უცხოეთი
რუსეთმა სომხეთიდან თევზის იმპორტი შეზღუდა
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა სომხეთიდან ცოცხალი თევზის იმპორტი შეზღუდა. „როსსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ ერევანმა 2 ივნისიდან რუსეთში ექსპორტისთვის განკუთვნილი ცოცხალი თევზისა და თევზის პროდუქტების სერტიფიცირება უნდა შეაჩეროს, გარდა იმ ორი კომპანიის პროდუქციისა, რომლებმაც შემოწმება გაიარეს. უწყების ცნობით, შემოწმების შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო. ეს ნიშნავს, რომ თევზისა და თევზის პროდუქტების სომხეთიდან რუსეთში გაგზავნა დროებით შეიზღუდა და მხოლოდ ორი ქარხნის პროდუქცია გავა - ეს ორი ქარხანა არ დასახელებულა. მათ პროდუქციას „რუსეთში შემოიტანენ უსაფრთხოების მაჩვენებლების ლაბორატორიული მონიტორინგის პირობით,“ - განმარტებულია განცხადებაში, რომელიც "ინტერფაქსს“ მოჰყავს. ცნობისთვის, 2026 წლის 30 მაისიდან „როსსელხოზნადზორმა“ აკრძალა ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულისა და მარწყვის შეტანა სომხეთიდან რუსეთში. მანამდე უწყებამ სომხეთიდან რუსეთში ყვავილების შეტანა აკრძალა. კიდევ ერთმა უწყებამ, „როსპოტრებნადზორმა“ შეაჩერა სამი მსხვილი სომხური მწარმოებლის ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და ასევე აკრძალა სომხეთიდან რუსეთში „ჯერმუკის“ მინერალური წყლის შეტანა და გაყიდვა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი — რა საკითხები განიხილა დელეგაციამ
ამერიკი საელჩო 25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებებს ავრცელებს. შეხვედრა საქართველოს მთავრობასთან 25-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცეპრემიერებს ბოჭორიშვილს, მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ. მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები, მათ შორის: ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს. ეს თანხვედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის. აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ჩვენს ინტერესს, საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის: ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, და უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს. შეხვედრა საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან აშშ-ის დელეგაციამ სიღრმისეული საუბრები გამართა საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“-სა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან. დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის შესახებ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ. დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს. შეერთებული შტატები ერთგულია კონსტრუქციული ურთიერთობისა ყველა სერიოზულ პოლიტიკურ აქტორთან, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი ქვეყნის სტაბილურობით, სუვერენიტეტითა და კეთილდღეობით. მანამდე, აშშ-ის საელჩომ ასევე გაავრცელა დელეგაციის განცხადება, რომელიც პატრიარქთან შეხვედრას ეძღვნებოდა. კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა „იმ ქრისტიანულ სათნოებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ქართულ ცივილიზაციას თანაგრძნობითა და გულმოწყალებით, ასევე, ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა.“ „შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო თბილისში, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, შიო III-სთან შეხვედრა. დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმ ცივილიზაციურ კავშირებს, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების საყრდენს წარმოადგენს. შეერთებული შტატები ამ მეგობრობის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის: სარწმუნოებას, ოჯახს, ეროვნულ იდენტობასა და ღრმა პატივისცემას ღვთივბოძებული უფლებებისადმი, რომელიც ადამიანის ღირსებას უზრუნველყოფს. აშშ-ის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა იმ ქრისტიანულ სათნოებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ქართულ ცივილიზაციას თანაგრძნობითა და გულმოწყალებით, ასევე, ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა. დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია ეროვნული ერთიანობის გამტკიცების ამ მისიას განახლებული სულისკვეთებით გააგრძელებს. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრველა საპატრიარქომაც. დელეგაცია საქართველოს 24 მაისიდან 29 მაისამდე სტუმრობდა. მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამერიკის საელჩოში აცხადებენ, რომ შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რა არის საჭირო ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის გზაზე დასაყენებლად.“ დელეგაციამ შეხვედრები ასევე გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. სახელმწიფო დეპარტამენტს წარმოადგენდნენ: პიტერ ანდრეოლი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი; ჩარლზ იოკი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში.
აშშ-მ ირანს კრიპტოვალუტის აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარი ჩამოართვა — ბესენტი
ვაშინგტონმა ირანული კრიპტოვალუტის აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარის კონფისკაცია მოახდინა. მისი თქმით, ამერიკის ეკონომიკური ზეწოლის კამპანია, რომელსაც „Operation Economic Fury“ ეწოდება, „ირანის რეჟიმს“ სერიოზულ ფინანსურ კრიზისში აქცევს. აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის ფარგლებში მიიღეს. მისი განცხადებით, ირანის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. ბესენტის თქმით, ირანელი სამხედროების 40-50% ხელფასს ვერ იღებს, პოლიციის ნაწილი სამსახურში აღარ ცხადდება, ინფლაცია 200%-ზე მეტია, ხელისუფლება მოსახლეობას საკვების ვაუჩერებს ურიგებს. აღსანიშნავია, რომ თეირანი მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის დაწყებამდე, გაყინული ირანული სახსრებიდან 12 მილიარდი დოლარის გათავისუფლებას ითხოვს. New York Times-ის ინფორმაციით, ტრამპს სურს უცხოეთში გაყინული ირანის აქტივების გათავისუფლებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების გადახედვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამისა და ჰორმუზის სრუტით მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმების პროექტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. Axios-ის ცნობით, ტრამპი მაღალგამდიდრებული ურანის საკითხთან დაკავშირებით უფრო მკაფიო ფორმულირებას მოითხოვს. ამერიკულ მხარეს სურს დააკონკრეტოს, თუ როგორ და როდის მიიღებს აშშ ირანის ბირთვულ მასალას. 31 მაისს აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებებზე ირანის წარმომადგენელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანი არ მიიღებს აშშ-სთან კონფლიქტის დასრულების შესახებ არცერთ შეთანხმებას, თუ არ იქნება დარწმუნებული, რომ ირანელი ხალხის უფლებები დაცულია. გადაუჭრელ საკითხებს შორისაა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნის ვადები და ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქება.
ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე დრონების საწინააღმდეგო სისტემები დაამონტაჟა
ესტონეთმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სახმელეთო საზღვრის სამ მონაკვეთზე - ლუჰამაას სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ესტონეთის, ლატვიისა და რუსეთის საზღვრების გადაკვეთის წერტილს შორის - დრონების აღმოჩენისა და მონიტორინგის ფიქსირებული მოწყობილობები დაამონტაჟა. „ეს მხოლოდ დასაწყისია: ჩვენ მივდივართ დრონების ქსელის შექმნისკენ, რომელიც მთელ ესტონეთს მოიცავს. დრონებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ინციდენტები აჩვენებს, რომ ჩვენი შესაძლებლობების დაგეგმვისას რისკები ძალიან რეალისტურად შევაფასეთ და ფრთხილი გადაწყვეტილებები მივიღეთ,“ - განაცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ ტარომ. მისი ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრის დარჩენილ მონაკვეთებზე დრონების მონიტორინგის მოწყობილობების დამონტაჟება 2026 წლის ბოლომდე იგეგმება. ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის საბჭომ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ „თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მოქნილი მეთვალყურეობა უზრუნველყოფს ესტონეთის აღმოსავლეთი საზღვრის კარგად დაცვას როგორც დღეს, ასევე — მომავალში.
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ევროკავშირმა ჩინეთის საკუთრებაში არსებულ ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია Temu-ს 200 მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრა ისეთი უკანონო პროდუქტების გაყიდვის გამო, როგორიცაა, საშიში საბავშვო სათამაშოები და გაუმართავი დამტენები. ევროკომისიამ განაცხადა, რომ კომპანიამ „ვერ შეძლო პროდუქტების სისტემური რისკების გულმოდგინედ იდენტიფიცირება და იმ ზიანის ანალიზი და შეფასება, რაც მათ შეიძლება, მომხმარებლებს მიაყენონ. Temu-ს წინააღმდეგ გამოძიება 2024 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს იმის გამო, ასრულებდა თუ არა ის ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს. ჯარიმის გადახდასთან ერთად, Temu-მ 28 აგვისტომდე უნდა წარადგინოს სამოქმედო გეგმა დარღვევების აღმოსაფხვრელად. შემდეგ კომისიას ორი თვე აქვს იმის გადასაწყვეტად, გასწია თუ არა კომპანიამ საკმარისი სამუშაო, მოთხოვნების შესასრულებლად. ევროკავშირის ტექნოლოგიების კომისარმა ჰენა ვირკუნენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილების მიზანი Temu-სთვის „ძალიან ძლიერი გზავნილის“ გაგზავნა იყო. Temu-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საცალო ვაჭრობის კომპანია პატივს სცემს მკაფიო და თანმიმდევრული წესების საჭიროებას, თუმცა გადაწყვეტილება 2024 წელს მოიცავდა და არ ასახავდა მისი სისტემების ამჟამინდელ მდგომარეობას.
რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ქალაქ კონსტანცაში რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ბუქარესტი საკონსულოსაც ხურავს. რუმინეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის შეჭრის გამო მიიღეს, ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა. მისი განმარტებით, დრონი უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ მიმართული 43 დრონიდან ერთ-ერთი იყო. როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ რუმინეთი რუსეთის საკონსულოს დახურავს. რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, ბუქარესტი NATO-ელი მოკავშირეების ერთიანი რეაქცია სოლიდარობის ძლიერი დემონსტრირებაა. ნიკუშორ დანმა აღნიშნა,რომ ალიანსი თავისი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის ნაწილს რუმინეთში გადაიტანს, ვიდრე რუმინეთი თავის შიდა სისტემებს არ განაახლებს. NATO-მ და ევროკავშირმა რუსეთი გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი დრონი რუმინეთის საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, ორი ადამიანი დაშავდა. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს მაშინ მოხდა, როდესაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს ახორციელებდა. ალიანსის გენერალური მდივანი მარკ რუტე ამბობს, რომ „რუსეთის უგუნური საქციელი საფრთხეს უქმნის ყველას“, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი „გააგრძელებს ზეწოლის გაზრდას“ მოსკოვზე. რუმინეთი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრია - ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს, დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა რუმინეთში.
პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, „საზღვარგარეთ დაკავებულ მოქალაქეებს არმია დაიცავს“
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მეთაურს საზღვარგარეთ დაპატიმრებული მოქალაქეების დასაცავად არმიის გამოყენება შეუძლია. გამოცემა РБК-ს შეკითხვას, გავრცელდება თუ არა კანონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რუსეთის იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ გრუზდევმა უპასუხა, რომ ამ სასამართლოს კომპეტენცია ეფუძნება რომის სტატუტს, რომელსაც რუსეთმა ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა რატიფიკაცია არ განუხორციელებია. 2016 წელს რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რომის სტატუტის მონაწილეობა არ სურს. შესაბამისად, გრუზდევის განმარტებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია არ ეფუძნება თავად რუსეთის საერთაშორისო ხელშეკრულებას. კანონი სხვა სახელმწიფოების ან საერთაშორისო სასამართლოების მიერ რუსეთის მოქალაქეების დაკავების, სისხლის სამართლებრივი ან სხვა დევნის შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას ითვალისწინებს. კანონის მიხედვით, საზღვარგარეთ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების ბრძანება ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა გასცეს.
ფაშინიანი: მალე ავაშენებთ მაგისტრალს — უმოკლეს გზას, რომელიც ცენტრალურ აზიას დასავლეთთან დააკავშირებს
„ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნით, ჩვენ დავასრულეთ სომხეთის განბლოკვის პირველი ეტაპი და ახლა გვაქვს სარკინიგზო კავშირი აღმოსავლეთთან და დასავლეთთან.“ ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 25 მაისს, ქალაქ გიუმრიში წინასაარჩევნოდ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სომხეთის პრემიერის თქმით, ეს პირველი ეტაპია და წინ დიდი პროექტებია, მათ შორის, TRIPP-ის განხორციელება და მეღრის გავლით რკინიგზის განბლოკვა. „TRIPP ფუნქციონირებას ტერიტორიული მთლიანობის, იურისდიქციისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპების საფუძველზე დაიწყებს. TRIPP სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის, იურისდიქციისა და განბლოკვის ყველაზე ძლიერი სიმბოლოა. სიუნიქი მშვიდობის გზაჯვარედინად იქცა,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. „ჩვენ ვემზადებით ახურიკ-აკიაკის რკინიგზის გახსნისთვის. გარდა ამისა, საერთაშორისო ინვესტორებმა სომხეთში განაგრძეს ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც შირაქის, ლორის და ტავუშის რეგიონებში გაივლის. რკინიგზის პარალელურად, მალე დავიწყებთ მაგისტრალის მშენებლობას. ეს გახდება უმოკლესი გზა, რომელიც ცენტრალურ აზიას დასავლეთთან დააკავშირებს. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
რუსეთი კიევში, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“ დარტყმებით იმუქრება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მისი შეიარაღებული ძალები კიევში, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს“ დაარტყამს. ამავე განცხადების მიხედვით, დარტყმები განხორციელდება უკრაინის საბრძოლო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებსა და სამეთაურო პუნქტებზეც. რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს აცნობა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სისტემატურ დარტყმებს იწყებს კიევში მდებარე სამხედრო ობიექტებზე. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 22 მაისის ღამით სტარობელსკზე მიტანილმა იერიშმა "მოთმინების ფიალა აავსო." დარტყმას ქალაქ სტარობელსკზე, რომელიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსეთის მონაცემებით, 21 ადამიანი ემსხვერპლა. იერიშის შედეგად, დაინგრა პედაგოგიური კოლეჯის კორპუსები. რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სიების მიხედვით, დაღუპულთა უმრავლესობა კოლეჯის სტუდენტია, მათი ასაკი 18-დან 22 წლამდე მერყეობს. დაღუპულთა სიებში არასრულწლოვნები არ არიან, რუსეთის ოფიციალური პირები და მედია აქტიურად საუბრობს, რომ დარტყმა "ბავშვებზე" განხორციელდა. პუტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ საპასუხო დარტყმების შესახებ წინადადებები უნდა წარმოადგინოს. უკრაინის განმარტებით, სტარობელსკში იერიში რუსეთის ქვედანაყოფის, "რუბიკონის' სამეთაურო პუნქტზე განხორციელდა. მოსკოვი "უცხოეთის მოქალაქეებს, მათ შორის, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს" მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი, უკრაინის დედაქალაქის მცხოვრებლებს კი მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ საბრძოლო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს." „იმის გამო, რომ აღნიშნული ობიექტები მთელ კიევშია მიმოფანტული, ვაფრთხილებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს, რომ ქალაქი რაც შეიძლება მალე დატოვონ, ხოლო უკრაინის დედაქალაქის მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ არ მიუახლოვდნენ ზელენსკის რეჟიმის სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე 24 მაისის ღამით, რუსეთმა რაკეტებით და დრონებით მიიტანა მასშტაბური იერიში უკრაინის დედაქალაქზე. დაინგრა ან დაზიანდა 30-ზე მეტი შენობა, დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 4 მოქალაქე. ეს მასირებული საჰაერო თავდასხმა ერთ-ერთი უმსხვილესია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა დაახლოებით 30 საცხოვრებელი სახლი. 23-24 მაისს მოსალოდნელი მასირებული თავდასხმისა და ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენების საფრთხის შესახებ უკრაინის დაზვერვა, პრეზიდენტი ზელენსკი და აშშ-ის საელჩო იერიშის წინა დღეს აკეთებდნენ განცხადებებს.
ფაშინიანი: ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის გაიხსნა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის გაიხსნა, რაც მისი თქმით, რეგიონული კავშირისთვის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის სატრანსპორტო კავშირი მნიშვნელოვნად ფართოვდება, რაც ქვეყანას უფრო მჭიდროდ აკავშირებს მრავალ რეგიონულ ბაზართან. „სიხარულით გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის შემდეგ, საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზაც გახსნილია სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის. სომხეთს ამჟამად აქვს რკინიგზით წვდომა რუსეთთან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ხოლო შემდგომ ჩინეთთან რუსეთისა და ყაზახეთის გავლით. სომხეთს ასევე აქვს წვდომა ევროკავშირთან საქართველოსა და თურქეთის გავლით გამავალი რკინიგზის საშუალებით. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის,“ - წერს ფაშინიანი. სომხეთი ნახიჩევანის გავლით თურქეთთან და აზერბაიჯანთან სარკინიგზო კავშირის დამყარებას გეგმავს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ახალი სარკინიგზო კავშირების დამყარებაა მოსალოდნელი, მათ შორის, დაგეგმილია სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის მარშრუტების გახსნა, ასევე, სომხეთ-ირანის რკინიგზის ამოქმედება, რომელიც ნახიჩევანზე გადის. ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოვლენები დაკავშირებულია TRIPP პროექტის განხორციელებასთან, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, ასეთი რეგიონული სატრანსპორტო ინიციატივები უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
რუსეთმა სომხური „ჯერმუკის“ იმპორტი შეაჩერა
რუსეთმა სომხური მინერალური წყლის „ჯერმუკის“ იმპორტი შეაჩერა. „„როსპოტრებნადზორმა“ დააწესა დროებითი სანიტარული ზომა „ჯერმუკის“ მინერალური წყლის ყველა პარტიის რუსეთში იმპორტისა და დისტრიბუციის შეჩერების მიზნით. აღნიშნული პროდუქტები არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას. პროდუქტის სამკურნალო თვისებების შესახებ შეცდომაში შემყვანმა ინფორმაციამ შეიძლება, გამოიწვიოს არაეფექტური მკურნალობა და ჯანმრთელობის გაუარესება,“ – ნათქვამია განცხადებაში. უფრო ადრე, სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ სურსათის უვნებლობის ინსპექციის (FSIB) მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგებით, მინერალური წყალი „ჯერმუკი“ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და უსაფრთხოა მოხმარებისთვის.
გარი კასპაროვი რუსეთში, საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანეს
რუსული მედიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა რუსი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარი კასპაროვი საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანეს. ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში მოსკოვის სასამართლომ გარი კასპაროვს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. კასპაროვს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით (ტერორიზმის საჯაროდ გამართლება საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელების, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით). მოგვიანებით მას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-2 ნაწილით (უცხოეთის აგენტის საქმიანობის წესის დარღვევა). რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გარი კასპაროვი „უცხოური აგენტების“ სიაში 2022 წელს შეიყვანა. გარი კასპაროვი მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში. ის რუსეთში ოპოზიციური მოძრაობის აქტიური მონაწილეა. 2013 წელს მან დატოვა რუსეთი. კასპაროვი აქტიურად გამოდის, მათ შორის, აშშ-ის მედიით, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და უკრაინას უჭერს მხარს.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი გადადგა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი ივნისის ბოლოს დატოვებს თანამდებობას. თავის გადადგომის წერილში, რომელიც Fox News-მა მოიპოვა, გაბარდი აღნიშნავს, რომ ის გადადგომას ითხოვს, ვინაიდან მის მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლების კიბოს უიშვიათესი ფორმა დაუდგინა. გაბარდმა მოგვიანებით X-ზე გამოაქვეყნა გადადგომის შესახებ წერილი. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გაბარდმა შესანიშნავად შეასრულა თავისი სამუშაო“, მის მეუღლეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ გაბარდის პირველი მოადგილე, აარონ ლუკასი შეასრულებს ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობებს. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტულსი გაბარდი თეთრმა სახლმა აიძულა, თანამდებობიდან გადამდგარიყო. Reuters-ის წყაროების ცნობით, ტრამპი, ირანთან ომის გამო მზარდი ზეწოლის ფონზე, კაბინეტის ცვლილებების გაგრძელებას გეგმავს. სააგენტოს ერთ-ერთი წყარო იტყობინება, რომ ტრამპმა ბოლო თვეებში ეროვნული დაზვერვის დირექტორის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. გაბარდი ეროვნული დაზვერვის დირექტორად 2025 წლის თებერვალში დაინიშნა. გაბარდი არ ემხრობოდა აშშ-ის მონაწილეობას უცხო ქვეყანაში სამხედრო და პოლიტიკურ კონფლიქტებში.
აშშ-ის ატომური ავიამზიდი კარიბის ზღვაში შევიდა
აშშ-ის სამხრეთმა სარდლობამ განაცხადა, რომ ატომური ავიამზიდი Nimitz სამხედრო ხომალდების თანხლებით, კარიბის ზღვაში შევიდა. „USS Nimitz-მა დაამტკიცა თავისი საბრძოლო ოსტატობა მთელ მსოფლიოში, უზრუნველყო სტაბილურობა და იცავდა დემოკრატიას ტაივანის სრუტიდან არაბეთის ყურემდე,“ - ნათქვამია აშშ-ის სარდლობის მიერ X-ზე განთვსებულ პოსტში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კასტროსა და რამდენიმე კუბელი სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებას „ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“ უწოდა, ავიამზიდის განლაგების ფონზე კი, კუბის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაცია გამორიცხა. შეგახსნენებთ, ვაშინგტონმა კუბის ყოფილ პრეზიდენტ რაულ კასტროს და კიდევ ხუთ პირს ბრალდებები წაუყენა. საქმე ეხება 1996 წლის მოვლენებს, როდესაც კუბის საჰაერო ძალებმა ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Brothers to the Rescue-ს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ჯგუფი დააარსეს კუბელმა ემიგრანტებმა, რომლებიც ქვეყნიდან ზღვით გაქცეული კუბელების მოსაძებნად ავიაციას იყენებდნენ. Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის მიერ რაულ კასტროს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, „კუნძულის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ ვაშინგტონის ზეწოლის კამპანიის სერიოზული ესკალაციაა.“ თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ, ვაშინგტონსა და ჰავანას შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. 2026 წლის დასაწყისში ვაშინგტონმა კუბას ნავთობის ბლოკადა დაუწესა. ამ ფონზე, რეგულარულად ითიშება ელექტროენერგია. საწვავის დეფიციტის გარდა, კუბელები საკვების და სხვა მრავალი აუცილებელი საქონლის დეფიციტსაც განიცდიან.
აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის — ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთში 5 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს გნცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პენტაგონმა ერთი კვირის წინ გადადო პოლონეთში 4 000 ამერიკელი სამხედროს როტაცია. „პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის წარმატებული არჩევისა და მასთან ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის,“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. გადაწყვეტილებას მიესალმა პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი. აშშ-ის პრეზიდენტმა დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა იმის შესახებ, იყო თუ არა ჯარისკაცების გაგზავნა, წინა დაგეგმილი განლაგების ნაწილი თუ ეს სხვა ოპერაციაა. თეთრმა სახლმა ბოლო კვირების განმავლობაში მიანიშნა, რომ ევროპაში ჯარისკაცების საერთო რაოდენობის შემცირებას აპირებს — „ამერიკა პირველ რიგში“ დღის წესრიგის ფარგლებში. ამ თვის დასაწყისში აშშ-მ ასევე გამოაცხადა, რომ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანდა ირანთან ომის გამო. ტრამპმა უფრო ადრე გააკრიტიკა მერცი მისი ვარაუდის გამო, რომ აშშ ირანელმა მომლაპარაკებლებმა „დაამცირეს.“ ის ასევე აკრიტიკებდა ვაშინგტონის NATO-ელ მოკავშირეებს იმის გამო, რომ ისინი არ შეუერთდნენ აშშ-ს, ირანზე ზეწოლაში.
ერდოღანი ყაზახეთში: ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობა ყოველდღიურად უფრო გასაგები ხდება
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა კასპიის ზღვის ტრანზიტის აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობას და მას „აბრეშუმის გზის თანამედროვე ეკვივალენტი“ უწოდა. ყაზახეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ დერეფნის მნიშვნელობა დღითიდღე უფრო და უფრო მეტად ესმით. მან პირობა დადო, რომ ტვირთების გადაზიდვისა და ენერგორესურსების დასავლეთში ტრანსპორტირებისთვის, ანკარა ყაზახეთთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, დერეფნის პოპულარიზაციას გააგრძელებს. „ჩვენ გვსურს, რომ ყაზახეთიდან, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნედლი ნავთობის ექსპორტიორიდან, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის უფრო დიდი მოცულობები ჩვენი ქვეყნის გავლით გავიტანოთ,“ - განაცხადა ერდოღანმა. ყაზახეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ხუთშაბათს, 14 მაისს ყაზახეთსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
აშშ-მ კუბის ყოფილ პრეზიდენტს რაულ კასტროს ბრალი წარუდგინა
აშშ-ის მთავრობამ კუბის ყოფილ პრეზიდენტს რაულ კასტროს ბრალი წაუყენა. მას ბრალს სდებენ 1996 წელს ორ თვითმფრინავზე სასიკვდილო თავდასხმის ორგანიზებაში, რის შედეგადაც, აშშ-ის მოქალაქეები დაიღუპნენ. 94 წლის კასტროს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ტრამპთან სამიტის შემდეგ, სი ძინპინი პუტინს მასპინძლობს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობიდან რამდენიმე დღეში, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღო. აეროპორტში პუტინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი დახვდა. რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, პუტინის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან “საერთაშორისო პრობლემების ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვა” იქნება. მისი ინფორმაციით, რუსეთი და ჩინეთი 40-მდე დოკუმენტს გააფორმებენ, მათ შორის, პუტინი და სი ძინპინი დეკლარაციას მიიღებენ „მულტიპოლარული სამყაროსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ.“ ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, ორი მხარე გააგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას, „მსოფლიოსთვის მეტი სტაბილურობისა და პოზიტიური ენერგიის მისაცემად.“ ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Sinhua წერს, რომ ეს არის ვლადიმeრ პუტინის ოცდამეხუთე ვიზიტი ჩინეთში და რომ 2026 წელს აღინიშნება ჩინეთ-რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების 30-ე წლისთავი. სააგენტოს სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ 2013 წლის შემდეგ, პუტინი და სი ძინპინი 40-ზე მეტჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამგზავრებამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ „დიდი ხანია, გადააჭარბა 200 მილიარდ დოლარს. მისივე თქმით, „მოსკოვი და პეკინი კოორდინირებულად გამოდიან საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მუხლების დასაცავად, მათი მთელი სისრულით, ერთობლიობითა და ურთიერთკავშირით, მხარს უჭერენ აქტიურ თანამშრომლობას გაეროს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ბრიქსისა და სხვა მრავალმხრივი სტრუქტურების ხაზით, რითაც წვლილი შეაქვთ მსოფლიო და რეგიონული პრობლემების მოგვარებაში.“ 14 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი. ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 2017 წლის შემდეგ. დონალდ ტრამპმა სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ვაშინგტონში მიიწვია. თეთრი სახლის განცხადებით, „ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაში, ასევე, გამოვიდნენ ჰორმუზის სრუტის გახსნის მოწოდებით და განაცხადეს, რომ არცერთ ქვეყანას ან ორგანიზაციას არ უნდა ჰქონდეს უფლება, სრუტეში გავლაზე ბაჟი დააწესოს. აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ მათი საერთო მიზანია ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაცია. ტრამპის ვიზიტის დროს, სი ძინპინმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობა აქვთ და რომ ისინი „პარტნიორები უნდა იყვნენ და არა — მეტოქეები.“ ორი ქვეყანა ასევე შეთანხმდა „სტრატეგიული სტაბილურობის კონსტრუქციული ურთიერთობის“ ჩამოყალიბებაზე. პეკინი იმედოვნებს, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაძაბულობის განმუხტვის პერიოდი დაიწყება.
აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. სანქცირებულია ცნობილი ირანული ვალუტის გადამცვლელი კომპანია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე "ფასადური" კომპანია, რომლებიც დასანქცირებული ირანული ბანკების სახელით ასობით მილიონი დოლარის ტრანზაქციებს აკონტროლებენ. აშშ-მა ასევე დაასანქცირა ირანის “ჩრდილოვანი ფლოტის” 19 გემი, რომლებიც სანქციებისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენებოდნენ.
Reuters: ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა 200 რუსი სამხედრო საიდუმლოდ გაწვრთნა
სამი ევროპული სადაზვერვო სააგენტოსა და Reuters-ის მიერ მიერ მოძიებული დოკუმენტების თანახმად, ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული წლის ბოლოს, ჩინეთში, დაახლოებით 200 რუსი სამხედრო მოსამსახურე საიდუმლოდ გაწვრთნა. ზოგიერთი მათგანი უკრაინაში საბრძოლველად დაბრუნდა. „საიდუმლო წვრთნები, რომლებიც ძირითადად დრონების გამოყენებას ეძღვნებოდა, ასახული იყო ორენოვან რუსულ-ჩინურ შეთანხმებაში, რომელსაც მაღალი რანგის რუსმა და ჩინელმა ოფიცრებმა პეკინში, 2025 წლის 2 ივნისს მოაწერეს ხელი. შეთანხმება, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის გაეცნო, ითვალისწინებდა, რომ დაახლოებით 200 რუსი სამხედრო მოსამსახურე მომზადებას გაივლიდა სამხედრო ობიექტებზე, კერძოდ კი, პეკინსა და აღმოსავლეთის ქალაქ ნანკინში. წყაროების ცნობით, შემდგომში სამხედროების დაახლოებით დასახელებულმა რაოდენობამ ჩინეთში გაიარა წვრთნა. შეთანხმებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ასობით ჩინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლიდა მომზადებას რუსეთის სამხედრო ობიექტებზე,” - წერს Reuters-ი. დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, რუსი სამხედროების მომზადებით, რომლებიც შემდგომ უკრაინის წინააღმდეგ საბძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ, ჩინეთი გაცილებით უფრო პირდაპირ არის ჩართული ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომში, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. რუსეთისა და ჩინეთის თავდაცვის სამინისტროებმა კომენტარი არ გააკეთეს Reuters-თან. ჩინეთის საგარეო უწყებაში კი, განაცხადეს, რომ „უკრაინის კრიზისთან“ დაკავშირებით, ჩინეთი მუდმივად ინარჩუნებდა ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას და მუშაობდა სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობაზე, ეს თანმიმდევრული და ნათელია და ამას საერთაშორისო საზოგადოებაც ადასტურებს.“ მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩინეთმა და რუსეთმა არაერთი ერთობლივი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს, პეკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ კონფლიქტში ნეიტრალურია და თავს მშვიდობის მიღწევის საკითხში შუამავლად წარმოაჩენს.