ეკონომიკა
ვინ არის ინვესტორი, რომელიც TRIPP-ის განვითარების ამერიკულ ფონდს უხელმძღვანელებს
ბრიტანული Guardian-ის ცნობით, რუსეთში დაბადებული და კერძო კაპიტალის ინვესტორი კონსტანტინ სოკოლოვი, რომელიც ამჟამად ჩიკაგოში საქმიანობს, სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი სამეწარმეო ფონდის [„Tripp+“-ის] თავმჯდომარე იქნება, რომელიც ცენტრალური აზიის სავაჭრო დერეფნის განვითარებისთვის გამოყოფილ 200 მილიონ დოლარზე მეტ სახსრებს გაუწევს ზედამხედველობას. ეს დაფინანსება მოიცავს ინვესტიციებს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და კრიტიკული მინერალების სექტორს. გამოცემა წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა სოკოლოვის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. სამეწარმეო ფონდის სახელწოება „Tripp+“, რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტი სოკოლოვია, პროექტისგან — „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) წარმოიშვა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, 201 მილიონი დოლარის მოცულობის ფონდს უფლება აქვს, გასცეს სესხები, გრანტები, განახორციელოს კაპიტალის ინვესტიციები, რომლებიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კერძო სექტორის სტრატეგიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამა მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთსა და უზბეკეთს. ცნობისთვის, სოკოლოვი 36 დონორიდან ერთ-ერთია, რომლებმაც, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლის „წვეულებათა დარბაზის“ პროექტს 350 მლნ დოლარზე მეტი შესწირეს. ამ დონორებს შორის 21 კორპორაცია, 15 ფიზიკური პირი და ოჯახური ფონდებია. მისი შემოწირულობის ოდენობა საჯაროდ ცნობილი არ არის. მანამდე მას სახელმწიფო სამსახურში არასდროს უმუშავია. საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მონაცემების მიხედვით, ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში სოკოლოვმა რესპუბლიკური პარტიის კამპანიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს 12 მილიონ დოლარზე მეტი შესწირა. მანამდე, სოკოლოვი ბარაკ ობამას მოკრძალებული დონორი იყო. მას 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის 3 600 დოლარი ჰქონდა შეწირული. სოკოლოვი სომხეთის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის — Viva Armenia-ს მსხვილი აქციონერია. ასევე, ის ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებს Northern Pillar Energy Consortium-ში, რომელიც ევროპასა და აფრიკას სუფთა ენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყალქვეშა კაბელის პროექტს ახორციელებს. სოკოლოვი Pelagos Data Centres-ის თავმჯდომარის პოზიციასაც იკავებს. ის ჩიკაგოს საინვესტიციო კომპანია IJS Investments-ის დამფუძნებელია, რომელიც მომავლის ენერგეტიკასა და ტელეკომუნიკაციებზე სპეციალიზდება. მანვე დააფუძნა შვეიცარიული საინვესტიციო კომპანია, Gotthard Investment AG, რომელიც ფინანსურ მომსახურებაში, ენერგეტიკასა და გლობალურ უძრავ ქონებაში აქტიურად მუშაობს. DFC $2.5 მილიარდის ინვესტიციას ამტკიცებს, რაც TRIPP კომპანიის შექმნასაც მოიცავს შეგახსენებთ, TRIPP-ის განვითარების კომპანიის, აშშ-სა და სომხეთს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნა მიზნად ისახავს ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას, ამავდროულად, საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორისი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას. ეს საწარმო ეფუძნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ისტორიულ სამშვიდობო დეკლარაციას და „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერას, რათა მხარი დაუჭიროს ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, სარკინიგზო ხაზებს, მილსადენებს, ბოჭკოვან ოპტიკას და სხვა. TRIPP-ის განვითარების კომპანიაში ამერიკულ მხარეს 74%-იანი წილი ექნება, ხოლო სომხურ მხარეს 26%-იანი წილი ერგება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა თებერვალში ერევანში ვიზიტისას ფონდი „Tripp+“ დაახასიათა როგორც „ისტორიული ტრანსფორმაციის“ ნაწილი, რომელიც ვაჭრობის, ტრანზიტისა და ენერგეტიკული ნაკადების სრულიად ახალ ერას ჩაუყრის საფუძველს. Guardian-ი წერს, რომ თეთრი სახლის შუამავლობით, 2025 წლის აგვისტოში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა სომხეთთან კავშირების გასაღრმავებლად, ქვეყნის ბირთვული ენერგეტიკის სფეროს წახალისებისთვის 9 მილიარდი დოლარის გამოყოფით და სომხეთის მთავრობისთვის 11 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვით, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობაში პირველი ასეთი პრეცედენტია.
"გვინდა, მომზადებულები დავხვდეთ ანაკლიის პორტის პროექტს“ — Zet Trans Group-მა 100 ახალი ვაგონი შეიძინა
Zet Trans Group-მა „თიბისის“ პარტნიორობით მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა და 100 ერთეული ახალი ვაგონი შეიძინა. პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიონ დოლარს შეადგენს და ის სრულად ბანკმა დააფინანსა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსი ნიკოლაიშვილმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, სავაგონო პარკის ოპერირება რამდენიმე თვეა, რაც დაიწყო. გადაწყვეტილების მიზეზი კი, რეგიონში არსებული ვაგონების დეფიციტი გახდა, რაც ბათუმის ტერმინალში ტვირთის მოწოდების შეფერხების რისკებს აჩენდა. „ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში ეს არის პრეცედენტი, როდესაც კერძო კომპანიამ შეიძინა სავაგონო პარკი, ამ მოცულობის ინვესტიცია განახორციელა და დღეს თავად ფლობს მას. ფაქტობრივად, რამდენიმე თვეა, რაც ამ პარკის ოპერირება დავიწყეთ. შევიძინეთ 100 ერთეული ხოპერ ვაგონი, რომლებსაც კარბამიდის გადასაზიდად ვიყენებთ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვფლობთ ტერმინალს ბათუმში და ლოგისტიკურ მომსახურებას ვუწევთ თურქმენეთიდან, აზერბაიჯანიდან და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან ბათუმის მიმართულებით მომავალ ტვირთებს. როდესაც შევამჩნიეთ, რომ რეგიონში ვაგონების დეფიციტი იყო რასაც შესაძლოა, ბათუმის ტერმინალში ტვირთის მოწოდების შეფერხება გამოეწვია, გადავწყვიტეთ, საკუთარ სავაგონო პარკზე გვეზრუნა და „თიბისისთან“ დავიწყეთ თანამშრომლობა. დღეს უკვე ვფლობთ 100 ვაგონს, რომლებსაც არსებული ტვირთის ბათუმის ტერმინალში გადმოსაზიდად ვიყენებთ, რაც დღევანდელ მდგომარეობას, ვაგონების დეფიციტის კუთხით საგრძნობლად გვიმსუბუქებს. ჯამში, დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე ჩვენი უმთავრესი პარტნიორი, ამ ვაგონებთან დაკავშირებით, არის აზერბაიჯანული კომპანია SOCAR, რომლის ექსკლუზიური გადამზიდავებიც ვართ. შესაბამისად, ვცდილობთ, ეს პარტნიორული ურთიერთობები უფრო გავამყაროთ და მათ სხვადასხვა სერვისს ვთავაზობთ. ამჟამად მათი ტვირთი ჩვენივე ვაგონებით მოგვაქვს, ჩვენსავე ტერმინალში ვასაწყობებთ, შემდგომ კი, უკვე მესამე ქვეყნებისკენ დანიშნულებისამებრ ვტვირთავთ. აქ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი ის არის, რომ რეგიონში არსებული მოძველებული ტიპის ვაგონებისგან განსხვავებით, რომლებითაც აქამდე ვმუშაობდით, ეს ახალი ვაგონები დაახლოებით 10 ტონით მეტი ტვირთის გადაზიდვის საშუალებას გვაძლევს," - განაცხადა ალექსი ნიკოლაიშვილმა. Zet Trans Group სამომავლო გეგმებს ანაკლიის პორტის პროექტსა და „შუა დერეფნის“ განვითარებას უკავშირებს. ალექსი ნიკოლაიშვილის განცხადებით, მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტი სწორედ რეგიონში მზარდ სატრანზიტო პოტენციალს უკავშირდება. მისი განმარტებით, „შუა დერეფნის“ კორიდორში არსებულმა რეალურმა დეფიციტმა, რასაც შესაძლოა ტვირთების უწყვეტობის შეფერხება გამოეწვია, კომპანიას საკუთარი სავაგონო პარკის შექმნისკენ უბიძგა. „თიბისისთან“ ერთად პროექტზე მუშაობა 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყო, მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი ვაგონები უკვე საქართველოში შემოვიდა და აპრილიდან ოპერირებაც დაიწყო. ახალი ვაგონები აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე თვეში დაახლოებით 4 ბრუნს ასწრებს, რაც თვის ჭრილში 20 000-დან 30 000 ტონამდე ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფს. კომპანიაში გეგმავენ, რომ ეს მოცულობები კიდევ გაზარდონ. „როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ ინტერესი და განხილვები უპრეცედენტოდ არის გაზრდილი. სახელმწიფოს მიდგომაც ნათელია, ჩვენც კარგად ვაცნობიერებთ ამას და გვსურს, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ პროცესებს, რადგან გვესმის, თუ რას ნიშნავს ანაკლიის პორტი სტრატეგიულად ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და ზოგადად, ბიზნესისთვის. ამგვარი პროექტებისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი ასეთი ფორმა სავაგონო პარკის შექმნა, მისი გაფართოება და რაც მთავარია, მაღალხარისხიანი ვაგონებით უზრუნველყოფაა, რადგან დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ სერვისს და მის ხარისხს ენიჭება. ვფიქრობთ, რომ ამ პროცესს უკვე ვიწყებთ. გვინდა, მაქსიმალურად მომზადებულები დავხვდეთ ანაკლიის პროექტს. სწორედ „შუა დერეფნის“ პროექტმა გაგვიჩინა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა შეგვექმნა დამატებითი სავაგონო პარკი საკუთრებაში. ეს გამოწვეული იყო ბაზარზე არსებული რეალური დეფიციტით, რაც მომავალში ხელს შეუშლიდა ტვირთების უწყვეტ გადაზიდვას ჩვენი ტერმინალის მიმართულებით. ამ პროექტზე მუშაობა „თიბისისთან“ ერთად 2025 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ. მოვახერხეთ, რომ გაზაფხულზე ვაგონები უკვე საქართველოში მივიღეთ. ეს ვაგონები თვის ჭრილში აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე დაახლოებით ოთხ ბრუნს ასწრებს, რაც მოცულობებით თვეში 30 000 ტონამდე ტვირთს შეადგენს. ეს ნამდვილად კარგი შედეგია," - ამბობს Zet Trans-ის დამფუძნებელი.
აშშ შუა დერეფანში ვაჭრობის გაძლიერების შესახებ აცხადებს
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) PACE ჯგუფთან 25 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ფოთის ახალ საზღვაო პორტში მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას ისახავს მიზნად. „ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს გრძელვადიანი პარტნიორობის ისტორიაში, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. წლების განმავლობაში, ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ ვმუშაობთ უკეთესი მომავლისა და ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ამ თანამშრომლობამ, მაგალითად, საგრძნობლად გააძლიერა საქართველოს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი საზღვრები, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და პორტების გაუმჯობესების კუთხით. ასევე, სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რამ რეგიონისთვის. ისეთ ინიციატივებს, როგორიც არის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი, შეუძლია, კიდევ უფრო განამტკიცოს რეგიონული კავშირები. ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრით, საქონლისა და მომსახურების ეფექტური გადაადგილების ხელშეწყობით ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ დერეფნის ქვეყნების ეკონომიკა და ამავდროულად, განვამტკიცოთ რეგიონული სტაბილურობა. ჩვენ ასევე აქტიურად ვუჭერთ მხარს კერძო სექტორის მიერ წარმართულ ინიციატივებს, რომლებიც შუა დერეფნის განვითარებისთვის გრძელვადიან და მდგრად გადაწყვეტილებებს ქმნიან. მაგალითად, გასულ წელს, ჩვენ ვმასპინძლობდით ამერიკული კომპანიების სავაჭრო მისიას, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში, ენერგეტიკის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის შესაძლებლობების განხილვას ისახავდა მიზნად. ამერიკის მთავრობამ ასეთი ინიციატივების მხარდასაჭერად საკუთარი ფინანსური რესურსები მიმართა. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მეშვეობით შუა დერეფანში განხორციელებული ამერიკული ინიციატივების დიდ გავლენას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, განვითარების კორპორაციამ საქართველოში კერძო სექტორში 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის ფოთშიც, სადაც ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ DFC-ის მიერ დაფინანსებული $50-მილიონიანი პროექტის შედეგებს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში. დღეს მოხარული ვართ, აღვნიშნოთ ამ კორპორაციის მიერ დამატებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის გამოყოფა, რაც შუა დერეფნის ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე მუშაობის გაგრძელებას მოემსახურება," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. ცნობისთვის, DFC, აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი ინვესტიციებს ახორციელებს პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს პარტნიორ ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას და ამავდროულად, სტრატეგიული ეკონომიკური ინტერესების წინ წაწევას.
უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ლაზიზ კუდრატოვი, ტრანსპორტის მინისტრი ილხომ მახკამოვი Wondernet-ს ეწვივნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ლაზიზ კუდრატოვი, ტრანსპორტის მინისტრი — ილხომ მახკამოვი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე Wondernet-ს ეწვიენ. სტუმრებმა სასუქების ტერმინალი დაათვალიერეს და მის სამუშაო პროცესს გაეცნენ. ცნობისთვის, 2021 წლის 11 ივნისს, ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ბაზართან აკავშირებს. ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორია ამერიკული გიგანტი Trammo, რომლის მიერ განხორციელებული პროექტიც აჭარაში პირველ მსხვილ ამერიკულ პირდაპირ ინვესტიციას წარმოადგენს. მინერალური სასუქების მულტიმოდალური ტერმინალი წარმოადგენს სტრატეგიული ლოგისტიკური კვანძია, რომელიც შუა დერეფნის (Middle Corridor) სატრანზიტო მარშრუტის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ტერმინალი წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის მინერალური სასუქების მულტიმოდალური ტერმინალი არის უმსხვილესი პროექტი, რომელიც აშშ-ის, უზბეკეთისა და საქართველოს პარტნიორობის სიმბიოზია.
საქართველოსა და არგენტინას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. დოკუმენტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და არგენტინის ტრანსპორტის მდივანმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, მხარეებს უფლება ექნებათ, დანიშნონ ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების შესასრულებლად, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან, განახორციელონ რეისები საქართველოსა და არგენტინის ნებისმიერ პუნქტს შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. „მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ავიაკომპანიების მიერ ზიარი კოდის (საჰაერო ხაზების ერთობლივი გამოყენების) შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას როგორც ერთმანეთთან, ისე მესამე მხარის ავიაგადამყვანებთან. გრძელ დისტანციებზე ფრენების სპეციფიკიდან გამომდინარე, ზიარი კოდის აღნიშნული მოდელი მხარეთა ავიაკომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, პირდაპირი რეისების გარეშე, პარტნიორი (ტრანზიტული) ავიაგადამყვანების მეშვეობით შესთავაზონ მგზავრებს მოქნილი ფრენები და ერთიანი ავიაბილეთები ორ ქვეყანას შორის. საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი პასუხობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც საჰაერო ტრანსპორტის გლობალურ ლიბერალიზაციას, ბაზრების გახსნასა და ქვეყნებს შორის გეოგრაფიული დაკავშირებადობის გაზრდას ითვალისწინებს. მსგავსი მემორანდუმების გაფორმება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შექმნას მოქნილი სამართლებრივი ბაზა შორეული რეგიონების ბაზრებზე პოზიციონირებისა და სამომავლო ეკონომიკური თუ ტურისტული კავშირების გაღრმავებისთვის,“ – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის მეშვეობით, ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ყასიმ ჟომართ თოყაევის თქმით, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების საფუძვლად რჩება. გლობალური არასტაბილურობის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას შემდგომი ზრდის პოტენციალი აქვს. თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთმა საქართველოს ეკონომიკაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო და ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად რჩება. მან ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტი ყაზახეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს. ყაზახეთის პრეზიდენტი სტრატეგიული პარტნიორობის სამომავლო განვითარებისთვის „საგზაო რუკის“ მომზადების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მისი თქმით, ორიენტირებული იქნება ენერგეტიკაზე, ინვესტიციებზე, სატრანსპორტო კავშირზე, სოფლის მეურნეობაზე, დიგიტალიზაციაზე, ტურიზმსა და სხვა პერსპექტიულ სფეროებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარებას. პროექტის ძირითადი მონაწილეები, ყაზახეთი და საქართველო თანმიმდევრული ზომების მიღებას გეგმავენ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების, კონტეინერების ტრანსპორტირების გაფართოების, სატარიფო პოლიტიკის კოორდინაციისა და დიგიტალიზაციის დაჩქარების მიზნით. აღინიშნა, რომ TITR-ის გასწვრივ სატრანზიტო მოძრაობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 3.5-ჯერ გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ მარშრუტზე მოძრავი კონტეინერების მატარებლების რაოდენობა 2029 წლისთვის 3000-ს მიაღწევს. ბატომის პორტის გარდა, ყაზახეთი დაინტერესებულია საქართველოს სხვა პორტის ზონებშიც თავისი ყოფნის გაფართოებით. კერძოდ, გასულ წელს ფოთში ყაზახი ინვესტორების მონაწილეობით ახალი მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა. ამასთან, ანაკლიის პორტი პერსპექტიული პროექტად შეფასდა, რომელიც რეგიონთაშორის კავშირების გააძლიერებს. საქართველომ და ყაზახეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: ვქმნით სტრატეგიულ სარკინიგზო დერეფანს, რომელიც თურქეთს კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ურალოღლუ აცხადებს, რომ სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის ჩქაროსნული რკინიგზის პროექტის შედეგად, მთლიანად შავი ზღვის სანაპირო ქალაქები ერთიან სწრაფ სარკინიგზო ქსელში გაერთიანდებიან. ტრაპიზონსა და სამსუნს შორის მგზავრობის დრო კი, 2 საათამდე შემცირდება. „ჩვენ სამსუნიდან დაწყებული ორდუს, გირესუნს, ტრაბზონს, რიზესა და ართვინს — ყველა ჩვენს ქალაქს ერთმანეთთან დავაკავშირებთ,“ - აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. აბდულკადირ ურალოღლუმ შავიზღვისპირეთში მასშტაბური სარკინიგზო პროექტის მშენებლობაზე ჯერ კიდევ თებერვალში ისაუბრა. ურალოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის რკინიგზის პროექტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს შავი ზღვის სანაპირო პროვინციებსა და ქალაქებს შორის ტრანსპორტირებას. პროექტი შექმნის სტრატეგიულ სარკინიგზო დერეფანს, რომელიც თურქეთს კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს. „ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს რეგიონში როგორც სამგზავრო, ასევე, სატვირთო გადაზიდვებში. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება არსებული საგზაო მოძრაობის საცობები,“ - განაცხადა ურალოღლუმ. ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ აღნიშნა, რომ ამ ხაზის მეშვეობით შავი ზღვის სარკინიგზო ქსელი შიდა რეგიონებთან (ჰინტერლანდთან) იქნება დაკავშირებული და საერთაშორისო სარკინიგზო ქსელში ინტეგრირდება. ურალოღლუმ ასევე განაცხადა, რომ ერზინჯან–ტრაბზონის სარკინიგზო პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თურქეთის ინტეგრაციაში საერთაშორისო სარკინიგზო ქსელებთან, რომლებიც ცნობილია სახელწოდებით — „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ და „შუა დერეფანი.“ „სარკინიგზო ხაზის სიგრძე 513 კილომეტრი იქნება. პროექტი მოიცავს 14 სადგურის მშენებლობას. ყოველწლიურად, 12 მილიონი მგზავრისა და 14 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის.
ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერია
ამერიკელი მილიარდერი, კომპანიების Tesla-ს, Space X-ის და სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერია. მასკი კიდევ ხუთი კომპანიის თანადამფუძნებელია, მათ შორისაა გვირაბების გაყვანის სტარტაპ „ბორინგ ქომფანი“ და ტვინის იმპლანტების მწარმოებელი „ნეურალინკი.“ Reuters-ის გამოთვლებით, მისი წმინდა ქონება 12 ივნისს აქციებით ვაჭრობის დაწყებისას 1.1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს მაჩვენებელი მოიცავს აქციებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მფლობელობაში გადავა. მასკის ქონების უმეტესი ნაწილი ამჟამად Space X-შია მობილიზებული, სადაც დაახლოებით 866 მილიარდი დოლარის ღირებულების წილი ეკუთვნის. 54 წლის მასკი სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში დაიბადა, კანადელი დედისა და სამხრეთ აფრიკელი მამის ოჯახში. სწავლობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც 1997 წელს დაამთავრა. ცნობისთვის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების საწყისი საჯარო შეთავაზება (IPO) განახორციელა. IPO-ს ფარგლებში ბირჟაზე გაიტანეს 555,6 მილიონი ჩვეულებრივი აქცია თითო 135 დოლარად. IPO-ს შემდეგ SpaceX-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1,77 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. Reuters-ის ცნობით, SpaceX-ის IPO უდიდესია მსოფლიო ისტორიაში. წინა რეკორდი ეკუთვნოდა საუდის არაბეთის ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს, რომელიც 2019 წელს გავიდა ბირჟაზე.
მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი საგზაო რუკას ქმნიან
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის დასაჩქარებლად საგზაო რუკა მომზადდება. „სტამბოლში ჩავატარეთ მესამე მინისტერიალი „აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ შესახებ. შევთანხმდით, რომ მოვამზადოთ საგზაო რუკა, რომელიც დააჩქარებს პროექტის განხორციელებას. ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც მწვანე ენერგეტიკულ კავშირებს ეფუძნება,“ - წერს შაჰბაზოვი X-ზე.
შუა დერეფანი: WB-მა $372 მლნ-ის დაფინანსება დაამტკიცა საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა 372 მლნ. აშშ დოლარის დაფინანსება ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის (TC-GATE), რომლის მიზანია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული და სავაჭრო გზის საქართველოს მონაკვეთის ეფექტიანობის და მედეგობის ამაღლება. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. WB-ის შეფასებით, ინვესტიციები საქართველოს სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურაში გააუმჯობესებს დაკავშირებადობას ევროპასა და აზიას შორის, და დერეფნის გასწვრივ ადამიანებისა და ბიზნესებისთვის ეკონომიკურ შესაძლებლობებს გახსნის. მსოფლიოს ბანკის ინფორმაციით, ეს პროექტი დააფინანსებს ქვეყანაში სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრის ზრდას, ძირითადი საგზაო მონაკვეთების მოდერნიზაციას და ასევე, სარკინიგზო და საგზაო უწყებების მიზნობრივ რეფორმებს, რითაც დერეფანში არსებულ ინფრასტრუქტურულ შეფერხებებს შეამსუბუქებს. TC-GATE პროექტი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებით, კომპანიების, ფერმერებისა და საზოგადოებისთვის ბაზრებთან წვდომის გამარტივებით და ლოგისტიკური ხარჯების შემცირებით დაახლოებით 900 000 მომხმარებელს პირდაპირ სარგებელს მოუტანს და ხელს შეუწყობს დერეფნის გასწვრივ სამუშაო ადგილების შექმნას ლოგისტიკის, ტრანსპორტის, აგრობიზნესისა და დაკავშირებული სერვისების სფეროებში. „აღნიშნული ინვესტიციები საქართველოს დაეხმარება თავისი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კრიტიკული სატრანზიტო ჰაბის სრული პოტენციალის რეალიზებაში, და ამავდროულად უპასუხებს მზარდ მოთხოვნას ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანზე, რაც განპირობებულია გლობალური სავაჭრო ნაკადების განვითარებითა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების საჭიროებით“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სარკინიგზო და საგზაო კავშირების მოდერნიზების და მათი მმართველი უწყებების გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერით მსოფლიო ბანკის ჯგუფი, განვითარების პარტნიორებთან ერთად, ეხმარება საქართველოს და დერეფნის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნებს, შექმნან ხელშესახები სარგებელი მოქალაქეებისთვის, უკეთესი სატრანსპორტო კავშირების, უფრო უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის, მეტი სამუშაო ადგილებისა და უფრო ძლიერი ეკონომიკური შესაძლებლობების გზით. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, მასშტაბური TC-GATE პროექტის საერთო ღირებულება 750 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ფინანსდება, ხოლო დანარჩენი ნაწილის თანადაფინანსებას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) და აზიის განვითარების ბანკი (ADB) განახორციელებენ. აღნიშნული მიუთითებს ძლიერ მრავალმხრივ მხარდაჭერაზე როგორც საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერების ამბიციის, ისე, ზოგადად, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართ. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, TC-GATE პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სარკინიგზო სერვისების მოდერნიზაციას ახალი, ენერგოეფექტური ელექტროლოკომოტივების დაფინანსებით, რომლებიც ჩაანაცვლებს მოძველებულ პარკს და გააძლიერებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ოპერაციულ ეფექტიანობას, ფინანსურ მდგრადობას და მართვას. ეს განახლებები გააუმჯობესებს ლოკომოტივების ხელმისაწვდომობას 95%-მდე, გადამზიდავებისთვის აამაღლებს მომსახურების საიმედოობას და გაზრდის შემოსავლებს 20%-ით; ასევე ხელს შეუწყობს სარკინიგზო აქტივების საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში გამონაბოლქვის წმინდა შემცირებას 2.3 მილიონი ტონით. „საგზაო დაკავშირებადობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, პროექტი დააფინანსებს ავტომაგისტრალის ორი ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას საქართველოს სტრატეგიულ დერეფანსა და სასოფლო-სამეურნეო რეგიონში – კახეთში, კერძოდ, ბადიაური-ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთებს, ისევე როგორც გურჯაანისა და თელავის დამაკავშირებელ გზას. აღნიშნული დაახლოებით 43 წუთით შეამცირებს მგზავრობის დროს თელავსა და ფოთის საზღვაო პორტს შორის და აამაღლებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს. კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ამაღლების სტანდარტების გათვალისწინებით, საგზაო სამუშაოებში გამოყენებული იქნება ღონისძიებები, რაც შეამცირებს წყალდიდობითა და მეწყრული პროცესებით გამოწვეულ შეფერხებებს, რითაც გაზრდის წლის განმავლობაში ადამიანებისა და ტვირთებისთვის ბაზრებზე წვდომის საიმედოობას. პროექტი, საქართველოს საგზაო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, ხელს შეუწყობს საგზაო აქტივების მართვის გაციფროვნებას და ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების გამოყენებას, ავტომაგისტრალების კონტროლის ეროვნული ცენტრის (NHCC) შექმნით, კლიმატისადმი მედეგი სისტემების დანერგვით და გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობის მხარდაჭერით. TC-GATE პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას კახეთის რეგიონში და, ასევე, დააფინანსებს ანალიტიკურ კვლევებს გზების მართვაში კერძო სექტორის ჩართულობის მეტი შესაძლებლობების შესახებ,“ – წერია ინფორმაციაში.
ჩინეთი და ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით, ევროპასთან ტვირთბრუნვის გაზრდას გეგმავენ — უკრაინის დაზვერვა
ჩინეთი და ყაზახეთი აჩქარებენ რუსეთის გვერდის ავლით ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, თუ გეგმები განხორციელდება, მოსკოვმა შესაძლოა, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობიდან მიღებული ტრანზიტული შემოსავლებიდან მილიარდობით დოლარი დაკარგოს. პეკინი მომდევნო წლებში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით [შუა დერეფანი], ევროპაში ტვირთების ნაკადის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. მარშრუტი გადის ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე, ეს მარშრუტი რუსეთს უვლის გვერდს. ანალიტიკოსების შეფასებით, როგორც კი მარშრუტი სრულ დატვირთვას მიაღწევს, რუსეთმა შეიძლება, მრავალმილიარდიანი ზარალი ნახოს. „ამ დერეფნის გასწვრივ ლოგისტიკა უფრო რთულად ითვლება, ვიდრე რუსეთის გავლით ტრანზიტი, რადგან ის სარკინიგზო ტრანსპორტს, პორტის ინფრასტრუქტურას, ბორნების გადასასვლელებს და რამდენიმე ქვეყანას შორის რთულ საბაჟო პროცედურებს აერთიანებს, მაგრამ პეკინი და ასტანა აქტიურად ავითარებენ ამ პროექტს,“ – აცხადებენ დაზვერვის სამსახურში და აღნიშნავენ, რომ გეგმების განსახორციელებლად ყაზახეთის რკინიგზა 2030 წლისთვის დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს რკინიგზის, პორტისა და ტერმინალის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში. „2026 წელს დაგეგმილია 900 კმ ახალი ლიანდაგის აშენება. კერძოდ, დაახლოებით 300 კმ აიაგოზ-ბახტის მონაკვეთზე, რომელიც შექმნის მესამე რკინიგზის გადასასვლელს ჩინეთთან საზღვარზე. ეს გაზრდის მარშრუტის გამტარუნარიანობას 55 მილიონიდან 100 მილიონ ტონამდე წელიწადში 2030 წლისთვის. წყლით გადაადგილების შეფერხებების აღმოსაფხვრელად ყაზახეთის რკინიგზა 100 მილიონ დოლარზე მეტს ჩადებს ექვს ახალ სატვირთო გემში აქტაუს, კურიკისა და ბაქოს პორტებს შორის მომსახურებისთვის,“ – აცხადებს უკრაინის დაზვერვა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების ასოციაციის მონაცემებით, დერეფანში ტრანსპორტირების მოცულობამ 2023 წელს – 2.76 მილიონი ტონა, 2024 წელს – 4.48 მილიონი ტონა და 2025 წელს 4.12 მილიონი ტონა შეადგინა.
მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა წელს დაიწყება
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი-ბულგარეთის ენერგეტიკული დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლა წელს დაიწყება. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კირილ ტემელკოვმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ პროექტი, რომელიც 2024 წელს აზერბაიჯანისა და ბულგარეთის პრეზიდენტების ილჰამ ალიევისა და რუმენ რადევის მიერ დაინიცირდა, ორ რეგიონს შორის განახლებადი ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს გააფართოებს. „ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მის განხორციელებაზე და ვგეგმავთ, რომ წელს დავიწყოთ წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება ჩვენს პარტნიორებთან აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და საქართველოდან,“ - განაცხადა ტელკოვმა. ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს, რითაც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტი დაიწყო. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი საგზაო რუკას ქმნიან
ყაზახეთი და თურქეთი შუა დერეფანს ერთობლივი პროექტებით განავითარებენ
ყაზახეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ შუა დერეფნის პოტენციალი რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელებით გააძლიერონ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ასტანაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენს ქვეყნებს შეიძლება, ვუწოდოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მტკიცედ დამაკავშირებელი ხიდი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს საერთო უპირატესობა. ამიტომ, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად შევთანხმდით, რომ გავზარდოთ შუა დერეფნის პოტენციალი რამდენიმე პროექტის განხორციელებით. მე მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება ორივე ერის ინტერესებს,“ - აღნიშნა თოყაევმა. ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, საჰაერო ტრანსპორტი და ტვირთების გადაზიდვა თანამშრომლობის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებად რჩება. მანვე აღნიშნა, რომ TAV Airports Holding გეგმავს ალმატის საერთაშორისო აეროპორტის ცენტრალური აზიის ლოჯისტიკურ ცენტრად გადაქცევას. „ჩვენ მზად ვართ, ამ პროექტს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა გავუწიოთ. ასევე, ველით თურქ ინვესტორებთან მჭიდრო თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში სხვა ინიციატივების განსახორციელებლად. ყაზახეთის მთავრობა მზადაა, თურქულ ბიზნესს განსაკუთრებული შეღავათები შესთავაზოს,“ - განმარტა თოყაევმა. ცნობისთვის, შუა დერეფანი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის რამდენიმე ქვეყნის გავლით აკავშირებს. ის ტრადიციული ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადის ცენტრალურ აზიაში, კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და აღწევს ევროპას, რაც უფრო მოკლე სახმელეთო ალტერნატივას წარმოადგენს უფრო გრძელი საზღვაო მარშრუტებისთვის. ერდოღანი ყაზახეთში: ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობა ყოველდღიურად უფრო გასაგები ხდება
საქართველომ და აზერბაიჯანმა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში შეთანხმებებს მოაწერეს ხელი
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიანი მთავრობათაშორისი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ხელმოწერილი პაკეტის თანახმად, ორი ქვეყანა 20-წლიან პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე შეთანხმდა, რომლებიც 2027 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. მთავრობათაშორისი შეთანხმებების პაკეტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს. ამასთან, აზერბაიჯანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალი შეთანხმება გაფორმდა. კერძოდ, ხელი მოეწერა აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვაზე 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, „სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.“ „სტრატეგიული თვალსაზრისით, მიღწეული ისტორიული შეთანხმებები გააძლიერებს საქართველო - აზერბაიჯანის ეკონომიკურ კავშირებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში. პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს პოზიციებს, როგორც ელექტროენერგიის ძირითადი სატრანზიტო ქვეყნისა და მწვანე ენერგეტიკული ჰაბის საერთაშორისო დონეზე. საქართველოს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, აზერბაიჯანი შეძლებს თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის რეგულარულ და მასშტაბურ ტრანზიტს, რაც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ფართო რეგიონულ კონტექსტში კიდევ უფრო ზრდის. აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ასევე ხელი მოეწერა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და ტრანზიტის გადახრების შეთანხმებების ძირითად პირობებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის. ასევე გაფორმდა ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურების შეთანხმების ძირითადი პირობები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის,“ - წერია ეკონომიკის სამინისტროსმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე, ბაქოში გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა. გაფორმებული დოკუმენტი მოიცავს მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე (კარწახი) რკინიგზის მონაკვეთის რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას და მშენებლობას. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება. მიმოსვლა 2020 წლიდან,პანდემიის დაწყებიდან იყო შეჩერებული. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ. ცნობისთვის, 18 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. აზერბაიჯანი „მსოფლიო ურბანულ ფორუმს“ მასპინძლობს.
ანაკლია შესაძლებელია, შავი ზღვის საკვანძო საკონტეინერო ჰაბად ჩამოყალიბდეს, რაც შუა დერეფნის მნიშვნელობას გაზრდის — აზერბაიჯანის რკინიგზა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება შესაძლოა, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შავი ზღვისა და შუა დერეფნის უფრო ფართო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ტრანსფორმაციულ ლოგისტიკურ პროექტად იქცეს Trend-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის მარკეტინგისა და სატარიფო პოლიტიკის დეპარტამენტის მარკეტინგის განყოფილების უფროსის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს. მისივე შეფასებით, ევრაზიის სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციის გაგრძელების პარალელურად, ანაკლიას აქვს პოტენციალი, გააძლიეროს სტრატეგიული კავშირი ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, კასპიის რეგიონს, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის. „ანაკლიას საბოლოოდ შეუძლია, უშუალოდ მოემსახუროს უფრო დიდ კონტეინერმზიდ გემებს, როცა შავი ზღვის მრავალი რეგიონული პორტი კვლავ შეზღუდვების წინაშე დგას. ეს ქმნის პოტენციურ სარგებელს, როგორიცაა, კონტეინერების დამუშავების ეფექტიანობის გაზრდა, გადაზიდვების სისტემებზე დამოკიდებულების შემცირება, შავი ზღვა-ევროპის ტვირთების უფრო სწრაფი ინტეგრაცია, რკინიგზასა და საზღვაო ტრანსპორტს შორის მულტიმოდალური კოორდინაციის გაუმჯობესება და რეგიონული მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაზრდა. შუა დერეფნის პერსპექტივიდან, ანაკლია არ არის უბრალოდ კიდევ ერთი პორტის პროექტი; ის შეიძლება, გახდეს სტრატეგიული დამაბალანსებელი კვანძი აღმოსავლეთ-დასავლეთის ტვირთების მოცულობის ზრდისთვის, რადგან ტრანსკასპიური დერეფნის გავლით ტვირთბრუნვა აგრძელებს ზრდას და პორტების, რკინიგზისა და საბაჟო სისტემების ინფრასტრუქტურული ზეწოლა გარდაუვლად გაიზრდება. ამ გარემოში, შავი ზღვის მხარეს, დამატებითი საზღვაო სიმძლავრე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხდება,“ - აღნიშნა მამედოვმა. მისი თქმით, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, კასპიის მიმწოდებელ ოპერაციებს, საქართველოს მოდერნიზებული რკინიგზისა და ციფრული საბაჟო ინტეგრაციის სისტემებს შორის სამომავლო სინქრონიზაციამ შეიძლება, მნიშვნელოვნად გააძლიეროს შუა დერეფნის ოპერატიული კონკურენტუნარიანობა. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გეოპოლიტიკური დივერსიფიკაცია. გლობალური მიწოდების ჯაჭვები სულ უფრო მეტად მიმართავენ ალტერნატიულ სავაჭრო დერეფნებს, ამცირებენ ერთმარშრუტიან ლოგისტიკაზე დამოკიდებულებას, იყენებენ მოქნილ მულტიმოდალურ სატრანსპორტო მოდელებს და ეძებენ უფრო სწრაფ ევრაზიულ სატრანზიტო გადაწყვეტილებებს. ეს ტენდენცია განსაზღვრავს სამხრეთ კავკასიის გრძელვადიან სტრატეგიულ მნიშვნელობას. ჩემი აზრით, რეგიონულ ლოგისტიკურ არქიტექტურაში ეფექტიანი ინტეგრაციით, ანაკლია შეიძლება, გახდეს შავი ზღვის უდიდესი საკონტეინერო ჰაბი, ასევე, სპარსეთის ყურის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირის ზრდის ძირითადი ინფრასტრუქტურული საყრდენი,“ - აღნიშნა მამედოვმა. მისი შეფასებით, უფრო ფართო კონტექსტში, ანაკლიის მომავალი როლი შეიძლება, გაცილებით გასცდეს მხოლოდ სატრანსპორტო ფუნქციას: „პროექტს აქვს პოტენციალი, შეცვალოს რეგიონული სავაჭრო ლანდშაფტი, გააძლიეროს სატრანზიტო ეკონომიკა და გაზარდოს შუა დერეფნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ევრაზიის კონტინენტზე.“ ცნობისთვის, შუა დერეფანი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის რამდენიმე ქვეყნის გავლით აკავშირებს. ის ტრადიციული ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადის ცენტრალურ აზიაში, კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და აღწევს ევროპას, რაც უფრო მოკლე სახმელეთო ალტერნატივას წარმოადგენს უფრო გრძელი საზღვაო მარშრუტებისთვის. ევროკომისიის კვლევა: ანაკლიას შეუძლია, საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოოს და შუა დერეფნის განვითარებას ხელი შეუწყოს
საქართველო და სომხეთი საზღვრისპირა სარკინიგზო მომსახურების გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ
„სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ კომპანიების წარმომადგენლებს შორის ერევანში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მგზავრთა გადაყვანის საკითხზე რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს. „კერძოდ, მიღებულია გადაწყვეტილება 2026 წლის ზაფხულის სეზონზე ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით ექსპრეს მატარებლის გაშვების შესახებ. მხარეებმა დაამტკიცეს მატარებლის განრიგი 2026 წლის 14 ივნისიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდისთვის, რომელიც დღეგამოშვებით იმოძრავებს. ასევე შეთანხმდნენ ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლაზე, რათა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მატარებლის დგომის დრო შემცირდეს,“ - იტყობინება „არმენპრესი“ კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზაზე“ დაყრდნობით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ჩეხური კომპანია „Gepard Express“-ის დაკვეთით 4-12 ივლისის პერიოდში ერევანი-ბათუმი-ერევნის ტურისტული რეისის განხორციელებაზე. დაგეგმილია ძირითადად ჩეხეთიდან ჩამოსული ტურისტების ჯგუფის გადაყვანა „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ვაგონებში განთავსებით; მგზავრობისას გათვალისწინებულია გაჩერებები, რომელთა დროსაც, ტურისტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სომხეთისა და საქართველოს ღირსშესანიშნაობებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პირველი მსგავსი რეისი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ წარმატებით 2025 წელს განახორციელა.
ჰორმუზის სრუტის ბლოკირების შემდეგ, იაპონიაში აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის პირველი პარტია შევიდა
აზერბაიჯანიდან — ცენტრალური აზიის ალტერნატიული მომარაგების წყაროდან — ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერი სამშაბათს, 13 მაისს, იაპონიაში, იოკოჰამაში ჩავიდა. ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით, ეს არის ნედლი ნავთობის პირველი პარტია, რომელიც ცენტრალური აზიიდანარის იმპორტირებული ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკირების შემდეგ. ნავთობის მსხვილმა საბითუმო მოვაჭრე Eneos Corp.-მა შეიძინა პარტია, რომელიც იოკოჰამაში, ნეგიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მიიღეს. ტვირთის მოცულობა დაახლოებით 45,000 კილოლიტრი იყო, რაც იაპონიის მოხმარების დაახლოებით 0.16 დღის ექვივალენტურია. თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის კონფლიქტის დაწყებამდე, იაპონია ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 95%-ს ახლო აღმოსავლეთიდან იღებდა. თუმცა, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობაზე საპასუხო შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ეს გადაზიდვები, რამაც იაპონია აიძულა, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია მოეხდინა.
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე შეზღუდვები მოხსნა
თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შესახებ განაცხადა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2026 წლის 11 მაისის მდგომარეობით, ყველა საჭირო ბიუროკრატიული პროცედურა დასრულებულია. ამდენად, ათწლეულების შემდეგ პირველად, თურქეთი სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობას იწყებს. ორ ქვეყანას შორის საერთო საზღვრის გახსნის ტექნიკური და ბიუროკრატიული სამუშაო კი, გრძელდება. თავის მხრივ, ერევანი „მიესალმება თურქეთის გადაწყვეტილებას სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაში ბარიერების მოხსნის შესახებ, რაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის კიდევ ერთი შედეგია.“ „ეს გადაწყვეტილება აუცილებელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ბიზნესკავშირების გაფართოების, რეგიონში ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობის და მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის სრული და ნორმალური ურთიერთობების განვითარებისკენ, რომელიც ლოგიკურად შეიძლება გაგრძელდეს სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნით და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით,“ – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში. ახალი რეგულაციების თანახმად, თურქეთიდან სომხეთში, მესამე ქვეყნების გავლით, საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილად ან წარმოშობის ქვეყნად, შეიძლება, მითითებული იყოს სომხეთი ან თურქეთი. ანკარამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თურქეთი გააგრძელებს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას რეგიონის ყველა ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ.“ ცნობისთვის, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი თავდაპირველად 1993 წელს, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს ჩაკეტა.
ყაზახეთი 2027 წლისთვის, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს
ყაზახეთი რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის სრულად შეწყვეტას მომავალი წლიდან გეგმავს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ სუნგატ იესიმხანოვმა განაცხადა. სამინისტროს ცნობით, მეზობელ ქვეყანაზე დამოკიდებულება სტაბილურად მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს რუსეთის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვების მოცულობამ 2.1 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 1.5 მილიარდამდე შემცირდა და წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, 1.2 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ის ადგილობრივი წარმოების განვითარებაზეა ორიენტირებული. გასულ წელს ადგილობრივი ელექტროსადგურების მიერ 117 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი გამოიმუშავეს და ეს მაჩვენებელი 2026 წელსაც გააგრძელებს ზრდას. ენერგეტიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ახალი სიმძლავრეების გაშვება არამხოლოდ სრულად დაფარავს შიდა მოთხოვნას, არამედ, მთლიანად აღმოფხვრის იმპორტირებულ მარაგებს.
ალიევი: აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში შევიდა
ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში, გერმანიასა და ავსტრიაში შევიდა. შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელ კაია კალსთან შეხვედრის დროს გააკეთა. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და, ამავდროულად, ბაქო ყოველთვის იყო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა საუბრისას განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესი და ხაზი გაესვა აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო დღის წესრიგის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯები. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე დამყარებულია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. ამ მხრივ ითქვა, რომ ბაქომ ცალმხრივად მოხსნა შეზღუდვები სომხეთში სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მონაწილეობა „ევროპის პოლიტიკური კავშირის“ მე-8 სამიტში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერევანში ვიდეოკავშირის ფორმატში გაიმართა, ისტორიულ მოვლენად შეფასდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჟამად აზერბაიჯანისა და ევროკავშირის დღის წესრიგში დგას ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტის, განახლებადი ენერგიისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. საუბრის დროს დადებითად შეფასდა ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანის მიმართ განაღმვის სფეროში და აღინიშნა, რომ „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყება კარგ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონში კავშირების თვალსაზრისით. თავის მხრივ, კაია კალასმა ისაუბრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ერთობლივი განცხადების მიღების მნიშვნელობაზე და ამ დოკუმენტში აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათზე.