდა გახდეს ყოველდღიური ცხოვრების წესი, ისევე, როგორც დისტანცია"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად თანაცხოვრება მინიმუმ ერთი წელი მაინც მოგვიწევს. როგორ ის აღნიშნავს, ნიღბის ტარება და დადგენილი რეგულაციების შესრულება ყოველდღიური ცხოვრების წესი უნდა გახდეს. „ინფექცია ჩვენთან ერთად არის, კოვიდი არსად გამქრალა, ის ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ტრიალებს. ილუზია შევქმენით ივნისსა და ივლისში, რომ თითქოს კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ. ჩვენ ვამბობდით და მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ მარტო აღებული საქართველო კორონავირუსულ ინფექციას ვერ დაამარცხებდა, ის მთელმა მსოფლიომ უნდა დაამარცხოს, ამიტომ ჩვენ მოგვიწვს მასთან ერთად ცხოვრება სულ მცირე ერთი წელი მაინც. ნიღაბი უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი, ისევე, როგორც დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება“,- განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, მთელ მსოფლიოში გაზაფხულთან მიმართებით კორონავირუსული ინფექციის მართვის პოლიტიკა შეიცვალა. „თუ გაზაფხულზე ძლიერი შეზღუდვები, კარანტინი, ჩაკეტვები იყო, ეს უკვე ნაკლებად არის რეკომენდირებული, რადგან ქვეყნები იზოლირებულები ვერ იქნებიან თვეობით და წლობით. ადამიანები ნორმალური ცხოვრების რიტმს უნდა დაუბრუნდნენ. ამიტომ, თუ მაშინ სლოგანი იყო - „დარჩით სახლში“, ახლა არის სლოგანი - „ვისწავლოთ თანაცხოვრება და ადაპტაცია კორონავირუსთან ერთად“. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია, სამედიცინო სექტორი მზად იყოს, რათა აღმოჩენილ შემთხვევებს სწრაფად ვუმკურნალოთ და მეორე მხრივ, არ ჩავკეტოთ ეკონომიკა“,-განაცხადა გამყრელიძემ.
ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილებების თანამშრომლების გეგმური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და დადებითი იყო. მათი განმარტებით, ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ. „მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ. სახანძრო-სამაშველო შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
"ყოველ 10 ადამიანში 1 მშიერია" - FAO-ს გენერალური დირექტორის ღია წერილი
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) შეიმუშავა რეაგირებისა და გაჯანსაღების სრულყოფილი პროგრამა, რომლის მიზანია კორონავირუსის შედეგების დაძლევა მასშტაბური და ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. „თუ ჩვენ გვინდა თანამედროვეობის ისტორიაში ყველაზე მძიმე სასურსათო კრიზისი თავიდან ავიცილოთ, ძლიერი და სტრატეგიული თანამშრომლობა არაორდინალურად მაღალ მასშტაბებზე უნდა ავიყვანოთ“ - ამის შესახებ წერია FAO-ს გენერალური დირექტორი კუ დონჟუს ღია წერილში, რომელიც დღეს გაავრცელა. მისივე თქმით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) შეიმუშავა რეაგირებისა და გაჯანსაღების სრულყოფილი პროგრამა, რომლის მიზანია კორონა ვირუსის შედეგების დაძლევა მასშტაბური და ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ: „გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდ-19 ადამიანების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ადამიანთან, თითოეულ ჩვენგანთან მიმართებით, გადაიხედოს ჯანსაღი საკვების წარმოებისა და მასზე წვდომის მიდგომები. სურსათის სისტემებმა აუცილებელია ამ პლანეტის ყველა მცხოვრები, ის ადამიანები, ვისაც პანდემიამ საფრთხე შეუქმნა, უზრუნველყოს დღიური საარსებო საშუალებებით. თუ ჩვენ გვინდა თანამედროვეობის ისტორიაში ყველაზე მძიმე სასურსათო კრიზისი თავიდან ავიცილოთ, ძლიერი და სტრატეგიული თანამშრომლობა არაორდინალურად მაღალ მასშტაბებზე უნდა ავიყვანოთ. ჯერ კიდევ პანდემიის წინა პერიოდში, სურსათის გლობალურ სისტემებსა და სურსათის უსაფრთხოებაზე ბევრი ფაქტორი ახდენდა გავლენას, მათ შორის, მავნებლები, სიღარიბე, კონფლიქტები და კლიმატის ცვლილება. FAO-ს უახლესი ანგარიშის ,,მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოების და ნუტრიციის კუთხით არსებული მდგომარეობა’’ თანახმად, 2019 წელს, დაახლოებით 690 მილიონი ადამიანი ანუ ყოველ ათ ადამიანში თითქმის ერთი იყო მშიერი. 2020 წლის ბოლომდე, კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად, დამატებით 130 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება ქრონიკული შიმშილის პირობებში. უფრო მეტიც, 2019 წელს, სამ მილიარდ ადამიანს არ ჰქონდა წვდომა ჯანსაღი კვებაზე და არასაკმარისი კვების სხვა ფორმებით ხასიათდებოდა. პანდემიისა და მისთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ჩვენ უკვე ვნახეთ სურსათით მომარაგების გლობალური ჯაჭვის რღვევის, სამუშაო ადგილების დეფიციტის და დაკარგული მოსავლის შემთხვევები. ახლა ვხედავთ თუ როგორ იგვიანებს დარგვის პროცესი. მსოფლიოში, დაახლოებით 4,5 მილიარდი ადამიანი სურსათის სფეროშია დასაქმებული და ეს სფეროა მათი საარსებო წყარო; ისინი დასაქმებული არიან წარმოების, დასაწყობების, გადამუშავების, ტრანსპორტირების და სურსათის მომხმარებლამდე მიწოდების სფეროებში. ამასთან, მათ უწევთ საკუთარი თავის და ოჯახების გამოკვება. პანდემიამ სურსათის სისტემაში დასაქმებულთა 35 პროცენტი რისკის ქვეშ დააყენა და კიდევ უფრო მეტია დაზარალებული ქალების რაოდენობა. ზემოაღნიშნული რეალობის გავლენა არის როგორც მყისიერი, ისე შორს მიმავალი. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ კოვიდ-19-ის დამაზიანებელი გავლენის შეჩერება სურსათის უსაფრთხოებაზე და ჯანსაღ კვებაზე. პარალელურად, აუცილებლად გვჭირდება სურსათის სისტემების მეტად გაძლიერება და თანასწორობის უზრუნველყოფა მომავალში, რათა იმაზე უკეთეს მდგომარეობაში დავბრუნდეთ, ვიდრე მანამდე ვიყავით. პანდემიის დაწყებისთანავე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ აქტიური დახმარება გაუწია ქვეყნებს და ფერმერებს, რათა მათ ემუშავათ პრობლემის დაძლევის უფრო მასშტაბურ და მდგრად გამოსავალზე და საკვები მიეწოდებინათ ყველა ადამიანისათვის. აღნიშნულმა საფუძველი ჩაუყარა, FAO-ს პროგრამას ,,კოვიდ-19-ზე რეაგირებისა და ვითარების გაჯანსაღების პროგრამა’’, სადაც მოქმედების შვიდი პრიორიტეტული სფეროა განსაზღვრული. თუმცა, აღნიშნული გამოსავლის გზების კატალიზებისა და მათი შემდგომი განვითარების მიზნით, ბიზნესი, როგორც ჩვეულებრივი მიდგომა აღარ არის საკმარისი. ჩვენ გაერთიანებული ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ გამოწვევას სამი სტრატეგიული მიმართულებით. კერძოდ, პირველი - გადაწყვეტილებების მისაღებად გვჭირდება უკეთესი მონაცემები: პანდემიის გავლენაზე დროულად და ეფექტურად რეაგიებისათვის, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ სად და როდის არის დახმარება საჭირო, ასევე, რომელია დახმარების საუკეთესო გზა. ეს ნიშნავს მასშტაბურ მუშაობას მონაცემებზე, ინფორმაციაზე და ანალიზზე და ასევე აღმავალი მიდგომის გამოყენებას. FAO ცდილობს სწრაფი ადაპტირება მოახდინოს და გააძლიეროს მონაცემთა შეკრების მეთოდები ქვეყნის, რეგიონის და გლობალურ დონეზე, რადგან მონაცემთა შეკრების პროცესები პანდემიის შესაჩერებლად ფიზიკური დისტანცირების მოთხოვნის გამო დაირღვა. მაგ. FAO-მ ახლახანს გაუშვა FAO Data Lab რომელიც მიზნად ისახავს სურსათის ფასების რეალური დროის მონაცემებისა და სენტიმენტ-ანალიზის თავმოყრას. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ გეოსივრცითი პლატფორმა - Hand-in-Hand Geospatial Platform, რომელიც აერთიანებს ერთ მილიონზე მეტ სივრცით დონეს და კარგი შესაძლებლობაა ქვეყნებში ინტერვენციების პრიორიტიზირების კუთხით. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომს ხდის ვიზუალურ მონაცემებს და შესაძლებელი ხდება ადრეული განგაშის ატეხვა პოტენციურ ცხელ წერტილებში, რომელიც შეიძლება დაზარალდეს ცუდი ამინდის პირობებით და შემდგომი განვითარების პროგნოზირება. მეორე, კარდინალურად უნდა გავზარდოთ ჩვენი კოლექტიური ქმედებების სინერგია: კოვიდ-19 არის კრიზისი, რომელიც მოგვიწოდებს არა მხოლოდ გაერთიანებისაკენ, არამედ მოქმედებისაკენაც. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც არასოდეს გვიმოქმედია. ყველა ხელთარსებული მონაცემის, ძალისხმევისა და რესურსების ერთად თავმოყრა და ერთად მოქმედება უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება პანდემიის შედეგებზე რეაგირებისა და გლობალური გაჯანსაღებისათვის. ასევე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინკლუზიის, სასოფლო სამეურნეო სფეროში ვაჭრობის, მდგრადი და ძლიერი სასურსათო სისტემების განვითარების ხელშეწყობა, პროპაგანდა, მომავალში ცხოველიდან ადამიანზე დაავადებების გადასვლის შედეგად ეპიდემიების გავრცელების პრევენცია და კოორდინირებული ჰუმანიტარული ქმედებების უზრუნველყოფა. პანდემიამ უკვე საკმაოდ უპრეცენდენტო გავლენა მოახდინა გლობალურ და რეგიონალურ ვაჭრობაზე. 2020 წელს, ვარაუდობენ რომ მსოფლიოში საქონლით ვაჭრობა 32 პროცენტით შემცირდება. განსხვავებით სასურსათო თუ ჯანმრთელობის კრიზისებისაგან თანამედროვე ერაში, კოვიდ-19 მომარაგება-მიწოდების შოკებზე ახდენს გავლენას ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე და მომენტალურ თუ გრძელვადიან რისკებს უქმნის სურსათის წარმოებას და ხელმისაწვდომობას. აუცილებელია უზრუნველვყოთ ვაჭრობის მოთხოვნების შესაბამისობა და გავაუმჯობესოთ საქონლის საზღვრებზე გადაადგილების ეფექტიანობა. FAO მიზნად ისახავს საერთაშორისო აგრარული და სურსათით ვაჭრობის ხელშეწყობას რეგიონთაშორისი ვაჭრობის გაძლიერების გზით. გარდა ამისა, ცხოველიდან ადამიანზე დაავადების გადასვლის პრევენცია მოითხოვს კოორდინაციას ყველა შესაბამისი სექტორის მონაწილე მხარეებს შორის. ეს გულისხმობს ჯანდაცვის სექტორს, ეროვნულ და ადგილობრივ ბუნებრივი რესურსების მართვას და სოფლის განვითარებას, რათა მომავალში მყისიერი რეაგირება მოხდეს მაღალი რისკის მქონე ადგილებში ეპიდემიის პოტენციურ გავრცელებაზე. აღნიშნულ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით, FAO-მ და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ სულ ახლახანს გააძლიერეს ერთობლივი FAO/WHO ცენტრი, რომელიც მასპინძლობს ,,კოდექს ალიმენტარიუსის კომისიას’’ და აერთიანებს ექსპერტებს ზოონოტიკური დაავადებების სფეროში ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა FAO, WHO და სხვა გლობალური პარტნიორები და საკოორდინაციო მექანიზმები. მათი გაერთიანების მიზანია ეროვნული შესაძლებლობების შექმნა ზოონოტიკური საფრთხეების პროგნოზირების, პრევენციისა და კონტროლის მიზნით. პანდემიის შედეგებზე სასურსათო თუ აგრარული სფეროების ეფექტური რეაგირება ასევე მოითხოვს გაერთიანებულ ჰუმანიტარულ ქმედებებს, კერძოდ, მოწყვლადი მცირე მეწარმეების და საოჯახო ფერმების საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფას. აუცილებელია კარგად დავგეგმოთ და გავაძლიეროთ კოლაბორაცია და პარტნიორობა გაეროს უწყებებს, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და მთავარ ადგილობრივ აქტორებს შორის. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ რეალური წარმატების მიღწევას, თუ ხელიხელჩაკიდებული, ერთად ვიმუშავებთ უფრო მეტი ერთიანობის და ეფექტურობისათვის. მესამე, უნდა დავაჩქაროთ ინოვაცია: ახალი საინვესტიციო სტრატეგიები, ციფრული ტექნოლოგიები და ინფასტრუქტურული ინოვაციები უაღრესად მნიშვნელოვანია უკეთესი მონაცემების მოსაპოვებლად. ამასთან, ისინი ზრდის სურსათის წარმოების ეფექტიანობას და ბაზარზე წვდომას. ამ კუთხით, კერძო სექტორს ბევრი შესაძლებლობა გააჩნია, რომლის გამოყენება მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალიან წაადგებათ, რათა კერძო სექტორის ინოვაციებზე და შედეგებზე-ორიენტირებული მიდგომების საფუძველზე კიდევ უფრო დახვეწონ მეთოდები. სასურსათო კრიზისი პრევენცია ახლა უნდა მოხდეს, არ შეიძლება დაველოდოთ როდის ამოიწურება ჯანმრთელობის კუთხით არსებული კრიზისი. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს უბრალოდ შიმშილის არასასურველ დონეებზე და პანდემიამდე არსებული სასურსათო საფრთხეების დონეზე დაბრუნება. გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საკუთარ რესურსებს, ძალაუფლებას, რეალური დროის მონაცემებს, ადრეული გაფრთხილების სისტემებსა და ტექნიკურ ექსპერტიზას სთავაზობს მთელს მსოფლიოს. ერთად, ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ყველაზე მეტი საჭიროების მქონე, მოწყვლად ადამიანებს, მოვახდინოთ შემდეგი კრიზისის პრევენცია, გავზარდოთ მოსახლეობის მედეგობა შოკების მიმართ და დავაჩქაროთ ჩვენი სასურსათო სისტემების ხელახალი განვითარება. ერთად, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი, სადაც ყველა კარგად არის გამოკვებილი. მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ და საკუთარი წვლილი შეიტანოთ პრობლემის აღმოფხვრაში“, - წერია წერილში.