ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირის ელჩი – კიბერთავდასხმაზე: „განმეორების რისკი არსებობს“
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი შეშფოთებას გამოთქვამს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო და აცხადებს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, გაირკვეს, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან. ელჩი ფიქრობს, რომ მსგავსი კრიმინალური აქტის განმეორების რისკები არსებობს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. "შემაშფოთებელი იყო გუშინ განხორციელებული, კიბერთავდასხმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც კიბერშეტევა მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. ევროკავშირი დაინტერესებულია, გაირკვეს, თუ ვინ დგას ამ თავდასხმის უკან. სხვა განცხადების გაკეთებამდე დაველოდები, ვიდრე სიტუაცია კიდევ უფრო ნათელი არ გახდება. ეს კიბერთავდასხმა გვახსენებს ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს, განსაკუთრებით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომ არსებობს რისკები მსგავსი თავდასხმების განმეორების. მნიშვნელოვანია ფხიზლად ვიყოთ", - განაცხადა კარლ ჰარცელმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა მიიტანეს, რომლის მიზანი ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება იყო. უწყების ცნობით, მოპოვებული მასალა, როგორც ავთენტიკური, ისე ფალსიფიცირებული, ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე აიტვირთა. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს იყო გამიზნული შეტევა მისი პარალიზებისთვის. ის ამ ქმედებას "დეზინფორმაციულ და უკანონო კამპანიის ნაწილად" აფასებს. ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოზე 2019 წლის 28 ოქტომბერსაც განხორციელდა. ამ თავდასხმის უკან გამოძიებამ რუსეთის საგარეო დაზვერვის კვალი გამოკვეთა.
საქართველოდან 81%-ით მეტი თხილია ექსპორტირებული, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში
საქართველოდან 1 797 ტონა თხილია ექსპორტირებული. 2019 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 991 ტონას შეადგენდა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2020 წელს თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო. „მიმდინარე წელს, ქართული თხილი განსაკუთრებულად კარგი ხარისხით გამოირჩევა. კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (460 ტონა), იტალიაში (423 ტონა), ჩეხეთში (154 ტონა), ესპანეთში (93 ტონა), პოლონეთში (66 ტონა), ლიეტუვაში (62 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთში (22 ტონა), ლატვიაში (21 ტონა), საფრანგეთსა (42 ტონა) და საბერძნეთში (10 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (66 ტონა), უკრაინა (61 ტონა), მექსიკა (25 ტონა), ბრაზილია (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), ბელარუსი (21 ტონა) და სომხეთი (154 ტონა). აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კელი დეგნანი კიბერთავდასხმაზე - ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე, საზიანო აქტორები აგრძელებენ თავიანთ საზიანო მოქმედებებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, გამოძიებას დრო დასჭირდება, რომ დადგინდეს, ვინ იდგა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ცენტრზე კიბერთავდასხმის უკან. თუმცა, ელჩის შეფასებით, ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე აქტორები საზიანო მოქმედებებს აგრძელებენ საქართველოს წინააღმდეგ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. „დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, იქნება შედეგებიც. ვიცით, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროსა და ასევე, ლუგარის ცენტრზე. რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება გამოძიებას, რომ დადგინდეს, ვინ იდგა ამ კიბერთავდასხმის უკან, თუმცა ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე, საზიანო აქტორები აგრძელებენ თავიანთ საზიანო მოქმედებებს. ისეთი აქტორები, როგორიც არის რუსეთი, აგრძელებენ ისეთი შესაძლებლობების მოძიებას და გამოყენებას, რათა საზოგადოებაში დესტაბილიზაცია და დაბნეულობა გამოიწვიონ. სწორედ ამიტომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ის კარგი სამუშაო, რასაც იგი უკვე ასრულებს კიბერუსაფრთხოების და სტანდარტების გაზრდისკენ. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ამ მიმართულებით“, განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩი ეუთოში - აშშ ეუთო-ს ქვეყნებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საქართველოში ეუთო-ს მისიის განახლებას
2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავი არის ბნელი მოგონება იმ ათასობით ადამიანზე, რომლებმაც ტანჯვა გადაიტანეს და ახლაც იტანჯებიან რუსეთის საქართველოში შეჭრის გამო, – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორმა ვენაში მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „დღეს ჩვენ ვიხსენებთ მოქალაქეებს, რომლებსაც სახლების დატოვება აიძულეს და იძულებით გადაადგილებულ პირებად აქციეს. ვიხსენებთ უდანაშაულო მოქალაქეებს, რომლებიც დე ფაქტო მთავრობის მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების ჩაკეტვის გამო დაიღუპნენ, რადგან მათ აუკრძალეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღება. ჩვენ ვიხსენებთ ოჯახებს, რომლებიც „ბორდერიზაციის“ საშუალებით დაყვეს და საარსებო წყარო წაართვეს,“- განაცხადა ჯეიმს გილმორმა. მისივე თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ძალები განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ უფრო ღრმად შეჭრას. „რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ძალები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად შეჭრას, ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიები მეტრი მეტრობით გააფართოონ, რაც აუცილებლად უნდა იყოს მუდმივმოქმედი საბჭოს შეშფოთების საგანი. შარშან ვიხილეთ რუსეთის ხელმძღვანელობით ჩორჩანა-წნელისთან საქართველოს ტერიტორიის ასეულობით მეტრის გაკონტროლების მცდელობა. რუსი ე.წ. მესაზღვრეები აკავებენ მოქალაქეებს და მიმართავენ ძალადობას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, მათ შორისაა ბოლო შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს ესროლეს. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რუსეთის ვალდებულება ნათელია: რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. რუსეთმა ასევე აიღო ვალდებულება, რომ ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება“, – განაცხადა ჯეიმს გილმორმა. მისივე თქმით, აშშ რუსეთს მოუწოდებს, უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე. „მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აღიარება ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ შესახებ. ეს აუცილებელია ასობით და ათასობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უსაფრთხოდ და ღორსეულად დასაბრუნებლად. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვუერთდებით მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შედეგად დაყოფილი მოსახლეობის გაერთიანების შესახებ. რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე, მუდმივმოქმედ საბჭოზე რეგულარული განსახილველი საკითხია. კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის ნაცვლად, რუსეთი აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას, აქ, ვენაში და სხვაგანაც. რუსეთი აგრძელებს იმ ქმედებების ხელშეწყობას და მხარდაჭერას, რომლებიც ზიანს აყენებს უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის საარსებო საშუალებებსა და სიცოცხლეს. აშშ მოუწოდებს ეუთო-ს ყველა წევრ ქვეყანას, მხარი დაუჭიროს საქართველში ეუთო-ს მისიის განახლებას, რომელსაც ექნება საშუალება, მონიტორინგი გაუწიოს სიტუაციას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს“, - აღნიშნა ჯეიმს გილმორმა.
„პატრიოტთა თამაშები“ (RUS)
ისტორიას ერთი უცნაური თვისება აქვს - გამეორება იცის. გამეორება კი ცოდნის დედა მხოლოდ ანდაზაშია. რეალურად ისტორიის გამეორებებიდან სწავლა თითქმის არავის შეუძლია. ასე რომ არ იყოს, ერთი ხელისუფალი მაინც ისწავლიდა, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც თვითონ ასაზრდოებს ფსევდოოპოზიციის სახელით, საბოლოო ჯამში რეალურად ხდება ხოლმე მისი დასამარების მიზეზი. ასე ხდება ყოველთვის - ასე გამოზარდა (ან უბრალოდ დაინდო და ჩათვალა, რომ რამეში გამოიყენებდა) ჯერ კიდევ იულიუს ცეზარმა - ბრუტუსი, ჰინდენბურგმა - ჰიტლერი, მჟავანაძემ - შევარდნაძე, შევარდნაძემ - სააკაშვილი და ა. შ. ყოველთვის, როცა გადატრიალება (ფორმალური თუ არაფორმალური სისხლიანი თუ უსისხლო) ხდება, ყველაზე დიდი წვლილი ამ საქმეში ყოველთვის ფსევდოოპოზიციას შეაქვს, რომელსაც ხელისუფლება ამა თუ იმ მიზეზით ელოლიავება და ფიქრობს, რომ მისი მხარდაჭერის ყიდვას შეძლებს. ასე იქნება ახლაც. წლებია, ვაკვირდებით, როგორ იზრდება და ძლიერდება „პატრიოტთა ალიანსად“ წოდებული, ერთ დროს ფსევდოოპოზიციური ძალა, რომლის ლიდერებიც ერთი- ერთში იმეორებენ და ფეხდაფეხ მიჰყვებიან რუსული პროპაგანდის ძირითად ხაზებს. კერძოდ: ანტილიბერალური და ანტიდასავლური პროპაგანდა, ჰომოფობია, ქსენოფობია - ყველა ერის წარმომადგენლების სიძულვილი, რუსების გარდა, დეზინფორმაცია, წაქეზება, რელიგიური დევნა, კულტურისა და ისტორიის გაყალბება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქმედებებისა, რასაც ეს პარტია პარლამენტში და მის გარეთ ახორციელებს და, როგორც წესი, რჩებოდა და რჩება ხელშეუხებელი. ამის მიზეზი კი ისაა, რითაც დავიწყეთ - ფსევდოოპოზიცია რჩება ხელშეუხებელი მანამ, სანამ ისტერიულად იბრძვის ხელისუფლების მთავარი ოპონენტის, ყოფილი სახელისუფლებო ძალისა და ქვეყანაში შექმნილი მტრის ხატის - „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისგან წარმოქმნილი ყველა პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ. ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, სანამ სამი, ხელისუფლებისთვის გაუთვალისწინებელი რამე არ მოხდა: 1. რუსული სააგენტოს მეშვეობით გავრცელდა ჟურნალისტური გამოძიება,, რომლის თანახმადაც, „პატრიოტთა ალიანსი“ რუსული სპეცსამსახურებიდან მილიონობით დოლარით ფინანსდება და სპეციალურ დავალებებსაც ასრულებს. 2. ეს ამბავი რამდენიმე დღის გახმაურებული იყო, რომ ახალი, ამჯერად უკვე დადასტურებული ამბავი გასკდა - „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ოკუპირებულ აფხაზეთში გადაიპარნენ და უკან დაბრუნდნენ. 3. „პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარაში გამოაკრა წინასაარჩევნო ბანერი, რომელზეც ოკუპირებულ ტერიტორიად, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად, გამოსახულია აჭარაც, ხოლო აჭარის ოკუპანტად მიჩნეულია თურქეთის რესპუბლიკა. ლოგიკურად, ამ სამი ინციდენტის მერე მაინც ერთხმად უნდა დაეგმო ხელისუფლებას მისი მთავარი მოკავშირის ქმედებები და, როგორც მინიმუმ, სუს-ს უნდა დაეწყო გამოძიება სამივე თუ არა, პირველი ორი ინციდენტის გამო მაინც. მაგრამ ამის მიუხედავად, ხელისუფლების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, ჟურნალისტების შეკითხვაზე პირველ ინცედენტთან დაკავშირებით, უპასუხა: მასე ხანდახან ქართულ ოცნებაზეც ამბობენ, პრორუსულიაო. სოფო კილაძე ყოველთვის გამოირჩეოდა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაადეკვატური შეფასებებით, მაგრამ პატრიოტთა ალიანსის მიმართ მისი თითქმის ღია მხარდაჭერა, სავარაუდოდ, მის რელიგიურ შეხედულებებს უკავშირდება, რომლის მთავარ დამცველობასაც სწორედ პატრიოტთა ალიანსი იბრალებს. რაც შეეხება აჭარას, აქ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა შეემჩნია, ვისაც ეს ევალება, როგორ გულმოდგინედ ცდილობდა სრულიად გარკვეული ძალა დედა-რუსეთის დავალების შესრულებას - ხან ამერიკულ ინვესტიციას უპირისპირდებოდნენ ეკოლოგიის დაცვის ნიღბით (გაიხსენეთ კარბამიდის ტერმინალი, რომელზეც მე თავად ვწერდი), ხან ანტითურქული განწყობის გაღვივებას ცდილობდნენ - ეს მაშინ, როცა მათი დამკვეთი ქართველებს იტაცებდა, აპატიმრებდა და რეალურად აგრძელებდა „მცოცავი ოკუპაციის“ პოლიტიკას. და ამ ყველაფრის გვირგვინად გვევლინება ლუსტრაციის კანონის უქონლობა ქვეყანაში, რომელიც თავის ყველა უბედურებას ოკუპანტისა და ისტორიული მტრის სპეცსამსახურებს უნდა „უმადლოდეს“. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება პოლიტელიტაზე ბევრად განვითარებული და აზრზე მოსული გვყავს, მაინც ძალიან ბევრი ეხვევა ამ ფსევდოპატრიოტებისა და პოპულისტების პროპაგანდის ბადეში. რომ გვქონოდა ლუსტრაციის კანონი და გვცოდნოდა, ვინ ვინაა, ვინ თანამშრომლობდა და თანამშრომლობს, ვეღარავინ შეიყვანდა შეცდომაში საზოგადოებას. რომ გვქონოდა ლუსტრაციის კანონი, რომ არ გვქონოდა კონკორდატის ხელშეკრულება, რომ არ გვყოლოდა ამხელა მონსტრი მეზობლად და მტრად, რომ არ გვყოლოდა ამდენი მოღალატე შიგნით... ყველა გზა „რომ“-ისკენ მიდის. ერთადერთი იმედისმომცემი ამ შემთხვევაში ისევ სოციალური ქსელი და მისი მომხმარებლები არიან. როგორც ხშირად ვამბობთ ხოლმე - მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი საქმეზე განაპირობებს მის სწორ და ოპერატიულ შესრულებას ხელისუფლების მიერ, იმიტომ, რომ არ არსებობს თანამედროვე ხელისუფლებისთვის უფრო საშიში ძალა, ვიდრე საკუთარი დაბალი რეიტინგი სოციალურ ქსელებში. იმედს ვიტოვებ, რომ არჩევნებამდე რამე გამოძიების მსგავსი მაინც დაიდება და ვინმე მაინც დაისჯება ამ ინციდენტების გამო. საზოგადოების დაკვეთა დამნაშავეების დასჯაცაა, სხვათა შორის, თან კარგა ხანია უკვე. ავტორი: ლექსო ლეკიაშვილი პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას სტატიისთვის გამოყენებული ფოტო ეკუთვნის www.mythdetector.ge/-ს.
კახეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთში ახალი კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ქალი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა. ქალი პროფესიით ექიმია და იგი თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ინფიცირებული ქალის კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ვირუსის გამო კახეთში დღეიდან კვლავ ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი.
თურქეთმა აღიარებული უნივერსიტეტების სიაში საქართველოში მოქმედი კიდევ ორი უმაღლესი განათლების დაწესებულება შეიტანა
თურქეთმა აღიარებული უნივერსიტეტების სიაში საქართველოში მოქმედი კიდევ ორი უმაღლესი განათლების დაწესებულება შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს. "თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების ორგანიზაციამ საქართველოში მოქმედი კიდევ ორი უმაღლესი განათლების დაწესებულება: „გეომედის სასწავლო უნივერსიტეტი“ და „მილენიუმის სასწავლო უნივერსიტეტი“ შეიტანა აღიარებული უნივერსიტეტების სიაში", – აღნიშნულია ინფორმაციაში.
"Covid-19-ის საწინააღმდეგო ამერიკული ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად"
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ამერიკული ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად. შესაბამისი განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში ვაქცინას 3 წელიწადშიც ვერ მიიღებდნენ. "პრეზიდენტი ტრამპი ვაქცინას რეკორდულ ვადებში მიიღებს. სხვათა შორის, ეს ობამას ადმინისტრაცია, რომ ყოფილიყო, თქვენ ვაქცინას 3 წელიწადშიც კი ვერ მიიღებდით, ან შესაძლოა საერთოდ არ მიგეღოთ. ვაქცინას მივიღებთ ძალიან მალე. შესაძლოა, ეს იმ განსაკუთრებულ დღემდეც [არჩევნებამდე] მოხდეს ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. ცნობისათვის: მსოფლიოში COVID-19–მა 896 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 27 490 000–ს გადააჭარბა, 19 592 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1684-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1315 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.
თურქეთის პარლამენტში კორონავირუსის 44 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთის პარლამენტში ახალი კორონავირუსის 44 შემთხვევა გამოვლინდა, – იუწყება გამოცემა „დეილი საბაჰი“ თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერ მუსტაფა სენტოპზე დაყრდნობით. პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ამჟამად ხუთი დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება, ოთხი კი – ჰოსპიტალიზებულია. ამასთან, კორონავირუსით გარდაიცვალა თურქეთის პარლამენტის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც 34 წლის იყო. ბოლო პერიოდში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იმატა.
ვენდი მორტონი :"დიდი ბრიტანეთი საქართველოს ოკუპაციის დასრულებაში დაეხმარება"
დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვენდი მორტონის განცხადებით, საექსპორტო დეპარტამენტმა საქართველოს 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაუზარდა დაფინანსება. ეს თანხა რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში მომდინარე კონფლიქტის დასრულებას მოხმარდება. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია მიუღებელია“ - წერს ვენდი მორტონი. ბრიტანელ მინისტრს ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი . მან მადლობა გადაუხადა ვენდი მორტონს რუსული ოკუპაციის დაგმობისთვის.
გაერთიანებული სამეფო ქართულ კომპანიებს დამატებით შესაძლებობებს სთავაზობს
გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტმა საქართველოს 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაუზარდა საექსპორტო დაფინანსება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვენდი მორტონმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. „ეს დამატებითი დახმარება ქართულ კომპანიებს ახალი პროექტების განხორციელებაში დაეხმარება და მათ ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს შეუქმნის“ - წერს ვენდი მორტონი. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტს "ტვიტერის" გვერდზე მადლობა გადაუხადა. მისი თქმით ეს დახმარება საქართველოში ეკონომიკური შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას ემსახურება. „უაღრესად ვაფასებ გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტის ძალისხმევას დაეხმაროს ქართულ კომპანიებს წარმატების მიღწევასა და თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზებაში“ - წერს დავით ზალკალიანი.
თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განრიგი ცნობილია
20, 23 და 27 სექტემბერს Turkish Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანია „ანადოლუჯეტი“, თბილისი-სტამბოლის (საბიჰა გოქჩენის აეროპორტი) მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს. „ტავ ჯორჯიას“ ცნობით, აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის
“საქართველოში ბიზნეს პირობები მყარია, თუმცა არაერთი კომპანიის მხრიდან გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობის თაობაზე"
“მთლიანობაში საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია, თუმცა არაერთი კომპანიის მხრიდან გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობის თაობაზე", – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით რეგიონის მასშტაბით მოწინავე ადგილზეა, ქვეყნის ეკონომიკა კი უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაა. თუმცა, საქართველოში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიუთითებენ ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლოვანებაზე: “მთლიანობაში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია, თუმცა არაერთი კომპანიის მხრიდან გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობის ზრდის თაობაზე. ამასთან, კომპანიები მიუთითებენ გადაწყვეტილებათა მიღების არაეფექტურ პროცესზე, განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე. ასევე სირთულეებზე ინტელექტურალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით. ბიზნესის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკა დახევწას საჭიროებს, ბიზნესის შეფასებით ასევე სირთულეებია საკუთრების უფლებებთან მიმართებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტის პროცესშიც. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოგვარების მიმართულებით მუშაობას. ამ სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ბიზნესგარემო რეგიონის ქვეყნებს შორის კვლავ ღიაობით გამოირჩევა", - ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ პორტის გენერალურ კონტრაქტორ კომპანიასთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა, თუმცა ანაკლიის პროექტი მთავრობის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტად რჩება.
ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის სანქციები გაახანგრძლივა
ევროპულმა საბჭომ სანქციების ვადა გაუხანგრძლივა იმ პირებს, რომლებიც განაგრძობენ უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შელახვას. სანქციები 6 თვით, 2021 წლის 16 მარტამდე გახანგრძლივდა. დღეს, 10 სექტემბერს გადაწყვეტილება საბჭომ წერილობითი სახით მიიღო. სანქციები გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას. იგი მიმართული იქნება 175 პირისა და 44 ორგანიზაციის მიმართ. ამკრძალავი ზომები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვისთვის, პირველად 2014 წლის 17 მარტს ამოქმედდა. გარდა ამისა, ევროკავშირმა აამოქმედა სხვა ეკონომიკური სანქციებიც, რომლებიც რუსული ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებს ეხება და ძალაშია 2021 წლის 31 იანვრამდე.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია
„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის პარკში საარჩევნო პროპორციული სიის ოცეული წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, სიის შემადგენლობა კი ირაკლი კობახიძემ დაასახელა. სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: გიორგი გახარია არჩილ თალაკვაძე ირაკლი კობახიძე თეა წულუკიანი მამუკა მდინარაძე ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გახარია იქნება. რაც შეეხება დანარჩენ 15 პირს, ესენი არიან: კახა კუჭავა გიორგი კახიანი მარიამ ქვრივიშვილი მიხეილ სარჯველაძე მაია ბითაძე მიხეილ დაოშვილი გიორგი ამილახვარი ვიქტორ სანიკიძე მაკა ბოჭორიძვილი შალვა პაპუაშვილი დავით კაჭარავა ნიკოლოზ სამხარაძე გიორგი ხელაშვილი მარიამ ლაშხი ბექა დავითულიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
თაკო ჩარკვიანს COVID-19 დაუდასტურდა
პარტია კანონი და სამართლის ლიდერს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ის "ფეისბუკზე" წერს: "ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ! თუ ღმერთმა ინება გავუძლებთ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს! თავისუფლება ლომთა ხვედრია," - წერს თაკო ჩარკვიანი.
რომის პაპი: გემრიელი საჭმელი და სექსი ღვთაებრივი სიამოვნებაა
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ თანამდროვე კათოლიკური ეკლესია სექსისგან სიამოვნების მიღებას არ კიცხავს, ხოლო წარსულში ამ საკითხის არასწორმა გააზრებამ კათოლიკურ ეკლესიას დიდი ზიანი მიაყენა. ამის შესახებ რომის პაპმა იტალიელ მწერალსა და საზოგადოებრივ მოღვაწეს, კარლო პეტრინის განუცხადა. „სიამოვნება უშუალოდ ღმერთისგან მოდის. სიამოვნება არ არის კათოლიკური ან ქრისტიანული ცნება. სიამოვნება უბრალოდ ღვთაებრივია“, - განაცხადა ფრანცისკემ. რომის პაპის აზრით, ადამიანს საჭმელი იმიტომ სჭირდება, რომ ჯანმრთელი იყოს, ხოლო სექსუალური სიამოვნება სიყვარულს უფრო ლამაზს ხდის და ადამიანთა მოდგმის გაგრძელებას უზრუნველყოფს. „კათოლიკური ეკლესია ყოველთვის გმობდა არაადამიანურ, უხეშ და უხამს სიამოვნებას, თუმცა უბრალო, ადამიანური და ზნეობრივი სიამოვნება ყოველთვის მისაღები იყო. გადაჭარბებული მორალი, რომელიც გრძნობებს უარყოფს, ქრისტიანული გზავნილის არასწორი გაგებაა“, - დასძინა რომის პაპმა.
საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიები ადასტურებენ, რომ ნავალნი "ნოვიჩოკითაა" მოწამლული
საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიები ადასტურებენ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკითაა" მოწამლული. ამის გერმანიის მთავრობის პრეს–სპიკერმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა. ”ჩვენ რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ნატელი მოჰფინოს მომხდარს. ჩვენ შემდგომი ნაბიჯების თაობაზე მჭიდრო კონსულტაციებში ვართ ევროპულ პარტნიორებთან", – განაცხადა ზაიბერტმა. განცხადება, რომ რუსი ოპოზიციონერი ნავალნი იმავე ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამლეს, რითაც მამა-შვილი სკრიპალები, გერმანიის ხელისუფლებამ 2 სექტემბერს გააკეთა. ნავალნი გერმანიაში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. 7 სექტემბერს გერმანელმა ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი კომიდან გამოიყვანეს. 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნავალნი სრულად მოვიდა გონს.
ისრაელში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს მიმართავს
ისრაელში საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 18 სექტემბრის 14:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა. შემზღუდველი ზომები სამ კვირას გასტანს. „სკოლები და საბავშვო ბაღები მუშაობას 18 სექტემბერს შეწყვეტენ; დაიხურება: რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული ობიექტები; ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება; გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მ. შეადგენს; შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა. საჯარო დაწესებულებები შეწყვეტენ მოქალაქეთა მიღებას და შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ; შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში შეადგენს ათს, ხოლო ღია სივრცეში ოცს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდება, თუმცა სრულად არ შეჩერდება“,- აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
ოკუპანტები ატოცსა და ზემო ნიქოზთანაც გამოჩნდნენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ატოცისა და ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მხრიდან კვლავ დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი, – ამის შესახებ საქართვლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება. გააქტიუტებულია „ცხელი ხაზი“ გააქტიურდა. „ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მხრიდან კვლავ დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი. აღნიშნული უკანონო აქტივობა წარმოადგენს საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. უსაფრთხოების გარემოს დაზიანების კუთხით, საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები, კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდებზე“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის: ოკუპანტებმა ორიოდ დღის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ადგილობრივები შიშობენ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა სასოფლო–სამეურნეო მიწები და საცხოვრებელი სახლებიც აღმოჩნდება.