პორტუგალია უკრაინელ პილოტებს F-16-ებზე მომზადებას სთავაზობს

პორტუგალიას შეუძლია უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენების მიზნით, მაგრამ ახლა ვერ გაგზავნის თავის თვითმფრინავებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა, იუწყება Ukrinform Euractiv-ზე დაყრდნობით.

„პორტუგალია ღიაა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პილოტები და ტრენერები და ისინი მზად არიან, იმუშაონ სხვა ქვეყნების კოლეგებთან, რომლებსაც ასევე ჰყავ F-16-ები უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად“, - განაცხადა კრავინიომ.


მან დაამატა, რომ პორტუგალიას არ ჰყავს თვითმფრინავების შეუზღუდავი რაოდენობა. „ჩვენ გვყავს მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც გვჭირდება ჩვენი ეროვნული ვალდებულებების შესასრულებლად და ასევე - NATO-ში“, - განაცხადა მინისტრმა.

19 მაისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პორტუგალია შეუერთდა მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციას და მზად არის უკრაინელი მფრინავებისა და ინჟინრების მომზადებისთვის. ანალოგიური მზადყოფნა დააფიქსირა დანიამაც.


რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე, განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 23 მაისს.

უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ს პოლონეთის მთავრობის წყარომ F-16-ებზე წვრთნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა.

წყაროს თქმით, ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება.


აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება.

კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას.

თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას.

განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს.

უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო.

„სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.


შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ.


დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.

გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ.

დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა.

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.