ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მომზადებასა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მომზადდება და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააიზრდება. იუწყება Reuters-ი. პაკეტის ფორმალიზება შესაძლებელია ოქტომბერში, როდესაც მინისტრები შეიკრიბებიან.  

გერმანიაში თითქმის 5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები დააყადაღეს

გერმანიის ხელისუფლებამ 4,88 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. მათ შორის ნაღდი მხოლოდ ნახევარს შეადგენს. დაყადაღებულია რუსების უძრავი და მოძრავი ქონება, იახტები და თვითმფრინავები. იახტები სანქცირებული ოლიგარქების საკუთრებაშია. Spiegel-ის ცნობით, ფული, უძრავი ქონება და იახტები ჯერ არ დაუკავებიათ, შესაბამისად, გერმანიაში გაყინული რუსული ქონების პოტენციური ღირებულება შესაძლოა, გაორმაგდეს. სამთავრობო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის დაახლოებით ათასი მოქალაქე და ორგანიზაცია ამჟამად ევროპის სანქციების სიაშია. რუსების აქტივების გამოთვლა საკმაოდ რთულია, რადგან ისინი საკუთრების თაობაზე ფაქტების დამალვას ცდილობენ.  

ნიუ-იორკის პროკურორმა დონალდ ტრამპი და მისი უფროსი შვილები თაღლითობაში დაადანაშაულა

ნიუ-იორკის შტატის პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მისი უფროსი შვილების და ასევე კომპანია Trump Organization-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ისინი თაღლითობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News- ავრცელებს. "სარჩელი 200 გვერდზე მეტს მოიცავს, სადაც დონალდ ტრამპს მის ნათესავებსა და ბიზნეს ორგანიზაციას ბრალად ედებათ წლების განმავლობაში ფინანსური თაღლითობა, მათ შორის კომპანიის კაპიტალიზაციის შესახებ ყალბი მონაცემების მიწოდება, რომელიც ან არასაკმარისად იყო შეფასებული, ან გადაჭარბებული იყო, ხელსაყრელი პირობებით კრედიტის ასაღებად, ან ნაკლები გადასახადების გადასახდელად", - განაცხადა პროკურორმა. ამასთან, საგამოძიებო უწყება ტრამპს 10 წლის განმავლობაში თაღლითობის 200 ეპიზოდში ადანაშაულებს.  

კრემლის მომხრე ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი ტყვეთა გაცვლის ფარგლებში რუსეთს გადასცეს

უკრაინელი პოლიტიკოსი და პუტინის მარჯვენა ხელი ვიქტორ მედვედჩუკი იყო მათ შორის, ვინც რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, 205 უკრაინელი ჯარისკაცი და 10 უცხოელი მებრძოლი გათვისუფლდა. ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა.  „აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. პროკოპენკოსა და პალამარის გარდა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინი. ამავე თემაზე წაიკითხეთ მარიუპოლის დამცველთა ნაწილი ტყვეობიდან გათავისუფლდა ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტია უკრაინაში საბოლოოდ აკრძალეს პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ტყვეთა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული 5 უკრაინელი მეთაური ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ ხუთი უკრაინელი მეთაური გაათავისუფლეს რუსეთ-უკრაინის სამხედრო ტყვეების გაცვლის ფარგლებში. მისივე თქმით, ისინი თურქეთში „სრული უსაფრთხოების, კომფორტული პირობებით და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მფარველობის ქვეშ,  თურქეთში დარჩებიან.  გათავისუფლებულები არიან უკრაინის ეროვნული გვარდიის ლეიტენანტი პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო, აზოვის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი და 36-ე ბრიგადის მეთაური სერჰი ვოლინსკი.  მეთაურები ანკარაში გადაიყვანეს. ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა უზრუნველყოფს მეთაურის ოჯახის წევრების ადგილზე ჩასვლას. შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, საუბარია 200 ადამიანზე. მარიუპოლის დამცველთა ნაწილი ტყვეობიდან გათავისუფლდა. მათ შორის არიან „აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე.  

უკრაინის პრეზიდენტის აპარატი: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ცხრა რაკეტა ესროლეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და მის გარეუბნებს ცხრა რაკეტა ესროლეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკომ „ტელეგრამზე“ დაწერა. „ზაპოროჟიესა და გარეუბნებს, რუსებმა ცხრა რაკეტა ესროლეს. რუსმა არაადამიანებმა რაკეტა ესროლეს ცენტრალურ პარკში მდებარე სასტუმროს. არის მნიშვნელოვანი ნგრევა, ხალხი ნანგრევების ქვეშაა“, - წერს ტიმოშენკო. რომის პაპი: უნდა გავერთიანდეთ უკრაინელი, კეთილშობილი ადამიანებისთვის, რომლებმაც მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ილია დარჩიაშვილი სლოვაკ და ლუქსემბურგელ კოლეგებს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა სლოვაკ კოლეგასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა რატისლავ კაჩერს მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მინისტრობის პერიოდში ორივე ქვეყნის ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველო-სლოვაკეთის ტრადიციული მეგობრობისა და პარტნიორული კავშირების გამყარებისკენ. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა სლოვაკეთის ტრადიციულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და აღნიშნეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა ამ გზაზე. მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, აღინიშნა სლოვაკეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს წარმატებული თანამშრომლობა გაერო-ს ფარგლებში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა გაეროში საქართველოს რეზოლუციის თანასპონსორობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ლუქსემბურგელ კოლეგასთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, დიდი საჰერცოგოსა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორის ლუქსემბურგის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური, ასევე სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა იკავებს ადგილს საქართველოს ინვესტორი ქვეყნების ათეულში. მათივე ცნობით, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით შესაბამისი სექტორების წარმომადგენელთა ჩართულობას.  

ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა საუბრისას განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ელჩ ფილიპ რიკერის დანიშვნას კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აშშ-ის წარმომადგენლის თანამდებობაზე და აღნიშნა, რომ მისი ჩართულობა ახალ სტიმულს შესძენს როგორც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და აშშ-ს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე და გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიმართულებით. მინისტრმა მადლიერება გამოხატა 30 - წლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მიერ საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის. ასევე წაიკითხეთ:   ილია დარჩიაშვილი სლოვაკ კოლეგას შეხვდა  

ამირან გამყრელიძე: სამსახურიდან წასვლას, დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ ვფიქრობდი

ჩემთვის სხვა ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშვნა არ შემოუთავაზებიათ. გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ასაკის გამო სამსახურიდან წასვლას ვფიქრობდი, მაგრამ დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა. "გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ასაკის გამო მე ამას ვფიქრობდი, მაგრამ დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, როცა მეტად განვავითარებდი / ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, რაზეც ბევრს ვფიქრობდი პანდემიამდე. მაგრამ "კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო", ასეა ნათქვამი ხომ? არაფერი უჩვეულო არ არის, მსგავსი განმეორდა რამოდენიმე ქვეყანაში... თქვენს რამდენიმე კითხვას რომ დაესვას წერტილი გეტყვით, რომ არც მე, არც ჩემს შვილებს და მთლიანად ოჯახს არავითარი პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონია და არ აქვს... ჩვენი ორიენტაცია, ჩვენი კრედო არასდროს დაგვიმალავს არც მე და არც ჩემს შვილებს. ჩვენი ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველო ვნახოთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, ქვეყანას ჰქონდეს ევროპული ორიენტაცია, ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი", - ამბობს ამირან გამყრელიძე და დასძენს, რომ, დიდი ალბათობით, საჯარო სამსახურში აღარ დაბრუნდება. კითხვაზე, მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ფიქრობს თუ არა, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით "რუსეთის სურვილები შეიძლება იყოს გათვალისწინებული", გამყრელიძე ასე პასუხობს: "ეს ღმერთმა არ ქნას. ლუგარის ლაბორატორია არის საქართველოს საგანძური. მე ამაყი ვარ იმით, რომ 2001-2003 წლებში გარკვეული როლი მიმიძღვის ამ დიდი პროგრამის საქართველოში დაწყებაში, როდესაც მოიაზრებოდა ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორიის შექმნა და განვითარება". ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით თქვა, რომ "საბედისწერო შეცდომა არ დაუშვიათ". "ჩვენ ეს პანდემია ვმართეთ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას და ჩვენში არსებულ ინტელექტუალურ რესურს შეესაბამებოდა".  

ჩრდილოეთ კორეა: რუსეთისთვის იარაღი არასოდეს მიგვიყიდია, ამის გაკეთებას არც მომავალში ვგეგმავთ

"ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის იარაღი არასდროს მიუყიდია და ამის გაკეთებას არც მომავალში გეგმავს", - ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რითაც ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოსკოვმა ფხენიანს მარაგების შესავსებად მიმართა. „ჩვენ არასდროს გაგვიტანია რუსეთში იარაღი ან საბრძოლო მასალა და მათ ექსპორტს არც ვაპირებთ“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა. ამავე განცხადების თანახმად, „აშშ და სხვა მტრული ძალები, მიმდინარე საკითხზე ​​ჭორებს ავრცელებენ“.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: მე ვსაუბრობ სახელმწიფოს სახელით, რომელიც იძულებულია, დაიცვას თავი, თუმცა აქვს მშვიდობის ფორმულა

უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რათა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის დაისაჯოს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვით წარსდგა. „უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილია დანაშაული და ვითხოვთ სამართლიან დასჯას. დანაშაული ჩადენილია ჩვენი სახელმწიფო საზღვრების წინააღმდეგ. დანაშაული ჩადენილია ჩვენი ხალხის სიცოცხლის წინააღმდეგ. დანაშაული ჩადენილია ჩვენი ქალებისა და კაცების ღირსების წინააღმდეგ. დანაშაული ჩადენილია იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებიც მე და თქვენ, გაერთიანებული ერების საზოგადოებად აქცევს. უკრაინა ითხოვს დასჯას ჩვენი ტერიტორიის მოპარვის მცდელობისთვის; ათასობით ადამიანის მკვლელობისთვის; ქალებისა და კაცების წამებისა და დამცირებისთვის. იმ კატასტროფული არასტაბილურობისთვის, რომელიც რუსეთმა თავისი უკანონო ომით გამოიწვია არამარტო ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ყველა ერისთვის, რომელიც წარმოდგენილია გაეროს გენერალური ასამბლეის ამ დარბაზში“, - ამ შინაარსის განცხადებით დაიწყო უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვა. მე ვლაპარაკობ სახელმწიფოს სახელით, რომელიც იძულებულია დაიცვას თავი, თუმცა აქვს მშვიდობის ფორმულა. მე ვესაუბრები ყველას, ვისაც სურს გაიგოს, როგორ მიაღწიოს მშვიდობას. მე წარმოგიდგენთ ფორმულას, რომელმაც შეიძლება, იმუშაოს არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვინც შესაძლოა, აღმოჩნდეს მსგავს ვითარებაში, როგორც ჩვენ. ეს არის ფორმულა, რომელიც სჯის დანაშაულს, იცავს სიცოცხლეს, აღადგენს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიას და უზრუნველყოფს სწრაფვას, - განაგრძო ზელენსკიმ და მშვიდობის 5 ფორმულაზე ისაუბრა.  მშვიდობის ხუთი წინაპირობა არსებობს უკრაინას მშვიდობა სურს. ევროპას მშვიდობა სურს. მსოფლიოს მშვიდობა სურს. ჩვენ ვნახეთ, ვინ არის ერთადერთი, ვისაც ომი სურს. ჩვენ ამ ბრძოლაში შედეგს ვაღწევთ და ვხედავთ, რა იქნება ამ ომის დასასრული და რა იქნება სტაბილური მშვიდობის გარანტიები. ჩვენ არ გამოგვიწვევია ეს ომი. რუსეთმა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა აგრესიის დანაშაული, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, ის აქცია სრულმასშტაბიან შემოჭრად. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ დავიცვათ თავი.  ჩვენ არ დავუშვებთ ამ სახელმწიფოს გაბატონებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე დიდი სახელმწიფოა. გაეროს წესდება მოიცავს ერების თანასწორობას და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უკრაინა თანასწორია თანასწორთა შორის. გაეროს წესდება მოიცავს საზღვრების ხელშეუხებლობას და ჩვენ დავადგინეთ ჩვენი საზღვრები იმით, რომ უკუვაგდებთ ოკუპანტებს ამ საზღვრების მიღმა. გაეროს წესდება მოიცავს ადამიანის უფლებების პატივისცემას, ღირსებას და სიცოცხლის უფლებას და ჩვენ ამისთვისაც ვიბრძვით. ეს არის ჩვენი მშვიდობის ფორმულის პირველი პუნქტი. დასჯა აგრესიის გამო, დასჯა საზღვრების და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის. დასჯა, რომელიც უნდა დაწესდეს აგრესიის დასრულებამდე და ვიდრე არ იქნება გადახდილი კომპენსაცია იმ ზარალისთვის, რაც მიყენებულია. ამიტომ სანქციები აგრესორის წინააღმდეგ მშვიდობის ფორმულის ნაწილია. ვაჭრობის, ურთიერთობების ბლოკირება, აგრესორთან მშვიდობის ფორმულის ნაწილია. ეს ყოველივე არის დასჯა. საჭიროა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსეთის დასასჯელად იმ აგრესიისთვის, რაც ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იქნება გზავნილი ყველა პოტენციური აგრესორისთვის. ჩვენ მოვამზადეთ ზუსტი ნაბიჯები ასეთი ტრიბუნალის შესაქმნელად. ისინი წარედგინება ყველა სახელმწიფოს. უკრაინა გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს საერთაშორისო კომპენსაციის მექანიზმის მხარდასაჭერად. სანამ აგრესორი საერთაშორისო ორგანიზაციებში გადაწყვეტილების მიღების მხარეა, ის უნდა იყოს იზოლირებული მათგან - სულ მცირე, სანამ აგრესია გაგრძელდება. უარვყოთ ხმის მიცემის უფლება მათთვის. ზელენსკის თქმით, მშვიდობის ფორმულის მეორე პუნქტი არის სიცოცხლის დაცვა.  ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნოთ უკრაინის დროშა მთელ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება იარაღის ძალით. მაგრამ დრო გვჭირდება. ახლაც, როცა რუსეთი მოლაპარაკებებზე საუბრობს, მას მხოლოდ უკანდახევის შენელება სურს. რუსეთს სურს, ზამთარი გაატაროს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მოამზადოს ძალები ახალი შეტევისთვის. ახალი ბუჩა, ახალი იზიუმი... ჩვენთვის ეს არის ომი სიცოცხლისთვის. ამიტომ გვჭირდება თავდაცვის მხარდაჭერა - იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ჭურვები. ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად საკმარისია შეტევითი იარაღი, შორი დისტანცია და თავდაცვითი სისტემები, უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვა. ჩვენ გვჭირდება ფინანსური მხარდაჭერა - შევინარჩუნოთ შიდასტაბილურობა და შევასრულოთ სოციალური ვალდებულებები ჩვენი ხალხის წინაშე. ფიზიკური და სოციალური დაცვა ნებისმიერი ერის ცხოვრების ორი ელემენტია. ასე რომ, ჩვენი მშვიდობის ფორმულის მეორე პუნქტი არის სიცოცხლის დაცვა. ყველა არსებული საშუალებით – ნებადართულია გაეროს წესდებით. ჩვენი სამშვიდობო ფორმულის მესამე პუნქტი არის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ნახეთ, გლობალური უსაფრთხოების რამდენი ელემენტი დაარღვია რუსეთმა თავისი ომით - საზღვაო უსაფრთხოება, სურსათის უსაფრთხოება, რადიაციული უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და უსაფრთხოება მასობრივი განადგურების იარაღისგან. ჩვენ საბოლოოდ უნდა ვაღიაროთ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ყველა დონეზე. ყველა ქვეყანაში, რომელიც აღიარებს მშვიდობისა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის ღირებულებებს. თუ არ გაქვთ სამართლებრივი მექანიზმი, შეგიძლიათ, მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება – პარლამენტებში. ეს არის გლობალური უსაფრთხოების აღდგენის საფუძველი.  გლობალური უსაფრთხოება ვერ აღდგება შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაზარალებული ერის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე. მეოთხე პუნქტი არის უსაფრთხოების გარანტიები. ყველა ერს აქვს უსაფრთხოების გარანტიების უფლება. არ მარტო უდიდეს ერებს. ჩვენ გვაქვს წინადადებები უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის განახლების შესახებ, რაც აღარ დაუშვებს ჩვენს წინააღმდეგ აგრესიას. მათ უკვე წარვუდგენთ პარტნიორებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მეხუთე პუნქტი არის მიზანსწრაფვა/გადაწყვეტა რის გარეშეც დანარჩენი ოთხი ელემენტი არ იმუშავებს. „ეს არის ჩვენი ბრძოლის გადაწყვეტილება. ეს არის პარტნიორების გადაწყვეტილება, რომ დაგვეხმარონ და ასევე დაეხმარონ საკუთარ თავს, ეს არის მსოფლიოს გადაწყვეტილება, გაერთიანდეს მის გარშემო, ვინც იბრძვის შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთი იძულებული იქნება დაასრულოს ეს ომი. „მინდა, მადლობა გადავუხადო ას ერთ ქვეყანას, რომლებმაც ხმა მისცეს ჩემს ვიდეომისამართს. ეს იყო კენჭისყრა არამხოლოდ ფორმატთან დაკავშირებით, არამედ, პრინციპებზე. წინააღმდეგ მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ მისცა ხმა: ბელორუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა, ნიკარაგუა, რუსეთი და სირია. შვიდი ქვეყანა, ვისაც ეშინია ვიდეომიმართვის. შვიდი - რომელიც პრინციპებს წითელი ღილაკით პასუხობს, - ასე დაასრულა უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვა.

თბილისში, პირი ყალბ 100-ლარიან კუპიურებს ამზადებდა და რეალიზაციას სავაჭრო ქსელში ახდენდა - საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებული თბილისში, საცხოვრებელ სახლში ყალბ 100-ლარიან კუპიურებს ამზადებდა, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც თბილისის სავაჭრო ქსელში ახდენდა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, საცხოვრებელ სახლში ამზადებდა ყალბ 100-ლარიან კუპიურებს, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა თბილისის სავაჭრო ქსელში. დადგენილია არაერთი სავაჭრო ობიექტი, სადაც ბრალდებულის მიერ გასაღებულ იქნა ყალბი 100-ლარიანი კუპიურები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 800 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივა დაარეგისტრირა

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა 51 დეპუტატებმა, საორგანიზაციო დეპარტამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივა დაარეგისტრირა. პარტია "ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მათ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ჯგუფის მხარდაჭერა აქვთ და აუცილებელია, საგამოძიებო კომისიამ უნდა გაარკვიოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა თანამდებობის პირების თანამშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან. "ვარეგისტრირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივას, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების თანამშრომლობას რუსეთის სპეცსამსახურებთან. ჩვენს მოთხოვნას მხარს უჭერს პარლამენტში არსებული ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დაიწყება განხილვა და სწრაფად დადგება კენჭისყრაზე - საზოგადოება ელოდება პასუხს", - თქვა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, 12 სექტემბერს სოსო გოგაშვილმა განცხადება  გაავრცეკა, სადაც წერს რომ წლებია, არსებობს „დაცული სისტემა“, რომლის ფარგლებშიც ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ერთი ფანატი, 200 მებრძოლში გავცვალეთ

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის რუსული მხარისთვის გადაცემა „სამწუხარო არ არის“, რადგან მან კანონით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება გაიარა. „ჩვენ რუსეთის ერთი ფანატი, 200 მებრძოლში გავცვალეთ. ჩვენ ჯერ გვთავაზობდნენ 50 ადამიანში იმ ერთში გაცვლას, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა. ჩვენ არ დავეთანხმეთ და ვითხოვდით... შედეგად რიცხვი 200-მდე გაიზარდა. მედვედჩუკის გადაცემა, ნამდვილი მებრძოლების სანაცვლოდ არ გვენანება. მან გაიარა ყველა საგამოძიებო მოქმედება, რასაც კანონი ითვალისწინებს. უკრაინამ მისგან მიიღო ყველაფერი, რაც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, სიმართლის დასადგენადაა საჭირო“, - განაცხადა ზელენსკიმ. 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 215 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს.  

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მოსახლეობის ნაწილში არაპოპულარული იქნება

პუტინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის, ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მოსახლეობის ნაწილში საკმაოდ არაპოპულარული იქნება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ანგარიშშია აღნიშნული. პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან - ბლინკენი „რუსეთს, სავარაუდოდ, ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ გამოწვევებთან ბრძოლა მოუწევს, თუნდაც 300 000 სამხედრო მოსამსახურის შეკრებით. ის, ალბათ, შეეცდება ამ ჯარისკაცებით ბევრი ახალი ფორმირების ჩამოყალიბებას, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ“, - აცხადებენ უწყებაში. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა.  BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა.   პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება.  

ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად შეუზღუდოს

ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეების შესვლა სრულად შეზღუდოს. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ფინეთის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შემცირება გადაწყვიტა „ფინეთს არ სურს იყოს სატრანზიტო ქვეყანა სხვა ქვეყნების მიერ გაცემული შენგენის ვიზებისთვის და ახლა ჩვენ გვინდა გავაკონტროლოთ ეს მოძრაობა“, - თქვა ჰავისტომ. ჰავისტოს ინფორმაციით, ხელისუფლება ამჟამად ამზადებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა შეზღუდოს ან მთლიანად შეაჩეროს რუსეთის მოქალაქეების ტურისტული მოძრაობა  და ეს საკითხი მალე პარლამენტს წარედგინება. „არ არსებობს მორალური და ეთიკური საფუძველი, რომ რუსმა ტურისტებმა განაგრძონ მოგზაურობა, თითქოს არაფერი მომხდარა“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.  

სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო განაჩენით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ასევე დამანაშავედ იქნა ცნობილი ორი იურიდიული პირი. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა ვებ-გვერდი დაარეგისტრირა, რომლის მეშვეობითაც ფიზიკურ პირებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის კანონიერი გზით მიღებაში დახმარებას სთავაზობდა. აღნიშნული სქემით, მსჯავრდებული მოტყუებით დაახლოებით, 250 000 აშშ დოლარს დაეუფლა. შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, მან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების მრავალჯერადი ფიქტიური საბანკო ტრანზაქციებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. სასამართლო განაჩენით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი საწარმოს საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება და ბიუჯეტის წინაშე ანგარიშსწორება ევალებოდა, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულადა 380 000 ლარის ოდენობით გადასახადს თავი აარიდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დიდი ოდენობით თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე დამნაშავედ სრულად ცნო და სასჯელის სახედ და ზომად, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 200 000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა: თბილისში, ჟვანიას ქუჩა №88-ში მდებარე №53 საცხოვრებელი ბინა (56.95 კვ.მ.) და ამავე მისამართზე მდებარე სამი ავტოფარეხი - ჯამში 48.56 კვ.მ., ასევე, 188 200 ლარის ღირებულების ავტომანქანები - SUBARU FORESTER და CADILLAC ESCALADE და საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული 77 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დამნაშავედ იქნა ცნობილი ასევე, მსჯავრდებულის მიერ დაფუძნებული ორი იურიდიული პირი, რომელთაც ეკონომიკური საქმიანობის უფლება უვადოდ ჩამოერთვათ და თითოეულს 200 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სოჭის პორტი სანქციების გამო, უცხოურ საკრუიზო გემებს ვეღარ მიიღებს

19 უცხოურმა საკრუიზო გემმა, რომლებმაც გასულ წელს მიმართეს სოჭის პორტს, უარი თქვეს კონტრაქტებზე მას შემდეგ, რაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. ამის შესახებ სოჭის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განაცხადა. მისი თქმით, სოჭის ნავსადგურმა მთლიანად დაკარგა მოგება საერთაშორისო კრუიზებიდან, რაც მისი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას პრობლემას უქმნის. მაისში რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ განაცხადა, რომ უმსხვილესმა საერთაშორისო საკრუიზო კომპანიებმა Carnival Cruise Line, Princess Cruises და Costa Cruises და მათმა შვილობილმა კომპანიებმა რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებზე ტურების გაყიდვა შეაჩერეს.   

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციით 10 ადამიანი დაიღუპა

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციით 10 ადამიანი დაიღუპა, მოიწამლა 51 მოქალაქე, - ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი და მოწამლული პირების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა.  „მიმდინარე წელს მოწამლული და გარდაცვლილი აბონენტების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა. მინდა შევახსენო მოსახლეობას და აბონენტებს, თუ თქვენ ბინის დაქირავებას ან დაგირავებას გადაწყვიტეთ, დაქირავებამდე/დაგირავებამდე აუცილებლად მოგვმართეთ. 240 40 04 - ეს არის ჩვენი კომპანიის ცხელი ხაზი, მოითხოვეთ შემოწმება და ჩვენი სპეციალისტები მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, აღნიშნულ ბინაში მოვლენ, შეამოწმებენ და მოგცემენ მითითებას და თუ რაიმე არის გამოსასწორებელი, მაგასაც შესაბამისი აქტით დააფიქსირებენ“, - განაცხადა ლეფსვერიძემ.  

საქართველოში დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონების დაყადაღების წესი იცვლება

პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი 89 ხმით დაუჭირა. საქართველოში დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონების დაყადაღების წესი იცვლება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.  კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ  დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა შეიძლება დაედოს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ; არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გაანადგურებენ ან დააზიანებენ; არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ; ამ ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, რადგან დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქონების ჩამოსართმევად საჭირო შესაბამისი გარემოებების არსებობა. „თუ იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ ან გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ, ამ შემთხვევებში, ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს აუკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, ქონებით სარგებლობაც აეკრძალება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. როგორც დეპუტატმა განმარტა,  კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა სამ ეტაპად დაედება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა იქნება 12 თვე. ასევე, თუ დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შესაბამისი პროცედურები, ქონებაზე ყადაღის დადება ხუთ ეტაპად განხორციელდება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა, ასევე, 12 თვე იქნება. ყოველ შემდეგ ეტაპზე დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდების მხარე მიმართავს. უფრაქციო დეპუტატის, შალვა შავგულიძის შეფასებით, პირველი მოსმენის შემდეგ  კანონპროექტი, კორექტირების შედეგად, კიდევ უფრო გაუარესებულია საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცვის თვალსაზრისით. „პირველი მოსმენისას წარმოდგენილ ვარიანტში ის მაინც იყო აღნიშნული, რომ  უნდა ყოფილიყო ყადაღის დადების  დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული და, ასევე,   დასაბუთებული ვარაუდი უნდა ყოფილიყო იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ემატება ამ მოთხოვნას - რა მიზანთან დაკავშირებითაც იყო  დასაბუთებული ვარაუდი, რომ ყადაღის დადება საჭიროა: ახალი დანაშაულის აღსაკვეთად,  დაზიანებისგან, განადგურებისგან, გასხვისებისგან დასაცავად. ახალი რედაქციით, გამოდის, რომ მხოლოდ ის პირობა, რომ  ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული , სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ  ყადაღა დაედოს ისეთი კეთილსინდისიერი შემძენის ქონებას, რომელსაც  საერთოდ არანაირი კავშირი არ უსაბუთდება ამ დანაშაულის ჩამდენთან ან ამ ქონების მიმართ ჩადენილ დანაშაულთან“, -განაცხადა შალვა შავგულიძემ. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კანონპროექტი  ქონებასთან მიმართებით ადამიანის უფლებების სტანდარტს აუმჯობესებს. „თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავეცნობით და შემდეგ ამ კანონპროექტს, მე მგონი ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ  ეს კანონპროექტი  უფლებების დაცვის სტანდარტს ყადაღასთან მიმართებით, სისხლის სამართლის პროცესში აუმჯობესებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.