ძებნის რეზულტატი:
ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბირთვული იარაღი არ ექნება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ექნება ბირთვული იარაღი. ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა ისლამაბადში ჩავიდეს, თუ ირანთან შეთანხმებას მიაღწევს. „ირანთან შეთანხმებას მივაღწევთ და ეს კარგი შეთანხმება იქნება - შეთანხმება ბირთვული იარაღის გარეშე. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი განცხადება, 20 წელზე მეტ ვადაზე, რომ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი,“ - აღნიშნა ტრამპა. „მოდით, ვიყოთ გულახდილები, 20-წლიანი ლიმიტი არ არსებობს. ვფიქრობ, შანსი გვაქვს და თუ ეს მოხდება, ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცემა, ფასები მნიშვნელოვნად დაეცემა, ინფლაცია მნიშვნელოვნად დაეცემა. ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაც არ უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ირანის მხრიდან ოფიციალური პასუხი ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
ირანი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე, ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის გახსნილია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გავლა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სრულად თავისუფალი იქნება. არაღჩის თქმით, სრუტეში გავლა ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კოორდინირებული მარშრუტით განხორციელდება. „ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გასასვლელი სრულად ღიად გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ უკვე გამოცხადებული კოორდინირებული მარშრუტით,“ - დაწერა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში. რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტეზე გაეროს რეზოლუცია დაბლოკეს „გმადლობთ!“ - წერს თავის მხრივ, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე. ის ამბობს, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა ძალაში დარჩება, ვიდრე მუდმივი სამშვიდობო შეთანხმება არ მიიღწევა. ცნობისთვის,16 აპრილს, ისრაელი და ლიბანი 10-დღიან ზავზე შეთანხმდნენ, რაც ვაშინგტონის შუამავლობით ამ კვირაში გამართულ მოლაპარაკებებს მოჰყვა. ეს ზომა მიზნად ისახავს იმ კონფლიქტის შეჩერებას, რომელიც ისრაელსა და ირანთან დაკავშირებულ ლიბანურ „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარეობს. ჰეზბოლა მოიცავს გასამხედროებულ ჯგუფს და პოლიტიკურ პარტიას და ის სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჯგუფს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს შეერთებული შტატები, თუმცა ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული ნაწილი ჰყავს შავ სიაში შეყვანილი.
ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანი დათანხმდა, აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს. დონალდ ტრამპის თქმით, ეს სრუტე „აღარ იქნება გამოყენებული მსოფლიოს წინააღმდეგ იარაღად.“ მისი თქმით, დღევანდელი დღე „დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის.“ „კიდევ ერთხელ! ეს შეთანხმება არანაირად არ არის დაკავშირებული ლიბანთან, მაგრამ ჩვენ გავხდით ლიბანს კვლავ დიდებულს!“- წერს ტრამპი. ტრამპის განცხადებით, ირანმა, აშშ-ის დახმარებით, განახორციელა და ახორციელებს გამნაღმვით სამუშაოს. „ირანმა მოაშორა ან ახლა აშორებს ყველა საზღვაო ნაღმს!“- წერს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდის პაკისტანს და პრემიერ-მინისტრსა და ფელდმარშალს, ასევე საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს დახმარებისთვის. ირანი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე, ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის გახსნილია განახლება: ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, ვიდრე აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა არ მოიხსნება. შესაბამის განცხადებას ირანის სახელმწიფო მედია „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საზღვაო ძალებმა გააფრთხილეს ჰორმუზის სრუტესთან ახლოს გემებზე მყოფნი, რომ სრუტეში არ შევიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი „მტრად“ იქნებიან აღქმულნი.
ირაკლი კობახიძე თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა, სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. „მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ერდოღანს 15 აპრილს, თურქეთში, სკოლაში მომხდარი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და ერთობლივი რეგიონული პროექტების როლზე. მათ შორის, აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ასევე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენისა და სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობა, როგორც რეგიონისა და ევროპის დაკავშირების, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის პოტენციალზე და მისი განვითარების მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობაზე. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დაესწრო,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად. საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია,“ - წერს X-ზე ირაკლი კობახიძე, რომელიც ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობდა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, ანტალიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ანკარა თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ფორმატში სომხეთის ჩართვის ინიციატივით გამოვიდა
სომხეთისა და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების გაფართოების წინადადება განიხილეს, რათა სომხეთი თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ფორმატში ჩაერთოს. მოლაპარაკებები სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა თავის თურქ კოლეგასთან ნუმან ქურთულმუშთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. კერძოდ, შეხვედრის დროს სიმონიანი მიესალმა თურქი კოლეგის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მოლაპარაკებებისას წარდგენილ წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ნუმან ქურთულმუშმა სომხეთის ჩართვის ინიციატივა წარადგინა თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ფორმატში, მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით. სომხეთის პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თანამოსაუბრეებმა ასევე განიხილეს ინიციატივის შესრულების დამატებითი დეტალები. ქურთულმუშმა პაპუაშვილთან შეხვედრაზე თქვა, რომ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი მექანიზმი უნდა გაძლიერდეს და რომ მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებზე ყოვლისმომცველი მუშაობა შეიძლება, წარიმართოს ამ მექანიზმში სომხეთის ჩართვით. საქართველოს პარლამენტი კი, წერს, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე და რეგიონული საპარლამენტო ფორმატების შემდგომ გააქტიურებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო უმასპინძლებს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივ შეხვედრას. ცნობისთვის, სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. 2025 წელს სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ს ლიდერების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, ჩვენს რეგიონში მშვიდობამ დაისადგურა, რაც ჭეშმარიტად ისტორიულ მიღწევას აღნიშნავს. მაგრამ ჩვენი ხედვა უფრო დიდებულია. ჩვენ ვიწვევთ თურქეთს, იყოს პარტნიორი და შემოგვიერთდეს მშვიდობის „გობელენის ქსოვაში.“ ამ მიზნით, ჩვენ მოუთმენლად ველით თურქეთთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას. ათწლეულების განმავლობაში ეჭვისა და ბოროტების შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის ახალი ერა დაიწყო. ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის (TRIPP) ჩარჩოს ბოლოდროინდელი შესრულება კიდევ ერთ ეტაპს წარმოადგენს. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს როგორც რეგიონული კავშირის შექმნას, ასევე, საერთაშორისო სავაჭრო გზების გაფართოება. სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პრინციპებზე დაყრდნობით, TRIPP-ს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს სტაბილურობას, ეკონომიკურ თანამშრომლობას და კეთილდღეობას სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ. ნორმალიზაციის წამახალისებელი ნიშნები უტყუარია. წლების შემდეგ პირველად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა იწყება. აზერბაიჯანული საქონლის იმპორტი ეკონომიკური კავშირების აღდგენისკენ სიმბოლურ და პრაქტიკულ ნაბიჯს აღნიშნავს,“ - განაცხადა ალენ სიმონიანმა.
თბილისში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა იგეგმება
Trump organization-ის განცხადებით, მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული ახალი Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება. პროექტის ფარგლებში ქართული კომპანიები Archi Group-ი, Biograpi Living-ი და Blox Group-ი იქნებიან ჩართულები. „ცენტრალურ პარკზე გადაშლილი ხედებითა და პრესტიჟული მდებარეობით, Trump Tower Tbilisi მრავალფუნქციური კომპლექსის ცენტრალური ნაწილი იქნება, რომელიც გააერთიანებს მდიდრულ რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო სივრცეებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და ცხოვრების სტილის გამორჩეულ სერვისებს,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. პროექტზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟმა და კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა აღნიშნა, რომ თბილისის დეველოპერული პროექტი კომპანიის „გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს“ საქართველოშიც დაამკვიდრებს. მანამდე, The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი ფეშენებელური ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. The Wall Street Journal-ი ტრამპის ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში. ამჟამად ყველაზე მაღალი შენობა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „აქსის თაუერსია.“ ინფორმაციას ადასტურებს ბიზნესმენი ილია წულაია - მისი თქმით, „არქი პარტნიორებთან ერთად თბილისში „ტრამპ თაუერს“ ააშენებს.“ „ტრამპ თაუერი საქართველოს უძრავი ქონების სექტორს სულ სხვა დონეზე აიყვანს! ვამაყობ, რომ მე, როგორც „არქის“ დამფუძნებელი, მონაწილე ვარ ამ ისტორიული მოვლენის,“ - წერს ბიზნესმენი. Trump Organization-მა 2012 წელს გამოაცხადა უძრავი ქონების პროექტის გეგმების შესახებ შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში. თუმცა როგორც WSJ წერს, კომპანიამ ამ პროექტზე უარი თქვა, სხვა მრავალ უცხოურ გარიგებასთან ერთად, რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმოშობის თავიდან აცილება.
NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეცწარმომადგენელი საქართველოს და აზერბაიჯანს ეწვევა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ელჩი კევინ ჰამილტონი უახლოეს მომავალში აზერბაიჯანსა და საქართველოს ეწვევა. NATO-მ სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეციალური წარმომადგენელი მიმდინარე წლის მარტში დანიშნა. შესაბამისად, ჰამილტონი ამ რანგში საქართველოში პირველად ჩამოდის. ჰამილტონი მანამდე, სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა. NATO-ს მაღალჩინოსანი პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიიღო. მან ასევე შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან და უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანთან. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, სპეციალურმა წარმომადგენელმა თანამოსაუბრეებთან ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, NATO-სომხეთის პარტნიორობის განვითარებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე. ელჩმა ჰამილტონმა შეაქო სომხეთის მუდმივი წვლილი კოსოვოში, NATO-ს სამშვიდობო მისიაში (KFOR); სომხეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და NATO-ს ძალებთან მათი თავსებადობის დონის გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე სამუშაო. NATO აცხადებს, რომ მზადაა, გააგრძელოს პოლიტიკური დიალოგი და უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობა სომხეთთან. ვიზიტის დროს ელჩი ჰამილტონი ასევე შეხვდა სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების და ერევანში აკრედიტებულ, მოკავშირე ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს. „ეს არის ელჩ ჰამილტონის პირველი ვიზიტი. მოგეხსენებათ, ის ცოტა ხნის წინ შეუდგა მოვალეობის შესრულებას, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე პარტნიორობების საკითხებში, პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში, ასევე, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა შეხვედრების სერია სომხეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან. ეს იყო შესაძლებლობა, შეფასებულიყო სომხეთის ხანგრძლივი პარტნიორობა NATO-სთან და გაზიარებულიყო ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო განვითარდეს NATO-სა და სომხეთს შორის პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, ასევე, განხილვის საგანს წარმოადგენდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ასევე, მოსალოდნელია, რომ ელჩი ჰამილტონი უახლოეს მომავალში ვიზიტით ეწვევა საქართველოსა და აზერბაიჯანს,“ - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს.
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით „ფულის გათეთრებაში.“ მას 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო. გიორგი ხაინდრავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ვასილ მხეიძეს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ჩამოერთვა ნივთმტკიცებად ცნობილი საგნები. ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა - 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და ერთი წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა. ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. ხსენებული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობას. ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის, გაფლანგვაში დახმარებისა და ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 25-182- მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თურქეთმა და დიდმა ბრიტანეთმა „სტრატეგიული პარტნიორობის“ ჩარჩო დოკუმენტი გააფორმეს
თურქეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ლონდონში „სტრატეგიული პარტნიორობის“ ჩარჩო დოკუმენტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტს ხელი მოეწერა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრ ივეტ კუპერს შორის შეხვედრის დროს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ჩარჩო ორ ქვეყანას - NATO-ს მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად მტკიცე საფუძველს ქმნის, რომლებსაც აკავშირებთ ისტორიული მეგობრობა, შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები და საერთო პერსპექტივები საერთაშორისო საკითხების ფართო სპექტრსა და გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების მისწრაფებებზე. დოკუმენტი მიზნად ისახავს თურქეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა, თავდაცვა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ასევე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას.
ევროკავშირმა უკრაინისთვის €90 მილიარდის სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა. „მაშინ, როდესაც რუსეთი თავის აგრესიას აძლიერებს, ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას ვაძლიერებთ, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს თავი დაიცვას და რუსეთის ომის ეკონომიკაზე ზეწოლას ახდენს,“ - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. დღესვე, საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიც დაამტკიცა. „დღეს ჩვენი თავდაცვისა და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი დღეა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის საბჭოს მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დამტკიცებას. „უკრაინისთვის განკუთვნილი ევროპული დახმარების 90 მილიარდი ევროს სესხი განბლოკილია. ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, გახდის უკრაინას უფრო ძლიერს და საშუალებას მოგვცემს შევასრულოთ სოციალური ვალდებულებები,“ - წერს ზელენსკი X-ზე. „ასევე, კვიპროსში შეხვედრების დროს, პარტნიორებთან ერთად რუსეთზე შემდგომი სანქციების მეშვეობით ზეწოლის საკითხებს განვიხილავთ. მე-20 პაკეტი განბლოკილია და მას სანქციების სხვა ნაბიჯები უნდა მოჰყვეს,“ - აცხადებს ზელენსკი. უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო მოხსნეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ მათი ქვეყნების მიმართულებით მილსადენი "დრუჟბას" მეშვეობით რუსული ნავთობის მიწოდება აღადგინა.
საქართველო — პურის ხორბლისა და ღვინის უძველესი კერა: 8000-წლიანი ისტორია — ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში ავტორიტეტული კვლევა გამოქვეყნდა
პურისა და ღვინის 8 000-წლიანი ისტორია საქართველოში საქართველო ნეოლითის პერიოდის პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელ ცენტრად მიიჩნევა. შესაბამის სტატიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი [PNAS] კვლევაზე დაყრდნობით აქვეყნებს. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 8000 წლის არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის — Triticum aestivum — წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული დათარიღების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს, დღემდე ცნობილ ფიზიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს. მეცნიერებმა დადასტურეს, რომ უძველესი ხორბლის ნაშთები აღმოჩნდა ორ კონკრეტულ არქეოლოგიურ ადგილას: გადაჭრილი გორა; შულავერის გორა. გადაჭრილი გორას და შულავერის გორას არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა 1970-იან წლებში, მკვლევრების — ალექსანდრე ჯავახიშვილისა და თამაზ კიღურაძის — ხელმძღვანელობით დაიწყო. კვლევები 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგების მიერ განახლდა. ძეგლებზე გამოვლენილია: ალიზის ნაგებობები; მდიდარი კერამიკული მასალა; ძვლოვანი არტეფაქტები. აღნიშნული მასალა მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა განვითარებულ მიწათმოქმედებას ეწეოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმავე ნამოსახლარებში დადასტურებულია უძველესი მეღვინეობის კვალი. ეს აღმოჩენა 2017 წელს ასევე გამოქვეყნდა Proceedings of the National Academy of Sciences-ში და მან ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამგვარად, არსებული მონაცემების საფუძველზე, საქართველო მსოფლიოში პურისა და ღვინის კულტურის უძველესა კერაა. ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან, მიწათმოქმედების განვითარების ცენტრს წარმოადგენდა და დღეისთვის ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც 8 000 წლის წინანდელი პურის და ღვინის კვალი დოკუმენტურად დადასტურდა. დღემდე ითვლებოდა, რომ მნიშვნელოვანი მარცვლეული კულტურების პირველი კულტივაცია/დომესტიკაცია ახლო აღმოსავლეთში, “ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ სახელით ცნობილ ტერიტორიაზე (თანამედროვე ირანი, ერაყი, თურქეთი, სირია, პალესტინა) უნდა მომხდარიყო. კვლევები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასია ამ არეალის გაგრძელებას წარმოადგენს და სავარაუდოდ, საკვები მცენარეების სახეობების წარმოქმნის ასევე უძველესი ცენტრია. ცნობისთვის, საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. სტატიაში წარმოდგენილი დასკვნები დიდწილად ეფუძნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოეთნობოტანიკოსის, პროფესორ ნანა რუსიშვილი მრავალწლოვან კვლევებს, რომელიც უკვე ხუთ ათწლეულზე მეტია, პალეობოტანიკურ მასალებს სწავლობს. კვლევის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის — „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ — ფარგლებში, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და საზოგადოება „ივერიას“ მიერ. ახალი კვლევა ჟურნალმა მიმდინარე ნომრის ერთ-ერთ გამორჩეულ მასალად შეაფასა და ძირითად სტატიას დაურთო ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის სექციის ხელმძღვანელის, პროფესორ მელინდა ზედერის კომენტარი — „პური და ღვინო, კულინარიული შეხამების ისტორია.“ კომენტარში ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორისაქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 8000 წლის არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის — Triticum aestivum — წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. მეცნიერებმა დადასტურეს, რომ უძველესი ხორბლის ნაშთები აღმოჩნდა ორ კონკრეტულ არქეოლოგიურ ადგილას: გადაჭრილი გორა; შულავერის გორა. გადაჭრილი გორისა და შულავერის გორის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა 1970-იან წლებში, მკვლევრების — ალექსანდრე ჯავახიშვილისა და თამაზ კიღურაძის — ხელმძღვანელობით დაიწყო. კვლევები 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგების მიერ განახლდა. ძეგლებზე გამოვლენილია: ალიზის ნაგებობები მდიდარი კერამიკული მასალა ძვლოვანი არტეფაქტები აღნიშნული მასალა მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა განვითარებულ მიწათმოქმედებას ეწეოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმავე ნამოსახლარებში დადასტურებულია უძველესი მეღვინეობის კვალი. აღნიშნული აღმოჩენა 2017 წელს ასევე გამოქვეყნდა Proceedings of the National Academy of Sciences-ში და ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამგვარად, არსებული მონაცემების საფუძველზე, საქართველო მსოფლიოში პურისა და ღვინის კულტურის უძველეს კერად მიიჩნევა. ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან წარმოადგენდა მიწათმოქმედების განვითარების ცენტრს და დღეისთვის ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც დოკუმენტურად დადასტურდა 8 000 წლის წინანდელი პურის და ღვინის კვალი. დღემდე ითვლებოდა, რომ მნიშვნელოვანი მარცვლეული კულტურების პირველი კულტივაცია/დომესტიკაცია ახლო აღმოსავლეთში, “ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ სახელით ცნობილ ტერიტორიაზე (თანამედროვე ირანი, ერაყი, თურქეთი, სირია, პალესტინა) უნდა მომხდარიყო. კვლევები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასია ამ არეალის გაგრძელებას წარმოადგენს და სავარაუდოდ, საკვები მცენარეების სახეობების წარმოქმნის ასევე უძველესი ცენტრია. ცნობისთვის, საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. სტატიაში წარმოდგენილი დასკვნები დიდწილად ეფუძნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოეთნობოტანიკოსის, პროფესორ ნანა რუსიშვილი მრავალწლოვან კვლევებს, რომელიც უკვე ხუთ ათწლეულზე მეტია, პალეობოტანიკურ მასალებს სწავლობს. კვლევის თანაავტორთა შორის არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები: მინდია ჯალაბაძე, ინგა მარტყოფლიშვილი, მარინე მოსულიშვილი, ნანა მელაძე, დავით მაღრაძე, ელიზაბეტა ბოარეტო და სტივენ ბატიუკი. კვლევის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის — „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ — ფარგლებში, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და საზოგადოება „ივერიას“ მიერ. ახალი კვლევა ჟურნალმა მიმდინარე ნომრის ერთ-ერთ გამორჩეულ მასალად შეაფასა და ძირითად სტატიას დაურთო ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის სექციის ხელმძღვანელის, პროფესორ მელინდა ზედერის კომენტარი — „პური და ღვინო, კულინარიული შეხამების ისტორია.“ კომენტარში ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან როლს ინოვაციური მიწათმოქმედების განვითარების გლობალურ პროცესებში. აღსანიშნავია, რომ პურის ხორბალი (Triticum aestivum) დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხორბლის სახეობაა და საერთო მოხმარების დაახლოებით 95%-ს შეადგენს. UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა
არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ს დატოვებს
არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-დან გასვლას აანონსებს. კერძოდ, საამიროები ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციიდან (OPEC და OPEC+) ოფიციალურად 2026 წლის პირველ მაისს გავა. ენერგეტიკის მინისტრმა სუჰაილ მოჰამედ ალ-მაზრუეიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რეგიონის სახელმწიფოების ენერგეტიკული სტრატეგიების ყურადღებით განხილვის შემდეგ მიიღეს. მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროებს საუდის არაბეთთან მოლაპარაკებები არ ჰქონია. სპარსეთის ყურის სახელმწიფოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, ქვეყანას, რომელსაც ჯგუფების წინაშე ვალდებულებები არ ექნება, მეტი მოქნილად მოქმედებების საშუალება მიეცემა. მაზრუეის თქმით, ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების გამო, გადაწყვეტილებას ნავთობის ბაზარზე დიდი გავლენა არ ექნება. Reuters-ი წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების OPEC-დან გასვლამ შესაძლოა, ორგანიზაციის დასუსტება გამოიწვიოს. OPEC 1960 წელს ხუთი ქვეყნის - ირანის, ერაყის, ქუვეითის, საუდის არაბეთისა და ვენესუელის მიერ დაარსდა, რათა ნავთობის მსხვილი ექსპორტიორების ინტერესები დაეცვათ. ხუთი დამფუძნებელი წევრის გარდა, მასში ასევე შედიან ალჟირი, ეკვატორული გვინეა, გაბონი, ლიბია, ნიგერია და კონგოს რესპუბლიკა. არაბთა გაერთიანებული საამიროები 1967 წელს შეუერთდა ორგანიზაციას და მისი გასვლის შემდეგ, OPEC-ში 11 წევრი დარჩება. არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ის ქვეყნებს შორის, მეოთხე უდიდესი ნავთობმწარმოებელია. ცნობისთვის, 2018 წელს გაეროს გენერალური ასამბლეისადმი მიმართვაში ტრამპმა ორგანიზაცია ნავთობის ფასების გაბერვით „დანარჩენი მსოფლიოს გაძარცვაში“ დაადანაშაულა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რომელიც აშშ-სთვის მნიშვნელოვანი მოლავშირეა, ბოლო დროს გააორმაგა ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან, რომლებთანაც 2020 წლის „აბრაამის შეთანხმებებით“ დაამყარა კავშირები. ის ისრაელთან ურთიერთობას რეგიონული გავლენის კრიტიკულ ბერკეტად და ვაშინგტონთან დაკავშირების უნიკალურ არხად მიიჩნევს.
ჩარლზ III: 9/11-ს NATO-მ ერთად უპასუხა, დღეს ეს სიმტკიცე საჭიროა უკრაინის დასაცავად
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა კონგრესში ისტორიული სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „ალიანსი, რომელიც ორმა ერმა საუკუნეების განმავლობაში ააშენა და რომლისთვისაც ჩვენ ღრმად მადლიერები ვართ ამერიკელი ხალხის - ნამდვილად უნიკალურია.“ მეფე ჩარლზმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ნათესაური და იდენტური კავშირი ფასდაუდებელი და მარადიული. ის შეუცვლელი და დაურღვეველია.“ მანვე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით, მსოფლიოში დიდი გაურკვევლობისა და კონფლიქტების დროს, ეს პარტნიორობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. გაერთიანებული სამეფოს მეფემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის „და მისი უკიდურესად მამაცი ხალხის“ დასაცავად საჭირო იყო იგივე ურყევი მტკიცე გადაწყვეტილება, რაც გამოიჩინეს შეერთებულ შტატებზე 2001 წლის 11 სექტემბერს თავდასხმების შემდეგ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. „11 სექტემბრის შემდეგ, როდესაც NATO-მ პირველად გამოიყენა მეხუთე მუხლი, ჩვენ ერთად ვუპასუხეთ მოწოდებას, რასაც ჩვენი ხალხები საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მხარდამხარ აკეთებდნენ, ორი მსოფლიო ომის, ცივი ომის, ავღანეთის და იმ მომენტების განმავლობაში, რომლებმაც განსაზღვრა ჩვენი საერთო უსაფრთხოება. დღეს იგივე ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად. ეს აუცილებელია ჭეშმარიტად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად,” - აღნიშნა მეფე ჩარლზ III-მ. მეფე ჩარლზი კონგრესის ორივე პალატის ერთობლივი სხდომის წინაშე სიტყვით აშშ-ში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გამოვიდა. მეფე ჩარლზი და მისი მეუღლე, დედოფალი კამილა აშშ-ში 28 აპრილს, დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.
20-წლამდელთა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ
სომხეთი და საქართველო 2029 წელს FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ. განცხადება კანადის ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა. „ეს იქნება FIFA-ს პირველი ტურნირი, რომელიც ორივე ქვეყანაში ჩატარდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში. საქართველომ და სომხეთმა ფიფას 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. ამის შესახებ, ერევანში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ისაუბრეს. FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.
რუსეთი 9 მაისის აღლუმს სამხედრო ტექნიკის გარეშე გამართავს
მრავალი წლის განმავლობაში პირველად, მოსკოვში 9 მაისის აღლუმი სახმელეთო სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება. 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა გამოვა. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამხედრო ტექნიკის კოლონა აღლუმში მონაწილეობას „არსებული ოპერატიული სიტუაციის“ გამო არ მიიღებს. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 9 მაისს დაგეგმილი აღლუმის საჰაერო ნაწილი ჩატარდება. „აღლუმის საჰაერო ნაწილის დროს, რუსული პილოტაჟის ავიაჯგუფების თვითმფრინავები წითელ მოედანზე იფრენენ, ხოლო აღლუმის დასასრულს, „სუ-25“ თავდასხმის თვითმფრინავების პილოტები მოსკოვის ცას რუსეთის დროშის ფერებში შეღებავენ, “ - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. BBC წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როცა რუსეთის სამხედრო ტექნიკა 9 მაისს, წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე არ იქნება.
აშშ-ში, ტრამპის გამოსახულებით, ლიმიტირებული რაოდენობის პასპორტებს გამოუშვებენ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, შეზღუდული რაოდენობით (limited-edition) პასპორტების გამოშვებას იწყებს. ამ პასპორტების შიდა მხარეს პრეზიდენტ ტრამპის გამოსახულებაც იქნება. მაკეტების მიხედვით, ტრამპის პორტრეტი გარშემორტყმულია დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტითა და ამერიკის დროშის ელემენტებით, ხოლო ქვემოთ ოქროსფრად არის დატანილი პრეზიდენტის ხელმოწერა. ერთ-ერთ გვერდზე ასევე წარმოდგენილია დამფუძნებელი მამების მიერ დეკლარაციის ხელმოწერის გამოსახულება. პასპორტების გამოშვება მიმდინარე ზაფხულშია დაგეგმილი და ისინი ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო ინიციატივის — „America250“-ის ნაწილია.
აშშ სომხეთისა და თურქეთის მიერ ყარსი-გიუმრის რკინიგზის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება
ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთისა და თურქეთის მიერ ყარსი-გიუმრის რკინიგზის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება. თურქეთში აშშ-ის ელჩი ტომ ბარაკი აცხადებს, რომ რეგიონული კავშირისა და მშვიდობის მშენებლობისთვის ორი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. როგორც ცნობილია, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა ორმხრივი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართეს. „სომხეთისა და თურქეთის ოფიციალური პირები თურქეთის ქალაქ ყარსში შეხვდნენ და ყარსი-გიუმრის რკინიგზის რეკონსტრუქციის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს. ეს ხაზი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში რეგიონის დამაკავშირებელი მთავარი სავაჭრო და სატრანზიტო მარშრუტის ფუნქციას ასრულებდა, ვიდრე 1993 წლის ივლისში თურქეთ-სომხეთის საზღვარი ბოლო მატარებელმა გადაკვეთა,“ – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. ბარაკის თქმით, მიღწეული პროგრესი ასახავს ინიციატივის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ხედვას და იმეორებს 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით თეთრ სახლში გამართული ისტორიული სამშვიდობო სამიტის შედეგებს. დიპლომატმა აღნიშნა, რომ მიესალმება ანკარისა და ერევნის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია მათ ეკონომიკებსა და ხალხებს შორის კავშირების აღდგენისკენ. ტომ ბარაკის თქმით, იქმნება ახალი სამხრეთ კავკასია — ურთიერთდაკავშირებული და მშვიდობიანი რეგიონი, რომლის განვითარებაც სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ კურსს შეესაბამება. ყარსში შეხვედრა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებისა და ადრე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში გაიმართა. რკინიგზის მომსახურების აღსადგენად სამუშაო ჯგუფის შექმნა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პრაქტიკულ ნაბიჯად განიხილება. ცნობისთვის, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს გიუმრი-ყარსის რკინიგზის რაც შეიძლება მალე ამოქმედების მნიშვნელობა რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოების კონტექსტში. ამასთან, სომხეთში აშშ-ს საელჩომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შეაფასა როგორც "ისტორიული პროგრესი მშვიდობიანი და განვითარებული სამხრეთ კავკასიისკენ.“
უკრაინა: რუსეთის მიერ მოპარული მარცვლეულით დატვირთულ გემს ისრაელში არ მიიღებენ
უკრაინის განცხადებით, რუსეთის მიერ მოპარული მარცვლეულით დატვირთული გემი ისრაელში არ გადმოიტვირთება. მანამდე, კიევმა ისრაელს ტვირთის ჩამორთმევა მოსთხოვა. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ გემმა „პანორმიტისმა“ ისრაელის ტერიტორიული წყლები დატოვა და ნეიტრალურ წყლებში გადავიდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მის მიერ მიღებული პროცესუალური ზომებისა და ისრაელისთვის შესაბამისი მასალების გაგზავნის შედეგად, ჩაიშალა რუსეთის მცდელობა, მოეხდინა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ გატანილი ხორბლის ლეგალიზება. პროკურატურის განცხადებით, ნეიტრალურ წყლებში გემის შესვლა არ ნიშნავს სისხლისსამართლებრივი წარმოების შეწყვეტას და პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ამ საქმესთან კავშირის მქონე პირებს. „საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში უკრაინული მხარის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, ისრაელის კომპეტენტურმა ორგანოებმა მოთხოვნის დამუშავება დაიწყეს,“ - განაცხადა კრავჩენკომ. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამშაბათს გვიან ღამით წარდგენილი იურიდიული დახმარების მოთხოვნა „შეიცავდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ ხარვეზებს და არ მოიცავდა რაიმე დამადასტურებელ მტკიცებულებას.“ სამინისტროს თქმით, მას აცნობეს, რომ გემმა, რომელიც მომავალ კვირას პორტში უნდა შესულიყო, ისრაელის ტერიტორიული წყლების დატოვება გადაწყვიტა. Reuters-ი წერს, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მენეჯერი კომენტარისთვის მიუწვდომელია. „ჩვენ ვაფრთხილებთ ყველა სუბიექტსა და ერს, რომ ჩვენი მარცვლეულის ნებისმიერ ქურდობაზე მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ამ კვირის დასაწყისში. „მისასალმებელია, რომ PANORMITIS, რომელსაც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეული უკანონოდ გადააქვს, ისრაელში ტვირთს არ გადატვირთავს. ეს ადასტურებს, რომ უკრაინის სამართლებრივი და დიპლომატიური ქმედებები ეფექტიანი იყო. ასევე, ეს მკაფიო სიგნალია ყველა სხვა გემის, კაპიტნის, ოპერატორის, სადაზღვევო ორგანოსა და მთავრობისთვის: არ შეიძინოთ მოპარული უკრაინული მარცვლეული. ამ დანაშაულის ნაწილი არ გახდეთ,“ - წერს თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა X-ზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში 28 აპრილს გამოძახებული იყო ისრაელის ელჩი, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს „რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული ხორბლით უკანონო ვაჭრობის გამო.“ მანამდე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ ჰქონდათ. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ცნობით, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარი თქვა უკრაინა-ისრაელის დავის კომენტირებაზე. ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი „პანორმიტისის“ ბორტზე ხორბლისა და ქერის მიღების შესახებ გადაწყვეტილება ისრაელელმა იმპორტიორმა მიიღო და არა მთავრობის წარმომადგენელმა. უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის ოკუპირების შემდეგ, უკრაინამ რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა ამ ტერიტორიებიდან წაღებული ხორბლითა და სხვა პროდუქტებით უკანონოდ ვაჭრობაში. მოსკოვმა კომენტარი არ გააკეთა იმ რეგიონებში მოპოვებული მარცვლეულის იურიდიულ სტატუსზე, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც უკრაინული.
იტალიისთვის აშშ-ის მიერ ჯარების შესაძლო შემცირების მიზეზი „გაუგებარია“
იტალიას არ ესმის, რა მიზეზით უნდა შეამციროს შეერთებულმა შტატებმა მის ქვეყანაში ჯარების რაოდენობა. თავდაცვის მინისტრ გვიდო კროსეტოს განცხადებით, იტალიამ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო უსაფრთხოების მისიაში მონაწილეობისთვის მზადყოფნა დააფიქსირა. „არ მესმის მიზეზი. როგორც ყველასთვის ნათელია, ჩვენ არ გამოგვიყენებია ჰორმუზის სრუტე და მზადყოფნაც კი, გამოვთქვით საზღვაო უსაფრთხოების მისიაში მონაწილეობისთვის, რასაც, სხვათა შორის, აშშ-ის სამხედროებმა მაღალი შეფასება მისცეს,“ - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ჯარების გაყვანას იტალიიდან და ესპანეთიდანაც განიხილავს. კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ-ის ჯარების იტალიიდან და ესპანეთიდან გაყვანას მას შემდეგ რაც მან მიანიშნა, რომ შესაძლოა, ეს გერმანიასთან დაკავშირებით გააკეთოს, ტრამპმა უპასუხა: „ალბათ. რატომ არ უნდა გავაკეთო ეს? იტალიამ არანაირი დახმარება არ გაგვიწია და ესპანეთი საშინელება იყო. როდესაც გვჭირდებოდნენ, ჩვენთან არ იყვნენ. ირანთან დაკავშირებით არანაირი დახმარება არ გვჭირდებოდა. მათი დახმარება არ მჭირდებოდა, მაგრამ ვუთხარი, რომ კი, ძალიან გვსურს თქვენი დახმარება, რადგან მინდოდა მენახა, გააკეთებდნენ თუ არა ამას და ყველა შემთხვევაში, მათ თქვეს, „არ გვინდა ჩარევა.“
ვენეციის ბიენალეს ჟიურის თავმჯდომარე და წევრები ღონისძიების გახსნამდე 9 დღით ადრე გადადგნენ
ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ვენეციის ბიენალეს ჟიურის თავმჯდომარე და წევრები ღონისძიების გახსნამდე 9 დღით ადრე გადადგნენ. ბიენალეს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში დასახელებული არ არის გადადგომის მიზეზი. ჟიურის წევრებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ჯილდოებზე წარსადგენად არ განიხილავდნენ ხელოვანებს იმ ქვეყნებიდან, რომელთა ლიდერებსაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ადანაშაულებს. ვენეციის ბიენალე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა რუსეთს ღონისძიებაზე პავილიონის ხელახლა გახსნის უფლება მისცეს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ბიენალეს წერილი გაუგზავნა, რომლითაც აცნობა 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის შეწყვეტის ან შეჩერების განზრახვის შესახებ, მას შემდეგ, რაც მათ მოსკოვის მონაწილეობის უფლება მისცეს. „თავიდანვე, ვენეციის ბიენალეს მხდლური არჩევანი, ეღიარებინა რუსეთი, სამარცხვინო იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აგრძელებს ის ვენეციის ბიენალესთვის ზიანის მიყენებას. უკრაინა მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც, მორალური პასუხისმგებლობითა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით ხელმძღვანელობით, უარს ამბობს ამ სირცხვილის მიღებაზე. მოვუწოდებთ ვენეციის ბიენალეს, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და არ დაუშვას რუსეთი. ჯერ კიდევ არის დრო, რომ დავუბრუნდეთ პრინციპულ პოზიციას, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო საზოგადოება ინარჩუნებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან,“ - აცხადებს თავის მხრივ უკრაინის საგარეო საქმეთ მინისტრი ანდრი სიბიჰა. ცნობისთვის, ვენეციის ბიენალე - თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ვენეციის 61-ე ბიენალე წელს 9 მაისს იხსნება და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.