ძებნის რეზულტატი:

საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს განიცდის - პრეზიდენტი

საქართვლოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბელგიას ევროკავშირის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობას უსურვებს, როცა „საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს განიცდის.“ შესაბამისი პოსტი სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა. „მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაძლიერებას ამ ვადის განმავლობაში, მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს განიცდის," - წერს ზურაბიშვილი.  

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა. ინფორმაციას იშიკავის რეგიონული მთავრობის წარმომადგენელი ავრცელებს. დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 20-ის მდგომარეობა მძიმეა. 31 800-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში რჩება.  

ვინიკოვი: ისტორიაში პირველად, საქართველო NATO-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ჩაერთო

Europetime-თან აჯამებს 2023 წელს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი და აღნიშნავს, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, NATO-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - ”ზღვის მცველი” ჩაერთო. ამასთან, პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა, მათ შორის, გაძლიერებული SNGP-ის (NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი) მეშვეობით, რომელიც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერების მიზნით, ქვეყნის დახმარების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ალექსანდრე ვინიკოვი ხაზს უსვამს, რომ NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, საიმისოდ, რომ ქვეყანამ თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ამასთან, NATO პირობას დებს, რომ მოკავშირეები საქართველოს დახმარებას განაგრძობენ იმ მიზნით, რომ ქვეყანამ მისი უსაფრთხოება და მედეგობა უფრო გააძლიეროს; საჭირო რეფორმების გატარების გზით მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის, რაც „განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს ქმნის.“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას NATO-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი და NATO ერთი მონეტის ორი მხარეა და საქართველომ უნდა გამოიყენოს ევროკავშირის ამ ისტორიული გადაწყვეტილების იმპულსი.“  

რუსეთის მასიური იერიშის ფონზე, საფრანგეთი უკრაინას საჭირო დახმარებას ჰპირდება

საფრანგეთი კატეგორიულად გმობს ორ იანვარს უკრაინის წინააღმდეგ რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების დარტყმების მასიურ ტალღას, ამ ესკალაციისთვის რუსეთს სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს და პირობას დებს, რომ უკაინის მხარდაჭერად განაგრძობს. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიუთითა. „რუსეთი აგრძელებს ტერორის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, რათა შეასუსტოს უკრაინელი ხალხის გამძლეობა კონფლიქტის მეორე ზამთრის პერიოდში,“ - ნათქვამია განცხადებაში. საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თავის პარტნიორებთან, რათა გააძლიეროს უკრაინის მდგრადობა და უკრაინას ლეგიტიმური თავდაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო დახმარება მიაწოდოს. 2 იანვარს რუსეთმა უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის 99 სამიზნედან 72, მათ შორის 10 Kh-47M2 Kh-47M2 Kinzhal ბალისტიკური რაკეტა. რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 130, დაზიანდა 250-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი.  

„ჰამასმა“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დაღუპვა დაადასტურა

ისრაელის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური ლიბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. 2 იანვარს გავრცელებული ეს ინფორმაცია დაადასტურა „ჰამასმა“, რომლის მონაცემებით, მოკლულია კიდევ 2 მეთაური და ორგანიზაციის 4 სხვა წევრი. გავრცელებული ინფორმაცით, აფეთქება 2 იანვარს მოხდა “ჰამასის“ ოფისში, რომელიც ბეირუთის გარეუბან დაჰიაში მდებარეობს. 57 წლის სალეჰ ალ-არური ჰამასის იერარქიაში მეორე პირად ითვლებოდა. მის მკვლელობაში „ჰამასმა“ ისრაელი დაადანაშაულა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში. 7 ოქტომბერს „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

უკრაინაზე უკანასკნელ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. მინისტრის თქმით, რუსეთს ახალი იარაღის შექმნის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს, ხოლო უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უნდა გადაეცეს. „უკრაინაზე უკანასკნელ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღი ვერ შექმნას და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემით, რაც მას გამშვები და სამეთაურო ცენტრების განადგურების საშუალებას მისცემს,“ - წერს სიკორსკი. 2 იანვარს, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს.  

აჭარაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს განცხადებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მეუღლე - 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ზ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ძლიერი თოვა, ქარბუქი, 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  

რომელი პროდუქტები გაძვირდა და გაიაფდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა. 2023 წელს გასულ წელთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, პურსა და პურპროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, შაქარზე, ფასები შემცირდა. ფასები წინა წელთან შედარებით, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე, ხილზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა და საავადმყოფოების მომსახურებაზე კი, გაიზარდა. კერძოდ, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.8 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (6.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (6.1 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-9.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-8.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც -0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5.6 პროცენტი).“ „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: თევზეული (-2.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.2 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასების კლება დაფიქსირდა ფეხსაცმლის ქვეჯგუფზე (-5.3 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-2.8 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-2.2 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმსა (3.0 პროცენტი) და მინის, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელზე (2.7 პროცენტი). რაც შეეხება წლიური ინფლაციას, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.8 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (6.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (6.1 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-9.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-8.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც -0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5.6 პროცენტი),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ივანე ჩხაიძე: პირველი ახალი წელია, როდესაც იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა

წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როდესაც პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ წლევანდელი ახალი წელი იყო სრულიად გამორჩეული. „პიროტექნიკასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არაერთი გაფრთხილება იყო, თუმცა მე არ მახსოვს, ბოლო წლების განმავლობაში, ახალი წლის ღამეს იაშვილში არ მიგვეღოს მძიმედ დაზიანებული ბავშვები, ოპერაციის აუცილებლობა, მძიმე სისხლდენები, ტრავმები. ეს იყო 31 დეკემბრის ღამის თანმდევი. წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როცა პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა. არ ვიცი, ამის უკან რა დგას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის უკან დგას ის ელემენტარული სიფრთხილის შეგრძნება და სიფრთხილე, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მშობელს, როცა ახალ წელს ვხვდებით. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ, პიროტექნიკის გარდა, ახალი წლის ღამეს ჩვენ სხვა დაზიანებებიც გვქონდა ბავშვებში, წლევანდელი ახალი წელი კი იყო სრულიად გამორჩეული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და ჩვენ მივიღებთ უსაფრთხო ახალი წლის ღამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი წლის მართლაც სიხარულით აღნიშვნისთვის,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

მიწისძვრით დაზარალებულ იაპონიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მიღებული ცნობებით, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა. ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალქეებს, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ საელჩოს ან დარეკონ ცხელ ხაზზე. „ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, 60-ზე მეტი ადამიანი, კონკრეტულად კი, 64-ია დაღუპული. მე უკვე მივუსამძიმრე იაპონიის მთავრობას, იაპონელ ხალხს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ეს მოხდა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, იმ რეგიონში ქართველი არავინ ცხოვრობს, თუმცა, მაგალითად, როგორც მე მივემგზავრებოდი, საკმაოდ მდიდარი რეგიონია და არ გამოვრიცხავდი, რომ იქ ყოფილიყვნენ ქართველები სამოგზაუროდ. ჩვენ შევძელით, რომ გადაგვემოწმებინა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ჩვენი ყველა არხის მეშვეობით და, ჩვენი ინფორმაციით, იქ არავინ არის ჯერჯერობით. გავიდა ორი დღე. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ცხელი ხაზი გახსნილი გვაქვს და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, დაგვიკავშირდეს ნებისმიერ საჭიროებასთან დაკავშირებით. ამისთვის ისედაც ყოველთვის მზად ვართ. საქართველოს მოქალაქეებს, საბედნიეროდ, ეს შემთხვევა არ შეეხოთ. ყველაზე ახლოს ალბათ ჩვენ ვიყავით, ჩემი ოჯახი, ვინც, ასე ვთქვათ, დაზარალდა, თუმცა ჩვენც ჯანმრთელობის კუთხით, საბედნიეროდ, კარგად ვართ“, –  განაცხადა თეიმურაზ ლეჟავამ. იაპონიაში საქართველოს ელჩი მიწისძვრის დროს ოჯახთან ერთად მატარებლით გადაადგილდებოდა სწორედ სტიქიური უბედურების ზონაში. მიწისძვრის გამო მათი მატარებელი გაჩერდა და ერთი დღის განმავლობაში მატარებლის მგზავრებს, მათ შორის, ელჩს, ოჯახთან ერთად, სადგურში მოუწიათ ღამის გათევა. „სწორედ იმ მომენტში, როდესაც მიწისძვრა მოხდა, მე და ჩემი ოჯახი ვიმყოფებოდით ზუსტად იმ რეგიონში, დაახლოებით 150 კმ-ის მოშორებით ვიყავით. ერთ საათში უნდა ჩავსულიყავით კანაზავის სადგურზე. კანაზავა არის იშიკავის დედაქალაქი. ვაგონში უცბად ჩაქრა შუქი და გამოაცხადეს, რომ მატარებელი ცოტა ხანს უნდა შეჩერებულიყო. მაგ მომენტში ეგრევე ვიგრძენით დიდი მიწისძვრა და საკმაოდ შევშინდით, რადგან ეს მატარებელი ჩქაროსნულია და ძალიან სწრაფად მიდიოდა. შემდეგ ინტერნეტით გავიგეთ, რომ დიდი მიწისძვრა იყო სწორედ კანაზავის რეგიონში. ჩვენს ოჯახს რაც შეეხება, ახლა ვართ კარგად, თუმცა ვინაიდან დიდხანს არ აღდგა მიმოსვლა, მთელი ღამის გატარება მატარებელში მოგვიწია. ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან საკმაოდ დიდი არეულობა იყო. არ მუშაობდა ინფრასტრუქტურა, თუმცა ჩვენ გვჯეროდა, რომ მალევე გაუმკლავდებოდა იაპონური მხარე ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა. დილით უკვე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გადაგვიყვანდნენ სხვა სადგურში და იქიდან შევძლებდით ტოკიოში დაბრუნებას. მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად გვაწვდიდნენ საკვებ პროდუქტს და წყალს. კარგად იყო მოწყობილი ეს სადგური და სხვა რამე პრობლემა არ შეგვქმნია. სამწუხაროა, რომ ახლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები იმ რეგიონში. ბევრი ადამიანის გადარჩენას ჯერ კიდევ ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მიწისძვრა იყო იაპონიაში, მაინც მგონია, რომ მსხვერპლი მინიმალურია, თვითონ შენობები და ინფრასტრუქტურა არის უმაღლეს დონეზე გამართული და ასევე, იაპონიის მთავრობასაც, სხვადასხვა სტრუქტურებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით, კრიზისთან გამკლავებას ვგულისხმობ. ამიტომაც შეძლეს მეტ-ნაკლებად თავის დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მასშტაბის მიწისძვრა მოხდა და მას ცუნამიც მოჰყვა,“ – განაცხადა თეიმურაზ ლეჟავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე: +81 80 7933 5060.  

წვრთნების გავლის შემდეგ, პენიტენციური სამსახურის საქმიანობაში მალინუას ჯიშის ორი ლეკვი ჩაერთვება

წვრთნების გავლის შემდეგ, მალინუას ჯიშის ორი ლეკვი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთვება. შესაბამის ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. „პენიტენციურ დაწესებულებებში აკრძალული ნივთების/ნივთიერებების მოხვედრის პრევენციის, დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში სამართალდარღვევების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება სამსახურში კინოლოგიური ქვედანაყოფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. დღეს უკვე ჩვენი გერმანული ნაგაზი, სახელად პრადა, ასრულებს მოვალეობას ამანათების შემოწმებასთან დაკავშირებით. სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ პასუხისმგებლობას იღებს ოთხფეხა მეგობრების მოვლა-პატრონობასა და წვრთნაზე, მათ ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე,“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სლოვაკეთის პრეზიდენტი: უკრაინა უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკუთარი თავის დასაცავად საჭირო საშუალებებით

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლო მასიური სარაკეტო თავდასხმის კომენტირებისას, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ ხაზი გაუსვა უკრაინის რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად საჭირო საშუალებების მიწოდების მნიშვნელობას. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ სოციალურ პლატფორმა X-ზე გააკეთა, „კიდევ ერთი ახალი წელი, კიდევ ერთი სისასტიკე. რუსეთმა რეკორდული რაოდენობის რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები გაუშვა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ და დაბებში მშვიდობიანი მშვიდობიანი მოსახლეობის დასატერორებლად. საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსკოვის აგრესია არ გაგრძელდეს კიდევ ერთი წლის განმავლობაში, არის უკრაინის უზრუნველყოფა საკუთარი თავის დასაცავად საჭირო საშუალებებით,“ - წერს ჩაპუტოვა. 2 იანვარს, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს. კიევზე 29 დეკემბრის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.  

კიევზე 29 დეკემბრის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

უკრაინის დედაქალაქ კიევზე 29 დეკემბერს განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას დაჭრილი ერთ-ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაჭრილია 29. რუსეთმა 29 დეკემბერს დაიწყო უპილოტო თვითმფრინავებითა და სარაკეტო მასიური თავდასხმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე, რის შედეგადაც დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი და დაიჭრა 160-ზე მეტი. 29 დეკემბერს რუსეთის არმიამ კიევზე, ლვოვზე, ხარკოვზე, ზაპოროჟიეზე, ოდესასა და სხვა ქალაქებზე მიიტანა მასირებული შეტევა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის განცხადებით, ეს იყო ჰაერიდან ყველაზე მასირებული იერიში, რომლის დროსაც მოწინააღმდეგემ გამოიყენა 158 რაკეტა და დრონი. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 158-დან 114 სამიზნე გაანადგურეს.  

ევროკავშირმა რუსეთის ალმასის უდიდეს მომპოვებელს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ალროსას“ და მისი გენერალურ დირექტორს ძვირფასი ქვების იმპორტის აკრძალვის სახით, სანქციები დაუწესა. ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა „ალროსა,“ რომელიც მსოფლიოში ალმასის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა და მისი ხელმძღვანელი, პაველ მარინიჩევი. სანქციები გულისხმობს ევროკავშირში აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას. „ალროსაზე“ მოდის რუსეთში ალმასის მოპოვების 90 პროცენტი, რომლის საფინანსო მოცულობა 2022 წელს 4 მილიარდს უდრიდა. „ალმასის მრეწველობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ეკონომიკისთვის, რადგან ეს არის ქვეყნიდან არანედლეულის ყველაზე დიდი ექსპორტი,” - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.  

ლიეტუვამ ესპანური ნაღმტყორცნების პირველი პარტია მიიღო

ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა ესპანური წარმოების EXPAL 120 მმ ნაღმტყორცნების პირველი პარტია მიიღეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „ეს თანამედროვე, მაღალი ხარისხის იარაღები მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენი არაპირდაპირი ცეცხლსასროლი იარაღის მხარდაჭერის შესაძლებლობებს,“ - წერს სამინისტროს Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე (X). ლიეტუვის მიერ შეძენილი ნაღმტყორცნების ეფექტიანი სროლის მანძილი რვა კილომეტრამდეა. კონტრაქტი ესპანურ კომპანიასთან EXPAL Systems, S.A. (დაახლოებით 9.8 მილიონი ევროს ღირებულების) 2022 წლის შემოდგომაზე მოეწერა ხელი.  

თბილისში, თიბისი ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მძარცველმა თანხის წაღება ვერ მოახერხა, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობითვე, დაშავებული არავინაა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის ხსოვნის დღეს მომხდარი აფეთქებებისას დაღუპულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა

"ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობაზე აფეთქების დროს სულ მცირე 103 ადამიანი დაიღუპა გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები იყო ქალაქ კერმანში, სოლეიმანის საფლავთან. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა თავდაპირველად განაცხადა, რომ დაიღუპა 73 და დაშავდა სულ მცირე 170 ადამიანი, მაგრამ განახლებული მონაცემები მიუთითებს, რომ დაიღუპა სულ მცირე 103 ადამიანი. საინფორმაციო სააგენტო Nord New-ი წერს, რომ კერმანის მემორიალისკენ მიმავალ გზაზე სულ ცოტა ორი აფეთქება მოხდა. ამ დღეს სასაფლაოზე გენერალ ყასემ სულეიმანის გარდაცვალების მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილ ხსოვნის ცერემონია გაიმართა. მასში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად აფასებს. გავლენიანი ირანელი გენერალი 4 წლის წინ, 2020 წლის იანვარში, ამერიკული ჯარების საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა ბაღდადის მახლობლად. აშშ-ის უპილოტო ავიაციამ ბაღდადის აეროპორტის მახლობლად გამოასალმა სიცოცხლეს "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ელიტური "ყუდსის ძალების" სარდალი გენერალი ყასემ სოლეიმანი და ერაყის შიიტური სახალხო ლაშქრის ჰაშდ ალ-შააბის სარდლის მოადგილე აბუ მაჰდი ალ-მოჰანდესი.    

შვედეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -43 გრადუსი დაფიქსირდა

შვედეთში, ჩრდილოეთ ლაპლანდიის რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -43 გრადუსი დაფიქსირდა. ინფორმაციას SVT-ი ავრცელებს.  ყინვების გამო, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა შეჩერებულია, რამდენიმე რეგიონში კი ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, უსაფრთხოების ზომები მიიღეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოსალოდნელია შეფერხებები ელექტრომომარაგებასა და მობილურ კომუნიკაციებში. ამასთან, ტემპერატურის დაბალი ნიშნული, -37,8 გრადუსი დაფიქსირდა შვედეთის მეზობელ ფინეთშიც, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ილივიესკაში.    

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში ავრცელებს. „ჩვენები სახლში არიან. რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პირი დავაბრუნეთ. ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლები, მესაზღვრეები. მათი ნაწილი მარიუპოლსა და „აზოვსტალს” იცავდა,"- წერს ზელენსკი.