ინტერვიუ
პოლ გობლი: რუსეთი წინასაარჩევნოდ, საქართველოში უკვე არსებული გავლენის რესურსების გამოყენებას შეეცდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი საქართველოში რუსული პროპაგანდის გააქტიურების საკითხზე Europetime-ს ესაუბრა. პოლ გობლი საარჩევნო მექანიზმების შექმნას გამორიცხავს და რუსეთის მიერ არსებული გავლენის რესურსების გამოყენებას ვარაუდობს. „ჩემი აზრით, რუსეთი წინასაარჩევნოდ, საქართველოში უკვე არსებული გავლენის რესურსების გამოყენებას შეეცდება, (როგორიცაა: დეზინფორმაცია,პროპაგანდა) ვიდრე აამოქმედებს საარჩევნო მექანიზმებს. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მისცენ ბიძგი. ზოგი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ამის სჯერათ, სხვები ამ იდეის პოპულარიზასიისთვის ამა თუ იმ გზით არიან წახალისებულნი“, - განუცხადა პოლ გობლმა Europetime-ს. საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა არჩევნებში უცხოურ ჩარევაზე დღეს კიდევ ერთხელ მიანიშნა. ის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ ეხმარება საქართველოს/ცესკოს თავიანთი სისტემების გაძლიერებაში, დეზინფორმაციის კამპანიის სახით არსებული უცხოური ჩარევებისგან დასაცავად. საქართველო რომ რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას უნდა ელოდოს, ამის შესახება ელჩმა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს იმართება.
„რუსეთის რბილი ძალა“ - გამოწვევა საქართველოსა და მისი პარტნიორებისთვის
„რუსეთის რბილი ძალა“ - ამ ტერმინს პოლიტიკოსების თუ მსოფლიო ექსპერტების შეფასებებში ხშირად ამოიკითხავთ, საკითხი აქტუალურია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მისი გამოყენება იგრძნობა არამარტო რუსეთის უშუალო სამეზობლოში, არამედ, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებშიც. საქართველოში რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანიის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმაა, რაზეც საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად, ამერიკელი პარტნიორებიც მიუთითებდნენ. კერძოდ, რუსულ მედიაში გახშირდა სტატიები იმის შესახებ, რომ თბილისი ლაბორატორიის დახმარებით კორონავირუსის ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გავრცელებას ცდილობს. საპასუხოდ, აშშ-ის საელჩომ მოსკოვი ლაბორატორიის მუშაობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ქართულმა მხარემ კი რუსეთს საერთაშორისო ფორმატში ლაბორატორიის დათვალიერება შესთავაზა. საერთაშორისო მედიაში კი გაჩნდა სტატიებიც იმის შესახებ, რომ საქართველო ყალბი ამბების სამიზნე გახდა. ე.წ. რბილი რუსული ძალა რომ უფრო ხილული გახდა, ამაზე ჯერ კიდევ 2018 წელს, საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა, როდესაც აქცენტი გააკეთა გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, „საქართველოს თითქოს „ევროპული სტრუქტურებიდან აგდებენ“. რას ნიშნავს რუსული რბილი ძალა, რა მეთოდებს იყენებს ის, რა მიზნებს ემსახურება და რა გზები არსებობს ჰიბრიდული ომის გამოწვევებზე გასამკლავებლად, ამ საკითზებზე მოსაზრებებს საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი, გვანცა აბდალაძე Europetime-ს უზიარებს: - ბოლო წლებში რუსეთის რბილი ძალა აქტუალურ საკითხად იქცა საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც. მასზე ყველას სმენია, თუმცა ხშირად რთულდება იმის დაკონკრეტება, რას გულისხმობს ეს ტერმინი, რას მოვიაზრებთ რუსეთის რბილი ძალის პოლიტიკად, რა განსხვავებაა მასსა და აშშ-ის, ევროკავშირის თუ სხვა დასავლური აქტორების რბილ მექანიზმებს შორის. ამ მიზნით, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვახდინოთ მარტივი კლასიფიკაცია. „რბილი ძალა“ (soft power) თავისი კლასიკური გაგებით, როგორც თავად ტერმინის გამომგონებელმა, ამერიკელმა თეორეტიკოსმა და პოლიტიკოსმა ჯოზეფ ნაიმ განმარტა, გულისხმობს „მომხიბვლელობის ძალას“, ცეკვას, სადაც „პარტნიორის ყოლა აუცილებელია“, თანამშრომლობას და ორმხრივ სარგებელს, ე.წ. „მოგება-მოგება“ თამაშს (win-win game), სადაც ქმედებები ლეგიტიმურია და პოლიტიკა ინსტიტუტების მიერ განხორციელებული. რბილი ძალის მიზანია ახალი მოკავშირეების გაჩენა და მათზე „რბილი ზემოქმედება“, მათი „მოხიბვლა“ საერთო პროექტებში ჩართულობისთვის. ნაისეული კლასიკური რბილი ძალის კარგი მაგალითია ევროკავშირი, რომელიც არ ფლობს სამხედრო მექანიზმებს და სახელმწიფოთა ჩართულობას სხვადასხვა ფორმით უზრუნველყოფს ინსტიტუციური მმართველობით და სხვადასხვა ლეგიტიმური პროექტით. მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფომ პრიორიტეტული გახადა საგარეო პოლიტიკაში (რეგიონში თუ მის მიღმა) „რბილი ძალის“ გამოყენება, აღმოჩნდა, რომ რუსეთის „რბილი პოლიტიკა“ სულაც არ არის „რბილი“ - ის იყენებს არალეგიტიმურ მექანიზმებს, ხოლო მიზნები დესტრუქციულია და არა „მოგება-მოგება“ (win-win game) პროექტებზე მიმართული. დისკუსია ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მხრიდან ჩარევის შემდეგ (პეტერბურგის „ტროლების ქარხანა“), რაც დაადასტურა საგამოძიებო კომისიამ. გაჩნდა ახალი ტერმინიც „ბასრი ძალა“ (sharp power), რომლის ავტორია ამერიკელი ექსპერტი ქრისტოფერ უოლკერი. საერთაშორისო ასპარეზზე დღეს უკვე მიღებულია ჩინეთის და რუსეთის არასამხედრო მეთოდებით ზეგავლენის მოპოვების პოლიტიკა მოხსენიებული იყოს როგორც sharp-ი და არა soft-ი. ქართულ სამეცნიერო დისკუსიაში ტერმინის არარსებობის გამო, ვთარგმნეთ როგორც „ბასრი“ და ვცდილობთ ამ ტერმინის დამკვიდრებას. - რას გულისხმობს „ბასრი ძალა“ და რითი განსხვავება ის „რბილი ძალისგან“? - რუსეთის ბასრი ძალა იყენებს კლასიკური რბილი ძალის ზოგიერთ გავრცელებულ და კანონიერ მექანიზმს (კულტურული კავშირები, იდეების გავრცელება, განათლების პროექტები), მაგრამ ამავე დროს იყენებს ისეთ მექანიზმებს, რაც ვერ ჯდება ვერც კანონიერების, ვერც ლეგიტიმურობის და ვერც „რბილი ზემოქმედების“ ფარგლებში. ეს მექანიზმები ხშირ შემთხვევაში იმეორებს ცივი ომის დროინდელ კგბ-ს მეთოდებს: პროვოკაციების მოწყობა, ჯგუფების შექმნა-შეგზავნა, პროპაგანდა, საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციების გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ (ომის პირობებში მსგავს მეთოდებს იყენებს ყველა არმია მტრის წინააღმდეგ). გარდა ტრადიციული საბჭოთა გამოცდილი მეთოდებისა, ინტერნეტის გამოგონებამ და ციფრულმა რევოლუციამ გაამარტივა ახალი მექანიზმების გამოყენება: კიბერთავდასხმები და დეზინფორმაციის გავრცელება სოციალური თუ სხვა მედიის დახმარებით, ბოტებისა და ტროლების აქტიური გამოყენებით. პრორუსული ჯგუფები ხშირად გამოთქვამენ „არგუმენტირებულ ეჭვს“ - რა გარანტია არსებობს, რომ დასავლური რბილი ძალაც არ იყენებს არალეგალურ მექანიზმებს? - პასუხი მარტივია. ადამიანები ყველა სისტემასა და ყველა დროში მიდრეკილნი არიან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის, თუმცა დემოკრატიულ სისტემაში ამა თუ იმ ლიდერს შეზღუდული აქვს ძალაუფლების გადაჭარბების მექანიზმები და არსებობს პროცესების გამჭვირვალობის ინსტიტუციური ვალდებულება. - რუსეთის ბასრი ძალის თავისებურებებსა და მუდმივ მიზნებზე ხშირად მიანიშნებენ ექსპერტები და სხვა ლიდერები, თქვენ როგორ აღწერთ მის ტაქტიკას? - რუსეთის ბასრი ძალის მიზნებში უნდა გამოვყოთ მუდმივი მიზნები (გლობალური მასშტაბით - დემოკრატიული სისტემების დისკრედიტაცია, რეგიონის მასშტაბით - სტაბილურობისა და განვითარებისთვის ხელის შეშლა, პოლიტიკურ სპექტრში მისთვის სასურველი პოლიტიკური ელიტების დაწინაურება, რუსეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური სივრციდან თავის დაღწევის შეუძლებლობა) და ცვალებადი ტაქტიკური მიზნები, რომლებიც განისაზღვრება ამა თუ იმ საზოგადოებაში კონტექსტის და სამიზნე ჯგუფების შესწავლის საფუძველზე. ცვალებადია ასევე განხორციელების მექანიზმები და განმახორციელებელი ჯგუფები თუ ინდივიდები. - როდის აქტიურდება ბასრი ძალა? - საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბასრი ძალის გააქტიურება ხდება კრიზისების დროს (კონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისი, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა) და საარჩევნო ან რეფერენდუმების პერიოდში. მოქალაქეთა განწყობებზე თამაში და ამომრჩევლის პრეფერენციების შეცვალა (რაც ავტომატურად ნიშნავს საარჩევნო შედეგების შეცვლასაც) რუსეთის ბასრი ძალის ყველაზე „საყვარელ გართობად“ იქცა ბოლო წლებში. საარჩევნო პერიოდში „ბასრი ძალის“ გააქტიურება ქმნის განსაკუთრებულ გამოწვევას, რადგან დროის მცირე მონაკვეთში შეუძლებელია იდენტიფიცირება კონკრეტულად რომელი მოვლენის თუ პროვოკაციის მიღმა იკითხება ბასრი ძალის კვალი. აშშ-ის, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითზე, გამოძიებას წლები დასჭირდა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. საარჩევნო პერიოდში ბასრი ძალის გამოყენება, აჩენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს - ამა თუ იმ პოლიტიკურ ელიტას უჩნდება ცდუნება საკუთარი პარტიული გამარჯვებისთვის გამოიყენოს რუსეთის „პროფესიონალური“ დახმარება. რაც უფრო მეტად უჭირს კონკრეტულ პოლიტიკურ ელიტას საკუთარი ლეგიტიმაციის შენარჩუნება, მით უფრო მოწყვლადი იქნება ამგვარი ცდუნების წინააღმდეგ. ქართულმა პოლიტიკურმა ელიტებმა (როგორც ამჟამინდელმა, ასევე მომდევნო) უნდა გააცნობიერონ სახელმწიფო ინტერესის უზენაესობა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე. საზოგადოებაში უნდა შეიქმნას კონსენსუსი, რომ არ შეიძლება მტრული ძალების საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციების გამოყენება შიდა პარტიული ბრძოლებისთვის. ეს პოლიტიკური განვითარების ის ეტაპია, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ და რაც მუდმივად უნდა გააკონტროლოს მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ. - რატომ არის დეზინფორმაციასთან ბრძოლა ასეთი რთული? - იმიტომ, რომ დეზინფორმაციულ „მესიჯებზე“ რეაგირება ფაქტობრივად შეუძლებელია. როგორც ამბობენ, „გაფრენილ სიტყვას ვერ დაეწევი“ - მანიპულაციური ფოტო, ვიდეო თუ ტექსტური ინფორმაციის გავრცელებას წუთები სჭირდება სოციალური მედიით, მის გადამოწმებას და პასუხის გაცემას კი პროფესიონალიზმი და ხანგრძლივი დრო. დეზინფორმაცია არსებობს სხვადასხვა სახის და შესაძლოა მოიაზრებდეს როგორც სრულ ტყუილს, ასევე მეტ-ნაკლებად რეალური ინფორმაციის მანიპულაციურ გამოყენებას, ასევე იმ კლასიკური პროპაგანდის მეთოდების გამოყენებას, რაც ოსტატურად შეიქმნა ნაცისტურ გერმანიაში და დაიხვეწა საბჭოთა კავშირში ცივი ომის დროს. დეზინფორმაციის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ტაქტიკური მიზნების მისაღწევად. დეზინფორმაციის ლოგიკა კარგად ერგება ყველა ჩვენგანის ადამიანურ სისუსტეს - სმარტფონზე „ჩასქროლვით“ მივიღოთ სწრაფი და ემოციური ინფორმაცია. გარდა ამისა, თვალში საცემია, რომ დეზინფორმაციული მესიჯები ცვალებადია და ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც, ასევე „მომსახურების სხვადასხვა პაკეტად დაყოფილი“. როგორც სუპერმარკეტში შესულ მყიდველს სჭირდება სხვადასხვა პროდუქტი გემოვნების და საჭიროების შესაბამისად, ასევე დეზინფორმაციის მიმღები ჯგუფები განსხვავდებიან ერთმანეთისგან სხვადასხვა თემის მიმართ მოწყვლადობის ხარისხით, და როგორც ბიზნესში, მომხმარებელს აქაც უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანი. დეზინფორმაციული მესიჯები კვდომადიც არის დროის მონაკვეთში. კარგ მაგალითად მახსენდება პრორუსული ჯგუფების მიერ გავრცელებული „ფოტომტკიცებულება“, რომ მაჩაბლის ქუჩას დაერქვა „ირანის ქუჩა“ და მოწოდება საზოგადოების მიმართ, რომ „აღვდგეთ ქართველები „შაჰ-აბასების“ წინააღმდეგ“. მსგავსი ნიუსი მოწყვლადი აღმოჩნდა ბევრი ჯგუფისთვის ისტორიული მეხსიერებისა და ქვეცნობიერი სენტიმენტების გამო, თუმცა მსგავსი „ნიუსი“ ვერ იქნება გრძელვადიანი, რადგან ძალიან მარტივია მისი გადამოწმება. ამავე ჯგუფში უნდა მოვიაზროთ ბევრი სხვა ანტიდასავლური მესიჯიც („ევროპაში ინცესტი ლეგალურია“ ჟანრის), რადგან ბოლო წლებში მარტივი გახდა ევროპაში წასვლა და ევროკავშირისგან თუ აშშ-სგან მონსტრის შექმნა რთულდება მოსახლეობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ის, რომ გარკვეული დეზინფორმაციული მესიჯები არის თუ არა კვლავ ქმედითი, არამედ ის, რომ მუდმივი „დეზინფორმაციული შტურმი“ აღწევს თავის მთავარ მიზანს - ადამიანს აღარ სჯერა არაფრის, ბუნდოვანდება ზღვარი ტყუილსა და მართალს შორის. - რა შეიძლება ჩავთვალოთ რეაგირების ეფექტურ მექანიზმად? როდესაც დეზინფორმაციას საზოგადოება მიჰყავს ამ მდგომარეობამდე, იქ უკვე მარტივდება რეალური პოლიტიკური მიზნების მიღწევა. ანუ დეზინფორმაცია ეფექტურად იქნა გამოყენებული ჰიბრიდული ომის მექანიზმად და დადგა სასურველი შედეგი. რა შეიძლება ჩავთვალოთ რეაგირების ეფექტურ მექანიზმად? - სახელმწიფოში ინსტიტუციური მდგრადობა (როდესაც რეალური მიღწევები და წარმატებები აღარ ტოვებს სივრცეს, მოქალაქე დაკავდეს შეთქმულების თეორიებით), მედია-პროფესიონალიზმი, მოქალაქის მომზადება ახალი გამოწვევებისთვის (მედიაწიგნიერების დანერგვა განათლების სისტემაში დაწყებითი განათლების ეტაპიდანვე), დეზინფორმაციასთან და მტრულ პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პრიორიტეტად ქცევა. დეზინფორმაციას ქმნიან და ავრცელებენ პროფესიონალები და ჩვენთვისაც პროფესიონალიზმის ზრდა სხვადასხვა სეგმენტში ერთადერთი სწორი გამოსავალია ჰიბრიდული ომის გამოწვევებთან გასამკლავებლად. სპეციალურად „ევროპათაიმისთვის“
ჰოჯესი ყარაბაღის კონფლიქტზე:"ეს არის პოტენციური მარიონეტული დაპირისპირება თურქეთსა და რუსეთს შორის"
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება ყარაბახის საკითხზე მოლაპარაკებების გზით, რაც შეიძლება მალე გადაიჭრება. ამის შესახებ გენერალმა „ევროპათაიმთან“ საუბრისას განაცხადა. „ვიმედოვნებ, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით, რაც შეიძლება მალე გადაიჭრება. ეს არის პოტენციური მარიონეტული დაპირისპირება თურქეთსა და რუსეთს შორის, რომელიც უნდა მოგვარდეს. ვფიქრობ, კრემლი ამ მიმართულებით ნაბიჯს მალე გადადგამს და როგორც ჩანს, თურქეთი აფორმებს გარკვეული ტიპის შეთანხმებებს რუსეთთან თურქულ ჯართან დაკავშირებით სირიაში, რათა კრემლის რეაგირებები მთიან ყარაბაღში შეამციროს“ - აცხადებს გენერალი. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანი იმდენად შორს არ წავიდეს, რომ კრემლი ჩაერთოს. „თუმცა "შორს წასვლა“ და თავდაჯერებულობის თავიდან აცილება ყოველთვის რთულია, როცა საქმე ჩანს, რომ კარგად მიდის“ - დასძინა გენერალმა. რაც შეეხება პროცესში საერთაშორისო ჩართულობას, ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ „შეერთებულმა შტატებმა ყოველთვის უნდა გადადგას ნაბიჯი, რათა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას“. „ჩვენ ნამდვილად უნდა ვიმუშაოთ ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით გერმანიასთან. გერმანია არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე და, ალბათ, ერთადერთი მთავრობაა, რომელსაც შეუძლია, კრემლის ქცევაზე გავლენა მოახდინოს. შეერთებულმა შტატებმა მჭიდროდ უნდა ითანამშროლოს გერმანიასთან კონფლიქტების მოგვარების კუთხით როგორც მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ბელარუსთან დაკავშირებით“- განაცხადა გენერალმა. მისი ანალიზით, შექმნილი ვითარების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი იქნება, თუ რუსი ”მშვიდობისმყოფელები” მთიან ყარაბაღში ჩადგებიან: „ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ერთადერთი აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტი, რომელიც გვერდს უვლის რუსეთსა და ირანს. შესაბამისად, თუ რუსი "მშვიდობისმყოფელები” ჩადგებიან იქ, ამან შესაძლოა, ხელი შეუშალოს აღმოსავლეთი-დასავლეთის საჰაერო მიმოსვლას, ენერგოგანაწილებასა და ტელეკომუნიკაციების მარშრუტიზაციას“. გენერალს ასევე ვკითხეთ საქართველოში შავ ზღვაზე დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, როგორიცაა ანაკლიის პორტი, ბათუმის პორტის ტერმიანლის მშენებლობა (რომელიც პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება) და რუსეთის წანააღმდეგობებზე აღნიშნულ პროექტებზე:"რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს რა არის საუკეთესო საქართველოსთვის. მხოლოდ საქართველოს ხალხი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, იმისდა მიუხედავად, კრემლი თავად რას თვლის საუკეთესო გადაწყვეტილებად".
უნდა გავუშვათ თუ არა ბავშვები ბაღში და როგორ შევაგუოთ ახალ რეგულაციებს
12 ოქტომბერს, თბილისის 187 ბაღიდან, სასწავლო პროცესი 183 ბაღში განახლდა, 4 ბაღი, კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, ისევ გადაიდო. მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაღში ბავშვის მიყვანა, ამ პირობებში, რეკომენდირებული არ არის, ზოგი კი პირიქით მიიჩნევს. მშობელთა ნაწილი ამბობს, რომ მათი შვილები ახალ რეგულაციებს ვერ შეეგუებიან და ბაღში არმიყვანის მიზეზად, სწორედ ამას ასახელებენ. როგორ შევაგუოთ ბავშვი ახალ გარემოს, სწორია თუ არა მათი სახლში დატოვება და რამდენად სტრესულია ბავშვებისთვის ახალი რეგულაციები, „ევროპათაიმი“ ფსიქოლოგ მანანა პაჭკორიას ესაუბრა. - როგორც ფსიქოლოგი, როგორ აფასებთ ბაღის ახალ რეგულაციებს და რამდენად შესაძლებელია ბავშვებში ამ ახალმა წესებმა ფსიქოლოგიური სტრესი გამოიწვიოს? - თუ ბავშვი პირველად მიდის ბაღში, მისთვის ბაღი „რეგულაციების“ გარეშეც სტრესულია, რადგან ახალ გარემოსთან, ახალ შთაბეჭდილებებთან უწევს ადაპტაცია. ზოგადად ყოველი ცვლილება გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული და სტრესიც ორგანიზმის ჯანსაღი რეაქციაა. მთავარია სტრესთან გამკლავება, რაც მშობლებისა და აღმზრდელ-პედაგოგების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. მათ უნდა შეუქმნან ბავშვებს უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა, დაეხმარონ მათ დაძაბულობის მოხსნასა და განტვირთვაში. რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით არის შემუშავებული და პანდემიურ სიტუაციაში მისი დაცვა აუცილებელია ყველასთვის, მათ შორის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის. ამიტომ ბაღის პერსონალმა რომ შეძლოს რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, საჭიროა მათი გადამზადება. - რას ურჩევთ მშობლებს, როგორ მოამზადონ ბავშვები, რათა შედარებით მარტივად მიიღონ ახალი რეალობა? - როგორც ვხედავთ მთელი მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშეა და პანდემიამ სრულიად შეცვალა ცხოვრების ჩვეული რიტმი, რაც თავისთავად უარყოფითად აისახა ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით ბავშვებში. ამიტომ სწორი ინფორმირებულობა არის ერთადერთი გზა ბავშვებში შფოთვის და გაურკვევლობის შესამცირებლად, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დაშინების გზით. მე მესმის ბევრი მშობელი ემოციურად ლაბილურ მდგომარეობაშია და დღემდე ცდილობს პანდემიით გამოწვეულ სტრესთან შეგუებას. ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია. მაგრამ ისიც ვიცით, რომ მშობლის ემოციური ფონი ბავშვებზე აუცილებლად აისახება, ამიტომ თუ გვინდა, რომ ბავშვები დავიცვათ ნეგატიური ზემოქმედებისგან, ზოგადად როცა დავიწყებთ მსჯელობას ახალი კორონავირუსით გამოწვეულ რეგულაციებზე - ეს იქნება პირადად ბავშვთან, რომელიმე ოჯახის წევრთან თუ სამეგობრო წრეში - ჩვენ თვითონ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გაწონასწორებულობა, რადგან ბავშვები ჩვენს ქცევით მოდელებს იმეორებენ. ბავშვი უნდა იყოს ინფორმირებული ვირუსით გამოწვეული საფრთხეების შესახებ და იცოდეს მისი პრევენციის გზები, რამდენად აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, რეჟიმის დაცვა და ა. შ. შესაბამისი ილუსტრირებული ლიტერატურაც არის თარგმნილი, სპეციალურად ბავშვებიბსთვის ადაპტირებული, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უწევს რეკომენდაციას. როცა ბავშვებს ამ მასალას გავაცნობთ, ავუხსნით მათთვის გასაგებ ენაზე და შევამზადებთ, ისინი უფრო ადვილად მიიღებენ პანდემიით გამოწვეულ რეალობას. - შეიცავს თუ არა ფსიქოლოგიური სტრესის ნიშნებს იზოლაციის ოთახი? - როგორც გაწერილია ბაგა-ბაღებისთვის გაცემულ რეკომენდაციებში, თუ ბავშვს გამოუვლინდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, კერძოდ 37 ℃ ან 37 ℃ - ზე მეტი ტემპერატურა, გადაყვანილ უნდა იქნა საიზოლაციო ოთახში, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ ბავშვის მეთვალყურის გარეშე დატოვება დაუშვებელია. თუ ბავშვს გვერდით ეყოლება თავისი აღმზრდელი, ის მარტო არ იგრძნობს თავს, ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, იზოლაციის ოთახი რაიმე სტრესის შემცველია. ნებისმიერ სიტუაციაში ბავშვისთვის სიყვარულის და მხარდაჭერის გამოხატულებაა მთავარი, რომ მას ჰქონდეს დაცულობის განცდა. - ბევრი მშობელი არ აპირებს შვილის ბაღში მიყვანას, რამდენად სწორია გადაწყვეტილება და როგროც პროფესიონალი, რას ურჩევთ მათ? - პანდემიური ფონის გამო, მშობელმა თუ გადაწყვიტა ბავშვი ბაღში არ გაუშვას, ვერ ვიტყვით რომ არასწორად მოიქცევა. მითუმეტეს თუ სახლში ჰყავს დამტოვებელი და შეუძლია ბავშვს შეუქმნას შესაბმისი ასაკობრივი გარემო. მაგრამ ექიმების და დარგის სპეციალისტების მოსაზრებას რომ დავეყრდნოთ, ვირუსთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და თუ ეს გარდაუვალია, მაშინ რეკომენდაციების დაცვით მოგვიწევს ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება. ამ შემთხვევაში ბავშვის ბაღში წაყვანაც ჩვეული რეჟიმის ნაწილი იქნება, მართალია გარკვეული შეზღუდვების დაცვით, მაგრამ ბავშვებისთვის უფრო რეალური და მეტად სოციალური გარემოს შექმნით. - ხომ არ გაქვთ რჩევა მშობლებისთვის, თუ როგორ შეუვსონ თანატოებთან კონტაქტის დანაკლისი, რასაც ბაღის არარსებობა აჩენს? - ბავშვებს რომ შეუვსონ თანატოლებთან კონტაქტის დანაკლისი, მშობლები და ოჯახის წევრები ხშირდა უნდა ეთამაშებოდნენ მათ. ძალიან კარგია, როცა ბავშვები ასაკის შესაბამისი დატვირთვით, ჩართულები არიან საშინაო საქმეებში: შეგიძლიათ მათთან ერთად დაგეგმოთ დღე, დაალაგოთ სახლი, მოამზადოთ სადილი, ამეცადინოთ ჰიგიენის წესების დაცვაში, შეეჯიბროთ ხელების დაბანაში. ყოველდღე ახალი აქტივობის მოფიქრება უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის მათ დღეებს. - რამდენიმე სიტყვით, როგორ გავუმკლავდეთ მორიგ კარანტინს, თუ ამის აუცილებლობა ისევ დადგება დღის წესრიგში? - იმდენად ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ, უფრო და უფრო მეტად გვჭირდება სწრაფი ადაპტაციის უნარი, რომ შევძლოთ კრიზისის შესაძლებლობად ქცევა, საკუთარი რესურსების მაქსიმალური გამოყენება. ამიტომ მე ვურჩევდი ყველას, გაეცნონ ფსიქოემოციურ განათლებას. ემოციების რეგულაცია შეგაძლებინებთ შეიმეცნოთ საკუთარი თავი, გაუგოთ და გამოხატოთ ემპათია სხვების მიმართ. ემოციური სტაბილურობა არის მყარი იმუნიტეტის საფუძველი, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. მოტივაციას და ენერგიას ფიზიკური დატვირთისგან და ვარჯიშისგან მიიღებთ, რაც დაგეხმარებათ პოზიტიური აზროვნების შენარჩუნებაში, ახალი საქმის შესწავლა კი გიხსნით რუტინისგან. გისურვებთ ემოციურ სიჯანსაღეს! გაეცანით ახალ რეგულაციებს: აკრძალვები: ბაღში არ დაიშვებიან უცხო პირები, მათ შორის მშობლები; არ დაიშვებიან სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვები / პედაგოგები / ადმინისტრაცია; აკრძალულია სახლიდან სათამაშოების მოტანა; აკრძალულია ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება; აკრძალულია ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას;აკრძალულია მისალმებისას ხელის ჩამორთმევა და სხვებთან შეხება. ვალდებულებები: ბაღის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს ბავშვების / პერსონალის ტემპერატურის კონტროლი; რესპირატორული სიმპტომების გამოვლენისას ბავშვი მაქსიმალურად სწრაფად უნდა წაიყვანოს მშობელმა; მშობლის დროულად არ მოსვლის შემთხვევაში ბაღი უკავშირდება 112; ბავშვების გარდა, ყველა სხვა პირი ბაღში დაიშვება მხოლოდ ნიღბით; ბაღებმა უნდა უზრუნველყონ გარე სივრცეში ხანგრძლივად თამაშის ხელშეწყობა; ბაღმა უნდა იცოდეს, ბავშვს აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე, ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში;სამზარეულოში ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65 C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით, მანამდე ორჯერ გაირეცხოს არანაკლებ 40 C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით. პერსონალი: პერსონალი ვალდებულია სამუშაო პროცესი განახორციელოს დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად; პერსონალი ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენა; დღის განმავლობაში, როდესაც ბავშვები არ იმყოფებიან ოთახებში (მაგ. არიან ეზოში) უნდა მოხდეს სათამაშო და საძინებელი ოთახების დასუფთავება/დეზინფექცია და განიავება; დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი; სამზარეულოში მუშაობის დროს გამოყენებული იქნეს ერთჯერადი ნიღაბი, თავსაბურავი და ხელთათმანი; სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%-იანი ხსნარით; მუშაობის პერიოდში პერსონალმა უნდა უზრუნველყოს თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება. სპეციალურად „ევროპათაიმისთვის“
"რუსეთს აწყობს ყარაბაღის დაპირისპირება, რათა ორივე მხარე დასუსტდეს და მთლიანად კავკასიაში საკუთარი პოზიციები გააძლიეროს"
27 სექტემბერს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირება ისევ განახლდა. საბრძოლო შეტაკებები ორმხრივი მსხვერპლის ფონზე მიმდინარეობს. რა პროცესები მიმდინარეობს, მოსალოდნელია თუ არა გამწვავება და როგორია საქართველოს, რუსეთისა და თურქეთის როლი, „ევროპათაიმი“, რონდელის ფონდის მკვლევარს, ზურა ბატიაშვილს ესაუბრა. - ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებთ მთიან ყარაბაღში განხლებულ შეტაკებებს და რითი განსხვავდება წინა და ამჟამინდელ მდგომარეობა ერთმანეთისგან? - უპირველეს ყოვლისა, ეს არის ყველაზე ძლიერი შეტანკებები, რაც კი ბოლო 27 წლის მანძილზე ყოფილა. ამაზე მსხვერპლი და დაჭრილთა რაოდენობაც მიუთითებს. განსხვავება ტექნიკური თვალსაზრისით არის ის, რომ ინტენსიურად გამოიყენება ბრძოლის თანამედროვე საშუალებები, როგორიცაა, დრონები და მფრინავი აპარატებით, რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ დაზვერვა ხდება, არამედ თავად ამ აპარატებსაც მიაქვს შეტევა. თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით, კი დიდი განსხვავება არ ჩანს, რადგან თუ დავაკვირდებით პირველი და მეორე დღის აზერბაიჯანული მხარის შეტევებს, მესამე და მეოთხე დღეს დავინახეთ, რომ უფრო გაჩერებულია და მხარეები საარტელერიო და დრონების საშუალებით ამუშავებენ ერთმანეთს. რუსეთი ერთგარი შუამავლის როლს ირგებს და თითქოს არ ერევა, ეს ჩანს, მაგრამ განსხვავებით წინა შეტაკებებისგან, ვხედავთ თურქეთის აქტიურ ჩართულობას. - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმ ტერიტორიიდან, სადაც საკუთარი დროშა უკვე აღმართეს, გასვლას არ აპირებენ, რამდენად შესაძლებელია მდგომარეობა უფრო გამწვავდეს? - გამწვავება ყოველთვის შესაძლებელია. ორივე მხარეს აქვს რეზერვი. ჯერ არ გამოუყენებიათ შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები და იმედია აქამდე არც მივა საქმე. ასეთი ალბათობაც შესაძლებელია არსებობდეს, თუმცა ჯერ ორივე მხარე თავს იკავებს. ორივემ იცის რომ გამოყენების შემთხვევაში, იგივე იარაღს მეორე მხარეც გამოიყენებს. - რამდენად საფრთხის შემცველია არსებული მდგომარეობა საქართველოსთვის, როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია? - საქართველოსთვის რამდენიმე სახის საფრთხე არსებობს, ერთი ეს არის პოლიტიკური, რადგან ყოველთვის ვერ შეძლებ ასეთ სიტუაციაში ნეიტრალიტეტის ბოლომდე შენარჩუნებას, გაჭირდება ძალიან ყოველშემთხვევაში. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ ორივე მხარის მცდელობებს, თავის მხარეს გადაიყვანონ და მოკავშირედ გაიხადონ. მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ არსებობს სამხედრო საფრთხე, რომ რუსეთმა სომხეთის დახმარების საბაბით, მოითხოვოს სახმელეთო კორიდორის გაჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, რამაც გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოიტანოს ჩვენი ქვეყნისთის. ამავე დროს ჩვენ ვხედვათ, რომ არსებობს ეკონომიკური საფრთხეები. კონკრეტულად ორივე ქვეყანა ჩვენი სავაჭრო პარტნიორია. თუ კონფლიქტი დროში გაიწელა და ეკონომიკური პრობლემები შეექმნათ, აისახება საქართველოზეც, ისევე როგორც საზღვრების გახსნის შემდეგ ეს ქვეყნები ვერ შეძლებენ ტურისტების გამოგზავნას. მათ თუ პრობლემები შეექმნებათ, შემცირდება ინვესტიციები, რისი რესურსიც მათ არ ექნებათ. ასევე აქვს ჰუმანიტარული განზომილება, თუ ტოლვილთა ნაკადები გაჩნდა, ამ მიმართულებითაც მოგვიწევს მუშაობა. - როგორ შეაფასებთ პრემიერ მინისტრის მხრიდან მხარეებისთვის მოლაპარაკების ადგილად თბილისის შეთავაზებას? - შეთავაზება სწორია, უბრალოდ ეს არის უფრო კეთილი სურვილები, ვიდრე რეალობა. არ მგონია მხარეები ამას დათანხმდნენ. საქართველოს არც ამის გამოცდილება აქვს და არც რესურსი. არ ვამბობ რომ ეს კარგია, მაგრამ ფაქტია. ამის რესურსი აქვს რუსეთს, რუსეთი არის ერთადერთი ადგილი, სადაც ამ ორ ქვეყანას შეუძლია დაჯდეს და ილაპარაკოს. როდესღაც მხარეები დათანხმდებიან მოლაპარაკებას, უბრალოდ, ჯერჯერობით აცხადებენ, რომ არ არიან მზად. ჯერ უნდა მოხდეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და დანარჩენი შემდგომში იქნება. - რამდენად მოსალოდნელია, რუსეთმა ტრადიციულად მოირგოს მაშველის როლი, როგორც ეს 2008 წელს მოხდა და ამ შემთხვევაშიც ჩაერთოს? - რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ის რომ ახლა შედარებით არ ერევა არ ნიშნავს, რომ მართლა ნეიტრალურის პოზიცია აქვს. რეალურად აწყობს ეს დაპირისპირება, რათა ორივე მხარე დასუსტდეს და მერე მოირგოს შემრიგებლის როლი, რითაც საკუთარ პოზიციებს გააძლიერებს როგორც ამ ქვეყნებში, ისე მთლიანად კავკასიაში. - როგორია თურქეთის როლი და მოსალოდნელია თუ არა, რუსეთ-თურქეთის ინტერესები გადაიკვეთოს? - ტრადიციულად თურქეთი ყოველთვის აზერბაიჯანს უჭერდა მხარს, დღესაც და მომავალშიც ასე გააკეთებს. ერთი ერია და კულტურულ-ისტორიული კავშირები გააჩნიათ. ვხედავთ, რომ თურქეთი უფრო აქტიურია საგარეო პოლიტიკაში, მას აქვს ამბიცია რომ არის რეგიონული ლიდერი და შესაბამისად, იქცევა. ამ ლიდერობის სურვილში დაპირისპირებულია რუსეთთთან, რაც ვნახეთ ლიბიაში, სირიაში, ახლა ხდება ყარაბაღში. ეს მომავალშიც გაგრძლებდება და მითია ის, რომ რუსე- თურქეთი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. რეალურად ისინი ზოგჯერ ხდებიან ტაქტიკური მოკავშირეები და არა სტრატეგიული, რადგან გრძელვადიანად მათ სრულად განსხვავებული ინტერესები და პოლიტიკა აქვთ. ამ საუკუნეში გაშლილი დროშებით ომი ნაკლებად მოსალოდნელია. ისინი ადგილზე საკუთარი მოკავშირეების საშუალებით ებრძვიან ერთმანეთს. პირდაპირ ძნელად წარმოსადგენია და ეს კატასტროფა იქნებოდა. პირდაპირი ომის სიმძიმე ორივე მხარეს ესმის და ამიტომ მიმდინარეობს მოკავშირეების საშუალებით. - რეგიონში სიტუაციის გართულების შემთხვევაში, ალბათ საქართველოსაც მოუწევს ლტოლვილთა ნაკადის მიღება. როგორია რისკები და საფრთხეები, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მსოფლიო პანდემიას ებრძვის... - ეს არ არის ხელწამოსაკრავი თემა, ყველას გვაწუხებს, იმიტომ რომ გარდა პანდემიისა, საქართველოს ეკონომიკური საშალებები არ აქვს ათიათასობით ლტოლვილის მისაღებად. სპეციალურად "ევროპათაიმისთვის"
ბენ ჰოჯესი: "საქართველო ნატო–ს წევრი ახლა უნდა გახდეს!"
საქართველო ნატო–ს წევრი ახლა უნდა გახდეს, - ამის შესახებ Twitter-ზე ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი წერს. „საქართველო ნატო–ს წევრი ახლა უნდა გახდეს. შავი ზღვა ნატოსთვის რეგიონში მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. კრემლი შავ ზღვასა და ანექსირებულ ყირიმში განლაგებულ თავის ბაზებს სირიასა და ლიბიაში ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად იყენებს“, - წერს ბენ ჰოჯესი.
ჰოჯესი – ბათუმის პორტის ტერმინალზე: „ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ნატო–სთან უფრო დაახლოებას“
ამერიკელი გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებით, ბათუმის პორტის ტერმინალი „ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ნატო–სთან უფრო დაახლოებას“. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში, ნიშნავს, რომ ვაშინგტონი და ევროპა მეტ ყურადღებას დაუთმობენ ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს და რუსეთს გაურთულდება, განაგრძოს უკანონო ქმედებები. „კრემლმა იცის, რომ თუ აშშ და ევროპული ქვეყნები საქართველოში დიდ ინვესტიციებს განახორციელებენ, ეს სახელმწიფოები უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ უსაფრთხოების კუთხით რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს, მაგალითად, როგორიცაა უკანონო ოკუპაცია, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში დღემდე გრძელდება. ამასთან, ისინი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ რუსეთის პრეტენზიებს ტერიტორიული წყლებისა და ყირიმის გარშემო ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე. ეს გაზრდილი ყურადღება და ინტერესი კი რუსეთს გაურთულებს, გააგრძელოს უკანონო მოქმედებები შავი ზღვის რეგიონში. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ კრემლის ზეგავლენით ქვეყანაში დასავლეთის ბიზნესის განვითარებას ხელი შეუშალა. ამას კი მხოლოდ ზიანი მოაქვს ქართველი ხალხისთვის“, – განაცხდა ჰოჯესმა. კითხვაზე, ბათუმის პორტის ტერმინალი ანაკლიის პროექტთან ერთად, დაეხმარება თუ არა საქართველოს ნატო–სთან უფრო დაახლოებაში და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაში?“, ამერიკელმა გენერალმა შემდეგი განაცხადა: „რა თქმა უნდა, მაგრამ, დასავლეთის ინვესტიციებით საქართველოს ეკონომიკის განვითარება დამოკიდებულია ქვეყანაში სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობაზე. საქართველოს ხელშია, შექმნას ქვეყანაში ასეთი გარემო“. მისივე თქმით, აშშ მოელის, რომ საქართველო მის მიერ გაცხადებული ლიბერალური დემოკრატიის კურსით სვლას განაგრძობს: „კონგრესის კომიტეტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შემცირების კანონპროექტი. ეს არის გზავნილი, რომ აშშ საქართველოს პარტნიორად რჩება და რომ ჩვენ ვაფასებთ ამ ურთიერთობას. ამასთან, ნიშნავს, რომ გვაქვს მოლოდინი, საქართველო მის მიერ გაცხადებული ლიბერალური დემოკრატიის კურსით სვლას განაგრძობს. ეს კი მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ბოროტულ ზეგავლენას (კორუფცია, დეზინფორმაცია და მუქარები). ამ კუთხით მარცხის მაგალითი ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებაა, რომელმაც სწორედ კრემლის ზეგავლენის გამო ვერ წაიწია წინ. აშშ–ის კონგრესი მოელის, რომ ქვეყანაში იქნება უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და გამჭვირვალეობა, რომელიც საქართველოს დაეხმარება, წინააღმდეგობა გაუწიოს კრემლის ზეგავლენას და იმ ზოგიერთ ქართველ ოფიციალურ პირებს, რომელიც ამ ზეგავლენის მომხრეა“. ცნობისთვის: ბათუმის პორტში „კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობას კომპანია “Wondernet Exspress Investment Group” და ამერიკული უმსხვილესი ტრეიდული კომპანია “Trammo” ახორციელებენ. ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და წლის ბოლოსთვის იგი უკვე სრულ მზადყოფნაში იქნება. „ტრამო“ „ფორბსის“ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიების სიაში 56-ე ადგილს იკავებს.