ახალი ამბები
პენიტენციური სამსახური გარდაცვლილი პატიმრების ვინაობას ასაჯაროებს
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა", - ამის შესახებ სპეციალური პენტიტენციური სამსახურის პრესრელიზშია ნათქვამი. უწყების ცნობით, ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული. "ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია ,,ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ. დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება ,ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურს. ასევე ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.ხანძრის გამომწვევი მიზეზების და გარემოებების დადგენა მოხდება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში", - აცხადებენ უწყებაში. რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი 14 ოქტომმბერს დაახლოებით 14:00-ზე გაჩნდა. ხანძარმა ორი პატიმარი იმსხვერპლა. მომხდარის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა და ომბუდსმენმა გამოძიება დაიწყეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, N17 დაწესებულება მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N5, N6, N12, N16) დაწესებულებებისგან.
ბოლო 24 საათში, მხოლოდ 3 843 ადამიანი აიცრა
14 ოქტომბერს საქართველოში მხოლოდ 3 843 ადამიანი აიცრა. 15 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 899 938 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 1 007 399 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.5 %. სრულად ვაქცინირებულია 892 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.2% საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 874 845 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 000 785 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35.2%. სრულად ვაქცინირებულია 874 060 - მოზრდილი მოსახლეობის 30.6%. 13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837. ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ახალი 3 270 შემთხვევა გამოვლინდა. 26 ინფიცირებული გაირდაიცვალა, 1 298 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 34 394 პაციენტია. საავადმყოფოში 5 153 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 1 154 ინფიცირებული. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 პაციენტი, 907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 28 334 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს.
BBC: 43 ათას კოვიდინფიცირებულს ტესტებმა უარყოფითი პასუხი უჩვენა, რის გამოც ტესტის მწარმოებელმა ლაბორატორიამ მუშაობა შეაჩერა
ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 43 ათას კოვიდინფიცირებულს ტესტებმა უარყოფითი პასუხი უჩვენა, რის გამოც ტესტის მწარმოებელმა ვულვერჰემპტონის ლაბორატორიამ მუშაობა შეაჩერა. საქმე ეხება PCR ტესტებს. როგორც BBC იუწყება, მჟამად ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები უკავშირდებიან იმ პირებს, ვისი კოვიდტესტის პასუხიც შესაძლოა, არასწორი ყოფილიყო, რათა მათ ლაბორატორიული შემოწმება ხელახლა ჩაიტარონ. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ტესტების არასწორი პასუხების ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც არაერთ ადამიანს, სწრაფი ტესტის შედეგად კოვიდი დაუდგინდა.
ადვოკატი: ერთ-ერთი პატიმარი მეორეს გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ კვამლის გამო გარეთ ვეღარ გამოაღწიეს
ერთ-ერთი გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატის ჯაბა კოჭლამაზაშვილის განცხადებით, რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ერთი პატიმარი მეორის გადასარჩენად შევიდა, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო ორივე გარდაიცვალა. მისი თქმით, პატიმრები საავადმყოფოში შეყვანისას, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილები იყვნენ. "ერთ-ერთი პატიმარი, რომლის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, შევარდა შიგნით მეორე პატიმრის გადარჩენის მიზნით, სამწუხაროდ, იქიდან ვეღარ გამოვიდნენ ძლიერი კვამლის გამო. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ", - აცხადებს ჯაბა კოჭლამაზაშვილი. რუსთავის ციხეებთან ამ დროისთვის მიდიან სხვა პატიმრების ოჯახის წევრები, რომ გაიგონ რა მდგომარეობაში არიან მათი ახლობლები - ხანძრის შემდეგ მსჯავრდებულებს შეზღუდულები ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან. რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი 14 ოქტომმბერს დაახლოებით 14:00-ზე გაჩნდა. ხანძარმა ორი პატიმარი იმსხვერპლა. მომხდარის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა და ომბუდსმენმა გამოძიება დაიწყეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, N17 დაწესებულება მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N5, N6, N12, N16) დაწესებულებებისგან.
დავით სერგეენკო: გიგი უგულავას საქციელს ვერაფრით გავამართლებ, იზოლაციის პერიოდის გავლამდე, არ შეიძლება, ირგვლივ მყოფებს ასეთი რისკი შეუქმნა
"გიგი უგულავას საქციელს ვერაფრით გავამართლებ, იზოლაციის პერიოდის გავლამდე, არ შეიძლება, ირგვლივ მყოფებს ასეთი რისკი შეუქმნა", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. გიგი უგულავას 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა 14 ოქტომბრის აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ მას ამის ნება ექიმებმა დართეს. დავით სერგეენკოს თქმით, ამ ფაქტს სპეციალური სამსახურები შეისწავლიან. „ამ საკითხით თამაში არაფრით შეიძლება. ჯანმრთელობა პოლიტიკას და იმიჯის შექმნას არ უნდა შესწირო, ეს არ უნდა დადო საპირწონედ. ეს არაფრით შეიძლება და არაფრის ფასად, სანამ იზოლაციის პერიოდი არ გაქვს გავლილი. არ შეიძლება, ირგვლივ მყოფ ადამიანებს ასეთი რისკი შეუქმნა და ამ საქციელს ვერაფრით გავამართლებ. დადგენილია წესები, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა კოვიდინფექცია აქვს, ამის დარღვევა არაფრით შეიძლება. რაც შეეხება, რატომ არ მოხდა რეაქცია, ალბათ შესაბამისი რეაქცია იქნება, თუ დადასტურდება, რომ მან ეს წესები დაარღვია. ახლა ყველანი ვსაუბრობთ იმაზე, რაც ამ ადამიანმა თქვა და ეს არ არის ურყევი ჭეშმარიტება, რომ ახლა ყველანი დავიძრათ პარლამენტიდან და პასუხი მოვთხოვოთ. არის ამის სამსახურები, რომლებიც შეისწავლიან და მიხედავენ. კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა. „არ შემეძლო, დღეს აქ არ მოვსულიყავი, მადლობა ექიმებს, რომ მომცეს ამის საშუალება“, – განაცხადა აქციაზე. მოგვიანებით, უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიმპტომები აღარ აქვს, აღარც გადამდებია. მისივე თქმით, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, ყოფილიყო აქციაზე, ხალხთან ერთად.
ომბუდსმენი რუსთავის ციხეში ორი პატიმრის გარდაცვალების საქმეს იკვლევს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი პატიმრის გარდაცვალების გარემოებები შესწავლა დაიწყო. რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი გუშინ, დაახლოებით 14:20 საათზე გაჩნდა. ციხის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, N17 დაწესებულება მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N5, N6, N12, N16) დაწესებულებებისგან.
სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს, რომ სუსი-ის ფაილებში არსებული ჟურნალისტების და დეპუტატის ფარულ მოსმენა/მიყურადებაზე მეთვალყურეობა არ გაუწევია
სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს, რომ სუსი-ის ფაილებში არსებული 6 ჟურნალისტისა და პარლამენტის წევრის ფარულ მოსმენა/მიყურადებას მისი მეთვალყურეობის ფარგლებში ადგილი არ ჰქონია 2021 წლის 30 სექტემბერს GDI-მ მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და დაცვის ქვეშ მყოფი პირების საუბრების მოსმენა/მიყურადების კანონიერების გადამოწმება მოითხოვა. 2021 წლის 11 ოქტომბრით დათარიღებული წერილში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის გადამოწმების შედეგად, მითითებულ მოსმენა/მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით, არ გამოვლენილა გარემოებები, რაც განმცხადებელთა (კანონიერი მოსმენა/მიყურადების შემთხვევაში) ინფორმირების ვალდებულებას წარმოშობდა. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორმა GDI-ს განცხადება გადააგზავნა თბილისის პროკურატურაში რეაგირებისთვის. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ GDI-ს დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ განხორციელებული მოსმენა/მიყურადება კანონიერი არ ყოფილა. საქმე ეხება 2021 წლის 14 სექტემბერს, სხვადასხვა მედია საშუალების მეშვეობით, გავრცელებულ ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, უკანონოდ უსმენდა სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ადვოკატების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და სხვა პირების პირად საუბრებს. გავრცელებული მასალის მოცულობა მიუთითებს, რომ უკანონო მოსმენებს ჰქონდა სისტემური ხასიათი. GDI იცავს ჟურნალისტების: ქეთი ნადიბაიძის, მარტა ქურასბედიანის, მარიამ გეგუჩაძის, ნოდარ რუხაძის, თათუშა არველაძის, ნანუკა ბრეგაძისა და პარლამენტის წევრი, თიკა ბოკუჩავას ინტერესებს. ჟურნალისტებმა და პარლამენტის წევრმა გავრცელებულ მასალაში აღმოაჩინეს ინფორმაცია თავიანთი საუბრების უკანონო მიყურადების შესახებ. მათ უშუალო ზიანი მიადგათ დანაშაულის შედეგად, შეილახა მათი კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს, GDI-მ ბენეფიციართა სახელით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურას მიმართა. აღნიშნულ მოთხოვნას პროკურატურამ პასუხი არ გასცა, მიუხედავად იმისა რომ ევალებოდა ადვოკატის მოთხოვნაზე 48 საათის განმავლობაში გამოეცა დადგენილება და დაზარალებულად ეცნო ან უარი ეთქვა, უკანონო მოსმენების მსხვერპლებისთვის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მოთხოვნის უგულებელყოფის გამო, GDI-მ 2021 წლის 8 ოქტომბერს ზემდგომი პროკურორის სახელზე წარადგინა საჩივარი და მოითხოვა უკანონო მოსმენების მსხვერპლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით, აღნიშნულ განცხადებაზეც დღემდე GDI-ს პროკურატურისგან პასუხი არ მიუღია. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით და დასაჯოს ყველა პირი, ვინც უკანონოდ უსმენდა ადამიანების კერძო საუბრებს, მათ შორის ის პირები, ვინც ბრძანებას გასცემდნენ უკანონო მოსმენების შესახებ. ამასთან, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, დანაშაულის მსხვერპლებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი, რათა მათ შეძლონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებებით, მათ შორის საქმის მასალების გაცნობის ან/და საქმის მასალების ასლების მიღების უფლებით სარგებლობა.
რუსთავის ციხეში, ხანძრის შედეგად დაღუპული ორი პატიმრის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს
№17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი პატიმრის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. „2021 წლის 14 ოქტომბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც №17 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ორი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა ადგილმდებარეობა; დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა; შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით ტარდება ხანძრის კერის ადგილის დათვალიერება, რომლის შემდგომ დაინიშნება სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა გამოკითხვა; მიმართული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის №17 დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, რათა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდეს ჩანაწერების გამოთხოვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აცხადებენ უწყებაში. რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინდელ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი გუშინ, დაახლოებით 14:20 საათზე გაჩნდა. ციხის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება მოხდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, N17 დაწესებულება მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N5, N6, N12, N16) დაწესებულებებისგან.
დღეიდან იტალიაში ყველა დასაქმებულისთვის კოვიდპასპორტის წარდგენა სავალდებულო ხდება
დღეიდან იტალიაში ყველა დასაქმებულისთვის კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო ხდება. იტალიის მთავრობამ აღნიშნული დადგენილება 16 სექტემბერს მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკაში კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაციის ვალდებულების შესახებ რეგულაციები ახლო მომავალში გახდება ცნობილი. შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის 66 მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული. მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 240 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა ლატვიაში. ინფიცირებულთა შორისაა ლატვიის პრეზიდენტიც. შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის დამოუკიდებელმა ექსპერტთა ჯგუფმა რეკომენდაცია გაუწია "მოდერნას" ვაქცინით "ბუსტერ" დოზის გაკეთებას 65 წელს გადაცილებული ადამიანებისა და რისკჯგუფში შემავალი პირებისთვის.
პენიტენციური სამსახური: რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში გუშინდელი ხანძრისას ორი ადამიანი დაიღუპა
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ორი ადამიანი. ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გარდაცვლილები პატიმრები არიან. N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი გუშინ, დაახლოებით 14:20 საათზე გაჩნდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, N17 დაწესებულება მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N5, N6, N12, N16) დაწესებულებებისგან.
ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევა, 26 გარდაცვლილი და 1154 მძიმე პაციენტი
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ახალი 3 270 შემთხვევა გამოვლინდა. 26 ინფიცირებული გაირდაიცვალა, 1 298 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 34 394 პაციენტია. საავადმყოფოში 5 153 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 1 154 ინფიცირებული. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 პაციენტი, 907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 28 334 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს. 14 ოქტომბერს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 843 ადამიანი აიცრა.
სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გი რაიდერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დასაქმების, შრომისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მიმართულებით პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრეს. „ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ინკლუზიური სოციალური დიალოგი, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის საშუალებას იძლევა. პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოში ტექნიკური დახმარების პროგრამების მოცულობის გაზრდის საკითხი დასვა, რაზეც ორგანიზაციის მხრიდან თანამშრომლობის მზაობა გამოითქვა, რათა მოხდეს ახალი რეგულაციების და დაცვის მექანიზმების ეფექტური დანერგვა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროფესიული უნარების განვითარების კუთხით, ILO -სა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობის შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა დიმიტრი ხუნდაძე: 20 ლარიდან 320 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდა სამუშაო ადგილებს შეამცირებს
პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობის სამთავრობო გეგმას მხარი დაუჭირა
პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობის სამთავრობო გეგმას მხარი დაუჭირა. პარლამენტის ქვედა პალატაში გამართული კენჭისყრის შემდეგ კედლის მშენებლობის გეგმა ახლა სენატში უნდა დაამტკიცონ. Reuters-ის ცნობით, კედლის აშენება 400 მილიონი დოლარი დაჯდება. დამცავი კონსტრუქციის მშენებლობის მიზანი ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთში მიგრანტების არალეგალურად გადასვლის პრევენციაა. პროექტის თანახმად, საზღვრის დამცავ კონსტრუქციაზე მოძრაობის დაფიქსირებისთვის საჭირო სენსორები და სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება. პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობა ამ ნაბიჯებით პასუხობს ევროკავშირის სანქციებს და ბელარუსი ორგანიზებულად ცდილობს მიგრანტები მეზობელ ქვეყნებში გადაიყვანოს. ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის მომზადებას იწყებს
ჯო ბაიდენი: აშშ კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტ ეტაპზეა
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტ ეტაპზეა და მეტი ვაქცინაციაა საჭირო. ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის მანდატი მუშაობს, უფრო მეტმა ამერიკელმა უნდა გაიაროს ვაქცინაცია. „ჩვენ ძალიან გადამწყვეტ ეტაპზე ვართ, რადგან ვმუშაობთ იმისთვის, რომ კორონავირუსი შევაკავოთ. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ამერიკაში 66 მილიონი არავაქცინირებული ადამიანია. გთხოვთ, აიცერით. პანდემიას მხოლოდ ასე ჩამოვიტოვებთ უკან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სომხეთის ომბუდსმენი: ყარაბაღში სროლის შედეგად ექვსი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა
სომხეთის სახალხო დამცველის არმან ტატოიანის განცხადებით, ყარაბაღში სროლის შედეგად ექვსი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა. არმენ ტატოიანის თქმით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მისი მტკიცებით, ცეცხლი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს. მისივე ინფორმაციით, სროლა ისმოდა მარტუნის რაიონში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ცეცხლი არ გაუხსნიათ და ადგილზე უკანონო სომხური სამხედრო შენაერთები ისროდნენ. "აზერბაიჯანის არმია მომხდარ ინციდენტთან კავშირში არ არის", - აცხადებენ უწყებაში.
ბეირუთში, მომიტინგეებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებს სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს. ცეცხლის გახსნის შედეგად, სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი დაშავდა. დემონსტრაცია "ჰეზბოლას" მიერ იყო ორგანიზებული და მისი მონაწილეები იმ მოსამართლის გადაყენებას ითხოვდნენ, რომელიც გასულ წელს ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების საქმეზე მუშაობს. ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლას" ინფორმაციით, დაღუპულები შიიტი მუსლიმები არიან და მათ ცეცხლი ახლოს მდებარე შენობაში გამაგრებულმა მემარჯვენე ქრისტიანული პარტიის წარმომადგენლებმა გაუხსნეს. ლიბანის არმიის განცხადებით, მომიტინგეები დედაქალაქის ადლიას რაიონისკენ დაიძრნენ, სადაც მართლმსაჯულების სასახლე მდებარეობს. სამხედროებმა ცეცხლის გახსნის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა როგორც აცხადებენ, იისნი არმიას არ დაემორჩილნენ. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიკატიმ ხალხს სიმშვიდის აღდგენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ლიბანის ძალადობაში ჩათრევის მცდელობას აქვს ადგილი. ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აუნმა, პირობა დადო, რომ 15 ოქტომბერს ლიბანის დედაქალაქში გამართული მიტინგის დროს სროლაში გარეული პირებს პასუხისგებაში მისცემენ. სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ დააკავეს ცხრა ეჭვმიტანილი, მათ შორის, ერთი სირიელი. 14 ოქტომბერს ტელევიზიით გამოსვლისას მას მერე, რაც სულ მცირე ხუთი პირი იქნა მოკლული და 30 დაშავებული, აუნმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ლიბანში მეტოქეებს შორის კვლავ იარაღი გახდეს ურთიერთობის საშუალება.
თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია დასრულდა
თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მშვიდობიანად დასრულდა. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი რეგიონებიდან ჩამოვიდა. მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი წაიკითხა. წერილში ის საზოგადოებას "დიდი შერიგებისკენ" მოუწოდებს და ამბობს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ წყენა და უარყოფითი ემოციები, რადგან კიდევ ერთი რევანში მორალურად გაგვანადგურებს. აქციაზე დამონტაჟებული სცენიდან მომიტინგეებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მათმა მხარდამჭრებმა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა მიმართეს. რამდენიმე მომღერალი მუსიკალური ნომრითაც წარსდგა. აქციის დასასრულს მომიტინგეებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიმართა და სიტყვის დასასრულს მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდა.
ბათუმში, ე.წ. "ოცნების ქალაქში" სახლები იწვის
ბათუმში, ე.წ "ოცნების ქალაქში" ორი სახლი იწვის. თვითმხილველის ინფორმაციით, ადამიანებმა სახლებიდან გამოსვლა მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობს. საცხოვრებელი სახლების გადარჩენა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა მიზეზით გაჩნდა ხანძარი.
ევროკავშირის დიპლომატები ბირთვული შეთანხმების საკითხზე, თეირანსა და ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ენრიკე მორა დღეს ირანის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრების მთავარი მიზანი ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელებაა. მორას ვიზიტი თეირანსა და ბრიუსელს შორის კონსულტაციების შედეგია. მხარეები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ, რომელსაც ვაშინგტონი გამოეთიშა და შედეგად, ირანმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა. პარალელურად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ თეირანის ატომურ შეთანხმებაში დაბრუნების მცდელობა საფრთხის ქვეშაა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს აიძულებს დიპლომატიის გარდა სხვა გზებიც განიხილონ. როგორც ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ირანში ყოფნა ხაზს უსვამს "მოლაპარაკებების აღდგენის გადაუდებლობას", ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით აპრილში დაიწყო. მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან ასვე დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი. მოლაპარაკება შეჩერდა ივნისის არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგადაც ირანის პრეზიდენტი ხისტი პოლიტიკის მიმდევარი ებრაჰიმ რაისი გახდა. "მე არ გადავდებ, მოლაპარაკებების განახლების დაჩქარებას", - დაწერა ენრიკე მორამ twitter-ზე თეირანში ჩასვლამდე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალი ბაღერმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე მოლაპარაკება შეეხება ასევე "სასტიკი სანქციების გაუქმებასაც". "შეხვედრის მოწვევა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარე შეთანხმდება და მზად იქნება" - წერს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა, პიტერ სტანო. ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2003 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც დასავლეთის ქვეყნებმა თეირანი სამხედრო ბირთვული პროგრამის განვითარებაში დაადანაშაულეს. ოფიციალურად შეთანხმების სახელწოდებაა „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა“. შეთანხმებას ხელი 2015 წელს მოეწერა. ერთი მხრივ შეთანხმებას ხელს აწერს ირანი, მეორე მხრივ - საერთაშორისო შუამავლების ექვსეული: აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი. თეირანი ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე სანქციების მოხსნის სანაცვლოდ დათანხმდა. ირანის ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ ქვეყნიდან გაიტანდა გამდიდრებული ურანის 98%-ს (ნებადართული იყო არაუმტეს 300 კილოგრამის დატოვება), შეამცირებდა ურანის გამდიდრებისათვის ცენტრიფუგების რაოდენობას 20 ათასიდან 5 ათასამდე; არ შექმნიდა მაღალგამდიდრებულ ურანს, რომელსაც ბირთვული იარაღისთვის იყენებენ და ქვეყანაში დაუშვებდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (International Atomic Energy Agency, IAEA) ინსპექტორებს. 2018 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან გადის. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, გარიგების გაფორმების დღიდან ირანმა თავისი სამხედრო ბიუჯეტი 40%-ით გაზარდა, დაიწყო ბირთვულქობინებიანი ბალისტიკური რაკეტების შექმნა, ხოლო უცხოეთში აქტივებზე სანქციების მოხსნის შემდეგ რესურსები ტერორიზმის დაფინანსებისათვის გამოიყენა. ასევე ტრამპმა მხარი დაუჭირა ისრაელის პოზიციას იმის შესახებ, თითქოს შეთანხმების გაფორმების მომენტისთვის ირანმა დამალა, რომ ბირთვულ იარაღზე მუშაობდა. ოფიციალური განცხადების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. სანქციები 180 დღის განმავლობაში ამოქმედდება და შეეხება ირანის ვაჭრობის, ენერგეტიკის და საბანკო სექტორებს. შეერთებული შტატების თქმით, სანქციები გავრცელდება სხვა ქვეყნებზეც თუ ისინი ირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობაში დაეხმარებიან. ჯო ბაიდენის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ირანის წინააღდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის და ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხი დადგა დღის წესრიგში.
ჰაგის სასამართლოში სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმეს განიხილავენ
ჰააგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ჩანიშნულ სხდომაზე სომხეთის წარმომადგენლობამ აზერბაიჯანი სომხების მიმართ ეთნიკური სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა. სომხეთის ჰააგის სასამართლოს ძალადობისა და სიძულვილის ციკლის შეჩერებისკენ მოუწოდეს. "თაობები არიან ინდოქტრინირებულნი შიშის კულტურითა და სიძულვილით ყველაფერი სომხურის შესახებ", - ამბობს იღიშე კირაკოსიანი, სომეხი იურისტი, რომელიც აზერბაიჯანს ადანაშაულებს სომხების მიმართ სიძულვილის ისეთი კულტურის დათესვაში, როდესაც მათი მკვლელობა ან წამება სისტემატურად ხდება. სომხეთის მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ, მსგავსი სარჩელი სასამართლოში აზერბაიჯანულმა მხარემაც შეიტანა და სასამართლოსგან დამცავი მექანიზმების ამოქმედებაც მოითხოვა. სასამართლოს აზერბაიჯანის წარმომადგენლები დღის მეორე ნახევარში მიმართავენ. ორივე სახელმწიფომ ერთმანეთის წინააღმმდეგ სარჩელი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შეიტანეს. აზერბაიჯანი სომხეთის ბრალდებებს უარყოფს. თუმცა, ეს განხილვა გასულ თვეში სომხური მხარის მიერ შეტანილი სარჩელის შემდეგ დაინიშნა. სომხეთი აზერბაიჯანს "რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. ორივე ქვეყანა კონვენციის ხელმომწერია. დღეს, გამართულ მოსმენაზე საქმის საფუძვლებზე არ უმსჯელიათ, თუმცა საუბარია იმაზე, რომ სომხური მხარე საქმის განხილვის დასრულებამდე სასამართლოს მხრიდან გადაუდებელი დახმარების ზომების მიღებას ითხოვს იმისთვის, რომ ძალადობა, რომელზეც ადვოკატები საუბრობენ, შეჩერდეს.