ახალი ამბები

ბათუმში, კორპუსის ნგრევის საქმეზე სამ დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

ბათუმში, კორპუსის ნგრევის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გულისხმობს სამშენებლო წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 3 ბავშვია. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა. 8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევაში 15 საცხოვრებელი ბინა მოჰყვა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს უსამძიმრებს

ბათუმში მომხდარი ნგრევისა და მსხვერპლის გამო, სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი მწუხარებას გამოთქვამს. „გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ქალაქ ბათუმში, შენობის ჩამონგრევის გამო, რის შედეგადაც, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და თანადგომა დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - აღნიშნავს სომხეთის პრეზიდენტი. 8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევაში 15 საცხოვრებელი ბინა მოჰყვა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გვანცას ბაბლი

„გოგოშკები“ „მამაკაცი თავია და ქალი კისერი, რომელიც მას ატრიალებსო“ - ხშირად ამბობენ ასე მასკულინურ საზოგადოებებში. თავ-კისერ-ფეხისა არაფერი ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის არარსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ქალს არ აქვს როლი ან ფუნქცია საზოგადოებაში. გააჩნია როლს და გააჩნია ფუნქციას... დღევანდელ გოგო-ბიჭებზე გამიჭირდება რაიმეს თქმა, მაგრამ ჩემი თაობის „გოგო-ბიჭებზე“ კი ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი და გასახსენებელი. ჩემს ყმაწვილქალობაში, ბევრი ლამაზი გოგო ოცნებობდა „ავტორიტეტის ცოლობაზე“ - კონკიას კომპლექსის ქართული ვარიანტი... ზოგს აუხდა ნატვრა, ზოგს ვერა... ვინც სურვილები ვერ აიხდინა, შურით და ინტერესით ადევნებდა „წარმატებულების“ ცხოვრებას თვალს - სამზარეულოებში შეყუჟული გოგოების რიტუალური ჭორაობები... ვისაც ეს დრო არ გახსოვთ, ალბათ იკითხავთ, რატომ უნდა უნდოდეს ქალს, საკუთარი ცხოვრება დაუკავშიროს კრიმინალურ ავტორიტეტს, რომლისგანაც ვერავინ დაიცავს - ვერც ოჯახი, ვერც სახელმწიფო... ბრმა რომანტიზმი? ფული და ფუფუნება? - რასაკვირველია, ცოტ-ცოტა ყველაფერი. მაგრამ იყო კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ასპექტი - „ავტორიტეტის“ ცოლს პატივს სცემდნენ მეზობლები, მეგობრები, ნათესავები... „ცოლები“ უსაფრთხოდ გადაადგილდებოდნენ ქუჩებში, სადაც არ იყო სიარული უსაფრთხო... „ცოლებს“ ვერავინ ეტყოდა „წადი ქალო, პატრონი არ გყავსო?“... „ცოლებს“ პატივს სცემდნენ ყველა იმ სახლსა თუ დაწესებულებაში, სადაც უცხო იყო ადამიანის მიმართ პატივისცემა... აღიარება და პატივისცემა ძალადობითა და აგრესიით სავსე საზოგადოებაში, ერთი ადამიანის მორჩილებისა ფასად... აღიარება და პატივისცემა კრიმინალზე თვალის დახუჭვის ფასად... რას იტყვით, მგონი სარფიანი გარიგებაა ეშმაკთან... ესეთ გოგოებს „ეტენებოდნენ“ სხვა გოგოები - ცოტაოდენი „სიკეეთეები“ მათაც შეხვდებოდათ... ესეთ „ცოლებთან“ მეგობრობდნენ ექიმების, მეცნიერების, პარტიული ბოსების ცოლები - ცოტაოდენი უსაფრთხოება მათაც შეხვდებოდათ... და აი ასე, ნელ-ნელა, იქმნებოდა რაღაც კასტა, „ჩიკას დაქალების“ კასტა - „მაღალი“ გემოვნებით, დიდი ამბიციით და ქალური სოლიდარობით თავისი მსგავსი „გოგოშკების“ მიმართ... ალბათ მკითხავთ, რამ გამახსენა ეს ყველაფერი ახალი ამბებით დახუნძლულ მძიმე კვირაში - მათმა სახეებმა გამახსენა, სახეებმა, რომლებმაც დაიჯერეს ყველა ის როლი, რაც თავად შექმნეს საკუთარი თავისთვის წინა ათწლეულებში... სახეებმა, რომლებმაც სიმწიფის ასაკში მათი კასტურობა ექსპერტობის, მენტორობის და ქვეყნის ბედ-იღბალზე მთავარი მოფიქრალის ამბიციად აქციეს... სახეებმა, რომლებმაც ერთის მორჩილებით სხვებზე ზეგავლენის უფლება მოიპოვეს... სახეებმა, რომელიც ეძიებენ ახალ ავტორიტეტებს და ახალ თბილ ადგილებს მათ გარშემო - თავ-კისერ-ფეხის ახალი ამბავი... *** მასლოუს მოთხოვნილებების პირამიდაზე ალბათ ყველას გსმენიათ - ადამიანური მოთხოვნილებების ხუთი საფეხური: ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, უსაფრთხოების მოთხოვნილება, სოციალური მოთხოვნილება, პატივისცემის მოთხოვნილება, თვითგამოხატვის მოთხოვნილება... პირველი ორის გარეშე, ადამიანი ადამიანიც ვერ იქნება... ჩემი აზრით, მესამე საფეხურიც არ არის ადამიანის ადამიანად ყოფნის განმსაზღვრელი - სოციალიზაცია სხვა ძუძუმწოვრებსაც სჭირდებათ ...მეოთხე-მეხუთე საფეხურზე ადამიანი იქცევა პიროვნებად... ერთხელაც, როდესაც მასლოუს მოთხოვნილებების პირამიდის ილუსტრირება დამჭირდა გარკვეულ საკითხზე მსჯელობისთვის, დამსწრე საზოგადოებიდან ყურადღებით მომაპყრო მზერა ერთმა ძალიან საყვარელმა ბიჭმა, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა ცოდნით და აქტიურობით, მაგრამ კეთილი თვალებით და მორიდებული ხასიათით კეთილგანწყობას უდაოდ იწვევდა... საოცრად გამიხარდა მისი დაინტერესება და ჩავეკითხე, რას ფიქრობდა. შეკითხვა მაქვსო, მეოთხე და მეხუთე საფეხური ქალებსაც ეხებათო? ქალის მთავარი ფუნქცია ხომ შვილების ყოლააო... მორიდებულმა და ძალიან საყვარელმა ბიჭმა ადამიანის გაადამიანებამდე საფეხურზე მიგვიჩინა ყველა ქალბატონს ადგილი თავისი საფირმო კეთილი ღიმილით... *** „მამაკაცი თავია და ქალი კისერი, რომელიც მას ატრიალებსო“ - ხშირად ამბობენ ასე მასკულინურ საზოგადოებებში... და ქალიც მთელ თავის რესურსსა და ენერგიას დახარჯავს კისრად გადაქცევაში - კისერი ქმრისთვის, კისერი შვილისთვის, კისერი ბოსისთვის, კისერი კრიმინალური თუ პოლიტიკური ავტორიტეტისთვის... კისრებს სჯერათ, რომ ადამიანური მოთხოვნილებების ბოლო საფეხურებს საზოგადოება თუ არა, ავტორიტეტები მაინც გაიმეტებენ მათთვის... რამდენი კარგი მსჯელობა მომისმენია ჩვენი საზოგადოების სისუსტეებზე... დანაშაულზე, ნეპოტიზმზე, უმოქმედობაზე - ანუ წართმეულ მომავალზე... რამდენჯერ დასმულა კითხვა „გვეშველება რამე?“ ჰოდა ამ საშველის ძიებაში თავ-კისერ-ფეხის ამბავიც არ გამომიტოვოთ, თქვენი ჭირიმე... ამბავი დიდი ბოსების მაქმანებში ჩამალული კისრების შესახებ...

ცესკო საუბნო-საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, საუბნო-საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა. "ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის გათვალისწინებით 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა. აღნიშნული 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლის დეტალურ სტატისტიკას საარჩევნო ადმინისტრაცია საზოგადოებას გააცნობს უახლოეს მომავალში, რაც ასევე ცესკოს ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. 3 საარჩევნო ოლქში: დმანისში, წყალტუბოში და მარტვილში კვორუმი არ შედგა და შესაბამისად აღნიშნული ოლქების 12 უბანზე გადათვლის პროცედურა არ განხორციელდა. 68 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები გადაითვალა, სადაც: წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება და 2 ოქტომბრის არჩევნებზე განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია და ამასთანავე, არჩევნების შემდგომ აქვეყნებენ თავიანთ ანგარიშებს არჩევნებთან დაკავშირებით; ზემოხსენებული ორგანიზაციების მიერ არ ყოფილა წარდგენილი საჩივრები, მაგრამ შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით; 9 ოქტომბრის მდგომარეობით შემაჯამებელ ოქმებში ბათილი ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი აჭარბებდა, 5-ით აღემატებოდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობას. შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბრამდე გადათვლილია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოვლენილი 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები (1080 შემაჯამებელი ოქმის მონაცემი). გადათვლების შედეგად, უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. შედეგად, ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საკუთარი ინიციატივით, ასევე, საჩივრების საფუძველზე 194 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. საერთო ჯამში 9 ოქტომბრამდე გადაითვალა 554 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც ცალკეულ კანდიდატებს თუ სუბიექტებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა. 9 ოქტომბრამდე გადათვლილი ბიულეტენების თაობაზე დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე. ამ დროისთვის ჯამში გადათვლილია 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგი,"- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

აშშ-სა და "თალიბანს" შორის პირველი შეხვედრა შედგა

აშშ-სა და "თალიბანს" შორის პირველი შეხვედრა შედგა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, ოფიციალური პირები შეხვედრას "თალიბანზე" ზეწოლისთვის გამოიყენებენ, რათა ავღანეთში ინკლუზიური მთავრობა შეიქმნას, დაიცვან ქალთა უფლებები და დაუშვან ჰუმანიტარული სააგენტოები. აშშ-ს განცხადებით, შეხვედრა "თალიბანის" აღიარებას არ ნიშნავს. მოლაპარაკებები ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ავღანეთში არსებული ექსტრემისტული დაჯგუფებები და აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაცია. "თალიბანსა" და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დოჰაში გაიმართა. ეს ავღანეთიდან აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის შემდეგ პირველი მოლაპარაკებაა.

ამირან გამყრელიძე: თუ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა დაფიქსირდება, რეგულაციების გამკაცრების საკითხი დადგება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ აცრის მაჩვენებლი არ მოიმატეს, ინფიცირების შემთხვევები სწრაფი ტემპით გაიზრდება და რეგულაციების გამკაცრების საკითხი დადგება. მისი თქმით, სანამ აცრის მაჩვენებელი 60-70%-ს არ მიაღწევს. ეპიდემიას წერტილი არ დაესმევა. „შესაძლოა შემთხვევების რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატოს. ამას მოჰყვება აქტიური შემთხვევების ზრდა, ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა და ყველა ის თანმდევი მოვლენა, რაც ახასიათებს კოვიდვითარების გაუარესებას. აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსიფიცირება. თუ იქნება ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, მერე დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღას. თუ ასე გაგრძელდა და ვერ ავწიეთ იმუნიზაციის ყოველდღიური მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, 60%-ზე ვერ გავალთ. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ აცრა აუცილებელია პირველ რიგში იმ ადამიანისთვის, ვინც იცრება, მერე მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის და მის ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანისთვის. ამიტომ ყველა დამსაქმებელს მინდა ვთხოვო, მოიკითხონ როგორია მის დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი. სანამ არ გავალთ 60-70% აცრის მაჩვენებელზე, ვერ დაესმება წერტილი ეპიდემიას და ორი-სამი თვის პერიოდულობით სულ გვექნება სხვადასხვა ინტენსივობის ტალღები, რაც როგორც ადამიანურ, ისე ეკონომიკურ დანაკარგს მოიტანს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რუსეთში ავიაკატასტროფას 19 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ორძრავიანი, მოკლე მანძილზე საფრენი სატრანსპორტო თვითმფრინავი Let L-410 Turbolet-ი ჩამოვარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრები პარაშუტისტები იყვნენ. შემთხვევა ვოლგისპირეთის ერთეულში, თათრეთში მოხდა. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

პროკურატურამ სოფელ კაბალში ბიზნესმენის სახლის აფეთქების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი აფეთქებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე, ა.ნ.-ს, რ.ა.-ს და გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ნ.-მ წარსულში არსებული ფინანსური დავის გამო, ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღების და დაშინების მიზნით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მცხოვრები მ.ნ.-ს და ი.მ.-ს საცხოვრებელი სახლების ეზოებში აფეთქების მოწყობა გადაწყვიტა. ბრალდებული შეუთანხმდა რ.ა-ს და გ.მ.-ს, რომლებსაც ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ, აფეთქება უნდა განეხორციელებინათ. 2021 წლის სექტემბერში, ა.ნ.-მ ასაფეთქებელი მოწყობილობა გადასცა რ.ა.-ს, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანის დროის და ადგილის შესახებ მიუთითა. 2021 წლის 19 სექტემბერს, ღამის საათებში, რ.ა.-მ სოფელ კაბალში მ.ნ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში განზრახ ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითაც დაზიანდა მ.ნ.-ის ავტომობილები და საცხოვრებელი სახლი. მეორე აფეთქების განხორციელების მიზნით, 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, რ.ა-მ და გ.მ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და ასევე ა.ნ.-ს დავალებით, 2021 წლის 4 ოქტომბერს, ი.მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ცალი ასაფეთქებელი მოწყობილობა გადააგდეს, რის შედეგადაც ი.მ-ს ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. სამართალდამცველებმა რ.ა. და გ.მ. 2021 წლის 8 და 9 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ რ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ჯგუფურად) და სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარუდგინა. გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ჯგუფურად) და სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა. რაც შეეხება ა.ნ.-ს, რომელმაც საქართველოს ტერიტორია 2021 წლის 18 სექტემბერს დატოვა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და 25.229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) დაუსწრებლად წარედგინა. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ცესკო მთაწმინდის საარჩევნო ბიულეტენების დიდუბის ოლქში მოხვედრის მიზეზებს განმარტავს

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და ფოტომასალას, რომლის მიხედვითაც დიდუბეში, ბათილად ჩათვლილ ბიულეტენებს შორის, აღმოჩნდა მთაწმინდის ოლქის 20 ცალი ბიულეტენი, ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებით გამოეხმაურა. „დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებულ საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ საჯარო პირები, საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეები. კერძოდ: თითქოს დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაში აღმოჩნდა მთაწმინდის ოლქის ბიულეტენები. ჯერ კიდევ კენჭისყრის დღეს 2 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია სტამბის წუნის მქონე ბიულეტენებთან დაკავშირებით, როდესაც სტამბას შეერია დიდუბისა და მთაწმინდის ოლქების ბიულეტენები. იმისათვის, რომ კენჭისყრის პროცესი არ შეჩერებულიყო, დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ, იმსჯელა და განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება ერთგვაროვანი ბიულეტენი (ანუ მერის ნაწილში) ჩათვლილიყო დიდუბის ბიულეტენად. აღნიშნულის შესახებ, რა თქმა უნდა ინფორმაციას ფლობდა ოლქის ყველა კომისიის წევრი“. ცესკო მოუწოდებს ყველას, „იმისათვის, რომ საარჩევნო გარემომ შეინარჩუნოს სიმშვიდე და პროცესები კვლავაც გამჭვირვალედ წარიმართოს“, თავი შეკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი მონაცემების გავრცელებისგან.

ევროკავშირის ელჩი: მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს“,- წერს ჰარცელი „ტვიტერის“ გვერდზე. 8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევაში 15 საცხოვრებელი ბინა მოჰყვა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრიარქი ბათუმში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა. გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით. ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში. შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი“, - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში. 8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევაში 15 საცხოვრებელი ბინა მოჰყვა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ ისევ კრიტიკულია, თუმცა შედარებით გაუმჯობესდა. ექიმების ცნობით, ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოხსნეს, თავისით სუნთქავს და უკვე კონტაქტურია. „მედცენტრის“ დირექტორის მედეა ქაჯაიას თქმით, პაციენტი ჯერ ისევ რეანიმაციაში რჩება და მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, მაგრამ - სტაბილური. ბათუმში კორპუსის ნაგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ ორი ადამიანი გამოიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი ქალი იყო, რომელიც გამოყვანიდან 2 საათში დაიღუპა. 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან, ახალგაზრდა მამაკაცი ერთადერთია ვინც ცოცხალი გადარჩა და ამ დრომდე სიცოცხლისთვის იბრძვის. 8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევაში 15 საცხოვრებელი ბინა მოჰყვა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა, 25 გარდაცვლილი და 24 257 მიმდინარე აქტიური შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, 30 149 ტესტის შედეგად, ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა , გამოჯანმრთელდა 2 056 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%. ბოლო 24 საათში 25 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 257, საიდანაც 4 328 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 442. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 962 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 258 პირი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 634 053-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.36%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 056 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 600 524. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 246 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა. 672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 - თბილისში, 185 - აჭარაში. 19 257 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 68 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 9 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 230 პირი.•~ ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 287 ადამიანი.

BBC: გვატემალაში სატვირთო კონტეინერში გამოკეტილი126 მიგრანტი იპოვეს

BBC-ის ცნობით, გვატემალას პოლიციამ, სატვირთო კონტეინერში, 126 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინა. პოლიციამ კონტეინერს ადამიანების ტირილის დ აყვირილის ხმაზე მიაგნო. როგორც BBC იუწყება კონტრაბანდისტები მიგრაციის მსურველებს აშშ-ში გადაყვანას შეპირდნენ, თანხის აღების შემდეგ კი კონტეინერში გამოკეტეს და მიიმალნენ. მიგრანტების უმეტესობა ჰაიტიდანაა, შედარებით მცირე ნაწილი - ნეპალიდან და განადან. ისინი ჯერ მექსიკამდე უნდა მიეყვანათ, შემდეგ - აშშ-ის ტერიტორიაზე.

საპატრიარქო პრეზიდენტის თხოვნით შეკვეთილ წირვასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სალომე ზურაბიშვილის თხოვნით საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის შეკვეთილ წირვასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს: „შევნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას: ჩვეულებრივ, კვირა დღეს და საუფლო დღესასწაულებზე შეკვეთილი წირვა არ ტარდება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მსახურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ტაძრის ოფიციალურ Facebook-გვერდზეა გავრცელებული: „ყოველ შაბათს, ღამის 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის აღდგომის ტაძარში აღესრულება საღმრთო ლიტურღია. 10.10. 21 წ., კვირა დილით, წირვის შემდეგ შესრულდება ქ.ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდი და ამავე სახლში მცხოვრებ პირთა საჯამრთელო პარაკლისი. ღამისთევით წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ილია (კავსაძე)“, - აღნიშნულია განცხადებაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 9 ოქტომბერს 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის შეკვეთილი წირვა აღევლინება.

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

ჩეხეთის ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის პარტია "ANO" დაამარცხა. Reuters-ის ცნობით, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ოპოზიცია ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას მოკავშირეებთან ერთად აანონსებს, რომელთაც ექნებათ საერთო უმრავლესობა. ჯგუფმა „ერთად“ და ლიბერალურმა ბლოკმა „მეკობრეები/მერები“ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად შესაძლოა, 108 ხმა მოაგროვონ, შედეგად, ასეთ შემთხვევაში ბაბიში მეორე ვადით პრემიერ-მინისტრი ვეღარ გახდება. ხმების 98%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, შედეგები ასეთია: „ერთად“ – 27,49%, ANO (ბაბიშის პარტია) – 27,39%, „მეკობრეები/მერები“ – 15,39%. მოქმედი პრემიერის პარტნიორები მმართველ კოალიციაში - სოციალ-დემოკრატები და კომუნისტური პარტია პარლამენტში ვერ შევლენ. ამავე თემაზე: ჩეხეთის მილიარდერი პრემიერი პოსტზე დარჩენას მეორე ვადით ცდილობს

გიორგი მარგველაშვილი: ხელისუფლებაში მყოფებმა უნდა გაიაზრონ, რომ სააკაშვილი ციხეში, არ არის არანაირი პრობლემის გადაწყვეტა მათთვის

„ჩვენ არ გვაკავშირებს მეგობრობა, მაგრამ არ შეიძლება რომ მე არ ვაღიარო მისი გადაწყვეტილების და ნაბიჯის სიმტკიცე და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა საათობრივად იზრდება“, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე საუბრისას. „მე არასდროს ვყოფილვარ სააკაშვილის ან მეგობარი, ან მისი პოლიტიკის გამზიარებელი, ყოველთვის ჩვენ ვიყავით მოწინააღმდეგე ბანაკებში. მაშინაც კი, როდესაც ის აღარ იყო პრეზიდენტი და მე ვიყავი პრეზიდენტი, სააკაშვილს არც ერთხელ ჩემს მიმართ სიტყვა არ მოუზომია იმ ფონზე, რომ მე არც ერთხელ როგორც პრეზიდენტს მისთვის არ მიპასუხია. ჩვენ არ გვაკავშირებს მეგობრობა, მაგრამ არ შეიძლება რომ მე არ ვაღიარო მისი გადაწყვეტილების და ნაბიჯის სიმტკიცე და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა საათობრივად იზრდება. ეს არის ის, რაც უნდა გაიაზროს ამ ჯგუფმა, რომელსაც დღეს მმართველობის სადავეები ხელში უკავია. მათ უნდა იცოდნენ, რომ სააკაშვილი ციხეში, არ არის არანაირი პრობლემის გადაწყვეტა მათთვის ... ამ ხელისუფლების პირობებში, ამ ხელისუფლებასთან მიმართებით სააკაშვილი ვერ იქნება ბრალდებული, - განაცხადა მარგველაშვილმა. „ქართული ოცნება" რას მოიმოქმედებს, ძნელი სათქმელია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ოპოზიციის ძალა გაიზრდება ამ არჩევნების მეორე ტურის შედეგად, შედეგი უნდა იყოს, რომ სააკაშვილის ბედზე უნდა შედგეს პოლიტიკური კონსენსუსი, იმიტომ, რომ ეს უკვე პოლიტიკური საქმეა, ეს არ არის სამართლებრივი საქმე. ქართული სასამართლო ვერ აწევს ამ საქმეს, თუნდაც რეპუტაციით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ტვპირველის“ ეთერში. პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი გადადგა

ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა, კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ, გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება. გადაწყვეტილება მან ქვეყნის პოლიტიკური ქაოსიდან გამოსვლის მიზნით ახსნა. ავსტრიის კანცლერის გადადგომას წინ უძღოდა ავსტრიის პოლიციის მიერ გამოძიების დაწყება და პარტიის ოფისებში ჩხრეკა. კურცს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრ შალენბერგი შეცვლის, პარტიის ხელმძღვანელის პოსტს ინარჩუნებს.

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა გამო, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. „მხარეებმა განიხილეს „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა. აღინიშნა, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებზე მსჯელობას, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან. შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონი ეტაპობრივად გარდაიქმნას ახალი შესაძლებლობების, განვითარებისა და მშვიდობის რეგიონად. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემებზე და იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რომელთა განხილვაც თბილისში ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტისას გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერმა მის მიერ გაეროში წარდგენილი სამშვიდობო ინიციატივა აზერბაიჯანის პრეზიდენტთანაც განიხილა, როდესაც ის აზერბაიჯანს დაახლოებით ერთი კვირის წინ ეწვია ვიზიტით.

საპატრიარქო: ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა სულები“, - ნათქვამია საპატრიარქოს სამძიმრის წერილში. ამავე თემაზე: ბოლო ცხედრის პოვნის შემდეგ, ბათუმში სამძებრო სამუშაო შეჩერდება. არსებობს საფრთხე, რომ შენობის რაღაც ნაწილი ჩამოიშალოს