ძებნის რეზულტატი:
უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს ზრდის
გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულმა ქსელმა ENTSO-E-მ ღამით, უკრაინასა და ევროპას შორის ელექტროენერგიის საექსპორტო გადაცემის სიმძლავრე - 50 მეგავატით გაზარდა. ამის შესახებ NPC "უკრენერგოს" პრესსამსახური იტყობინება. ახლა უკრაინულ ელექტროენერგიის მწარმოებლებს, რუმინეთსა და სლოვაკეთში მთელი საათის განმავლობაში 300 მგვტ-ის ექსპორტირება შეუძლიათ. უკრაინა ელექტროენერგიის გაზრდილი მოცულობის მიწოდებას 23 სექტემბრიდან შეძლებს. გამტარუნარიანობის შემდეგი ზრდა რუმინეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან განიხილება ოქტომბერში, ხოლო წლის ბოლოს პოლონეთთან კიდევ ერთი ინტერკონექტორის ექსპლუატაციის განახლება იგეგმება.
თეა წულუკიანის თქმით, დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი მუზეუმშია, თუმცა გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო კბილი კერძო პირის ბინაში
საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დმანისთან არქეოლოგების მიერ 1,8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილი ამ დროისთვის მუზეუმშია, თუმცა გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო კბილი კერძო პირის ბინაში. ამის შესახებ 1tv.ge წერს. არქეოლოგებმა 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინეს „დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს დაცული. ამ კბილის ადგილი არის მუზეუმში და მუზეუმში ის დაცულია მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგროვებს მასალებს და თუ დავინახეთ, რომ რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევაა, თუმცა დარღვევები სახეზეა, შემდეგ მივცემთ ამას მსვლელობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი დმანისის სოფელ ოროზმანთან აღმოაჩინეს. საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ოროზმანი 1.8 მლნ წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში.
ჯო ბაიდენი: ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს განადგურებისკენ. სადაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრასა და კრემლის გეგმებზე ისაუბრა. „ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების განადგურებისკენ, უკრაინელების, როგორც ხალხის არსებობის უფლების განადგურებისკენ; სადაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ“, - განაცახდა ბაიდენმა. ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი დღეს კვლავ გამოვიდა ევროპის წინააღმდეგ ღია ბირთვული მუქარით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პასუხისმგებლობის მიმართ „უგუნური უპატივცემულობა“ გამოიჩინა. „ახლა რუსეთი იწვევს მეტ სამხედროს საბრძოლველად და კრემლი უწევს ორგანიზებას ყალბ რეფერენდუმს, რათა ეცადოს უკრაინის ნაწილის ანექსირება, რაც არის გაერო-ს წესდების უკიდურესად თვალსაჩინო დარღვევა. მსოფლიომ უნდა დაინახოს ეს აღმაშფოთებელი ფაქტები ისე, როგორც არის“,- აღნიშნა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ამტკიცებს, რომ ის იძულებული იყო, ემოქმედა, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა. „თუმცა, არავინ ემუქრებოდა რუსეთს და არავის გაუჩაღებია კონფლიქტი რუსეთის გარდა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ის მოდიოდა და თქვენგან ბევრმა სცადა ამის თავიდან აცილება. ინტერვენციის წინ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიქმნა რუსეთის მიერ და არასდროს ჰქონია ნამდვილი სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა ბაიდენმა.
ლიზ ტრასმა, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრიტანეთის დატყვევებული მოქალაქეების გათავისუფლება დაადასტურა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში „სახალხო რესპუბლიკებში“ დაკავებული ბრიტანეთის ხუთი მოქალაქე გაათავისუფლეს. „ამით დასრულდება გაურკვევლობისა და ტანჯვის თვეები - მათთვის და მათი ოჯახებისთვის"- აღნიშნა ტრასმა. მან მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის და საუდის არაბეთს პატიმრების გათავისუფლებაში დახმარებისთვის „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო დაკავებულების დაუნდობელი ექსპლუატაცია პოლიტიკური მიზნებისთვის“, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა. მანამდე Reuters-მა საუდის არაბეთის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა 10 სამხედრო ტყვე გაათავისუფლა, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ხორვატიისა და მაროკოს მოქალაქეები. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ გათავისუფლებულთა შორის იყო ეიდენ ასლინი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა და აპრილში ტყვედ აიყვანეს. მას სიკვდილით დასჯა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მიუსაჯეს. დანარჩენების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ზალუჟნი რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციაზე: გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა
რუსეთის მთავრობის არც ერთ განცხადებას არ ექნება გავლენა, უკრაინელების მზაობაზე, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინელი სამხედროები გაანადგურებენ ყველას, ვინც უკრაინასთან ომში მოხალისედ ან მობილიზაციის საფუძველზე ჩაერთო. ამის შესახებ უკრაინის ჯარების ხელმძღვანელმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. ზალუჟნი პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინელები 8 წლისა და 7 თვის განმავლობაში აკავებენ რუსეთის შემოჭრასა და აგრესიას თვის ქვეყანაში. „მტრის სრულმასშტაბიანმა შეტევამ არ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და ადეკვატურად შევხვდით მტერს. ამის დასტურია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება. ასობით ათასი კაცი და ქალი იცავს ჩვენს მიწას, მათ სახლებს, ბავშვებს და უკრაინის მომავალს“,- აღნიშნა ჟალუზნიმ. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ხედავს, რომ მისი ქვედანაყოფები გარბიან. მას მილიონიანი არმია სჭირდება ჩვენთან მოსასვლელად
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია" მოსალოდნელი იყო და ეს უკრაინის გეგმებში არაფერს შეცვლის. ზალუჟნი რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციაზე: გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა „ის (პუტინი) ხედავს, რომ მისი ქვედანაყოფები უბრალოდ გარბიან. მას მილიონობით არმია სჭირდება ჩვენთან მოსასვლელად. რადგან ხედავს, რომ ჩვენთან მოსულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ გარბის. მას სურს დაიხრჩოს უკრაინა სისხლში, მაგრამ ასევე საკუთარი ჯარისკაცების სისხლში“, - განაცხადა ზელენსკიმ. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ იგნასიო კასისს ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის იგნასიო კასისის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების შესახებ ისაუბრეს. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან იგნასიო კასისთან. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ გააქტიურებული ურთიერთობის გზით ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაფართოებაზე. ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის სრული პოტენციალის ასათვისებლად ახალ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში, გაეროს 77-ე სესიის ფარგლებში იმყოფება.
უზბეკეთის შემდეგ, თავის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა ყაზახეთმა და ყირგიზეთმაც აუკრძალეს
ყაზახეთი და ყირგიზეთი, რომლებიც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები არიან, უკრაინის წინააღმდეგ ომში, თავის მოქალაქეებს მონაწილეობა აუკრძალეს. ყირგიზეთი, რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის საკუთარ მოქალაქეებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს 21 სექტემბერს რუსეთში ყირგიზეთის საელჩომ აცნობა თავის მოქალაქეებს, რომ მათ უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ყირგიზეთის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და რომლებსაც მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ საომარ მოქმედებებში, ურჩევენ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ თავიანთი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. ომში წასულ პირებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდე ვადით, ასევე შესაძლებელია ქონების ჩამორთმევაც. უზბეკეთისა და ყაზახეთის მთავრობებმა ანალოგიური პოზიცია უკვე დააფიქსირეს. ყაზახეთში იგივე დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 9 წლამდე, რაც გათვალისწინებულია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლით (ყაზახეთის მოქალაქეების შეიარაღებაში განზრახ უკანონო მონაწილეობასთან დაკავშირებული ქმედებები). კონფლიქტები ან სამხედრო ოპერაციები რომელიმე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაქირავებულობის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში). ყაზახეთი და ყირგიზეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები არიან, უზბეკეთმა კი, ორგანიზაცია 2012 წელს დატოვა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვან ის, ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავცელებს. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვან იმ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და კმაყოფილება გამოთქვეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია. აღინიშნა ჩინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და დადებითად შეფასდა უწყებების დონეზე თანამშრომლობის მაღალი დინამიკა. მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის უკვე არსებული მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი საუბარი მქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ვან ისთან. განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ვინ გახდა ლიტერატურული პრემია „საბა“ - 2022 წლის გამარჯვებული
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. ინფორმაცია კონკურსის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. გამარჯვებულთა სრული სია: წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: თემო რეხვიაშვილი – „კურიერის ამბები“; წლის საუკეთესო კრიტიკა: ნუგეშა გაგნიძე – „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“; წლის საუკეთესო პიესა: მანანა დოიაშვილი – „მეცამეტე თვე“; წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ლანა ღოღობერიძე – „ვისთვის გალობს შაშვი“; წლის საუკეთესო ქართული თარგმანი: კატია ვოლტერსი – ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“; წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ლელა სამნიაშვილი – „ავირეკლოთ“; საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში: დავით ჯიშკარინი – „ბუცები და ტყავის ჩექმა“ ; რუსუდან გორგილაძე – „დიქტატურის გემო“ ; წლის საუკეთესო პროზაული კრებული: რატი რატიანი – „მკვლელობა სადგურის უბანში“; წლის საუკეთესო რომანი: არჩილ ქიქოძე - „ხვლიკი საფლავის ქვაზე”; ირმა ტაველიძე – „ბნელ წყლებში”; ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის: ლიტერატურული გამოცემა „არილი” წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ 20-ედ გაიმართა.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას მეტი ბუნებრივი აირის შესაძენად $500 მილიონს გამოუყოფს
დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას მსოფლიო ბანკის მეშვეობით 500 მილიონი დოლარი გამოუყოს, რათა მას მეტი ბუნებრივი აირის შეძენაში დაეხმაროს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინას ამჟამად 13 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აქვს. 2021 წელს ქვეყანამ დაახლოებით 27 მილიარდი კუბური მეტრი ბუნბრივი აირი მოიხმარა.
მარიუპოლის დამცველთა ნაწილი ტყვეობიდან გათავისუფლდა
მარიუპოლის რამდენიმე დამცველი უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა. ისინი ტყვეების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს. კერძოდ, გათავისუფლებულთა შორის არის მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილო ვერშინინი. ამის შესახებ მარიუპოლის მერმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განცხადა და მისი გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა. ვერშინინი ტყვეობაში მიმდინარე წლის მაისიდან იმყოფებოდა. ის მარიუპოლის სხვა დამცველებთან ერთად დააკავეს. დადასტურდა ისიც, რომ მედიკოსი, აზოვსტალის მცველი, კატერინა პოლონჩუკი ასევე თავისუფალია. სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტყვეების გაცვლა დღეს მოხდა. გაცვლის დროს გაათავისუფლეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, საუბარია 200 ადამიანზე.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უსაფრთხოების ძალებმა, ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაშავებულია ათობით მომიტინგე
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე უშიშროების ძალებმა ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, აქციის მონაწილეებს შორის არიან დაზარალებულები. მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ანტისამობილიზაციო აქციების მონაწილეთა დაკავება დაიწყეს მოსკოვში, ძველ არბატზე მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და სკანდირებდა "არა ომს!" და "პუტინი სანგრებში", - იტყობინება SOTA. OMON-მა მომიტინგეების დაკავება აქციის დაწყებამდე დაიწყო. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, უშიშროების ძალებმა დაიწყეს მკაცრი მოქმედებები: მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს და ქვაფენილზე პირქვე დააწვინეს. 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
სი ძინპინი: აუცილებელია კონცეტრირება ომისთვის მზადებაზე
სი ძინპინმა მოუწოდა ჩინელ სამხედროებს მოემზადონ „ნამდვილი ბრძოლისთვის" ჩინეთის პრეზიდენტმა თავის ჯარს საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოს „რეალური ბრძოლისთვის“ მომზადებაზე. „აუცილებელია ახალი სიტუაციისა და მოთხოვნების გააზრება, კონცეტრირება ომისთვის მზადებაზე“, - განაცხადა სი ძინპინმა კონფერენციაზე. მას ესწრებოდნენ ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს (CMC), სახალხო შეიარაღებული მილიციისა და სამხედრო აკადემიების მაღალი რანგის წარმომადგენლები. ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭო ხელმძღვანელობს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას და სახალხო შეიარაღებულ მილიციას. სი ძინპინი CMC-ის თავმჯდომარეა 2013 წლიდან. ჩინეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკრაინაში ომის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა. CPR-მ გამოაცხადა თავისი ნეიტრალიტეტი, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „ჩინეთი იხრება რუსეთისკენ".
რუსეთის პრემიერი: ბიუჯეტი 2023 წელს დეფიციტური იქნება
რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის ცნობით, რუსეთის ფედერაციის 2023 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტში 3 ტრილიონი რუბლის დეფიციტია. „რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის შემოსავლები 2023 წელს 26 ტრილიონი რუბლი იქნება, ხარჯები - დაახლოებით 29 ტრილიონი, დეფიციტი მშპ-ს 2 პროცენტია. ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი 3 ტრილიონი რუბლია. 2023 წელს ხარჯები ძირითადად სესხით ანაზღაურდება, თუმცა არა ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან (NWF)“, - თქვა მიშუსტინმა. მიშუსტინის თქმით, 2023 წელს მოსალოდნელია მშპ-ს 2 პროცენტიანი დეფიციტი. 2024 წელს დეფიციტი 1,4 პროცენტს, ხოლო 2025 წელს 0,7 პროცენტს გაუტოლდება.
ილჰამ ალიევი: ვერავის მოწოდება, განცხადებები და ინიციატივები ვერ შეგვაჩერებს
„როდესაც 13 სექტემბერს, ჩვენ წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა, აზერბაიჯანის არმიამ უპასუხა და მტერი ისევ თავის ადგილზე დააბრუნა. იმედი მაქვს, რომ ეს მათ საბოლოოდ ასწავლის გაკვეთილს. რადგან დაინახეს, რომ ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებდა. ვერავის მოწოდება, განცხადებები და ინიციატივები ვერ შეგვაჩერებს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში აზერბაიჯანის დროშიც აღმართვის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და საკუთარ მიწას ვიცავთ. ჩვენი პოზიციები საზღვრის გასწვრივ გვაძლევს შესაძლებლობას, განვჭვრიტოთ სომხების ნებისმიერი პროვოკაცია და მივიღოთ საჭირო ზომები. ჩვენ ხელსაყრელ პოზიციებზე ვართ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. ეს პოზიციები გვაძლევს როგორც სამხედრო უპირატესობას, ასევე ვიზუალური კონტროლის შესაძლებლობას დიდ ფართობზე, მათ შორის მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ხაზებზე და ჩვენ უკვე დაფუძნებული ვართ ამ ადგილებში. ჩვენ არ გვქონდა წვდომა ამ საზღვრებთან 30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ალიევმა. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიებს: გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე - სავარაუდო სცენარი და ორი ამოცანა საქართველოსთვის - ანალიზი
მაია სანდუ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები დნესტრისპირეთიდან
მოლდოვა მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო კონტინგენტი დნესტრისპირეთიდან და გაანადგუროს ამ რეგიონში, კობასნას საცავში შენახული საბრძოლო მასალა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დებატებზე განაცხადა. „მოვუწოდებთ მოსკოვს რუსული ჯარების სრული და უპირობო გაყვანისა და კუბასნას მარაგებიდან საბრძოლო მასალის განადგურებისკენ, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და გარემოს მთელ რეგიონში“, - განაცხადა მაია სანდუმ. „რუსეთის სამხედრო ძალების უკანონო ყოფნა დნესტრისპირეთის რეგიონში, არღვევს ჩვენს ნეიტრალიტეტს და ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკს“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
„აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ
„აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. პროკოპენკოსა და პალამარის გარდა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინი. ტყვეთა გაცვლისას რუსეთს სავარაუდოდ, გადასცეს პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში, ღალატშია ეჭვმიტანილი. ამავე თემაზე წაიკითხეთ მარიუპოლის დამცველთა ნაწილი ტყვეობიდან გათავისუფლდა
პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან - ბლინკენი
პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა "ტვიტერზე" დაწერა. „პრეზიდენტ პუტინის მოწოდება, უკრაინაში დამატებითი რუსული სამხედრო ძალების შესახებ, ასახავს ბრძოლის ველზე რუსეთის ბრძოლას და იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან“, – წერს ბლინკენი. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა. დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება. ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ამასთან, პროკურატურა ნარსიას მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ადვოკატი ძარცვის სავარაუდო მოტივზე საუბრობს დაცვის მხარე დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზასაც მოითხოვს. „ჩვენი გუნდი (აიპ „იურისტთა ასოციაცია) იცავს გრიგოლ ნარსიას ინტერესებს. გამოვითხოვთ საქმის მასალებს და იქედან გამომდინარე აიგება დაცვის სტრატეგია. პირველ რიგში, დასადგენია ამ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დავნიშნავთ ექსპერტიზას“, - განაცხადა ადვოკატმა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, წარსულში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონტროლიორად მუშაობდა. „იარაღთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სათამაშო იყო და ნამდვილი ასაფეთქებელი არ ყოფილა. რაც შეეხება ხელყუმბარას, შესაძლოა, ის სპორტული იყო. რაც შეეხება იარაღს, საიდანაც გაისროლა, „სტარტოვკა“ იყო, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს. ხელყუმბარაზე განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურიდან წამოიღო და სარდაფში ჰქონდა დიდი ხანი და შესაძლოა, სპორტული იყოსო, თვითონაც არაა დარწმუნებული, საბრძოლო არის, თუ არა. დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო, შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - გეგუთის მე-14 დაწესებულებაში კონტროლიორი გახლდათ. იქ, 2010 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა“, - განაცხადა ციცინო ბაბუნაშვილმა. გუშინ, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.