ძებნის რეზულტატი:

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა

იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილთა ძებნა გრძელდება. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ დანგრეულ შენობებში დარჩენილია ბევრი ადამიანი, რომლებიც შველას ელოდებიან. კიშიდას თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა დღეს, 4 იანვრის საღამოსთვის, როცა კატასტროფიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი 72 საათი გადის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ. იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა.  

სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. ერთობლივი წვრთნები 110-ზე მეტ მსხვილ საბრძოლო იარაღს, მათ შორის სამხრეთ კორეის არმიის ტანკებსა და საზენიტო არტილერიას, ასევე, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებსა და ჯავშანტექნიკას მოიცავდა. სამხრეთ კორეის არმიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან წვრთნები 29 დეკემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სამხრეთ კორეამ ახალი წელი თვითდესტრუქციული ქმედებებით დაიწყო.  

საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთიდან ერთ კილომეტრში მოხდა. მისი სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო.  

ნიკორწმინდას საფრთხე არ ემუქრება - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განცხადებით ეხმაურება სოციალური ქსელით 3 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სახურავიდან ჩამოსული სისველის გამო ზიანდება ნიკორწმინდის ტაძარი, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეშია აგებული. სააგენტოს თანახმად, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ძეგლს საფრთხე ემუქრება. სააგენტოს განცხადებით, ტაძარში მონიტორინგი ბოლოს 2023 წლის აგვისტოში ჩატარდა. შემოწმდა ტაძრის როგორც გადახურვის, ასევე ექსტერიერის და ინტერიერის მდგომარეობა. „მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გარდა მცირე დაზიანებებისა ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება. შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება და არის განადგურების რისკის ქვეშ არ შეესაბამება სიმართლეს,“ - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციაში. უწყებისვე ინფორმაციით, სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია სააგენტოს დაკვეთით 2018 წელს განახორციელა შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ (ნანა კუპრაშვილი). „ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემდეგი სამუშაოები: ტაძრის სახურავიდან თუნუქის ბურულის მოხსნა და ჩანაცვლება სპილენძის ფურცლებით, სარკმლებისა და კარების შეცვლა, ქვის საკონსერვაციო სამუშაოები, ინტერიერში ნალესობისა და ფერწერის რესტავრაცია, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები და სამრეკლოს რეაბილიტაცია. ხსენებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 946175 ლარი.“ სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გააგრძელებენ ძეგლის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, „გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს“. ნიკორწმინდის ტაძრის კედლის დაზიანების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ორგანიზაციის, „ევროპა ჩვენი სახლია“ წარმომადგენელმა თორნიკე ბარათაშვილმა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, ტაძრის სახურავიდან ჩამოსული ნალექით კედლის ქვები ზიანდება.

ისრაელი სამხრეთ აფრიკას აბსურდულ ბრალდებებსა და ცილისწამებაში ადანაშაულებს

ისრაელი აბსურდსა და  ცილისწამებას უწოდებს საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ შეტანილ სარჩელს, რომლითაც ის ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება მთავრობის სპიკერმა გააკეთა. ფაქტს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუც. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდში ადანაშაულებს. ICJ-სადმი მიმართვის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ვალდებული იყო, „აღეკვეთა გენოციდი.“  30 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ღაზის სექტორში ჩადენილი ქმედებების გამო,“ სამხრეთ აფრიკა ისრაელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. 84-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ისრაელის ქმედებები და უმოქმედობები“ არის „გენოციდური ხასიათის, რადგან ისინი მიმართულია პალესტინის ეროვნული, რასობრივი და ეთნიკური ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებისკენ.“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ აფრიკა „სერიოზულად არის შეშფოთებული მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გამო, რომლებიც ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ ძალის განურჩეველი გამოყენებისა და მოსახლეობის იძულებით გადაადგილების გამო.“სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პალესტინის ტერიტორიიდან „მუდმივად შემოდის ცნობები საერთაშორისო დანაშაულებზე, როგორებიცაა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და სამხედრო დანაშაულები, ისევე როგორც ცნობები ქმედებებზე, რომლებიც გენოციდის ზღვარს აღწევს.“   სამხრეთ აფრიკის მთავრობის ადვოკატები საქმის განხილვისთვის 11 და 12 იანვარს ემზადებიან. ICJ, რომელიც ჰააგაში, ნიდერლანდებში მდებარეობს, გაეროს უმაღლესი სასამართლოა. ის აგვარებს დავებს სახელმწიფოებს შორის და იძლევა საკონსულტაციო მოსაზრებებს საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე. მას არ აქვს დევნის დაწყების უფლება. თუმცა მის მოსაზრებებს დიდი მნიშვნელობა აქვს გაეროს და სხვა საერთაშორისო იურიდიული ორგანოებისთვის. ცნობისთვის, აშშ ისრაელის ქმედებებში გენოციდის ნიშნებს ვერ ხედავს.   „ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ქმედებებს, რომლებიც წარმოადგენენ გენოციდს,” - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა რეგულარულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

ირანის პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტი გადადო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ კოლეგასთან, ებრაჰიმ რაისთან, რომლის დროსაც მან მწუხარება გამოთქვა ირანის კერმანის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, თურქეთის ლიდერმა „დაგმო ტერორიზმი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.“ პრეზიდენტმა ერდოღანმა გაიმეორა თავისი მოწოდება ირანთან, რომ ერთად უნდა იმუშაონ ტერორიზმთან ბრძოლისთვის. ორი ლიდერი შეთანხმდა ირანის პრეზიდენტის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის შემდგომ გადადებაზე.  

NATO აძლიერებს თავის წარმომადგენლობას და მზადყოფნას შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე

ალიანსი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს უკრაინის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის აგრესიული ომისგან. NATO პირობას დებს, რომ უკრაინის გვერდით იქნება იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „NATO მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ქალაქებსა და სოფლებზე. ეს კიდევ ერთი დასტურია პუტინის მცდელობისა, გატეხოს უკრაინის მედეგობა. ის წარმატებას ვერ მიაღწევს," - ნათქვამია NATO-ს კომენტარში, რომელსაც უკრიანულ მედია ავრცელებს. ალიანსში ასევე გამოეხმაურნენ პოლონეთში არსებულ ვითარებას და უკრაინის მეზობლებისთვის ომით გამოწვეულ საფრთხესაც შეეხნენ. ალიანსის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ „NATO აძლიერებს თავის წარმომადგენლობას და მზადყოფნას შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, მათ შორის, პოლონეთში და რომ პოლონეთი უკვე სარგებლობს 10 000-ზე მეტი მოკავშირის ჯარითა და ალიანსის მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალით, მათ შორის NATO-ს ვითმფრინავებით, რომლებიც პოლონეთის ცას იცავენ.“ NATO შემდგომში შეაფასებს თავის პოზიციას და დაიცავს პოლონეთის თითოეულ სანტიმეტრს. შეგახსენებთ, რუსეთის მასიური თავდასხმების საპასუხოდ, NATO-უკრაინის საბჭო 10 იანვარს საგანგებო სხდომას გამართავს. „NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოთხშაბათს 10 იანვარს, რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების ბოლო თავდასხმების შემდეგ, უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე მოიწვევს NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას ელჩების დონეზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.   შეგახსენებთ, 29 დეკემბერს, როდესაც უკრაინა რუსეთის მასიური თავდასხმის სამიზნე იყო, პოლონეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტამ დაარღვია.  

სერბეთში გაათავისუფლეს გენერალი ნაუმოვი, რომელსაც უკრაინაში თაღლითობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

სერბეთის ციხიდან გაათავისუფლეს უკრაინის სახელმწიფო უშიშროების (SBU) შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ყოფილი გენერალი ანდრეი ნაუმოვი, რომელსაც უკრაინაში თაღლითობასა (სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილი) და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში (191-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 364-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ადანაშაულებენ. სერბეთში ნაუმოვმა ფულის გათეთრების ბრალდებით ერთწლიანი სასჯელი მოიხადა. ის 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში გაათავისუფლეს, მაგრამ ყოფილმა გენერალმა ქვეყნის დატოვება ვერ შეძლო, ვიდრე მის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავდა. ამ მიზეზით მას ჩამორთმეული ჰქონდა დოკუმენტები. ნაუმოვის განაჩენი ქალაქ ნიშის მაღალმა სასამართლომ გასული წლის სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა. გენერალმა ანდრეი ნაუმოვმა უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. 2022 წლის ივნისში ის სერბეთში დააკავეს.  

კიევმა წარმოადგინა ხუთი ნაბიჯი, რომლითაც “დასავლეთს შეუძლია, უკრაინას რუსეთის დამარცხებაში დაეხმაროს“

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა დასავლურ დემოკრატიებს, დააჩქარონ გადაწყვეტილების მიღება, რათა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. ამის შესახებ დიმიტრო კულებამ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. კულებამ ხაზი გაუსვა, რომ მის მიერ ჩამოთვლილი ხუთი ნაბიჯი, რომლებსაც ის დასავლეთისგან ელის, დაეხმარება უკრაინას რუსეთის დამარცხებაში. შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს კულებამ გამოაქვეყნა ხუთი ნაბიჯის სია, რომელიც დასავლეთმა უნდა გადადგას რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. კერძოდ: დააჩქაროს უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის მიწოდება. უზრუნველყოს უკრაინა ყველა ტიპის საბრძოლო დრონებით; რაკეტებით 300 კმ-ზე მეტი დისტანციით; დაამტკიცოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის დასახმარებლად; რუსი დიპლომატების იზოლირება შესაბამის დედაქალაქებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.  

რუსეთის აეროდრომზე SU-34 ტიპის ბომბდამშენი დაიწვა - მედია

რუსეთში, ჩელიაბინსკში, „შაგოლის“ აეროდრომზე „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი დაიწვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვადასტურებთ, რომ მტრის თვითმფრინავი დაიწვა,“ - აცხადებს წყარო. მისივე თანახმად, მომხდარის უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო დგას.  

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი გაწვრთნის

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი, ალეკსანდარ ძიკიჩი გაწვრთნის. კალათბურთის ფედერაციის ცნობით, 52 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონიც იერუსალიმის ჰაპოელში დაიწყო, ებრაული კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და ის მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს. „საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2015 წლიდან მუშაობის შემდეგ, გასული მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად ბერძენ სპეციალისტს, ილიას ზუროსს მეორე ვადით გაგრძელებული კონტრაქტი ამოეწურა და სექტემბრიდან ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური იყო. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ალეკსანდარ ძიკიჩთან რამდენიმე თვიან მოლაპარაკებას აწარმოებდა, რა პერიოდშიც არაერთი დეტალი შეთანხმდა და დაკორექტირდა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენი ნაკრების ინტერესების შესაბამისად გადაწყდა და იერუსალიმის ჰაპოელთან დაშორების შემდეგ სერბმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრები ჩაიბარა. კონტრაქტი მომავალი, 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირს და რაღა თქმა უნდა, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში შეიკრიბება, რათა 2025 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის მოემზადოს, რომლებსაც 23 თებერვალს ნესტვედში, დანიასთან და 26-ში თბილისში, სერბეთთან გამართავს. მიუხედავად არცთუ დიდი ასაკისა, ძიკიჩი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია. მისი კარიერა 1991 წელს, 20 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 1994 წლიდან ის პროფესიონალი მწვრთნელია. ბელგრადის პარტიზანში მთავარი მწვრთნელების (ნენად ტრაიკოვიჩი, დარკო რუსო, დუშკო ვუიოსევიჩი) ასისტენტად 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2005 წელს, ალეკსანდარ ძიკიჩი ნბა-ში გადავიდა და მინესოტა ტიმბერვულვზში დუეინ ქეისის ასისტენტი გახდა. ძიკიჩი გახდა მეორე ევროპელი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვის შემდეგ, რომელმაც ნბა-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიცია დაიკავა. მინესოტაში 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2008 წელს ალეკსანდარ ძიკიჩი ევროპაში დაბრუნდა და ლიუბლიანის ოლიმპიას მთავარი მწვრთნელი გახდა. ალეკსანდარ ძიკიჩმა სლოვენიის ჩემპიონობა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო - ორჯერ ოლიმპიაში, ხოლო შემდეგ კიდევ ორჯერ - ნოვო მესტოს კრკა-ში. ძიკიჩის გაწვრთნილი გუნდები სხვადასხვა წლებში გამხდარან ადრიატიკის ლიგისა და მონტენეგროს ჩემპიონატის გამარჯვებულები, სლოვენიისა და ისრაელის თასის მფლობელები, ხოლო 2011 წელს მისმა გაწვრთნილმა კრკა-მ ფიბა-ს ევროჩელენჯის თასი მოიგო. გასულ, 2022-2023 წლების სეზონში ძიკიჩს წინამძღოლობით ჰაპოელმა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც გერმანულ ტელეკომთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. სერბი სპეციალისტი სხვადასხვა წლებში წვრთნიდა ლიეტუვოს რიტასს (ლიეტუვა), პარტიზანს (სერბეთი), ბუდუჩნოსტს (მონტენეგრო), ესტუდიანტესს (ესპანეთი) და ჰაპოელს (ისრაელი). სანაკრებო დონეზე ძიკიჩს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები (2014-2015) გაუწვრთნია, ხოლო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ალეკსანდარ ძიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსთან ერთად ბოლო წლებში მუშაობდნენ. ბოისა საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე რუსთავის მთავარი მწვრთნელია, ხოლო მარკოიშვილი ევროლიგის კლუბ მონაკოში - საშა ობრადოვიჩის ასისტენტი,“ - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქული კომპანია უკრაინაში, ანტონოვის აეროპორტში ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის შექმნას გეგმავს

თურქული კომპანია Mabtec Engineering and Consultancy კიევის მახლობლად მდებარე ანტონოვის აეროპორტში ლოგისტიკური და სატრანსპორტო კვანძის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ უმაღლესი რადას ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრო კისილევსკიმ განაცხადა. „იგეგმება თანამედროვე ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის აშენება, რომელიც ოპერირებას დაიწყებს უკრაინის საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ“, - წერს კისილევსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. როგორც ცნობილია, 2023 წლის 19 დეკემბერს Mabtec Engineering and Consultancy-მა ანტონოვის აეროპორტის რეკონსტრუქციის კონცეფციის შემუშავების დაწყების შესახებ გამოაცხადა. თურქული კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ პორტფოლიოში ჩამოთვლილია მრავალი პროექტის შესახებ მათ შორის, სტამბოლის გოკჩენის აეროპორტში, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, ასევე ერაყში, ავღანეთსა და აზერბაიჯანში.  

WSJ: აშშ-ს სჯერა, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები შესაძლოა, გაზაფხულზე მიაწოდოს

რუსეთი ირანისგან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას აქტიურად გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ამერიკელი ოფიციალური პირების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. „აშშ შეშფოთებულია, რომ რუსეთის მოლაპარაკებები ირანიდან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შესაძენად წინ მიიწევს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემის წყაროები აღიარებენ, რომ ირანმა შესაძლოა, რუსეთს გაზაფხულზე მიაწოდოს რაკეტები. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოსკოვს ირანული რაკეტების შეძენის სურვილი დეკემბრის შუა რიცხვებში გაუჩნდა, როდესაც რუსული დელეგაცია ირანის ბალისტიკური რაკეტების საცდელ ადგილს და ასევე, მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესამოწმებლად ეწვია. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლითაც პირობა დადეს, რომ დასავლეთის სანქციებს ერთობლივად დაუპირისპირდებიან. ნოემბრის ბოლოს ირანმა სუ-35 გამანადგურებლების, ასევე Mi-28 თავდასხმის ვერტმფრენების და რუსული წარმოების Yak-130 საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავების მიწოდების შესახებ შეთანხმება დასრულებულად გამოაცხადა.  

ნორვეგიის შემდეგ, დანიაში ორ F-16-ს ბელგიაც განათავსებს

ბელგია მარტიდან სექტემბრამდე დანიაში ორ F-16-ის ტიპის თვითმფრინავსა და ორმოცდაათი სამხედროსგან შემდგარ პერსონალს გაგზავნის. ისინი უკრაინელ მფრინავებს მოამზადებენ. ანალოგიური გადაწყვეტილება მანამდე ნორვეგიამ მიიღო. სასწავლო მისიის მიზანი იქნება არამხოლოდ პილოტების, არამედ, უკრაინელი ტექნიკოსების და მისიის დამგეგმავების მომზადება. უკრაინელი პილოტები სწავლებას რუმინეთში, დანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადიან. ამ უკანასკნელში ექვსმა უკრაინელმა საბაზისო ტრენინგი, მათ შორის, ინგლისური ენის შესწავლა შობამდე დაასრულა. შეგახსენებთ, ნოემბერში რუმინეთში F-16-ის სასწავლო ცენტრი გაიხსნა. უკრაინა F-16-ების მიღებას უახლოეს მომავალში ელის.    

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6869 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6889 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9448 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9390 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ისრაელის "მოსადის" ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ სააგენტო „ჰამასის“ წევრებს ყველგან მოძებნის

ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, "მოსადის" ხელმძღვანელი დავიდ ბარნეა პირობას დებს, რომ სააგენტო მოძებნის ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული „ჰამასის“ ყველა წევრს, რომლებიც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად იმყოფებიან ისინი. ბარნეამ პარალელი გაავლო მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ შექმნილ ვითარებასთან, როცა "მოსადის" აგენტებმა მოძებნეს და დახოცეს ისრაელელი ათლეტების მკვლელობებში მონაწილე პალესტინელი მებრძოლები. ლიბანურ დაჯგუფება ჰეზბოლასთან პოტენციური ესკალაციის გამო, ისრაელში ოთხშაბათს ომის საფრთხის მაღალი დონე იყო გამოცხადებული. ეს მოხდა მას მერე, რაც ლიბანის დედაქალაქზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა ჰამასის ყველაზე გავლენიანი წევრი სალეჰ ალ-არური. შეგახსენებთ, ბეირუთში, იერიშის შედეგად „ჰამასის“ ხელმძღვანელის მოადგილე მოკლეს. ისრაელი უარს ამბობს, უპასუხოს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დარტყმა მან განახორციელა.  

ლუკაშენკომ რელიგიური ჯგუფების შემზღუდავ კანონს ხელი მოაწერა

ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რელიგიური ჯგუფების აქტივობას ზღუდავს. რელიგიურმა ორგანიზაციებმა ხელახლა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ერთი წლის განმავლობაში. რელიგიური თემების მიმართ მოთხოვნები უფრო გამკაცრდა, ვიდრე ეს აქამდე იყო. კანონს რელიგიური ორგანიზაციებისთვის შემოაქვს წესები, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ისინი ადიქციის მქონე პირებს და როგორ უნდა აღმოუჩინონ სოციალური სერვისები ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. საბოლოო ტექსტი არ გამოქვეყნებულა, თუმცა კანონპროექტი ითვალისწინებდა აკრძალვას იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ექსტრემისტულ აქტივობებში მონაწილედ იყვნენ მიჩნეულნი, რელიგიური ჯგუფების ხელმძღვანელობის გზით. ლუკაშენკომ თავისი კრიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესიები მას შემდეგ გააძლიერა, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა. ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს.  

ყირგიზეთში, ყოფილ "ვაგნერელს" უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ყირგიზეთის მოქალაქეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. განაჩენი ნარინის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა. 27 წლის კაცი რუსეთის ციხეში, პატიმრობაში იმყოფებოდა, როდესაც სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერს" შეუერთდა. ეს უკვე მეორე სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ყირგიზეთში ყოფილი ვაგნერელების წინააღმდეგ აღძრეს. ინფორმაციას BBC-ს რუსული სამსახური ავრცელებს. ყირგიზეთის მოქალაქე გასული წლის აგვისტოში სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდება წაუყენეს. 2023 წლის მაისში ბიშკეკის მკვიდრს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სამი თვის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ეს სასჯელი გააუქმა და საქმე განსახილველად საოლქო სასამართლოს გადაუგზავნა.  

ოკუპირებულ ყირიმში საჰაერო განგაში გამოცხადდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მტკიცებით, მათმა საჰაერო თავდაცვამ თავდასხმა მოიგერია. ვრცელდება ინფორმაციები აფეთქებების შესახებ სევასტოპოლსა და ფიოლენტის კონცხზე. „წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე საჰაერო სამიზნე უკვე ჩამოგდებულია,“ - წერს რაზვოჟჟაევი ტელეგრამ არხზე. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაცია  

13 წლის ამერიკელი მოზარდი პირველი ადამიანია, რომელმაც პოპულარული თამაში - ტეტრისი დახურა

ოკლაჰომის შტატში მცხოვრები 13 წლის უილის გიბსონი პირველი ადამიანია, რომელმაც NES Tetris-ის თამაში დახურა.გიბსონმა თავისი გამარჯვება მამამისს მიუძღვნა, რომელიც ერთი თვის წან გარდაიცვალა. მან 37 წუთით თამაშის შემდეგ 157-ე დონეს მიაღწია, რის შემდეგაც პროგრამა გაიჭედა და აღარ გრძელდებოდა.  „ღმერთო ჩემო! კი! ახლა გული წამივა. ხელებს ვეღარ ვგრძნობ," - ამბობდა გიბსონი თამაშის დახურვის შემდეგ.  პროგრამული ხარვეზებისა და ტექნოლოგიური შეზღუდულობის გამო, ლასიკური Tetris-ის თამაშის გაგრძელება გარკვეულ ეტაპზე შეუძლებელი ხდება, რასაც თამაშის მოყვარულები ფაქტობრივად, მის "დახურვად" თვლიან. დღემდე ამ დონემდე მისვლა მხოლოდ ხელოვნურმა ინტელექტმა მოახერხა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი თამაში, Tetris-ი 1984 წელს მეცნიერმა ალექსეი პაიტნოვმა გამოიგონა.