ძებნის რეზულტატი:

გენინსპექციამ შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ პირთან მიმართებით ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, შესაბამისი სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ პირთან მიმართებით ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საქმე შეეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის საჩივარს, მის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ამავე ნიშნით ხელშეკრულების არგაგრძელების საკითხს. „სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ არ დაადასტურა გენდერული ნიშნით შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელების ფაქტი, ხოლო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემდეგ მომზადდა შესაბამისი დასკვნა ასევე ხელშეკრულებით დასაქმებული შევიწროებაში დადანაშაულებული პირის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც თავდაცვის ძალების მიერ გათვალისწინებული იქნა. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ერთეულ შემთხვევას, რომელზეც დაუყონებლივ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, რადგან თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მსგავსი ტიპის ბრალდებების საფუძვლიან შესწავლას. სამინისტროს პოლიტიკა შეუწყნარებელია ნებისმიერი და მათ შორის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ. გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა და განმტკიცება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაში.  

დიდი ბრიტანეთი თხევადი გაზის შესყიდვაზე აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Bloomberg

დიდი ბრიტანეთი მზადაა, თხევადი ბუნებრივი აირი ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეისყიდოს და ამ მიზნით მომწოდებლებთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. მთავრობის ენერგომომარაგების სამუშაო ჯგუფი ეძებს შეთავაზებებს LNG ექსპორტიორებისგან, რათა ინფორმაცია შიდა მყიდველებს მიაწოდოს. სავარაუდო ხელშეკრულებების ხანგრძლივობა 20 წელია. „დიდი ბრიტანეთის მოთხოვნები თხევად გაზზე მაშინ გაჩნდა, როდესაც სხვა ევროპული ქვეყნები, ყველაზე ცივ თვეებში გაზის მარაგისა და გრძელვადიან პერსპექტივაში საწვავის წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობენ. მაგრამ გერმანიის მსგავსი ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთი არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, პირიქით, ეყრდნობა საკუთარ წარმოებას. ამასთან, ბრიტანეთი თხევად გაზს ნორვეგიისგან წყალქვეშა მილსადენებით იღებს“, - წერს Bloomberg.   

ადვოკატი: გრიგოლ ნარსია წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს", - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის გრიგოლ ნარსიას ადვოკატმა, დალი სულაქველიძემ განაცხადა. პროკურატურა: ქუთაისში, ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს კარზე დამაგრებული იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა "ის ამბობს, რომ აიყვანა მძევლები, ითხოვდა ფულს დიდი ოდენობით და ასევე იყო შეიარაღებული, თუმცა ტერორიზმის მუხლით წარდგენილ ბრალს კატეგორიულად უარყოფს", - განაცხადა ბრალდებულის გრიგოლ ნარსიას ადვოკატმა, დალი სულაქველიძემ. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავების მომენტში წინააღმდეგობა არ გაუწევია. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს აღნიშნულ საქმეზე დაკავებულს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ნორვეგიამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება ოფიციალურად შეაჩერა

ნორვეგიის ხელისუფლებამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება, 22 სექტემბრიდან ოფიციალურად შეაჩერა. ამის შესახებ ნორვეგიის იმიგრაციის დირექტორატის (UDI) შეტყობინებაშია ნათქვამი. „ნორვეგიასა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერება ნიშნავს, რომ დოკუმენტების, მრავალჯერადი ვიზების, მოსაკრებლების და დამუშავების დროის რუსეთის მოქალაქეებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამარტივებული წესები არ იმოქმედებს“, - ნათქვამია განცხადებაში. სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ყველა განმცხადებლისთვის ვიზის საფასური 35 ევროდან 80 ევრომდე გაიზრდება. სავიზო განცხადების განხილვის ვადა 10-დან 15 დღემდე, ცალკეულ შემთხვევებში კი, 45 დღემდე გაიზარდა.  ცნობისათვის, 2007 წელს გაფორმდა სპეციალური ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. შეთანხმების შედეგად, რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონების მოსახლეობამ ნორვეგიაში მრავალჯერადი ვიზები მიიღო, რომლის მოქმედების ვადა 5 წელია. ნორვეგიასა და რუსეთს 198 კილომეტრიანი საერთო სახმელეთო საზღვარი აქვთ.   ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.    

პრეზიდენტის განკარგულებით, ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, კონკურსი გამოცხადდა

პრეზიდენტის განკარგულებით, ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.  პრეზიდენტის განკარგულებით 9 კაციანი შემადგენლობით საკონკურსო კომისია უკვე დაამტკიცებულია. კომისიამ დღეს, 22 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა და საკონკურსო პირობები დაადგინა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებით, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2022 წლის 22 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის  ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.   

ერდოღანის თქმით, ნენსი პელოსის სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენის ბერკეტი არ აქვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის არ აქვს რაიმე გავლენის მოხდენის ბერკეტი, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. „დარწმუნებული ვარ, მისმა ვიზიტმა ბევრგან შეშფოთება გამოიწვია. არ არის საჭირო ამ თემისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება“, - განაცხადა ერდოღანმა. ნენსი პელოსი სომხეთში ვიზიტით გასულ შაბათ-კვირას იმყოფებოდა.  

ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვას მოსკოვის თანხმობის გარეშე არ გასცემს

ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მუდმივ ბინადრობის ნებართვას მოსკოვის თანხმობის გარეშე არ გასცემს, როცა რუსების დიდი ნაწილი ქვეყნის დატოვებას ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ცდილობს. პარლამენტის სპიკერმა მაულენ აშიმბაევმა 22 სექტემბერს ასტანაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოს სამართალდამცავი და მიგრაციის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლები კანონის შესაბამისად, ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის შესახებ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის რუსების თხოვნებს ამუშავებენ. „ჩვენი ოფიციალური ინსტიტუტები არ გასცემენ ბინადრობის ნებართვას პირებზე, თუ ისინი არ წარმოადგენენ დოკუმენტებს, რომლებიც დაადასტურებს, რომ ქვეყნებს არანაირი წინააღმდეგობა არ აქვთ ყაზახეთში მათ  გადასვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა აშიმბაევმა. „ზოგადად, სახელმწიფო უწყებები აცნობიერებენ ვითარებას [რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით]. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე“, - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, ათასობით რუსი გაემგზავრა ქვეყნებში, სადაც რუსებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ, მათ შორის არიან სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, სერბეთი, ყაზახეთი და მონღოლეთი. ყაზახეთის ოფიციალურმა პირებმა აპრილის დასაწყისში განაცხადეს, რომ ყაზახეთში მუდმივი საცხოვრებლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 2022 წლის პირველ ოთხ თვეში გაიზარდა, მაგრამ ეს ტენდენცია უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრას არ დაუკავშირეს. საინფორმაციო სააგენტო RBK გასულ თვეში იტყობინება, რომ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ყაზახეთში მიმდინარე წლის აპრილ-მაისში გადავიდნენ, 570,000-ს შეადგენდა, რაც თითქმის 30 პროცენტით მეტია იანვარ-მარტში ყაზახეთში დასახლებული რუსების რაოდენობაზე.  

ერდოღანის თქმით, ტყვეთა გაცვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის დასრულებისკენ

თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლა, რომელიც რუსეთისა და უკრაინის მიერ, თურქეთის შუამავლობით განხორციელდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის დასრულებისკენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ერდოღანმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაცვლა მოხდა დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, რომელიც მან აწარმოა ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვოლოდიმირ ზელენსკი: ტყვეთა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული 5 უკრაინელი მეთაური ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩება „თურქეთმა ახლა მიიღო დიალოგისა და დიპლომატიის ძალის რწმენის შედეგი“, - განაცხადა ერდოღანმა. NATO-ს  წევრ თურქეთს მჭიდრო კავშირები აქვს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან და ცდილობს ურთიერთობების დაბალანსებას, არ მიუერთდა სანქციებს, თუმცა აკრიტიკებს რუსეთის შეჭრას და ამარაგებს კიევს თვითმფრინავებით.  

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „მქონდა პატივი, დავსწრებოდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას, სადაც ლიდერები იკრიბებიან და მოსაზრებებს უცვლიან ერთმანეთს გლობალური გამოწვევების შესახებ. მადლობელი ვარ თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის”, - წერს პრემიერ-მინისტრი Twitter0-ზე.  

ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. „მინისტრებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის კომუნიკაციის აქტიური დინამიკა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული გამოწვევების, ასევე საქართველოს მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანი განხორციელების პროცესში. ამ მხრივ, უნგრულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, პრაქტიკული თვალსაზრისით დაეხმაროს საქართველოს, ევროინტეგრაციის გზაზე. უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციული მიზნის განხორციელების გზაზე. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროპის საბჭოსთან, ხაზი გაესვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან კონტრიბუციას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ამ კონტექსტში აღინიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ასევე ჰუმანიტარული ჩართულობის სახით კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას და დადებითი შეფასება მიეცა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშების პრაქტიკას, რისთვისაც ილია დარჩიაშვილმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე ომს. გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ორგანიზაციის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ქმედებებში აქტიური ჩართულობისთვის. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის წლიურ სამოქმედო გეგმას და მის იმპლემენტაციას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ჯო ბაიდენი: ჩვენ გავაგრძელებთ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფების მხარდაჭერას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გულწრფელად ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღის იუბილეს. ჩვენ გავაგრძელებთ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფების, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას“, - აღნიშნულია წერილში.  

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: 2008 წელს, ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი

2008 წელს, ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა ქვეყანას გააზრებული აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება.  „ქართველი ხალხის სახელით, მაქვს პატივი, კიდევ ერთხელ მოგმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ.  მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და, ეს სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა. 2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა. დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას. ოცდაათი წლის წინ, საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. „ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. ამ კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყნის 20% კვლავ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ამ რთულ გამოწვევას არ ვაძლევთ ჩვენი არსის განსაზღვრის უფლებას. სწორედ ამ მიზეზით, ვაგრძელებთ ზედა წონით კატეგორიაში ასპარეზობას და მუდმივად ვცდილობთ საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეში წვლილის შეტანას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს

„გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. „2012 წელს ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომელმაც დაგვაახლოა მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან - ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, NATO-სა და გაეროსთან. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ პირველად გაიარა მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო ათწლეული. განუწყვეტლივ ვმუშაობთ საქართველოს გლობალურ პოზიციონირებაზე და უკვე ვხედავთ ამის შედეგს. „მსოფლიო სამართლის პროექტის“ მიერ გამოქვეყნებულ სამართლის უზენაესობის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ - მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის“ 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების მონაცემებით, - მსოფლიოს პირველ ხუთეულშია სინგაპურთან და შვეიცარიასთან ერთად. ცხოვრების ხარისხისა და ხარჯების გლობალური მონაცემთა ბაზის თანახმად, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად დასახელდა და მე-14 ადგილი დაიკავა. შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან უფრო მეტად დაახლოების პარალელურად, ძალისხმევას მივმართავთ დემოკრატიული ტრანსფორმაციის გაგრძელებისკენ. გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს. ვაგრძელებთ ერთმნიშვნელოვან გზაზე სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ მიზნების ერთგულება ეფუძნება განხორციელებულ მოქმედებებსა და რეალურ შედეგებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესა და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. „წელს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ახალი სამიზნე ორიენტირები დასახა. ისევე, როგორც წარსულში, საქართველო გადაჭარბებით შეასრულებს მათ. ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის კუთხით. საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით. წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და ოს ძმებს და დებს - ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად ავაშენებთ საქართველოს

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობებს და ყველა საჭირო ინსტრუმენტს აძლევს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენს მოქალაქეებს ვუქმნით შესაძლებლობებს და ყველა საჭირო ინსტრუმენტს ვაძლევთ, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ, დღეს, აქ, გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე, პირდაპირ მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და ოს ძმებს და დებს და კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად ავაშენებთ საქართველოს და მშვიდობიანად გადავაქცევთ მას აყვავებულ, თავისუფალ და ერთიან ევროპულ სახელმწიფოდ“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, „მთავრობის სწორმა პოლიტიკამ მოიტანა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა COVID-19-ის პანდემიიდან გამოსვლისას, როდესაც 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4 პროცენტს მიაღწია, ხოლო 2022 წლის იანვარ-ივლისში კვლავ გადააჭარბა მოლოდინს და 10.3 პროცენტი დაფიქსირდა“.  „საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 9 პროცენტამდე გაიზარდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, პოსტპანდემიურ პერიოდში მდგომარეობის აღდგენისა და უკრაინის ომის შედეგების მინიმუმამდე შემცირების მიმართულებით ჩვენი მთავრობის პროაქტიული ზომების შედეგია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: საქართველო უკრაინის გვერდით დგას

ომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველო დგას უკრაინის გვერდით.   „საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას. საქართველო უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ამჟამად ჩვენთან მცხოვრები 32 ათასზე მეტი უკრაინელისთვის და მათ დაბინავებას“, - აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ წამოაყენა, შეუერთდა და მხარი დაუჭირა ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს. „საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული. ბევრი მათგანი ცოდნას უკრაინულ ენაზე იღებს სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად.   ჩვენ წამოვაყენეთ, შევუერთდით ან მხარი დავუჭირეთ ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს, მათ შორის, ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს ასოციაციის 76-ე რეზოლუციის მთავარ მხარდამჭერებს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა გავზარდოთ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები

„დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ასევე ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა რეგიონის სასიკეთოდ გავზარდოთ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები. გვინდა მოვიზიდოთ მსხვილი უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტიციები, განვახორციელოთ რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები, გავაძლიეროთ ჩვენი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები და ასე ვიქცეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ფაქტობრივ ხიდად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მიზანია სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად. „ჩვენი მიზანია სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად. ევროკავშირის კოლეგებთან ერთად, უკვე ვიხილავთ ფლაგმანი პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც დამატებით ეკონომიკურ ეფექტს იქონიებს და კატალიზატორად იქცევა ევროკავშირთან და მის ბაზართან ჩვენი რეგიონის გაზრდილი კავშირისა და ინტეგრაციისთვის. მიგვაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა და დასავლეთის მოკავშირეები ისარგებლებენ ამ თანამშრომლობით. ახლა უნდა ვიმოქმედოთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, ენერგომარშრუტების დაცვისთვის, მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნებისა და რეგიონალური კავშირების გაზრდისთვის, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური განვითარების ტემპი. ყოველივე ეს აუცილებელია ევროპული მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.  

ანტონიო გუტერეში: გაერო ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი დაასრულებს ომს უკრაინის წინააღმდეგ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების ნიშნები არ ჩანს. ამის შესახებ მან ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის სხდომაზე განაცხადა. „ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ენით აუწერელი ტანჯვისა და განადგურების მომსწრენი ვართ“. გუტერეშის თქმით, ბირთვული კონფლიქტის იდეა სრულიად მიუღებელია. „ყველა ატომურმა სახელმწიფომ უნდა აღასრულოს ბირთვული იარაღის გამოუყენებლობისა და სრული ლიკვიდაციის ვალდებულება", - დაამატა გაეროს გენმდივანმა. გუტერესის თქმით, დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, გაქცეოდა ომს, მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. „ვითარება მხოლოდ გაუარესდება ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რაც გამოწვეული იქნება გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების შემცირებით“, - აღნიშნა გუტერეშმა.  

დმიტრო კულება: რუსეთმა შეიძლება, გაიწვიოს 300 000 ან 500 000 ადამიანი, მაგრამ ამ ომს მაინც ვერ მოიგებს

რუსეთი ვერასდროს მოიგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, რადგან ყველა უკრაინელი, რუსებისგან განსხვავებით, ძალიან მოტივირებულია, დაიცვას საკუთარი ქვეყანა, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გაეროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „პუტინმა გამოაცხადა მობილიზაცია, მაგრამ ის, რაც მან რეალურად გამოაცხადა, მისი დამარცხებაა. შეგიძლიათ, 300-500 000 ადამიანი მოიწვიოთ, მაგრამ ამ ომს ვერასდროს მოიგებთ. დღეს ყველა უკრაინელი არის იარაღი, რომელიც მზადაა, დაიცვას უკრაინა და გაეროს წესდებაში გათვალისწინებული პრინციპები“, - განაცხადა კულებამ.  

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი: შესაძლებელია, რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებამ, შესაძლოა, საფრთხე შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყანას შეუქმნას. „შესაძლებელია, რუსეთმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ. ისინი შეეცდებიან, შეაჩერონ ჩვენი თავდასხმა და გაანადგურონ ჩვენი სახელმწიფო", - განაცხადა სკიბიცკიმ. მისივე თქმით, რუსეთის ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც. სკიბიცკის განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგები აისახოს პოლონეთზე, თურქეთსა და ბულგარეთზე. „ჩვენი შეფასებით, ახალი შეტევა შესაძლებელია ზამთარსა და გაზაფხულზე. სწორედ ამიტომ სჭირდება რუსეთს ახალი შენაერთები. რუსეთის მთავარი მიზანი უკრაინის მთელი ტერიტორიის ოკუპაციაა", - განაცხადა სკიბიცკიმ.