ძებნის რეზულტატი:
ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთში 100-ზე მეტი სახეობის საქონლის ექსპორტი აკრძალა
ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის საკითხებში ვიცე მინისტრმა, კაირატ ტორებაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთში 106 სახეობის საქონლის ექსპორტი აკრძალა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო. ტორებაევის თქმით, ეს ძირითადად უცხოური წარმოების საქონელია, რომლის ექსპორტიც არის აკრძალული, იმპორტი კი, კვლავ ნებადართულია. „ჩვენ მთლიანად შევზღუდეთ მათი ექსპორტი. ეს არის სამხედრო საქონელი. მაგალითად, დრონები და მათი კომპონენტები, სპეციალიზებული ელექტრონიკა, ჩიპები და მსგავსი პროდუქტები,“ - განაცხადა კაირატ ტორებაევმა. ცნობისთვის, დასავლეთი შიშობდა, რომ მესამე ქვეყნები შეიძლება, გამოყენებულნი იყვნენ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის. კერძოდ, მიუთითებდნენ საფრთხეზე, რომ რუსეთის ხელში აღმოჩნდება სხვადასხვა პროდუქცია, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს. ამის გამოსარიცხად, ევროკავშირმა ზომები სანქციების მე-11 პაკეტის მიხედვით გაამკაცრა. მაისში გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დრონები და მიკროჩიპები სანქციების გვერდის ავლით, რუსეთს მიეწოდებოდა ყაზახეთში დარეგისტრირებული სულ მცირე ორი კომპანიის მეშვეობით. ყაზახეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 2022 წლის მაისიდან სრულად აკრძალეს რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის მიწოდება ორმაგი დანიშნულების საქონელზე კი, სპეციალური სერტიფიცირება და საექსპორტო ნებართვები შემოიღეს. ამავდროულად, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ შესაძლოა, კერძო კომპანიები ახორციელებდნენ აკრძალული საქონლის რეექსპორტს, რის შეჩერაბასაც ქვეყანის ხელისუფლება ცდილობს. ივნისში ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „ასზე მეტი კომპანია მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.“ Bloomberg-მა მარტში გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რუსეთში ჩიპები შედიოდა ყაზახეთის, თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მეშვეობით, რითაც დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა. ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, ე.წ. რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებშიც იმყოფებოდნენ ვიზიტებით, სადაც მიიღეს დაპირება, რომ ქვეყნები ბოლომდე დაიცავენ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამ საკითხზე აშშ და ევროკავშირი მესამე ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობენ.
ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას სთხოვს - Reuters
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს უკრაინის და ისრაელისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის თხოვნით, 20 ოქტომბერს მიმართავს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, აშშ განიხილავს 60 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარებას უკრაინისთვის და 10 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულების პაკეტს - ისრაელისთვის. მედია 18 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს. WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters
ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და შესაბამისი მიმართულებების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის ფარლგებში ყურადღება, ასევე, გამახვილდა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. „საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ. მხარეებმა, დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა,“ - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აშშ-ის ახალი ელჩის ოთხი პრიორიტეტი - რობინ დანიგენი საქართველოშია საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები 12 ოქტომბერს გადასცა. ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასულ კვირაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.
უკრაინის რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას. კანონპროექტს მხარი 260-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 15, ორმა თავი შეიკავა, ხოლო 17-მა ხმა არ მისცა. უკრაინის აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ხსენებული კანონპროექტი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს რეკომენდაციით მოამზადა. კანონის შესახებ მსჯელობა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაიწყო.
გასართობი გვერდები ევროკავშირის წინააღმდეგ კამპანიაში არიან ჩართულნი - MDF-ის კვლევა
„მედიის განვითარების ფონდმა" (MDF) პროექტ "მითების დეტექტორის" ფარგლებში გამოავლინა ფეისბუქგვერდები, რომლებიც ევროკავშირის წინააღმდეგ კამპანიაში არიან ჩართულნი. სულ გამოვლენილია 7 ასეთი გვერდი. კვლევის თანახმად, „თითოეული გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში გვხვდება დაფინანსებული მიმები (სურათისა და ტექსტის კომბინაცია), რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ცრუ დაპირებას, მოთხოვნების გრძელ სიას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების რღვევას ეხება; ფეისბუქგვერდების მიერ მითითებული კატეგორია არ ემთხვევა რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული პოსტების შინაარსს; ანონიმური გვერდების მიერ განთავსებული პოსტების ველში (Timeline-ზე) უმეტეს შემთხვევაში არ გვხვდება ის პოსტები, რომლებიც რეკლამების ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი; 7 ფეისბუკგვერდიდან სამს ადგილსამყოფლად უკრაინა და უკრაინული ნომერი აქვს მითითებული; ზოგიერთ შემთხვევაში ფეისბუკ გვერდებს იდენტური შინაარსის და ვიზუალის პოსტები და მიმები ჰქონდათ გამოქვეყნებული/დასპონსორებული." „მითების დეტექტორის“ შეფასებით, ეს გვერდები ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებენ და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. „დეზინფორმაციის მასშტაბირებისა და საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენების გამყარების მიზნით, იდენტური მეთოდით მოქმედებენ და ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტრადიციული ღირებულებების უარყოფას, ლგბტქი თემის უფლებების გაძლიერებას მოიაზრებს. გამოვლენილი გვერდები 2023 წლის პირველ ნახევარშია შექმნილი და მათ კატეგორიების ველში საინფორმაციო ტექნოლოგიები, მარკეტინგი, მუსიკოსი, ყიდვა-გაყიდვის სერვისი აქვთ მითითებული," - ნათქვამია კვლევაში. მისივე თანახმად, „გავლენის კამპანიის წარმოებაში მიმების გამოყენება ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც მავნე აქტორები სხვა ქვეყნებშიც მიმართავენ. მაგალითად, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის “ტროლების ქარხნის” მიერ მიმების ტექნიკის გამოყენებაზე საუბარია აშშ-ის სენატის სადაზვერვო კომიტეტის დაკვეთით მომზადებულ ანგარიშში."
EUMM: IPRM-ის შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას
Europetime-თან საუბრისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გამოეხმაურნენ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას IPRM-ის შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას. ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრესსპიკერმა ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. „ბატონი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება, ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაკავებულებისა და მათ შორის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით უწყობს ხელს. ამასთანავე, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრესსპიკერმა, კლაას მაესმა. ცნობისთვის, 19 ოქტომბერს, ორგანიზაცია სამართლიაობის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ორგანიზაციის ცნობით, ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში, კულტურის სახლის წინ აფხაზური დროში დაწვის ფაქტზე დააკავეს. ვიდეოში, რომელშიც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ, დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფება, ის აღიარებს აფხაზეთის დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა უთითებს, რომ აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ქართველი და აფხაზი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის პროტესტის ნიშნად სიმბოლურად დაწვა. ირაკლი ბებუას დაკავების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პოლიციამ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რის შედეგადაც თითქოსდა ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც „პოლიციის“ განცხადებით ბებუა ბალიშის ქვეშ ინახავდა. ამ ფაქტის გამო, დე-ფაქტო პროკურატურამ ბებუას სასჯელი დაუმძიმა, ხოლო 7 დეკემბერს აფხაზეთის დე-ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუას მსჯავრი დასდო სისხლის სამართლის კოდექსის 217-ე მუხლის (იარაღის უკანონო შეძენა და შენახვა), 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის (სხვისი ქონების განზრახ განადგურება) და 334-ე მუხლის (სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფა) საფუძველზე და სასჯელთა შეკრების წესით მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა. „ოკუპირებულ აფხაზეთში სასჯელის გამოყენების წესის შესაბამისად (რომელიც დაკისრებული სასჯელის რეალური მოხდის ვადას 2-ჯერ ამცირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე), ირაკლი ბებუას 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე. ცნობილია, რომ აფხაზეთში „ომში გამარჯვების“ 30 წლის თავთან დაკავშირებით გამოაცხადეს „ამნისტია“ მთელ რიგ დანაშაულებზე, თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით, ირაკლი ბებუას ამინისტია იმთავითვე განსაზღვრული იყო რომ არ შეეხებოდა, რადგან დე-ფაქტო ორგანოებს მისი საქმის მიმართ პრინციპული დამოკიდებულება აქვთ,“ - წერს სამართლიანობის ცენტრი. ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
სუნაკი ისრაელში ნეთანიაჰუს: გვსურს, რომ გაიმარჯვოთ
„გვსურს, რომ გაიმარჯვოთ,“ - განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თელ-ავივში, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. სუნაკის თქმით, ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დაშვება იყოს უზურნველყოფილი. „ჩვენ აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს ისრაელის უფლებას, დაიბრუნოს მძევლები, შეაჩეროს შემდგომი თავდასხმები და გააძლიეროს თქვენი [ისრაელის] უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - განაცხადა სუნაკმა. ბრიტანეთის პრემიერი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა, რომლის ფარგლებში სხვა ქვეყნებსაც ეწვევა. „რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მინისტრი ასევე მოითხოვს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტი რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ასევე, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ,“ - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლერლი უახლოეს დღეებში ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს ეწვევა. ისრაელში არაერთი მსოფლიო ლიდერი ჩავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანას დასავლეთის მიერ ტეროროსტულ დაჯგუფებად აღირებული „ჰამასი“ დაესხა თავს. 18 ოქტომბერს თელ-ავივში იმყოფებოდა ჯო ბაიდენი. ისრაელში ჩავიდა ოლაფ შოლცი. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და პენტაგონის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი. ისრაელში ასევე იმყოფებოდნენ იტალიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ბჟანია: ვიმდოვნებ, საქართველოს ხელმძღვანელობა თავშეკავებას გამოიჩენს
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელს შეუწყობს. მისი თქმით, ზელენსკი ასეთ განცხადებებს რეგულარულად აკეთებს და „დასავლეთი მათზე ან დუნედ, ან საერთოდ არ რეაგირებს, რადგან ისინი აფხაზეთთან მიმართებით მსგავს შეხედულებებს იზიარებენ.“ „ეს განცხადება იმას მოწმობს, რომ ზელენსკის და მის უკან მყოფ ძალებს კავკასიის რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის დაწყება სურთ. უკრაინა ცდილობს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფიის გაფართოებას და რუსეთის გარშემო არასტაბილურობის დამატებითი სარტყლის შექმნას... იმედი მაქვს, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა თავშეკავებას და პრაგმატიზმს გამოიჩენს. არ მგონია, რომ ომი დღეს მათთვის მომგებიანი იყოს,“ - განაცხადა ბჟანიამ. „ინტერფაქსის" ცნობით, მანვე აღნიშნა, რომ „აფხაზეთის ხელისუფლება“ მუდმივად აძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებს და მოქმედებს „მოკავშირეებთან ერთიანი ფრონტით“.
ლავროვი რუს ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენებას ურჩევს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი რუს ტურისტებს ურჩევს, ჩრდილოეთ კორეაში დაისვენონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ფხენიანს ეწვია, სადაც თავის კოლეგას შეხვდა, შემდეგ კი, მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. ურჩევდა თუ არა ის რუს ტურისტებს, რომ ჩრდილოეთ კორეა აირჩიონ დასვენების ადგილად, ჟურნალისტების ამ შეკითხვას, ლავროვმა დადებითად უპასუხა. მანამდე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი „ძლიერ აფასებს“ ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერას მოსკოვის ქმედებების მიმართ უკრაინაში.
ისრაელში ამერიკული ჯავშანტექნიკა ჩავიდა
ისრაელის თელ-ავივის ბენ გურიონის აერპორტში აშშ-დან სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა. ისრაელმა აშშ-სგან ჯავშანტექნიკა მიიღო. მანქანები თავდაცვის ძალებს ომის დროს დაზიანებული მანქანების შესაცვლელად გადაეცემა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გადაზიდვა შესყიდვის ნაწილია, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯავშანმანქანების ფლოტის გაძლიერებას გულისხმობს. შემდგომი გადაზიდვები ასევე შეიცავს ჯავშანტექნიკას, სატვირთო მანქანებსა და მექანიკურ საინჟინრო აღჭურვილობას. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტი 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს. გალანტის განცხადებით, ისრაელის ძალები იქნებიან „ზუსტი და მომაკვდინებელი" და ისინი მისიის შესრულებამდე იბრძოლებენ. „მე ვარ პასუხისმგებელი თავდაცვის უწყებაზე. მე ვიყავი პასუხისმგებელი ამაზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ შორის იმ რთული ინციდენტის დროსაც და მე ვარ პასუხისმგებელი ბრძოლაში წარმატების მიღწევაზეც", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს 2 500-ლარიანი გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს, დავით გრიგოლიას 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდება. ბრალდების მხარე დავით გრიგოლიასთვის 5000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები და ბავშვის დედა ბრალდებული ექსპერტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ. ექსპერტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) აქვს წარდგენილი. შეგახსენებთ, 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება. დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული
საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც სუს-ის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილიპარლამენტში წარადგენს. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2022 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობდა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის ფარგლებში, სამსახური ახორციელებდა ტერორისტული საფრთხეების იდენტიფიცირებასა და გამოვლენას, ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებისა და გაზიარების კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ტერორისტულ გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებას, კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესებასა და გამოწვევებზე/ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას. „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უშუალოდ ჩართული დანაყოფების შემადგენლობის მუდმივი მომზადება და პროფესიული განვითარება სამსახურის ერთი–ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლდათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული ძალისხმევისა და აღნიშნული მიმართულებით სხვა რელევანტურ უწყებებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, საქართველო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ხელსაყრელ სამოქმედო არეალს არ წარმოადგენდა. ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველოს კონტრტერორისტული ძალისხმევა პოზიტიურად იქნა შეფასებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ტერორიზმის კუთხით, სტაბილურად მშვიდი გარემო არსებობდა, ასევე, ქვეყანას შეუძლია ტერორისტულ ინციდენტებზე სათანადო რეაგირება, მათი აღკვეთა და გამოვლენა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად აღჭურვილი და მომზადებულია, რეგულარულად მიმდინარეობს სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფის შესაძლებლობების გაძლიერება. „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას, საქართველომ ბოლო ადგილი (ისევე როგორც რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ) დაიკავა, რაც გულისხმობს, რომ 2022 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების და ძალისხმევის შედეგად, საქართველოში რადიკალური/ექსტრემისტული კერები და ტერორისტული თავდასხმები არ დაფიქსირებულა, ასევე ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
“მაუწყებლის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მიღებულია
“მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები სამივე მოსმენით მიღებულია - 79-ხმით, 3-ის წინააღმდეგ. პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა. კანონპროექტის ავტორი და ინიციატირი არიან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები: - დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი. უმრავლესობის წევრების განმარტებით, “კანონის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“. ცვლილებების თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ კანონის 55(2) მუხლის (რომელიც კრძალავს სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებას) დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომუნიკაციების კომისიაში. ცვლილებების თანახმად, „თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი“. განმარტებით ბარათში წერია, რომ მედიამომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც დაარღვევენ 55(2) მუხლის მოთხოვნებს და მიიღებენ გაფრთხილებას, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება. 17 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, მედიის ადვოკატირების კოალიციამ შეშფოთება გამოხატა მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაციის გამო და აღნიშნა, რომ ეს ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. „წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, მედიის ადვოკატირების კოალიციისა და მედია ორგანიზაციებს შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვს“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. კოალიციამ აღნიშნა, რომ მაუწყებლებთან ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს შეიმუშავა ალტერნატიული წინადადება, ეფექტიანი თანარეგულაციის მექანიზმი, თუმცა მმართველმა პარტიამ აღნიშნული შეთავაზება არ განიხილა. „მსგავს მოდელზე საუბრობდნენ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც, რომლებიც ქვეყანაში არსებული კონტექსტის გამო ეფექტიანი თანარეგულაციის შემოღების მომხრენი იყვნენ“, – აცხადებს კოალიცია. კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებდა საპარლამენტო უმრავლესობას, რომ „მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ მიეღო მაუწყებლებთან კონსულტაციისა და ფართო კონსენსუსის გარეშე, რასაც მოითხოვდა ევროდირექტივა აუდიოვიზულაური მედიამომსახურების შესახებ.“
გრიგოლ ლილუაშვილი: დაფიქსირდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული ნაწილის უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს. სუს-ის ხელმძღვანელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები, პირადი შემადგენლობის როტაცია და სხვა უკანონო აქტივობები. “დაფიქსირდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული ნაწილის უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა. აღნიშნულის მიუხედავად, ადგილზე კვლავ რჩებოდა საოკუპაციო ძალების შესაძლებლობათა 50%-ზე მეტი. აღნიშნული ძალები განაგრძობდნენ უკანონო სამხედრო წვრთნებს და სხვა უკანონო აქტივობებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ, გასული წლების მსგავსად, საოკუპაციო ძალის მხრიდან მიმდინარეობდა ეთნიკური დისკრიმინაცია და გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ სამხედრო შემადგენლობასთან ერთად, აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურები. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებზე განთავსებულმა საოკუპაციო ძალებმა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რამდენიმე ათეული უკანონო სწავლება ჩაატარეს. გარდა ამისა, ხსენებულ ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლების პროცესი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ე.წ. მოხალისეები როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ისე აფხაზეთიდან. მათ შორის, დადასტურდა არაერთი პირის დაღუპვის ფაქტი. რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის პირობებში, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის როკის მონაკვეთზე ამოქმედდა სამხედრო გაწვევის პუნქტი, რომლის მეშვეობითაც გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით ხორციელდებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის კონტროლი“,- განაცხადა ლილუაშვილმა. მისივე განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მათ მიმართ ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა. ლილუაშვილის თქმით, აღნიშნული ნარატივი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისა და მათში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ შემრიგებლური განწყობების ჩამოყალიბებისთვის გამოიყენეს. „აღნიშნული განცხადებების პარალელურად, საოკუპაციო რეჟიმები გარკვეულ „ზომებსაც“ მიმართავდნენ: ვრცელდებოდა ცნობები საოკუპაციო ხაზის „გამაგრების“, ე.წ. ბომბსაფრების რეაბილიტაციის, „რეზერვისტთა მობილიზაციისა“ და სხვა უკანონო აქტივობების შესახებ. აღნიშნული ნარატივი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისა და მათში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ შემრიგებლური განწყობების ჩამოყალიბებისთვის გამოიყენეს. ამ ფონზე, კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევდა,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილი: ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები
სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები. მისი თქით, ამასთან, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ. „კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმიდან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა. გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა“, - განაცხადა ლილუაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება. „უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამსახური ორიენტირებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე. საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მკაცრად იცავდა კანონით განსაზღვრულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, თანაზომიერებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალობას. სამსახურის დანაყოფების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იყო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა და გატარდა ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა. მსურს, მადლობა გადავუხადო უწყების თითოეულ თანამშრომელს საანგარიშო წლის განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ურთულეს ამოცანებთან გამკლავების პროცესში შეტანილი წვლილისა და გაწეული სამუშაოსთვის და აღვნიშნო, რომ ჩვენი სამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილი: გასულ წელს დეზინფორმაციულ კამპანიებში ჩართულნი იყვნენ გარე და შიდა აქტორები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2022 წელს საქართველოს ეროვნული უსაფრთოების მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები. „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების და მათთან კავშირში მყოფი ლოიალური ჯგუფებისა და ორგანიზაციების მიერ კოორდინირებულად და კომბინირებულად ხდებოდა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციების, მათ შორის, კიბეროპერაციების, ასევე საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენება. გასულ წელს დეზინფორმაციულ და პროპაგანდისულ კამპანიებში ჩართული იყვნენ როგორც გარე, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი აქტორები, რომელთა მიზანს კვლავ წარმოადგენდა საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზეგავლენის მოხდენა. ასევე, ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობას სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან,“ – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენისას. მისივე თქმით, გასული წლის განმავლობაში დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აქტიური მცდელობები კონკრეტული ჯგუფების მიერ. „მიმდინარეობდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისკენ და ომის თანმდევი ცალკეული პროცესების თაობაზე მოსახლეობაში პროტესტის ხელოვნურად გაღვივებისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები. ამ კონტექსტში აღსანიშნავია უცხო ქვეყნების მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ წამოწყებული დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც აქტიურად ავითარებდა საქართველოში არსებული პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური ზოგიერთი ჯგუფი. ასევე, ადგილი ჰქონდა საზოგადოებაში შიშისა და პანიკის გავრცელების მცდელობებს შემოსულ პირთა შორის თითქოსდა ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფებისა და საფრთხის შემცველი სუბიექტების არსებობის შესახებ. განსაკუთრებით მწვავე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა დაზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები, რაც რეალურად ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს დაზიანებას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცესი დღესაც გრძელდება,“ – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა. ლილუაშვილის განცხადებით, „განსაკუთრებით ხაზგასასმელია სამსახურის მისამართით აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, იურიდიულ და ფაქტობრივ გარემოებებს მოკლებული ბრალდებები კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების და მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ.“ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმხრიდან პროაქტიულ რეჟიმში შემდგარი კომუნიკაციისა და დეტალური ინფორმაციის, მათ შორის მტკიცებულებების მოთხოვნის მიუხედავად, პროცესში მონაწილე მბრალდებელ შიდა და გარე ჯგუფებს არ წარმოუდგენიათ არავითარი მტკიცებულება. აღნიშნული კამპანია ცალსახად წარმოადგენდა საქართველოს წინააღმდეგ მიზნამიმართულ პროვოკაციას. კიდევ ერთხელ მსურს, აღვნიშნო, რომ მსგავსი კამპანიები რეალურად მიმართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ და ემსახურებოდა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების მიმართ მოსახლეობის ინტერესის შემცირებას, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხო გარემოს დაზიანებას,“ – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილი: 2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რუსული ოკუპაცია რჩებოდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი. 2022 წელს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები. მისი თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება. ლილუაშვილის განცხადებით, 2022 წელს, რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული ინტერესების დაცვა კომპლექსურ და არაპროგნოზირებად გარემოში უწევდა. „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დამატებით მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, ზრდიდა ზეწოლას ეკონომიკასა და სოციალურ-პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ანგარიშში წარმოგიდგენთ 2022 წელს საქართველოსა და მის გარშემო განვითარებული უსაფრთხოების პროცესების, ასევე ქვეყნის წინაშე გამოკვეთილი საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და საქმიანობის მიმოხილვას. საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი. 2022 წელს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები“, - განაცხადა ლილუაშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებით გამოწვევას წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა. „ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები. ამასთან, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ. კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმიდან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა. გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა,“ - განაცხადა ლილუაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება. „უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამსახური ორიენტირებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე. საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მკაცრად იცავდა კანონით განსაზღვრულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, თანაზომიერებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალობას. სამსახურის დანაყოფების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იყო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა და გატარდა ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა. მსურს, მადლობა გადავუხადო უწყების თითოეულ თანამშრომელს საანგარიშო წლის განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ურთულეს ამოცანებთან გამკლავების პროცესში შეტანილი წვლილისა და გაწეული სამუშაოსთვის და აღვნიშნო, რომ ჩვენი სამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.
ევროპელი მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან
ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან. მინისტრების თქმით, ბოლო დროის ისლამისტური თავდასხმების შემდეგ ევროკავშირმა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების უკეთესი მონიტორინგი უნდა განახორციელოს და გააძევოს პირები, ვინც უსაფრთხოებისთვის საფრთხედ ითვლებიან. „უფრო ეფექტიანები უნდა ვიყოთ, ხვრელები დავხუროთ და დაბრუნებების განხორციელების გადაწყვეტილებებში უფრო სწრაფები ვიყოთ,” - განაცხადა შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა.
თბილისში ისრაელის დროშის შებღალვის ფაქტზე შსს-მ წარმოება დაიწყო - მედია
თბილისში ისრაელის დროშის შებღალვის ფაქტზე დაწყებულია საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართლდაღვევათა კოდექსის (მუხლი 174 (18) შესაბამისად, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. რადიო თავისუფლების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია ოთხი პირი. ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შენობის ღობეზე აღმართული ისრაელის დროშის ჩამოხსნასა და შებღალვას. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.