ძებნის რეზულტატი:

NATO სისტემა Patriot-ის 1000 რაკეტას შეიძენს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სარაკეტო იერიშების ფონზე

NATO-მ განაცხადა, რომ  ალიანსის რიგ ქვეყნებს საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის 1000 რაკეტების შეძენაში დაეხმარება, რათა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მზარდი საჰაერო იერიშების ფონზე, მოკავშირეებმა უკეთესად დაიცვან თავიანთი ტერიტორია. NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ქვეყნების ჯგუფს, მათ შორის გერმანიას, ნიდერლანდებს, რუმინეთსა და ესპანეთს, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისგან, ასევე მტრის თვითმფრინავებისგან დასაცავად განკუთვნილი Patriot-ების შეძენაში და აღნიშნა, რომ ევროპული სარაკეტო წარმოება გაფართოვდება. კონტრაქტის ღირებულება 5.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხსენებულ განცხადებას მიესალმა. „რუსეთის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმები უკრაინელ სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებსა და სოფლებზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საჰაერო თავდაცვა. საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა უკრაინისა და ჩვენი უსაფრთხოების გასაღებია,"- განაცხადა სტოლტენბერგმა. სააგენტო AP წერს, რომ შესყიდვა მოკავშირეებს დაეხმარება, რომ უკრაინისთვის უფრო მეტი საკუთარი თავდაცვის სისტემები გამოათავისუფლოს. შეგახსენებთ, 2 იანვარს ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 92 დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული იერიშების შედეგად. უკრაინა პარტნიორების დახმარებით, საჰარეო თავდაცვას აძლიერებს.   

დმიტრო კულება: ტრამპი ისეთი ადამიანია, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ, უნდა იცოდე - როგორ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არ ფიქრობს, რომ 2024 წელს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად შესაძლო არჩევას შეუძლია, ნეგატიურად იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერაზე, თუ ტრამპისადმი მიდგომას იპოვიან. მისი თქმით, ტრამპი ისეთი ადამიანია, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ უნდა იცოდე როგორ. „ტრამპი თავისი, ასე ვიტყოდი, ულტრაქარიზმატული საქციელებით, თავისი რეპუტაციითა და ფრაზებით აღიქმება. მაგრამ ვინ მიყიდა უკრაინას პირველი ამერიკული იარაღი? - პრეზიდენტმა ტრამპმა - Javelin. ვინ დაიწყო უკრაინისთვის პირველი სამხედრო-საზღვაო გემების, Island და Mark-6 ტიპის კატერების, უფასო გადაცემა? - ტრამპმა. ვინ ებრძოდა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ს და სანქციები დაადო ცნობილ, მაგრამ უკვე მივიწყებულ გემს Fortuna, რომელიც ამ გაზსადენს აწყობდა? - ეს ტრამპი იყო,” - განაცხადა კულებამ. მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ტრამპთან ან ნებისმიერ სხვა ამერიკელ ლიდერთან რაიმე შეთანხმებების არსებობის შესაძლებლობა უარყო. „ამიტომ ტრამპი - ის ადამიანია, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ უნდა იცოდე მასთან მუშაობა. თუ არჩევნებამდე მივა და თუ გაიმარჯვებს, ის სრულიად განსხვავებული იქნება, ვიდრე პრეზიდენტი ბაიდენი, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უზომოდ მადლიერები ვართ. ძალიან ბევრი „თუ“ არსებობს, მაგრამ უკრაინას არაფრის არ უნდა ეშინოდეს, არანაირი არჩევნების და არანაირი მოქმედი ან სამომავლო პოლიტიკოსების,“ - განაცხადა კულებამ.    

უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უნდა მიეწოდოს - პოლონელი მინისტრი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ 29 დეკემბერსა და 2 იანვარს უკრაინის ქალაქების მასიურ დაბომბვაზე დასავლელი პარტნიორების რეაქცია უნდა იყოს უფრო მკაცრი სანქციები მოსკოვისადმი და უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება. „უკრაინაზე უკანასკნელ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღი ვერ შექმნას და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემით, რაც მას გამშვები და სამეთაურო ცენტრების განადგურების საშუალებას მისცემს,“ - წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს ყირიმი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაზე ომის სიმძიმის ცენტრი გახდება. „2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის იზოლაცია და იქ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დეგრადაცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გზა ამ რეგიონიდან თავდასხმების რაოდენობის შესამცირებლად,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

რაც უფრო მეტ რუსს ავიყვანთ ტყვედ, მით უფრო ეფექტური იქნება მოლაპარაკებები გაცვლაზე - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტყვეთა გაცვლაზე გააკეთა კომენტარი. მან ამ პროცესის ეფექტიანად წარმართვის ასპექტზე მიუთითა.  „დღეს, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, დიდი ხნის ნანატრი კარგი ამბავია. დიდი პაუზა იყო, გაცვლებთან დაკავშირებით. მოლაპარაკებებში პაუზა არ ყოფილა. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ვცდილობთ მედიაციის ყველა ვარიანტს. ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს საქმეს, ჩვენ ვაყენებთ ჩვენი ტყვეების დაბრუნების საკითხს. და ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ყველა ჩვენი მოქალაქის დასაბრუნებლად. მადლობას ვუხდი მთელ გუნდს, რომელიც მუშაობდა და მუშაობს გაცვლის გასაგრძელებლად! ბუდანოვი, ერმაკი, იუსოვი, მალიუკი, კლიმენკო. და რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მეომარს ფრონტის ხაზზე, ვისაც ტყვედ აყავს ოკუპანტები და ავსებს ჩვენს გაცვლით ფონდს. რაც უფრო მეტ რუსს ავიყვანთ ტყვედ, მით უფრო ეფექტიანი იქნება მოლაპარაკებები გაცვლაზე,“ აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, უკრაინამ დღეს რუსული ტყვეობიდან 200-ზე მეტი უკრაინელი გაათავისუფლა.  

ნორვეგია დანიაში უკრაინელი პილოტების მომზადებისთვის F-16-ებს გზავნის

ნორვეგია თავის ორ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს დანიაში გაგზავნის, რათა წვლილი შეიტანოს უკრაინელი მფრინავების მომზადებაში. ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა. ნორვეგიამ გასულ წელს გამოაცხადა, რომ შეუერთდება დანიას, ნიდერლანდებს, ასევე, სხვა ქვეყნებს, რათა უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები მიაწოდოს. „მანამდე ნორვეგიამ უკვე გაგზავნა 10 ინსტრუქტორი დანიაში უკრაინელი ომის მფრინავების მოსამზადებლად,“ განაცხადა ბიორნ არილდ გრამმა. ნორვეგიის საჰაერო ძალებმა საკუთარი F-16 ახალი F-35 საბრძოლო თვითმფრინავებით შეცვალა.  

ლატვიამ უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსეთის მოქალაქეს თავშესაფარი მისცა

ლატვიის სასამართლომ ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსეთის მოქალაქისთვის თავშესაფრის მინიჭება დაავალა. მანამდე მას ლატვიის მიგრაციის სამსახურებმა უარი უთხრეს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მაგრამ დეკემბრის ბოლოს სასამართლომ დაადგინა, რომ მას დაცვის უფლება ჰქონდა. ლატვიის მიგრაციის სამსახურების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაში დაბრკოლებას ვერ ხედავს. ლატვიური გამოცემა Delfi წერს, რომ რუსეთის მოქალაქემ, რომლის სახელიც არ ხმაურდება, 2022 წელს სასამართლოს მიმართა. ის ლატვიაში დაიბადა, მოგვიანებით ცხოვრობდა უკრაინაში, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა. 2014 წელს მოხალისედ შეუერთდა ბატალიონ „დონბასს“, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა. რამდენიმე თვის შემდეგ დატოვა თავისი რაზმი, რადგან ტრავმების გამო ბრძოლებში მონაწილეობა აღარ შეეძლო. სახალხო ლაშქრის წევრი ცდილობდა უკრაინის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მიღებას, მაგრამ ვერ შეძლო ხელისუფლებისთვის დოკუმენტების სრული პაკეტის მიწოდება, რადგან დაბომბვის დროს მისი რუსული პასპორტი დაიწვა, ხოლო რუსეთში წასვლა დოკუმენტების აღსადგენად მას ეშინოდა.  

ქვათაცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 73-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის  საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა. ქვათაცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე 4 იანვრის 08:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  

რუსეთის მასიური თავდასხმების საპასუხოდ, NATO-უკრაინის საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

NATO-მ NATO-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვაზე უკრაინის თხოვნას მხარი დაუჭირა. სხდომა რუსეთის მასიური რაკეტებისა და დრონების თავდასხმების საპასუხოდ ჩაინიშნა.  შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალური პლატფორმა X-ზე გააკეთა.  „ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება. ეს არის ევროატლანტიკური ერთიანობის მნიშვნელოვანი ნიშანი რუსული ტერორის ესკალაციის ფონზე,“ წერს კულება. 2024 წლის 2 იანვრის დილას უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის შემდეგ 250-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი და დაშავდა 130 ადამიანი. მანამდე, 29 დეკემბერს რუსეთის მასიურ თავდასხმას ასევე მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის, დედაქალაქ კიევში.  

FT: ჩინეთი რუსეთის სამხედრო კომპლექსისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღჭურვილობის მთავარი მიმწოდებელია

Financial Times-ის ცნობით, ჩინელი მწარმოებლები დომინირებენ რუსეთთან ისეთი დეტალებითა და აღჭურვილობით ვაჭრობაში, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სასიცოცხლო საჭიროებას წარმოადგენს. კერძოდ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ჩინეთმა 10-ჯერ გაზარდა რუსეთისთვის მაღალი სიზუსტის ჩარხების მიწოდება, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს სამხედრო მრეწველობაში შეიძლება იქნას გამოყენებული. რუსეთის საბაჟოს მონაცემების თანახმად, 2023 წლის ივლისში ჩინელმა მწარმოებლებმა რუსეთს 68 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა მიაწოდეს. უკრაინაში შეჭრამდე, 2022 წლის თებერვლამდე, მარაგების მოცულობა მხოლოდ 6.5 მილიონი დოლარი იყო. ჩინეთმა აშშ და დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინაში კონფლიქტის პროვოცირებაში. ამავდროულად, პეკინმა ოფიციალურად არ აღიარა ყირიმისა და უკრაინის რეგიონების ანექსია. ჩინეთს არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში.  

უკრაინა დსთ-ს კიდევ ერთი შეთანხმებიდან გამოდის

მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დოკუმენტური დაშიფრული კომუნიკაციების სახელმწიფოთაშორისი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენელმა უმაღლეს რადაში ტარას მელნიჩუკმა განაცხადა. „უკრაინა გამოვიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დოკუმენტური დაშიფრული კომუნიკაციების სახელმწიფოთაშორისი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმებიდან, რომელსაც 1996 წლის 18 ოქტომბერს მოსკოვში მოეწერა ხელი,“ - განაცხადა მელნიჩუკმა. ეს იყო თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის ავტომატური სისტემის კომპონენტი. შეთანხმებით ასევე გათვალისწინებული იყო სახელმწიფოთაშორისი სისტემის ეროვნული ქვესისტემების შექმნა წევრი ქვეყნების საკუთარი სახსრების ხარჯზე. გარდა ამისა, სახელმწიფოებს სახელმწიფოთაშორის სისტემაში უნდა გამოეყენებინათ საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა და ინფორმაციის დაცვის საშუალებები, რომლებიც რუსეთის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებებით იყო უზრუნველყოფილი. 2018 წლის აგვისტოში უკრაინამ დახურა თავისი წარმომადგენლობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საწესდებო ორგანოებში. მანამდე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის ჩარჩოებში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან ქვეყნის გასვლის შესახებ. უკრაინა იყო 1991 წლის დეკემბერში დსთ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. მას ოფიციალურად არ მოუხდენია თანამეგობრობის წესდების რატიფიცირება, მაგრამ ჩართული იყო ორგანიზაციის მუშაობაში. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინას პრაქტიკულად აღარ მიუღია მონაწილეობა დსთ-ს საქმიანობაში. საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გავიდა დსთ-დან, რომლის წევრიც 1993 წელს გახდა. დსთ-ში დარჩა ცხრა სახელმწიფო - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთი, ბელორუსი, მოლდოვა (2024 წლის ბოლომდე გეგმავს გასვლას) სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. ეს უკანასკნელი ასოცირებული წევრია.  

ისრაელი უკრაინელი ლტოლვილების დახმარებას გააგრძელებს

ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა, გააგრძელოს უკრაინელი ლტოლვილების დახმარება, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საელჩომ გამოაქვეყნა. საელჩოს ცნობით, ეს გადაწყვეტულება მიღწეულია სამთავრობო დაწესებულებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების შემცირების წყალობით. უკრაინის ელჩმა ისრაელში ევგენ კორნიჩუკმა ისრაელის მთავრობას ასეთი გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.   „ისრაელის მთავრობამ, რა თქმა უნდა, საახალწლოდ საინტერესო საჩუქარი გაუკეთა უკრაინელ ლტოლვილებს ისრაელში. მადლობას ვუხდი მთავრობას მათი სახელით ამ ჟესტისთვის," - განაცხადა ელჩმა.

ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა

4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.  

„თიბისი ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია - შსს

შსს აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, "თი-ბი-სი" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დმიტრო კულება დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე: ჩვენ არ გვაქვს „გეგმა B“, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ „გეგმა A-ში“

უკრაინას სჯერა "გეგმის A"-სი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით და მისი შეწყვეტის შემთხვევაში ალტერნატივა ("გეგმა B") არ აქვს. CNN-თან ინტერვიუში, კითხვას, როგორია უკრაინის "გეგმა B" იმ იარაღის დეფიციტის კომპენსირებასთან დაკავშირებით, რომელსაც ის დასავლეთის ქვეყნებიდან ვერ მიიღებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ არ გვაქვს „გეგმა B“, ჩვენ დარწმუნებულები ვართ „გეგმა A-ში.“ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ყოველთვის იბრძვის იმ რესურსებით, რაც აქვს და როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა სწორად განაცხადა, რასაც უკრაინას აძლევენ, ქველმოქმედება არ არის. „ეს არის ინვესტიცია NATO-ს დასაცავად და ასევე ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის დასაცავად,“ - აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი NATO-ზე თავდასხმას ვერ გაბედავს. „ისინი, ვინც თავიანთი საგარეო პოლიტიკური გათვლებით თვლიან, რომ პუტინი ვერ გაბედავს NATO-ს ქვეყანაზე თავდასხმას, თუ დაინახავს, რომ უკრაინაში წარმატების მიღწევა შეუძლია, უზარმაზარ შეცდომას უშვებენ. როგორიც არ უნდა იყოს ფასი დღეს, ყველაფრის ფასი, რაც მოხდება, თუ უკრაინა დღეს დახმარებას არ მიიღებს, ბევრად უფრო მაღალი იქნება. ამიტომ, გვჯერა „გეგმა A“-სი, ჩვენ ვმუშაობთ „გეგმა A“-ზე და ჩვენ მას განვახორციელებთ,“ - აღნიშნა კულებამ. ვაშინგტონში, 3 იანვარს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი 2023 წლის 27 დეკემბერს გამოიყო და თუ უახლოეს ხანში კონგრესი გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბიუჯეტში თანხა აღარ აქვთ. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში მიმართა უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად 61 მილიარდ დოლარზე მეტის მისაღებად, თუმცა, ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უკრაინის დახმარების საკითხის განხილვა 2024 წლის დასაწყისიდან უნდა განახლდეს. წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას უკავშირებენ. რესპუბლიკელები საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.  პენტაგონის თანახმად, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.  

დონალდ ტუსკი: სტრატეგიული თვალსაზრისით, ევროპა რუსული აგრესიის ობიექტია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთი, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, შესაძლოა, ევროპის ქვეყნებს დაესხას თავს. „არავის ეპარება ეჭვი, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, ევროპა რუსული აგრესიის ობიექტია და ეს მაშინ მოხდება, როცა სამხედრო შესაძლებლობებში რუსეთის უპირატესობა აშკარა გახდება,“ - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. ტუსკის თქმით, ევროპა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე რუსეთი. მიმართავს თუ არა პოლონეთი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის ძალების გაძლიერების თხოვნით და კიდევ უფრო გაზრდის თუ არა თავდაცვის ხარჯებს 28-29 დეკემბრის ღამის ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმის დროს, ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. „მთავარი საკითხია, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საჰაერო თავდაცვას ეხება, ეს, როგორც ჩანს, აბსოლუტურად გადამწყვეტი ამოცანაა. საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან ერთად, მოვამზადეთ ასეთი ინიციატივა, მოწოდება გავითვალისწინოთ ევროპის იარაღის ინდუსტრიის საჭიროებები არა მხოლოდ უკრაინისთვის შესაძლო სწრაფი მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით, არამედ არანაკლებ იმიტომაც, რომ თითქმის მთელი რუსეთის ეკონომიკა გადავიდა ომის დროის შეიარაღების სისტემაზე და რა თქმა უნდა ევროპა აქ ბევრად ჩამორჩება. ჩვენ გვსურს მობილიზება და ყველა არსებული დიპლომატიური საშუალების გამოყენება, რათა მთელ ევროკავშირს გავაგებინოთ, რომ რადიკალურად გაზრდილი სამხედრო ძალისხმევის გარეშე, ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით და ეს ნიშნავს ერთ რამეს: ევროპა, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსეთის პირდაპირი თავდასხმის წინაშე აღმოჩნდება,“ - აღნიშნა ტუსკმა.    

ბორელი და პოლონელი მინისტრი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს. როგორც ბორელი სოციალუ პლატფორმა X-ზე წერს, საუბრის დროს მათ „გაიზიარეს შეშფოთება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების გაზრდის შესახებ.“ მხარეებმა ასევე განიხილეს სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ზომების გაძლიერების გზები. „შევთანხმდით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით და საზენიტო რაკეტებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების გაძლიერების გზები, ვინაიდან მესამე ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ევროპული ექსპორტით შეიძლება, რუსეთში რეექსპორტი განხორციელდეს,“ - წერს ბორელი.  

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.  

პრემიერი: ილია II-ს ღვაწლი საქართველოს უდიდეს შვილთა მემკვიდრეობის გაგრძელება და მომავალ თაობათა სახელმძღვანელოა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს. „მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ 91-ე დაბადების დღეს. ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობის სიბრძნითა და მოყვასისადმი სიყვარულით გამორჩეული მოღვაწეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი სამოქალაქო და სულიერი ცხოვრების განვითარებაში, ქართველთა ერთობის განმტკიცებაში, საზოგადოებაში უზენაეს ფასეულობათა დამკვიდრებაში. ზნეობის, სულიერი სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები, რომელთაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენებს, სანიმუშოა არამხოლოდ მართლმადიდებელთა, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის. მისი ღვაწლი საქართველოს უდიდეს შვილთა მემკვიდრეობის გაგრძელება და მომავალ თაობათა სახელმძღვანელოა. დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს,“ - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.  

პრეზიდენტი პატრიარქს: თქვენი ლოცვა-კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხნევებს მათ, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა

საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს, დაბადების დღეს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ეს ღირსშესანიშნავი დღე ძვირფასია ჩვენი ქვეყნისათვის. თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი, მრავალი წელია, გვაძლევთ ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის მაგალითს, გვანუგეშებთ სიბრძნითა და მზრუნველობით. მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისათვის, რომელიც მიგიძღვით თქვენი სამწყსოს სულიერი სრულყოფისა და ერის გამთლიანებისათვის. თქვენი ლოცვა-კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხნევებს მათ, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი. თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, საქართველოს კი ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს უმაგრებდეს ზურგს თქვენი იმედი და მამობრივი სიყვარული!“- აღნიშნავს პრეზიდენტი, რომლის მისალოც სიტყვასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

ებრაჰიმ რაისი ირანში მომხდარ აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი ირანში მომხდარ აფეთქებებში ისრაელის ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ, ამ დანაშაულისთვის, მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ. რაისის მტკიცებით, ისრაელის სასჯელი "სამწუხარო და მკაცრი" იქნება. „ვაფრთხილებ სიონისტურ რეჟიმს: ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ გადაიხდით მძიმე ფასს ამ დანაშაულისთვის და თქვენს მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებისთვის,“ - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, სამ იანვარს, ირანის ელიტური "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკველობიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავად გამართული ცერემონიის დროს ორი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს არანაირი დამოუკიდებელი ინფორმაცია აფეთქებების შესახებ და რომ სახელმწიფო დეპარტამენტს არავითარი საფუძველი არ აქვს იფიქროს, რომ მასში ისრაელი მონაწილეობდა. როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-ს არ უნახავს რამე ნიშანი იმისა, რომ ირანში მომხდარი აფეთქებების უკან ისრაელი დგას.