ზელენსკის თქმით, აშკარა აბსურდია, როცა ტერორისტული სახელმწიფო „აზოვს“ „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აცხადებს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვში ახალი პროპაგანდისტული აქტივობა დაიწყო, როდესაც გადაწყვიტეს „აზოვის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება, თუმცა ზელენსკის თქმით, როცა ამას ტერორისტული სახელმწიფო აკეთებს, აშკარა აბსურდთან გვაქვს საქმე“.

მისივე განცხადებით, ტერორისტები იღებენ პასუხისმგებლობას ჩადენილ დანაშაულებზე, ხოლო რუსეთს ამის გასაკეთებლად გამბედაობა არ ჰყოფნის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დროს რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები ახალ ნორმად არ უნდა იქცეს დანარჩენი მსოფლიოსთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ სამყარო უარესობისკენ შეიცვალა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„აუცილებელია უაღრესად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანის გადაჭრა: უკრაინის ხმა უნდა გაიგონ მსოფლიოს იმ ნაწილებში, სადაც რუსული პროპაგანდა ჯერ კიდევ ძალიან მძლავრად მუშაობს. ეს ეხება წყნარი ოკეანის რეგიონში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, არაბულ სამყაროში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. სწორედ ამიტომ არის საჭირო საინფორმაციო მხარდაჭერა ყველა ჩვენი ხალხისგან და ყველა მეგობრისგან საზღვარგარეთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

როგორც ცნობილია, 2 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „აზოვის“ პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი მოქმედება აკრძალა“. თავის მხრივ, „აზოვმა“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა. 2 აგვისტოს ლატვიის სეიმის კომისიამ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას მხარი დაუჭირა.

ზელენსკის თქმით, ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.