უკრაინა ეძებს შესაძლებლობას, პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან“, South China Morning Post-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა ჯერ კიდევ კონფლიქტის წინა წლებში, პეკინთან მჭიდრო კავშირების დამყარებას მუდმივად ცდილობდა.
„ერთი წლის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ სი ძინპინს. 24 თებერვალს, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვთხოვეთ საუბარი, მაგრამ ასეთი საუბარი ჩინეთთან არ შემდგარა , მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნებოდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
SCMP-თან ინტერვიუში უკრაინის ლიდერმა მოუწოდა ჩინეთს, გამოიყენოს თავისი უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა რუსეთზე, რათა ომი დასრულდეს. „ეს არის ძალიან ძლიერი სახელმწიფო. ეს არის ძლიერი ეკონომიკა... ასე რომ (მას), შეუძლია პოლიტიკურად და ეკონომიკურად მოახდინოს გავლენა რუსეთზე. ჩინეთი არის [ასევე] გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი", - ციტირებს ზელენსკის South China Morning Post-ი.
ჩინეთში უკრაინის საელჩოს მონაცემებით, 2021 წელს ჩინეთი უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო. სავაჭრო ბრუნვა კი, თითქმის 19 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.