უცხოეთი
რა საკითხები განიხილეს ტრამპმა და სი ძინპინმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან მოლაპარაკებებს, რომელიც პეკინში თითქმის ორი საათი გაგრძელდა, „შესანიშნავი“ უწოდა. BBC- წერს, რომ ჩინეთმა ტრამპს გრანდიოზული დახვედრა მოუწყო და ეს ჩინურ დიპლომატიაში არა უბრალო შექება, არამედ, რეალური წონის მანიშნებელია. როგორც BBC წერს, ტარიფებსა და ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ღრმა უთანხმოება კვლავ რჩება. სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ტაივანის საკითხი ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.“ “თუ საკითხი სწორად იქნება წარმართული, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. თუ ის სწორად არ იქნება წარმართული, შესაძლოა, ორი ქვეყანა ერთმანეთს შეეჯახოს ან კონფლიქტშიც კი შევიდეს, რაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს ძალიან საშიშ მდგომარეობაში ჩააყენებს,“ - აღნიშნა სი ძინპინმა. Reuters-ის ინფორმაციით, ლიდერები ირანთან ომის, ასევე, ტაივანისა და ბირთვული იარაღის საკითხებს განიხილავდნენ. დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის ფოკუსში ასევე იყო იშვიათი მინერალების შესახებ გასულ წელს მიღწეული შეთანხმების გახანგრძლივება — სავაჭრო ომში მინი-ზავის შეთანხმების საკითხი, რომელიც ჩინეთიდან აშშ-ში იშვიათი მინერალების მიწოდების საშუალებას იძლევა. განცხადებები შეხვედრამდე ტრამპმა სი ძინპინს მეგობარი და შესანიშნავი ლიდერი უწოდა. მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს. აშშ-ის ლიდერის თქმით, მიაჩნია, რომ ურთიერთობა „უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე.“ თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-აშშ-ს სტაბილური ურთიერთობა კარგია მსოფლიოსთვის. „ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საერთო ინტერესები აჭარბებს განსხვავებებს. ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების სტაბილურობა კარგია მსოფლიოსთვის. მოუთმენლად ველი მნიშვნელოვან საკითხებზე მოსაზრებების გაცვლას,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა. შეხვედრას შეერთებული შტატების მხრიდან, თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან, სახაზინო მდივან სკოტ ბესენტთან და სავაჭრო წარმომადგენელ ჯეიმსონ გრირთან ერთად, ასევე ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც 2020 წლიდან პეკინის მიერ არის სანქცირებული. ჩინეთმა მის სახელთან/მართლწერასთან დაკავშირებული ცვლილება განახორციელა, რათა სანქციებთან დაკავშირებული პრობლემა თავიდან აერიდებინა. სენატორობის დროს, რუბიო ხშირად აკრიტიკებდა ჩინეთის მთავრობის მხრიდან უიღურების დევნასა და ჰონგ კონგის დემოკრატიული მოძრაობის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას. ირანი მიუხედავად იმისა, რომ პეკინი აგრძელებდა მაღალტექნოლოგიური და განახლებადი ენერგიის ინდუსტრიების სწრაფ განვითარებას, ირანის ომის დაწყებიდან მალევე, ჩინეთმა წლიური ეკონომიკური ზრდის მიზანი 1991 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შეამცირა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, ეს პეკინს მით უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, განსაკუთრებით, თუ ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა დაბლოკილი დარჩება. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა დღეს, 14 მაისს განაცხადა, აშშ და ჩინეთი ხუთშაბათს შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა იყოს. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პეკინში სახელმწიფო ვიზიტით 13 მაისს ჩავიდა. 14 მაისს სი ძინპინმა დონალდ ტრამპს პეკინში დაათვალიერებინა მე-15 საუკუნის ძეგლი, ცის ტაძარი. ორი ლიდერი დღეს საღამოს სახელმწიფო ბანკეტზე კვლავ შეხვდება.
ანდრი ერმაკს საპატიმრო გირაო შეეფარდა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრი ერმაკს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. მას 60 დღით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გირაოს გადახდის შესაძლებლობით. უკრაინული მედიის ცნობით, ანტიკორუფციულმა სასამართლომ გირაოს სახით 140 მილიონი გრივნა დააწესა. გირაოს გადახდის შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს გაათავისუფლებენ და მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს. მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ერმაკს აცნობეს, რომ ეჭვმიტანილია ფულის გათეთრების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში. ხსენებული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის განცხადებით, ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდებს. ერმაკის თქმით, გირაოს შესატანად საჭირო თანხა არ აქვს და შეეცდება, თანხა „მეგობრებსა და ნაცნობებს შორის“ მოიძიოს. ანდრეი ერმაკმა პროცესზე აღნიშნა, რომ ყველა ბრალდებას უარყოფს. „მე უკრაინაში ვრჩები. დასამალი არაფერი მაქვს. ყველაფერი, რაც ამ პროცესის ირგვლივ ხდებოდა, იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა,“ - განაცხადა ერმაკმა სასამართლო პროცესზე. ანდრი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისს 2020 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა 2025 წლის ნოემბერში დატოვა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში „მასშტაბური კორუფციის გამოვლენის“ შემდეგ. „მიდასის" სახელით ცნობილ ამ საქმეში ერმაკიც ფიგურირებს.
ლატვია რუსეთსა და ბელორუსში ყველა სახის ავტობუსის მომსახურების აკრძალვას გეგმავს
არარეგულარული ავტობუსების მარშრუტების აკრძალვა 2025 წლის პირველი ნოემბრიდან შევიდა ძალაში. ახლა კი, ლატვიის ტრანსპორტის სამინისტრომ შეიმუშავა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ასევე აიკრძალება რეგულარული მომსახურება - მათ შორის მარშრუტები, რომლებიც ტრანზიტის დროს უბრალოდ ლატვიის ტერიტორიაზე გადიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Delfi. ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, სახელმწიფო საგზაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ ბრძანებებს, რომლებიც ადმინისტრაციული საპროცესო კანონის შესაბამისად, კონკრეტული გადამზიდავებისთვის ნებართვებს გააუქმებს. სამინისტროს განმარტებით, ლიცენზიების დაკარგვის შემთხვევაში, გადამზიდავებს ექნებათ კომპენსაციის მიღების უფლება, ხოლო გადახდები ადმინისტრაციული საპროცესო კანონის შესაბამისად განხორციელდება. განმარტებითი დოკუმენტების თანახმად, გადამზიდავი Ecolines-ი რუსეთსა და ბელორუსში მარშრუტების აკრძალვით მიღებულ პირდაპირ ზარალს წელიწადში დაახლოებით ოთხ მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო უმოქმედო ავტობუსებით გამოწვეული დამატებითი ზარალი წელიწადში დაახლოებით ორ მილიონ ევროს შეადგენს. ლატვიის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მცხოვრებლებს, თავი აარიდონ რუსეთსა და ბელორუსში მოგზაურობას, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეები გააფრთხილა რეკრუტირების რისკების შესახებ. ლატვიასა და რუსეთს, ლატვიასა და ბელორუსს შორის ავტობუსები ხშირად სახელმწიფო სასაზღვრო გადასასვლელებზე მრავალი საათის განმავლობაში დგანან, ვიდრე საბაჟო და სასაზღვრო შემოწმება ტარდება.
ჰორმუზის სრუტის ბლოკირების შემდეგ, იაპონიაში აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის პირველი პარტია შევიდა
აზერბაიჯანიდან — ცენტრალური აზიის ალტერნატიული მომარაგების წყაროდან — ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერი სამშაბათს, 13 მაისს, იაპონიაში, იოკოჰამაში ჩავიდა. ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით, ეს არის ნედლი ნავთობის პირველი პარტია, რომელიც ცენტრალური აზიიდანარის იმპორტირებული ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკირების შემდეგ. ნავთობის მსხვილმა საბითუმო მოვაჭრე Eneos Corp.-მა შეიძინა პარტია, რომელიც იოკოჰამაში, ნეგიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მიიღეს. ტვირთის მოცულობა დაახლოებით 45,000 კილოლიტრი იყო, რაც იაპონიის მოხმარების დაახლოებით 0.16 დღის ექვივალენტურია. თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის კონფლიქტის დაწყებამდე, იაპონია ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 95%-ს ახლო აღმოსავლეთიდან იღებდა. თუმცა, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობაზე საპასუხო შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ეს გადაზიდვები, რამაც იაპონია აიძულა, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია მოეხდინა.
უკრაინა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა სიას 5-დან 29 ქვეყანამდე აფართოებს
უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომლითაც შესწორებები შევიდა იმ სახელმწიფოების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც ორმაგი მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ. სიას დაემატა რუმინეთი და მრავალი სხვა სახელმწიფო. ცვლილებამდე სიაში მხოლოდ ხუთი სახელმწიფო შედიოდა — კერძოდ, სიაში იყვნენ კანადა, გერმანია, პოლონეთი, აშშ და ჩეხეთი. ახალ სიაში, თავდაპირველი ხუთი სახელმწიფოს გარდა, შედიან ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია და შვედეთი. ახალი რეგულაციების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს მეორე მოქალაქეობის მიღება უკრაინის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე შეუძლიათ. ის ასევე საშუალებას აძლევს ამ სახელმწიფოების ეთნიკურ უკრაინელებს გამარტივებული პროცედურის მეშვეობით გახდნენ უკრაინის მოქალაქეები. როგორც რუმინული მედია წერს, მოქალაქეობასთან დაკავშირებული წინა კანონი უკმაყოფილებას იწვევდა რუმინულ თემში, რომელიც უკრაინაში სიდიდით მესამე ეთნიკური ჯგუფია.
Politico: რუმინეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები მზად არიან, აშშ-ის ჯარები გერმანიიდან გასვლის შემთხვევაში, საკუთარ ტერიტორიაზე განათავსონ
Politico-ს ცნობით, რუმინეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ემხრობიან ამერიკული ჯარების რაოდენობის გაზრდის საკითხს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა და აშშ-ის სხვა ოფიციალურმა პირებმა გერმანიიდან ჯარების შესაძლო გაყვანაზე ისაუბრეს. გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გერმანიიდან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკული ძალების ტრადიციული მასპინძელია, 5000 ან მეტ ჯარისკაცს გაიყვანს. ამერიკული გამოცემის ცნობით, პოლონეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და რუმინეთმა საჯარო განცხადებებისა და კერძო ლობირების გზით გამოთქვეს ინტერესი აშშ-ის ჯარების რაოდენობის გაზრდის საკითხში. ოფიციალური მთავრობის მონაცემებით, მარტის მონაცემებით, ხუთივე ქვეყანას ამერიკელი ჯარისკაცების მოკრძალებული რაოდენობა ჰყავდა. შედარებისთვის, გერმანიას თითქმის 36 000 ამერიკელი ჯარისკაცი ჰყავს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანას.
სერბეთი და NATO პირველ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ
სერბეთის რესპუბლიკისა და NATO-ს პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნები „სამხრეთის“ ბაზასა და „ბოროვაჩის“ საწვრთნელ პოლიგონზე, ბუიანოვაცის [სერბეთი] მახლობლად ტარდება. წვრთნები არმიის სარდლობისა და ნეაპოლის ერთობლივი სარდლობის მიერ არის ორგანიზებული. წვრთნაში, სახელწოდებით NATO–Serbia, დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს - მათ შორის არიან სერბეთის შეიარაღებული ძალების, თურქეთის, რუმინეთისა და იტალიის სამხედროები. სამხედრო დაგეგმვას უზრუნვოლყოფენ და დამკვირვებლების სტატუსით არიან წარმოდგენილები საფრანგეთი, გერმანია, მონტენეგრო, გაერთიანებული სამეფო და აშშ. ორგანიზატორების განცხადებით, ეს ტაქტიკური დონის წვრთნები 23 მაისამდე გაგრძელდება, რაც სერბეთის შეიარაღებული ძალების და NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წევრებს გამოცდილებისა და სამუშაო პრაქტიკის გაცვლის შესაძლებლობას აძლევს. სერბეთი თითქმის 20 წელია ჩართულია, NATO-ს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“, თუმცა ბალკანეთზე მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, NATO-ს წევრი არ არის, რასაც ხელისუფლება ნეიტრალიტეტის პოლიტიკით ხსნის. მას მეგობრული ურთიერთობები აქვს რუსეთთან. ცნობისთვის, კოსოვოში, რომელსაც ბელგრადი სახელმწიფოდ არ აღიარებს, NATO-ს ხელმძღვანელობით განთავსებულია საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტი.
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე შეზღუდვები მოხსნა
თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შესახებ განაცხადა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2026 წლის 11 მაისის მდგომარეობით, ყველა საჭირო ბიუროკრატიული პროცედურა დასრულებულია. ამდენად, ათწლეულების შემდეგ პირველად, თურქეთი სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობას იწყებს. ორ ქვეყანას შორის საერთო საზღვრის გახსნის ტექნიკური და ბიუროკრატიული სამუშაო კი, გრძელდება. თავის მხრივ, ერევანი „მიესალმება თურქეთის გადაწყვეტილებას სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაში ბარიერების მოხსნის შესახებ, რაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის კიდევ ერთი შედეგია.“ „ეს გადაწყვეტილება აუცილებელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ბიზნესკავშირების გაფართოების, რეგიონში ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობის და მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის სრული და ნორმალური ურთიერთობების განვითარებისკენ, რომელიც ლოგიკურად შეიძლება გაგრძელდეს სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნით და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით,“ – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში. ახალი რეგულაციების თანახმად, თურქეთიდან სომხეთში, მესამე ქვეყნების გავლით, საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილად ან წარმოშობის ქვეყნად, შეიძლება, მითითებული იყოს სომხეთი ან თურქეთი. ანკარამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თურქეთი გააგრძელებს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას რეგიონის ყველა ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ.“ ცნობისთვის, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი თავდაპირველად 1993 წელს, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს ჩაკეტა.
დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა
დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. BBC-ის ცნობით, თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზუბირ აჰმედმა. გადადგომის შესახებ პირველად, მინისტრმა მიატა ფანბულემ განაცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ქვეყანა ცვლილებებისკენ ისწრაფვის: „მაგრამ „საზოგადოებას არ სჯერა, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ცვლილებების წარმართვა - და არც მე.“ როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ სტარმერის გადადგომის ან მისი გადადგომის ვადის დადგენის მოწოდებით პარლამენტის წევრების რიცხვიც იზრდება, პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერასაც უცხადებენ. პარლამენტში „ლეიბორისტული პარტიის“ 110-მა წევრმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადეს. „ერთად ვიმუშაოთ იმ ცვლილებების მისაღწევად, რაც ქვეყანას სჭირდება. ჩვენ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება... ახლა ლიდერობის კონკურსის დრო არ არის“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ კირ სტარმერს მისი „სრული მხარდაჭერა“ აქვს და ლეიბორისტ კოლეგებს მოუწოდა, უკან დაიხიონ და „ჩაისუნთქონ“. „ჩვენ ქვეყანა პარტიაზე წინ უნდა დავაყენოთ,“ - განაცხადა ლემიმ. ის აღნიშნავს, რომ ვინც სტარმერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას სთავაზობს, „უნდა თქვან, რომელი კანდიდატი იქნება უკეთესი.“ ცნობისთვის, 7 მაისს, დიდ ბრიტანეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში, მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ დამარცხდა. 136 ადგილობრივ საბჭოში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ნაიჯელ ფარაჯის პარტიამ — „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ 1453 ადგილი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა. „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 1068 ადგილი მოიპოვა და წინა არჩევნების შედეგებთან შედარებით, მისი მანდატების რაოდენობა 1496-ით შემცირდა. „ლიბერალ-დემოკრატებმა“ 844 ადგილი მოიპოვეს, რაც წინა მაჩვენებელზე 155-ით მეტია. „კონსერვატორებმა“ 801 მანდატი მიიღეს და მათი მაჩვენებლები 563-ით შემცირდა. „მწვანეთა პარტიამ“ 587 მანდატი მიიღო და წინა არჩევნებთან შედარებით მათი მაჩვენებელი 411-ით გაიზარდა.
ალიევი: ზანგილანს აზერბაიჯანისა და მთელი რეგიონისთვის სატრანსპორტო ცენტრად ვაქცევთ
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ზანგილანი აზერბაიჯანისა და მთელი რეგიონისთვის სატრანსპორტო ცენტრად იქცევა. ბაქოს შეფასებით, ზანგილანი, რომელიც აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს და სომხეთსა და ირანს ესაზღვრება, ორ მეზობელ ქვეყანასთან დამაკავშირებელ სასაზღვრო კარიბჭის ფუნქციას შეასრულებს. „ზანგილანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფანში მდებარეობს. ჩვენ ზანგილანს სატრანსპორტო ცენტრად ვაქცევთ არამხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ, მთელი რეგიონისთვის,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში - შესაძლოა, ერთ ან წელიწად-ნახევარში, ბაქოდან ზანგილანში მგზავრობა რკინიგზით იქნება შესაძლებელი. რკინიგზა გაგრძელდება და შეუერთდება „ზანგეზურის დერეფანს“, რათა დაუკავშირდეს ნახიჩევანს. მომავალ წელს რკინიგზით მიმოსვლა ხანქენდიშიც [მთიანი ყარაბაღის ცენტრი] დაიწყება. ამავდროულად, ირანის საზღვარზე ხიდის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ხოლო სასაზღვრო-საბაჟო ინფრასტრუქტურა აღბენდში ამჟამად მშენებლობის პროცესშია. „ის სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გახსნისთვის მზად იქნება და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნად იქცევა. აქ გამავალი რკინიგზა და მაგისტრალები უზარმაზარ სარგებელს მოიტანს, რადგან ამ მარშრუტებზე მოსახლეობა სამუშაო ადგილებით იქნება უზრუნველყოფილი. ეს უდიდეს წვლილს შეიტანს ზანგილანისა და მთლიანად აზერბაიჯანის ეკონომიკაში. სომხეთთან საზღვრისა და „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის შემდეგ, ზანგილანი ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი რაიონი გახდება, რომელსაც ორ მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პუნქტები აქვს. გაითვალისწინეთ ამის უდიდესი მნიშვნელობა: ის ემსახურება როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს - რომელიც ნახიჩევანიდან თურქეთამდე და შემდეგ ევროპამდეა გადაჭიმული - ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს, რომელიც ზანგილანს აღბანდის გავლით ირანთან და სპარსეთის ყურესთან, ხოლო ნახიჩევანის გავლით კვლავ ჯულფასა და სპარსეთის ყურესთან აკავშირებს. ეს გახდება საერთაშორისო ცენტრი,“ - განაცხადა ალიევმა.
პუტინის განცხადებით, „უკრაინის კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება“
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან მოსკოვში სამხედრო აღლუმის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადა. „ვფიქრობ, რომ საქმე დასასრულს უახლოვდება,“ - თქვა მან, როდესაც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ გულისხმობდა, ამავდროულად, დაგმო დასავლეთის მხარდაჭერა კიევის მთავრობის მიმართ. მან გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი გამოსვლა ომის გასამართლებლად გამოიყენა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „სამართლიან“ ომს აწარმოებდა, უკრაინას „აგრესიული ძალა“ უწოდა, რომელსაც „NATO-ს მთელი ბლოკი აიარაღებს და უჭერს მხარს.“ მოგვიანებით, როდესაც პრესკონფერენციაზე ჰკითხეს დასავლეთის მიერ უკრაინის დახმარების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „ისინი (დასავლეთი) დახმარებას დაჰპირდნენ და შემდეგ რუსეთთან კონფრონტაციის გაღვივება დაიწყეს, რომელიც დღემდე გრძელდება. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ეს სერიოზული საკითხია.“ ზელენსკისთან შეხვედრაზე ,,კი, ბატონო ზელენსკი მზად არის, პირადი შეხვედრა გამართოს. კი, ეს გამიგია. მაგრამ, ეს პირველად არ გვესმის. რა შეიძლება, ამაზე ვთქვათ, არასდროს გვითქვამს უარი და მე არასდროს მითქვამს უარი. ეს შეხვედრა არ შემითავაზებია, მაგრამ თუ ვინმე გვთავაზობს, კი. დაე, ის ჩამოვიდეს, ვისაც შეხვედრა უნდა, დაე, ჩამოვიდეს მოსკოვში, შევხვდებით. მესამე ქვეყანაშიც შეიძლება შეხვედრა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საბოლოო შეთანხმებები იქნება მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც გათვლილი უნდა იყოს ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაზე, რათა მონაწილეობა მივიღოთ ამ ღონისძიებაში ან რამეს მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ეს საბოლოო წერტილი უნდა იყოს," - განაცხადა პუტინმა. პრესკონფერენციაზე გაცილებით ნაკლები ჟურნალისტი იმყოფებოდა, რადგან საერთაშორისო მედიის ბევრ წარმომადგებელს არ მიეცა მასზე დასწრების უფლება. თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ პირველად, წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე, რომელსაც კრემლი, როგორც წესი, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის სამხედრო ძალის წარმოსაჩენად იყენებს, სამხედრო ტექნიკა არ იყო წარმოდგენილი. ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილები 2014 წელს დაიკავეს, შემდეგ კი, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყეს.
დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება (9, 10 და 11 მაისს) რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. გამარჯვების დღის ზეიმია რუსეთში, მაგრამ ასევე უკრაინაში, ვინაიდან ისინიც მეორე მსოფლიო ომის დიდი ნაწილი და ფაქტორი იყვნენ. ეს ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა კინეტიკური აქტიურობის შეჩერებას და ასევე ყოველი ქვეყნიდან 1000 ტყვის გაცვლას. ეს მოთხოვნა პირადად მე გავაკეთე, და ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მასზე დათანხმებას. იმედია, რომ ეს ძალიან ხანგრძლივი, სიკვდილით სავსე და მძიმე ომის დასასრულის დასაწყისია,“ - წერს ტრამპი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა უკრაინის [„ზავში“] მონაწილეობა, ხოლო რუსეთის სახელმწიფო მედიამ ასევე გამოაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა წინადადებას. „უკრაინის არგუმენტი ყოველთვის იყო ამ ომის ერთ-ერთი საკვანძო ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება - კერძოდ, ომის ტყვეების გათავისუფლება. წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ. სწორედ ამიტომ დღეს, ამერიკული მხარის შუამავლობით, მოლაპარაკებების პროცესის ჩარჩოში მივიღეთ რუსეთის თანხმობა ტყვეების გაცვლაზე ფორმატში „1000 1000ზე“. ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დამყარდეს 9, 10 და 11 მაისს. უკრაინა თანმიმდევრულად მუშაობს თავისი ხალხის რუსული ტყვეობიდან სახლში დასაბრუნებლად. ჩემს გუნდს ინსტრუქცია მივეცი, რომ სწრაფად მოამზადონ ყველაფერი საჭირო გაცვლისთვის. მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტსა და მის გუნდს მათი პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის. მოველით, რომ აშშ უზრუნველყოფს რუსული მხარის მიერ ამ შეთანხმებების შესრულებას,“ - წერს ზელენსკი. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა, რომელშიც ის კრემლს 9 მაისს, „მოსკოვში აღლუმის გამართვის ნებას რთავს.“ "აღლუმის განმავლობაში (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით 10:00 საათიდან), წითელი მოედნის ტერიტორია გამოირიცხება უკრაინული იარაღის გამოყენების გეგმიდან," – წერს ზელენსკი განკარგულებაში. დოკუმენტს ასევე თან ახლავს წითელი მოედნის კოორდინატებიც.
სლოვაკეთი: ფიცოს სურს, პუტინს ზელენსკის გზავნილი გადასცეს
უკრაინული მედიის ცნობით, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა რასტისლავ ჩოვანეცმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აპირებს, მოსკოვში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან გზავნილი გადასცეს ვლადიმერ პუტინს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, ფიცომ, შესაძლოა, პუტინისგან „ღირებული ინფორმაცია“ მიიღოს ომის დასრულების მცდელობებთან დაკავშირებით მისი შეხედულებების შესახებ. „მჯერა, რომ ამ დროს აუცილებელია კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან კომუნიკაცია და ევროკავშირმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ იმყოფებოდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც მშვიდობიანი შეთანხმება იქნება მიღწეული,“ - აღნიშნა რასტისლავ ჩოვანეცმა. მისივე თქმით, რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის დასავლეთ ევროპელმა, უკვე დაიწყო იმ იდეის პოპულარიზაცია, რომ ეს საკითხი რუსეთის ლიდერთან უნდა განიხილონ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს უკრაინის ნებართვა სურს აღლუმის ჩატარებაზე, შემდეგ კი ხალხის ხოცვა და ომი. “უკრაინა სთავაზობდა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას, ეს პირველი შეთავაზება არ არის. ამჯერად - ცეცხლის შეწყვეტას 6 მაისიდან. უკრაინა მზად იყო სრული სიჩუმე უზრუნველეყო, მაგრამ ჩვენს სამშვიდობო წინადადებაზე საპასუხოდ მხოლოდ ახალი რუსული დარტყმები იყო, რუსეთის მხრიდან ახალი მუქარები. მათ უკრაინისგან თავისი აღლუმის ჩატარებაზე ნებართვა უნდათ, რათა მოედანზე უსაფრთხოდ გამოვიდნენ წელიწადში ერთი საათით, შემდეგ კვლავ გააგრძელონ ჩვენი ხალხის ხოცვა და ომი… რუსეთის ხელმძღვანელობის უცნაური და ნამდვილად არაადეკვატური ლოგიკა. არის რუსეთთან დაახლოებული ზოგიერთი სახელმწიფოს მიმართვებიც იმის თაობაზე, რომ მათი წარმომადგენლები მოსკოვში ჩასვლას აპირებენ. უცნაური სურვილია… ამ დღეებში. არ გირჩევთ,” - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვს ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, თუმცა სამხედრო აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს. ზელენსკი რობერტ ფიცოს 4 მაისს, ერევანში შეხვდა. „უკრაინა ღიაა სლოვაკეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის და დაინტერესებულია მტკიცე ურთიერთობების განვითარებით,“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა და უახლოეს მომავალში სამთავრობათაშორისო კომისიის ფორმატში მთავრობის სხდომის ჩატარება განიხილეს. „განვიხილეთ კიევსა და ბრატისლავაში ვიზიტების გაცვლა და შევთანხმდით, რომ გუნდები გრაფიკის მოხედვით იმუშავებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. „მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და მზადაა, ქვეყანას ამ გზაზე დაეხმაროს. მადლობა ამისთვის,“ - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
მოსკოვმა სომხეთის ელჩი გამოიძახა ზელენსკის მიერ ერევანში გაკეთებული განცხადების შემდეგ
რუსეთში სომხეთის ელჩი გურგენ არსენიანი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სომხეთში გაკეთებული განცხადების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყების მტკიცებით, მოსკოვი აღშფოთებულია და მიიჩნევს, რომ ერევანმა ზელენსკის სიტყვები ნეგატიურად არ შეაფასა, რაც ურთიერთობის პარტნიორულ ხასიათს არ შეესაბამება. „დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს აცნობეს, რომ კატეგორიულად მიუღებელია, რომ კიევის ნაცისტური რეჟიმის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სომხეთში, ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული ღონისძიების დროს, რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული მუქარის გამოსათქმელად ტრიბუნა დაეთმო,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებში. დიპლომატიური წყაროს ცნობით, საუბარი უკიდურესად მკაცრი იყო. არსენიანმა პირობა დადო, რომ შეტყობინებას, რაც მას რუსეთის საგარეო უწყებაში გადასცეს, თავის ხელმძღვანელობას გადასცემდა. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა სომხეთ-რუსეთის ბოლოდროინდელ ურთიერთობებსა და სომხეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთი აგრძელებს „ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკის გატარებას.“ „არ ვიცი, რამდენ ხანს იქნება შესაძლებელი ამ პოზიციაზე დარჩენა, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რომლებიც ასე სასარგებლოა, როგორც რუსეთისთვის, ასევე — სომხეთისთვის. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ისინი უფრო სასარგებლოა ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის, ვიდრე ჩვენთვის,“ - განაცხადა უშაკოვმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 7 მაისს უპასუხა შეკითხვას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერევანში ვიზიტსა და ამასთან დაკავშირებულ კრიტიკაზე. „რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს, მე ადრეც გამიკეთებია განცხადებები ამ თემაზე. ჩვენ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გავგზავნეთ და მე ვთქვი, რომ უკრაინის საკითხში ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ალმა-ათის დეკლარაციას, რომლის საფუძველზეც ერევანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესს აწარმოებს. „თქვენ იცით, რაოდენ მნიშვნელოვანი და პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ალმა-ათის დეკლარაციას; ჩვენ ვეყრდნობით ამ დეკლარაციას და სწორედ ამ საყრდენზე ვაშენებთ მშვიდობას აზერბაიჯანთან. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანს 4 მაისს ეწვია ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, კრემლში ეშინიათ, რომ დრონები შესაძლოა, წითელ მოედანზეც გამოჩნდნენ. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის გამო, 9 მაისს მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს ის არ დაესწრება. „ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს აპრილში ვიზიტის დროს ვაცნობე,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.
სომხეთმა და საფრანგეთმა გააფორმეს შეთანხმება ბაგუშატის გვირაბის მშენებლობაზე, რომელიც ირან-სომხეთის და საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მონაკვეთებს დააკავშირებს
სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალზე ბაგუშატის გვირაბის მშენებლობის შესახებ. სომხური მედია წერს, რომ გზა ირანიდან საქართველოს საზღვრამდე მანძილს შეამცირებს, რაც სომხეთში გადაადგილებას უფრო სწრაფს გახდის და ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის, მანძილს 550 კმ-დან 490 კმ-მდე შეამცირებს, რაც დააჩქარებს სომხეთში გადაადგილებას და ქვეყნისთვის ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის (მათ შორის, ირანიდან შავ ზღვამდე საქონლის გადატანისთვის). “როდესაც პრეზიდენტ მაკრონთან პირველად განვიხილავდით ამ თემას, ჩვენს მოტივაციაზე ვეუბნებოდი. ყოველთვის ვსაუბრობთ ევროპული სტანდარტების დანერგვის საჭიროებაზე სხვადასხვა სფეროში, მაგრამ გვჭირდება კომპანიები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და უნარები გააჩნიათ ამ სტანდარტების დასანერგად და ამ შემთხვევაში, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობაში ფრანგული კომპანიების ჩართვა, რომლებიც, თავის მხრივ, ადგილობრივ კონტრაქტორებს მიიზიდავენ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენს სომხეთის ეკონომიკაში,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მანვე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ-სომხეთის გზატკეცილი ერთ-ერთი სუპერპროექტია, რომლის რეალიზებაც სომხეთში ხდება, ხოლო ბარგუშატის მონაკვეთი ყველაზე რთულია და მის მშენებლობას განსაკუთრებული უნარები სჭირდება. “და საფრანგეთი და პრეზიდენტი მაკრონი გვერდში დაუდგნენ სომხეთს, და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოთ-სამხრეთი სუპერპროექტი უკვე იღებს ფორმას და წარმოვიდგენთ ნაბიჯებს, რომლებსაც გადავდგამთ ამ გზის სრულად ექსპლუატაციაში შესაყვანად,” - განაცხადა ფაშინიანმა. საფრანგეთის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფება. თურქული სააგენტო Anadolu წერს, რომ ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური დინამიკის ცვლილების ფონზე ხორციელდება, სადაც ერევანი ცდილობს საგარეო პოლიტიკური კავშირების დივერსიფიკაციას და ევროპასთან პარტნიორობის გაძლიერებას. 3-4 მაისს, ერევანმა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტს და ევროკავშირი-სომხეთის პირველ სამიტს უმასპინძლა.
ალიევი: აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში შევიდა
ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში, გერმანიასა და ავსტრიაში შევიდა. შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელ კაია კალსთან შეხვედრის დროს გააკეთა. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და, ამავდროულად, ბაქო ყოველთვის იყო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა საუბრისას განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესი და ხაზი გაესვა აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო დღის წესრიგის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯები. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე დამყარებულია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. ამ მხრივ ითქვა, რომ ბაქომ ცალმხრივად მოხსნა შეზღუდვები სომხეთში სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მონაწილეობა „ევროპის პოლიტიკური კავშირის“ მე-8 სამიტში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერევანში ვიდეოკავშირის ფორმატში გაიმართა, ისტორიულ მოვლენად შეფასდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჟამად აზერბაიჯანისა და ევროკავშირის დღის წესრიგში დგას ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტის, განახლებადი ენერგიისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. საუბრის დროს დადებითად შეფასდა ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანის მიმართ განაღმვის სფეროში და აღინიშნა, რომ „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყება კარგ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონში კავშირების თვალსაზრისით. თავის მხრივ, კაია კალასმა ისაუბრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ერთობლივი განცხადების მიღების მნიშვნელობაზე და ამ დოკუმენტში აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათზე.
მაკრონი ჩავიდა სომხეთის ქალაქ გიუმრიში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩავიდა. მაკრონმა და სომხეთის პრემიერმა 1988 წლის მიწისძვრის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შემდეგ, ლიდერებმა ქალაქში გაისეირნეს და მცხოვრებლებს ესაუბრნენ. მოგვიანებით, ფაშინიანი და მაკრონი გიუმრიში კონცერტს - “მუსიკალური ხიდი: სომხეთი-საფრანგეთი”, დაესწრნენ. ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული. 2010 წელს ხელმოწერილი ოქმით რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნის ვადა სომხეთში მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა. კერძოდ, თავდაპირველი 25-წლიანი ვადა, რომელიც 2020 წელს იწურებოდა, შეიცვალა 49 წლით. შესაბამისად, ბაზა გიუმრიში 2044 წლამდე დარჩება. სწორედ ვადის გახანგრძლივების დროს მისცა რუსეთმა სომხეთს საგანგებო სამხედრო დახმარების პირობა, რომელიც არ შეასრულა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, 2022-23 წლებში, სასაზღვრო კონფლიქტებისას, რის გამოც ერევანმა მოსკოვი არასანდო პარტნიორად მიიჩნია და საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება დაიწყო. გიუმრიში ვიზიტამდე, 5 მაისს, ერევანში მაკრონმა და ფაშინიანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ორ ქვეყანას აქამდეც აკავშირებდა მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა, მათ შორის თავდაცვის, სფეროში.
საფრანგეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია გააფორმეს
საფრანგეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გააფორმეს. დეკლარაცია ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერამდე ფაშინიანსა და მაკრონს შორის შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეთანხმება ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. ევროკომიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი უზრუნველყოფს კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას. როგორც მან აღნიშნა, გზა ადრე დაკეტილი იყო, მაგრამ ახლა, სომხეთის თამამი გადაწყვეტილების წყალობით, ვითარება შეიცვალა. მან დღესვე, ერევანში მიმდინარე სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინიდან ირანამდე დაძაბულობა მძვინვარებს, სამხრეთ კავკასიაში ვითარება განსხვავებულია, ძველი ჭრილობები ხორცდება და ევროპას მშვიდობის ხელშეწყობა სურს. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სომხეთს შეუძლია, რეგიონული ცენტრი და გზაჯვარედინი გახდეს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, თავის მხრივ, ევროპა მზად არის, ხელი შეუწყოს, მათ შორის, ფიზიკურად, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კავშირებს. „ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან უფრო ახლოს. დღეს კი, ჩვენი პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აგვყავს. ხელი მოეწერა ევროკავშირსა და სომხეთს შორის დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ტრანსპორტიდან დაწყებული ენერგეტიკითა და ციფრული ქსელებით დამთავრებული, ამას შეუძლია, სომხეთი კონტინენტების გზაჯვარედინზე მდებარე სტრატეგიულ ცენტრად აქციოს,“ - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაც და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს. „ეს მომენტი შესაძლებელი გახდა სომხეთის მიერ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი მიღწევების წყალობით. მათ შექმნეს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ხელშესახები სარგებელი მოეტანათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესებისა და საზოგადოებებისთვის,“ - წერს კოშტა სოციალურ ქსელში. შეთანხმებას ხელი ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტის ფარგლებში მოეწერა. ევროპული საბჭოს ცნობით, ევროკავშირი-სომხეთის სამიტი ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე იქნება ორიენტირებული, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში დაკავშირებადობის საკითხებზე. სომხეთი-ევროკავშირის სამიტის წინ, 4 მაისს ერევანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს უმასპინძლა. ლიდერები ასევე განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოების, დაკავშირებადობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
ერდოღანის თქმით, ევროპას თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს — ევროპა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „მოუწოდა ევროკავშირს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და რიტორიკისგან, რამაც შეიძლება, შეარყიოს ანკარის „კონსტრუქციული პოზიცია.“ მისი თქმით, „ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთის, როგორც სრულუფლებიანი წევრის გარეშე, იგი გლობალური აქტორი ან მიზიდულობის ცენტრი ვერ იქნება.“ „არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთი აღარ არის ძველი თურქეთი და არც მსოფლიოა შემოსაზღვრული მხოლოდ დასავლური სახელმწიფოების გავლენის სფეროთი,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, თურქეთის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიოპია კვლავ ნარჩუნდება და ეს ბლოკის საკმაოდ ბევრ ინსტიტუტში ნათლად შეიმჩნევა.“ „...ხვალ ეს საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება,“ - აღნშინა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანის თქმით, თურქეთი იმედოვნებს, რომ „ევროპაში გადაწყვეტილების მიმღები პირები უარს იტყვიან თავიანთ პოლიტიკურ და ისტორიულ ცრურწმენებზე და ყურადღებას გაამახვილებენ თურქეთთან გულწრფელი, ნამდვილი და თანასწორუფლებიანი ურთიერთობების განვითარებაზე.“