ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი: ვერ ვპოულობ გამართლებას, თუ როგორ მომექცნენ თურქეთში. ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ

"ვერ ვპოულობ ვერანაირ გამართლებას, თუ როგორ მომექცნენ თურქეთში... უნდა დავასკვნა, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ",- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. "მე ვიგრძენი წყენა და თავს მარტოდ ვგრძნობდი, როგორც ქალი და როგორც ევროპელი",- განაცხადა ევროკომიისიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ 3 კვირის წინ, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ევროკავშირის ლიდერების სტუმრობისას, ურსულა ფონ დერ ლაიენი სკამის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მას დივანზე დაჯდომა მოუწია. "თურქეთში ჩემმა ვიზიტმა აჩვენა, თუ რამდენად შორი გზაა გასავლელი, ვიდრე ქალებს თანასწორად მოექცევიან. ყოველთვის და ყველგან. ჩემმა ამბავმა სათაურები დაწერა. მაგრამ იმდენი ამბავია ქალების შესახებ, რომელთა უმეტესობა ბევრად უფრო სერიოზულია, რაც შეუმჩნეველი რჩება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ამბებიც მოთხრობილია!", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე.

საქართველოს პრეზიდენტი: საჭიროა ქვეყანაში NATO-ს წარმომადგენლობითობის გაზრდა

საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, NATO-საქართველოს თანამშრომლობა გრძელდება და ვითარდება. საქართველო ურყევად დგას ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და საჭიროა ქვეყანაში NATO-ს წარმომადგენლობითობის გაზრდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო NATO-ს მომავალ სამიტს, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. ხაზი გაესვა ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში სამიტზე საქართველოს შესაბამისად წარმოჩენას. პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომელიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდა. პრეზიდენტმა ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისა და ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შესახებ. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობის საკითხი და ამ მიმართულებით NATO-ს მეტი ჩართულობა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას სერ სტიუარტ პიჩიმ აღნიშნა, NATO კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. მხარეებმა ავღანეთში NATO-ს საერთაშორისო მისიაზე და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს.

გახდება თუ არა საჭირო Moderna-ს ვაქცინით აცრისას 3 დოზის მიღება აუცილებელი - კომპანიის პრეზიდენტის განმარტება

Pfizer-ის შემდეგ, კიდევ ერთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კომპანიის Moderna-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 9-12 თვეში მესამე დოზის მიღება, სავარაუდოდ, საჭირო გახდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ვფიქრობ, რომ სრულად ვაქცინაციიდან დაახლოებით 9-12 თვე ის პერიოდია, როდესაც იმუნიტეტის გამაძლიერებელი დოზა, სავარაუდოდ, საჭირო გახდება. ადამიანები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ მაშინ, როდესაც ინფიცირების რისკი მართლაც მაღალია“, - აღნიშნა Moderna-ს პრეზიდენტმა. სტივენ ჰოუგმა იმედი გამოთქვა, რომ გამაძლიერებელი დოზა საჭირო არ იქნება კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ. „ჩემი აზრით, ყველას გვეშინია ზამთრის ეპიდემიის, როდესაც რესპირატორული ვირუსები მძვინვარებს. შემოდგომაზე გამაძლიერებელი დოზის მიცემა სწორი იქნება“, - განაცხადა მან.

ALDE-ს პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი გარდაიცვალა

ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპული პარტიისთვის (ALDE Party) პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი ავადმყოფობის შედეგად 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტია ავრცელებს. ALDE-ს გენერალური დირექტორი იაკობ მოროზა რასმუსენი წერს, რომ ჰანს ვან ბაალენი გუშინ, საკუთარ სახლში, მცირეხნიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ბაალენი ALDE-ს პრეზიდენტის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.

პოლონეთის პრეზიდენტი: NATO-ს სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საგზაო რუკის საკითხს განვიხილავთ

"NATO-ს ივნისის სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საგზაო რუკის საკითხს განვიხილავთ", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "NATO-ს ივნისის სამიტზე დაგეგმილია უკრაინის საგზაო რუქის განხილვა, რათა ნაბიჯები გადადგას NATO-ში გაწევრიანებისკენ", - თქვა დუდამ ზელენსკისთან ერთად გამართული ერთობლივ ბრიფინგზე. ანდჟეი დუდას განმარტებით, საგზაო რუკა იმ ნაბიჯებს უნდა შეიცავდეს, რომელიც უკრაინამ NATO-ში წევრობის მისაღებად უნდა განახორციელოს. "პირველ რიგში, ეს უკრაინის უსაფრთხოების საკითხია, რაც თავის მხრივ, ცენტრალური ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს. უკრაინას ოფიციალურად უნდა მივუთითოთ ის გზა, რომლითაც ის წევრობის მიღების გზაზე უნდა წავიდეს", - აღნიშნა პოლონეთის ლიდერმა.

ბრაზილიის პრეზიდენტი: კორონავირუსი, შესაძლოა, "ბიოლოგიური ომის" წარმოების მიზნით ლაბორატორიაში იყოს შექმნილი

"კორონავირუსი, შესაძლოა, "ბიოლოგიური ომის" წარმოების მიზნით ლაბორატორიაში იყოს შექმნილი", - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა. ინფორმაციას France24 ავრცელებს. "ეს ახალი ვირუსია. არავინ იცის ლაბორატორიაში გაჩნდა, თუ იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც ცხოველი შეჭამა. მაგრამ სამხედროებმა ყველაფერი იციან ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური ომის შესახებ. შეიძლება ახალ ომში ბრძოლა მოგვიწიოს? საინტერესოა. რომელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა ყველაზე მეტად?", - განაცხადა მემარჯვენეების ლიდერმა. ბრაზილიის პრეზიდენტს ჩინეთი არ უხსენებია, თუმცა ქვეყანა, სადაც პანდემია დაიწყო, ერთადერთი იყო "დიდი ოცეულის" ქვეყნებს შორის, რომლის ეკონომიკა გასულ წელს გაიზარდა და 2.3 %-იანი მატება აჩვენა.

პრეზიდენტი: ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა

ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა, – ამის შესახებ საქართველო სპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით აცხადებს. „მთელს ევროპაში ევროპის დღე ევროპელ ხალხთა და ევროპის ქვეყნების ერთიანობის დღედ აღინიშნება. იგი ეფუძნება ევროპულ კულტურისა და ისტორიის შემქმნელ ფასეულობებს. ევროპის ისტორია გვაჩვენებს, რომ ყოველივე დიდ გამოწვევას, ომსა თუ ტრაგედიას მოყვება ახალი შესაძლებლობები, ახალი სიმტკიცე, ახალი ენერგია. ჩვენც ამ მშვიდობიანი მომავლის იმედს ვიზიარებთ დღეს და ყოველივე 9 მაისს. ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა და რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა და ამის ნიშნად ყოფნის ევროპის უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის გადასალახავად. ევროპა გვერდში დაგვიდგა. ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზა არც ადვილი, არც ერთგვაროვანია, თუმცა ჩვენ, ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ვიცით, რომ ეს ჩვენი წინსვლის რეალური გზაა. ამ დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს, ევროპელ ჩვენს მეგობრებს, ევროპაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ეს დღე ჩვენი ერთობლივი დღესასწაულია. გილოცავთ!“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი 10 მაისს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ, 10 მაისს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და პირველ ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც „ვილა ვოდნოს“ სასახლეში გაიმართება, დაგეგმილია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს - შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტებზე ხელმოწერის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. დაგეგმილია პრეზიდენტის შეხევდრა ჩრდილოეთ მაკედონიაში მოღვაწე ქართველ სპორტსმენებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში თამარ ლილუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი. პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.

ქალაქ სკოპიეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ სკოპიეში, „ვილა ვოდნოს“ საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო დროშას, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა სტევო პენდაროვსკის საქართველოს ოფიციალური დელეგაცია წარუდგინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში თამარ ლილუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც „ვილა ვოდნოს“ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, დაგეგმილია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს – შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. დაგეგმილია ასევე, შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიაში მოღვაწე სპორტსმენებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი - მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას, დაამყაროს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა NATO-სთან

გასული ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ პერიოდულად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო ორგანიზაციებში, დადგა დრო, გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო ფორუმებიდან უმაღლეს დონემდე, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხები განიხილეს. „დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, მივესალმოთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ეს პირველი, ისტორიული ვიზიტია უმაღლეს დონეზე, 2019 წლის 16 თებერვალს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ. სიმბოლურად ჩვენ დაკავშირებული ვართ ძალიან მნიშვნელოვანი იუბილით. წელს, ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო დამოუკიდებლობის 30 წელს აღნიშნავს. ჩვენ დამოუკიდებლობის მიღებიდან, საქართველო კი, აღდგენიდან. ასევე გასული ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ პერიოდულად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო ორგანიზაციებში. დადგა დრო, გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო ფორუმებიდან, უმაღლეს დონემდე. დღეს ქალბატონ ზურაბიშვილთან განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის წინსვლა უახლოეს მომავალში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და მტკიცე საფუძველი ჩავუყაროთ ორმხრივ ურთიერთობებს, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი სამართლებრივი ჩარჩოს რეგულირება და ხელშეწყობაა. ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს ძალიან მდიდარი ბუნებრივი და კულტურული ისტორიული მემკვიდრეობა გააჩნიათ. აქედან მნიშვენლოვანი დოკუმენტები, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ, ერთი – სავიზო რეჟიმის გაუქმებაა, რათა გამარტივდეს ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს მოქალაქეების მოგზაურობა. მეორე დოკუმენტი კულტურის სფეროში მემორანდუმია, ჩვენსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებს შორის. ეს ორი დოკუმენტი უნდა გახდეს სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებისა და საერთო კულტურული თანამშრომლობისთვის. ჩვენი შეთანხმებები პროცესშია“, – განაცხადა სტევო პენდაროვსკმა. მან მოუწოდა ბიზნესმენებს ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოში, დაამყარონ კონტაქტები და იმუშავონ ბიზნესპარტნიორობაზე. „მინდა, მოვუწოდო ბიზნესმენებს ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოში, დაამყარონ კონტაქტები და იმუშაონ ბიზნესპარტნიორობაზე ორმხრივი სარგებლისთვის. დღეს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და მე გავცვალეთ შეხედულებები ჩვენს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ევროპის კონტინენტის სტაბილურობის, უსაფრთხოების კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტერიტორიულად პატარა ქვეყნები ვართ და სხვადასხვა რეგიონული მდებარეობა გვაქვს, გვაქვს საერთო სტრატეგიული, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები“, – განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკმა. სტევო პენდაროვსკის განმარტებით, როგორც ნატო-ს წევრი, მხარს უჭერენ საქართველოს უფლებას, დაამყაროს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ალიანსთან. „ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია და ამ თვალსაზრისით ჩვენ მზად ვართ, გავაღრმავოთ თანამშრომლობა პარტნიორულ მექანიზმებში. ამავდროულად, როგორც როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომელიც ერთადერთი მექანიზმია, სადაც ყველა მხარეა ჩართული გადაუჭრელი შიდა კონფლიქტის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა სტევო პენდაროვსკმა.

პავილიონისი მელიას გათავისუფლებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრეზიდენტისგან მივიღე კრიტიკა, თავისუფლება დაცულია. ყველას ვულოცავ

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრეზიდენტისგან მივიღე კრიტიკა, თავისუფლება დაცულია. ყველას ვულოცავ", - ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ზიგიმანტას პავილიონისი ნიკა მელიას გათავისუფლებას Facebook-ზე ეხმიანება. "ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია თავისუფალია. მადლობა ევროკავშირსა და აშშ-ს ჩართულობისთვის და პირადად მე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრეზიდენტისგან მივიღე კრიტიკა, თავისუფლება დაცულია. ყველას ვულოცავ !!!", - წერს პავილიონისი. სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

რუმინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს წარმომადგენლობის გაზრდაა საჭირო

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც NATO-ს წევრები არიან, აღმოსავლეთ ფლანგზე უფრო მეტი მოკავშირე სჭირდებათ, განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ორშაბათს ვირტუალური სამიტის შემდეგ, რომელსაც შეერთებულ შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეუერთდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „ჩვენ, როგორც აღმოსავლეთის ფლანგზე მოკავშირეები, უნდა გავაგრძელოთ კონსოლიდაცია შეკავებისა და თავდაცვის კუთხით. ახლახან ყველა მოწმე გავხდით რუსეთის მიერ შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზაციის ახლო სამეზობლოში, შავ ზღვაში, უკრაინასა და მის გარშემო", - განაცხადა იოჰანისმა. „ამიტომაც მოვითხოვდი, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენთან დისკუსიების დროს, მოკავშირეთა სამხედრო ყოფნის გაზრდას რუმინეთში და... აღმოსავლეთ ფლანგზე, სამხრეთით“, - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის დროშა აღიმართა

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის დროშა აღიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია Twitter-ში ავრცელებს. „ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის გადაწყვეტილებით, ისრაელის სახელმწიფოს დროშა პრეზიდენტის სასახლეში აღიმართა, როგორც ისრაელის ცალსახა მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულება“, - ნათქვამია ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ცნობისთვის, ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, მთავრობის შენობის თავზე ისრაელის დროშა ავსტრიამაც აღმართა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა. ის საქართველოში, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მოიწვია. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, სასოლმა მიწვევა მიიღო. ეს საქართველოში ევროპარლამენტის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება. კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია. პარლამენტის დელეგაციაში ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ

სასიამოვნოა შეხვედრა კახა კუჭავასთან, გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ Tweeter-ზე დაწერა. „სასიამოვნოა პარლამენტის სპიკერ კახა კუჭავასთან შეხვედრა. მივესალმები ყველა პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებას, საქართველოში შექმნან ძლიერი პარლამენტი და შეარბილონ პოლიტიკური დაძაბულობა. გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ“, – წერს დავიდ სასოლი.

ზელენსკის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პუტინთან შეხვედრისთვის მზადება დაიწყო

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის გამართვის თაობაზე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყო. როგორც თავად ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დონბასში ომის დასრულება მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე თქმით, ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის მხარდაჭერის მიუხედავად, ნორმანდიის ფორმატში მოლაპარაკებები ჩიხშია შესული „ისინი მხარს უჭერენ უკრაინას. ომის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმებული კლასტერები არსებობს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის კლასტერები. თანხმობა რუსული მხარისგან არ არის. ამიტომაც შევთავაზე რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 21 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგას დონბასში შეხვედრა შესთავაზა.

ლიეტუვის პრეზიდენტი ბელარუსისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვს

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირს ბელარუსისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. მან BBC- ს განუცხადა, რომ ამ ნაბიჯებმა "შეიძლება უფრო დიდი გავლენა მოახდინოს ბელარუსის რეჟიმის ქცევაზე“. ათობით ბელარუსიელ მაღალჩინოსანს მათ შორის პრეზიდენტ ლუკაშენკოს უკვე დაწესებული აქვთ ევროკავშირის სანქციები, მათ შორის არის მოგზაურობის აკრძალვები და აქტივების გაყინვა. ეს სანქციები დაწესებულია ოპონენტების რეპრესიების საპასუხოდ. დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსის ქმედებები, თვითმფრინავის მიმართულების შეცვლისა და ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაპატიმრების შემდეგ დაგმეს. ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ საპასუხო ზომებს, რასაც კავშირის აღმასრულებელმა ორგანიზაციამ "გატაცება" უწოდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი თქვა, რომ ეს „შოკისმომგვრელი ქმედებაა“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეშფოთება გამოთქვა მინსკში ათენი-ვილნიუსის რეისის ავარიულად დაშვებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აუცილებელია ინციდენტის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოძიება. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ, რომან პროსტასევიჩის დაკავებით, საფრთხის ქვეშ დააყენა მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და ინციდენტი საერთაშორისო დონეზე უნდა გამოიძიონ. „თვითმფრინავი, რომელიც ევროკავშირის კომპანიის მფლობელობაშია, ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის ასრულებდა რეისს და 100-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, ბელარუსული სამხედრო თვითმფრინავით აიძულეს, დაშვებულიყო. ერთ-ერთი მგზავრი, ბატონი რომან პროტასევიჩი, დამოუკიდებელი ჟურნალისტია ბელარუსიდან. ის ხელისუფლებამ დააკავა და მინსკის აეროპორტში ბორტზე მოხვედრის საშუალება არ მისცა. ეს კიდევ ერთი აღმაშფოთებელი მცდელობაა ბელარუსის ხელისუფლებისგან, ჩაახშოს ოპოზიციური ხმა. მოვუწოდებთ რომან პროტასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ამ იძულებითი აქტის განხორციელებისას, ბელარუსის ხელისუფლებამ საფრთხის ქვეშ დააყენა მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება“, - აღნიშნა ევროკომისარმა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი 24-25 მაისს, ბრიუსელში იმართება.

ევროკომისიის პრეზიდენტი Ryanair-ის ბელარუსში იძულებით დაშვებაზე: ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ. ლიდერები განიხილავენ დამატებით სანქციებს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი Ryanair-ის ბელარუსში იძულებით დაშვებას Twitter- ში გამოემხაურა. მისი თქმით, ევროკომისიაში "ყურადღებას გაამახვილებენ ბელარუსის ხელისუფლების მიერ Ryanair-ის მიუღებელ გატაცებაზე". "ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ. ლიდერები განიხილავენ დამატებითი სანქციების ვარიანტებს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი. ამასთანავე, ევროკომისიის პრეზიდენტი განმარტავს, რა ტიპის სანქციები მოჰყვება ბელარუსის ხელისუფლების მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცებას და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაპატიმრებას. "სანქციები შეეხება თვითმფრინავის გატაცებაში ჩართულ პირებს, რეჟიმის დამფინანსებელ ბიზნესკომპანიებს, ავიაციის სექტორს. გავაგრძელებთ რეჟიმზე ზეწოლას იქამდე, ვიდრე ის არ სცემს პატივს მედიის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას. რომან პროტასევიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

26 მაისს, საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ანდჟეი დუდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა. ის ამ დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტსაც დაესწრება. 27 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. ამავე დღეს, პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდება.

საფრანგეთის პრეზიდენტი: როცა რეგიონის ძლიერ სახელმწიფოებს გავლენის სფეროს გაფართოების სურვილი აქვთ, საქართველომ შეძლო, დაემტკიცებინა დამაჯერებელი სვლა დემოკრატიის გზაზე

გასულ წელს, რეგიონში ვითარების ხელახალი გაუარესება აღინიშნა, რაც თქვენი ქვეყნისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. იმ კონტექსტში, როცა რეგიონის ძლიერ სახელმწიფოებს თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოების სურვილი აქვთ, საქართველომ შეძლო, დაემტკიცებინა დამაჯერებელი სვლა დემოკრატიის, ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოებისა და რეფორმების გაგრძელების გზაზე - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემაუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ წერილში აღნიშნავს. როგორც წერილშია აღნიშნული ჯანდაცვის კრიზისი, რომლის წინაშეც ყველა ქვეყან აღმოჩნდა საქართველოს საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი შეუძლია რომ ჰქონდეს. ,,ამ მხრივ, მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური ძალები დათანხმდნენ, შეერთებოდნენ ევროპული მედიაციის საფუძველზე შემოთავაზებულ კომპრომისულ შეთანხმებას, რომლის სხვადასხვა დებულებები განხორციელების პროცესშია. ვიცი იმ დადებითი როლის შესახებ, რომელიც თქვენ ითამაშეთ მის მიღებაში და მსურს, ეს მოგილოცოთ. ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ვიმყოფებით, გამოცდაა ყველა ქვეყნისთვის. მერწმუნეთ, რომ ყოველთვის შეძლებთ, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ. როგორც მოგეხსენებათ, 2021 წელი მნიშვნელოვანი წელია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან ამ წელს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ გადასახლებული ქართველების საფრანგეთში ჩამოსვლის ასი წლისთავი. ვისურვებდი, რომ პატივი მიგვეგო ჩვენი საერთო ისტორიის ამ მოვლენისთვის, რომელიც ადასტურებს ჩვენი ორი ხალხის გამაერთიანებელ, ნდობისა და მეგობრობის განსაკუთრებულ კავშირს. ასევე გამოვთქვამ სურვილს, რომ უკვე სამაგალითო ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა განახლდეს « ამილახვარის » სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც გავხსენით 2019 წლის თებერვალში, თუმცა, რომლის ბოლო რაუნდიც ჯანდაცვის კრიზისის გამო ვერ გაიმართა. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ დაგიდასტუროთ საფრანგეთის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გთხოვთ, ირწმუნოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა. საუკეთესო სურვილებით", - აღნიშნულია წერილში,