ძებნის რეზულტატი:
უკრაინა იტალიისგან „რუსულ პროპაგანდაზე“ რეაგირებას ელის
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიის ქალაქ მოდენაში დაგეგმილ გამოფენას, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი უკრაინის მარიუპოლის თითქოსდა "კეთილდღეობას" ეძღვნება, პროვოკაციას უწოდებს. უწყების სპიკერის თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაავალა უკრაინის საელჩოს რომში, რომ ოფიციალური მიმართვა მოამზადოს. მისი თქმით, ოფიციალურ დონეზე, იტალია მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, სამინისტრო ამ პროპაგანდისტულ მოვლენაზე შესაბამის რეაქციას ელის. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ქალაქ მოდენაში გაიმართება ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი მარიუპოლის სავარაუდო "სწრაფად აღდგენას."
ლუკაშენკომ პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიების შესახებ კანონს მოაწერა ხელი
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. კანონი ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ახალ გარანტიებს ითვალისწინებს, მათ შორის, მისი გადადგომის შემდეგაც და მოთხოვნებს ამკაცრებს აღნიშნულ პოზიციაზე სამომავლო კანდიდატებისთვის. კერძოდ, დოკუმენტი სამუდამო იმუნიტეტს აძლევს ყოფილ პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს. ტექსტის თანახმად, სახელმწიფო ყოფილი მეთაური “არ შეიძლება, იყოს პასუხისმგებელი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი ქმედებებისთვის.” კანონი ასევე უფლებას აძლევს პრეზიდენტს, გადადგომის შემდეგ გახდეს სრულიად ბელორუსის ეროვნული კრების დეპუტატი და პარლამენტის ზედა პალატის უვადო წევრი. კანონის ტექსტი, ასევე, ახალ მოთხოვნებს აწესებს პრეზიდენტის პოსტზე ახალი კანდიდატებისთვის. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ მხოლოდ პირებს, რომლებიც დაბადებით ბელორუსის მოქალაქეები არიან, არანაკლებ 40 წლის, რესპუბლიკაში არანაკლებ 20 წელია ცხოვრობენ და არასდროს არ ჰქონიათ სხვა ქვეყანაში ცხოვრების უფლება.
პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, თუ გააკეთებს, არ გამიკვირდება - მეუფე იაკობი სააკაშვილის შეწყალებაზე
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ "არ გაუკვირდება" თუკი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. ამის შესახებ მან საპატრიარქოში, პატრიარქ ილია მეორის იუბილეზე მისვლისას ჟურნალისტებთან ისაუბრა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „პრეზიდენტს დისკრეცია აქვს, თუ გააკეთებს, არ გამიკვირდება. პრეზიდენტისგან არაფერი არ გამიკვირდება. რასაც ვხედავ, შეუძლია, შეიწყალოს." - ჟურნალისტის კითხვას, უნდა დარჩეს თუ არა საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი, ბოდბელი ეპისკოპოსი პასუხობს: "საპატიმროში კარგა ხანია, არ მინახავს, მე მგონი, მშვენიერ პალატაშია." მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალებისთვის. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება. სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
ირანში მომხდარ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" (IS) ირანში მომხდარ ორ აფეთქებაზე, რომელსაც სულ მცირე 84 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, პასუხისმგებლობა აიღო. აფეთქებები კერმანში, ირანის ელიტური "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობაზე მოხდა. „დაეში“ ტელეგრამზე წერს, რომ მისმა ორმა წევრმა "მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი ჟილეტები". 4 იანვარს, ირანის პრეზიდენტის თანაშემწემ აფეთქებებში ისრაელი და აშშ დაადანაშაულა. აშშ-მა უარყო მოსაზრებები, რომ აფეთქებების უკან ვაშინგტონი ან ისრაელი იდგნენ. ინციდენტმა გააღრმავა შიშები რეგიონში კონფლიქტის გაფართოებასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა ისრაელი ღაზის სექტორზე, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული “ჰამასის“ წინააღმდეგ შეტევას განაგრძობს. იემენში განთავსებული ჰუთი მეამბოხეები კი, წითელი ზღვის კომერციულ არხებზე თავდასხმებს განაგრძობენ.
უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტს დაარტყა
უკრაინა 4 იანვარს აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ობიექტზე ევპატორიასთან ახლოს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე იერიში მიიტანა. მანამდე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა და სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშჩუკმა ტელეგრამის საშუალებით გადაუხადა მადლობა პილოტებს და "ყველას, ვინც დაგეგმა ეს ოპერაცია, სრულყოფილი საბრძოლო საქმისთვის." რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მანამდე აცხადებდა, რომ მისმა ძალებმა აღკვეთეს უკრაინის შეტევა, თუმცა განცხადება არ გაკეთებულა უშუალოდ ევრპატორიაში აფეთქებაზე. რუსეთის მიერ „დანიშნულმა“ ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ "საჰაერო ძალების რეგულარული საშუალებებით ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე განადგურდა" უკრაინის 10 რაკეტა. მისი თქმით, ერთი ადამიანი დაშავდა რაკეტის ნამტვრევის ჩამოვარდნის შედეგად. რაზვოჟაევი ამბობს, რომ სამაშველო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. "კრიმ რეალიის" კორესპონდენტი იუწყება, რომ სევასტოპოლში გაისმა 10 აფეთქების ხმა. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაში გამოაცხადეს. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაცია
საპატრიარქო: მის უწმინდესობას დაბადების დღე მიულოცეს მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ, მონოზვნებმა, მრევლის წარმომადგენლებმა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 91 წელი შეუსრულდა. საპატრიარქოს ცნობით, მის უწმინდესობას დაბადების დღე მიულოცეს მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ, მონოზვნებმა, მრევლის წარმომადგენლებმა. „მათ ჩვენი ეკლესიის მამამთავარს მადლობა გადაუხადეს ათწლეულების მანძილზე ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და დალოცა სრულიად საქართველო,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა
ქაშიბაძის თქმით, დამწვრობის ცენტრში, პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ცნობით, მათ კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს. "ერთი, 9 წლის ბავშვი ახალ წლამდე დაზინდა და ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მეორე, 6 წლის ბიჭი გუშინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სახის დაზიანებით. საბედნიეროდ იგი სტაბილურია, ძალიან ღრმა დაზიანებები არ აქვს, თუმცა სახე დამწვარი აქვს. სხვა პაციენტები გვყავდა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბულატორიული. სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდათ,“ - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას. გუგა ქაშიბაძე, ასევე ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტების რაოდენობა შემცირებულია: „ახლა გავიდა ახალი წელი და [პიროტექნიკის გამოყენება] კიდევ გრძელდება შობას, ძველით ახალ წელს, თუმცა ამ წუთისათვის, [დაზიანებულთა რაოდენობა] შედარებით შემცირებულია."
ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიან ტურნეს იწყებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 4-დან 11 იანვრამდე, ერთკვირიან ტურნეს იწყებს. ბლინკენი თურქეთში, საბერძნეთში, იორდანიაში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა. ამერიკულმა მხარემ ოფიციალური ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მოგზაურობის განმავლობაში მდივანი ხაზს გაუსვამს ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობას; ასევე, ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლების უზრუნველყოფას; ერთობლივ ვალდებულებას, ხელი შეეწყოს ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გაზრდილი, მდგრადი მიწოდებისა და აუცილებელი სერვისების განახლებას. მდივანი ბლინკენი ასევე განიხილავს გადაუდებელ მექანიზმებს ძალადობის შესაჩერებლად, რიტორიკის დასამშვიდებლად და რეგიონული დაძაბულობის შესამცირებლად, მათ შორის, ჰუსიტების თავდასხმების შეკავებას წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე და ლიბანში ესკალაციის თავიდან აცილებას. მდივანი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს ყოვლისმომცველ, ხელშესახებ ნაბიჯებს ისრაელის სახელმწიფოსთან ერთად მომავალი პალესტინის სახელმწიფოს რეალიზაციისკენ, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ. ბლინკენის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიაში 27 დეკემბერს გავრცელდა. ეს იქნება ბლინკენის მეოთხე მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ. მისი მოგზაურობა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების მაღალი დონის ვიზიტების სერიის ნაწილი, რათა უზრუნველყოს მუდმივი კონსულტაციები ისრაელის მთავრობასთან და რეგიონულ პარტნიორებთან. ევროკავშირის, აშშ-სა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ ისრაელზე იერიში 7 ოქტომბერს მიიტანა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.
ზელენსკი: ჩვენი პარტნიორები მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე მუშაობენ
დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების უზრუნველყოფა უკრაინის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ბევრ რეგიონში – სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში განხორციელდა მასიური სარაკეტო დარტყმები, მუდმივი თავდასხმები „შაჰედებით“. აშკარაა, რომ ტერორისტული სახელმწიფოს ლიდერები ცდილობდნენ, გამოეყენებინათ ეს საახალწლო დღესასწაულები, ამ წლის პირველი დღეები ჩვენი სულისკვეთების გასატეხად. ჩვენი ცის დამცველები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ჩვენი დიპლომატების მთელი გუნდი, ყველა, ვინც პასუხისმგებელია პარტნიორებთან კომუნიკაციაზე, უკრაინის წარმომადგენლები საზღვარგარეთ, ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტია მეომრების მხარდაჭერის ახალი პაკეტები. „მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებიც უკვე აყალიბებენ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს,“ - განმარტა ზელენსკიმ.
უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე, ომი უფრო ახლოს იქნება ჩვენთან - იტალიის პრემიერი
უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე, ომი უფრო ახლოს იქნება ჩვენთან. შესაბამისი განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან უარყოფითად შეაფასა განცხადებები, რომ „არ უნდა ვაგზავნიდეთ იარაღს უკრაინაში, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციამდე მიგვიყვანს.” „უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე, შემოჭრა, მაშასადმე, ომი სახლთან უფრო ახლოს გვექნებოდა,” - განაცხადა მელონიმ.
Skynex-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები - გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარება გადასცა
გერმანიამ უკრაინას Skynex-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, 10 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Leopard-ის ტანკებისთვის საბრძოლო მასალა და სხვა დახმარება გადასცა. გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ახალი პაკეტი ასევე მოიცავს ორ საჰაერო სათვალთვალო რადარს TRML-4D, დრონის აღმომჩენ 30 სისტემას, რაკეტებს IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, 10 სახმელეთო სათვალთვალო რადარს GO12, 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალა და საბრძოლო იარაღი ცეცხლსასროლი იარაღისთვის. 4 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა გეგმავს, რომ უკრაინას მიაწოდოს კიდევ ოთხი IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ერთი Skynex-ის სისტემა საბრძოლო მასალებით, კიდევ თვითმფრინავის აღმომჩენი 20 სისტემა, ათასობით ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვა დახმარება.
ერაყში ლიკვიდირებულია ირანის მხარდაჭერით მოქმედი დაჯგუფების ლიდერი - პენტაგონი
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში მოკლეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბის“ ლიდერი მუშტაკ ჯავად კაზიმ ალ-ჯავარი. მისივე ინფორმაციით, ერაყსა და სირიაში მოქმედი დაჯგუფების მეთაური აქტიურად მონაწილეობდა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში. რაიდერის ცნობით, ერაყში მყოფმა ამერიკულმა ძალებმა საჰაერო დარტყმა 4 იანვარს, შუადღისით განახორციელეს. პენტაგონის პრესმდივნის თანახმად, თავდაცვის მიზნით ჩატარებული ოპერაციისას სამოქალაქო პირები არ დაშავებულან და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.
გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ რუს ოლიგარქ უსმანოვის საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა
გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა რუს ოლიგარქ უსმანოვის სარჩელი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის იახტა „დილბარზე“ 2022 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ ჩხრეკას ეხებოდა. გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება ოფიციალურად 2024 წლის 4 იანვარს გამოაქვეყნა. ტექსტში უსმანოვი მოხსენიებულია „უზბეკეთისა და რუსეთის მოქალაქედ“. გერმანული მაუწყებლის, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი იმით ახსნა, რომ მისთვის მიმართვამდე მომჩივანს ყველა შესაძლო იურიდიული საშუალება არ გამოუყენებია და ამასთან, საკმარისად ვერც ის დაასაბუთა, რომ იახტა მართლაც მისი პირადი სივრცე იყო. უსმანოვი აცხადებდა, რომ ჩხრეკამ ხელყო მისი ადამიანური ღირსება და დაარღვია საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლება. ოლიგარქის ადვოკატებმა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის ზაფხულში მიმართეს. რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მეტალურგიული ჰოლდინგის, „მეტალოინვესტის" მფლობელი, მილიარდერი ალიშერ უსმანოვი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა. მიზეზი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრაა.
უკრაინელები F-16-ებზე წვრთნას 2024 წლის ბოლომდე დაასრულებენ - პენტაგონი
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავები F-16 ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებს განაგრძობენ და ეს წვრთნები რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. რაიდერის თქმით, უკრაინელი მფრინავების მომზადება არიზონას შტატში მდებარე ავიაბაზაზე მიმდინარეობს. „როგორც მოგეხსენებათ, პილოტის კვალიფიკაციის დონის მიხედვით, ამას შეიძლება ხუთიდან რვა თვემდე დასჭირდეს. ასე რომ, იმედია, წლის ბოლოს ჩვენ დავიწყებთ ამ პილოტების გამოშვებას,“ - განაცხადა რაიდერმა. მისივე თქმით, ის არ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გამოჩნდებიან F-16-ები უკრაინაში.
აშშ, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხზე, გაეროს უშიშროების საბჭოს იწვევს
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი, სერგეი კისლიცა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხის განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა 10 იანვარს გაიმართება. „აშშ იტყობინება, რომ მას ახალი ინფორმაცია აქვს იარაღის შესახებ, რომელსაც რუსეთი მესამე ქვეყნებიდან იღებს უკრაინის განადგურებისა და მისი ხალხის დამორჩილების მიზნის მხარდასაჭერად. აშშ-ის ინფორმაციით, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ახლახან რუსეთს გადასცა ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები და რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა,“ - წერს კისლიცა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინის თავზე ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული სულ მცირე ერთი რაკეტა გაუშვეს. რაკეტები გამოიყენეს ასევე 2 იანვრის თავდასხმის დროს. „აშშ თვლის, რომ რუსეთი გამოიყენებს ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებულ დამატებით რაკეტებს, რათა გაანადგუროს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები,“ - წერს კისლიცა. თეთრმა სახლმა 4 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლების დასკვნით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინა ბალისტიკური რაკეტები და ამჟამად ირანისგან ცდილობს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. თეთრი სახლის მრჩევლის ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ კირბის თანახმად, დაზვერვის დოკუმენტებში, რომლებსაც ახლახან მოეხსნა გრიფი "საიდუმლო", ნათქვამია, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა. რუსეთის ძალებმა მათგან სულ მცირე ერთი რაკეტა ისროლეს უკრაინაში, 30 დეკემბერს - ამბობს კირბი და დასძენს, რომ რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, მაგრამ "აქტიურად მიიწევს წინ."
გალანტი ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ახალი ეტაპის გეგმაზე საუბრობს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელი-ჰამასის ომის შემდგომი ეტაპების გეგმები გამოაქვეყნა. გალანტის განცხადებით, მესამე ფაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ჩრდილოეთ ღაზაში ახალ საბრძოლო მიდგომას მიიღებენ, რომელიც მოიცავს შეტევებს, ტერორისტული გვირაბების განადგურებას, საჰაერო და სახმელეთო მოქმედებებსა და სპეცოპერაციებს. მინისტრი ანკლავის მომავალი მმართველობის შესახებ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ტერიტორიის მაკონტროლებელი სუბიექტი ღაზის სექტორში უკვე მყოფი „არამტრული“ ელემენტების შესაძლებლობებს დაეყრდნობა. გეგმის თანახმად, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ისრაელის სამხედროები გააგრძელებენ „ჰამასის“ ლიდერების დევნას სანამ საჭირო იქნება. სამხრეთში განლაგებული ისრაელის ძალები ასევე ფოკუსირდებიან მძევლების დაბრუნების შესაძლებლობაზე, რომლებიც ჯერ კიდევ ტყვეობაში იმყოფებიან. სამგვერდიან დოკუმენტში გალანტი ასევე საუბრობს ომის მეოთხე და სავარაუდო ფინალური ეტაპის დეტალების შესახებ. გალანტის მიერ გამოცხადებული ომისშემდგომი ეტაპი ითვალისწინებს ღაზის სექტორს, რომელსაც აღარ აკონტროლებს „ჰამასი“ და რომელიც აღარ უქმნის საფრთხეს ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას. გალანტის განმარტებით, როგორც კი ომის მიზნები მიიღწევა, ღაზის სექტორში „ისრაელის სამოქალაქო ყოფნა აღარ იქნება“, თუმცა, ისრაელი შეინარჩუნებს ოპერაციულ თავისუფლებას ღაზის სექტორში და გააგრძელებს ტერიტორიაზე შესული საქონლის ინსპექტირების განხორციელებას. თავდაცვის მინისტრმა ასევე წარმოადგინა მრავალეროვნული სპეციალური ჯგუფის კონცეფცია, „რომელსაც უხელმძღვანელებს შეერთებული შტატები ევროპელ და რეგიონულ პარტნიორებთან პარტნიორობით“ და რომლის მოვალეობაც ღაზის სექტორის რეაბილიტაცია იქნება.
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის მორიგი შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში გამთენიისას აფეთქებები იყო. ინფორმაცია ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით გავრცელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა აღიკვეთა.“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეს, 5 იანვარს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 36 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ყირიმის თავზე და 1 - კრასნოდარის მხარეში. 4 იანვარს, დღისით, აფეთქებები იყო სევასტოპოლსა და ევპატორიაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სევასტოპოლის მახლობლად გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მართვის პუნქტი. ანექსირებულ სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა 4 იანვარსაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმის თავზე 10 რაკეტა მოიგერიეს. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. ასევე რუსული მხარის განცხადებით, უკრაინელებმა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ოლქის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, მაღალსართულიან კორპუსთან ჭურვის აფეთქების გამო რამდენიმე ბინის მინა ჩაიმსხვრა და 30-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
ინდონეზიაში, ჯავის პროვინციაში სამგზავრო მატარებლების შეჯახებისას სულ მცირე სამი დაიღუპა და 28 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ვაგონებს შორის ჩარჩენილი ორი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ. ავარიის დროს მატარებლებში 478 მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულები არიან ეკიპაჟის წევრები. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მატარებლის ოპერატორ კომპანიასა და პროვინციის მთავრობაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩაატარებენ.
იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა
იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა. დაკარგულად დაახლოებით 242 ადამიანი ითვლება. 40-ზე მეტი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. ცნობისთვის, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე ორშაბათს შუადღისას მოხდა. მან გაანადგურა სახლები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოწყვიტა ტერიტორიის ნაწილი საჭირო დახმარებას.
უკრაინა ამ ომიდან გამოვა, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო - სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში არ სჯერათ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში რაიმე უპირატესობას იძენს და ფიქრობს, რომ უკრაინა საბოლოოდ გამოვა ომიდან, როგორც დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყანა გაუმჯობესებული ეკონომიკით. ამის შესახებ სპიკერმა მეთიუ მილერმა ხუთშაბათს, 4 იანვარს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვას, მიუთითებს თუ არა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომ ომი რუსეთის სასარგებლოდ ტრიალდება, მილერმა უპასუხა: „ამას საერთოდ არ ვიტყოდი.“ მან გაიხსენა, რომ პუტინის რეალური მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში მეზობელი ქვეყნის „ტოტალური დაპყრობის“ მიღწევა იყო. მაგრამ მისი გეგმა თავიდანვე ჩაიშალა. უკრაინამ გაათავისუფლა ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი, რომელიც რუსეთმა ომის პირველ კვირებში დაიპყრო და შავ ზღვაში მშვიდობიანი ნავიგაცია განაახლა.