ძებნის რეზულტატი:
უკრაინა რუსეთის მიერ გაშვებული 14 დრონის განადგურების შესახებ იუწყება
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 14 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ Shahed-136/131 ტიპის 20 დრონი და „ისკანდერ-მ“-ის 3 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. „უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების ძალისხმევითა და თანამშრომლობით, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ხარკოვის ოლქებში მტრის 14 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა,“ - წერს უკრაინის საჰაერო ძალები.
გერმანულმა ავიაგამანადგურებლებმა NATO-ს საჰაერო საზღვართან, რუსულ მზვერავ თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს
გერმანიის საჰაერო ძალების სარდლობამ, ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ რიუგენის მახლობლად, ქალაქ ლააგეს სამხედრო ბაზიდან ავიაგამანადგურებლები გაგზავნა. სარდლობამ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუსეთის სამხედრო მზვერავი თვითმფრინავი Ил-20М აღმოაჩინა. რიუგენი გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია. გარკვეული დროის განმავლობაში რუსული თვითმფრინავი გერმანული ავიაგამანადგურებლების თანხლებით მოძრაობდა, ვიდრე კურსი ისევ აღმოსავლეთისკენ არ შეცვალა. გერმანიის საჰაერო ძალების მიერ 30 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ტრანსპონდერის სიგნალის - საიდენტიფიკაციო სიგნალის გარეშე დაფრინავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ შემთხვევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. NATO-მ 2023 წელს 300-ზე მეტჯერ შეაკავა რუსული სამხედრო თვითმფრინავი
ბაიდენის ადმინისტრაციას შეუძლია, უკრაინას იარაღი საბერძნეთის მეშვეობით მიაწოდოს - მედია
Forbes-ის სტატიის თანხმად, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეუძლია, გვერდი აუაროს კონგრესის წინააღმდეგობას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით და საბერძნეთისთვის იარაღის გადაცემით, უკრაინაც მოამარაგოს. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის კანონიერი უფლებამოსილება, რომელიც ცნობილია როგორც Excess Defense Articles (EDA), საშუალებას აძლევს პრეზიდენტს, გარკვეული იარაღის სისტემები ჭარბად მიიჩნიოს და ისინი პარტნიორ ქვეყნებს იაფად ან უფასოდაც გადასცეს. მედიის ცნობით, საბერძნეთის არსენალში ინახება უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძირითადი აღჭურვილობა, მათ შორის, შორი მანძილის S-300 და Hawk სარაკეტო სისტემები. ბერძნული გამოცემა Kathimerini იტყობინება, რომ საბერძნეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა უკვე შეთანხმდა უკრაინისთვის ჭარბი აღჭურვილობის გადაცემაზე. მედია 29 იანვარს წერდა, რომ საბერძნეთის მთავრობამ უკრაინისთვის მოძველებული იარაღის სისტემების მიწოდებას მხარი დაუჭირა. თავდაცვის სამინისტროს დაევალა უკრაინაში იმ იარაღის მიწოდება, რომელსაც საბერძნეთის არმია აღარ იყენებს. ამ დროისთვის უცნობია, რას მოიცავს დახმარების პაკეტი. „დოიჩე ველე“ წერს, რომ საბერძნეთის შეიარაღებაში შედის საბჭოთა დროის საჰაერო თავდაცვის სისტემები Tor-ი, Osa, S-300-ი და ZU-23-2-ის საზენიტო იარაღი. უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეერთებულმა 27 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საბერძნეთისთვის 8.6 მილიარდი აშშ დოლარის F-35 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვა დაამტკიცა. იმავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკის მიცოტაკისს წერილი გაუგზავნა, სადაც მოუწოდებს, რომ ვაშინგტონის მხრიდან დამატებითი, 200 მილიონი დოლარის დახმარების სანაცვლოდ, უკრაინას იარაღი გადასცეს, ან მიყიდოს. საბერძნეთს შეუძლია, 20 საბრძოლო თვითმფრინავი, მათი 42 ძრავა, ასევე, მართვის სისტემები და სათადარიგო ნაწილები მიიღოს. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება კონგრესმა 30 დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
2023 წელს, საქართველოს ტერიტორიიდან 190 უცხოელი გააძევეს
საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წელს, ქვეყნის ტერიტორია 190 უცხოელს დაატოვებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან გაძევებულ მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილს 41 მოქალაქით, აზერბაიჯანი იკავებს. მას შემდეგ მოსდევს ირანი 32 ადამიანით. ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინეს ასევე, 27 ინდოელს, 13 რუსს, 9 ეგვიპტელს, 9 ნიგერიელს, 8 თურქს, 8 ჩინელს, 7 ბანგლადეშელს, 6 იორდანელს, 6 ერაყელს, 5 პაკისტანელს და ა.შ. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი გაძევებული ადამიანი 16-40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება და ეს რიცხვი 85-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყნის ტერიტორია 27 არასრულწლოვანს დაატოვებინეს. რაც შეეხება წინა წლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნიდან 165 პირი გააძევეს, 2021 წელს - 77, 2020 წელს კი 49.
საწვავის ხარისხის ნორმების დარღვევისთვის 2 მლნ ლარზე მეტის ჯარიმები გამოიწერა – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი
საწვავის ხარისხის ნორმების დარღვევისთვის 2 მლნ ლარზე მეტის ჯარიმები გამოიწერა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს. ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 25 და ბენზინის 3 სინჯში. მათგან 12 ნიმუშში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, 10 სინჯში დაფიქსირდა დახურულ ტიგელში აფეთქების ტემპერატურის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა. რიგ შემთხვევაში, ერთდროულად იყო დარღვეული რამდენიმე პარამეტრი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა. დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრიტანეთი მზადაა, წითელ ზღვაში ავიამზიდი გაგზავნოს
ბრიტანეთი მზადაა, წითელ ზღვაში თვითმფრინავის გადამზიდავი გაგზავნოს, რათა „ჰუსიტების“ იერიშებს გაუმკლავდეს. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს. სამეფო საზღვაო ხომალდი მზად არის, ამერიკული თვითმფრინავის გადამზიდავი USS Dwight D Eisenhower ჩაანაცვლოს, როდესაც ის შეერთებულ შტატებში დაბრუნდება. „ამერიკული ავიამზიდი USS Dwight D. Eisenhower იქ სამუდამოდ ვერ დარჩება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ავიამზიდი შევინარჩუნოთ, ჩვენ ამ შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად ამერიკელებთან მუშაობა შეგვიძლია,“ - აცხადებს შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი. დიდ ბრიტანეთის საზღვაო ძალების შემადგენლობაში ამჟამად ორი მოქმედი ავიამზიდი HMS Prince of Wales და HMS Queen Elizabeth შედის. უფრო ადრე მედია წერდა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეიმუშავებდა გეგმებს ჰუსიტების წინააღმდეგ გრძელი სამხედრო კამპანიისთვის. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.
18-მეტრიანმა ავტობუსმა თბილისში მოძრაობა დაიწყო
„დღეიდან, N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ავტობუსები დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. „ჩვენ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს იმ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი. დღეს დილიდან N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა. საზოგადოებამ იცის, რომ არასდროს ამირიდებია თვალი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის. კარგად ვიცით, რომელი უბანი რა გამოწვევების წინაშე დგას. შემთხვევითი არ არის, რომ პირველ რიგში, დიდი დიღმის მარშრუტზე შევიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსი. ახალი ავტობუსები დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ,“ - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია სამომავლოდ კიდევ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას აპირებს. „18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. 50 ერთეული უკვე თბილისშია, მათი აღჭურვა და მოწესრიგება მიმდინარეობს და ეტაპობრივად ხაზებზე გავა. მთლიანად 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გვაქვს ნაყიდი. თავიდან 200 ერთეული გვინდოდა, მაგრამ რისი საშუალებაც გვქონდა, იმდენი შევიძინეთ. სამომავლოდ ვაპირებთ კიდევ 40 ერთეულის ყიდვას,“ - განაცხადა თბილისის მერმა. დედაქალაქის მერიის განცხადებით, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.
ნაფიცმა მსაჯულებმა ოჯახში ძალადობისა და სხვა დანაშაულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
ნაფიცმა მსაჯულებმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც გენდერის ნიშნით ოჯახურ ძალადობას, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ ცემას, მუქარას, იძულებას, სასამართლოს უპატივცემულობას შეეხებოდა და აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ინფორმაცის საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. „ასევე დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, აკონტროლებდა ტელეფონში მიმოწერებს, შემავალ და გამავალ ზარებს და იმ მოტივით, რომ იყო მამაკაცი, მოითხოვდა მის უსიტყვოდ მორჩილებას. ბრალდებული მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანებით და სხეულის დამახინჯებით ემუქრებოდა, თუკი ის მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინებდა. 2023 წლის 12 ოქტომბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ბრალდებულმა სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლოს უპატივცემულობა გამოხატა და პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა. სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, წერილობითი დოკუმენტები და ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა პროკურატურის პოზიცია გაიზიარეს და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით ოჯახური ძალადობა), 11 პრიმა 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატური ცემა გენდერის ნიშნით), 11 პრიმა 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის იძულება), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა გენდერული ნიშნით) და 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა) დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორები განთავსდება
თბილისის მერიის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობა დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების მონტაჟს ითვალისწინებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ქალაქში ბოლო პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საღამოსა და ღამის საათებში. აღნიშნული პრობლემით წუხდება მოსახლეობა. საღამოს, ღამის საათებში, როდესაც ადამიანი ისვენებს, ხმაურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დისკომფორტს უქმნიან. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დამონტაჟებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ერთად განვსაზღვრავთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება, ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენა და შესაბამისად, დაჯარიმება მოხდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, ხმაურის დეტექტორები ჰოლანდიური კომპანია Sorama B.V-ს მიერაა დამზადებული. „მსგავსი ტიპის დეტექტორები უკვე განთავსებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქში. საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქშიც ვაპირებთ მის განხორციელებას. დავაკვირდებით და ანალიზის შემდეგ, შესაძლებელი იქნება დეტექტორების სხვადასხვა ქუჩასა თუ გამზირზე დამონტაჟებას, რაც გააადვილებს ხმაურის დონის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენას და მესაკუთრეებისთვის შესაბამისი სამართალდარღვევის დაკისრებას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მოლდოვის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს რუსეთში შესვლა ეკრძალება
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ნიკუ პოპესკუს პარლამენტის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მიხაი პოპშოი ჩაანაცვლებს. საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი მოლდოვა მიხაი პოპშაი იმ სიაში შედიოდა, რომელთაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. პეპშოიმ აღნიშნა, რომ მან არ იცის, ვინ შეადგინა სია, მაგრამ ვარაუდობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ან უსაფრთხოების სამსახურებმა, შეიძლება, "გარკვეული როლი" შეასრულეს. „მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი. მაგრამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დიპლომატები მიუხედავად ქვეყნებს შორის უთანხმოებისა, მუშაობენ დამკვიდრებაზე და მათ უნდა ჰქონდეთ ამის გაკეთების უფლება,” - აღნიშნა მინისტრმა. გასული წლის აგვისტოში, მოლდოვაში რუსეთის უცხოური ინსტიტუტების თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთში შესვლა აუკრძალა, მათ შორის, პარტია „მოქმედება და სამართლიანობის“ წარმომადგენლებს. სწორედ ამ პარტიაში ირიცხებოდა მიხაი პოპშოი. ცნობისთვის, მოლოდვის მთავრობას ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ახალი სამინისტრო დაემატება, რომელსაც კრისტინა გერასიმოვი უხელმძღვანელებს. კრისტინა გერასიმოვი საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნად 2023 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ნიკუ პოპესკუმ თანამდებობის დატოვების შესახებ კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოპესკუს თქმით, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ დასახული საგარეო პოლიტიკური მიზნები წარმატებით შეასრულა და ახლა პაუზა სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ნიკუ პოპესკუ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2021 წელს დაინიშნა.
ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ ჟურნალისტს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ჟურნალისტს, რომელიც თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს პოლიციამ დააკავა. "მთის ამბებისა" და "საქართველოს ამბების" რედაქტორის, გელა მთივლიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 31 იანვარს, დილით გამოცხადდა. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული კიდევ 3 ადამიანი 2000 ლარით დააჯარიმეს კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული ჟურნალისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 9.0 პროცენტამდე ამცირებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 31 იანვარს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. „საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთაა. დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია. პარალელურად, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ფონზე, რასაც ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება დაემატა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი, წინასთან შედარებით, შეამცირა. ეს საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციის რისკებსაც გარკვეულწილად ამცირებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მის ირგვლივ დასტაბილურდება. პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად, ასევე საყურადღებოა ინფლაციური რისკებიც. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის. საგარეო რისკებთან ერთად, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც საყურადღებოა. ეკონომიკური აქტივობა გასულ წელს ძლიერი იყო და წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ეკონომიკური ზრდა 7.0 პროცენტია. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პრე-პანდემიური ტრენდიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო ნორმალიზდება, რაც, მიმდინარე შეფასებით, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მოიაზრებს. თუმცა, შესაძლოა, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მომდინარე წნეხი წარმოიქმნას, თუკი ერთობლივი მოთხოვნა ეკონომიკის საწარმოო პოტენციალზე სწრაფად გაიზრდება, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც საკრედიტო აქტივობის დაჩქარება შეიძლება იყოს. აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობაში განხილვისა და ამ ეტაპზე არსებული ტენდენციების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პპ-ით, 9.0 პროცენტამდე ამცირებს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რამაც, სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით უნდა იმოქმედოს. შესაბამისად, მიუხედავად პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია და, სხვა თანაბარ პირობებში, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს. თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება,“ წერს ეროვნული ბანკი.
სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერის მიმართ, შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ კომპანია "ვოლტი" შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო კურიერის დისკრიმინაციას ახდენდა. საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა. „საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შრომის პირობებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, კომპანიამ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა, თუმცა, საფუძვლად 2 კვირის განმავლობაში შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობა მიუთით," - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და, შესაბამისად, მათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ. „ხელშეკრულება დამსაქმებელს უფლებას აძლევს შრომითი ურთიერთობა შეუწყვიტოს ყველა იმ პირს, ვინც სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის პროტესტის გამო, უარს აცხადებს აპლიკაციის გამოყენებაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, ხელშეკრულების ამ ჩანაწერმა შესაძლოა, დისკრიმინაციული ზეგავლენა მოახდინოს კურიერებზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ გაცხადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი წინააღმდეგობაში მოდის თავად „ვოლტის“ პოზიციასთან, რომ კურიერების გრაფიკი თავისუფალია და მათ სურვილის მიხედვით შეუძლიათ განსაზღვრონ თავისი სამუშაო დრო," - წერია განცხადებაში. თავად კომპანიაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
სუს-ი: სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, „კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.“ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარი“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენზე, ასევე, მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოიკითხება,“ - წერს სუს-ი.
ამერიკის საელჩო: არიზონისა და ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, აშშ-საქართველოს პარტნიორობაში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია
აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის დაწყებას, ამერიკის საელჩო აშშ-საქართველოს პარტნიორობაში კიდევ ერთ დიდ ნაბიჯად აფასებს. ამის შესახებ დიპლომატიური წარმომადგენლობის Facebook გვერდი იტყობინება. „აშშ-საქართველოს პარტნიორობაში კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს აღვნიშნავთ! ელჩმა რობინ დანიგანმა განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად გამოაცხადა ახალი პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც არიზონის შტატის უნივერსიტეტი ითანამშრომლებს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან და წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან. USAID/Georgia და საქართველოს მთავრობა მხარს დაუჭერენ მასწავლებელთა სასწავლო პროგრამებს პარტნიორ უნივერსიტეტებში, რაც მომავალ მასწავლებლებს უზრუნველყოფს ახალგაზრდების აღზრდის პროცესში საჭირო უნარ-ჩვევებითა და ცოდნით,“ წერს ამერიკის საელჩო. ელჩი დანიგანი: ამერიკასა და საქართველოს შორის ახალ პარტნიორობას ვიწყებთ, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემა
შალვა პაპუაშვილი: თუ ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდება, ისტორიული მომენტი იქნება
„რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო და სხვანაირი ინტერაქციაა, როცა ყოფილი კოლეგა გადადის მთავრობაში, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში და პოლიტიკურ დისკუსიაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ისაუბრა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წარდგენაზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ეს ისტორიული მომენტი იქნება. „რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც პარტია მსჯელობს. აქაც მნიშვნელოვანია, ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის ვინაიდან, პირველად, მას შემდეგ, რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან. პრინციპში, ეს არის მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები შემდეგ არიან წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერ-მინისტრის სახით, თუ სხვა სახით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ახალ დინამიკას შესძენს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც პოზიტიური მოვლენაა და გარკვეულ გამოხმაურებებში ეტყობათ კიდეც, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოფილი კოლეგა, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურ დისკუსიაში, შემდეგ უფრო საინტერესოა და სხვანაირი ინტერაქციაა, როდესაც ასეთი ადამიანი არის მთავრობაში ზოგადად მინისტრის სახით იქნება, თუ პრემიერ-მინისტრის სახით და სხვა დინამიკას შესძენს. სხვათა შორის, გიორგი ამილახვრის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ბევრმა ოპოზიციიდანაც იგრძნო ეს განსაკუთრებული ურთიერთობაა შემდეგ, პარლამენტის წევრებს, ყოფილ წევრებს სხვანაირად ესმით ერთმანეთის, ადამიანმა იცის შიდა პროცესები, რომელიც პარლამენტში მიდის და ამიტომაც, ვფიქრობ, ამ მხრივაც საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს იქნება პირველი ასეთი გამოცდილება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. კითხვას, თუ ვის წაიყვანს ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად პარლამენტიდან და მათ შორის არიან თუ არა ბექა დავითულიანი და ნიკოლოზ სამხარაძე, შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა, დაასახელოს საკუთარი კაბინეტის წევრები, ამიტომ ასეთ სპეკულაციებზე კომენტარს არ გააკეთებს. „ეს მისი პრეროგატივაა და მე მგონი, ყველამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ მან იფიქროს და მან გააჟღეროს, თუ როგორ ხედავს ის თავის კაბინეტს,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მთავრობა არის საპარლამენტო უმრავლესობის მთავრობა და საპარლამენტო დემოკრატიის იდეა ეს არის, ამიტომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის მოძრაობა ბუნებრივია. „რიგ შემთხვევებში, მთავრობის წევრები ამავე დროს არიან ხოლმე პარლამენტის წევრებიც. ასე რომ, ეს არის სწორედ ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატია, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვხვდებით, თავის მხრივ, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის სახით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ეფექტიანი ხელმძღვანელია, მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია
1-2 თებერვალს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. სააგენტოს ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 3 თებერვალს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 1 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 2 თებერვალს დღის ბოლოს და 3 თებერვალს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 3 თებერვლამდე უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 4 თებერვლამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 3 თებერვალს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება,ხოლო 3 თებერვალს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება,ხოლო 3 თებერვალს ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, -5 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქსტატი: 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა
წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.0 პროცენტით განისაზღვრა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში დაფიქსირდა.
საია: ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა ლოიალურია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მე-17 ანგარიშში, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა, ნათქვამია, რომ ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალურია. ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს. მოსამართლეები ამ ტიპის დანაშაულზე, წინა წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლებად იყენებენ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას. დოკუმენტში გაანალიზებულია სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე გამოკვეთილი გამოწვევები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს პირის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ამ უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალებაზე, ასევე, უკავშირდება სასამართლოში სხვადასხვა სისტემურ პრობლემას. საიას განმარტებით, ანგარიში ასახავს სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგებს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სასამართლოებში. აგრეთვე მონიტორინგის სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს. ანგარიშშია აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, საია დააკვირდა 844 სასამართლო სხდომას. „სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები შემდეგია: პირველი წარდგენის სხდომები- სხდომებზე სასამართლო ბრალდებულებს, უმეტესად, უფარდებს აღკვეთის ღონისძიებას. წლებია, საია საუბრობს, რომ სასამართლო უალტერნატივოდ იყენებს აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს - გირაოსა და პატიმრობას. ორგანიზაციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საკანონმდებლო დონეზე კვლავ არ გაფართოებულა აღკვეთის ღონისძიების არსებული სახეები, რაც მოსამართლეებს მისცემდა გირაოსა და პატიმრობის ალტერნატიული ეფექტიანი ღონისძიების შეფარდების შესაძლებლობას; ბრალდების მხარე 310 (98%) პირის მიმართ ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. სასამართლომ 175 (63%) სხდომაზე 189 (62%) პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო, 102 (36%) სხდომაზე 112 (37) პირს - პატიმრობა, 2 (1%) სხდომაზე კი 2 (1%) პირის მიმართ გამოიყენა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმება - კვლავ მაღალია გირაოს და პატიმრობის დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით გამოყენების მაჩვენებელი. პროკურატურა ბრალდებულის პიროვნების, მისი ქონებრივი მდგომარეობისა და ბრალდებულისგან მომდინარე საფრთხეების შესასწავლად ყველა შემთხვევაში არ ცდილობს, მოიპოვოს და სასამართლოში წარმოადგინოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სრულყოფილი ინფორმაცია; საანგარიშო პერიოდში 81 (43%) ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო იყო დაუსაბუთებელი, თანხის ოდენობის შესაბამისობა ან/და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა არ იყო თანხვედრაში; აღსანიშნავია, რომ 31 (16%) ბრალდებულს შეეფარდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს გამოყენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ აღმოფხვრა ის ბუნდოვანება, რომელზე აპელირებითაც ზოგიერთი მოსამართლე დაკავებულ პირთა მიმართ უაპელაციოდ იყენებდა პატიმრობით უზრუნველყოფილ გირაოს; სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, 64 (34%) ბრალდებულს დააკისრა დამატებითი ვალდებულება. კვლავ პრობლემაა ის ფაქტი, რომ მხარეს, აღკვეთის ღონისძიებისგან დამოუკიდებლად, არ აქვს დამატებითი ვალდებულების ზედა ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. სათანადო სასამართლო კონტროლი და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები; მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, პირველი წარდგენის 183 (59%) სხდომაზე 177 (56%) ბრალდებული წარდგა სასამართლოს წინაშე დაკავებულის სახით, რაც, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კვლავ პრობლემად რჩება დაკავების კანონიერების საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვა. გაუგებარია, სასამართლოს რატომ არ აქვს მოტივაცია, დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით საჯარო სხდომაზე მოისმინოს მხარეთა პოზიციები; ოთხმა ბრალდებულმა ისაუბრა პოლიციელთა მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე; საპროცესო შეთანხმებები - არ ხორციელდება ჯეროვანი სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებზე. სასამართლომ 217 საპროცესო შეთანხმების სხდომიდან (248 პირის მიმართ) მხოლოდ 2 (1%) შეთანხმება არ დაამტკიცა; უმეტესად ფორმალურია საპროცესო შეთანხმების სხდომები. მოსამართლეები სრულყოფილად არ განმარტავენ შესაბამის უფლებებს და სათანადოდ არ იკვლევენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობას. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა. ასეთი ფაქტები კიდევ უფრო აკნინებს სასამართლოს როლს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ნაწილში; ყველაზე ხშირად საპროცესო შეთანხმება იდება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ [53 (22%)], ნარკოტიკულ [48 (20%)] და მმართველობის წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე [32 (13%)]; დაკვირვებამ აჩვენა, რომ 61 (28%) სხდომაზე პროკურორის მიერ შუამდგომლობის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდა, ბრალდების მხარემ წაიკითხა საპროცესო შეთანხმების პირობები და საქმის გარემოებებზე არ უსაუბრია. საპროცესო შეთანხმებები მცირე დროში განიხილება. საანგარიშო პერიოდში საპროცესო შეთანხმების სხდომათა 50% (108 სხდომა) 15 წუთამდე დროში დასრულდა; საგრძნობლადაა გაზრდილი საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის საშუალო ოდენობა და 4746 ლარს შეადგენს, მაშინ, როცა წინა საანგარიშო პერიოდში ის 3451 ლარი იყო. სასამართლოს მონიტორინგი აჩვენებს, რომ ჯარიმის საშუალო ოდენობა, ბოლო ორი საანგარიშო პერიოდია, მზარდია. სხდომების გადადება და დაგვიანებით დაწყება; ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გაჭიანურებული სამართალწარმოება - კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის განხილვის ვადების დარღვევა და წლების განმავლობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები. პრობლემად რჩება სხდომების ხშირი გადადება და დაგვიანებით დაწყება; საიამ მონიტორინგი გაუწია არსებითი განხილვის 247 სხდომას 484 პირის მიმართ. აქედან 88 (36%) სხდომა გადაიდო. არსებითი განხილვის დროს სხდომათა გადადების მაჩვენებელი, წინა წლის მონაცემთან შედარებით, 3%-ითაა შემცირებული; არსებითი განხილვის 247 სხდომიდან 92 (37%) მათგანი დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი, უმეტესად, იყო მოსამართლის დაგვიანება - 32 (35%) შემთხვევაში, ხოლო ადვოკატის დაგვიანება - 22 (24%) შემთხვევაში. ასევე, 9 (10%) შემთხვევაში ამის მიზეზი იყო პროკურორის დაგვიანება, ხოლო 5-ში (5%) - პენიტენციური სამსახურის მხრიდან ბრალდების დროულად წარმოუდგენლობა. სხვა პროცესის იმავე სხდომის დარბაზში გაგრძელების მიზეზით სხდომა დაგვიანებით დაიწყო 7 (8%) შემთხვევაში, ბრალდებულის დაგვიანების გამო - 1 (1%), ხოლო სხვა მიზეზით - 16 (17%) შემთხვევაში,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საიას ცნობით, ოჯახური დანაშაულები - 315 პირის მიმართ ჩატარებული აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომიდან 81 პირის (26%) საქმე ოჯახურ დანაშაულს შეეხებოდა. „სასამართლომ 30 (37%) მათგანის მიმართ პატიმრობა, 47-ის (58%) მიმართ კი, გირაო გამოიყენა. 1 (1%) პირს შეეფარდა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. ხოლო 3 (4%) შემთხვევაში ოჯახში ძალადობაში ბრალდებული მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა; მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საიას მონიტორინგს არ გამოუვლენია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისთვის ბრალდებულ პირთათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევა; მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალურია. ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს. მოსამართლეები ამ ტიპის დანაშაულზე, წინა წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლებად იყენებენ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას. გირაოს შეფარდების შემთხვევები კი 10%-ითაა გაზრდილი. საიას მონიტორინგს დაქვემდებარებული 247 არსებითი განხილვის სხდომიდან 48 (19%) მათგანი ოჯახურ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობის საქმეს შეეხებოდა. ამ ტიპის საქმეებზე სასამართლომ სასჯელის სახედ, უმეტესად, გამოიყენა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა (6 (50%) შემთხვევა), ხოლო 4 (29%) შემთხვევაში - პირობითი მსჯავრი,” - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საიას ინფორმაციით, მონიტორინგისას გამოიკვეთა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც. „გამოწვევაა სხდომების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება - პირველი წარდგენის სხდომების შესახებ ინფორმაცია, უმეტესად, არ ქვეყნდება. სასამართლოები, ხშირ შემთხვევაში, არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას იმ არგუმენტით, რომ კონკრეტულ მონაცემებს არ ამუშავებენ, მაშინ, როცა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჯარო უწყებების მოვალეობაა. ხელმისაწვდომობა, მათ შორის, მოიცავს მოთხოვნის არსებობისას იმ მონაცემების დამუშავებასაც, რომლებსაც უწყება საკუთარი სურვილით არ აქვეყნებს; კვლავ პრობლემაა პროკურორის დადგენილებით ბრალდებულთათვის გარე სამყაროსთან კონტაქტის დაუსაბუთებლად შეზღუდვა. ამასთანავე, საიას აზრით, ბრალდებულთათვის ადვოკატებთან სატელეფონო საუბრის შეზღუდვა არღვევს ბრალდებულის დაცვის უფლებას,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
184,391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება
საზოგადოება და ბანკების ცნობით, 2023 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184,391 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 190,000-მდე მსესხებელს შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი. 184,391 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.1 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.4 მლრდ. ლარის (43%). დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 6.5 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+33%, 1 დეკემბერი, წ.წ.), ბიზნეს სესხების და იპოთეკური სესხების მოცულობა კი 8%-ით და 13%-ით გაიზარდა, ანალოგიურ პერიოდიში, შესაბამისად. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 199,898 ლარს, იპოთეკურის 52,210 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 22,124 ლარს შეადგენს. გრაფიკი 1. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების რაოდენობა და მოცულობა (მლრდ. ლარი) 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 17%-ით გაიზარდა წ.წ. და 29 მლრდ. ლარს მიაღწია 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით. აღნიშნული, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2023 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს 24%-ს. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს. გრაფიკი 2. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა (მლრდ. ლარი) და წლიური ზრდა (%) 2016-2023. პირველი დეკემბრის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5% შეადგინა, რაც დაახ. 0.6%-ით ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (17.1%). საქსტატი: 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა