ძებნის რეზულტატი:
თბილისის მერია: წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად პირველ თებერვალს აღდგება
წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად პირველ თებერვალს აღდგება. როგორც მერიაში განმარტავენ, დარჩება დამატებითი სამუშაოები, რომლებიც მარტის თვეში დასრულდება. „ერთ მხარეს ასფალტის დაგება დასრულებულია, მეორე მხარეს ამ წუთას იგება. ხვალ დასრულდება ძირითადი ნაწილი, ყველაფერი იმისთვის, რომ პირველ თებერვალს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგეს. ხვალ მოირეცხება [გზის ნაწილი]. სამი ფენა ასფალტი უკვე დაგებულია. დამატებითი სამუშაოები, ტროტუარის მოწესრიგება და ა.შ. პარალელური რეჟიმით მიმდინარეობს და როგორც ითქვა, მარტში დასრულდება,“ - განაცხადეს მერიაში „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
საქსტატი: 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთიდან შემოვიდა
2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. „2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 30.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მილიონი შეადგინა, რაც 31.2 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც 30.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 27.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 75.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 20.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.42 მილიონი), თურქეთის (1.40 მილიონი) და სომხეთის (962.5 ათასი) მოქალაქეების მიერ. ვიზიტორების უმრავლესობა, 47.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40.4 პროცენტს შეადგენდა. 2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი (52.3 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 3.0 მილიონი და 2.7 მილიონი ვიზიტი. 2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.4 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 13.6 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 72.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 12.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 20.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 8.1 პროცენტით შემცირდა და 2 097.4 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინა და ბელგია იარაღის ერთობლივ წარმოებას დაიწყებენ
უკრაინამ და ბელგიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანიც თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაა. მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ბელგიელ კოლეგასთან, ლუდივინ დედონდერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ბელგია წელს უკრაინას 611 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ივან გავრილიუკის განმარტებით, მემორანდუმი განსაზღვრავს ერთობლივი პროექტების დანერგვის განზრახვას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის პოტენციალისა და წარმოების მოცულობის გაზრდას. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების, პარტნიორებთან ერთობლივი საწარმოების შექმნის, უკრაინაში თავდაცვის წარმოების ლოკალიზაციის კონტექსტში. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საუბარია გარკვეული ტიპის იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმებზე, შეკეთების ორგანიზებაზე, სპეციალისტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადებაზე. „უკრაინა ძალიან დაინტერესებულია ერთობლივი საწარმოების შექმნით, რომლებიც იმუშავებენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო იქნება,“ - აღნიშნა გავრილიუკმა.
რუსეთი და ბელორუსი ერთობლივ სახელმწიფო მედიაჰოლდინგს შექმნიან
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ბელორუსმა კოლეგამ ალექსანდრე ლუკაშენკომ 29 იანვარს ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომელიც ერთობლივი სახელმწიფო მედიაჰოლდინგის შექმნას ითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელმა მაკსუტ შადაევმა გააკეთა. მისი თქმით, მედიაჰოლდინგი გააერთიანებს არსებულ მედიასაშუალებებს: ორ გაზეთს, ჟურნალს და სატელევიზიო არხს, რომლებიც „ერთიან, კოორდინირებულ პოლიტიკას“ დაიცავენ. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. პოლონეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონიც განათავსა. დასავლეთი ბელორუსს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს. ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ თვლის. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელორუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.
ლატვია რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას გეგმავს
ლატვიის მმართველმა კოალიციამ, რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმებას მიაღწია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლატვიური მედიარესურსი Delfi წერს. კერძოდ, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა თანაგუნდელებთან ერთად, 29 იანვარს მმართველი კოალიციის შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ თებერვალში მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მომზადებას და მიღებას აპირებენ. ცნობისთვის, ლატვია დიდი ხანია, რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს, მაგრამ აქამდე კოალიცია მიიჩნევდა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა ყოფილიყო მიღებული. თუმცა ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსული მარცვლეულის იმპორტის ცალმხრივად აკრძალვას მხარს უჭერს.
20.91 ტონა კარტოფილი „ყაზბეგის“ საბაჟოდან რუსეთში გააბრუნეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უწყების საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, რუსეთიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება გააჩერეს. სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.
საქსტატი: 2023 წელს საქართველოში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გაიზარდა
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 4.2 პროცენტით მეტი) 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 26.4 პროცენტით მეტი). ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ნებართვების 73.7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.7 პროცენტი მოდის თბილისზე, 8.9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 პროცენტი-ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე. „აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2023 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 293.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტი) 3 182 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 19.9 პროცენტით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 33.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.1 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.0 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 8.5 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პაკისტანის ყოფილ პრემიერს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს, ოფიციალური სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების გამო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. BBC წერს, რომ საერთაშორისო მედიას სასამართლოზე დასწრების საშუალება არ მისცეს. პროკურატურამ განაცხადა, რომ ხანის ქმედებები საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვისა და დიპლომატიური ურთიერთობების დაზიანების ტოლფასია. ამ უკანასკნელმა ბრალდებამ შეიძლება, სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯაც კი გამოიწვიოს. იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2018 წელს აირჩიეს, ხოლო 2022 წელს პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა. ის კორუფციის ბრალდებით გასული წლის აგვისტოში დააკავეს და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ყაზახეთსა და რუმინეთს TRACECA-ს განვითარება სურთ
ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს ფლორინ სპატარუს ბრიუსელში შეხვდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამოქალაქო ავიაციისა და საგზაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა, ყაზახეთის დელეგაციის რუმინეთში ვიზიტისას ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) და TRACECA-ს განვითარება განიხილეს. კარაბაევმა რუმინელი ინვესტორები მიიწვია, რათა ერთობლივად განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტები ტრანსპორტის სექტორში. თავის მხრივ, ფლორინ სპატარუმ ყაზახეთსა და რუმინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართ ინტერესი გამოხატა. 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ყაზახეთსა და რუმინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყაზახეთიდან რუმინეთში ექსპორტმა 2.5 მილიარდი დოლარი, ხოლო იმპორტმა რუმინეთიდან ყაზახეთში 101 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ყაზახეთი და TRACECA როგორც კასპიის, ისე შავ ზღვაზე, საბორნე მომსახურების განვითარების საკითხებს განიხილავენ TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.
კეკელიძის ქუჩაძე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულების პატიმრობის შესაცვლელად, პროკურორი წინაპირობებს ასახელებს
პროკურორი როინ ხინთიბაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარე მზად არის, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვოს, რამდენიმე წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში. პროკურორს "რუსთავი 2" ესაუბრა. „გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, ბრალდების მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ბრალდებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის, პატიმრობა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე," - ამბობს პროკურორი როინ ხინთიბაძე. თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 25 იანვარს შეუფარდა.
შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ეფექტიანი ხელმძღვანელია, მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფლების. „ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია. ჩვენ გავხდით სტატუსის მქონე ქვეყანა და გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რითაც კანდიდატ ქვეყნებს შორის ვართ ლიდერი და ამ თვალსაზრისით სამომავლოდ კარგი პერსპექტივაა. სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფლების. მან ისაუბრა იმაზე, რომ წელს მნიშვნელოვანი წელია და „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე უნდა გავიდეს ყველაზე უფრო ძლიერად, რათა დამაჯერებელი შედეგები ჰქონდეს, რადგან ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი პრინციპული დადასტურება ქართველი ხალხის მიმართ, რომ ისინი მხარს უჭერენ ქვეყნის მშვიდ, სტაბილურ განვითარებას და არა არეულობას,“ – განაცხადა პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა.
შსს-ში საკადრო ცვლილება განხორციელდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გიორგი მინდიაშვილი წარუდგინა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ოსაძე ჩაანაცვლა. გიორგი ოსაძე კი, საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პრორექტორის პოზიციაზე გააგრძელებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების განმარტებით, გიორგი მინდიაშვილს უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. „აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. გიორგი მინდიაშვილი ასევე, წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინელებმა რუსული საბრძოლო თვითმფრინავი Su-34 ჩამოაგდეს - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის, ანდრი კოვალოვის განცხადებით, უკრაინის ჯარებმა ლუგანსკის რეგიონში რუსული საბრძოლო თვითმფრინავი Su-34 ჩამოაგდეს. მთლიანობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა 332 თვითმფრინავი და 324 ვერტმფრენი დაკარგა. მანამდე RBC-Ukraine-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ 4 იანვრის ღამეს ჩელიაბინსკის აეროდრომზე Su-34 თვითმფრინავი დაიწვა. ეს იყო უკრაინის თავდაცვის დაზვერვის სპეცოპერაცია. მოგვიანებით, DIU-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსული Su-34 იწვის. ასევე 22 დეკემბერს უკრაინელმა დამცველებმა ხერსონის რაიონში ერთ დღეში სამი რუსული გამანადგურებელი Su-34 გაანადგურეს. 24 დეკემბერს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი Su-34 და ერთი Su-30.
სახალხო დამცველს ახალი მოადგილე ჰყავს
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის აპარატის ახალი მოადგილე წარადგინა. ის კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას. ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ რამდენიმე თვის წინ თანამდებობა დატოვა. ჩიხლაძე სახალხო დამცველის აპარატში შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან მოვიდა, სადაც 2020-2024 წლებში ჯერ კომპანიის დირექტორის მრჩევლის, შემდეგ კი დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იგი ასევე არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული პროფესორი კონკურენციის სამართალსა და ევროპის სამართალში. გერმანიაში ცხოვრების პერიოდში ირინე ჩიხლაძე მუშაობდა მიუნხენში (გერმანიაში) ბავარიის სადაზღვევო პალატის ტერორიზმთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტში, იყო გერმანიაში ქართველთა გაერთიანების გამგეობის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარგზავნილი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ირინე ჩიხლაძე დღემდე არის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტის (LMU) იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა. მინიჭებული აქვს ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები. მაგისტრატურის ფარგლებში გავლილი აქვს სასწავლო სემესტრი გერმანიის ზაარლანდის უნივერსიტეტში. სხვადასხვა წელს მუშაობდა გერმანიის ფედერალურ ანტიმონიპოლიურ სამსახურში (ბონში) და გერმანიის პარლამენტის ბიუროს აპარატში (ბერლინში); ასევე, სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, საქართველოს პარლამენტის ბიუროს აპარატში, იუსტიციის სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოში.
ბლინკენი ომის დაწყების შემდეგ ისრაელს მეექვსედ ეწვევა - მედია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს 3 თებერვლიდან 5 თებერვლამდე ეწვევა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. ეს იქნება ბლინკენის მეექვსე ვიზიტი ქვეყანაში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ისრაელს „ჰამასი“ თავს დაესხა. რა მიმართულებები მოექცა აშშ-სა და ისრაელის ფოკუსში - ბლინკენის ვიზიტი ბლინკენი ისრაელში ბოლოს, მიმდინარე თვის დასაწყისში იმყოფებოდა.
სტოლტენბერგი ვაშინგტონში: უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია. „რუსეთის გამარჯვება წაახალისებს ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს. ეს მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის და მნიშვნელოვანია ამერიკის უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა ემსახურება აშშ-ის ინტერესებს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. „ჩვენი მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში, რადგან ვიცით, რომ ამას ყურადღებით აკვირდებიან პეკინშიც. ჩვენ ასევე ვხედავთ, როგორ უჭერს მხარს ჩინეთი რუსეთის ეკონომიკას, მათ შორის, თავდაცვის წარმოებას, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იმეორებს ჩინეთი და ავრცელებს იმავე ნარატივს ომის შესახებ, როგორც რუსეთი. უნდა გვახსოვდეს, რომ სრულმასშტაბიან შემოჭრამდე სულ რაღაც დღით ადრე, ჩინეთმა და რუსეთმა პრეზიდენტმა სიმ და პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ პარტნიორობის შეთანხმებას, სადაც ერთმანეთს უსაზღვრო პარტნიორობას დაჰპირდნენ. ასე რომ, მე მესმის, რომ ბევრი მოკავშირე ასევე შეშფოთებულია ჩინეთით,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ივანე ჩხაიძე წითელაზე: ათასობით ბავშვი აუცრელია, რაც შემთხვევების მატებას გამოიწვევს
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში 2023 წელს წითელას 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის იანვარში კი, 16 შემთხვევა გამოვლინდა. წითელას 16 შემთხვევიდან 14 დედაქალაქში დაფიქსირდა და უმრავლესობა 20-დან 40-მდე წლამდე პირია. ივანე ჩხაიძის თქმით, ევროპაში წითელას შემთხვევები მომატებულია. მისივე განმარტებით, წითელას მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება: რუსეთში, ყაზახეთში და აზერბაიჯანში. „ჯანმოს კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო ევროპის რეგიონს მიეკუთვნება. ევროპაში კატასტროფული სიტუაცია გვაქვს. თუ შევადარებთ 2022 წელს, 42-ჯერ არის მომატებული შემთხვევების რაოდენობა. 2022 წელს - 941 შემთხვევა იყო და 2023 წელს კი 42 000 შემთხვევა გვაქვს. ევროპის 56-დან 40 ქვეყანაში ჯანმოს კლასიფიკაციით დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი მატება, საბედნიეროდ, საქართველო ჯერჯერობით ამ კატეგორიას არ განეკუთვნება. თუმცა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ამ კუთხით სერიოზული აფეთქებაა და წითელას შემთხვევები მკვეთრად მომატებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებს არ ეხება. 2023 წელს მთელი წლის განმავლობაში 26 შემთხვევა გვქონდა. 2024 წლის იანვარში კი, 16 შემთხვევა გვაქვს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მატებაა. ამ 16 შემთხვევიდან 14 არის თბილისში და უმრავლესობა არის 20-დან 40-მდე წლამდე პირი. ვაქცინაციით კუთხით პანდემიამდე ქვეყანა იყო საუკეთესო ევროპაში, ჩვენ ერთი წლის ასაკში წითელას ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი 100% გვქონდა. წითელას ვაქცინა ორჯერად კეთდება წლისა და 5 წლის ასაკში. სრულ იმუნიტეტს ბავშვი იღებს 5 წლის ასაკში ჩატარებული მეორე ვაქცინით. 2019 წელს 97%-ს ჰქონდა ბავშვთა 5 წლის ასაკში გაკეთებული წითელას ვაქცინა. „88% ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათასობით ბავშვი აუცრელია, რაც შემთხვევების მატებას, რა თქმა უნდა, გამოიწვევს,“ - განაცხადა ჩხაიძემ. მან საზოგადოებას ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდა. ივანე ჩხაიძის რეკომენდაციაა, დროულად აცრან ის ბავშვები, ვინც წითელაზე ჯერ არ აცრილან ან პანდემიის პერიოდში მშობლებმა ბავშვებისთვის წითელას საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა გამოტოვეს.
ზელენსკი: წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 330-ზე მეტი რაკეტა და თითქმის 600 დრონი გამოიყენა
რუსეთმა წლის დასაწყისიდან უკრაინაში 330-ზე მეტი რაკეტა და 600-მდე საბრძოლო თვითმფრინავი გაუშვა, ამიტომ უკრაინის ცაზე კონტროლი ძალზე მნიშვნელოვანია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. „რუსებმა წლის დასაწყისიდან უკრაინის ქალაქებში 330-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დაახლოებით 600 საბრძოლო დრონი გაუშვეს. უკრაინამ ტერორისტების ასეთ ზეწოლას რომ გაუძლოს, საჭიროა საკმარისად ძლიერი საჰაერო ფარი. და ეს არის იმ სახის საჰაერო ფარი, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჰაერო თავდაცვა და ელექტრონული ომი მთავარი პრიორიტეტებია. „რუსული ტერორი უნდა დავამარცხოთ - ეს მიღწევადია," - განაცხადა ზელენსკიმ. 2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ჩეხეთი აშშ-სგან მეხუთე თაობის F35-ებს შეისყიდის
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ცერნოჩოვამ და აშშ-ის ელჩმა ბიიან საბეტმა, ჩეხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმსა და მეხუთე თაობის F-35 თვითმფრინავების შესყიდვის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. „ამ მთავრობათაშორისი შეთანხმებით, ჩვენი ქვეყანა და არმია ახალ ეპოქაში გადადის. იმ ეპოქაში, როცა არამარტო ჯარისკაცების, არამედ, თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხითაც, ჩვენ ვიკავებთ ადგილს NATO-ს ევროპული წევრი ქვეყნების პირველ ლიგაში. მეხუთე თაობის თვითმფრინავები NATO-ს ავიაციის ხერხემალია,“ - განაცხადა ჩერნოხოვამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ და დასძინა, რომ ეს შენაძენი ჩეხეთის არმიის საბრძოლო ეფექტიანობას გაზრდის. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ჩეხეთის მთავრობამ 5,62 მილიარდი დოლარის ღირებულების 24 უახლესი თაობის F-35 მოიერიშე თვითმფრინავის შესყიდვა დაამტკიცა, რაც თავდაცვის ყველაზე ძვირადღირებული ერთიანი შესყიდვაა ქვეყნის ისტორიაში. ისინი Gripen-ის ტიპის თვითმფრინავს ჩაანაცვლებენ, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკამ შვედეთიდან 2027 წლამდე იჯარით მიიღო. ოქტომბრის ბოლოს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხური იარაღის კომპანია LOM Praha, მის შვილობილ VR Group-თან ერთად, ქვეყანაში სერტიფიცირებული F-35-ის სასწავლო ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებებს Lockheed Martin-თან აწარმოებდა.
NATO ისტორიაში ყველაზე ძლიერი და წარმატებული ალიანსია - ოსტინი სტოლტენბერგთან შეხვედრაზე
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პენტაგონში გამართული შეხვედრის დროს, უკრაინისადმი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO უფრო ძლიერი და ერთიანი გახდა. „NATO არის ყველაზე ძლიერი და წარმატებული ალიანსი ისტორიაში და ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩეული გზა შევინარჩუნოთ,“ - აღნიშნა ოსტინმა. სტოლტენბერგმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, მაგრამ NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ოსტინმა აღნიშნა, რომ როდესაც ფინეთი გასულ წელს შეუერთდა NATO-ს, ამ ფაქტმა სამხედრო ალიანსი კიდევ უფრო გააძლიერა. „ძალიან მოხარული ვარ, რომ თურქეთის პარლამენტმა გასულ კვირას მხარი დაუჭირა შვედეთს NATO-ს გაწევრიანებასაც. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ მალე შვედეთს მივესალმებით NATO-ში," - აღნიშნა ოსტინმა. ვაშინგტონში ვიზიტისას სტოლტენბერგი ენტონი ბლინკენის გარდა, ერვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანსაც შეხვდა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს თურქეთის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ბოლოდროინდელი დამტკიცება, ალიანსის მხარდაჭერა უკრაინისადმი და 2024 წლის ივლისის სამიტი ვაშინგტონში. „მათ გაცვალეს მოსაზრებები მოკავშირეთა პროგრესზე თავდაცვითი წარმოების გაზრდის კუთხით და გამოთქვეს შეშფოთება DPRK-ის (კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა), ექსპორტისა და რუსეთის მიერ ჩრდილოე კორეისგან სამხედრო ტექნიკის შესყიდვის, ასევე რუსეთის მიერ ამ ტექნიკის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენების შესახებ. მათ ასევე ხაზი გაუსვეს მოკავშირეების ერთგულებას სამხედრო მზადყოფნისა და NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვის მიმართ,“ - ნათქვამია განცხადებაში.