ახალი ამბები

ჯო ბაიდენმა განმარტა უკრაინაში „მცირე შეჭრაზე“ განცხადება, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინასთან დაკავშირებით საკამათო განცხადების შემდეგ განმარტა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში რუსეთის შეჭრად მიიჩნევს ნებისმიერი რუსული დანაყოფის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას. „აბსოლუტურად მკაფიო ვიყავი პრეზიდენტ პუტინთან და ეს მისთვის გასაგებია. თუკი უკრაინის საზღვართან განთავსებული რომელიმე ქვედანაყოფები გადაკვეთენ საზღვარს, ეს არის შეჭრა. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თუ პუტინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთს ძვირი ფასის გადახდა მოუწევს“, - განმარტა ბაიდენმა. მანამდე, 20 იანვარს, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთს ვითარების ესკალაციის შემთხვევაში ისეთ სანქციებს დაუწესებს, რაც დღემდე არ უნახავს. მანვე აღნიშნა, რომ თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება, დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ. განმარტება გააკეთა თეთრმა სახლმაც. ვოლოდიმირ ზელენსკი: გვინდა, შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი

თურქეთის პრეზიდენტი: იმედი მაქვს, რეგიონში უარყოფითი მოვლენები არ განვითარდება

"თურქეთი მშვიდობის დამყარებისკენ მიისწრაფვის და იმედი მაქვს, რომ რეგიონში უარყოფითი მოვლენები არ განვითარდება", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „რეგიონში ომის ფსიქოლოგია გვაწუხებს. თურქეთს კავშირები ორივე მხარესთან აქვს. იმედი ვაქვს, რაც შეიძლება მალე უზრუნველვყოფთ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირისპირი შეხვედრის გამართვას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 19 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

ჟენევაში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს

ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე მედიისთვის გაკეთებული განცხადებისას ენტონი ბილინკენმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა დაძაბულობის განმუხტვის ნაწილია. „ძალიან ვაფასებ ამ შეკრების შესაძლებლობას. აქ მოვედი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან კონსულტაციების შემდეგ. ეს არის მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, რათა მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენი პარტნიორები იზიარებენ ჩვენს ღრმა შეშფოთებას, ყველა თანაბრად ერთგული ვართ დიპლომატიისა და დიალოგის მიმართ, რათა გადაწყდეს ჩვენი უთანხმოება. ჩვენ ასევე მზად ვართ, თუ ეს შეუძლებელი იქნება და რუსეთი გადაწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას, მას ერთიანი და სწრაფი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა ბლინკენმა. ამასთან, როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრისგან „გარღვევას არ ელოდება“. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის მიერ შეთავაზებული „უსაფრთხოების გარანტიები“ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან NATO-ს ჯარების გაყვანასაც ითვალისწინებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის მიერ შეთავაზებული „უსაფრთხოების გარანტიები“ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან NATO-ს ჯარების გაყვანასაც ითვალისწინებს

"რუსეთის მიერ შეთავაზებული „უსაფრთხოების გარანტიები“ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან NATO-ს ჯარების გაყვანასაც ითვალისწინებს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მოსკოვი NATO-სგან ითხოვს გარანტიებს, რომ ბლოკი შეაჩერებს გაფართოებას და დაუბრუნდება 1997 წლის კონფიგურაციას. კითხვაზე თუ რას გულისხმობს ეს მოთხოვნა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანს 1997 წლის შემდეგ შეურთდნენ, სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთს სურს NATO-მ ამ ქვეყნებიდან ყველა უცხოური ჯარი, იარაღი და სხვა სამხედრო ტექნიკა გაიყვანოს. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ხვდება. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, NATO-ს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდეს

ჯანდაცვის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. „საუბარი შეეხო თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების მედიკამენტების შემოტანას, რაც წამლის ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. შეხვედრაზე მხარეებმა covid19-ის მართვის მექანიზმებზე იმსჯელეს. ზურაბ აზარაშვილმა თურქეთის ელჩს საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ფატმა ჯერენ იაზგანმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ამავე თემაზე ჯანდაცვის მინისტრი: მოქალაქეები თურქეთში მიდიოდნენ მედიკამენტების ჩამოსატანად, რადგან ზუსტად იგივე წამალი იქ 10-ჯერ იაფი ღირს ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის წამლები

ენტონი ბლინკენი: 300 000-მდე ქართველი კვლავ დევნილია საკუთარი სახლებიდან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე კიდევ ერთხელ, ამჯერად ბერლინში ვიზიტისას ისაუბრა. „ცამეტი წლის შემდეგ, თითქმის 300 000 ქართველი კვლავ დევნილია საკუთარი სახლებიდან. მეორე არის მოლდოვა, სადაც ხალხოის ნების საწინააღმდეგოდ ჰყავს განლაგებული საკუთარი ჯარი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. „ყველა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გახდა სუვერენული სახელმწიფო 1990 და 1991 წლებში. ერთ-ერთი მათგანია საქართველო. რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა“. მეორე არის მოლდოვა, სადაც რუსეთს ხალხოის ნების საწინააღმდეგოდ ჰყავს განლაგებული საკუთარი ჯარი. თუ რუსეთი შეიჭრება და დაიკავებს უკრაინას, რა იქნება შემდეგი? რასაკვირველია, გაძლიერდება რუსეთის მცდელობები, გადააქციოს მეზობლები მარიონეტულ სახელმწიფოებად, გააკონტროლოს მათი საქმიანობა, ჩაახშოს დემოკრატიული გამოხატვის ნებისმიერი ნაპერწკალი. როგორც კი უარვყოფთ სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის პრინციპს, დავბრუნდებით სამყაროში, სადაც აღარ იარსებებს წესები, რომლიც ჩამოყალიბებაზეც ათწლეულების განავლობაში ერთად ვმუშაობდით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწფო მდივანმა.

საქართველოში ეუთოს მისიის ორგანიზებით, ერგნეთში შეხვედრა იმართება

საქართველოში ეუთოს მისიის ორგანიზებით, ერგნეთში შეხვედრა იმართება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში რუსული მხარის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრას ტექნიკურად ორგანიზებას უწევს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, თუმცა, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მედიას განუცხადეს, უშუალოდ შეხვედრაში თავად არ მონაწილეობენ. ცნობისთვის, გუშინ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აშშ-მა ბელარუს მაღალჩინოსნებს თვითმფრინავის გატაცებაში ბრალი დასდო

აშშ-მა ბელარუსი მაღალჩინოსნები ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის გატაცებაში დაადანაშაულა. ამასთან, ბრალდებულებს შორის არიან „ბელაერონავიგაციის“ ხელმძღვანელი ლეონიდ ჩურო და მისი მოადგილე ოლეგ კაზიუჩიცი. გამოძიების ცნობით, მათ „რაინეარის“ თვითმფრინავზე არსებული ბომბის შესახებ ინფორმაცია გააყალბეს, რათა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი, ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დაეკავებინათ. ცნობისთვის, საქმე ეხება 2021 წლის მაისში, მინსკის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სამგზავრო თვითმფრინავი იძულებით დასვეს. ამ დროს სხვა მგზავრებთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა აშშ-ის ოთხი მოქალაქეც.

უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს თხოვნით მიმართა

უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფისა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მონახულების ნებართვის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ დენისოვა სოციალირ ქსელში დაწერა. „ქართველ პარლამენტარებს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მიიღოს ზომები უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. ვესაუბრე მომავალ თვეში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების გეგმების შესახებ. შესაბამისი ნებართვის თხოვნით საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც მივმართე,“ - წერს დენისოვა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთი აშშ-ის წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად ხუთ დეზინფორმაციულ ნარატივს იყენებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ ყველაზე აქტიურად გამოყენებული ხუთი დეზინფორმაციული ნარატივი გამოაქვეყნა. Europetime გთავაზობთ რუსეთის დეზინფორმაციული ნარატივის ჩამონათვალს: 1) „რუსეთი უდანაშაულო მსხვერპლია“ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთს წარმოაჩენენ უდანაშაულო მსხვერპლად, მის აგრესიულ ქმედებებს კი იძულებით პასუხად შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მიმართ. ამ სიყალბის „დასამტკიცებლად“ რუსეთი თავის ერთ-ერთ ფავორიტ იარლიყს - „რუსოფობიას“ იყენებს. მაგალითად, რუსეთი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დამოუკიდებელ ქვეყანაში მის შეჭრაზე ნეგატიური რეაქცია მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ ხალხს რუსეთი სძულდა და ეშინოდა მისი. 2) ისტორიის დამახინჯება როდესაც ისტორია არ შეესაბამება კრემლის პოლიტიკურ მიზნებს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მარიონეტები უარყოფენ ისტორიულ მოვლენებს ან ამახინჯებენ ფაქტებს. მაგალითად, პუტინმა მეორე მსოფლიო ომის დაწყების შესახებ დამახინჯებული ვერსია გამოაქვეყნა, ის საბჭოთა როლის მინიმიზაციას ახდენდა და სხვა ქვეყნებს სდებდა ბრალს. რუსეთი ხშირად დგამს ასეთ ნაბიჯს და ვინც არ ეთანხმება მის მიერ ისტორიის დამახინჯებულ ვერსიას, ნაცისტებად ან ნაცისტების მომხრეებად ასახელებს. 3) „დასავლური ცივილიზაციის კოლაფსი გარდაუვალია" რუსეთი ავრცელებს ყალბ ცნობებს იმის შესახებ, რომ დასავლური ცივილიზაცია იშლება და შორდება „ტრადიციულ ღირებულებებს“, რადგან ის მუშაობს ლგბტქი+ ადამიანების უსაფრთხოებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ისეთ ცნებებს, როგორიცაა ქალთა თანასწორობა და მულტიკულტურალიზმი. დასავლური ცივილიზაციის დაღუპვა რუსეთის ერთ-ერთი უძველესი დეზინფორმაციული „ტროპია“, რომელიც მე-19 საუკუნიდან არის „დოკუმენტირებული“. 4) „ფერადი რევოლუციები“ აშშ-ის მიერ არის დაფინანსებული“ კრემლს უჭირს იმის აღიარება, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და რომ მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს თავისი ხალხის წინაშე. რუსეთი ადანაშაულებს შეერთებულ შტატებს საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, მოლდოვაში, უკრაინაში და მთელ ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში აჯანყებების წაქეზებაში ან „ფერადი რევოლუციების“ მოწყობაში. რეალობა სულ სხვაა: როდესაც სახალხო მოძრაობა თუ პოლიტიკური ჯგუფები დემოკრატიასა და რეფორმებს უჭერენ მხარს და ამას რუსეთი არ ჩათვლის თავის გეოპოლიტიკურ ინტერესად, კრემლი იწყებს თავდასხმას და ნარატივის მტკიცებას, რომ ამ მოძრაობის უკან ფარულად შეერთებული შტატები დგას. ეს უსაფუძვლო ბრალდებები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელ მედიის დისკრედიტაიას ისახავს მიზნად, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას და კორუფციას ააშკარავებს. 5) რეალობის წარმოჩენა ისე, როგორც კრემლს სურს კრემლი ხშირად ცდილობს, შექმნას უამრავი ყალბი რეალობა, როდესაც სიმართლე მის ინტერესებში არ შედის. მისი მიზანია რუსეთის მთვრობის რეალური პასუხისმგებლობიდან ყურადღების გადატანა ამა თუ იმ მოვლენაზე. საამისოდ, რუსეთი იყენებს მის მიერ კონტროლირებად მედიას და სოციალურ ქსელებს, რათა გაავრცელოს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და მიმართოს მანიპულაციას. ამის მაგალითია 2008 წელს, რუსეთის შეჭრა საქართველოში და ოკუპაცია, რომელიც დღემდე გრძელდება.

თენგიზ ცერცვაძე: უახლოეს დღეებში, შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ველით

"უახლოეს დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ველით", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვირუსით ინფიცირების მატება მთელს მსოფლიოში მოხდა და არც საქართველო იქნება გამონაკლისი. „უახლოეს დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ველით. ისევე, როგორც ეს მოხდა მთელ მსოფლიოში. ვისაც მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს, მათ იშვიათად ემართებათ, ამიტომაც მასობრივი ვაქცინაცია არის პანდემიის დაძლევის და თუნდაც „ომიკრონის“ თავიდან აცილების საშუალება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ცნობისთვის, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 8767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 8767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 386 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 725 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 661 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.55%, ბოლო 14 დღის - 11.39% ხოლო 7 დღის - 12.76%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 173 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 951 428. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარა - 851, იმერეთი - 861, ქვემო ქართლი - 351, შიდა ქართლი - 538, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334, კახეთი -277, მცხეთა-მთიანეთი - 176, სამცხე-ჯავახეთი - 165, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 64 625 საიდანაც: 4 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 858, აჭარაში - 612, იმერეთში - 795. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 419, აჭარაში - 131, იმერეთში - 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 286 პაციენტი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 50, იმერეთში - 20. 1 895 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 139 - თბილისში, 563 - აჭარაში. 58 388 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 20 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 059 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 059-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 643 528 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 030 710 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 951 428, გარდაიცვალა 14 631პაციენტი. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

პარლამენტი დღეს, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ჩანაწერი ითვალისწინებს, სადაც აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ნათელაშვილი და ხოშტარია საშემოდგომო სესიის არც ერთ სხდომას არ დასწრებიან.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთსა და რუსეთს ვაფრთხილებთ, დიქტატურას წინ აღვუდგებით

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი ჩინეთსა და რუსეთს აფრთხილებს, რომ დიქტატურას წინ აღუდგება. როგორც ავსტრალიაში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, დასავლეთმა ერთობლივად უნდა უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს, განამტკიცოს კავშირი ინდო-წყნარი ოკეანეთის დემოკრატიებთან და წინ აღუდგეს გლობალურ აგრესორებს. „მათ სურთ დიქტატურის ექსპორტი მთელ მსოფლიოში, სწორედ ამიტომ, რეჟიმები ბელარუსში, ჩრდილოეთ კორეასა და მიანმარში ყველაზე ახლო მოკავშირეებს პოულობენ მოსკოვსა და პეკინში. დროა, თავისუფალი სამყარო ფეხზე წამოდგეს“, – ამბობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამასთან, ტრასმა ასევე მოუწოდა პუტინს, უკან დაიხიოს უკრაინიდან, ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს.

აშშ-მ პერსონალური სანქციები დაუწესა ორ უკრაინელ დეპუტატს, რომლებიც რუსეთის ეფ-ეს-ბე-ს დავალებების პირდაპირი შემსრულებლები არიან

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რადას მოქმედი დეპუტატები, ტარას კოზაკი და ოლეგ ვოლოშინი მოხვდნენ. სულ ოთხ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს შეეხება ეს ზომა, მიზეზი უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან კავშირია. სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქცირებულები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ)-ს დავალებით მოქმედებდნენ და ადრე რუსეთთან თანამშრომლობდნენ სუვერენული ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით. უწყებისვე ცნობით, კოზაკი უკრაინაში ახალი ამბების არხებს აკონტროლებს და მისი მიზანი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვის წევრების დამცირება იყო. ვოლოშინი კი რუსეთთან იმ მიზნით მუშაობდა, რომ ძირი გამოეთხარა უკრაინელი მაღალჩინოსნების საქმიანობისთვის. საქმეში საუბარია ასევე უკრაინის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე.

ჟენევაში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართება

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი უკვე ჟენევაში იმყოფებიან, სადაც დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის მიერ უსაფრთხების გარანტიებთან დაკავშირებული წინადადებები იქნება. როგორც ცნობილია, რუსეთი ითხოვს გარანტიას, რომ NATO აღარ გაფართოვდება და ალიანსი შეწყვეტს შეიარაღების განლაგებას რუსეთის საზღვრების სიახლოვეს. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, NATO-ს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გზას აირჩევს, აშშ რუსეთის ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს

ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის წერილი მიხეილ სააკაშვილს: განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით თქვენი ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს

მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და სრულად დაიცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიებით დადგენილი მოთხოვნები, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ევროპის კავშირის საბჭოს სახელით პრეზიდენტ შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელი ფრედერიკ ბერნარდი და ევროკომისიის სახელით: პრეზიდენ ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტის ხელმძღვანელი ბიორნ ზიბერტი უგზავნიან. როგორც წერილშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, მოხდეს შემდგომი დეესკალაცია და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად შეიტანონ ამაში წვლილი. „ძვირფასო ბატონო მიხეილ, გმადლობთ 2021 წლის 14 ოქტომბრის წერილისთვის. მივესალმებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში თქვენს გადაყვანას და შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას და გისურვებთ წარმატებულ გამოჯანმრთელებას. საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, უზრუნველყოს ადეკვატური მკურნალობა. მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და სრულად დაიცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიებით დადგენილი მოთხოვნები. მომავალში, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს შემდგომი დეესკალაცია და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად შეიტანონ ამაში წვლილი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით თქვენი ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს, ისევე, როგორც თქვენს მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას. გარდა ამისა, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, რომელიც დაიცავს ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლეს სტანდარტებს და მოაგვარებს იმ ნაკლოვანებებს, რისი მოწმენიც გავხდით ბოლო არჩევნებზე, არის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური მოლოდინი, არამედ გადამწყვეტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის და გამომდინარეობს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან. საყოველთაო ჩართულობებით რეფორმების დროული გატარება და განხორციელება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და სახელმწიფოს მდგრადობის კუთხით რეალური პროგრესის საუკეთესო საშუალებად. ეს კი დაასრულებს მძიმე პოლარიზაციას, რომელიც ამჟამად აზიანებს ქართულ პოლიტიკურ სისტემას”, -წერია წერილში. ასევე წაიკითხეთ: ადვოკატი: შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიხეილ სააკაშვილს წერილი გამოუგზავნეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა არ აპირებს, ისევ საკუთარი მოქალაქეების სისხლით გადაიხადოს პარტნიორების უუნარობის გამო

"უკრაინა არ აპირებს, ისევ საკუთარი მოქალაქეების სისხლით გადაიხადოს პარტნიორების უუნარობის გამო, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განცხადა. „რუსეთს არასწორხაზოვნად მოქმედება შეუძლია, ამიტომ უკრაინა არ მიიღებს ახსნის არანაირ მცდელობას, რომ რუსეთის შესაკავებლად არ არის საჭირო რამის გაკეთება, რადგან ეს „არაა საკმარისად მასშტაბური შემოჭრა“ ან არ არსებობს „საკმარისი მტკიცებულებები“, რომ ეს რუსი ჯარისკაცები არიან, ან თუნდაც, ფერმერები, მეშახტეები ან უცნობი „პატარა მწვანე კაცები“ არიან. ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის პრეზიდენტი: ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა სენატორი რობ პორტმანი: ღრმად შეწუხებული ვარ ბაიდენის მიერ უკრაინაზე გაკეთებული კომენტარით

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუმარტა, ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ჩანაწერი ითვალისწინებს, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. დეპუტატის თქმით, ნათელაშვილი და ხოშტარია საშემოდგომო სესიის არც ერთ სხდომას არ დასწრებიან. „ავტომატურად მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. ბუნებრივია, კომიტეტი ვალდებულია, საკითხი განიხილოს და დასკვნა პარლამენტის პლენარულ სხდომას მიაწოდოს. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.