სამართალი

ბოლო ცხედრის პოვნის შემდეგ, ბათუმში სამძებრო სამუშაო ჩერდება. არსებობს საფრთხე, რომ შენობის ნაწილი ჩამოიშალოს

„9 ადამიანია გარდაცვლილი, უმძიმესი დღეა“, - უთხრა ბათუმში ჟურნალისტებს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მას შემდეგ, რაც ნანგრევებიდან ბოლო გარდაცვლილი ამოიყვანეს. მინისტრის თქმით, სამძებრო სამუშაო შეჩერდება. „მშენებლები ვარაუდობენ, რომ საფრთხე კიდევ არსებობს და შესაძლოა, კიდევ მოხდეს შენობის რაღაც ნაწილის ჩამოშლა. მშენებლები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს ფიტონების და ე.წ. სინკარების ჩამოხსნა და დაექვემდებარება თუ არა ის დემონტაჟს“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ვახტანგ გომელაურის თქმით, გარდაცვლილ ბავშვებს შორის, ერთი წლის და სამი თვის არის, მეორე 7 წლის, მესამე 12-ის. მისივე თქმით, ის ქუჩა, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, დაიკეტება, დემონტაჟის საკითხზე მოხდება მშენებლების შეკრება და შემდეგ ალბათ, რესტავრაცია. მაშველებმა ბათუმში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ეს ბოლო დაკარგული იყო, რომელსაც ეძებდნენ. სამაშველო ოპერაცია დღის 12 საათიდან მიმდინარეობდა. ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევას სულ 8 ადამიანი ემსხვერპლა. 26 მაისის ქუჩაზე, ბოლოს მაშველებმა კიდევ ორი ადამიანი, დედა-შვილი ამოასვენეს, მანამდე, სულ სამი ადამიანის ძებნა გრძელდებოდა. ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა წუხელ, სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს. ორი კაცი, ორი ბავშვი და ერთი ქალი. ინგა მეკეიძე, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ორ შვილთან ერთად მოჰყვა ნანგრევებში, კლინიკაში გარდაიცვალა. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა. ამავე თემაზე: მაშველებმა ბათუმში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

შსს კახეთში მომხდარი დანაშულის გახსნის შესახებ იუწყება: საცხოვრებელი სახლების ეზოებში ხელყუმბარები ააფეთქეს

კახეთის პოლიციამ სოფელ კაბალში აფეთქების ფაქტები გახსნა. დაკავებულია ორი პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ. ა. და 1989 წელს დაბადებული გ. მ. აფეთქების და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს და 4 ოქტომბერს, წარსულში არსებული ფინანსური დავის ნიადაგზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები თანასოფლელების - მ.ნ.-ის და ი.მ. - ის საცხოვრებელი სახლების ეზოებში ხელყუმბარები ააფეთქეს, რის შედეგადაც დაზიანდა ამ მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები. პოლიციამ ორივე ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხში დააკავა. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები მომხდარ დანაშაულებში შესაძლო მონაწილე პირების დადგენისა და დაკავების მიზნით. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და აფეთქებას გულისხმობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ დროისთვის, კორპუსის ნანგრევებში ერთ დაკარგულს ეძებენ, გარდაცვლილია 8 ადამიანი, ერთის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევას სულ 8 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ. 26 მაისის ქუჩაზე, ბოლოს მაშველებმა კიდევ ორი ადამიანი, დედა-შვილი ამოასვენეს, მანამდე, სულ სამი ადამიანის ძებნა გრძელდებოდა. ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა წუხელ, სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს. ორი კაცი, ორი ბავშვი და ერთი ქალი. ინგა მეკეიძე, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ორ შვილთან ერთად მოჰყვა ნანგრევებში, კლინიკაში გარდაიცვალა. გამთენიისას ნანგრევებიდან მისი შვილების - 1 და 9 წლის ბავშვების ცხედრები ამოასვენეს მაშველებმა. დაღუპულთა შორის არის ახალგაზრდა ქალის მაზლიც. მძიმეა კიდევ ერთი კაცის მდგომარეობა. სამაშველო სამუშაო 8 ოქტომბრის დღის 12 საათიდან მიმდინარეობს. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. „როდესაც სამაშველო ოპერაცია დასრულდება, ექსპერტები შეისწავლიან ფუნდამენტს და ნახავენ, კონკრეტულად რა დაზიანდა და რამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. გამომძიებელი და პოლიციელი ვერ გეტყვით, სახლის ჩამონგრევა დაშენებამ გამოიწვია თუ პირველ სართულზე არასწორმა სარემონტო სამუშაოებმა. ეს უნდა თქვან სპეციალისტებმა. რაც შეეხება ზოგადად დაშენებებს, სამწუხაროდ, ეს 90-იანი წლების უბედურებაა და ეს არამხოლოდ ბათუმს, არამედ თბილისსაც ეხება. ამ პრობლემისთვის საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე ყველა ხელისუფლებას უნდა მიეხედა, თუმცა ბოლო წლებში თბილისში მიშენებები აღარ განხორციელებულა. სამწუხაროდ, დაშენება ამ კორპუსზე 15 წლის წინ განხორციელდა. არ გაგიჭირდებათ შესაბამისი ნებართვების მოძიება და იმის შემოწმება, თუ როდის გაიცა ეს ნებართვები“, - განუცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გაუცია მშენებლობის ნებართვა ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოსთან დაკავშირებით. უწყების განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე. „2021 წლის 4 ოქტომბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მომართა ზაურ ბუდაგოვმა და მოითხოვა ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N 13, (სარდაფი) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ ოთხი სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი. განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა“, - აცხადებენ უწყებაში.

უკრაინელ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს სახელმწიფოს ღალატის ბრალდება წაუყენეს

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკს, კრემლთან დაახლოებულ დეპუტატს და ოლიგარქს, სახელმწიფოს ღალატსა და აღმოსავლეთის ორ პროვინციაში სეპარატისტების მხარდაჭერაში წაუყენეს ბრალი. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ Facebook-ზე თავის გვერდზე განაცხადა, რომ მედვედჩუკი ეჭვმიტანილია სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან“ „ქვანახშირის პროდუქციის მიწოდების დანაშაულებრივი სქემის“ რეალიზაციაში 2014 წლის ბოლოდან 2015 წლის დასაწყისამდე პერიოდში. რადიო თავისუფლების ცნობით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე შეამოწმებს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მედვედჩუკის წინააღმდეგ ახალი საქმის ფარგლებში. მიმდინარე წლის მაისში მედვედჩუკი შინაპატიმრობაში მოათავსეს. სექტემბერში მას შინაპატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივეს. მედვედჩუკი უმაღლეს რადაში ხელმძღვანელობს ოპოზიციურ პლატფორმას „სიცოცხლისთვის“, რომელიც პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიაა. ის ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისთვის და აკაკი ჭელიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სხდომას ესწრებოდნენ თავად ბრალდებულებიც, მათ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს. პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალნენ და იმისთვის, რომ გამოძიებას ხელი შეშლოდა, სხვადასხვა ავტომანქანა გამოიყენეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი გადამალეს. „დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიმალვაში იყვნენ, მაგრამ არ მგონია, დასასვენებლად ყოფილიყვნენ წყენთში. 10-15 მანქანა გამოიყენეს, ზოგი ტაქსი, ზოგი - ნათხოვარი მანქანა", - განაცხადა შაიშმელაშვილმა. „თქვენო ღირსებავ, 21 დღე არ გვძინებია არც მე და არც საგამოძიებო ორგანოს, ნაბიჯ-ნაბიჯ დავსდევდით და როგორც იქნა, დღეს თქვენს წინაშე არიან წარმოდგენილი“, - მიმართა მოსამართლეს პროკურორმა. მისივე თქმით, ამოსაღებია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ასევე, დასადგენია იმ პირთა წრე, რომლებიც ბრალდებულებს მატერიალურ თუ ინტელექტუალურ დახმარებას უწევდნენ. ასევე, ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა დაუსწრებლად 20 სექტემბერს შეუფარდეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვერაზე 15 სექტემბერს დაჭრილი ახალგაზრდა, კლინიკაში, მერე დღეს გარდაიცვალა. შსს-ს მიერ 8 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს. მკვლელობაში ბრალდებულები 7 ოქტომბერს დააკავეს.

შს მინისტრმა დაასახელა ვერსია, რომელსაც სამართალდამცველები ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად განიხილავენ

შს მინისტრი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქებას 90%-ით გამორიცხავს. ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ბათუმში ჩავიდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩანაწერები ნახეს სამართალდამცველებმა და სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აფეთქება საყრდენი კედლის გამოცლას უნდა გამოეწვია, რომელიც თავის მხრივ, შესაძლოა, სამშენებლო სამუშაოს უკავშირდებოდეს. მინისტრის ინფორმაციით, დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული, ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი, ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. სამართალდამცველებს ეს ცნობა დაკარგულების ახლობლების გამოკითხვებზე დაყრდნობით აქვთ. ამასთან, მინისტრის თქმით, ორ ადამიანთან პოლიცია სატელეფონო კონტაქტზე გავიდა, თუმცა ისინი ზუსტ მდებარეობას ვერ ასახელებენ. ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს. მცირეწლოვანი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში. ნანგრევებში მოჰყვა კორპუსის წინ მდგარი ათამდე მანქანაც. კორპუსი 26 მაისის ქუჩაზე დაახლოებით, 12 საათზე ჩამოინგრა. ამავე თემაზე:

უფლისციხესთან მტკვარმა კაცის ცხედარი გამორიყა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა. მდინარე მტკვარში ცხედარი მწყემსმა უფლისციხესთან დაინახა და 112+ში დარეკა. ცხედარი სამაშველო სამსახურმა ამოიყვანა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერ უცნობია.

პოლიციის ცნობით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში ხუთ ადამიანს ეძებენ

პოლიციის ცნობით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში ხუთ ადამიანს ეძებენ. ორი კონტაქტზე გავიდა სამართალდამცველებთან. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის ერთი ადამიანის ყვირილის ხმაც. მაშველებმა უკვე გამოიყვანეს ერთი ბავშვი, რომელიც ბათუმის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილია. ექიმების თქმით, მას მცირე მოტეხილობები და ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. დაშავებული ბავშვის მამის განცხადებით, კორპუსის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ნგრევა სავარაუდოდ ამ სამუშაომ გამოიწვია. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს, ჩამონგრეულ ნაწილში კი დაახლოებით 15 ოჯახი.

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილია ამოყვანილი

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვია. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. ამავე თემაზე: შსს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს სამაშველო სამსახური ეძებს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე შვიდსართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოჰყვნენ კორპუსში მცხოვრებლები. სამაშველო სამსახური მათ პოვნას და ნანაგრევებიდან ამოყვანას ცდილობს. მათ შორის არის მცირეწლოვანიც. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს, ჩამონგრეულ ნაწილში კი დაახლოებით 15 ოჯახი. მოსახლეობის თქმით, კორპუსის სარდაფში, კომერციული ფართის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ნგრევა შესაძლოა სწორედ ამ სამუშაობმა გამოიწვია. ნანგრევებიდან გამოიყვანეს ორი ბავშვი, მათ შორის 1,3 წლის ბავშვი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ ბავშვს მცირე მოტეხილობები და ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. ნანგრევებიდან ორი ადამიანი პოლიციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ერთი მცირეწლოვანი გამოიყვანეს, სხვა მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს. მცირეწლოვანი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში. ნანგრევებში მოჰყვა კორპუსის წინ მდგარი ათამდე მანქანაც. კორპუსი 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით 12 საათზე მოხდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანილია ორი ბავშვი. მათ შორის ერთ-ერთი წლის და სამი თვის არის. დაშავებულის მამის ინფორმაციით, სახლზე სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობდა. „ბავშვი კარგად არის, ფეხი აქვს დაზიანებული. მანქანაში ბავშვთან ერთად მეც ვიყავი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავით ასე. პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ, აფეთქების ხმა ნამდვილად არ იყო“, - აცხადებს გიზო ქავთარაძე. ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მედიკოსების განმარტებით, ის კონტაქტურია და კვლევები უტარდება. „ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ამ ეტაპზე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კვლევები უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, აქვს ზედაპირული დაზიანებები, წვივის მოტეხილობა. მიმდინარეობს შემდგომი კვლევა“, - აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი თამარ ბახტაძე.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს

შსს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის - თორნიკე მარსაგიშვილის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა - ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. „მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს და განზრახვის აღსრულების მიზნით, ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ის მიმართულებით 10-ზე მეტჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან, გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შეტყობინების მიღებისთანავე, ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, დეტალურად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, აიღეს სხვადასხვა კვალი, ასევე, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღის მასრები და სხვადასხვა ნივთი. საქმეზე დაიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის დანაშაულის უშუალო თვითმხილველები, გარდაცვლილის მეგობრები, ნაცნობები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები“, - აღნიშნა თორნიკე მარსაგიშვილმა. მისივე თქმით, ​ჩვენებებისა და საქმის დეტალების ანალიზის საფუძველზე, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობისა და დანაშაულის მოტივის დასადგენად დაისახა რამდენიმე საგამოძიებო ვერსია, რომელთა გადასამოწმებლად, ინტენსიურად ჩატარდა ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიება. „ოპერატიულმა ჯგუფმა უმოკლეს დროში მიაკვლია იმ ავტომანქანას, რომლითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდნენ. აღნიშნული ავტომობილი დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა და ამოიღეს საქმისათვის მნიშვნელოვანი კვლები. დადგინდა ავტომანქანის მფლობელიც და მისი ჩვენების საფუძველზე, დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის - გ.კ.-ის ვინაობა. ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მიერ ინტენსიურ რეჟიმში განხორციელებული თანმიმდევრული და კვალიფიციური მუშაობის შედეგად დადგინდა დანაშაულის ჩამდენი - უშუალოდ მსროლელი პირის - ა.ჭ.-ის ვინაობაც. სამართალდამცველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდნენ მუშაობას ყველა იმ მტკიცებულების მოპოვების მიზნით, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულების მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას“, - განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა. მისივე თქმით, გამოძიებამ მოიპოვა ბრალდებულთა გადაადგილების ამსახველი ვიდეოსამეთვალყურეოკამერების ათობით ჩანაწერი. „გაიჩხრიკა ათამდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის გ.კ.-ის მაღაზია, სადაც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რაც ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული. საქმეზე ამოღებულ ნივთმტკიცებებზეჩატარდა დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური, ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიურიექსპერტიზები, რომელთა დასკვნების შედეგად დადგინდა, რომ გ.კ.-ის მაღაზიიდან ამოღებულ ა.ჭ.-ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დენთის კვალი, ხოლო მასზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის გარდაცვლილ ნ.კ.-ს. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ორივე პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით, დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა. ძებნილ ბრალდებულთა დასაკავებლად ორიენტირებული იყო ყველა ოპერატიული დანაყოფი. სამართალდამცველებმა, ძებნაში მყოფი ბრალდებულების ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს მუშაობა. ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, დაიკითხა ათობით მოწმე, დადგინდა იმ პირების ვინაობა, ვისთანაც შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ ბრალდებულებს, ასევე, დადგინდა ყველა ის ადგილი, სადაც ბრალდებულები დროებით თავს აფარებდნენ, გამოვლინდა ყველა ავტომობილი და მათი მძღოლების ვინაობა, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ“, - აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა. თორნიკე მარსაგიშვილის განცხადებით, ბრალდებულები, სამართალდამცველებისთვის კვალის არევის მიზნით, პერიოდულად იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებსა და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენასა და დაკავებას. „2021 წლის 7 ოქტომბერს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიულიდა სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი წყნეთში დააკავეს. პოლიციამ დაადგინა ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ბრალდებულები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს აფარებდნენ. ორივე ბრალდებულმა დაკავებისას მიმალვა სცადა, თუმცა, აქტიური დევნის შედეგად, ისინი დააკავეს. ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახია მათი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და, შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე“, - აღნიშნა თორნიკე მარსაგიშვილმა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ გურიაში, შინდისის გმირის და სხვა საფლავების გაქურდვის ფაქტზე ორი ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ., მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის - რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ქალაქ ზესტაფონში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნაკეთობები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

თბილისში, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნ.კ.-ის მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს. ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ს მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები ავტომანქანით გ.კ.-სთან ერთად მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი - ა. ჭ. და გ.კ. ქალაქ თბილისში, წყნეთში დააკავეს. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

თიანეთის პოლიციამ შვილის მკვლელობის ბრალდებით 81 წლის კაცი დააკავა

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, 81 წლის მამამ 59 წლის შვილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მიაყენა დაზიანებები. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს - 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა.დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მოლდოვის გენერალური პროკურორი დააკავეს

მოლდოვის გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო დააკავეს. იუწყება Reuters-ი. მას კორუფციაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. ალექსანდრ სტოიანოგლო გენერალურ პროკურორად 2019 წელს მოლდოვის წინა პრეზიდენტმა, პრორუსულმა ლიდერმა იგორ დოდონმა დანიშნა და ის ალექსანდრ სტოიანოგლოს დაკავებას ამჟამინდელი პრეზიდენტის, მაია სანდუს მხრიდან ანგარიშსწორებად მიიჩნევს. „დღეს გამოუსწორებელი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს სტოიანოგლოს დაპატიმრებით", - განაცხადა დოდონმა. თავის მხრივ, ალექსანდრ სტოიანოგი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მოლდოვის მოქმედი ხელისუფლება მას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ საქმის აღძვრაში არწმუნებდა, რაზეც უარი განაცხადა.

50-მდე ბინის გაძარცვის ბრალდებით იტალიის პოლიციამ საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავა

იტალიის პოლიციამ საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც იტალიური მედია "ბინების ოსტატებს" უწოდებდა. იტალიური მედიის ცნობით, ქართულმა კიმინალურმა დაჯგუფებამ სამ ქალაქში 50-მდე ბინა გაქურდა. ქართველების დასაკავებლად იტალიის პოლიციამ რეიდი, ერთდროულად, ქვეყნის სამ ქალაქში ჩაატარა - რომში, მილანსა და ტურინში. პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენამდე დაჯგუფების წევრები ბინის კარზე სიგარეტის კოლოფს, ან სხვა შეუმჩნეველ ნივთს აკრავდნენ, მას შემდეგ კი რაც დარწმუნდებოდნენ, რომ ბინის კარი რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაღებულა, სახლში შედიოდნენ. მიმდინარე წელს იტალიაში ქართველი მძარცველების დაკავების ეს პირველი შემთხვევა არ არის. თებერვალში ადგილობრივმა პოლიციამ სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად, 62 ადამიანი აიყვანა, საიდანაც 55 საქართველოს მოქალაქეა.

თბილისში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

თბილისში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. „შანაეს ოჯახმა ჩვენი ლამაზი გოგონა წარმოუდგენელად ტრაგიკულად დავკარგეთ. მან ბევრი მეგობარი და ოჯახის წევრი დატოვა გულგატეხილი და განადგურებული. გვეამაყება ყველა ის წარმატება, რომელსაც შანაემ თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ბევრ ქვეყანაში მიაღწია. იგი იყო სიყვარულისა და პოზიტივის მომტანი გარშემომყოფთათვის.შანაე იბრძოდა ქალთა უფლებებისა და უსაფრთხოებისთვის, დიდ დროს უთმობდა რამდენიმე ქვეყანაში ჩაგრულ და დაუცველ ადამიანებზე ზრუნვას. შანაე გამორჩეულად გულწრფელი და ერთგული მეგობარი იყო, თავგადასავლების მოყვარული და მამაცი, სიცოცხლის თითოეულ წუთს აფასებდა და ცხოვრების მუდამ მადლიერი იყო. გვსურს, ჩვენი გულითადი მადლიერება გამოვხატოთ შანაეს მეგობრების მიმართ, რომლებმაც შანაეს გაუჩინარებისთანავე უმალვე განგაში ატეხეს და გასწიეს დახმარება ძებნის პროცესის ორგანიზებაში. ჩვენი ოჯახისთვის გასაოცრად მხარდამჭერია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთიდან, მათ შორის ქართული საზოგადოებიდან, შანაეს ბევრი მეგობრის სიყვარულით სავსე გზავნილები. მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და იმ გამომძიებლების მიმართ, რომლებმაც მალევე შეძლეს შანაეს პოვნა და დამნაშავის დაკავება. მადლობას ვუხდით კორძაძის საადვოკატო ბიუროს თბილისში ჩვენი ოჯახის წევრებზე დაუღალავი ზრუნვისათვის მათი საქართველოში ყოფნისას, დღემდე იმ მხარდაჭერისა და დახმარებისათვის, რაც ამ საშინელი პერიოდის გაძლებაში გვეხმარება. მადლობა ავსტრალიის საელჩოს თანამშრომლებს ანკარაში, ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის. მადლობას ვუხდით როგორც საქართველოს სახელმწიფოს, შანაეს რეპატრიაციაში ფინანსური დახმარების გაწევის შემოთავაზებისათვის, ასევე, ქართველ ხალხს უწყვეტი ყურადღების, სიყვარულისა და თანადგომისათვის ამ მძიმე ტრაგიკულ პერიოდში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ყველას, ვინც ფინანსური წვლილი შეიტანა შანაეს GoFundMe ფონდში. შეგროვებული თანხა მოხმარდება აქამდე გაწეულ ხარჯებს და შანაეს ბოლო გზაზე გაცილებას. ახლა კი შანაეს ოჯახი ესწრაფის, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ უზრუნველყოს დამნაშავის მიერ სიცოცხლის ციხეში გატარება - სამართლიანი სასჯელი ამგვარი ულმობელი თავდასხმისთვის, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდა ანგელოზის სიცოცხლე წაიღო. ჩვენი დარდი და მწუხარება გაუსაძლისია. სიყვარულითა და პატივისცემით, შანაეს ოჯახი. გთხოვთ, განაგრძოთ ჩვენი ოჯახისა და პირადი სივრცის პატივისცემა“, - აღნიშნულია შანაე ბრუკის ოჯახის განცხადებაში. შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს პატიმრობა შეეფარდა

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდათ

საქართველოში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიებს, ფოთის ტერმინალის თანამშრომლებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს 5000-5000 ლარს სთავაზობდა. ადვოკატი მზად იყო, საკუთარი ქონებით უზუნველეყო გირაოს თანხა, თუ სასამართლო გადაწყვეტდა, რომ აღნიშნული თანხა, ვერ უზრუნველყოფდა საფრთხეებს. „ის ბრალი, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ წარდგენილი, აბსურდულია, არ ჯდება მოქმედ კანონმდებობაში, რას ედავება ბრალდების მხარე, თავადაც არ იცის, მათ დანაშუალი არ ჩაუდენიათ. დანაშაულის დაფარვა რაში გამოიხატება, ხელი შეუშალეს დანაშაულის გახსნას? კანონს უნდა სწორად წაკითხვა, მსჯავრდებული პირის მიერ სასამართლოსთვის ხელისშეშლა რაში გამოიხატება?"- აღნიშნავს გიორგი გოგინავა. თავის მხრივ, პროკურორ გიორგი ხაჩიძის განცხადებით, ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, თუმცა, შალვა წოწორიას კუთვნილი ავტომანქანით მათ უზრუნველყვეს მსჯავრდებულ სააკაშვილის ტრანსპორტირება აბაშის მუნიციპალიტეტში. ადვოკატ გიორგი გოგინავას განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის დაწყების დადგენილება და მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვს პროკურატურა წიწორიების პატიმრობას. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი წოწორიები დუმილის უფლებას იყენებენ. „ეს ადამიანები რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არ არიან, ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რასაც ჰქვია, ჩაიხუტეს გულში, ასეთი დამოკიდებულება აქვთ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. იმის გამო, რომ ეს დამოკიდებულება აქვთ, დღეის მდგომარეობით ისინი დაკავებული არიან. მათ პრეზიდენტის ტრანსპორტირება უზრუნველყვეს“, - აღნიშნა გიორგი გოგინავამ.

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახმა განცხადება გაავრცელა

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მათი შვილების სამართალდამცველებისთვის გადაცემას სთხოვს. ამასთან დაკავშირებით ოჯახი განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დადგენილ იქნა ორი პიროვნების ვინაობა, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ პატიმრობა. შესაბამისად, მიმდინარეობს მიმალვაში მყოფ პირთა ძებნა. ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორცილებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია“, - ნათქვამია განცხადებაში. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა. ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.