პოლიტიკა

საქართველოში მუშაობას იწყებენ ოქტომბერში არჩეული საკრებულოები

დღეიდან, 3 დეკემბრიდან საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგებიან 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 25 ნოემბერს გამოცემული განკარგულებით, ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩატარდება.

ხავიერ კოლომინა: NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება

NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება, განაცხადა სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, რითაც რიგის სამიტი შეაჯამა. „რიგაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება“, - აღნიშნულია ხავიერ კოლომინას Twitter-ზე. ცნობისთვის, რიგაში NATO-ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იყო, მოკავშირეებმა ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმინეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მათი ხედვები და იმსჯელეს როგორც რეგიონიულ, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, მონაწილეობდა რიგაში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართა კოლეგა მინისტრებს. ამავე თემაზე: იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან. განვაგრძობთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას

მარინა კალიურანდი: პოლარიზაცია ხელს უშლის საქართველოს რეფორმების განხორციელებაში

„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროპული განვითარების საშუალება. არსებობს უამრავი პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელია. ყველა მხარემ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ ვერ გადავწყვეტთ და ვერ მოვაგვარებთ თქვენს პრობლემებს, მაგრამ მზად ვართ, დაგეხმაროთ არსებული გამოწვევების მოგვარებაში“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა და ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, მარინა კალიურანდმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ ასამბლეაზე, საქართველოს შესახებ გამართულ სესაიზე, სადაც მომხსენებლად იყო მიწვეული. სესიის მთავარ თემა იყო: „პოლარიზაცია, როგორც ძირითადი გამოწვევა ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე“. „პოლარიზაცია არის ის, რაც ხელს უშლის საქართველოს რეფორმების განხორციელებაში და აფერხებს ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ახლა არის დრო, რომ ყველა ორიენტირდეს რეფორმებსა და გამოწვევებზე. ახლა არის დრო კითხვების დასმისა და პასუხების მიღების“. განაცხადა ევროპარლამენტარმა. თავის გამოსვლაში ის ყურადღებას ამახვილებს იმ ვითარებაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონშია შექმნილი და განმარტავს, რომ „ასეთ რთულ ვითარებაში სამხრეთ კავკასიის რეგიონი არასდროს ყოფილა“. „მე ხშირად ვსტუმრობ საქართველოს და რაც მთავარია, ვხვდები უამრავ ადამიანს. მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ ქართველ ხალხს ნამდვილად სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, მათ სურთ დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ განვითარებას, ეს მათი გამოხატული ნებაა“. ევროპარლამენტარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სასამართლო სისტემის რეფორმა და 5 ივლისის საქმეები. „იმის მიუხედავად, რომ 5 თვე გავიდა 5 ივლისის მოვლენებიდან, ამდრომდე არ მიგვიღია პასუხები არსებულ კითხვებზე შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებებიდან“. საქართველოს შესახებ გამართულ სესიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, საპარლამენტო ოპოზიციის, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი, ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორი, საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ტუღუში და დოროთა დლუჩი-სულიგა - აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. წყარო - საქართველოს ეროვნული პლატფორმა

სერგეი ლავროვი: ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან

ევროპული უსაფრთხოების საფუძველში ჩადებული ნაღმი უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2008 წელს NATO-ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან. მისი შეფასებით, ერთხელ 2008 წლის აგვისტოში ეს ნაღმი უკვე აფეთქდა, როდესაც NATO-ს პერსპექტივისგან ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა ავანტიურაზე წასვლა გაბედა, რაც უმძიმესი შედეგებით დაუბრუნდა თავად საქართველოს და უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება სახიფათო ნიშნულამდე მიიყვანა. „ისინი, ვინც ბუქარესტის თეზისებს იმეორებენ და ამბობენ, რომ NATO-ს გაფართოების საკითხში მესამე ქვეყნებს არ აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი პოზიცია, ცეცხლს ეთამაშებიან. დარწმუნებული ვარ, მათ შეუძლებელია, ეს არ გააცნობიერონ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. ლავროვის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის მეზობელი ქვეყნების გარდაქმნა მასთან წინააღმდეგობის პლაცდარმად, ასევე, NATO-ს ჯარების განთავსება უშუალო სიახლოვეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებთან.

ბლინკენი ლავროვს: თუ უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მოსკოვს ეს ძვირი დაუჯდება

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს სტოკჰოლმში ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. მდივანმა ბლინკენმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ, მათ შორის სამხედრო გადაადგილებაზე უკრაინის საზღვრებთან. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, დააბრუნოს თავისი ძალები ძველ პოზიციებზე და შეასრულოს მინსკის შეთანხმება. ასევე - ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება დონბასში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინსვლის საუკეთესო გზა არის დიპლომატია მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულებასთან ერთად და შეერთებული შტატები მზადაა, ამ პროცესს მხარი დაუჭიროს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თუ მოსკოვი სამხედრო ესკალაციის გზას არჩევს, მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მოკავშირეები მზად არიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის და მოსკოვს ეს ძვირი დაუჯდება. მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე მუდმივი კოორდინაციის მნიშვნელობა და ინტერესების თანხვედრა, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ირანის განზრახვის შეჩერებას. მხარეებმა ასევე განიხილეს კავკასიაში არსებული ვითარება და მდივანი მიესალმა სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის პირდაპირი დიალოგის განახლებას. „დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს ვესაუბრე უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე. შეერთებული შტატები მხარს უჭერს დონბასში კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები“, - დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე. ამავე თემაზე: ენტონი ბლინკენი: ღრმად შეშფოთებულები ვართ მტკიცებულებებით იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია დაგეგმა

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის €50 მილიონს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად €50 მილიონს გამოუყოფს. თანხა მობილიზებულია „ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის მექანიზმის“ (European Peace Facility) ფარგლებში. ევროკავშირის პრესრელიზის თანახმად, ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს სამხედრო და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, შიდა მდგრადობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის, ევროკავშირი ასევე მიზნად ისახავს, გააძლიეროს ადგილობრივი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და თავსებადობა, რათა წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში. ეს ზომები ეხმაურება იმ თხოვნას, რომელი ქვეყნებმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს გაუგზავნეს. ევროკავშირის განმარტებით, საქართველოს შემთხვევაში ეს დახმარება ხელს შეუწყობს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში მოსახლეობის დახმარების კუთხით. საუბარია არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო მოწყობილობებზე, ასევე სამოქალაქო დანიშნულების საშუალებებზე. საქართველოსთვის განკუთვნილია 12,75 მილიონი ევრო 36 თვის განმავლობაში. რაც შეეხება მოლდოვას, დახმარება მოიცავს 7€ მილიონს 36 თვის განმავლობაში. უკრაინა კი ამავე პერიოდისთვის €31 მილიონს მიიღებს. ცნობისთვის, ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის მექანიზმი 2021 წლის მარტში შეიქმნა. მისი მიზანია, დააფინანსოს ევროკავშირის საგარეო აქტივობები სამხედრო ან თავდაცვითი კუთხით, კონფლიქტის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. კერძოდ, EPF საშუალებას აძლევს ევროკავშირს, დააფინანსოს ქმედებები, რომლებიც შექმნილია მესამე სახელმწიფოების და რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაძლიერებლად სამხედრო და თავდაცვის საკითხებში.

ირაკლი კობახიძე: მე ვარ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი. ქალბატონი კელი დეგნანი არ არის ექსპერტი

„მე ვარ ამ საქმის, უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც კონსტიტუციური სამართალი ჰქვია და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი, ან უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან, როდესაც ელჩის განცხადებაზე დაუსვეს შეკითხვა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პლურალიმზი და მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა და ეს სისტემა 2024 წლიდან ამოქმედდება. „ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც ამოქმედდება 2024 წელს, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც არის დადგენილი პროპორციული საარჩევნო სისტემა, მოქმედებს სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ, მსჯელობა განვაახლოთ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, თუ მხოლოდ ამას აქვს თავის წინაპირობა. წინაპირობა არის ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია იყოს პარლამენტში. ჩვენ გვჭირდება ამის განგრძობითი მტკიცებულება, რომ მათ სურთ დღის წესრიგის შეცვლა და მათ სურთ დადებითი წვლილის შეტანა ახალ დღის წესრიგში, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენს ქვეყანაში. თუ ამას გააკეთებენ, თუ ამას დაადასტურებენ და დაამტკიცებენ განგრძობითი ფორმით და სახით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მყისიერად განახლდება დისკუსია ბარიერთან დაკავშირებით. თუ ეს არ მოხდება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ დამატებით ვერ შევუწყობთ ხელს პოლარიზაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამერიკის ელჩმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ დღეს განაცხადა: „ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია აზრთა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთი პარტიის დომინირება უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის“. ელჩის შეფასებით, თუ 5%-იანი ბარიერი დარჩება, სავარაუდოდ, 2 ან 3 პარტია გადალახავს მას, შემდეგ არჩევნებზე, რაც ნამდვილად არ არის გზა მეტი ინკლუზიურობისა და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი კობახიძე: თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემა და 5%-იანი ბარიერი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს დეგნანი: ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია აზრთა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთი პარტიის დომინირება უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც მომდევნო ორი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, პირველი მოსმენით მიიღო. თუმცა მმართველი პარტიის ლიდერმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, პროპორციული სისტემა და 5%-იანი ბარიერი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

დავით ზალკალიანი: რუსეთი ზიანს აყენებს არამხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას

სტოკჰოლმში მიმდინარე ეუთოს მინისტრთა საბჭოს რიგით 28-ე შეხვედრაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სიტყვით წარსდგა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ეუთოს ფუძემდებლური პრინციპების მხარდაჭერის და შესრულების მნიშვნელობაზე და მწუხარებით აღნიშნა, რომ ყოველწიურად ხდება ორგანიზაციის წესებისა და პრინციპების უხეში დარღვევა. ამ კონტექსტში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეუთოს სხვა წევრი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდებისა, რუსეთი კვლავ უგულებელყოფს საერთაშორისო ვალდებულებებს და უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებაზე. მოსკოვი განაგრძობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს და აგრძელებს ახალი ტიპის ბერლინის კედლების აღმართვას, კილომეტრიანი მავთულხლართებითა და ღობეებით საქართველოს გულში. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის რუსეთის ჰიბრიდული საბრძოლო დღის წესრიგის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი. მინისტრის განმარტებით, ამ ქმედებებით რუსეთი ზიანს აყენებს არამხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო რუსეთის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. „შეთანხმების“ ხელმოწერა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის, მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორივე რეგიონში საარჩევნო უბნების გახსნა. მინისტრმა წუხილი გამოხატა, რომ უკვე 13 წელია, საქართველო აწყდება რუსეთის დესტრუქციულ დამოკიდებულებას მოლაპარაკებების ფორმატების - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მიმართ, რუსეთის მიერ წმინდა ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებით და პროცესის ჩიხში შეყვანით. მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაზე. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოხუმში უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას საკითხზე, რომელიც სამედიცინო მკურნალობას საჭიროებს. ზალკალიანმა ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების შემდეგ, გენადი ბესტაევის საქართველოს ხელისუფლებისთვის მცირე ხნის წინ გადმოცემის თაობაზე. დავით ზალკალიანმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიერ ქართველი დევნილების სასტიკი მკვლელობის შემთხვევები და ხაზი გაუსვა, რომ ამ დანაშაულთა ჩამდენნი კვლავაც დაუსჯელნი არიან. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და აღნიშნა, რომ მისი საერთაშორისო მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების აღკვეთას. დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებას, რომლითაც დამტკიცდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის განხორციელება; სასამართლომ ცნო რუსეთის პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნორმების დარღვევაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა რომ საქართველო ურყევად განაგრძობს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას და შეეხო მთავრობის ინკლუზიური, ეროვნული მასშტაბის და ყოვლისმომცველი დეოკუპაციისა და კონფლიქტების მდგრადი და მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის შემუშავების პროცესს. ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ და აღნიშნა, რომ საქართველო აძლიერებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ თემებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ძალისხმევას და ამისთვის ახალ და პრაგმატულ შესაძლებლობებს ითვალისწინებს. მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც Covid19-მა მძიმედ დააზარალა რეგიონები, საქართველომ იზრუნა ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მცხოვრებლებისთვის. დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების სტრატეგიისა და მიდგომის ერთიანობა გადამწყვეტია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოსკოვს გაეგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა მიუღებელია და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. მინისტრის განცხადებით, რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ეს ერთადერთი გამოსავალია და სხვა გზა არ არსებობს. საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის და განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში მინისტრმა აღნიშნა ქართული მხარის შეთავაზება ხელი შეუწყოს დიალოგს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სხვადასხვა ფორმატში. ამასთან, მან ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნახსენებ სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ხსენებულ სამ ქვეყანას შორის დიალოგის პლატფორმის ხელშეწყობას. მინისტრმა გამოსვლისას დაგმო რუსეთის მტრული რიტორიკა და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო ქმედებების ინტენსიფიცირება. მან გამოხატა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულებასა და ურყევ კურსს. გამოსვლის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ეუთოს ღირებულებებისა და პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე და საქმიანობაში წარმატებები უსურვა ეუთოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ევროკავშირი უზენაესის მოსამართლეების დანიშვნაზე: ევროკავშირის დახმარება საკვანძო რეფორმების წინსვლაზე იქნება დამოკიდებული, სასამართლო რეფორმის ჩათვლით

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ამგვარი დანიშვნები მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე, ეწინააღმდეგება ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა (ეუთო/ოდირი) და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. საქართველოს დახმარება კი ევროკავშირის მხრიდან საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით. „ოთხშაბათს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას. ამგვარი დანიშვნების განხორციელება მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე, ეწინააღმდეგება ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა (ეუთო/ოდირი) და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ბოლოდროინდელი დანიშვნები ეწინააღმდეგება ამა წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ეს მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამდე კანდიდატების წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ. ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას, ფართო, ინკლიუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით. ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა, სრულად დაუჭიროს მხარი ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე თემაზე: კელი დეგნანი: რთული გასაგებია, რატომ იყო საჭირო მოსამართლეთა დანიშვნების დაჩქარება. ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს პარალმენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილს სურს, საკუთარი დანაშაული თანაგუნდელებს და ოჯახის წევრებს გადააბრალოს

რაც გავიგეთ არის ის, რომ სააკაშვილს უნდა სანდრას დაჭერა და მისი გათავისუფლება , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას სურს საკუთარი დანაშაულები თანაგუნდელებს და ოჯახის წევრებს გადააბრალოს. "ერთი რაც გავიგეთ, არის ის, რომ უნდა სანდრას დაჭერა და მისი გათავისუფლება. ეს არის მთავარი ფაბულა მისი დღევანდელი გამოსვლის.რაც ვნახე ამონარიდებში, არის იმის გაგრძელება, რაც პირველ შემთხვევაში მოვისმინეთ, ეს არის სიცრუის წარმოუდგენელი ტირაჟირება. გარდა ამისა, გადაბრალება საკუთარ თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე იმ დანაშაულებისა, რომელიც რეალურად აქვს მას ჩადენილი. მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და ეკუთვნის შესაბამისი სასჯელი", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს სანდრა რულოვსის შესახებაც ისაუბრა. "სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ამ ხარჯების დიდი ნაწილი, მესამედი, მეოთხედი მისია. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე. ოღონდ, სანამ სანდრას გაასამართლებთ, გაითვალისწინეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონის ევროს გრანტები სამედიცინო სერვისებისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველომ, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის თავმჯდომარეობა მოლდოვას გადასცა

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, რიგით 38-ე სხდომა გაიმართა. სუამ-ის მინისტერიალი, გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ, წელს მეორედ შედგა და საქართველოს თავმჯდომარეობის კონტექსტში, მას უძღვებოდა ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი ნიკუ პოპესკუ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და სუამ-ის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი. მინისტრმა შეაჯამა 2021 წელს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობა და მიმოიხილა წლის განმავლობაში პანდემიის მიუხედავად, თავმჯდომარეობის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები. მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, მათ შორის, პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო, სექტორული, ასევე სუამ+ ფორმატების ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. დავით ზალკალიანმა მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებსა და ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრი ქვეყნების კოორდინირებულ თანამშრომლობასა და ურთიერთქმედების გაძლიერების აუცილებლობაზე. შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას მოლდოვისთვის თავმჯდომარეობის გადაცემასთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში თანამშრომლობისათვის და წარმატება უსურვა მოლდოვის მხარეს, რომელიც მომდევნო ერთი წლით, 2022 წელს ჩაიბარებს აღნიშნულ მანდატს.

ენტონი ბლინკენი უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს სტოკჰოლმში ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდა. მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ განიხილეს დონბასში კონფლიქტის დიპლომატიური, მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობა და უკრაინის სუვერენიტეტის სრული აღდგენის საკითხი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმში, რუსული აგრესიის ფონზე. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვა მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულების მნიშვნელობას, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საუკეთესო გზას. მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზები. „დღეს კვლავ ვისაუბრეთ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე. კიდევ ერთხელ დავადასტურე შეერთებული შტატების მხარდაჭერა მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელების მიმართ, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური მოგვარების საუკეთესო გზა“, - დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე. რაც შეეხება მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, ენტონი ბლინკენის თქმით, ნიკუ პოპესკუსთან შეხვედრაზე განიხილა მოლდოვის დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის წინსვლის საკითხი. „ვაძლიერებთ რა ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას, შეერთებული შტატები რჩება მოლდოვის ურყევ პარტნიორად“, - წერს ენტონი ბლინკენი.

ენტონი ბლინკენი: ღრმად შეშფოთებულები ვართ მტკიცებულებებით იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია დაგეგმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთი სამწუხაროდ აგრძელებს ჰელსინკის პრინციპების დარღვევას და არაერთხელ აბრკოლებს ამ ორგანიზაციის მუშაობას. ის პასუხისმგებელია იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდება ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში. „ყირიმის ძალით ხელში ჩაგდებამ გამოიწვია დაუნდობელი შეურაცხყოფა ყირიმელი თათრების, ეთნიკური უკრაინელებისა და სხვათა მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად ეწინააღმდეგებიან ამ ოკუპაციას. და როგორც გუშინ ვთქვი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა დაგეგმა შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ამიტომ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, დიპლომატია არის ერთადერთი პასუხისმგებელიანი გზა ამ კრიზისის გადასაჭრელად. „ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ გზას. არსებობს მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც ორივე მხარემ აიღო“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ჩამოთვალა რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ასევე ისაუბრა მოსკოვის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე - ასევე, ეუთოს მონიტორინგის დაუშვებლობაზე და იმაზე, რომ რუსეთის მიერ ასევე უგულვებელყოფილია სოციალურ-ეკონომიკური კავშირების აღდგენის ვალდებულება. „სპეციალური სტატუსის შესახებ კანონი მიღებულია უკრაინის მიერ; მიმდინარეობს ამნისტიის კანონის მიღება, პოლიტპატიმართა გაცვლა - რუსეთის მიერ არ არის შესრულებული; საერთაშორისო მექანიზმის საფუძველზე ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა - რუსეთის მიერ არ არის შესრულებული. შემეძლო გამეგრძელებინა...ტანგოს ორი მხარე სჭირდება - თუ ჩვენი რუსი მეგობრები მზად არიან, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები მინსკის ფარგლებში, და ასევე - ჩვენი უკრაინელი მეგობრებიც, სრულად დავუჭერთ მხარს ამას. ეს არის საუკეთესო გზა უკრაინაში განახლებული კრიზისის აღმოსაფხვრელად, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

დავით ზალკალიანის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, სტოქჰოლმში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაესაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც სტოქჰოლმში ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მცირეხნიანი საუბრის შესახებ იუწყება. მინისტრის თქმით, მან ენტონი ბლინკენს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მქონდა შესაძლებლობა, მინისტერიალის ფარგლებში გავსაუბრებოდი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვით აშშ - საქართელოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მე მას მადლობა გადავუხადე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, როგორც NATO-ს, ასევე ეუთოს ფარგლებში და სხვა საერთაშორისო ფორმატებში. გამოვთქვით მზაობა, აქტიურად ვიმუშაოთ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის. ამავე თემაზე დავით ზალკალიანი: მადლიერნი ვართ აშშ-ის მიერ საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გამოჩენილი ძალისხმევისთვის ეუთოს მინისტერიალი: ზალკალიანი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლსა და სამშვიდობო ინიციატივებზე ისაუბრებს

ენტონი ბლინკენი: რუსეთს განთავსებული ჰყავს ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოც ახსენა. „ჩვენ ვხედავთ ევროპაში შეიარაღების კონტროლის ვალდებულებების უგულებელყოფას. რუსეთს ჰყავს განთავსებული ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსული ჯარები მოლდოვაში რჩება მოლდოვის თანხმობის გარეშე. კავკასიაში ჩვენ მივესალმებით პირდაპირი დიალოგის განახლებას სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის და მოვუწოდებთ მათ, მიაღწიონ პროგრესს ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის დაკავებულების, განაღმვის, უგზო-უკვლოდ დაკარგულების საკითხებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, ჩვენ ყველანი ერთად ვიმუშავებთ, მათ შორის რუსეთთან ერთად, რათა გავაგრძელოთ პროგრესი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გადაწყვიტონ სხვა გადაუჭრელი საკითხები, როგორიცაა საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა და გააგრძელონ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან თანამშრომლობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი მშვიდობიანი დასრულებისთვის“. ბლინკენმა ასევე ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთი სამწუხაროდ აგრძელებს ჰელსინკის პრინციპების დარღვევას და არაერთხელ აბრკოლებს ამ ორგანიზაციის მუშაობას. ის პასუხისმგებელია იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდება ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში. „ყირიმის ძალით ხელში ჩაგდებამ გამოიწვია დაუნდობელი შეურაცხყოფა ყირიმელი თათრების, ეთნიკური უკრაინელებისა და სხვათა მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად ეწინააღმდეგებიან ამ ოკუპაციას. და როგორც გუშინ ვთქვი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა დაგეგმა შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ამიტომ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

კელი დეგნანი: რთული გასაგებია, რატომ იყო საჭირო მოსამართლეთა დანიშვნების დაჩქარება. ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს

„საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია იმ მოსამართლეების კვალიფიკაციის შესახებ, რომლებიც ახლა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა შეაფასა. „როგორც ჩვენი განცხადებიდან ნახეთ, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით, რომ პარლამენტმა ეს პროცესი გააგრძელა. რთული გასაგებია, რატომ იყო საჭირო ამ დანიშვნების დაჩქარება, როდესაც ჯერ არ განხორციელებულა სრული და ყოვლისმომცველი მართლმსაჯულების რეფორმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის წინაშე არსებული მრავალი სხვა გამოწვევა, რომელსაც ნაკლები ყურადრება ექცევა. რატომ გახდა ეს საკითხი პრიორიტეტული, ეს დამაბნეველია და ძალიან იმედგამაცრუებელია. 4 მოსამართლე დაინიშნა არაგამჭვირვალე პროცესის გზით. საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია იმ მოსამართლეების კვალიფიკაციის შესახებ, რომლებიც ახლა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ. სასამართლო რეფორმის მიზანი, რომელზეც მათ შორის საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, გულისხმობდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, რათა საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებული იყვნენ, რომ სასამართლოებში მოსამართლეები არიან კვალიფიცირებული, ეთიკურები, მიუკერძოებლები. იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება მალე და გატარდება ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, რომლის განხორციელებაზეც შეთანხმდნენ პოლიტიკური ლიდერები“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ამავე თემაზე: პარალმენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია აშშ იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე: მიუკერძოებელი სასამართლო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია

დეგნანი: ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია აზრთა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთი პარტიის დომინირება უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის

„ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია აზრთა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთი პარტიის დომინირება ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს და ფაქტობრივად, უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებებზე. „საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა, რომ ბარიერის დაწევა ძალიან დადებითი მოვლენა იყო. ამაზე იყო საუბარი 19 აპრილის შეთანხმებაში და საპარლამენტო არჩევნებმა მოიტანა ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა, რაც საკითხის პოზიტიური გადაწყვეტა გახლდათ. თუ 5%-იანი ბარიერი დარჩება, სავარაუდოდ, 2 ან 3 პარტია გადალახავს მას, შემდეგ არჩევნებზე, რაც ნამდვილად არ არის გზა მეტი ინკლუზიურობისა და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში. ეს არ შეესაბამება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გაიცა საერთაშორისო ექსპერტების მიერ და რაზეც თანმხდებოდა თავად პოლიტიკური სპექტრი, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ არ განხორციელდება ის, რაზეც შეთანხმდა ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ამავე თემაზე: ირაკლი კობახიძე: თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემა და 5%-იანი ბარიერი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც მომდევნო ორი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, პირველი მოსმენით მიიღო. თუმცა მმართველი პარტიის ლიდერმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, პროპორციული სისტემა და 5%-იანი ბარიერი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

კახა კუჭავა: პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ

"პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-13 ყოველწლიური ასამბლეის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას, კახა კუჭავამ ყურადღება დღეს არსებულ პოლარიზაციაზე გაამახვილა. მისი თქმით, პოლარიზაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ეს ის საკითხითა, რომელიც მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოს აღელვებს. „პოლარიზაციის შემცირება არ გახლავთ რომელიმე ერთი, კონკრეტული ჯგუფის საქმე - მას საერთო ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას. მით უმეტეს, რომ საქართველო ისედაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, რომლის მძიმე შედეგებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, თუ კოვიდ-19 პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო მნიშვნელოვნად დააზარალა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიხეილ სააკაშვილი: სანდრას რატომ არ ასამართლებთ?

"სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ამ ხარჯების დიდი ნაწილი, მესამედი, მეოთხედი მისია. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე", - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, სახელმწიფო თანხები მისი პრეზიდენტობისას გამოიყენეს, ასევე სანდრას სასწრაფო ოპერაციისთვის, რომელიც ონკოლოგიური პრობლემის გამო გადაუდებლად იყო გასაკეთებელი და ეს თანხები, სხვა მსგავსი ხარჯებისგან განსხვავებით, პროკურატურამ ფლანგვად არ მიიჩნია. "ოღონდ, სანამ სანდრას გაასამართლებთ, გაითვალისწინეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონის ევროს გრანტები სამედიცინო სერვისებისთვის. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი საქართველოში, ვიდრე მანამდე. სანდრას მეშვეობით მკვეთრად გაუმჯობესდა ჯანდაცვის სისტემები ციხეში, დაწყებული ტუბერკულიოზით, ყველა ციხის ექიმი გეტყვით ამას", - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, მოვისმინო ყველა პრეტენზია, სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი

"მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის, და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ. სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი", - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე, სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, საზოგადოებასთან ღია დისკუსია უნდა და საქართველოში სწორედ ამის გამო დაბრუნდა. "მეგობრებო, ვინც ჩემ ბოდიშს, ან არაგულწრფელად, ან არასაკმარისად თვლით, ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება დაშვებული შეცდომების საკმარისია და ვისაც მიაჩნია, რომ ეს საერთოდ არაა საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო, ყველაფერი, მე მინდა ყველას გითხრათ, მზად ვარ მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია. ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვახტე მეტი ბოდიშის განცდა წინა ჩემ გამოსვლაში და მეტი სინანული. ნუ ახლა ვინც სინანულს მოუწოდებენ, უფრო სწორად ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია, მათთვის ეს ისეთივე სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს, მერე ყველას ხვრეტდნენ, თავისივე აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ, მე არანაირი სასინანული არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა დანარჩენ საზოგადოებასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო, მთლიანად საზოგადოებაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამავე თემაზე: საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პროკურორს ბინძური მატყუარა უწოდა