პოლიტიკა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამოქალაქო კლინიკებს მოშიმშილის მკურნალობის ან რეაბილიტაციის გამოცდილება არ აქვთ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამოქალაქო კლინიკებს მოშიმშილის მკურნალობის ან რეაბილიტაციის გამოცდილება არ აქვთ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ასეთი გამოცდილება გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების ჰოსპიტალს აქვს. „გუშინ გამოვიდა ლომჯარიას მიერ შერჩეული კონსილიუმის ექიმი და თქვა, რომ მე-18 დაწესებულებაში გამოცდილება არის ნაკლები. რა დარჩა, კედლების გამოცდილებაზე იყო საუბარი? ვერ გავიგეთ. თუმცა, თუ ავიღებთ გამოცდილებას, ბოლოს როდის გახსენდებათ, ჩვეულებრივ სიტუაციაში, როგორც ელენე ხოშტარიაა, ამ პერიოდამდე ციხის გარეთ შიმშილობა? რამდენი წელია არ გახსენდებათ? ანუ, ჩვენს სამოქალაქო კლინიკებს ამის გამოცდილება არ აქვთ. მოშიმშილის მართვის გამოცდილება, გამოდის, რომ რადგან იქ ათეულობით და ასეულობით მოშიმშილე იყო, მხოლოდ იმ დაწესებულებას აქვს, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილია განთავსებული, სხვა კლინიკებს ამის გამოცდილება არ აქვთ. როგორც შიმშილობის დროს, ასევე შიმშილობის შემდეგ. თუ გამოცდილებაზეა საუბარი, ამ კლინიკას გამოცდილება აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი იძულებით დაატოვებინა ახალი მოწვევის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულ წევრებს, რომლებმაც მანამდე, სხდომათა დარბაზში ლეიბები გაშალეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გარდა მოითხოვეს, რომ 2017 წლის მოწვევის საკრებულომ არ განიხილოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი. „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხმა წევრმა და პარტიის ერთმა მხარდამჭერმა ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ოთახში შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყეს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. დღეს, 17 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა ფრაქციის ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს და ლეიბები გაშალეს.

20-ზე მეტი არასამთავრობოს განცხადება: ხელისუფლების დაპირისპირება დასავლელ პარტნიორებთან ტენდენციის ფორმას იღებს

20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი ბოლო განცხადება „ცალსახად ემსახურება საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დისკრედიტაციას“. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერები საჯაროდ და დაუფარავად ესხმიან თავს უცხოელ პარტნიორებს, როცა ისინი კრიტიკულად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს“. ორგანიზაციები „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავენ და მიაჩნიათ, რომ „აშკარაა, უკვე ტენდენციის ფორმას იღებს ხელისუფლების დაპირისპისპირება დასავლელ პარტნიორებთან“. „კრიტიკა ხშირად ეხება სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობას, პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს, საარჩევნო დარღვევებს თუ სხვა საკითხებს, რომლებიც მათ, როგორც ქვეყნის გულშემატკივრების, სამართლიან გულისწყრომას იწვევს. ცალკეული ჯგუფები და ლიდერები არც შეურაცხმყოფელ ტონს ერიდებიან და ხშირად ადანაშაულებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში მათ, ვის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზეც საქართველოს სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. ასეთი რიტორიკით, ქვეყანას, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა განვითარების დასავლურ ვექტორს უჭერს მხარს, სულ უფრო მეტი ზიანი ადგება. ამას ემატება საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან რეფორმებსა და დასავლეთის ფინანსურ დახმარებებზე საჯაროდ უარის თქმა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური კრიზისების დარეგულირებაში ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაწეული უდიდესი ძალისხმევით მიღწეული შედეგები, რომლებიც საბოლოოდ უგულებელყოფილი იქნა ხელისუფლების მხრიდან. როგორც ჩანს, მმართველი პარტია არ აპირებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას და ამისთვის მზადაა, დასავლეთის სახელმწიფოებთან და პოლიტიკოსებთან ურთიერთობაც გაიფუჭოს, ქვეყანას კი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; ღია საზოგადოების ფონდი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; ევროპის ფონდი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; მედიის განვითარების ფონდი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; საზოგადოება და ბანკები; საქართველოს გაეროს ასოციაცია; ადამიანის უფლებათა ცენტრი; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი; მმართველობის მონიტორინგის ცენტრი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; “უფლებები საქართველო”; „საფარი“; „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“. ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარს: ეს არის კრიმინალების მფარველობა

ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა

"მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს, მგონი, მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და ამ შემთხვევაში ხელისუფლება, შეიძლება მის მიმართ შედარებით ლოიალური გახდეს. „პოლიტიკაში წარმატებას - საარჩევნო წარმატებასაც და ქუჩაში წარმატებასაც, სჭირდება ერთი და იგივე რამ, ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ამას თვითონაც ხედავენ გამომდინარე იქიდან, რომ არ არის მუხტი ქუჩაში. როგორც არ ჰქონდათ მუხტი არჩევნებზე, ასევე არ აქვთ მუხტი ქუჩაში. აქედან გამომდინარე, გადადიან ისინი რადიკალურ ნაბიჯებზე. მათ და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, რომელიც კვირაზე მეტია არ ასრულებს სტრასბურგის მოწოდებას, - შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მგონი მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება. სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება - ამ შემთხვევაში შეიძლება მის მიმართ გავხდეთ შედარებით ლოიალური, ოღონდ ამაში არ იგულისხმება არაფერი, რაზეც ის ოცნებობს“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ვხედავთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ხელისუფლება უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მოშიმშილე ოპოზიციონერი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განუცხადა. „კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ უწყებები, სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, რა თქმა უნდა, სერიოზული დილემაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. თან, არ არსებობს ამის საჭიროება და უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული და საუბარია რისკებზე, რომელიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ რა რისკებია, მოიტაცებენ თუ არ მოიტაცებენ, მე მგონია ვერ მოიტაცებენ, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნას. მხოლოდ იმიტომ, რომ ახირებული მოთხოვნაა, ამას ვერ დავუშვებთ. ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება შეასრულოს, შეწყვეტს ის შიმშილობას და შეწყვეტს ელენე ხოშტარიაც. მაგრამ არ აკეთებს ამას იმის გამო, რომ სტრასბურგის სასამართლოსთან არის ღირებულებით კონფლიქტში და ზოგადად ყველაფერთან, რაც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ბენ ჰოჯესი: NATO-მ და ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის უკრაინამ და საქართველომ კრემლს მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ, რომ საერთაშორისო სამართლის და სუვერენიტეტის დარღვევას არ მოვითმენთ

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესი საუბრობს ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის თავმოყრაზე, NATO-სა და პარტნიორების მხრიდან უფრო მკვეთრი და მტკიცე გადაწყვეტილებების საჭიროებასა და NATO-სა და აშშ-ის მხრიდან ერთიანი სტრატეგიის აუცილებლობაზე შავი ზღვის დიდ რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. ET: მოგესალმებით ბატონო გენერალო, მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ. იმდენი რამ ხდება, აღარ ვიცი საიდან დავიწყო კითხვა, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, ყველაფერი საბოლოოდ ერთმანეთთან კავშირშია.. ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ლუკაშენკოს მიერ სანქციების საპასუხოდ, მუქარის ინსტრუმენტად გამოყენებული ლტოლვილებიდან დაწყებული, დამთავრებული რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარის და ტექნიკის განმწესებით. ამ ფონზე კი ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი NATO-ს მეოთხე მუხლის ამოქმედებაზე იწყებენ საუბარს.. ასევე ნიშანდობლივია NATO-ს გენერალური მდივანის განცხადებებიც უკრაინასთან მიმართებაში.. როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს, ფაქტია, დაძაბულობამ პიკს მიაღწია..როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში? უკრაინაში მიმდინარე კინეტიკური კონფლიქტის გაფართოება არ არის გარდაუვალი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კრემლი გადაწყვეტს მოქმედებას, არსებული კონფიგურაცია მას ამის საშუალებას მისცემს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო NATO-ს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან და მისთვის NATO-ს შეშფოთების გამოხატვა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ET: საქართველო როგორ გამოიყურება და სადაა მიმდინარე პოლიტიკურ ლანდშაფტში? საკმაოდ მღელვარე და გამოწვევებით სავსე პროცესებია ქვეყანაშიც... ასევე მოგეხსენებათ, ციხეში შიმშილობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ხოლო უკვე თითქმის 14 დღეა, საკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია. მთელი ეს სიტუაცია ხაზს უსვამს NATO-ს და აშშ-ის სტრატეგიის აუცილებლობას შავი ზღვის დიდ რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. საქართველო არის ერთგვარი ღუზა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის უკიდურეს აღმოსავლეთში და ადგილი, რომელიც წარმოადგენს კარიბჭეს ევროპასა და ევრაზიას შორის. ამგვარად, აშშ-ის მთავრობა და NATO დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველო იყოს სტაბილური, უსაფრთხო, დემოკრატიული, კრემლის მავნე გავლენისადმი მდგრადი და შეძლოს, მოახდინოს თავისი, როგორც ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოების პოტენციალის რეალიზება. ზოგადად, ვერიდები სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთებას, განსაკუთრებით ისეთი მეგობრის, როგორიც საქართველოა. თუმცა, შეშფოთებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ საშინელი და უპატივცემულო მოპყრობით. მიუხედავად იმისა, ბრალი ედება თუ არა მას დანაშაულში, საჯაროდ მისი ასე დამცირება შეუფერებელია იმ ერისთვის, რომელსაც სურს პატივი სცენ და სურს, იყოს ევროპის ნაწილი. იმედგაცრუებული ვარ ამ სამარცხვინო საქციელით. ET: უკრაინაში ბოლო პერიოდში გამწვავებული სიტუაცია, ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე შექმნილი ლტოლვილების კრიზისი... როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ჩემი აზრით, უკრაინაში და მის გარშემო განვითარებულ მოვლენები არის ერთგვარი გაგრძელება, მომდევნო ფაზა იმისა, რაც მოხდა უკრაინაში და მის ირგვლივ ჯერ კიდევ გაზაფხულზე. მას შემდეგ, მიუხედავად თავდაცვის მინისტრ შოიგუს ცრუ განცხადებებისა, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის (RF) შეიარაღებული ძალები ნამდვილად არ დაბრუნებულან თავიანთ ყაზარმებში - რუსეთმა ადგილზე დატოვა ლოგისტიკის დიდი ნაწილი „ზაპად-21“ წვრთნების შემდეგ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაჟღერდა უამრავი ძალიან მკვეთრი/უხეში გზავნილი პრეზიდენტ პუტინის მიერ, ასევე იყო კითხვები და ტრაბახი უკრაინის მომავლისა და მისი ლეგიტიმურობის შესახებ. თუ შევხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს - ჯარების გადაადგილებას/განლაგებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზეწოლის და სამხედრო შესაძლებლობების სტაბილური ესკალაცია რეგიონში არც არასოდეს შეჩერებულა. რა თქმა უნდა, ამას საქართველოზეც აქვს გავლენა, თუ გათვალისწინებით ყირიმთან და აზოვის ზღვასთან მის სიახლოვეს. ჩვენ ვიცით, რომ რუსები მხოლოდ მაშინ ჩერდებიან, როცა მათ აჩერებენ. NATO-ს და ჩვენი პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხრიდან საჭირო იქნება მტკიცე გადაწყვეტილება, რათა კრემლს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენ არ მოვითმენთ ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის შემდგომ დარღვევას. ET: საფრანგეთმა კონკრეტული და ძალიან მკაფიო მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთთან მიმართებით... ზოგადად, ევროკავშირიც ნამდვილად არაა პასიური... ვფიქრობ, მიგრანტების შეიარაღება პოლონეთთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ბელარუსის საზღვრის გასწვრივ არ არის შემთხვევითი და ის დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის აქტივობებთან უკრაინასა და მის გარშემო; კერძოდ, ეს შეიძლება იყოს დაზვერვითი ხასიათის, საბოტაჟის ან ყურადღების გადატანის მცდელობასთან დაკავშირებული ქმედებები, ან ყველა ზემოაღნიშნული. რამდენიმე დღის წინ, ლატვიის მაღალი თანამდებობის პირებთან საუბრისას, მათ აღნიშნეს, რომ ამას სულ მცირე სადაზვერვო მოქმედებად თვლიან; ისინი აკვირდებოდნენ ბელარუსის (ან რფ?) სპეცდანიშნულების ძალებს, რომლებიც ითვლიდნენ, თუ რა დრო დასჭირდებოდათ ლატვიის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებს მიგრანტების შემოჭრის მცდელობებზე რეაგირებისთვის. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება, იყოს უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ორჯერ ვიყავი კიევსა და ოდესაში და გეტყვით, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან ყოველივე ამით. ვფიქრობ, ევროკავშირი როგორც იქნა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათი ყურადღება მეტად უნდა იყოს მიმართული კრემლზე და ნაკლებად ლუკაშენკოზე. ლუკაშენკო იმსახურებს ნებისმიერ სანქციებს და სხვა სახის არაკონსტრუქციულ ქმედებებს, თუმცა ამაზე მეტი მის წინააღმდეგ არც არაფერია გასაკეთებელი; მიგრანტების/სასაზღვრო კრიზისის გასაღები არის თვითონ კრემლი, რომელიც ამ მომენტში არ გრძნობს არანაირ ზეწოლას და შესაბამისად, არც არანაირი ინტერესი აქვს, ბოლო მოუღოს ამ კრიზისს. რა თქმა უნდა, თურქეთი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ ევროკავშირი მათ ნაწილობრივ ადანაშაულებს ბელარუსში მიგრანტების ჩაყვანაში, რაც ასევე ხელს უწყობს კრემლის მიზნების განხორციელებას და აძლიერებს განხეთქილებას ალიანსში და/ან თურქეთსა (გასაღები შავი ზღვაზე) და ევროპას შორის. სუვალკის დერეფანიც ყოველივე ამის მთავარი ნაწილია. პოლონეთი-ლიეუტვის ტერიტორიის ეს ვიწრო ნაწილი, რომელიც ბელარუსსა და კალინინგრადს შორის მდებარეობს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ის არის სახმელეთო კავშირი ჩვენს ბალტიისპირელ მოკავშირეებს (ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი) და დანარჩენ NATO/ევროკავშირს შორის. თუ რუსეთის ფედერაციის და ბელორუსის შეიარაღებული ძალები დაკეტავენ მას, მაშინ რეალური პრობლემა შეგვექმნება. არსებობს ამის შესაძლებლობა (არა გარდაუვალი), მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია ბელარუსის საზღვარზე (რომელიც მთლიანად ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის შექმნილია) გადაიზრდება სერიოზულ პრობლემაში, რა დროსაც რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ უნდა ჩაერიოს „ჰუმანიტარული კრიზისის“ ან სხვა რაღაცის გამო და ამ პროცესში „დროებით“ დახურავს დერეფანს, თავისი ორი გზითა და ერთი რკინიგზით. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელი. მთლიანობაში, სწორედ ეს არის კლასიკური რუსული „ომი“ - ყველანაირი ინსტრუმენტის, ბერკეტების, მუქარის ენის, დეზინფორმაციის, მიგრანტების გამოყენებით. ET: ენერგორესურსები და რუსული გაზი ასევეა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, მოლდოვის მაგალითიც კმარა ამისთვის... რუსული გაზი ასევე წარმაოდგენს აშკარა „იარაღს“ და ისიც ზემოაღნიშნულის ნაწილია; ყველა ერთადაღებული კი მიზნად ისახავს ევროკავშირში არეულობის/დესტაბილიზაციის შეტანას, დასავლეთის თვალში უკრაინის წარმოჩენას „არშემდგარ სახელმწიფოდ“ და ჩვენს გამოყვანას წონასწორობიდან - ცივი ზამთრის მოახლოებასთან ერთად, და ვიდრე გერმანიაში ახალი კოალიციური მთავრობა შეიქმნება, იმედია - დეკემბრის შუა რიცხვებამდე. აშშ-ის ადმინისტრაცია სამართლიანად არის შეშფოთებული ამით და მიხარია, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბოლოსდაბოლოს გარკვევით საუბრობს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ოსტინმა ასევე გარკვევით ისაუბრა, მათ შორის, რამდენიმე კვირის წინ შავი ზღვის რეგიონში ვიზიტით ყოფნისას.

მოშიმშილე ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოინახულეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ღრმად შეწუხებულები არიან ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩვენი საჯარო თხოვნაა, მან შეწყვიტოს შიმშილობა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა. „რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მთელი გუნდი არის შეწუხებული, რა თქმა უნდა, შეწუხებულია ამ მდგომარეობით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით. უამრავი მსურველია მისი მონახულების, თუმცა იმ მიზეზების გამო, ერთი არის კოვიდი და ამის გარდა, არ გვინდა ზედმეტად შევაწუხოთ ელენე ხოშტარია, ამის გამო, სამწუხაროდ, ბევრი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი, ვერ ახერხებს მის მონახულებას. ჩვენი საჯარო თხოვნაა, მან შეწყვიტოს შიმშილობა. რა თქმა უნდა, ეს არის მისი უფლება და მისი გადასაწყვეტი. ჩვენ გვქონდა მეგობრული საუბარი, ეს შემიძლია გაგიზიაროთ. ჩვენ სხვადასხვა ვარიანტზე გვქონდა საუბარი, მეტ დეტალს ვერ გეტყვით. ეს იყო ჩვენი საუბრის შინაარსი - ინფორმაციის გაზიარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ჩვენი მხრიდან იყო მიწოდებული ინფორმაცია გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, რაზეც საჯაროდ საუბარი გამიჭირდება და არ იქნება სწორი, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გვქონდა საკმაოდ გულწრფელი საუბარი. ბუნებრივია, ამ ჩვენს თხოვნას, რომლებიც ჩვენ დღეს მასთან გვქონდა, რა თქმა უნდა, დადებითი პასუხი ვერ ექნებოდა და ასეთი მოლოდინიც არ გვქონდა. ვთხოვეთ, ვესაუბრეთ, რომ მან უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ბუნებრივია, ეს ადამიანი ამ პოზიციას არ იზიარებს - ორივე მხრიდან საკმაოდ გულწრფელი საუბარი იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მივიდნენ. ელენე ხოშტარია მე-15 დღეა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრებმა ლეიბები სხდომათა დარბაზში გაშალეს

ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ, ლეიბები საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაშალეს. მათი განცხადებით, აღნიშნული ფორმით წინა მოწვევის დეპუტატების მიერ, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყებას და მის დაჩქარებული წესით მიღებას აპროტესტებენ. „რადგანაც ჩვენ სხვა თემაზე ვართ გადასული, რომ გადავარჩინოთ ადამიანი, გადაწყვიტეს სასწრაფოდ დაამტკიცონ ბიუჯეტი. ეს ბიუჯეტი არის „ოცნების“ აქტივისტების, მათი სიდედრების, სიმამრების და იმ ადამიანების, ვისაც ცისფერ დროშაზე ეჭირა ხელი. უნდათ მიიღონ წინასწარ, სანამ ჩვენ უკვე არჩეული საკრებულოს წევრები შემოვალთ და მივცემთ ლეგიტიმაციას",- განაცხადა საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაია კალანდიამ. საკრებულოს შენობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში 15 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო ოთხმა ახლად არჩეულმა დეპუტატმა და ერთმა ექიმმა.

ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდება

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგის გიორგი გრიგოლიას განცხადებით, პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე არ არის, მაგრამ რამდენიმე დღეში დამძიმდება. როგორც მან ციხის დატოვების შემდეგ მედიას განუცხადა, "პაციენტი, როგორიც დღეს მიხეილ სააკაშვილია, ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია'. „სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ამას ადასტურებს ყველა, ვინც იქ არის. მდგომარეობა ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება. მის ანალიზებში არის ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და მკურნალობას", - განაცხადა გრიგოლიამ.

ლუდმილა დენისოვა: მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია დიპლომატებს მივაწოდე

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და დიპლომატებს მიაწოდა. „უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უმაღლეს კომისარს, მიშელ ბაჩელეტს, ეუთოს ხელმძღვანელს, ან ლინდეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, გაეროს წამების პრევენციის კომიტეტს, წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის პრევენციის ევროპულ კომიტეტს ადამიანის უფლებათა დამცველ 9 საერთაშორისო ორგანიზაციას უკრაინაში და უკრაინაში აკრედიტებულ 78 დიპლომატიურ მისიას. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის, უსაფრთხოების, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს", - წერს უკრაინის სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.

სომხური მედიის ცნობით, სროლა შეწყდა და ვითარება შედარებით დასტაბილურდა

სომხური მედიის ცნობით, რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, 18:30 საათიდან. სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით სროლა შეწყდა, ვითარება შედარებით დასტაბილურდა. სომხური მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. „პრემიერმა პუტინს დეტალურად გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული ბოლო მოვლენები. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ. შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა“, - აღნიშნავს მედია სომხეთის მთავრობაზე დაყრდნობით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ამ დროისთვის გარდაცვლილია ერთი ჯარისკაცი. ზუსტდება დაჭრილების რაოდენობაც. ამასთან, სომხეთი აზერბაიჯანის მიერ 12 სამხედრო მოსამსახურის დატყვევების შესახებ იტყობინება. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ სომხეთმა პროვოკაცია მოაწყო და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ზომები გამოიყენეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებს

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებს. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აქტიური ბრძოლების შესახებ დღეს შემაშფოთებელი ცნობები შევიტყვეთ. მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები, მათ შორის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ ან მის შედეგად გამოწვეულ ყველა გადაუჭრელ საკითხზე, ყოვლისმომცველი გადაწყვეტის გზები იპოვონ“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ განახლებული შეტაკებების ფონზე, სომხეთმა მოსკოვს დახმარება სთხოვა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა აღკვეთეს სომხური ძალების „მასშტაბიანი პროვოკაცია“ სომხეთის მოსაზღვრე კალბაკარსა და ლაჩინის რაიონებში. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადანაშაულა აზერბაიჯანელი ჯარისკაცები საზღვართან მის პოზიციებზე საარტილერიო, ჯავშანტექნიკისა და იარაღის გამოყენებაში. ამასთან, სომხეთი აზერბაიჯანის მიერ 12 სამხედრო მოსამსახურის დატყვევების შესახებ იტყობინება. განახლება ამავე თემაზე სომხური მედიის ცნობით, სროლა შეწყდა და ვითარება შედარებით დასტაბილურდა

ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფები ევროკომისიისგან პოლონეთისთვის მილიარდობით ევროს დახმარების გაყინვას ითხოვენ

ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფებმა ევროკომისიას მიმართეს და პოლონეთისთვის მილიარდობით ევროს დახმარების გაყინვა მოითხოვეს, ვიდრე ვარშავა კანონის უზენაესობასა და ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატესობას პატივს არ სცემს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 23.9 მილიარდ ევროს გრანტს და 12.1 მილიარდ ევროს ოდენობის იაფ სესხს ევროკავშირის ეკონომიკური აღდგენის ფონდი უზრუნველყოფს, რომლის მიღებაც ვარშავას პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღსადგენად შეუძლია. ფულის მისაღებად მან რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს, მათ შორის კანონის უზენაესობის პატივისცემის კრიტერიუმი. პოლონეთი ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული $1,2 მილიონიანი ჯარიმის გადახდაზე უარს აცხადებს ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ყოველდღიურად $1.2 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა BBC: პოლონელები მასობრივი საპროტესტო აქციებით უჭერენ მხარს ევროკავშირს, შიშის ფონზე, რომ ქვეყანას შეუძლია, ბლოკი დატოვოს

გერმანიის მარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა

გერმანიის მარეგულირებელმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა. სერტიფიცირების პროცესი შეჩერდება, ვიდრე გაზსადენის ოპერატორი კომპანია სრულად არ მოექცევა გერმანიის საკანონმდებლო ჩარჩოში. განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ევროპა, რომელიც თავისი გაზის მესამედს რუსეთიდან იღებს, ებრძვის მზარდ ფასებს, რადგან კონტინენტი ზამთრის სეზონს უახლოვდება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ Nord Stream-ი გაზრდის ევროკავშირის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ბაიდენის მრჩეველი: რუსეთი ბუნებრივი აირის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებასთან ახლოს არის

შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე განათავსა. „დღევანდელი მოვლენების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართული დისკუსიის შედეგად, მხარეებს დაუყოვნებლივ დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებ. რეგიონში გამოწვევების ფონზე, დაძაბულობის დასაძლევად ევროკავშირი მოწოდებულია, იმუშაოს პარტნიორებთან, დაძაბულობის განსამუხტად, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, - წერს შარლ მიშელი. აზერბაიჯანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, სომხეთმა რუსეთს დახმარებისთვის მიმართა

აზერბაიჯანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, სომხეთმა რუსეთს დახმარებისთვის მიმართა

აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ განახლებული შეტაკებების ფონზე, სომხეთმა მოსკოვს დახმარება სთხოვა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა აღკვეთეს სომხური ძალების „მასშტაბიანი პროვოკაცია“ სომხეთის მოსაზღვრე კალბაკარსა და ლაჩინის რაიონებში. უწყების ცნობით, მისი ორი ჯარისკაცი დაშავდა, როდესაც სომხურმა სამხედრო ნაწილებმა საზღვარზე აზერბაიჯანული პოზიციის წინააღმდეგ ნაღმტყორცნები და არტილერია გამოიყენეს. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადანაშაულა აზერბაიჯანელი ჯარისკაცები საზღვართან მის პოზიციებზე საარტილერიო, ჯავშანტექნიკისა და იარაღის გამოყენებაში. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მისი 4 ჯარისკაცი დაშავდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ნოემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოუწოდებს რუსეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელშიც შედიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფს, ჩაერიონ და მიიღონ ზომები, სომხეთის ტერიტორიიდან „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების „მოსაშორებლად“. „მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიო პასუხი გასცენ აზერბაიჯანული მხარის ქმედებებს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან უსაფრთხოებას და გადადგან აქტიური ნაბიჯები სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. გასული წლის, 44-დღიანი ომი დასრულდა, როდესაც რუსეთის შუამავლობით დადებულმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავმა აზერბაიჯანს მიანიჭა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ნაწილებზე, ისევე როგორც მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის კალბაკარისა და ლაჩინის ოლქებზე, რომლებიც ადრე ეთნიკური სომხების ხელში იყო.

სტოლტენბერგი: რიგის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს და უკრაინის მიმართ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებს რიგის მინისტერიალზე საუბრისას განუცხადა. „ჩვენ უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას და ამავე დროს ვაფასებთ, რომ ახლოს, აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კარგია არამხოლოდ საქართველოსთვის და უკრაინისთვის, არამედ კარგია NATO-ს მოკავშირეებისთვისაც, რადგან შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ, NATO-ს წევრები უზრუნველყოფენ მხარდაჭერას, შესაძლებლობების გაძლიერების, წვრთნების გზით უკრაინისა და საქართველოსთვის და როდესაც შევხვდებით მომავალ სამიტზე, ასევე, თვის ბოლოს რიგის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ორივე ახლო პარტნიორის მიმართ. ჩვენ უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთად შევხვდებით, ეს რა თქმა უნდა ალიანსისთვის იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რომელიც NATO-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და რომლის ქვეყნებთან თანამშრომლობას NATO დიდად აფასებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ამავე თემაზე: NATO-მ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია

კახა კალაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ამასთან, ის ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ შიმშილობა. „მე თავს ვიკავებ სააკაშვილის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან. უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ახლა ჩემთვის მთავარი არის საქმე. უამრავი პროექტია გასაკეთებელი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა თბილისის მერმა. არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული და ვინ არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობაზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ მისი უფლებები დაცულია, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური. „რა თქმა უნდა, ყველა პატიმრის უფლება არის დაცული. მე არ მინდა ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლა. შესაბამისმა სამსახურებმა დღეს გააკეთეს კომენტარი, რაც ვრცლად აჩვენებს, თუ როგორ არის მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული - სამედიცინო აღჭურვილობით, დამატებითი სამედიცინო ბრიგადებითა და ყველა საჭიროებით. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს. სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანის მოთხოვნით, აქციებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები ყოველდღე მართავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები დედაქალაქში ავტოკოლონებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ავტოკოლონებით საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს. პარტიის წევრები და მხარდამჭერები დედაქალაქის ქუჩებში ავტომობილებით გადაადგილდებიან. პროტესტის მონაწილეები სამ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ, რესპუბლიკის მოედანზე, კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. აქციის მონაწილეები ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, ასევე დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. მათივე განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის წევრების უფლებამოსილება შეუწყდათ

საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სხდომაზე, მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირეს. კენჭისყრამდე, რეგისტრაცია 88-მა დეპუტატმა გაიარა. ზურაბ ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა არცერთ კანონმდებელს არ მიუცია. მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში კი, თანხმობა, ასევე, 79-მა დეპუტატმა დააფიქსირა და 2 წინააღმდეგი იყო. ამავე თემაზე "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვა ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს